უხუცესები ამზადებენ სხვებს პასუხისმგებლობების ასაღებად
მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა კრებებში დიდი მოთხოვნილებაა მამაკაცებზე, რომლებსაც შეეძლებათ ზედამხედველის მოვალეობების აღება. რა არის ამის სამი ძირითადი მიზეზი?
პირველი ისაა, რომ იეჰოვა ასრულებს თავის დანაპირებს ‘უმრწემესის ძლიერ ხალხად გადაქცევის’ შესახებ (ესაია 60:22). იგი დაუმსახურებელ სიკეთეს ავლენს და სწორედ ამ სიკეთის წყალობით ბოლო სამი წლის განმავლობაში იეჰოვას მოწმეების რიგებს ერთ მილიონამდე ახალი მონათლული შეემატა. საჭიროა მეტი პასუხისმგებელი მამაკაცი, რომლებიც დაეხმარებიან ახალ მონათლულებს უფრო და უფრო მოწიფულ ქრისტიანებად ჩამოყალიბებაში (ებრაელთა 6:1).
მეორე: ზოგიერთები, რომლებიც ათწლეულებია, რაც უხუცესებად მსახურობენ, ასაკის მომატებისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო სრულად ვეღარ ზრუნავენ კრების საჭიროებებზე.
და მესამე: ზოგი ერთგული ქრისტიანი უხუცესი მსახურობს საავადმყოფოებთან ურთიერთობის, რეგიონალურ სამშენებლო ან საკონგრესო დარბაზის კომიტეტებში. ზოგ შემთხვევაში, ამდენ დავალებას რომ გაართვან თავი, უხუცესებს თავიანთ კრებაში, სულ მცირე, რამდენიმე პასუხისმგებლობაზე უწევთ უარის თქმა.
როგორ შეიძლება დაკმაყოფილდეს დახელოვნებულ მამაკაცებზე მზარდი მოთხოვნილება? გამოსავალი მომზადებაა. ბიბლია მოუწოდებს ქრისტიან ზედამხედველებს, მოამზადონ „ერთგული ადამიანები, რომელთაც უნარი ექნებათ სხვებსაც ასწავლონ“ (2 ტიმოთე 2:2, აფ). ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის თანახმად სიტყვა „მოამზადებს“ განიმარტება, როგორც „გაწვრთნის, დაახელოვნებს“. მოდი განვიხილოთ, როგორ შეუძლიათ უხუცესებს სხვების დახელოვნებულ მამაკაცებად მომზადება.
მიჰბაძეთ იეჰოვას
იესო ქრისტე, უდავოდ, ‘მომზადებული და დახელოვნებული’ იყო მსახურებაში. და აქ გასაკვირი არაფერია! ის თავად იეჰოვამ მოამზადა. რატომ იყო ეს მომზადება ასე ეფექტური? იოანეს 5:20-ში იესოს მოჰყავს სამი ფაქტორი: „მამას (1) უყვარს ძე და, რასაც აკეთებს, ყველაფერს (2) უჩვენებს მას. (3) ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც აჩვენებს მას“. თითოეული ფაქტორის შესწავლა დაგვეხმარება გავიგოთ, თუ რას ნიშნავს მომზადება.
ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ უპირველეს ყოვლისა, რა თქვა იესომ: „მამას უყვარს ძე“. შემოქმედების დასაბამიდანვე იეჰოვასა და მის ძეს შორის თბილი ურთიერთობა სუფევდა. იგავნის 8:30 ნათელს ჰფენს ამ ურთიერთობას: «მაშინ მე [იესო] გვერდით ვყავდი [იეჰოვა ღმერთს], როგორც ოსტატი, დღენიადაგ სიხარული ვიყავი [„უზომოდ ვუყვარდი“, აქ] და ყოველ ჟამს მის წინაშე ვლაღობდი». იესოს ეჭვი არ ეპარებოდა იმაში, რომ იეჰოვას „უზომოდ უყვარდა“ იგი. და იესოს არ დაუფარავს ის სიხარული, რომელსაც განიცდიდა მამასთან მხარდამხარ მუშაობისას. მართლაც, რა მშვენიერია ასეთი თბილი და გულითადი ურთიერთობა ქრისტიან უხუცესებსა და მათ შორის, ვისაც ისინი ამზადებენ!
მეორე ფაქტორი, რომელიც იესომ მოიხსენია არის ის, რომ მამა „რასაც აკეთებს, ყველაფერს უჩვენებს მას“. ამ სიტყვებს ადასტურებს იგავნის 8:30, კერძოდ ის, რომ სამყაროს შექმნისას იეჰოვას „გვერდით ჰყავდა“ იესო (დაბადება 1:26). უხუცესებს შეუძლიათ მიჰბაძონ ამ ბრწყინვალე მაგალითს; მჭიდროდ ითანამშრომლონ თანაშემწეებთან და აჩვენონ მათ, თუ როგორ შეუძლიათ თავიანთი მოვალეობების საუკეთესოდ შესრულება. მაგრამ მომზადებასა და სრულყოფას არა მხოლოდ ახლად დანიშნული თანაშემწეები საჭიროებენ. რა შეიძლება ითქვას იმ ერთგულ ძმებზე, რომელთაც მრავალი წლის განმავლობაში სწადიათ, იტვირთონ ზედამხედველის პასუხისმგებლობა, მაგრამ არასოდეს ყოფილან დანიშნულნი? (1 ტიმოთე 3:1). უხუცესებს მართებთ კონკრეტული რჩევები მისცენ ასეთ მამაკაცებს, რათა იცოდნენ, რა და რა სფეროში საჭიროებენ გაუმჯობესებას.
მაგალითად, თანაშემწე შეიძლება საიმედო, პუნქტუალური და თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შემსრულებელია. შესაძლოა, ბრწყინვალე მასწავლებელიცაა. კრების საქმეებს ყოველმხრივ ჩინებულად ართმევს თავს. მაგრამ, შეიძლება ვერ ხვდება, რომ თანაქრისტიანებთან ურთიერთობისას, ცოტა არ იყოს, უხეშია. უხუცესებს მართებთ „ბრძნული სიმშვიდის“ გამოვლენა (იაკობი 3:13, სსგ). განა არ იქნებოდა სიკეთის გამოვლენა, თუკი უხუცესი დაელაპარაკებოდა თანაშემწეს, ნათლად აუხსნიდა პრობლემას, მოუყვანდა კონკრეტულ მაგალითებს და მისცემდა სასარგებლო რჩევებს? თუ უხუცესი წინდახედულად ‘მარილით შეაზავებს’ თავის რჩევას, მაშინ მისი შენიშვნა, ალბათ, სათანადოდ იქნება მიღებული (კოლასელთა 4:6). რა თქმა უნდა, თანაშემწეები ბევრად უფრო გაუადვილებენ უხუცესებს თავიანთი დავალების შესრულებას, თუ მზადყოფნით მიიღებენ მათგან რჩევებს (ფსალმუნი 140:5).
ზოგ კრებაში უხუცესები პრაქტიკულად და რეგულარულად ამზადებენ თანაშემწეებს. მაგალითად, ავადმყოფი ან ასაკოვანი და-ძმების მონახულებისას თან მიჰყავთ გამოცდილი თანაშემწეები. ასეთი სახით ისინი სამწყემსო საქმიანობის გამოცდილებას ღებულობენ. რა თქმა უნდა, თანაშემწეებს სხვა მხრივაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ თავიანთ სულიერ წინსვლას (იხილე ქვემოთ მოცემული ჩარჩო, სათაურით: „რისი გაკეთება შეუძლიათ თანაშემწეებს“).
მესამე ფაქტორი, თუ რატომ იყო იესოს მომზადება ასე ეფექტური, არის ის, რომ იეჰოვას იესოს მომზადებისას მისი მომავალი წინსვლა ჰქონდა მხედველობაში. იესომ თქვა, რომ მამა „ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც“ აჩვენებდა მას. გამოცდილება, რომელიც დედამიწაზე ყოფნისას მიიღო, იესოს მომავალი დავალებების უკეთ შესრულებაში დაეხმარა (ებრაელთა 4:15; 5:8, 9). მაგალითად, რაოდენ სერიოზულ დავალებას მიიღებს მალე იესო — იგი მილიარდობით ადამიანს მკვდრეთით აღადგენს და გაასამართლებს! (იოანე 5:21, 22).
თანაშემწეების მომზადებისას, უხუცესებს მართებთ, ახლავე გაითვალისწინონ მომავალი საჭიროებები. თუკი დღევანდელი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად საკმარისი უხუცესები და თანაშემწეები არიან, იქნება თუ არა ეს რაოდენობა საკმარისი, თუ ჩამოყალიბდება ახალი კრება? ახალი კრებები? ბოლო სამი წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში 6000-ზე მეტი ახალი კრება ჩამოყალიბდა. წარმოიდგინეთ, რამდენი უხუცესი და თანაშემწეა საჭირო, რომ იზრუნონ ამ ახალ კრებებზე!
უხუცესებო, ჰბაძავთ თუ არა იეჰოვას და ავითარებთ თუ არა გულთბილ დამოკიდებულებას მათ მიმართ, ვისაც ამზადებთ? აჩვენებთ თუ არა, როგორ უნდა შეასრულონ მათ თავიანთი დავალება? ითვალისწინებთ თუ არა მომავალ საჭიროებებს? მიჰბაძეთ იმას, თუ როგორ მოამზადა იეჰოვამ იესო და ამით მრავალი მოიმკის უხვ კურთხევებს.
ნუ შეგაშინებთ პასუხისმგებლობების გადაცემა
უნარიანი უხუცესები, რომლებიც მიჩვეული არიან რამდენიმე მნიშვნელოვანი დავალების ერთდროულად შესრულებას, შესაძლოა, დიდი მზადყოფნით არ შეხვდნენ სხვებისთვის პასუხისმგებლობების გადაცემას. ისინი შესაძლოა წარსულში ცდილობდნენ გარკვეული პასუხისმგებლობების სხვებისთვის გადაცემას, მაგრამ შედეგები არ იყო დამაკმაყოფილებელი. მათ შესაძლოა ჩამოუყალიბდათ ასეთი დამოკიდებულება: ‘თუ გინდა, რომ საქმე კარგად გაკეთდეს, გააკეთე ეს თვითონ’. მაგრამ ეთანხმება ასეთი დამოკიდებულება იეჰოვას ნებას, რომელიც წმინდა წერილებშია ჩაწერილი, სახელდობრ, რომ გამოცდილმა მამაკაცებმა მოამზადონ ნაკლებად გამოცდილები? (2 ტიმოთე 2:2).
მოციქული პავლე გულდაწყვეტილი იყო, როდესაც მისმა თანამსახურმა, მარკოზმა, მიატოვა იგი პამფილიაში და სახლში დაბრუნდა (საქმეები 15:38, 39). მაგრამ ამან პავლე არც შეაფერხა და არც სხვების მომზადების ხალისი დააკარგვინა. მან ამოირჩია სხვა ახალგაზრდა ძმა, ტიმოთე, და მოამზადა მისიონერული მსახურებისთვისa (საქმეები 16:1—3). ბერეაში ეს მისიონერები ისეთ სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდნენ, რომ პავლეს იქ დარჩენა ხელს აღარ მისცემდა. ამიტომ ახალ კრებაზე ზრუნვა დაავალა მოწიფულ, ასაკოვან ძმა სილას და ტიმოთეს (საქმეები 17:13—15). უდავოდ, ტიმოთემ ბევრი რამ ისწავლა სილასგან. მოგვიანებით, როდესაც ტიმოთე უკვე მზად იყო დამატებითი პასუხისმგებლობების მისაღებად, პავლემ ის თესალონიკელთა კრების გასამხნევებლად გაგზავნა (1 თესალონიკელთა 3:1—3).
პავლესა და ტიმოთეს ურთიერთობა არ იყო ფორმალური, ცივი ან უემოციო. მათ შორის გულთბილი ურთიერთდმოკიდებულება სუფევდა. კორინთოს კრების მიმართ მიწერილ წერილში პავლემ მოიხსენია ტიმოთე, როგორც „საყვარელი და ერთგული შვილი უფალში“, ვის გამოგზავნასაც აპირებდა. შემდეგ თქვა: „[ტიმოთე] გაგახსენებთ ჩემს გზებს ქრისტე იესოში, როგორც ვასწავლი ყოველ ადგილას“ (1 კორინთელთა 4:17). ტიმოთე მზად იყო, რომ პავლეს მოემზადებინა და გახდა დაკისრებული პასუხისმგებლობების ზედმიწევნით შემსრულებელი. მრავალი ახალგაზრდა ძმა გახდა უნარიანი თანაშემწე, უხუცესი ან მიმომსვლელი ზედამხედველი, იმიტომ რომ მომზადება გაიარეს იმ მოწიფულ მამაკაცებთან, რომლებიც ისეთივე ცოცხალ ინტერესს ავლენდნენ მათდამი, როგორც პავლე — ტიმოთესადმი.
უხუცესებო, მოამზადეთ სხვები!
ეჭვგარეშეა, ესაიას 60:22-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება ჩვენს დღეებში სრულდება. იეჰოვა „უმრწემესს ძლიერ ხალხად“ აქცევს. ცხადია, ‘ძლიერება’ რომ შეინარჩუნონ, ეს ხალხი კარგად ორგანიზებული უნდა იყოს. უხუცესებო, კარგი იქნებოდა, თუკი გამონახავდით დამატებით საშუალებებს, იმ მიძღვნილი მამაკაცების მოსამზადებლად, რომლებიც მზად არიან, ისწავლონ! დარწმუნებული იყავით, თითოეულ თანაშემწეს ესმის, რომ საჭიროებს გაუმჯობესებას, რათა წარმატებებს მიაღწიოს. და თქვენც, მონათლულო ძმებო, მაქსიმალურად ისარგებლეთ იმ ყურადღებით, რომელსაც თქვენს მიმართ ავლენენ. შეძლებისდაგვარად ეცადეთ, გაიუმჯობესოთ უნარიანობა, გაიღრმავოთ შემეცნება და უფრო მეტი გამოცდილება მიიღოთ. იეჰოვა უდავოდ აკურთხებს სიყვარულით აღსავსე დახმარების ასეთ პროგრამას (ესაია 61:5).
[სქოლიოები]
a მოგვიანებით, პავლემ კვლავ ითანამშრომლა მარკოზთან (კოლასელთა 4:10).
[ჩარჩო 30 გვერდზე]
რისი გაკეთება შეუძლიათ თანაშემწეებს
იმ დროს, როდესაც უხუცესები ცდილობენ თანაშემწეების მომზადებას, მათაც შეუძლიათ მრავალი რამის კეთება თავიანთი შემდგომი სულიერი წინსვლისთვის.
— თანაშემწეები უნდა იყვნენ გულმოდგინენი და საიმედონი თავიანთი დავალებების შესრულებისას. ასევე უნდა განავითარონ შესწავლის კარგი ჩვევები. ფრიად საგულისხმოა ის, რომ პროგრესი მიიღწევა შესწავლით და შესწავლილის ცხოვრებაში გამოყენებით.
— თუ ქრისტიანულ შეხვედრაზე წარმოსათქმელად მოხსენებას ამზადებს, თანაშემწეს არ უნდა მოერიდოს, სთხოვოს რჩევა გამოცდილ უხუცესს, თუ როგორ წარადგინოს მასალა.
— თანაშემწეს ასევე შეუძლია სთხოვოს უხუცესს, თვალი ადევნოს, თუ როგორ წარმოთქვამს ბიბლიურ მოხსენებას და მისცეს რჩევა, რისი გაუმჯობესებაა შესაძლებელი.
თანაშემწეებმა უნდა ეძებონ, მოისმინონ და გამოიყენონ უხუცესების რჩევები. თუ ასე მოიქცევიან, მათი წარმატება „ყველასათვის ცხადი“ გახდება (1 ტიმოთე 4:15).