რამდენად მტკიცედ გწამთ მკვდრეთით აღდგომა?
„მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ჩემი მორწმუნე, რომ მოკვდეს კიდეც, გაცოცხლდება“ (იოანე 11:25, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990 წლის გამოცემა).
1, 2. რატომ უნდა ჰქონდეს იეჰოვას თაყვანისმცემელს მკვდრეთით აღდგომის მტკიცე იმედი?
რამდენად მტკიცეა მკვდრეთით აღდგომის შესახებ თქვენი იმედი? გიქრობთ ის სიკვდილის მიმართ შიშს და განუგეშებთ, როდესაც საყვარელი პიროვნება გიკვდებათ? (მათე 10:28; 1 თესალონიკელთა 4:13). ხართ თქვენც ღვთის იმ ძველი მსახურების მსგავსი, რომლებმაც, მკვდრეთით აღდგომის რწმენით განმტკიცებულებმა, აიტანეს გვემა, დაცინვა, წამება და ბორკილები? (ებრაელთა 11:35–38).
2 დიახ, იეჰოვას გულწრფელ თაყვანისმცემელს არავითარი ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს იმაში, რომ მკვდრეთით აღდგომა იქნება, და ამ დაჯერებულობამ გავლენა უნდა იქონიოს იმაზე, თუ როგორ წარმართავს ის თავის ცხოვრებას. შესანიშნავია ვიფიქროთ იმ ფაქტზე, რომ ღმერთს აქვს დანიშნული დრო, როდესაც ზღვა, სიკვდილი და ჯოჯოხეთი მკვდრებისგან დაცარიელდება და აღდგენილ პიროვნებებს დედამიწაზე სამოთხეში მარადიული ცხოვრების პერსპექტივა ექნებათ (გამოცხადება 20:13; 21:4, 5).
ეჭვები მომავალ ცხოვრებასთან დაკავშირებით
3, 4. რა სწამს ჯერაც მრავალს სიკვდილის შემდეგ ცხოვრებასთან დაკავშირებით?
3 ქრისტიანული სამყარო დიდი ხანია ასწავლის, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე არსებობს. ჟურნალის „შეერთებული შტატების კათოლიკეები“ (U.S. Catholic) ერთ სტატიაში ნათქვამი იყო: „საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანები ყოველნაირად ცდილობდნენ, რომ ამ ცხოვრებაში მიღებული გულგატეხილობა და ტანჯვა მომავალში სხვა ცხოვრების იმედით დაეძლიათ, ცხოვრებისა, სადაც დატკბებოდნენ მშვიდობითა და კმაყოფილებით, მიზნების მიღწევითა და ბედნიერებით“. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანული სამყაროს მრავალ ქვეყანაში ხალხი გათავისუფლდა ეკლესიის სასულიერო გავლენისგან და რელიგიას გარკვეული ცინიზმით უყურებს, მრავალი ჯერაც ფიქრობს, რომ სიკვდილის შემდეგ რაღაც უნდა არსებობდეს. მაგრამ არსებობს ბევრი რამ, რაშიც ისინი დარწმუნებული არ არიან.
4 ჟურნალ „ტაიმის“ ერთი სტატია იუწყებოდა: „ხალხს ჯერაც სწამს [იმქვეყნიური ცხოვრება]: მხოლოდ უნდა აღინიშნოს, რომ მათი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ რა ცხოვრებაა ეს, უფრო გაბუნდოვნდა და ამაზე მათი მოძღვრებიც შედარებით იშვიათად ლაპარაკობენ“. რატომ ლაპარაკობენ რელიგიის მსახურები დღეს იმქვეყნიური ცხოვრების შესახებ შედარებით იშვიათად, ვიდრე ამას ადრე აკეთებდნენ? რელიგიათმცოდნე ჯეფრი ბერტენ რასელი ამბობს: „ვფიქრობ, [სასულიერო პირებს] სურთ, თავი აარიდონ ამ თემას, ვინაიდან გრძნობენ, რომ ამით საყოველთაოდ გავრცელებული სკეპტიციზმის გადალახვა მოუწევთ“.
5. როგორია დღეს მრავლის თვალსაზრისი ჯოჯოხეთის ცეცხლის შესახებ დოგმატის თაობაზე?
5 მრავალი ეკლესიის სწავლების თანახმად, იმქვეყნიურ ცხოვრებაში ზეცა და ჯოჯოხეთის ცეცხლი შედის. და თუ მღვდლები არც თუ ისე დიდი ენთუზიაზმით ყვებიან ზეცის შესახებ, ისინი კიდევ უფრო ნაკლები ენთუზიაზმით ყვებიან ჯოჯოხეთის შესახებ. ერთი გაზეთი იუწყებოდა: „დღეს ეკლესიებმაც კი, რომლებსაც სწამთ ჯოჯოხეთში საუკუნო წამება, . . . უკლეს ამ აზრის ხაზგასმას“. სინამდვილეში, თანამედროვე თეოლოგების უმეტესობას აღარ სწამს ჯოჯოხეთის — პირდაპირი გაგებით საწამებელი ადგილის — არსებობა, როგორც ამას შუა საუკუნეებში ასწავლიდნენ. პირიქით, მათ უფრო მოსწონთ ჯოჯოხეთის შესახებ შედარებით „ჰუმანური“ ვერსია. მრავალი თანამედროვე თეოლოგის აზრით, ცოდვილები ჯოჯოხეთში პირდაპირი გაგებით კი არ ეწამებიან, არამედ იტანჯებიან იმით, რომ „სულიერად ღვთისგან გამოყოფილები არიან“.
6. როგორ ხედავს ზოგი ტრაგიკული შემთხვევის დროს, რომ არა აქვთ სათანადო რწმენა?
6 თანამედროვე აღქმის შესაბამისად, ეკლესიის ამ დოგმატის შერბილება გარკვეულწილად ხელს უწყობს არაპოპულარობის არიდებას, მაგრამ მრევლის მილიონობით გულწრფელ წევრს საგონებელში აგდებს და ამ წევრებმა არ იციან, თუ რა იწამონ. ამიტომ სიკვდილთან პირისპირ შეხვედრისას ისინი ხშირად ხედავენ, რომ რწმენა აღარა აქვთ. მათ ისეთივე თვალსაზრისი აქვთ, როგორიც ერთ ქალს, რომელსაც ტრაგიკული შემთხვევის შედეგად ოჯახის რამდენიმე წევრი დაეღუპა. როდესაც ჰკითხეს, ჰპოვა თუ არა ნუგეში თავის რელიგიურ მრწამსში, მან ყოყმანით უპასუხა: „მგონი, კი“. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ქალი მთელი დაჯერებულობით იტყოდა, რომ თავისი რელიგია დაეხმარა, რამდენად დიდხანს მოუტანდა ეს სარგებლობას, თუ მისი რწმენა საკმაოდ საფუძვლიანი არ იქნებოდა? ამ საკითხზე ყურადღების გამახვილება ძალზე მნიშვნელოვანია, ვინაიდან სინამდვილეში ის, რასაც ეკლესიების უმრავლესობა ასწავლის მომავალი ცხოვრების შესახებ, სრულიად განსხვავდება ბიბლიური მოძღვრებისგან.
ქრისტიანული სამყაროს თვალსაზრისი სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეზე
7. ა) რა არის საერთო ეკლესიების უმეტესობის მრწამსში? ბ) როგორ აღწერა ერთმა თეოლოგმა სულის უკვდავების შესახებ დოგმატი?
7 ქრისტიანული სამყაროს თითქმის ყველა მიმდინარეობაში, მათ შორის არსებული განსხვავებების მიუხედავად, ერთხმად აღინიშნება, რომ ადამიანს აქვს უკვდავი სული, რომელიც სხეულის სიკვდილის დროს ცოცხალი რჩება. უმეტესობას სწამს, რომ სიკვდილის შემდეგ სული ზეცაში მიდის. ზოგს ეშინია, რომ მათი სული შეიძლება ჯოჯოხეთის ცეცხლში ან განსაწმენდელში მოხვდეს. მაგრამ იდეას სულის უკვდავებაზე ცენტრალური ადგილი უჭირავს მომავლის შესახებ მათ თვალსაზრისში. თეოლოგი ოსკარ კულმანი წიგნის „უკვდავება და მკვდრეთით აღდგომა“ (Immortality and Resurrection) ერთ ნარკვევში შეეხო ამ საკითხს. მან დაწერა: «თუ დღეს რიგით ქრისტიანს შევეკითხებოდით. . . მისი აზრით, რას ასწავლის „ახალი აღთქმა“ სიკვდილის შემდეგ ადამიანის მდგომარეობის შესახებ, უმეტეს შემთხვევაში მივიღებდით პასუხს: „სულის უკვდავებას“». მაგრამ კულმანმა დაამატა: „ეს ფართოდ გავრცელებული თვალსაზრისი ქრისტიანობაში ერთ-ერთი ყველაზე არასწორად გაგებული აზრია“. კულმანმა აღნიშნა, რომ, როდესაც ეს აზრი პირველად გამოთქვა, მისმა სიტყვებმა დიდი აღშფოთება გამოიწვია. მაგრამ ის მართალი იყო.
8. რა იმედი მისცა ღმერთმა პირველ მამაკაცსა და ქალს?
8 იეჰოვა ღმერთს ადამიანი იმისთვის არ შეუქმნია, რომ სიკვდილის შემდეგ ზეცაში წასულიყო. მისი თავდაპირველი განზრახვა იყო, რომ ის საერთოდ არ მომკვდარიყო. ადამი და ევა ღმერთმა სრულყოფილები შექმნა და შესაძლებლობა მისცა, სამართლიანი შთამომავლობით აევსოთ დედამიწა (დაბადება 1:28; მეორე რჯული 32:4). ჩვენს პირველ მშობლებს ეთქვათ, რომ მხოლოდ ღვთისადმი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში დაიხოცებოდნენ (დაბადება 2:17). თუ ზეციერი მამისადმი მორჩილებას გამოავლენდნენ, ისინი მარადიულად იცხოვრებდნენ დედამიწაზე.
9. ა) რა არის სინამდვილეში ადამიანის სული? ბ) რა მოსდის სულს სიკვდილის დროს?
9 მაგრამ, სამწუხაროდ, ადამი და ევა ღმერთს არ დაემორჩილნენ (დაბადება 3:6, 7). ამის ტრაგიკულ შედეგებს მოციქული პავლე შემდეგნაირად აღწერს: „ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელთა 5:12). დედამიწაზე მარადიული ცხოვრების ნაცვლად, ადამი და ევა დაიხოცნენ. რა მოხდა შემდეგ? ჰქონდათ მათ უკვდავი სული, რომელიც მათი ცოდვის გამო ჯოჯოხეთის ცეცხლს გადაეცა? ბიბლია ამბობს, რომ ადრე, როდესაც ადამი შეიქმნა ის გახდა ‘სული ცხოველი‘ (დაბადება 2:7, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა). ადამიანს სული კი არ მიეცა, არამედ თვითონ გახდა სული, ცოცხალი პიროვნება (1 კორინთელთა 15:45, აქ). არა მარტო ადამი იყო ‘სული ცხოველი’, არამედ, როგორც ებრაული ენიდან ჩანს (რომელზეც დაიწერა წიგნი „დაბადება“), ადამიანებზე დაბლა მდგომი ცხოველებიც ‘ცოცხალი სულები’ იყვნენ (დაბადება 1:24, აქ). როდესაც ადამი და ევა დაიხოცნენ, ისინი მკვდარი სულები გახდნენ. საბოლოოდ, მათ დაემართათ სწორედ ის, რაც იეჰოვამ ადამს უთხრა: „პიროფლიანი ჭამდე პურს, ვიდრე მიწად მიიქცეოდე, რადგან მისგანა ხარ აღებული, რადგან მტვერი ხარ და მტვრადვე მიიქცევი“ (დაბადება 3:19).
10, 11. რას გვამცნობს „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ სულზე ბიბლიური სწავლების შესახებ და რამდენად შეესაბამება ეს ბიბლიურ ჭეშმარიტებას?
10 „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ (New Catholic Encyclopedia) ძირითადად, ეთანხმება ამ აზრს. სტატიაში „სული (ბიბლიაში)“ ის ამბობს: «ძა-ში [„ძველ აღთქმაში“ ანუ ებრაულ წერილებში] სულაც არ არის აღნიშნული სხეულისა და სულის დიქოტომია [მთელის გაყოფა ორად]». ის ამატებს, რომ ბიბლიაში სიტყვა „სული“ „არასოდეს ნიშნავს რაღაცას, რაც სხეულისგან ან პიროვნებისგან გამოყოფილია“. მართლაც, სული ხშირად „თვითონ ცოცხალ არსებას ნიშნავს, იქნება ეს ცხოველი თუ ადამიანი“. ასეთი მიუკერძოებელი მსჯელობა ძალებს მატებს ადამიანს, მაგრამ საინტერესოა, რატომ არ იცის მრევლის უმეტესობამ ამ ფაქტის შესახებ?
11 რამდენ დარდსა და შიშს ჩამოიშორებდნენ მრევლის წევრები, რომ სცოდნოდათ ბიბლიის უბრალო ჭეშმარიტება: „ცოდვილი სული უნდა მოკვდეს“ და არა ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიტანჯოს (ეზეკიელი 18:4). ეს სიტყვები სავსებით განსხვავდება იმისგან, რასაც ქრისტიანული სამყარო ასწავლის, და მთლიანად შეესაბამება ბრძენი კაცის, სოლომონის, მიერ ღვთის შთაგონებით ნათქვამს: „ცოცხალმა იცის, რომ მოკვდება; მკვდრებმა კი არაფერი იციან და აღარც საზღაური მიეზღვებათ [ამ ცხოვრებაში], რადგან მათი ხსოვნა დავიწყებას მიეცა. რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს, აკეთე; რადგან არც საქმე, არც საფიქრალი, ცოდნა, ან სიბრძნე არ გაგყვება შავეთში [საერთო საკაცობრიო სამარეში], სადაც მიდიხარ“ (ეკლესიასტე 9:5, 10).
12. საიდან აიღო ქრისტიანულმა სამყარომ სულის უკვდავების შესახებ სწავლება?
12 რატომ ასწავლის ქრისტიანული სამყარო ისეთ რამეს, რაც ასე განსხვავდება ბიბლიური ჭეშმარიტებისგან? „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ სტატიაში „სული, ადამიანი, უკვდავება“ ამბობს, რომ ეკლესიის ადრინდელი მამები სულის უკვდავების შესახებ მრწამსის მხარდამჭერ ფაქტებს პოულობდნენ არა ბიბლიაში, არამედ „პოეტებისა და ფილოსოფოსების გამონათქვამებში და ბერძნული აზროვნების ზოგად ტრადიციებში. . . მოგვიანებით კი სქოლასტიკოსებმა პლატონისა და არისტოტელეს პრინციპების გამოყენება ამჯობინეს“. ამ ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ „პლატონიზმისა და ნეოპლატონიზმის გავლენამ“ — რომლებშიც სულის უკვდავების შესახებ რწმენაც შედიოდა — საბოლოოდ, „ქრისტიანულ თეოლოგიაში ღრმად“ შეაღწია.
13, 14. რატომაა არაგონივრული, ცოდნის მისაღებად კერპთაყვანისმცემელ ბერძენ ფილოსოფოსებს მივმართოთ?
13 უნდა მიემართა ხალხს, რომლებიც საკუთარ თავს ქრისტიანებს უწოდებდნენ, ბერძენი ფილოსოფოსებისთვის, რათა გაეგოთ ისეთი მნიშვნელოვანი რამ, როგორიცაა სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის იმედი? რა თქმა უნდა, არა. როდესაც პავლე კორინთში (საბერძნეთი) მცხოვრებ ქრისტიანებს სწერდა, აღნიშნა: «ამ წუთისოფლის სიბრძნე უგუნურებაა ღვთის წინაშე, როგორც წერია: „მათ ცბიერებაში შეიპყრობს ბრძენებს.“ და კიდევ: „იცის უფალმა ბრძენთა ზრახვანი, რომ ამაოა ისინი“» (1 კორინთელთა 3:19, 20). ძველი ბერძნები კერპთაყვანისმცემლები იყვნენ. მაშ, როგორ შეიძლებოდა, რომ ისინი ჭეშმარიტების წყარო ყოფილიყვნენ? პავლემ კორინთელებს შემდეგი კითხვა დაუსვა: «რა კავშირი აქვს ღვთის ტაძარს კერპებთან? რადგან თქვენ ხართ ცოცხალი ღვთის ტაძარი, როგორც ღმერთმა თქვა: „დავმკვიდრდები და ვივლი მათ შორის, ვიქნები მათი ღმერთი და ისინი იქნებიან ჩემი ხალხი“» (2 კორინთელთა 6:16).
14 თავდაპირველად წმინდა ჭეშმარიტებები ისრაელ ერს მიეცა (რომაელთა 3:1, 2). ახ. წ. 33 წლის შემდეგ ის პირველი საუკუნის ცხებულ ქრისტიანთა კრების მეშვეობით გადმოიცემოდა. პავლე პირველი საუკუნის ქრისტიანების შესახებ წერდა: „ჩვენ. . . გაგვიმხილა ღმერთმა თავისი სულით [ის, რაც თავის მოყვარულებს განუმზადა]“ (1 კორინთელთა 2:10; იხილეთ აგრეთვე გამოცხადება 1:1, 2). ქრისტიანული სამყაროს სწავლება სულის უკვდავების შესახებ ბერძნული ფილოსოფიიდან იღებს სათავეს. ის არ გამჟღავნებულა ისრაელებისთვის ან პირველი საუკუნის ცხებულ ქრისტიანთა კრებისთვის ღვთის მიერ საიდუმლოს გაცხადების საშუალებით.
რეალური იმედი მიცვალებულებისთვის
15. იესოს ნათქვამის თანახმად, რა არის მიცვალებულთათვის ნამდვილი იმედი?
15 თუ სული უკვდავი არ არის, რა რეალური იმედი არსებობს მიცვალებულებისთვის? რა თქმა უნდა, ეს იმედია მკვდრეთით აღდგომა — ბიბლიის ძირითადი სწავლება და ნამდვილად შესანიშნავი ღვთიური დანაპირები. იესომ მოგვცა მკვდრეთით აღდგომის იმედი, როდესაც თავის მეგობარ მართას უთხრა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ჩემი მორწმუნე, რომ მოკვდეს კიდეც, გაცოცხლდება“ (იოანე 11:25, აფ). იესოსადმი რწმენა ნიშნავს, გვწამდეს მკვდრეთით აღდგომა და არა სულის უკვდავება.
16. რატომ არის გონივრული, გვწამდეს მკვდრეთით აღდგომა?
16 იესომ ადრეც აღნიშნა მკვდრეთით აღდგომის შესახებ, როდესაც ზოგ იუდეველს უთხრა: „ნუ გაიკვირვებთ ამას, რადგან მოდის ჟამი, როდესაც ყველანი, ვინც სამარხებში არიან, მის ხმას მოისმენენ. . . [და] გამოვლენ“ (იოანე 5:28, 29). იესოს სიტყვები აბსოლუტურად განსხვავდება სხეულის სიკვდილის შემდეგ უკვდავი სულის პირდაპირ ზეცაში წასვლის წარმოდგენისგან. ის ლაპარაკობს სამარხებში მყოფთა მომავალ ‘გამოსვლაზე’, რომელთაგან მრავალი საუკუნეები და ათასწლეულებიც კია, რაც მკვდარია. იმ დროს მკვდარი სულები გაცოცხლდებიან. შეუძლებელია? არა ღვთისთვის, „რომელიც მკვდრებს აცოცხლებს და არყოფილს ყოფად მოუწოდებს“ (რომაელთა 4:17). სკეპტიკოსები შეიძლება დასცინიან მკვდრეთით აღდგომის შესახებ აზრს, მაგრამ ეს აზრი აბსოლუტურად შეესაბამება იმ ფაქტს, რომ „ღმერთი სიყვარულია“ და რომ ის „თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (1 იოანე 4:16; ებრაელთა 11:6).
17. რას შეასრულებს ღმერთი მკვდრეთით აღდგომის საშუალებით?
17 ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორ შეძლებდა ღმერთი მათ დაჯილდოებას, ვინც „სიკვდილამდე ერთგული“ დარჩა, თუ არ გააცოცხლებდა მათ? (გამოცხადება 2:10). მკვდრეთით აღდგომის საშუალებით ღმერთი შეასრულებს იმასაც, რაც მოციქულმა იოანემ დაწერა: „ამისათვის გამოჩნდა ძე ღვთისა, რათა დაერღვია ეშმაკის საქმენი“ (1 იოანე 3:8). ედემის ბაღში სატანა იყო ჩვენი პირველი წინაპრების ცოდვისა და სიკვდილის მიზეზი, რითაც მთელი კაცობრიობის მკვლელი გახდა (დაბადება 3:1–6; იოანე 8:44). იესო სატანის საქმეების დარღვევას მაშინ შეუდგა, როდესაც საკუთარი სრულყოფილი სიცოცხლე გაიღო, რომელიც შეესაბამებოდა გამოსასყიდს და რომლითაც კაცობრიობას ადამის ნებაყოფლობითი დაუმორჩილებლობის შედეგად მემკვიდრეობით გადმოცემული ცოდვის მონობისგან გათავისუფლების გზა გაუხსნა (რომაელთა 5:18). ადამის ცოდვის გამო მიცვალებულთა მკვდრეთით აღდგენით ეშმაკის საქმეების კიდევ ერთი მხარე მოისპობა.
სხეული და სული
18. როგორი იყო ზოგი ბერძენი ფილოსოფოსის რეაქცია პავლეს სიტყვებზე იესოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ და რატომ?
18 ათენში ყოფნისას მოციქულმა პავლემ კეთილი ცნობა უქადაგა ხალხს, რომელთა შორის ბერძენი ფილოსოფოსებიც იყვნენ. მათ მოისმინეს პავლეს სიტყვა მონანიებისკენ მოწოდებისა და ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთის შესახებ. რა მოხდა შემდეგ? პავლემ ქადაგება შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „[ღმერთმა] დაადგინა დღე, როდესაც ქვეყნიერებას განკითხავს სამართლით წინასწარ არჩეული კაცის ხელით, ყველა დაარწმუნა რა იმით, რომ იგი მკვდრეთით აღადგინა“. ამ სიტყვებმა ხალხში მღელვარება გამოიწვია. „მკვდრების აღდგომაზე რომ მოისმინეს, ერთნი დასცინოდნენ“ (საქმეები 17:22—32). თეოლოგი ოსკარ კულმანი აღნიშნავს: «ბერძნებისთვის, რომლებსაც სულის უკვდავება სწამდათ, შესაძლებელია, უფრო ძნელი იყო, მიეღოთ ქრისტიანული ქადაგება მკვდრეთით აღდგომის შესახებ, ვიდრე სხვებისთვის. . . შეუძლებელია დიდი ფილოსოფოსების, სოკრატესა და პლატონის, და „ახალი აღთქმის“ სწავლებების შესაბამისობაში [ურთიერთთანხმობაში] მოყვანა».
19. როგორ შეეცადნენ ქრისტიანული სამყაროს თეოლოგები მკვდრეთით აღდგომის შესახებ სწავლების გაერთიანებას სულის უკვდავების დოგმატთან?
19 მიუხედავად ამისა, მოციქულების სიკვდილის შემდეგ დიდი განდგომილება მოხდა და თეოლოგები შეეცადნენ ქრისტიანული სწავლება მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით გაეერთიანებინათ პლატონის მრწამსთან სულის უკვდავების შესახებ. დროთა განმავლობაში ზოგი შეეთვისა ახლებურ ახსნას: სიკვდილის დროს სული ტოვებს სხეულს (როგორც ზოგი აღნიშნავს, „თავისუფლდება“ სხეულისგან). რ. ჯ. კუკი თავის ნაშრომში აღნიშნავს, რომ შემდეგ, განკითხვის დღეს, „თითოეული სხეული თავის სულთან და თითოეული სული თავის სხეულთან გაერთიანდება“ (Outlines of the Doctrine of the Resurrection). ამბობენ, რომ მკვდრეთით აღდგომა არის სხეულის კვლავ თავის უკვდავ სულთან გაერთიანება.
20, 21. ვის აქვს ჭეშმარიტების ლოგიკური სწავლება მკვდრეთით აღდგომის შესახებ და რა სარგებლობა მოაქვს ამას მათთვის?
20 ეს თეორია დღესაც რჩება ეკლესიების ოფიციალურ დოგმატებს შორის. მაშინ როდესაც ეს კონცეფცია შეიძლება ლოგიკურად ეჩვენებათ თეოლოგებს, მრევლის უმეტესობისთვის ის გაუგებარია. მათ, უბრალოდ, სჯერათ, რომ სიკვდილის შემდეგ პირდაპირ ზეცაში წავლენ. ამიტომ ერთი ჟურნალის 1995 წლის 5 მაისის ნომერში მწერალმა ჯონ გარვიმ შემდეგი ბრალდება წამოაყენა: „ქრისტიანთა უმეტესობის მრწამსი [სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის შესახებ] ბევრად უფრო ახლოს დგას ნეოპლატონიზმთან, ვიდრე ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან და ამას არავითარი ბიბლიური საფუძველი არა აქვს“ (Commonweal). ბიბლიის პლატონზე გაცვლით ქრისტიანული სამყაროს სამღვდელოებამ თავის სამწყსოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ ბიბლიური იმედი გაუქრო.
21 იეჰოვას მოწმეები კი უარყოფენ წარმართულ ფილოსოფიას და მტკიცედ ეჭიდებიან მკვდრეთით აღდგომის შესახებ ბიბლიურ სწავლებას. მათთვის ასეთი სწავლება ჭკუის სასწავლებელი, დამაკმაყოფილებელი და მანუგეშებელია. მომდევნო სტატიებში დავინახავთ, თუ რამდენად საფუძვლიანი და ლოგიკურია ბიბლიის სწავლება მკვდრეთით აღდგომის შესახებ როგორც დედამიწაზე ცხოვრების იმედის, ისე ზეციური აღდგენის პერსპექტივის მქონეთათვის. ამ სტატიების წასაკითხად მომზადების მიზნით, გირჩევთ, ყურადღებით წაიკითხოთ 1 კორინთელთა მე-15 თავი.
გახსოვთ თუ არა?
◻ რატომ უნდა განვივითაროთ მტკიცე რწმენა მკვდრეთით აღდგომის მიმართ?
◻ მომავლის რა იმედი მისცა იეჰოვამ ადამსა და ევას?
◻ რატომ არის არალოგიკური ჭეშმარიტების ძიება ბერძნულ ფილოსოფიაში?
◻ რატომ არის მისაღები იმედი მკვდრეთით აღდგომის შესახებ?
[სურათი 10 გვერდზე]
როდესაც შესცოდეს, ჩვენმა პირველმა წინაპრებმა დაკარგეს დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი.
[სურათი 12 გვერდზე]
თეოლოგებზე გავლენა იქონია პლატონის მრწამსმა სულის უკვდავების შესახებ.
[საავტორო უფლება]
Musei Capitolini, Roma