ვინ „გადარჩება“?
«ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს, გადარჩება» (საქმეები 2:21).
1. რატომ იყო ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაული მსოფლიო ისტორიის გარდამტეხი მომენტი?
ახალი წელთაღრიცხვით 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაული მსოფლიო ისტორიის გარდამტეხი მომენტი იყო. რატომ? ამ დღეს დაიბადა ახალი ერი. თავიდან ის არ იყო ძალიან დიდი და შედგებოდა იესოს მხოლოდ 120 მოწაფისგან, რომლებიც იერუსალიმში ზემოთა ოთახში იყვნენ შეკრებილი. მაგრამ დღეს, როცა იმ დროს არსებულ ერთა უმეტესობა დავიწყებას მიეცა, ერი, რომელიც ზემოთა ოთახში დაიბადა, ჯერაც არსებობს. ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ჩვენგანისთვის, რადგან ის არის ღვთის მიერ ადამიანების წინაშე თავის მოწმედ დანიშნული ერი.
2. რა სასწაულებრივი მოვლენებით აღინიშნა ახალი ერის დაბადება?
2 ამ ახალი ერის დაბადებისას მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა, რითაც იოველის წინასწარმეტყველური სიტყვები შესრულდა. ამ მოვლენების შესახებ ვკითხულობთ საქმეების 2:2–4-ში: „მოულოდნელად იყო ხმაური ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი ისხდნენ. და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, თითქოს ცეცხლისანი და სათითაოდ მოეფინა ყოველ მათგანს. ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ“. ამგვარად, ის 120 ერთგული კაცი და ქალი სულიერ ერად იქცა; ისინი გახდნენ მოციქულ პავლეს მიერ მოგვიანებით ‘ღვთის ისრაელად’ წოდებული ერის პირველი წევრები (გალატელთა 6:16).
3. იოველის რომელი წინასწარმეტყველება შესრულდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე?
3 ‘ძლიერი ქარის’ მიზეზის გასაგებად შეკრებილ ხალხს მოციქულმა პეტრემ განუმარტა, რომ იმ დროს შესრულდა იოველის ერთ-ერთი წინასწარმეტყველება. რომელი წინასწარმეტყველება? მოვისმინოთ, თუ რა თქვა მან: «იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, რომ ჩემი სულისაგან მოვაფენ ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და თქვენი ასულნი, და თქვენი ჭაბუკნი ჩვენებას იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ. ჩემს მონებზე და ჩემს მხევლებზე მოვაფენ იმ დღეებში ჩემი სულისაგან და იწინასწარმეტყველებენ. ვაჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს დაბლა მიწაზე, სისხლსა და ცეცხლს, და კვამლის ბოლქვებს. მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე, დიადი და გაცხადებული. და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს, გადარჩება» (საქმეები 2:17–21). პეტრეს სიტყვები ციტირებულია იოველის 3:1–5-დან და მათი შესრულება იუდეველთა აღსასრულის მოახლოებას ნიშნავდა. «უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე, დიადი და გაცხადებული», ორგული ისრაელისთვის ანგარიშის გასწორების დრო, ახლოს იყო. მაგრამ ვინ გადარჩებოდა? და რის მომასწავებელი იყო ეს?
წინასწარმეტყველების ორი შესრულება
4, 5. რა რჩევა მისცა პეტრემ თავის მსმენელებს მომავალ მოვლენებთან დაკავშირებით და რატომ დარჩა ძალაში ეს რჩევა მისი დღეების შემდეგაც?
4 ახ. წ. 33 წლის მომდევნო წლებში ღვთის სულიერი ისრაელი აყვავებას განიცდიდა, მაგრამ ხორციელ ისრაელზე ამას ვერ იტყოდით. ახ. წ. 66 წელს ხორციელ ისრაელსა და რომაელებს შორის საომარი ვითარება იყო. ახ. წ. 70 წელს ისრაელმა თითქმის შეწყვიტა არსებობა და მტრებმა იერუსალიმი და მისი ტაძარი მთლიანად გადაბუგეს. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრემ შესანიშნავი რჩევა გამოთქვა, სადაც გათვალისწინებული იყო ეს მომავალი ტრაგედია. ის ისევ იოველიდან ციტირებდა, როდესაც თქვა: «ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს, გადარჩება». იეჰოვას სახელის მოხმობასთან დაკავშირებით, თითოეულ იუდეველს პირადი გადაწყვეტილება უნდა მიეღო. ამაში შედიოდა პეტრეს შემდგომი მითითების გათვალისწინებაც: „მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად“ (საქმეები 2:38). პეტრეს მსმენელებს იესო მესიად უნდა მიეღოთ; ისრაელმა კი, როგორც ერმა, ის უარყო.
5 იოველის ამ წინასწარმეტყველურმა სიტყვებმა პირველი საუკუნის თვინიერ პიროვნებებზე დიდად იმოქმედა. მაგრამ ეს სიტყვები უფრო დიდად მოქმედებს დღეს, ვინაიდან მე-20 საუკუნის მოვლენები ცხადყოფს, რომ ახლა იოველის წინასწარმეტყველების მეორედ შესრულება ხდება. ვნახოთ, თუ როგორ.
6. როგორ გამოიკვეთა ნათლად 1914 წლის მოახლოებისას, თუ ვინ იყო ღვთის ისრაელი?
6 მოციქულების სიკვდილის შემდეგ ღვთის ისრაელი ცრუ ქრისტიანობის ღვარძლმა დაჩრდილა. მაგრამ აღსასრულის განმავლობაში, რომელიც 1914 წელს დაიწყო, კვლავ ნათლად გამოიკვეთა, თუ ვინ იყო სულიერი ისრაელი ერი. ყოველივე ამით შესრულდა იესოს იგავი ხორბლისა და ღვარძლის შესახებ (მათე 13:24–30, 36–43). 1914 წლის მოახლოებასთან ერთად ცხებულმა ქრისტიანებმა ორგული ქრისტიანული სამყაროდან გამოყოფა იწყეს და გაბედულად უარყვეს მათი ცრუ სწავლებები; ამასთანავე, ქადაგებდნენ ‘წარმართთა ჟამის’ დასრულების მოახლოებაზე (ლუკა 21:24). მაგრამ 1914 წელს დაწყებულმა პირველმა მსოფლიო ომმა წამოჭრა პრობლემები, რომლებისთვისაც ისინი მზად არ იყვნენ. ინტენსიურმა ზეგავლენამ ისინი მოასუსტა და ზოგი მათგანი კომპრომისზე წავიდა. 1918 წლისთვის მათი სამქადაგებლო საქმიანობა, ფაქტობრივად, შეწყდა.
7. ა) რა მოხდა 1919 წელს, რაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე მომხდარ მოვლენას გვახსენებს? ბ) როგორ იმოქმედა 1919 წლიდან იეჰოვას მსახურებზე მისი სულის გადმოფრქვევამ?
7 მიუხედავად ამისა, ასეთ მდგომარეობაში ყოფნა დიდხანს არ გაგრძელებულა. 1919 წლიდან იეჰოვამ თავის ხალხზე ისეთი სახით იწყო სულიწმიდის გადმოფრქვევა, რომელიც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის მოვლენებს გვახსენებს. რასაკვირველია, 1919 წელს არავინ ალაპარაკებულა სხვადასხვა ენაზე და არც ძლიერი ქარის ხმაური გაუგიათ. 1-ლი კორინთელთა 13:8-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვებიდან ვგებულობთ, რომ სასწაულების მოხდენის დრო კარგა ხანია წარსულს ჩაბარდა. მაგრამ ღვთის სული აშკარად გამოჩნდა 1919 წელს სიდარ-პოინტში (ოჰაიო, აშშ) კონგრესზე, როცა ერთგული ქრისტიანები გამოცოცხლდნენ და ისევ დაიწყეს სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის ქადაგება. 1922 წელს ისინი კვლავ ეწვივნენ სიდარ-პოინტს, სადაც ისინი გამოაცოცხლა მოწოდებამ: „აუწყეთ, აუწყეთ, აუწყეთ მეფისა და მისი სამეფოს შესახებ“. როგორც პირველ საუკუნეში, წუთისოფელი იძულებული იყო, დაენახა ის შედეგი, რომელსაც ღვთის სულის გადმოფრქვევა იწვევდა. თითოეულმა მიძღვნილმა ქრისტიანმა — კაცმა თუ ქალმა, მოხუცმა თუ ახალგაზრდამ — ‘წინასწარმეტყველება’ ანუ ‘ღვთის დიადი საქმეების’ გამოცხადება დაიწყო (საქმეები 2:11). პეტრეს მსგავსად, ისინი თვინიერებს მოუწოდებენ, „იხსენით თავი ამ გარყვნილი მოდგმისაგანო“ (საქმეები 2:40). როგორ აკეთებდნენ ამას გულისხმიერი პიროვნებები? იოველის 3:5-ში მოცემული შემდეგი სიტყვების მხედველობაში მიღებით: «ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს, გადარჩება».
8. როგორ მიმდინარეობს ღვთის ისრაელის საქმეები 1919 წლიდან?
8 იმ ადრინდელი წლებიდან მოყოლებული ღვთის ისრაელის საქმე წინ მიიწევს. ცხებულთა უკანასკნელი წევრებისთვის შუბლებზე ბეჭდის დასმა უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს 30-იანი წლებიდან კი არენაზე გამოჩნდა დედამიწაზე ცხოვრების იმედის მქონე თვინიერ პიროვნებათა დიდი ჯგუფი (გამოცხადება 7:3, 9). თითოეული გრძნობს დაუყოვნებელი მოქმედების საჭიროებას, რადგან იოველის 3:1, 2-ის მეორედ შესრულება ცხადყოფს, რომ ახლოსა ვართ იეჰოვას უფრო დიდ, შიშის მომგვრელ დღესთან, როცა მსოფლიო რელიგიური, პოლიტიკური და კომერციული სისტემები განადგურდება. ჩვენ მტკიცე საფუძველი გვაქვს, ‘მოვუხმოთ იეჰოვას სახელს’ სრული რწმენით, რომ ის გვიხსნის!
როგორ ვუხმობთ იეჰოვას სახელს
9. რა შედის იეჰოვას სახელის მოხმობაში?
9 რა შედის იეჰოვას სახელის მოხმობაში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში გვეხმარება იოველის 3:1, 2-ის კონტექსტი. მაგალითად, იეჰოვა არ უსმენს ყველას, ვინც მას უხმობს. სხვა წინასწარმეტყველის, ესაიას, მეშვეობით იეჰოვამ ისრაელს უთხრა: „ხელებს რომ აღაპყრობთ, თვალს გარიდებთ; ლოცვებსაც რომ მიმრავლებთ, არ ვისმენ“. რატომ არ უსმენდა იეჰოვა თავის ხალხს? ის თავად განმარტავს: „ხელები სისხლითა გაქვთ სავსე!“ (ესაია 1:15). იეჰოვა არ მოუსმენს სისხლისმღვრელებსა და გამუდმებით შემცოდველებს. ამიტომ უთხრა პეტრემ ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იუდეველებს, მოენანიებინათ. იოველის 3:1, 2-ის კონტექსტიდან ჩანს, რომ იოველიც ხაზს უსვამს მონანიების საჭიროებას. მაგალითად, იოველის 2:12, 13-ში ვკითხულობთ: „ახლაც ამბობს უფალი: მოიქეცით ჩემკენ მთელი გულით, მარხვით და მოთქმა-გოდებით. გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი, დაუბრუნდით უფალს, თქვენს ღმერთს; მოწყალე და შემბრალებელია იგი, სულგრძელი და მრავალმადლიანი“. 1919 წლიდან ცხებული ქრისტიანები ამ სიტყვების შესაბამისად მოქმედებენ. მათ მოინანიეს შეცოდებები და გადაწყვიტეს, რომ არასოდეს წავიდნენ კომპრომისზე ან არ შეანელონ მოქმედება. ამან ღვთის სულს გზა გაუხსნა, რომ მათზე გადმოსულიყო. ყველამ, ვისაც სურს მოუხმოს იეჰოვას სახელს და შესმენილ იქნეს, უნდა მიბაძოს მოყვანილ მაგალითს.
10. ა) რა არის გულწრფელი მონანიება? ბ) როგორ რეაგირებს იეჰოვა გულწრფელ მონანიებაზე?
10 გახსოვდეთ, გულწრფელი მონანიება უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, ბოდიშის მოხდა. ისრაელები თავიანთი გრძნობების სიმძაფრის გამოსახატავად სამოსელს შემოიხევდნენ ხოლმე. მაგრამ იეჰოვა ამბობს: „გულები დაიგლიჯეთ და არა სამოსელი“. გულწრფელი მონანიება გულიდან, ჩვენი შინაგანი სიღრმიდან, მომდინარეობს. ამაში, როგორც ესაიას 55:7-ში ვკითხულობთ, შედის ცუდი საქმეების უარყოფა: „მიატოვოს ბოროტეულმა თავისი გზა და ცოდვილმა კაცმა — თავისი ზრახვები; მიაქციოს უფლისკენ“. ამაში შედის ცოდვის სიძულვილი, როგორც ამას იესო აკეთებდა (ებრაელთა 1:9). შემდეგ, დარწმუნებულები ვართ, რომ იეჰოვა გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე მოგვიტევებს, ვინაიდან ის ‘მოწყალე და შემბრალებელი, სულგრძელი და მრავალმადლიანია’. იეჰოვა მიიღებს ჩვენს თაყვანისცემას, სულიერ შესაწირავსა და საღვრელს. ის მოგვისმენს, როდესაც მოვუხმობთ (იოველი 2:14).
11. რა ადგილი უნდა ეკავოს ჩვენს ცხოვრებაში ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას?
11 მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა ისეთი რამ, რაც აგრეთვე უნდა გვახსოვდეს: „თქვენ კი უწინარეს ეძიეთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე“ (მათე 6:33). თაყვანისცემას არ უნდა შევხედოთ, როგორც სასხვათაშორისო, უმნიშვნელო საქმეს, რომელსაც ჩვენი სინდისის დასამშვიდებლად ვაკეთებთ. ღვთისადმი მსახურება ჩვენს ცხოვრებაში პირველ ადგილს იმსახურებს. ამიტომ, იოველის მეშვეობით იეჰოვა გვეუბნება: „ჩაბერეთ საყვირს სიონზე. . . შეჰყარეთ ერი, მოიწვიეთ საკრებულო, შეკრიბეთ უხუცესობა, შეყარეთ ჭაბუკები და ძუძუთა ბავშვები! გამოვიდეს სიძე თავისი პალატიდან და პატარძალი — სანთიობოდან“ (იოველი 2:15, 16). ბუნებრივია, რომ ახალდაქორწინებულები დიდ ყურადღებას უთმობენ ერთმანეთს და მხოლოდ ერთმანეთს შესციცინებენ თვალებში. მაგრამ მათთვისაც კი იეჰოვასადმი მსახურება პირველ ადგილზე უნდა იყოს. არაფერი უდგას წინ იეჰოვას თაყვანსაცემად, მისი სახელის მოსახმობად შეკრებას.
12. პოტენციური ზრდის რა შესანიშნავ მაჩვენებლებს ვხედავთ გასულ წელს უფლის საღამოზე დამსწრეთა შესახებ ცნობიდან?
12 ვიფიქროთ ყოველივე ამაზე და გადავხედოთ იეჰოვას მოწმეთა 1997 სამსახურებრივი წლის ანგარიშის სტატისტიკურ მონაცემებს. გასულ წელს მივაღწიეთ უმაღლეს მაჩვენებელს — სამეფოს მაუწყებელთა რიცხვი 5 599 931-ს შეადგენდა; ეს ხოტბის შემსხმელთა ნამდვილად დიდი ჯგუფია! უფლის საღამოზე დამსწრეთა რიცხვი 14 322 226-ს შეადგენდა, რაც მაუწყებელთა რაოდენობაზე დაახლოებით რვა-ნახევარი მილიონით მეტია. ეს რიცხვი პოტენციური ზრდის შესანიშნავი მაჩვენებელია. ამ რვა-ნახევარი მილიონიდან მრავალი, როგორც დაინტერესებული პიროვნება და მონათლული მშობლების შვილი უკვე სწავლობს იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიას. მრავალი პირველად ესწრებოდა შეხვედრას. მათი დასწრება შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს, გავეცნოთ და დავეხმაროთ შემდგომ წინსვლაში. იყვნენ აგრეთვე პიროვნებები, რომლებიც ყოველწლიურად ესწრებიან უფლის საღამოს და, შესაძლებელია, ზოგ სხვა შეხვედრასაც, მაგრამ არ აკეთებენ შემდგომ წინსვლას. რა თქმა უნდა, ასეთ პიროვნებებს სიხარულით ღებულობენ ჩვენს შეხვედრებზე. მაგრამ მათ მოვუწოდებთ, დაფიქრდნენ წინასწარმეტყველ იოველის სიტყვებზე და აწონ-დაწონონ, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგან, რათა დარწმუნებული იყვნენ, რომ იეჰოვას სახელის მოხმობისას ის მოუსმენს მათ.
13. რა ვალდებულება გვაკისრია სხვების მიმართ, თუ უკვე ვუხმობთ იეჰოვას სახელს?
13 იეჰოვას სახელის მოხმობასთან დაკავშირებით მოციქული პავლე, ყურადღებას ამახვილებს კიდევ ერთ მხარეზე. წერილში რომაელთა მიმართ შევნიშნავთ, რომ ის იოველის წინასწარმეტყველურ სიტყვებს ციტირებდა: «ყოველი, ვინც უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს მოუხმობს, გადარჩება». შემდეგ მსჯელობდა: „როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს? როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ? როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?“ (რომაელთა 10:13, 14). დიახ, მრავლისთვის, ვისაც ჯერ კიდევ არ გაუცვნია იეჰოვა, საჭიროა მოუხმონ მის სახელს. ჩვენ, ვინც უკვე ვიცნობთ იეჰოვას, ვალდებულები ვართ, არა მარტო ვუქადაგოთ, არამედ ხელი გავუწოდოთ და დახმარება აღმოვუჩინოთ მათ.
სულიერი სამოთხე
14, 15. რა სამოთხისებური კურთხევები აქვს იეჰოვას ხალხს იმის გამო, რომ იეჰოვასთვის მოსაწონი სახით მოუხმობენ მის სახელს?
14 ამგვარად უყურებენ ამ საკითხს როგორც ცხებულები, ისე სხვა ცხვრები, შედეგად კი იეჰოვა აკურთხებს მათ. „გამოესარჩლება უფალი თავის ქვეყანას და დაინდობს თავის ერს“ (იოველი 2:18). 1919 წელს იეჰოვა გამოესარჩლა თავის ხალხს და დაინდო ისინი, როცა აღადგინა და სულიერ მოქმედებაში მოიყვანა. ეს ნამდვილად სულიერი სამოთხეა, რომელიც წინასწარმეტყველ იოველის შემდეგი სიტყვებითაა აღწერილი: „ნუ გეშინია, მიწავ, იხარე და იმხიარულე, რადგან დიდი საქმეები მოიმოქმედა უფალმა. ნუ გეშინიათ, ველის მხეცებო, რადგან ამოვა ბალახი უდაბნოს საძოვრებზე, რადგან ნაყოფს გამოიღებს ხე; ლეღვი და ვაზი გამოსცემენ თავიანთ დოვლათს. სიონის ძენო, იხარეთ და იმხიარულეთ უფლის, თქვენი ღვთის გამო, რადგან მოგცემთ სიმართლის მოძღვარს, გამოგიგზავნის საადრეო და საგვიანო წვიმას, წინანდებურად. აივსება ბეღლები ხორბლით და გალიცლიცდება კოდები ღვინით და ზეთით“ (იოველი 2:21–24).
15 რა აღმაფრთოვანებელი სურათია! უხვადაა ისრაელების ცხოვრებაში სამი ძირითადი პროდუქტი — ხორბალი, ზეთი და ღვინო — რიცხვმრავალ ფარებთან ერთად. ჩვენს დღეებში ეს წინასწარმეტყველური სიტყვები სულიერი გაგებით სრულდება. იეჰოვა უხვად გვაძლევს საჭირო სულიერ საზრდოს. ნუთუ არ აღგვაფრთოვანებს ღვთისგან ასეთი სიუხვე? ნამდვილად, როგორც მალაქიამ იწინასწარმეტყველა, ღმერთმა ‘გახსნა ცის საქანელნი და გადმოგვიცალა კურთხევა აუწყველად’ (მალაქია 3:10).
თანამედროვე სისტემის აღსასრული
16. ა) რა მნიშვნელობა აქვს იეჰოვას სულის გადმოფრქვევას დღეს? ბ) რას გვიქადის მომავალი?
16 ღვთის ხალხისთვის სწორედ ამ სამოთხის პირობების წინასწარმეტყველების შემდეგ იოველი იეჰოვას სულის გადმოფრქვევაზე წინასწარმეტყველებს. ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე, როდესაც პეტრე ამ წინასწარმეტყველებიდან ციტირებდა, თქვა, რომ ის „უკანასკნელ დღეებში“ სრულდებოდა (საქმეები 2:17). მაშინ ღვთის სულის გადმოფრქვევა იუდეველთა სისტემისთვის უკანასკნელი დღეების დაწყებას ნიშნავდა. მე-20 საუკუნეში ღვთის ისრაელზე ღვთის სულის გადმოფრქვევა კი ნიშნავს, რომ მსოფლიო სისტემის უკანასკნელ დღეებში ვცხოვრობთ. რას გვიქადის მომავალი ამასთან დაკავშირებით? იოველის წინასწარმეტყველება გვეუბნება: «გამოვაჩენ ნიშნებს ცაზე და მიწაზე: სისხლს, ცეცხლს და კვამლის სვეტებს. მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის [„იეჰოვას“, აქ] დღე, დიდი და საშინელი» (იოველი 3:3, 4).
17, 18. ა) იეჰოვას რომელი საშინელი დღე დაატყდა თავს იერუსალიმს? ბ) რისკენ გვიბიძგებს იეჰოვას მომავალი საშინელი დღის აუცილებლად დადგომის შესახებ ცოდნა?
17 ახ. წ. 66 წელს იუდეაში დაიწყო ამ წინასწარმეტყველური სიტყვების შესრულება და ულმობლად მიიწევდა თავისი აპოგეისკენ, ახ. წ. 70 წლისკენ, იეჰოვას საშინელი დღისკენ. რამდენად თავზარდამცემი იქნებოდა მაშინ იმ ხალხს შორის ყოფნა, რომელიც იეჰოვას სახელს არ განადიდებდა! დღესაც წინ არის თავზარდამცემი მოვლენები, როდესაც იეჰოვას ხელით მთელი მსოფლიო სისტემა განადგურდება. და მაინც, გადარჩენა შესაძლებელია. წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: «ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს, გადარჩება, რადგან სიონის მთაზე და იერუსალიმში იქნება ხსნა მათთვისაც, ვისაც უფალი მოუხმობს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს» (იოველი 3:5). იეჰოვას მოწმეები ნამდვილად მადლიერები არიან, რომ იციან იეჰოვას სახელი, და სავსებით სჯერათ, რომ, როცა მოუხმობენ, ის დაიცავს მათ.
18 მაგრამ რა მოხდება, როდესაც იეჰოვას დიადი და გაცხადებული დღე მთელი თავისი მძვინვარებით თავს დაატყდება მთელ ამ წუთისოფელს? ამაზე საუბარი იქნება ბოლო სასწავლო სტატიაში.
გახსოვთ თუ არა?
◻ როდის გადმოაფრქვია იეჰოვამ პირველად თავის ხალხზე სულიწმიდა?
◻ რა შედის იეჰოვას სახელის მოხმობაში?
◻ როდის დაატყდა იეჰოვას დიადი და გაცხადებული დღე ხორციელ ისრაელს?
◻ როგორ აკურთხებს იეჰოვა მათ, ვინც დღეს უხმობს მის სახელს?
[სურათი 15 გვერდზე]
ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დაიბადა ახალი ერი.
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
მეოცე საუკუნის დასაწყისში იეჰოვამ კვლავ გადმოაფრქვია თავის ხალხზე სულიწმიდა, რითაც იოველის 3:1, 2 შესრულდა.
[სურათი 18 გვერდზე]
ხალხს დახმარება სჭირდება, რათა მოუხმონ იეჰოვას სახელს.