ბიბლიის თვალსაზრისი
ჯვარი
ბევრი ჯვარს ქრისტიანობის სიმბოლოდ მიიჩნევს. თუმცა ყველა არ ფიქრობს, რომ ის აუცილებლად უნდა ჩამოიკიდონ გულზე, ჰქონდეთ ეკლესიებში ან სახლებში.
ჯვარზე გააკრეს იესო?
რას ამბობს ხალხი:
ზოგის აზრით, რომაელებმა იესო ჯვარზე, ორ ერთმანეთზე გადაჭდობილ ძელზე, გააკრეს.
რას ამბობს ბიბლია:
საქმეების მე-5 თავის 30-ე მუხლში ნათქვამია, რომ იესო ქრისტე ძელზე დაჰკიდეს (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა, სსგ). იესოს წამების იარაღის აღსაწერად ბიბლიის დამწერებმა გამოიყენეს ორი სიტყვა „სტავროს“ და „ქსილონ“; ორივე მიუთითებს ერთ და არა ორ ძელზე. როგორც ერთი წყაროდან ვიგებთ, ბერძნული სიტყვა „სტავროს“ ნიშნავს „ბოძს ზოგადი მნიშვნელობით; ის არ არის ჯვრის ეკვივალენტი“ (Crucifixion in Antiquity). საქმეების 5:30-ში ნახსენები სიტყვა „ქსილონ“ კი, სხვა ნაშრომის თანახმად,a ნიშნავს „უბრალო, ვერტიკალურ ბოძს ან ძელს, რომელზეც რომაელები დამნაშავეებს ლურსმნებით აკრავდნენ“.
ბიბლია აგრეთვე პარალელს ავლებს იესოს დასჯის მეთოდსა და ებრაელების დასჯის მეთოდს შორის, რომელიც კანონით მოითხოვებოდა. კანონში ასეთი რამ ეწერა: „თუ კაცმა ისეთი ცოდვა ჩაიდინა, რის გამოც სიკვდილს იმსახურებს . . . მოკლავენ და ძელზე ჩამოჰკიდებენ . . . ძელზე დაკიდებული ღვთისგან არის დაწყევლილი“ (კანონი 21:22, 23). მოციქულ პავლეს სწორედ ეს კანონი ჰქონდა მხედველობაში, როცა აღნიშნა, რომ იესო «თვითონ გახდა დაწყევლილი ჩვენ ნაცვლად, რადგან დაწერილია: „დაწყევლილია ყოველი ძელზე [ქსილონ] დაკიდებული“» (გალატელები 3:13). პავლე მოციქულმა ამგვარად ხაზი გაუსვა იმას, რომ იესო მოკლეს ძელზე ანუ ბოძზე.
„ბოლოს, ძელზე დაკიდეს და მოკლეს“ (საქმეები 10:39, სსგ).
იყენებდნენ იესოს მოწაფეები ჯვარს თაყვანისცემის დროს ან მიიჩნევდნენ მას ქრისტიანობის სიმბოლოდ?
რას ამბობს ბიბლია:
ბიბლიაში არსადაა ნათქვამი, რომ პირველი ქრისტიანები ჯვარს თაყვანისცემის დროს იყენებდნენ. სინამდვილეში ჯვარს რომაელები იყენებდნენ თავიანთი ღვთაებების სიმბოლოდ. იესოს სიკვდილიდან დაახლოებით სამი საუკუნის შემდეგ რომაელმა იმპერატორმა კონსტანტინემ ჯვარი თავისი ჯარის ემბლემად აქცია; მას მერე ჯვარი „ქრისტიანული“ ეკლესიის სიმბოლო გახდა.
როგორც დავინახეთ, ჯვარს წარმართი ერები იყენებდნენ თავიანთი ღვთაებების თაყვანისცემის დროს. მაშასადამე, ნუთუ გონივრული იქნება, დავასკვნათ, რომ იესოს მოწაფეები ჯვარს ჭეშმარიტი ღვთის თაყვანისცემისას იყენებდნენ? რასაკვირველია, არა! მათ კარგად იცოდნენ, რომ ღმერთი არასდროს იწონებდა თაყვანისცემის დროს გამოსახულებების გამოყენებას და რომ ქრისტიანები უნდა გაქცეოდნენ კერპთაყვანისმცემლობას (კანონი 4:15—19; 1 კორინთელები 10:14). „ღმერთი სულია“ ანუ ადამიანის თვალისთვის უხილავია. ამიტომ პირველი ქრისტიანები ღმერთს „სულითა და ჭეშმარიტებით . . . სცემდნენ თაყვანს“, რაც იმას ნიშნავს, რომ მიჰყვებოდნენ წმინდა სულის ხელმძღვანელობას და ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ჭეშმარიტების თანახმად მოქმედებდნენ. აქედან გამომდინარე, ისინი არასდროს იყენებდნენ სხვადასხვა გამოსახულებასა თუ სიმბოლოს ღმერთთან დასაახლოებლად (იოანე 4:24).
„ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები მამას სულითა და ჭეშმარიტებით სცემენ თაყვანს“ (იოანე 4:23).
როგორ უნდა გამოხატონ ქრისტიანებმა იესო ქრისტესადმი პატივისცემა?
რას ამბობს ხალხი:
„სავსებით ბუნებრივია, რომ იმ საგანს, რომელიც ხალხის გადარჩენას მოემსახურა, ადამიანები განსაკუთრებულ პატივს მიაგებდნენ და თაყვანს სცემდნენ . . . ის, ვინც ეთაყვანება გამოსახულებებს, სინამდვილეში დიდებას მიაგებს იმ პიროვნებას, ვინც მასზეა გამოსახული“, — აღნიშნულია „ახალ კათოლიკურ ენციკლოპედიაში“.
რას ამბობს ბიბლია:
ქრისტიანები ძალიან აფასებენ იესოს მიერ გაღებულ მსხვერპლს, რადგან ამის წყალობით მათ ცოდვების პატიების, ღმერთთან დაახლოებისა და მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა ეძლევათ (იოანე 3:16; ებრაელები 10:19—22). ბიბლიაში არსად წერია, რომ ქრისტიანებმა იესოს მიერ გაღებული ძღვნისთვის მადლიერების ნიშნად მისი გამოსახულება უნდა გამოიყენონ ან მხოლოდ ბაგით აღიარონ, რომ სწამთ ის. ღვთის სიტყვაში ხომ ნათქვამია, რომ თუ რწმენას „საქმეები არ გააჩნია, თავისთავად მკვდარია“! (იაკობი 2:17). ასე რომ, ქრისტიანებმა რწმენა უნდა გამოავლინონ იესოს მიმართ. როგორ არის ეს შესაძლებელი?
ბიბლიაში ვკითხულობთ: „ჩვენ იმ სიყვარულით ვართ აღძრულნი, რომელიც ქრისტეს აქვს, რადგან ასე ვმსჯელობთ: ერთი მოკვდა ყველასთვის . . . რათა ცოცხლებმა თავიანთთვის კი აღარ იცოცხლონ, არამედ იმისთვის, ვინც მათთვის მოკვდა და აღდგა“ (2 კორინთელები 5:14, 15). იესოს თავგანწირული სიყვარული ქრისტიანებს აღძრავს, ისე იცხოვრონ, როგორც თავად უფალმა ასწავლა მათ. ამგვარად, იესოს სათანადო პატივს რელიგიური სიმბოლოების გამოყენებით კი არა, იმით მივაგებთ, რომ მის ნაკვალევს მივყვებით.
„მამაჩემის ნება ის არის, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 6:40).
a ეთელბერტ უილიამ ბულინგერის ნაშრომი (A Critical Lexicon and Concordance to the English and Greek New Testament, 11th Edition, pages 818-819).