ᲗᲐᲕᲘ 2
„იქნებით ჩემი მოწმეები“
იესომ მოციქულები სამქადაგებლო საქმისთვის ხელმძღვანელობის გასაწევად მოამზადა.
1—3. როგორ დაემშვიდობა იესო მოწაფეებს და რომელ კითხვებს გავცემთ პასუხს?
ᲛᲝᲪᲘᲥᲣᲚᲔᲑᲡ არ უნდოდათ იესოსთან დამშვიდობება. ისინი ბედნიერები იყვნენ, რომ იესოს მკვდრეთით აღდგომის შემდეგ კიდევ რამდენიმე კვირას მიეცათ მასთან ყოფნის საშუალება. იესოს მკვდრეთით აღდგომამ მისი სიკვდილით განცდილი მწუხარება მოწაფეებს სიხარულად უქცია. 40 დღის განმავლობაში არაერთხელ ეჩვენა მოწაფეებს, ასწავლიდა და ამხნევებდა მათ, თუმცა მათი დამშვიდობების დღეც დადგა.
2 ზეთისხილის მთაზე მოციქულები დიდი გულისყურით ისმენდნენ იესოს ყოველ სიტყვას. დრომ დაუჯერებლად სწრაფად გაირბინა. როცა იესომ სიტყვა დაამთავრა, ხელები აღაპყრო, და აკურთხა ისინი. მოულოდნელად, მათ თვალწინ ამაღლდა! ისინი ჯერ კიდევ ზეცად ამავალ იესოს შეჰყურებდნენ, როცა ღრუბელმა დაფარა ის. იესო გაუჩინარდა, მაგრამ მოციქულები ისევ ცას შეჰყურებდნენ (ლუკ. 24:50; საქ. 1:9, 10).
3 ამის შემდეგ იესოს მოციქულთა ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. რას იზამდნენ თავიანთი ბატონის, იესო ქრისტეს, ზეცად ამაღლების შემდეგ? შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იესომ ისინი სათანადოდ მოამზადა თავისი საქმის გასაგრძელებლად. რა გააკეთა იესომ მათ მოსამზადებლად? გამოავლინეს მოწაფეებმა მზადყოფნა ამ მნიშვნელოვანი დავალების შესასრულებლად? რატომ უნდა ვიცოდეთ ამ კითხვებზე პასუხები და რისკენ უნდა აღგვძრას ამის ცოდნამ? ამ კითხვებს „მოციქულთა საქმეების“ პირველ თავში გაეცემა პასუხი.
„მრავალი სარწმუნო მტკიცებულება“ (საქმეები 1:1—5)
4. როგორ დაიწყო ლუკამ „მოციქულთა საქმეების“ წიგნის წერა?
4 წიგნის დასაწყისში ლუკა თეოფილეს მიმართავს, რომელსაც ადრე სახარებაa მისწერა, და თავის პირველ წერილს ახსენებს. რამდენიმე სიტყვით უმეორებს მის დასკვნით ნაწილს და რაღაც ახალსაც ეუბნება.
5, 6. ა) რამ შეანარჩუნებინა იესოს მიმდევრებს მტკიცე რწმენა? ბ) რატომ შეიძლება ითქვას, რომ ჭეშმარიტ ქრისტიანთა რწმენას დღესაც „მრავალი სარწმუნო მტკიცებულება“ უდევს საფუძვლად?
5 რამ შეანარჩუნებინა იესოს მიმდევრებს მტკიცე რწმენა? საქმეების 1:3-ში ვკითხულობთ: „[იესო] არაერთხელ ეჩვენა მათ ცოცხლად მრავალი სარწმუნო მტკიცებულებით“. ბიბლიის მწერლებიდან მხოლოდ ექიმმა ლუკამ გამოიყენა ბერძნული სიტყვა, რომელიც „სარწმუნო მტკიცებულებად“ ითარგმნება (კოლ. 4:14). სამედიცინო ლიტერატურაში ამ სიტყვას სანდო, დამაჯერებელ და საფუძვლიან მტკიცებულებასთან იყენებდნენ. იესომ მრავალი ასეთი სარწმუნო მტკიცებულებით შეუქმნა მოწაფეებს რწმენის საფუძველი. ის ბევრჯერ ეჩვენა მათ — ხან ერთს, ხან ორს, ხან ყველა მოციქულს ერთად, ერთხელ კი — 500-ზე მეტ მოწაფეს (1 კორ. 15:3—6). მეტი სარწმუნო მტკიცებულება რაღა უნდა ყოფილიყო?!
6 დღესაც ჭეშმარიტ ქრისტიანთა რწმენას „მრავალი სარწმუნო მტკიცებულება“ უდევს საფუძვლად. არსებობს იმის მტკიცებულება, რომ იესო დედამიწაზე ცხოვრობდა, ჩვენი ცოდვებისთვის მოკვდა და მკვდრეთით აღდგა? რა თქმა უნდა! ღვთივშთაგონებულ სიტყვაში მოცემულია თვითმხილველთა ჩანაწერები, რაც უკვე საკმარისზე მეტი მტკიცებულებაა. თუ ამ ჩანაწერებს გამოვიკვლევთ და თან იეჰოვას ნასწავლის პრაქტიკულად გამოყენებაში დახმარებას ვთხოვთ, ჩვენი რწმენა განმტკიცდება. გახსოვდეთ, დამაჯერებელი მტკიცებულების გარეშე ადამიანის რწმენა შეიძლება ბრმა იყოს და არა საფუძვლიანი; საფუძვლიანი რწმენის გარეშე კი მარადიული სიცოცხლე ვერ მიიღწევა (იოან. 3:16).
7. იესოს მსგავსად, რაზე უნდა ვიქადაგოთ?
7 იესო თავის მოწაფეებს „ღვთის სამეფოზე ესაუბრებოდა“. მან აუხსნა მათ მესიაზე ნაწინასწარმეტყველები, რომ ის უნდა დატანჯულიყო და მომკვდარიყო (ლუკ. 24:13—32, 46, 47). როცა იესო მოწაფეებს მესიის როლზე ელაპარაკებოდა, ღვთის სამეფოს აცნობდა მათ, რადგან სწორედ ამ სამეფოს დანიშნული მეფე იყო. ეს იყო იესოს ქადაგების ძირითადი თემა. მისი მიმდევრები დღესაც ღვთის სამეფოზე ქადაგებენ (მათ. 24:14; ლუკ. 4:43).
„დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქმეები 1:6—12)
8, 9. ა) რა ორი რამ ესმოდათ არასწორად მოციქულებს? ბ) როგორ დაანახვა იესომ მათ სინამდვილე და რაში გვეხმარება ჩვენ ამის ცოდნა?
8 როცა ზეცად ამაღლებამდე მოციქულებმა ზეთისხილის მთაზე იესო უკანასკნელად ნახეს, ჰკითხეს: „უფალო, ახლა ხომ არ აპირებ ისრაელისთვის სამეფოს აღდგენას?“ (საქ. 1:6). ამ კითხვიდან ჩანს, რომ მოციქულებს ორი რამ ესმოდათ არასწორად. პირველი, მათ ეგონათ, რომ იესო ისრაელებს აღუდგენდა ღვთის სამეფოს, და მეორე, ისინი ფიქრობდნენ, რომ სამეფო მაშინვე დაიწყებდა მმართველობას. როგორ დაანახვა იესომ მათ სინამდვილე?
9 როგორც ჩანს, იესომ იცოდა, რომ პირველ საკითხს მათთვის მალე მოეფინებოდა ნათელი და, სულ რაღაც, ათი დღის შემდეგ მათ თვალწინ ჩამოყალიბდებოდა ახალი ერი, სულიერი ისრაელი; და არც ისე დიდი ხნის შემდეგ, ღმერთი ერთ დროს თავის რჩეულ ერს ზურგს აქცევდა. რაც შეეხება მეორე საკითხს, იესომ ასეთი რამ უთხრა მოწაფეებს: „არ არის საჭირო, იცოდეთ დროები და ვადები, რომლებსაც მამა განაგებს“ (საქ. 1:7). იეჰოვა დროის უდიდესი განმგებელია. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ თქვა, რომ აღსასრულის „დღე და საათი“ მამის გარდა არავინ იცოდა, ძემაც კი (მათ. 24:36). დღეს თუ ქრისტიანი გადამეტებულად წუხს იმაზე, როდის მოვა ამ ქვეყნიერების აღსასრული, ამით იმაზე ფიქრობს, რაც „არ არის საჭირო“.
10. მოციქულების მსგავსად, რა დამოკიდებულება უნდა გვქონდეს და რატომ?
10 მოციქულების არასწორი შეხედულებები არ გვაძლევს უფლებას, ნაკლები პატივისცემით განვეწყოთ მათ მიმართ; მათ ხომ უდიდესი რწმენა ჰქონდათ! ისინი თავმდაბლად იღებდნენ რჩევას. დასმული შეკითხვა არა მხოლოდ მოციქულების არასწორი აზროვნების მაჩვენებელი იყო, არამედ სხვა რამესაც ცხადყოფდა. იესოს თავისი მიმდევრებისთვის არაერთხელ უთქვამს: „იფხიზლეთ“ (მათ. 24:42; 25:13; 26:41). ჰოდა, ისინიც ფხიზლობდნენ სულიერი გაგებით და ყურადღებით აკვირდებოდნენ იმის დამადასტურებელ მოვლენებს, რომ იეჰოვა მალე იმოქმედებდა. ჩვენც ასეთი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს, მით უმეტეს მაშინ, როცა ბოლო დღეებში ვცხოვრობთ (2 ტიმ. 3:1—5).
11, 12. ა) რა დავალება მისცა იესომ თავის მიმდევრებს? ბ) რატომ დაჰპირდა იესო მოციქულებს, რომ წმინდა სულს დაახმარდა?
11 იესომ მოციქულებს შეახსენა, რა უნდა ყოფილიყო მათი მთავარი საფიქრალი: „როცა თქვენზე წმინდა სული გადმოვა, ძალას მიიღებთ და იქნებით ჩემი მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეაში, სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8). იერუსალიმში, სადაც იესო მოკლეს, პირველები გაიგებდნენ იესოს მკვდრეთით აღდგომის ამბავს; და ამის მერე გავრცელდებოდა ის მთელ იუდეაში, სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე.
12 სანამ ქადაგებას დაავალებდა, იესო კიდევ ერთხელ დაჰპირდა მოციქულებს, რომ წმინდა სულს დაახმარებდა. წიგნ „საქმეებში“ დაახლოებით 40-ჯერ არის ნახსენები „წმინდა სული“. მოვლენებით დატვირთული „მოციქულთა საქმეები“ ნათლად აჩვენებს, რომ წმინდა სულის დახმარების გარეშე იეჰოვას ნებას ვერ შევასრულებთ. ასე რომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ლოცვისას ხშირად ვითხოვოთ ის (ლუკ. 11:13). დღეს, ისე როგორც არასდროს, მისი დახმარება გვჭირდება.
13. რამდენად მასშტაბური დავალება აქვს დღეს ღვთის ხალხს და რატომ უნდა შევასრულოთ ის მონდომებით?
13 პირველ საუკუნესთან შედარებით დედამიწის დღევანდელი „კიდეები“ გაცილებით ფართოა; თუმცა, როგორც წინა თავიდან გავიგეთ, იეჰოვას მოწმეები მთელი გულით ასრულებენ თავიანთ დავალებას და ესმით, რომ ღმერთს სურს, ყველანაირმა ადამიანმა გაიგოს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა (1 ტიმ. 2:3, 4). აქტიურად ხართ ჩაბმული ამ საქმეში? ამგვარ სიამოვნებას სხვა ვერც ერთი საქმე ვერ მოგანიჭებთ! იეჰოვა მოგცემთ საჭირო ძალას. წიგნი „საქმეები“ დაგანახვებთ, რა მეთოდები უნდა გამოიყენოთ და რა განწყობა უნდა გქონდეთ, რათა მეტად ჩაებათ სამქადაგებლო საქმეში.
14, 15. ა) რა თქვეს ანგელოზებმა ქრისტეს მოსვლის შესახებ და რა იგულისხმეს? (იხილეთ სქოლიო). ბ) რით ჰგავდა ქრისტეს მოსვლა მის ზეცად ამაღლებას?
14 ამ თავის დასაწყისში აღვნიშნეთ, რომ იესო ამაღლდა და გაუჩინარდა, თუმცა 11 მოციქულს თვალი არ მოუცილებია ზეცისთვის. მაშინ მათ ორი ანგელოზი გამოეცხადა და რბილად უსაყვედურა: „გალილეელებო, რას დგახართ და რას შეჰყურებთ ცას? იესო, რომელიც ზეცად ამაღლდა, ისევე მოვა, როგორც ცაში ამავალი იხილეთ“ (საქ. 1:11). გულისხმობდნენ ანგელოზები იმას, რომ იესო იმავე სხეულში მოვიდოდა? მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რელიგიას იესოს მოსვლა სწორედ ასე წარმოუდგენია, ანგელოზებს ეს არ ჰქონიათ მხედველობაში. რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს?
15 ანგელოზებმა თქვეს: „[იესო] ისევე მოვა, როგორც ცაში ამავალი იხილეთ“.b მათ ის არ უთქვამთ, თუ მოსვლისას იესო როგორი იქნებოდა. როგორ ამაღლდა ის? როცა ანგელოზებმა მოციქულებს მიმართეს, იესო უკვე აღარ ჩანდა. მხოლოდ მოციქულებმა დაინახეს, როგორ მოსწყდა ის მიწას და როგორ ამაღლდა ზეცად. ასეთივე იქნებოდა მისი მოსვლაც. იესოს მეფობას დღეს მხოლოდ ის ადამიანები „ხედავენ“, რომლებსაც სულიერი ხედვა აქვთ (ლუკ. 17:20). ჩვენ უნდა შევძლოთ მისი მოსვლის ნიშნის ამოცნობა და ეს ნიშანი სხვებსაც უნდა დავანახვოთ ისე, რომ გადაუდებლობის გრძნობა გაუჩნდეთ.
„გვიჩვენე, . . რომელი ამოირჩიე“ (საქმეები 1:13—26)
16—18. ა) რას ვიგებთ ქრისტიანული შეხვედრების შესახებ საქმეების 1:13, 14-დან? ბ) რას ვსწავლობთ იესოს დედის, მარიამის მაგალითიდან? გ) რატომ არის დღეს ქრისტიანული შეხვედრები მნიშვნელოვანი?
16 გასაკვირი არ არის, რომ ანგელოზების გამოცხადების შემდეგ მოციქულები „გახარებულნი დაბრუნდნენ იერუსალიმში“ (ლუკ. 24:52). როგორ გაითვალისწინებდნენ ისინი ქრისტეს მითითებებს? საქმეების 1:13, 14-ში ვკითხულობთ, რომ მოციქულები „ზედა ოთახში“ შეიკრიბნენ; ამ მუხლებიდან საინტერესო დეტალებს ვიგებთ მოწაფეების შეხვედრების შესახებ. ჩვეულებრივ, პალესტინაში სახლებს „ზედა ოთახი“ ჰქონდათ, სადაც გარეთა კიბით ადიოდნენ. ზემოხსენებული „ზედა ოთახი“ საქმეების 12:12-ში ნახსენები მარკოზის დედის სახლის „ზედა ოთახი“ იყო? როგორც უნდა ყოფილიყო, ის ჩვეულებრივი ოთახი იყო, ქრისტიანული შეხვედრებისთვის შესაფერისი. ვინ იყვნენ იქ შეკრებილნი და — რისთვის?
17 საყურადღებოა, რომ იქ არა მხოლოდ მოციქულები ან სხვა მამაკაცები იყვნენ, არამედ „რამდენიმე ქალიც“, მათ შორის იესოს დედა, მარიამი. ამის შემდეგ ბიბლია აღარაფერს ამბობს მარიამზე. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მარიამი ამ შეხვედრაზე თავის გამოსაჩენად კი არ წასულა, არამედ იმიტომ, რომ ღვთისთვის და-ძმებთან ერთად ეცა თაყვანი. ის გულდამშვიდებული იქნებოდა იმის გამო, რომ მისი ოთხივე ვაჟი, რომლებიც იესოს სიკვდილამდე მოწაფეები არ ყოფილან, ახლა გვერდით ედგა (მათ. 13:55; იოან. 7:5). თავიანთი ნახევარძმის სიკვდილისა და აღდგომის შემდეგ მის მიმართ მათი დამოკიდებულება სრულიად შეიცვალა (1 კორ. 15:7).
18 რა მიზნით შეიკრიბნენ მოწაფეები? „საერთო მიზნით გაერთიანებულნი გამუდმებით ლოცულობდნენ“ (საქ. 1:14). ქრისტიანებისთვის ერთად შეკრება თაყვანისმცემლობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ ერთმანეთის გასამხნევებლად, ხელმძღვანელობისა და რჩევების მისაღებად და, რაც მთავარია, ზეციერი მამის, იეჰოვას თაყვანსაცემად ვიკრიბებით. ასეთ შეხვედრებზე წარმოთქმული ლოცვები და შესრულებული ღვთის განმადიდებელი სიმღერები იეჰოვას გულს უხარებს, ჩვენ კი მხნეობას გვმატებს. ამიტომ ნუ მოვიშლით ერთად შეკრებას და ერთმანეთის გამხნევებას! (ებრ. 10:24, 25).
19—21. ა) რას ვსწავლობთ პეტრეს მაგალითიდან? ბ) რატომ უნდა დაეკავებინა იუდას ადგილი ვინმე სხვას? გ) როგორ გაკეთდა არჩევანი და რას გვასწავლის ეს ჩვენ?
19 ქრისტეს მიმდევრებისთვის მიცემული დავალების ორგანიზებულად შესასრულებლად საჭირო იყო ხელმძღვანელობა, ამიტომ მოციქულმა პეტრემ ინიციატივა აიღო და ძმებს გარკვეული გეგმა შესთავაზა (მუხლები 15—26). რა სასიხარულოა, რომ თავისი უფლის სამჯერ უარყოფის შემდეგ, სულ რამდენიმე კვირაში პეტრე ასე ძირეულად შეიცვალა! (მარ. 14:72). ცოდვა განურჩევლად ყველა ჩვენგანზე ახდენს გავლენას, ამიტომ თითოეულს გვჭირდება იმაში დარწმუნება, რომ კარგია იეჰოვა და მზად არის პატიებისთვის, როცა გულწრფელად ვინანიებთ (ფსალმ. 86:5).
20 პეტრე მიხვდა, რომ იესოს გამცემი იუდას ადგილი ვინმე სხვას უნდა დაეკავებინა. ახალი მოციქული იესოს მსახურების დასაწყისიდანვე მისი მიმდევარი, მოგვიანებით კი მისი აღდგომის მოწმე უნდა ყოფილიყო (საქ. 1:21, 22). პეტრეს სიტყვების არსი არ შეწინააღმდეგებია იესოს სიტყვებს: „თქვენც, ვინც მე გამომყევით, 12 ტახტზე დასხდებით და ისრაელის 12 ტომს გაასამართლებთ“ (მათ. 19:28). როგორც ჩანს, იეჰოვას ნებით იესოს მიმდევართა შორის ამორჩეული თორმეტი მოციქული ახალი იერუსალიმის „საძირკვლად [დადებული] 12 ქვა“ უნდა ყოფილიყო (გამოცხ. 21:2, 14). ღვთის წყალობით პეტრე მიხვდა, რომ იუდაზე შესრულდა წინასწარმეტყველება: „მის ნაცვლად სხვა გახდეს ზედამხედველი“ (ფსალმ. 109:8).
21 როგორ აირჩიეს ახალი მოციქული? მოციქული კენჭისყრით აირჩიეს, ბიბლიურ დროში მიღებული მეთოდით (იგავ. 16:33). ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ამის შემდეგ ქრისტიანებს კენჭისყრისთვის აღარასდროს მიუმართავთ. როგორც ჩანს, წმინდა სულის გადმოსვლის შემდეგ კენჭისყრის აუცილებლობა აღარ შექმნილა. საინტერესოა, რატომ ჰყარეს წილი. მოციქულებმა ილოცეს: „იეჰოვა, გულთამხილავო, შენ გვიჩვენე, ამ ორიდან რომელი ამოირჩიე“ (საქ. 1:23, 24). მათ უნდოდათ, იეჰოვას გაეკეთებინა არჩევანი. არჩევანი მატთიაზე შეჩერდა, შესაძლოა მსახურებაში იესოს გაგზავნილ 70 მოწაფეთაგან ერთ-ერთზე. ამგვარად გახდა მატთია ერთ-ერთი თორმეტთაგანიc (საქ. 6:2).
22, 23. რატომ უნდა დავემორჩილოთ და გავუგონოთ მათ, ვისაც კრებაში ხელმძღვანელობა აკისრია?
22 ეს შემთხვევა გვიჩვენებს, რომ ღვთის ხალხს შორის აუცილებელია ორგანიზებულობა. კრების ზედამხედველებად დღესაც სანდო მამაკაცებს ირჩევენ. გადაწყვეტილების მიღებამდე უხუცესები საგულდაგულოდ განიხილავენ ბიბლიაში ზედამხედველებისთვის მოცემულ მოთხოვნებს და ლოცვით წმინდა სულის ხელმძღვანელობას ითხოვენ. ასეთები კრების თვალში წმინდა სულით დანიშნულები არიან. თუ დავემორჩილებით და გავუგონებთ მათ, კრებაში და-ძმების მსახურება ურთიერთშეწყობილი იქნება (ებრ. 13:17).
23 მკვდრეთით აღმდგარი იესოს გამოცხადებების შემდეგ გამხნევებულები და ორგანიზებულები მზად იყვნენ იმასთან შესახვედრად, რაც წინ ელოდათ. შემდეგ თავში განვიხილავთ, რა მნიშვნელოვან მოვლენას ვგულისხმობთ.
a ლუკა თავის სახარებაში თეოფილეს ასე მიმართავს: „ღრმად პატივცემულო თეოფილე“. ზოგის აზრით ლუკამ მიმართვის ასეთი ფორმა იმიტომ გამოიყენა, რომ თეოფილე ცნობილი ადამიანი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ არაქრისტიანი (ლუკ. 1:3); „საქმეებში“ კი ლუკა მას მხოლოდ სახელით მიმართავს. ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ თეოფილე ლუკას სახარების წაკითხვის შემდეგ მორწმუნე გახდა, და ამიტომაც აღარ ყოფილა მისი მიმართვა ოფიციალური; ლუკა უკვე სულიერ ძმას სწერდა.
b ამ მუხლში გამოყენებულია ბერძნული სიტყვა „ტროპოს“, რაც ხერხს, საშუალებას ნიშნავს და არა „მორფე“, რაც გარეგნულ სახეს ნიშნავს.
c თორმეტ მოციქულთა შორის არ მოიხსენიებოდა პავლე, რომელიც მოგვიანებით გახდა „უცხოტომელთა მოციქული“ (რომ. 11:13; 1 კორ. 15:4—8). იესოს დედამიწაზე მსახურებისას ის არ ყოფილა მისი მიმდევარი, რის გამოც ვერ მიიღებდა ამ განსაკუთრებულ პატივს.