ხედავთ უხილავ ღმერთს?
„ღმერთი სულია“, ამიტომ არ შეგვიძლია მისი დანახვა (იოანე 4:24). მიუხედავად ამისა, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ზოგმა ადამიანმა რაღაც გაგებით ღმერთი იხილა (ებრაელები 11:27). როგორ? ნუთუ შესაძლებელია „უხილავი ღვთის“ დანახვა? (კოლოსელები 1:15).
მოვიყვანოთ დაბადებიდან ბრმა ადამიანის მაგალითი. უშლის მას სიბრმავე ხელს გარე სამყაროს აღქმაში? ბოლომდე არა. უსინათლო ადამიანი ინფორმაციას სხვადასხვა საშუალებით იღებს, რაც ეხმარება მას, აღიქვას გარშემო მყოფი ადამიანები, საგნები და მოქმედებები. „მხედველობისთვის აუცილებელი არ არის თვალი, ამისთვის გონებაა საჭირო“, — თქვა ერთმა უსინათლომ.
ვერც ჩვენ ვხედავთ ფიზიკური თვალებით ღმერთს, მაგრამ „გულის თვალებით“ მისი დანახვა შესაძლებელია (ეფესოელები 1:18). ვიმსჯელოთ იმ სამ საშუალებაზე, რაც ღმერთის დანახვაში დაგვეხმარება.
„ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან“
უსინათლოს ხშირად საკმაოდ კარგად აქვს განვითარებული სმენის, შეხებისა და ყნოსვის ორგანოები, რაც მას ეხმარება თვალით უხილავი საგნებისა და მოვლენების აღქმაში. ჩვენც შეგვიძლია მსგავსადვე დავუკვირდეთ სამყაროს და დავინახოთ უხილავი ღმერთი, რომელმაც ეს ყოველივე შექმნა. როგორც ბიბლია ამბობს, „მისი უხილავი თვისებები . . . ნათლად ჩანს ქვეყნიერების შექმნიდან, რადგან ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა“ (რომაელები 1:20).
დავფიქრდეთ ჩვენს პლანეტაზე. დედამიწა უნიკალურად არის შექმნილი არა მარტო იმისთვის, რომ ვიარსებოთ, არამედ იმისთვისაც, რომ დავტკბეთ სიცოცხლით. ჩვენ უდიდეს სიამოვნებას გვანიჭებს მზის სითბო, გრილი სიო, წვნიანი და გემრიელი ხილი თუ ჩიტების საამური ჭიკჭიკი. განა ეს ყველაფერი არ მეტყველებს იმაზე, რომ მზრუნველი, მოსიყვარულე და გულუხვი შემოქმედი გვყავს?
რას გვიმჟღავნებს ღმერთზე ფიზიკური სამყარო? უპირველესად იმას, რომ ზეცა ღვთის ძლიერებაზე მეტყველებს. ბოლოდროინდელი მეცნიერული აღმოჩენებით, სამყარო არა მარტო ფართოვდება, არამედ მისი გაფართოების სიჩქარე დღითი დღე იზრდება. როცა ღამის ცას უყურებთ, დაფიქრდით: საიდან მოდის სამყაროს გასაფართოებლად საჭირო ამხელა ენერგია? ან როგორ ხდება ამ პროცესის აჩქარება? ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ შემოქმედი ფლობს „დიდ ძლიერებას“ (ესაია 40:26). ღვთის შემოქმედებიდან ჩანს, რომ ღმერთი „ყოვლისშემძლე [და] აღმატებულია . . . ძლიერებით“ (იობი 37:23).
ის, ვინც ღმერთზე მოგვითხრო
ერთი დედა, რომელსაც ორი უსინათლო ვაჟი ჰყავს, ამბობს: „საუბარი მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. როცა გარეთ ხართ, ელაპარაკეთ ყველაფერზე, რასაც ხედავთ და გესმით. თქვენ ხართ მათი თვალები“. მართალია, „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“, მაგრამ ღვთის ძემ, იესომ, „მამის მკერდთან მყოფმა . . . მოგვითხრო მასზე (იოანე 1:18). ჩვენი თვალები, რომელთა მეშვეობითაც შეგვიძლია ღმერთი ვიხილოთ, არის იესო — ღვთის მხოლოდშობილი ძე, რომელიც უხილავი ღვთის შესახებ ამომწურავ ინფორმაციას გვაწვდის.
ყურადღება მიაქციეთ, რას გვეუბნება ღმერთზე იესო, რომელმაც მამის გვერდით უთვალავი წელი გაატარა:
ღმერთი დაუღალავად შრომობს. „მამაჩემი აქამდე შრომობს“ (იოანე 5:17).
ღვთისთვის კარგად არის ცნობილი ჩვენი მოთხოვნილებები. „ღმერთმა, თქვენმა მამამ, მანამდე იცის, რა გჭირდებათ, სანამ სთხოვთ“ (მათე 6:8).
ღმერთი გულუხვია. „მას [ღმერთს] მზე ბოროტებისთვისაც ამოჰყავს და კეთილებისთვისაც და წვიმას მართლებსაც უგზავნის და უმართლოებსაც“ (მათე 5:45).
ღმერთი გვაფასებს. „განა ორ ბეღურას ერთ მონეტად არ ყიდიან? მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაეცემა მიწაზე ისე, რომ მამათქვენმა არ იცოდეს. თქვენს თავზე კი თმაც დათვლილია. ამიტომ, ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“ (მათე 10:29—31).
ადამიანი, რომელიც ღვთის ანარეკლი იყო
უსინათლოები საგნებსა და მოვლენებს სხვაგვარად აღიქვამენ. მაგალითად, ნორმალური მხედველობის მქონე ადამიანისთვის ჩრდილი გახლავთ მზეს მოფარებული, ნაკლებად განათებული ადგილი. მაგრამ უსინათლოსთვის ჩრდილი წარმოადგენს გრილ ადგილს, სადაც არ აღწევს მზის სხივები. როგორც დაბადებიდან ბრმას არ შეუძლია ჩრდილისა და მზის შუქის დანახვა, ისე არც ჩვენ ძალგვიძს ჩავწვდეთ იეჰოვას პიროვნებას ჩვენი ძალით. ამიტომ იეჰოვამ ჩვენთან გამოგზავნა ადამიანი, რომელიც სრულყოფილად ირეკლავდა მის თვისებებს.
ეს ადამიანი იესო გახლდათ (ფილიპელები 2:7). იესო ხალხს მამის შესახებ ესაუბრებოდა. გარდა ამისა, ის თავისი ცხოვრებით აჩვენებდა, თუ როგორი იყო ღმერთი. ერთხელ იესოს თავისმა მოწაფემ ფილიპემ უთხრა: „უფალო, გვიჩვენე მამა“. იესომ პასუხად მიუგო: „ვინც მე მიხილა, მამაც იხილა“ (იოანე 14:8, 9). როდესაც იესოს საქმეებს აკვირდებით, რას ხედავთ, როგორია მამა?
იესო თბილი, თავმდაბალი და უშუალო იყო (მათე 11:28—30). მასთან ურთიერთობა გამამხნევებელი და გამომაცოცხლებელი იყო. ასეთი თვისებების გამო ხალხს გული ეწეოდა მისკენ. მას სტკიოდა მათი სატკივარი და უხაროდა მათი სიხარული (ლუკა 10:17, 21; იოანე 11:32—35). როდესაც იესოს ცხოვრების შესახებ ბიბლიურ ჩანაწერებს კითხულობთ ან ისმენთ, ჩართეთ მთელი გრძნობები და გონებაში გააცოცხლეთ ეს ეპიზოდები. თუ დაფიქრდებით, როგორ ეპყრობოდა იესო ადამიანებს, შეძლებთ უფრო ნათლად დაინახოთ ღვთის საუცხოო თვისებები, რომლებიც მისკენ მიგიზიდავთ.
ინფორმაციის შეკვრა
ერთმა მწერალმა აღწერა, თუ როგორ აღიქვამს ბრმა სამყაროს. მან თქვა: „ის ნაწილ-ნაწილ იღებს ინფორმაციას რამდენიმე წყაროდან (შეხებით, ყნოსვით, სმენით და ა. შ.), შემდეგ კი ცდილობს, როგორღაც შეკრას ეს ინფორმაცია“. ჩვენ შემთხვევაშიც ასეა: როდესაც ვაკვირდებით ღვთის შემოქმედებას, ვკითხულობთ იმის შესახებ, რაც იესომ მამაზე თქვა და ვაანალიზებთ იმას, თუ როგორ ირეკლავდა იესო ღვთის თვისებებს, ჩვენ თვალწინ იეჰოვა ღმერთის შესანიშნავი სურათი იშლება. ამგვარად ღმერთი ჩვენთვის უფრო რეალური ხდება.
იობმა, რომელიც უხსოვარ დროს ცხოვრობდა, ეს საკუთარ თავზე გამოსცადა. თავიდან მას არ ესმოდა, რას ლაპარაკობდა (იობი 42:3). მაგრამ მას შემდეგ, რაც ღვთის საოცრებებს ღრმად ჩაუკვირდა, ასეთი რამ თქვა: „ყურმოკვრით მქონდა შენზე გაგონილი, მაგრამ ახლა ნამდვილად გხედავს ჩემი თვალი“ (იობი 42:5).
„თუ ძებნას დაუწყებ მას [იეჰოვას], თავს გაპოვნინებს“
თქვენ შემთხვევაშიც ასე მოხდება. „თუ ძებნას დაუწყებ მას [იეჰოვას], თავს გაპოვნინებს“ (1 მატიანე 28:9). იეჰოვას მოწმეები დიდი სიამოვნებით დაგეხმარებიან, რომ ეძებოთ და იპოვოთ უხილავი ღმერთი.