ლოცვა
7 ისმენს და პასუხობს ღმერთი?
ამ კითხვაზე პასუხი მრავალ ადამიანს აინტერესებს. ბიბლიაში წერია, რომ იეჰოვა ღმერთი დღესაც ისმენს ლოცვებს. მაგრამ მოისმენს თუ არა ღმერთი ჩვენს ლოცვებს, ძირითადად ჩვენზეა დამოკიდებული.
იესომ გაკიცხა მის დროს მცხოვრები რელიგიური წინამძღოლები, რომლებიც თვალთმაქცურად ლოცულობდნენ. მათთვის მთავარი ის იყო, რომ სხვების თვალში გამოჩენილიყვნენ ღვთისმოსავები. იესომ თქვა, რომ ასეთებმა „სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური“. ეს იმას ნიშნავდა, რომ მათ მიიღეს მხოლოდ ის, რაც ყველაზე მეტად უნდოდათ, ანუ ადამიანებისგან ყურადღება და არა ის, რაც ყველაზე მთავარი იყო — მათი ლოცვები ღმერთმა არ შეისმინა (მათე 6:5). მსგავსად, დღესაც ბევრი არ ითვალისწინებს ღვთის ნებას და ისე ლოცულობს, როგორც თავად სურს. ღმერთი არ ისმენს მათ ლოცვებს, ვინც ზემოთ განხილულ ბიბლიურ პრინციპებს უგულებელყოფს.
რა შეიძლება ითქვას თქვენზე? მოისმენს ღმერთი თქვენს ლოცვებს და გიპასუხებთ? ეს არ არის დამოკიდებული თქვენს რასაზე, ეროვნებასა თუ სოციალურ მდგომარეობაზე. ბიბლია გვარწმუნებს: „ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მქმნელი მოსაწონია მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). შეიძლება ეს სიტყვები თქვენზეც ითქვას? ღვთისმოშიშება ნიშნავს იმას, რომ ღრმა პატივს ვცემდეთ ღმერთს და გვეშინოდეს, არ ვაწყენინოთ მას. სიმართლის ქმნა კი იმის კეთებას ნიშნავს, რასაც ღმერთი თვლის სიმართლედ და არა იმის კეთებას, რასაც ადამიანები თვლიან სწორად. გინდათ, რომ ღმერთმა შეისმინოს თქვენი ლოცვები? ბიბლიიდან ვიგებთ, როგორ უნდა ვილოცოთ, რომ ღმერთმა შეისმინოს ჩვენი ლოცვები.a
ბევრს უნდა, რომ ღმერთმა ლოცვაზე სასწაულებრივად უპასუხოს. ბიბლიურ დროშიც კი ღმერთი იშვიათად ახდენდა სასწაულებს. ზოგჯერ საუკუნეები გადიოდა ერთი სასწაულიდან მეორე სასწაულამდე. გარდა ამისა, ბიბლიიდან ვიგებთ, რომ მოციქულების სიკვდილის შემდეგ სასწაულების დრო დამთავრდებოდა (1 კორინთელები 13:8—10). ნიშნავს ეს იმას, რომ დღეს ღმერთი აღარ პასუხობს ჩვენს ლოცვებს? რა თქმა უნდა, არა. განვიხილოთ, როგორ პასუხობს ღმერთი ლოცვებს.
ღმერთი გვაძლევს სიბრძნეს. იეჰოვა ღმერთი ჭეშმარიტი სიბრძნის წყაროა. ის არ უკავებს სიბრძნეს მათ, ვინც სთხოვს და მიჰყვება მის ხელმძღვანელობას (იაკობი 1:5).
ღმერთი გვაძლევს თავის წმინდა სულს. წმინდა სული ღვთის მოქმედი ძალაა. სამყაროში მასზე ძლიერი ძალა არ არსებობს. ეს ძალა გვეხმარება პრობლემების დროს. ის გასაჭირის დროსაც გვაძლევს შინაგან სიმშვიდეს. წმინდა სული შესანიშნავი თვისებების განვითარებაში გვეხმარება (გალატელები 5:22, 23). იესომ თავისი მიმდევრები დაარწმუნა, რომ ღმერთი გულუხვად აძლევს ამ ძალას თავის მსახურებს (ლუკა 11:13).
ღმერთი აძლევს ცოდნას მათ, ვინც გულწრფელად ეძებს მას. (საქმეები 17:26, 27). არსებობენ ადამიანები, რომლებიც გულწრფელად ეძებენ ჭეშმარიტებას. მათ ღვთის უკეთ გაცნობა სურთ ანუ უნდათ გაიგონ მისი სახელი, მისი განზრახვა ადამიანებთან და დედამიწასთან დაკავშირებით და ის, თუ როგორ შეიძლება მასთან დაახლოება (იაკობი 4:8). იეჰოვას მოწმეები ხშირად ხვდებიან ასეთ ხალხს და ბიბლიის მეშვეობით სიამოვნებით ესაუბრებიან ამ საკითხებზე.
განა თქვენც ამიტომ არ კითხულობთ ამ ჟურნალს?! გინდათ გაიცნოთ ღმერთი? იქნებ სწორედ ასე პასუხობს ღმერთი თქვენს ლოცვას?!
[სქოლიო]
a ლოცვასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის, იხილეთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“, თავი 17. გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.