თავი 136
გალილეის ზღვის ნაპირთან
იესო მოწაფეებს გალილეის ზღვასთან ეცხადება
იესოს მითითებისამებრ პეტრე და სხვა მოწაფეები ცხვარს გამოკვებავენ
მოციქულებთან ერთად უკანასკნელი საღამოს გატარებისას, იესომ ასეთი რამ თქვა: „როცა აღვდგები, თქვენზე ადრე წავალ გალილეაში“ (მათე 26:32; 28:7, 10). ამიტომ ახლა ბევრი მისი მიმდევარი გალილეისკენ იღებს გეზს; მაგრამ რა უნდა გააკეთონ მათ იქ?
პეტრე მასთან ერთად მყოფ ექვს მოციქულს ეუბნება: „წავედი სათევზაოდ“. ექვსივე პასუხობს: „ჩვენც მოვდივართ“ (იოანე 21:3). ისინი მთელი ღამე თევზაობენ, მაგრამ ვერაფერს იჭერენ. გამთენიისას მოციქულებს იესო ეცხადება, რომელიც ნაპირზე დგას, თუმცა ვერ ცნობენ მას. იესო ეკითხება: „შვილებო, საჭმელი არაფერი გაქვთ?“. ისინი პასუხობენ: „არა!“. იგი ეუბნება: „ისროლეთ ბადე ნავის მარჯვენა მხარეს და იპოვით“ (იოანე 21:5, 6). მოწაფეები იმდენად ბევრ თევზს იჭერენ, რომ ნაპირზე ბადის გამოთრევა უჭირთ.
იოანე პეტრეს ეუბნება: „ეს უფალია!“ (იოანე 21:7). პეტრე სწრაფად იცვამს, რადგან თევზაობის დროს წელს ზემოთ იყო გახდილი, ზღვაში ეშვება და ნაპირისკენ მიცურავს; მას დაახლოებით 90 მეტრის გაცურვა უწევს. დანარჩენები ნავით ნელ-ნელა მიჰყვებიან მას, რათა თევზით სავსე ბადე ნაპირამდე გამოათრიონ.
ნაპირზე რომ გამოდიან, ხედავენ „პურს და გაღვივებულ ნაკვერჩხლებს, რომლებზეც თევზი“ აწყვია. იესო ეუბნება მათ: „ახალი დაჭერილი თევზი მოიტანეთ“. პეტრეს ნაპირზე გამოაქვს ბადე, რომელშიც 153 დიდი თევზია! იესო ამბობს: „მოდით, ისაუზმეთ“. ვერც ერთი მათგანი ვერ ბედავს ჰკითხოს, ვინ არის, რადგან ხვდებიან, რომ მათ წინ იესო დგას (იოანე 21:10—12). ეს უკვე მესამედ ეცხადება იესო ერთად შეკრებილ მოწაფეებს.
იგი თითოეულ მათგანს აძლევს პურს და თევზს. შემდეგ, როგორც ჩანს, დახვავებული თევზისკენ იხედება და პეტრეს ეკითხება: „სიმონ, იოანეს ძეო, ამათზე მეტად გიყვარვარ?“. საინტერესოა, რა უფრო მნიშვნელოვანია პეტრესთვის — მეთევზეობა თუ ის საქმე, რომელიც იესომ მიანდო? პეტრე პასუხობს: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ“. იესო მოუწოდებს მას: „აძოვე ჩემი ბატკნები“ (იოანე 21:15).
იესო კვლავ ეკითხება: „სიმონ, იოანეს ძეო, გიყვარვარ?“. პეტრე, როგორც ჩანს, საგონებელში ვარდება და გადაჭრით პასუხობს: „დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ“. ამაზე იესო იმავეს უმეორებს: „დამწყემსე ჩემი ბატკნები“ (იოანე 21:16).
ახლა იესო უკვე მესამედ ეკითხება: „სიმონ, იოანეს ძეო, გიყვარვარ?“. პეტრე, ალბათ, ფიქრობს, რომ იესოს ეჭვი შეაქვს მის ერთგულებაში და კვლავ დაბეჯითებით ამბობს: „უფალო, შენ ყველაფერი იცი. იცი, რომ მიყვარხარ“. შემდეგ იესო კიდევ ერთხელ უმეორებს პეტრეს, რა უნდა გააკეთოს: „აძოვე ჩემი ბატკნები“ (იოანე 21:17). დიახ, ისინი, ვინც დამწყემსავენ ღვთის სამწყსოს, უნდა მოემსახურონ მათ, ვინც ღვთის ფარას შეუერთდება.
იესო იმის გამო შეიპყრეს და იმის გამო დასაჯეს სიკვდილით, რომ ზეციერი მამის ნებას ასრულებდა. იგი ახლა პეტრეს უმჟღავნებს, რომ მასაც იგივე ბოლო ელის. იესო ეუბნება: „როცა ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი ხოლმე სარტყელს და სადაც გინდოდა, იქ მიდიოდი, მაგრამ როცა დაბერდები, ხელებს გაიწვდი, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და წაგიყვანს იქ, სადაც არ გინდა“. და მაინც, იესო მოუწოდებს მას: „მომყევი“ (იოანე 21:18, 19).
ამ დროს პეტრე ბრუნდება და იოანეს ხედავს, რის შემდეგაც იესოს ეკითხება: „უფალო, რას გააკეთებს ეს კაცი?“. მართლაც, რა ელის მომავალში მოციქულს, რომელიც იესოს განსაკუთრებით უყვარს? იესო პასუხობს: „თუ ჩემი ნებაა, რომ ჩემ მოსვლამდე დარჩეს, შენ რა?“ (იოანე 21:21—23). პეტრე იესოს უნდა მიჰყვეს და ნაკლებად უნდა წუხდეს იმაზე, თუ რას გააკეთებენ სხვები. თუმცა, ამავდროულად, თავისი სიტყვებით იესო მიანიშნებს, რომ იოანე სხვა მოციქულებზე დიდხანს იცოცხლებს და იხილავს ხილვას იესოს სამეფო ძალაუფლებით მოსვლის შესახებ.
რა თქმა უნდა, იესომ სხვაც ბევრი რამ გააკეთა, იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე არაერთი გრაგნილი დაიტევდა.