დაიცავით ცოცხალი ღმერთის მითითებები
„მოიქცეთ ცოცხალი ღვთისაკენ, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველი, და რაც მათ წიაღშია“ (საქმეები 14:15).
1, 2. რატომ არის მართებული, ვაღიაროთ, რომ იეჰოვა ‘ცოცხალი ღმერთია’?
პავლე მოციქულმა და ბარნაბამ ერთი კაცი განკურნეს, რის შემდეგაც პავლემ იქ თავმოყრილ ლისტრელებს უთხრა: „ჩვენც თქვენი მსგავსი ადამიანები ვართ და გახარებთ, რომ ამ ამაოებისაგან მოიქცეთ ცოცხალი ღვთისაკენ, რომელმაც შექმნა ცა და მიწა, ზღვა და ყოველი, და რაც მათ წიაღშია“ (საქმეები 14:15).
2 მართლაც, იეჰოვა ‘ცოცხალი ღმერთია’ და არა უსიცოცხლო კერპი (იერემია 10:10; 1 თესალონიკელთა 1:9, 10). გარდა იმისა, რომ თავად არის ცოცხალი, ის არის ჩვენთვის სიცოცხლის მომცემიც. „თავად ანიჭებს ყველას სიცოცხლეს, სუნთქვას და ყოველივეს“, — ნათქვამია ბიბლიაში (საქმეები 17:25). ღმერთს სურს, რომ გავიხაროთ სიცოცხლით როგორც ახლა, ისე მომავალში. პავლემ განაგრძო საუბარი და აღნიშნა, რომ ღმერთი „ყოველთვის მოწმობდა თავის თავზე, ზეციდან გვაძლევდა წვიმას და ნაყოფის მომცემ დროებს, საზრდოთი და სიხარულით გვივსებდა გულებს“ (საქმეები 14:17).
3. რატომ შეგვიძლია მივენდოთ ღვთის ხელმძღვანელობას?
3 ღმერთი დაინტერესებულია ჩვენი ცხოვრებით, რაც იმის საფუძველს გვაძლევს, რომ მივენდოთ მის ხელმძღვანელობას (ფსალმუნები 146:8; მათე 5:45). ზოგი ამგვარად არ იქცევა, როდესაც ამა თუ იმ ბიბლიურ მითითებას ვერ იგებს ან ეს მითითება ძალიან მკაცრი ეჩვენება. გამოცდილება კი აჩვენებს, რომ იეჰოვას ხელმძღვანელობის მიყოლა ყოველთვის გონივრულია. მაგალითად, მაშინაც კი, როდესაც ისრაელებს არ ესმოდათ კანონი, რომლითაც გვამთან შეხება ეკრძალებოდათ, მათთვის სასარგებლო იყო ამ მოთხოვნის დაცვა. პირველ რიგში იმის გამო, რომ მორჩილების გამოვლენით ცოცხალ ღმერთს დაუახლოვდებოდნენ; და მეორეც — ამგვარად მოქმედებით დაავადებებს აირიდებდნენ (ლევიანები 5:2; 11:24).
4, 5. ა) რა მითითება მისცა ღმერთმა ადამიანებს სისხლთან დაკავშირებით ქრისტიანულ ეპოქამდე? ბ) საიდან ვიცით, რომ სისხლის შესახებ მითითება ქრისტიანებსაც ეხებათ?
4 იმავეს თქმა შეიძლება სისხლთან დაკავშირებით ღვთის ხელმძღვანელობის შესახებაც. ღმერთმა ნოეს უთხრა, რომ ადამიანებს არ უნდა ეჭამათ ან დაელიათ სისხლი; შემდეგ რჯულით დაანახვა, რომ სისხლის გამოყენება მხოლოდ სამსხვერპლოზე — ცოდვების მისატევებლად — იყო მართებული. რჯულში მოცემული მითითებებით ღმერთმა საფუძველი მოამზადა იმისათვის, რომ სისხლი გამოყენებული ყოფილიყო საუკეთესო მიზნისთვის — იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საშუალებით მრავალთა სიცოცხლის გადასარჩენად (ებრაელთა 9:14). ასე რომ, ღვთის ხელმძღვანელობა ჩვენს სიცოცხლეზე ზრუნვასა და ჩვენს კეთილდღეობას ემსახურებოდა. დაბადების 9:4-თან დაკავშირებით XIX საუკუნის ბიბლეისტი ადამ კლარკი წერდა: „[ნოესთვის მიცემულ] მითითებას აღმოსავლური ქრისტიანობის მიმდევრები დღემდე სკრუპულოზურად ასრულებენ . . . რჯულის თანახმად იკრძალებოდა სისხლის ჭამა, ვინაიდან იგი მიმანიშნებელი იყო სისხლზე, რომელიც მსოფლიოს ცოდვებისთვის უნდა დაღვრილიყო; ასევე სახარების თანახმადაც, სისხლი არ უნდა ეჭამათ, რადგან ის ყოველთვის უნდა ყოფილიყო იმ სისხლის შემხსენებელი, რომელიც ცოდვების გამოსასყიდად დაიღვარა“.
5 ამ ბიბლეისტს შეიძლება მხედველობაში ჰქონდა სახარება, რომელშიც ყურადღება იესოზე მახვილდება. მასში საუბარია იმაზე, რომ ღმერთმა საკუთარი ძე გამოგზავნა დედამიწაზე, რათა ის ჩვენთვის მომკვდარიყო — დაეღვარა სისხლი, რისი საშუალებითაც მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა გვექნებოდა (მათე 20:28; იოანე 3:16; რომაელთა 5:8, 9). კლარკის ნაშრომში მოხსენიებული იყო ქრისტეს მიმდევრებისთვის სისხლისგან თავის შეკავების შესახებ მოგვიანებით მიცემული მითითებაც.
6. რა მითითებები მიეცათ ქრისტიანებს სისხლთან დაკავშირებით და რატომ?
6 თქვენთვის ცნობილია, რომ ღმერთმა ისრაელებს ასობით კანონი მისცა. იესოს სიკვდილის შემდეგ მის მოწაფეებს არ მოეთხოვებოდათ კანონთა ამ კრებულის დაცვა (რომაელთა 7:4, 6; კოლასელთა 2:13, 14, 17; ებრაელთა 8:6, 13). მაგრამ დროთა განმავლობაში წამოიჭრა კითხვა ერთ ძირითად ვალდებულებასთან — მამაკაცების წინადაცვეთასთან — დაკავშირებით. უნდა წინადაცვეთილიყვნენ თუ არა არაიუდეველები, რომლებსაც ქრისტეს მიერ დაღვრილი სისხლით სარგებლობის სურვილი ჰქონდათ? ამით ხომ იმას ცხადყოფდნენ, რომ ჯერ კიდევ რჯული უნდა დაეცვათ? ახ. წ. 49 წელს ქრისტიანების ხელმძღვანელმა საბჭომ განიხილა ეს საკითხი (საქმეები, თავი მე-15). ღვთის სულიწმიდის დახმარებით მოციქულებმა და უხუცესებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სავალდებულო წინადაცვეთა რჯულთან ერთად გაუქმდა. მიუხედავად ამისა, გარკვეული მოთხოვნების შესრულება ქრისტიანებისთვის კვლავაც სავალდებულო იყო. კრებებისთვის გაგზავნილ წერილში ხელმძღვანელი საბჭო წერდა: „მართებულად მიიჩნია სულიწმიდამ და ჩვენც, რომ არავითარი ზედმეტი ტვირთი არ დაგაკისროთ, გარდა იმისა, რაც აუცილებელია. თავი შეიკავეთ ნაკერპავთაგან და სისხლისაგან, დამღრჩვალისა და სიძვისაგან. თუ ამისგან დაიცავთ თავს, კარგს იზამთ“ (საქმეები 15:28, 29).
7. რამდენად მნიშვნელოვანია ქრისტიანებისთვის ‘სისხლისგან თავის შეკავება’?
7 როგორც ვხედავთ, ხელმძღვანელი საბჭო ‘სისხლისგან თავშეკავებას’ ზნეობრივად ისევე მნიშვნელოვნად მიიჩნევდა, როგორც სიძვისაგან ან კერპთაყვანისმცემლობისგან თავის შეკავებას. აქედან გამომდინარე, ქრისტიანები სერიოზულად უნდა მოეკიდონ სისხლის შესახებ აკრძალვას. ქრისტიანი, რომელიც კერპებს სცემს თაყვანს ან უზნეობას სჩადის და არ ინანიებს, ‘ვერ დაიმკვიდრებს ღვთის სასუფეველს’; ‘მისი ხვედრი მეორე სიკვდილია’ (1 კორინთელთა 6:9, 10; გამოცხადება 21:8; 22:15). ყურადღება მიაქციეთ კონტრასტს: სისხლის სიწმინდესთან დაკავშირებით ღვთის ხელმძღვანელობის უგულებელყოფა მარადიულ სიკვდილამდეა მიმყვანი, ხოლო იესოს მიერ გაღებული მსხვერპლისადმი პატივისცემის გამოვლენა — მარადიულ სიცოცხლემდე.
8. რა ცხადყოფს, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანები სერიოზულად ეკიდებოდნენ სისხლის შესახებ ღვთის მითითებას?
8 როგორ გაიგეს პირველი საუკუნის ქრისტიანებმა ღვთის მითითება სისხლთან დაკავშირებით და როგორ ასრულებდნენ მას? გავიხსენოთ კლარკის სიტყვები: „სახარების თანახმადაც, სისხლი არ უნდა ეჭამათ, ვინაიდან ის ყოველთვის უნდა ყოფილიყო იმ სისხლის შემხსენებელი, რომელიც ცოდვების გამოსასყიდად დაიღვარა“. ისტორიული ფაქტები ადასტურებს, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანები ამ საკითხს სერიოზულად უდგებოდნენ. ტერტულიანე წერდა: „შეხედეთ იმ ადამიანებს, რომლებიც არენებზე საშინელი ბოროტმოქმედების სისხლს ხარბად ეწაფებიან . . . და ეპილეფსიის განსაკურნავად იყენებენ“. ის მათ აპირისპირებს ქრისტიანებთან, რომლებიც „იმასაც კი არ უშვებენ, რომ საჭმელში გამოიყენონ ხორცი, საიდანაც სისხლი არ არის გამოშვებული . . . სასამართლოებზე გამოსაცდელად ქრისტიანებს აწვდი ძეხვს, რომლის შემადგენლობაშიც სისხლი შედის. ამ დროს, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ხარ, რომ [ეს] მათთვის კანონით აკრძალულია“. ასე რომ, სიკვდილის საფრთხის მიუხედავად, ქრისტიანები სისხლს არ იყენებდნენ. ღვთის მითითება მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
9. უშუალოდ სისხლის ჭამის გარდა, კიდევ რა შედიოდა სისხლისგან თავის შეკავებაში?
9 ზოგმა შეიძლება იფიქროს, რომ ხელმძღვანელ საბჭოს, უბრალოდ, მხედველობაში ჰქონდა, ქრისტიანებს არ ეჭამათ ან დაელიათ უშუალოდ სისხლი და არც ისეთი ხორცი გამოეყენებინათ საკვებად, რომლიდანაც სისხლი არ იყო გამოშვებული; აგრეთვე არ ეჭამათ ისეთი რამ, რაშიც სისხლი იყო გარეული. ცხადია, ასეც უნდა მოქცეულიყვნენ — მითითებაში, რომელიც ღმერთმა ნოეს მისცა, უპირველესად სწორედ ეს იყო ნათქვამი. ქრისტიანებისთვის გაგზავნილ მოციქულების წერილში აღნიშნული იყო, რომ ‘მორიდებოდნენ დამხრჩვალი’ ცხოველის ხორცის ჭამას, რომლიდანაც სისხლი არ იყო გამოსული (დაბადება 9:3, 4; საქმეები 21:25). მაგრამ პირველი საუკუნის ქრისტიანებისთვის ცნობილი იყო, რომ სისხლთან დაკავშირებული მოთხოვნა მხოლოდ ამით არ ამოიწურებოდა. ზოგჯერ სისხლს სამედიცინო მიზნებისთვის იყენებდნენ. ტერტულიანემ აღნიშნა, რომ ეპილეფსიისგან განსაკურნავად ზოგი არაებრაელი ახალ სისხლს ეწაფებოდა. შესაძლებელია, იმ დროს სისხლს სხვაგვარადაც იყენებდნენ დაავადებათა სამკურნალოდ ან ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად. ამიტომ ქრისტიანებისთვის სისხლის მიუღებლობაში ისიც შედიოდა, რომ არ მიეღოთ იგი როგორც „სამკურნალო“ საშუალება. ამ საკითხთან დაკავშირებით ქრისტიანებს მტკიცე პოზიცია ეჭირათ, მაშინაც კი, თუ მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა.
სისხლის გამოყენება სამკურნალო მიზნით
10. რა სხვადასხვა სახით იყენებენ სისხლს მედიცინაში და რა კითხვას წამოჭრის ეს?
10 დღეს სისხლის სამედიცინო მიზნით გამოყენება ჩვეულებრივი მოვლენაა. ადრე გადასასხმელად იყენებდნენ მთლიან სისხლს, რომელსაც დონორებს უღებდნენ, ინახავნენ და შემდეგ პაციენტებს, მაგალითად დაჭრილ ჯარისკაცებს, უსხამდნენ. დროთა განმავლობაში მეცნიერებმა სისხლი ძირითად კომპონენტებად დაყვეს. სისხლის კომპონენტების გადასხმა ექიმებს საშუალებას აძლევდა, დონორებისგან აღებული სისხლი მეტი პაციენტის სამკურნალოდ გამოეყენებინათ. მაგალითად, პლაზმას ერთ ავადმყოფს გადაუსხამდნენ, წითელ უჯრედებს კი — მეორეს. შემდგომმა კვლევა-ძიებამ ცხადყო, რომ ძირითადი კომპონენტის, მაგალითად პლაზმის, სხვადასხვა ფრაქციად დაყოფაც იყო შესაძლებელი. ეს კი, თავის მხრივ, აღებული სისხლის კიდევ უფრო მეტი პაციენტისთვის დანაწილების საშუალებას იძლეოდა. დღესაც გრძელდება სხვადასხვა ფრაქციის მიღება და ეს ფრაქციები სულ ახალ-ახალ გამოყენებას პოულობს. რა დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს ქრისტიანს სისხლის ფრაქციების გამოყენებაზე? მას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, არასოდეს გადაისხას სისხლი, მაგრამ ექიმი სთავაზობს რომელიმე ძირითადი კომპონენტის, ვთქვათ ერითროციტული მასის გადასხმას, ან მკურნალობაში შედის სისხლის რომელიმე ძირითადი კომპონენტიდან მიღებული ფრაქციის გამოყენება. როგორ უნდა გადაჭრას მსგავსი პრობლემა ღვთის მსახურმა და ამ დროს არ დაავიწყდეს, რომ სისხლი წმინდაა და მხოლოდ ქრისტეს სისხლს შეუძლია სიცოცხლის ხსნა?
11. მედიცინის თვალსაზრისით, რა სწორი დამოკიდებულება აქვთ უკვე წლების განმავლობაში იეჰოვას მოწმეებს სისხლთან დაკავშირებით?
11 ათწლეულების წინათ იეჰოვას მოწმეებმა ნათლად გამოხატეს თავიანთი პოზიცია. მაგალითად, მათ დაწერეს სტატია „ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალისთვის“ (1981 წლის 27 ნოემბერი; ეს სტატია შემდეგ დაიბეჭდა ბროშურაშიც „როგორ შეუძლია სისხლს შენი სიცოცხლის ხსნა?“, გვერდები 27—29 [რუს.])a. სტატიაში მოყვანილი იყო მუხლები დაბადებიდან, ლევიანებიდან და საქმეებიდან. „ამ მუხლებში სამედიცინო ტერმინები არ არის გამოყენებული, მაგრამ მოწმეები მათში ხედავენ მითითებებს, რომელთა თანახმადაც აკრძალულია მთლიანი სისხლის, ერითროციტული მასის, პლაზმის, ლეიკოციტური და თორომბოციტული მასის გადასხმა“, — ნათქვამი იყო სტატიაში. 2001 წელს გამოცემულ სახელმძღვანელოში „სასწრაფო დახმარება“, ნაწილში „სისხლის შედგენილობა“ აღინიშნებოდა: „სისხლი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება: პლაზმა, ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები“. ამგვარად, სამედიცინო მონაცემების შესაბამისად, მოწმეები არ ისხამენ როგორც მთლიან სისხლს, ისე მის ოთხ ძირითად კომპონენტთაგან რომელიმეს.
12. ა) როგორ იყო წარმოდგენილი სისხლის ძირითადი კომპონენტებიდან მიღებულ ფრაქციებთან დაკავშირებით მოწმეთა პოზიცია? ბ) სად შეიძლება ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის ნახვა?
12 ხსენებულ სტატიაში შემდეგ ნათქვამი იყო: „მოწმეების რელიგიის თანახმად, მკაცრად არ არის აკრძალული ისეთი [ფრაქციების] გამოყენება, როგორიცაა ალბუმინი, იმუნოგლობულინი და ჰემოფილიით დაავადებულთათვის განკუთვნილი სამკურნალო პრეპარატები; თითოეულმა მოწმემ პირადად უნდა გადაწყვიტოს, მიიღოს ისინი თუ არა“. 1981 წლის შემდეგ მრავალი ფრაქცია (ოთხი მთავარი კომპონენტიდან მიღებული ნივთიერებები) იქნა გამოყოფილი. შესაბამისად, 2000 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკის“ რუბრიკაში „მკითხველთა შეკითხვები“ ამ საკითხთან დაკავშირებით დაიბეჭდა სასარგებლო ინფორმაცია. მილიონობით მკითხველთათვის ეს სტატია ხელახლა დაიბეჭდა ამ ნომერში 29—31-ე გვერდებზე. მასში მოცემულია დაწვრილებითი ინფორმაცია და ლოგიკური მსჯელობა, მაგრამ შენიშნავთ, რომ იქ მოყვანილი ინფორმაცია შეესაბამება 1981 წელს გამოქვეყნებული მასალის ძირითად აზრებს.
თქვენი სინდისის როლი
13, 14. ა) რა არის სინდისი და სისხლთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში რა როლს ასრულებს ის? ბ) რა მითითება მისცა ღმერთმა ისრაელებს ხორცის ჭამასთან დაკავშირებით და რა კითხვები შეიძლება ისრაელებს დაჰბადებოდათ?
13 მსგავსი ინფორმაციის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას წინა პლანზე იწევს ქრისტიანის სინდისი. რატომ? ყველა ქრისტიანი იმ აზრისაა, რომ უნდა მიჰყვეს ღვთის მითითებას, მაგრამ ზოგჯერ აუცილებელია პირადი გადაწყვეტილების მიღება და ამ დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება სინდისს. სინდისი არის თანდაყოლილი უნარი, რაც ადამიანს საშუალებას აძლევს, აწონ-დაწონოს მდგომარეობა და მიიღოს გადაწყვეტილება, რომელიც ხშირად ზნეობრივ საკითხებთან არის დაკავშირებული (რომაელთა 2:14, 15). თქვენთვის ცნობილია, რომ სხვადასხვა ადამიანს განსხვავებული სინდისი აქვსb. ბიბლიაში მოხსენიებულია, რომ ზოგს აქვს „უძლური სინდისი“, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სხვებს ძლიერი სინდისი აქვთ (1 კორინთელთა 8:12). ქრისტიანები სხვადასხვა ტემპით მიიწევენ წინ სულიერად და, შესაბამისად, ზოგს მეტად ესმის და ზოგს — ნაკლებად, თუ რა არის ღვთის ნება; სხვადასხვაგვარად სწვდებიან ღვთის აზროვნებას და ეს მათ გადაწყვეტილებებზე ირეკლება. ამის თვალსაჩინოდ დანახვა შეგვიძლია ებრაელების მიერ ხორცის ჭამისადმი დამოკიდებულებიდან.
14 ბიბლია ნათლად გვეუბნება, რომ ღვთისადმი მორჩილმა ადამიანმა არ უნდა ჭამოს ხორცი, რომლიდანაც სისხლი არ არის გამოსული. ეს იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ საგანგებო მდგომარეობაში ყოფნის დროსაც კი ისრაელებს სერიოზულ ცოდვად ჩაეთვალათ სისხლგამოუშვები ხორცის ჭამა (მეორე რჯული 12:15, 16; 1 მეფეთა 14:31—35). და მაინც, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იბადება კითხვები: ცხვრის დაკვლის შემთხვევაში, რამდენ ხანს უნდა გამოეშვათ ისრაელებს ცხოველისგან სისხლი? სისხლის გამოსაშვებად აუცილებლად ყელი უნდა გამოეჭრათ ცხოველისთვის? აუცილებელი იყო, უკანა ფეხებით დაეკიდათ დაკლული ცხოველი? რამდენ ხანს უნდა დაეკიდათ იგი? როგორ უნდა მოქცეულიყვნენ იმ შემთხვევაში, როდესაც დიდ ძროხას დაკლავდნენ? სისხლის გამოშვების შემთხვევაშიც კი მისი გარკვეული რაოდენობა მაინც შეიძლებოდა ხორცში დარჩენილიყო. შეეძლოთ თუ არა ისრაელებს ასეთი ხორცის ჭამა? ვინ გადაუწყვეტდა ამას მათ?
15. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ზოგ ებრაელს ხორცის ჭამასთან დაკავშირებით, მაგრამ რა მითითება ჰქონდა ღმერთს მიცემული?
15 წარმოიდგინეთ, რომ მსგავსი კითხვები დაებადა რომელიმე გულმოდგინე ებრაელს. მას შეიძლება ეფიქრა, რომ ყველაზე კარგი იქნებოდა, არ ეყიდა ხორცი ბაზარში; მაგრამ მეორე ებრაელს არ ეჭამა იქ ნაყიდი ხორცი იმ შემთხვევაში, თუ იმის საშიშროებას დაინახავდა, რომ ხორცი კერპშესაწირი შეიძლება ყოფილიყო. სხვა ებრაელს კი შეიძლება ხორცი მხოლოდ იმ შემთხვევაში ეჭამა, თუ მის თვალწინ იქნებოდა სისხლი გამოშვებულიc (მათე 23:23, 24). პირადად თქვენ რას ფიქრობთ ასეთ სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებაზე? საუკეთესო გამოსავალი ის ხომ არ იქნებოდა, რომ ისეთ შემთხვევებში, როდესაც ღვთის კონკრეტული მოთხოვნები არ არსებობდა, ებრაელებს მრავალი კითხვა გაეგზავნათ რაბინებისთვის და მათგან თითოეული შემთხვევისთვის კონკრეტული მითითება მიეღოთ? ასეთი ჩვეულება იუდაიზმში დამკვიდრდა. მაგრამ მოხარულნი ვართ იმით, რომ იეჰოვა არ მოითხოვს თავისი თაყვანისმცემლებისგან სისხლთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას ამგვარად მოქმედებას. ღმერთმა ადამიანებს წმინდა ცხოველების დაკვლასა და მათგან სისხლის გამოშვებასთან დაკავშირებით მისცა ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპები, მაგრამ ყველა წვრილმანთან დაკავშირებული მითითებები არ მიუცია (იოანე 8:32).
16. რატომ შეიძლება ქრისტიანებს სხვადასხვაგვარი შეხედულება ჰქონდეთ სისხლის კომპონენტებიდან მიღებული ფრაქციების ინიექციების გაკეთებაზე?
16 როგორც მე-11 და მე-12 აბზაცში იყო აღნიშნული, იეჰოვას მოწმეები არ ისხამენ მთლიან სისხლს ან მის ძირითად კომპონენტებს — პლაზმას, ერითროციტებს, ლეიკოციტებსა და თრომბოციტებს. რა შეიძლება ითქვას ძირითადი კომპონენტებიდან მიღებული ისეთი ფრაქციების შესახებ, როგორიცაა, მაგალითად, შრატები, რომლებიც სხვადასხვა დაავადების ან გველის ნაკბენის საწინააღმდეგოდ მოქმედ ანტისხეულებს შეიცავს? (იხილეთ 31-ე გვერდზე მოცემული ჩარჩო, აბზაცი 4). ზოგმა შეიძლება დაასკვნას, რომ ასეთი ფრაქციები, ფაქტობრივად, სისხლი აღარ არის და ამიტომ მათი მიღებით არ დაირღვეოდა მითითება ‘თავი შეიკავეთ სისხლისგან’ (საქმეები 15:29; 21:25; გვერდი 31, აბზაცი 1). ასეთ გადაწყვეტილებამდე მიდის ზოგი და თავის მოქმედებაზე პასუხისმგებლობასაც საკუთარ თავზე იღებს. სხვებს კი სინდისი კარნახობს, არ მიიღონ არაფერი, რაც სისხლისგან (იქნება ეს ცხოველის თუ ადამიანის) არის დამზადებული, თუნდაც ეს მხოლოდ ერთი ძირითადი კომპონენტის ფრაქცია იყოსd. ზოგი შეიძლება წინააღმდეგი არ არის რომელიმე დაავადების ან გველის ნაკბენის საწინააღმდეგოდ პლაზმის ცილების ინიექციების გაკეთებაზე, მაგრამ უარს ამბობს სხვა ფრაქციების მიღებაზე. გარდა ამისა, ოთხი ძირითადი კომპონენტისგან მიღებული ზოგი პროდუქტი შეიძლება იმდენად ახლოს იყოს მთლიანი კომპონენტის ფუნქციასთან და ორგანიზმისთვის ისეთივე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყოს, როგორც ეს კომპონენტი, რომ ქრისტიანთა უმეტესობა მათ საკუთარი მკურნალობისთვის მიუღებლად მიიჩნევს.
17. ა) როგორ შეიძლება სინდისი დაგვეხმაროს, როდესაც სისხლის ფრაქციების მიღება თუ მიუღებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წინაშე დავდგებით? ბ) რატომ უნდა მივუდგეთ ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას ძალიან სერიოზულად?
17 მსგავსი გადაწყვეტილებების მიღებისას კარგ დახმარებას გაგვიწევს სინდისთან დაკავშირებით ბიბლიაში მოცემული ინფორმაცია. თავიდან უნდა გავიგოთ, რას ამბობს ღვთის სიტყვა და შემდეგ ვეცადოთ, ჩვენი სინდისი ამის შესაბამისად განვავითაროთ. ამის დახმარებით შევძლებთ, რომ გადაწყვეტილება ღვთის ხელმძღვანელობის შესაბამისად მივიღოთ და სხვას არ ვთხოვოთ ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილების მიღება (ფსალმუნები 24:4, 5). სისხლის ფრაქციების მიღებასთან დაკავშირებით ზოგს ასეთი თვალსაზრისი აქვს: „ეს სინდისის საკითხია. ამიტომ მნიშვნელობა არა აქვს, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ადამიანი“. ამგვარად მსჯელობა არასწორია. თუ რაიმე სინდისის საკითხია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აღნიშნული საკითხი უმნიშვნელოა. შედეგები შეიძლება ძალიან სერიოზული იყოს. ჩვენმა გადაწყვეტილებამ შეიძლება იმოქმედოს იმ ადამიანზე, რომელსაც ჩვენგან განსხვავებული სინდისი აქვს. ეს ჩანს პავლეს მიერ ისეთ ხორცთან დაკავშირებით მიცემული რჩევიდან, რომელიც შეიძლება თავიდან რომელიმე კერპისთვის იყო მსხვერპლად მიტანილი, შემდეგ კი ბაზარში გაიყიდა. ქრისტიანს უნდა ეფიქრა, რომ ‘არ დაეჭრა უძლური სინდისი’. თუ ის სხვებს დააბრკოლებდა, შეიძლება ‘დაეღუპა უძლური ძმა, რომლისთვისაც მოკვდა ქრისტე’ და, ამგვარად, ქრისტეს წინაშე შეეცოდა. ამიტომ, თუმცა სისხლის ფრაქციის მიღება თუ მიუღებლობა პირადი გადასაწყვეტია, ქრისტიანი ძალიან სერიოზულად უნდა მიუდგეს ამ საკითხს (1 კორინთელთა 8:8, 11—13; 10:25—31).
18. როგორ შეიძლება ქრისტიანმა თავი აარიდოს სინდისის ხმის ჩახშობას, როდესაც სისხლთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს?
18 სისხლთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი — რა გავლენას მოახდენს თქვენზე თქვენივე გადაწყვეტილება. თუ ბიბლიით განსწავლული სინდისი გკარნახობთ, რომ არ მიიღოთ სისხლის ფრაქცია, ნუ უგულებელყოფთ მის ხმას. ნურც იმას დაუშვებთ, რომ სინდისის ხმა ჩაახშოთ ვინმეს სიტყვებით: „ამის მიღება ნორმალურია; ბევრი ასე იქცევა“. გახსოვდეთ, დღეს მილიონობით ადამიანი უგულებელყოფს საკუთარ სინდისს და იმდენად უგრძნობი ხდება, რომ თავისუფლად იტყუება ან აკეთებს ცუდ საქმეებს, ისე რომ სინდისი არ ქენჯნის. ქრისტიანებს ნამდვილად არ სურთ, მათი მსგავსნი იყვნენ (2 მეფეთა 24:10; 1 ტიმოთე 4:1, 2).
19. პირველ რიგში რა უნდა გვახსოვდეს, როდესაც სისხლის სამედიცინო მიზნით გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ვიღებთ?
19 პასუხში, რომელიც 29—31 გვერდებზეა დაბეჭდილი, ერთ-ერთ დასკვნით აბზაცში ნათქვამია: „ის ფაქტი, რომ არსებული შეხედულებები და კეთილსინდისიერად მიღებული გადაწყვეტილებები ერთმანეთისგან განსხვავდება, ნიშნავს თუ არა იმას, რომ ეს საკითხი უმნიშვნელოა? არა. ეს ძალიან სერიოზული საქმეა“. ძალიან სერიოზულია იმიტომ, რომ გავლენას ახდენს ‘ცოცხალ ღმერთთან’ თქვენს ურთიერთობაზე. მხოლოდ ამ ურთიერთობის შენარჩუნებით შეუძლია ადამიანს მარადიული ცხოვრების მიღება, რისკენაც გზას ხსნის იესოს მიერ დაღვრილი სისხლი, რომელსაც ხსნის ძალა აქვს. სისხლისადმი სათანადო დამოკიდებულების განვითარებას — იმის გამო, რასაც ღმერთი მისი საშუალებით აკეთებს — სიცოცხლის ხსნა შეუძლია. პავლე მართებულად წერდა: „არ გაგაჩნდათ იმედი და უღმერთონი იყავით წუთისოფელში. ახლა კი თქვენ იესო ქრისტეში, ოდესღაც შორს მყოფნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლით“ (ეფესელთა 2:12, 13).
[სქოლიოები]
a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
b ერთხელ პავლე ცერემონიულად განსაწმენდად ოთხ ქრისტიანთან ერთად ტაძარში წავიდა. რჯული იმ დროს გაუქმებული იყო, მაგრამ პავლე იერუსალიმელი უხუცესების რჩევისამებრ მოქმედებდა (საქმეები 21:23—25). ზოგი ქრისტიანი შეიძლება ფიქრობდა, რომ თვითონ არ წავიდოდა ტაძარში ან არ გაივლიდა ასეთ პროცედურას. სინდისი იმ დროს სხვადასხვა ქრისტიანს სხვადასხვა რამეს კარნახობდა და ასევეა ეს დღესაც.
c „იუდაურ ენციკლოპედიაში“ მოყვანილია „რთული და დაწვრილებით“ ჩამოწერილი კანონები ხორცის სწორად მომზადების შესახებ. მასში აღწერილია, რამდენი წუთი უნდა იდოს ხორცი წყალში, როგორ გამოვიდეს ბოლომდე მასში დარჩენილი სისხლი, როგორი მარილი წაესვას მას და რამდენჯერ გაირეცხოს ცივ წყალში.
d სულ უფრო და უფრო მეტად ზოგი ინიექციის მთავარ ან აქტიურ ინგრედიენტად ისეთი რეკომბინანტული პროდუქტი გამოიყენება, რომელიც სისხლისგან არ არის მიღებული. მაგრამ ზოგჯერ შეიძლება სისხლის ფრაქციის, მაგალითად, ალბუმინის, მცირე რაოდენობა იყოს დამატებული (იხილეთ 1994 წლის 1 ოქტომბრის „საგუშაგო კოშკი“, რუბრიკა „მკითხველთა შეკითხვები“ [რუს.]).
შეგიძლიათ გაიხსენოთ?
• რა მითითებები მისცა ღმერთმა სისხლთან დაკავშირებით ნოეს, ისრაელებსა და ქრისტიანებს?
• სისხლთან დაკავშირებით რას უგულებელყოფენ იეჰოვას მოწმეები აბსოლუტურად?
• რა გაგებით არის სისხლის ძირითადი კომპონენტებისგან მიღებული ფრაქციების მიღების თუ მიუღებლობის საკითხი თითოეული პიროვნების მიერ საკუთარი სინდისით გადასაწყვეტი, მაგრამ რას არ ნიშნავს ეს?
• რატომ უნდა გვახსოვდეს გადაწყვეტილებების მიღებისას პირველ რიგში ღმერთთან ურთიერთობა?
[ცხრილი 22 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ძირითადი პოზიცია სისხლთან დაკავშირებით
მთლიანი სისხლი
▾ ▾ ▾ ▾
მიუღებელია ერითროციტები ლეიკოციტები თრომბოციტები პლაზმა
ქრისტიანის ▾ ▾ ▾ ▾
პირადი ერითროციტებიდან ლეიკოციტებიდან თრომბოციტებიდან პლაზმიდან
გადასაწყვეტია მიღებული მიღებული მიღებული მიღებული
ფრაქციები ფრაქციები ფრაქციები ფრაქციები
[სურათი 20 გვერდზე]
ხელმძღვანელი საბჭო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ქრისტიანებს ‘თავი შეეკავებინათ სისხლისგან’.
[სურათი 23 გვერდზე]
ნუ უგულებელყოფთ სინდისის ხმას, თუ სისხლის ფრაქციებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წინაშე დგახართ.