ᲗᲐᲕᲘ 18
„ეძებნათ ღმერთი . . . და ეპოვათ“
პავლე იმით იწყებდა ლაპარაკს, რაშიც ეთანხმებოდა მსმენელებს, და ლაპარაკისას მათ შეხედულებებს ითვალისწინებდა.
1—3. ა) ათენში ყოფნისას რამ აღაშფოთა პავლე? ბ) რას ვსწავლობთ პავლეს ქადაგებიდან?
ᲞᲐᲕᲚᲔ საბერძნეთშია, ქალაქ ათენში, სადაც ცოდნის აკვანი ირწევა და ერთ დროს სოკრატე, პლატონი და არისტოტელე მოღვაწეობდნენ. ათენელები თავგამოდებული მორწმუნეები არიან და უამრავ ღმერთს სცემენ თაყვანს. პავლე აღშფოთებას ვერ მალავს — სადაც გაიხედავს, ტაძრებში, ქუჩებში თუ მოედნებზე, ყველგან კერპებია. მან კარგად იცის, რას ფიქრობს იეჰოვა, ჭეშმარიტი ღმერთი, კერპთაყვანისმცემლობაზე (გამ. 20:4, 5). ამ ერთგულ მოციქულსაც სძულს კერპები!
2 პავლე მოედანზე მიდის და რას ხედავს! ჩრდილო-დასავლეთით, მოედნის მთავარ შესასვლელთან ახლოს, ჰერმესის ქანდაკებები დგას, რომლებსაც მხოლოდ თავი და სასქესო ორგანო აქვთ გამოკვეთილი. მოედანზე უამრავი საწმინდარია. როგორ უქადაგებს მოციქული პავლე ამ კერპთაყვანისმცემელ ხალხს? შეძლებს არ გამოხატოს თავისი აღშფოთება და იმით დაიწყოს ქადაგება, რაშიც ეთანხმება მსმენელს? შეძლებს ვინმეს მაინც მოაძებნინოს და აპოვნინოს ჭეშმარიტი ღმერთი?
3 საქმეების 17:22—31-ში ჩაწერილი პავლეს ქადაგება განათლებულ ათენელებთან მჭევრმეტყველების, ტაქტიანობისა და გამჭრიახობის ნიმუშია. პავლეს ქადაგების განხილვა დაგვანახვებს, როგორ დავიწყოთ საუბარი იმაზე, რაშიც ჩვენი და მსმენელის შეხედულება ერთმანეთს ემთხვევა და როგორ დავეხმაროთ მსმენელს ლოგიკური დასკვნების გაკეთებაში.
მოედანზე ქადაგებდა (საქმეები 17:16—21)
4, 5. ათენში ყოფნისას სად იქადაგა პავლემ და როგორ ხალხს შეხვდა?
4 ახ. წ. დაახლოებით 50 წელს თავისი მეორე მისიონერული მოგზაურობის დროს იყო პავლე ათენში ჩასული.a სილასა და ტიმოთეს მოლოდინში, ჩვეულებისამებრ, პავლე „სინაგოგაში იუდეველებთან“ მსჯელობდა; არაიუდეველ ათენელებთან საქადაგებლად კი მოედანზე მივიდა (საქ. 17:17). აკროპოლისის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე მოედნის ფართობი დაახლოებით 5 ჰექტარი იყო. მოედანი სავაჭრო და საზოგადოების თავშეყრის ადგილად იყო ცნობილი. ერთ-ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ ეს მოედანი „ქალაქის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა“. ათენელებს მოსწონდათ იქ შეკრება და ინტელექტუალურ თემებზე საუბარი.
5 მოედანზე პავლე ისეთ ხალხს შეხვდა, რომელთანაც ჭეშმარიტებაზე ლაპარაკი ადვილი არ იქნებოდა. მსმენელებს შორის იყვნენ ეპიკურელები და სტოიკოსები — მოპაექრე ფილოსოფიური სკოლების წარმომადგენლები.b ეპიკურელებს სწამდათ სიცოცხლის შემთხვევით წარმოშობა. მათი მსოფლმხედველობის თანახმად, კაცს ღვთის შიში არაფერში სჭირდებოდა, მკვდარი არაფერს გრძნობდა, ყველას შეეძლო სიკეთის კეთება და ბოროტების ატანა. ხოლო სტოიკოსები გონებასა და ლოგიკას ეყრდნობოდნენ. მათ არ სწამდათ, რომ ღმერთი პიროვნება იყო. აღდგომის არც ეპიკურელებს სჯეროდათ და არც სტოიკოსებს, რასაც ქრისტეს მოწაფეები ასწავლიდნენ. აშკარაა, რომ ამ ორი ჯგუფის ფილოსოფიური შეხედულებები არ ეთანხმებოდა პავლეს ნაქადაგებ ჭეშმარიტებას.
6, 7. რა რეაქცია ჰქონდა ზოგ ბერძენ ინტელექტუალს პავლეს ქადაგებაზე და რა შეიძლება ითქვას დღევანდელ დღეზე?
6 როგორი რეაქცია ჰქონდათ ბერძენ ინტელექტუალებს პავლეს ქადაგებაზე? ზოგმა თქვა მოლაყბეაო. „მოლაყბედ“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა სიტყვასიტყვით „საკენკის მკენკავს“ ნიშნავს (საქ. 17:18). ერთ-ერთი მკვლევარი აღნიშნავს: „ამ სიტყვით უპირველესად იმ პატარა ჩიტს ახასიათებდნენ, რომელიც აქეთ-იქიდან კენკავდა მარცვლეულს. მერე ისეთ ადამიანთან მიმართებაში გამოიყენებოდა, რომელიც ბაზარში ნარჩენებს აგროვებდა. ბოლოს გადატანითი მნიშვნელობა შეიძინა და ამ სიტყვაში გულისხმობდნენ ადამიანს, რომელიც ისეთ ინფორმაციებს აგროვებდა, ერთმანეთთან არაფერი რომ არ ჰქონდა საერთო და რისი მნიშვნელობაც არც თვითონ ესმოდა ბოლომდე“. სინამდვილეში, ეს განათლებული ხალხი ამბობდა, რომ პავლე უცოდინარი იყო და მხოლოდ იმას იმეორებდა, რაც სხვებისგან ჰქონდა გაგონილი. მაგრამ როგორც დავინახავთ, პავლეს ამ შეურაცხყოფისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია.
7 დღესაც იგივე ხდება. იეჰოვას მოწმეებს ხშირად შეურაცხყოფენ და დამამცირებელ სახელებს არქმევენ იმის გამო, რომ ბიბლიით ხელმძღვანელობენ. მაგალითად, ზოგი პედაგოგი ევოლუციას ფაქტად წარმოადგენს და ირწმუნება, რომ ჭკვიან კაცს მასში ეჭვი არ უნდა შეეპაროს. ამგვარად, ისინი ევოლუციის თეორიის უარმყოფელებს უცოდინარებად აცხადებენ. ამ განათლებულ ხალხს უნდა „საკენკის მკენკავებად“ წარმოგვაჩინონ, როცა ბიბლიის თვალსაზრისს ვაცნობთ და ვაჩვენებთ, როგორ მეტყველებს სამყარო შემოქმედის არსებობაზე. მაგრამ ჩვენ დიდ ყურადღებას არ ვაქცევთ შეურაცხყოფას და დამაჯერებლად ვიცავთ ჩვენს შეხედულებას, რომ დედამიწაზე სიცოცხლე გონიერი შემოქმედის, იეჰოვას, შემოქმედების ნაყოფია (გამოცხ. 4:11).
8. ა) კიდევ როგორი რეაქცია მოჰყვა პავლეს ქადაგებას? ბ) რა შეიძლება იგულისხმებოდეს ფრაზაში „მიიყვანეს იგი არეოპაგში“? (იხილეთ სქოლიო, გვერდი 142).
8 იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც პავლეს ქადაგებაზე სხვაგვარი რეაქცია ჰქონდათ. ისინი ამბობდნენ, „ეტყობა, უცხო ღვთაებების შესახებ ქადაგებსო“ (საქ. 17:18). ნუთუ მართლა ახალ ღმერთებს აცნობდა პავლე ათენელებს? ეს სერიოზული ბრალდება იყო, რადგან საუკუნეებით ადრე სოკრატეს ამ ბრალდების საფუძველზე სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. გასაკვირი არ არის, რატომ წაიყვანეს პავლე არეოპაგშიc და რატომ სთხოვეს ათენელებმა მათთვის უჩვეულო მოძღვრების ახსნა. როგორ დაუმტკიცებდა პავლე სიმართლეს მათ, ვინც არაფერი იცოდა წმინდა წერილებზე?
„ათენელებო, ყველაფერში გეტყობათ, რომ . . .“ (საქმეები 17:22, 23)
9—11. ა) როგორ განაწყო პავლემ მსმენელი მოსასმენად? ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს?
9 ალბათ გახსოვთ, რომ პავლე აღაშფოთა ათენში ნანახმა კერპებმა. მაგრამ ის პირდაპირ და უხეშად არ გამოსულა კერპთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ, მას სიმშვიდე არ დაუკარგავს. პავლემ ტაქტიანად დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რაშიც მისი და მსმენელების აზრი ერთმანეთს არ ეწინააღმდეგებოდა და ამით ისინი მოსასმენად განაწყო: „ათენელებო, ყველაფერში გეტყობათ, რომ სხვებზე მეტად გეშინიათ ღვთაებების“ (საქ. 17:22). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, პავლემ უთხრა, რომ ისინი ღრმად მორწმუნენი იყვნენ, რითაც შეაქო კიდეც, და ეს გონივრული იყო. მას ესმოდა, რომ ცრუ მოძღვრებებით თვალახვეულებიც კი შეიძლებოდა გამოხმაურებოდნენ ჭეშმარიტებას. ბოლოს და ბოლოს ერთ დროს პავლეც უმეცარი იყო და ურწმუნოებით იქცეოდა (1 ტიმ. 1:13).
10 ათენელების ღრმად მორწმუნეობას უცნობი ღვთისთვის მიძღვნილი სამსხვერპლო ადასტურებდა, რაც პავლეს მხედველობიდან არ გამორჩენია და მათთან საუბრის გასაგრძელებლად გამოიყენა. ერთ-ერთ ნაშრომში წერია, რომ «ბერძნები და სხვა ხალხები, სამსხვერპლოებს ჩვეულებრივ, „უცნობ ღმერთებს“ უძღვნიდნენ, რომ არ გამორჩენოდათ რომელიმე და არ განერისხებინათ ისინი». ასეთი სამსხვერპლოს აგებით ათენელები იმას აღიარებდნენ, რომ არსებობდა ღმერთი, რომელსაც არ იცნობდნენ. სწორედ სამსხვერპლოს მოხსენიების შემდეგ გადაიტანა პავლემ მსმენელის ყურადღება სასიხარულო ცნობაზე: „მე სწორედ მის შესახებ გაუწყებთ, ვისაც არ იცნობთ და ეთაყვანებით“ (საქ. 17:23). პავლეს მსჯელობა ჭკვიანური და დამაჯერებელი იყო. ის ათენელებს ახალ და უცხო ღმერთზე არ უქადაგებდა, რაშიც ზოგმა დასდო ბრალი. ის მათთვის უცნობ ღმერთზე, ჭეშმარიტ ღმერთზე, ელაპარაკებოდა.
11 როგორ შეიძლება მივბაძოთ პავლეს? თუ დაკვირვებულები ვიქნებით, შესაძლოა ისეთი რამ შევნიშნოთ — მაგალითად, სამკაული ან სახლსა თუ ეზოში რელიგიური ნივთები — რაც მიგვახვედრებს, რომ მორწმუნეს ვესაუბრებით. შეიძლება ვუთხრათ: „გეტყობათ, მორწმუნე ბრძანდებით. სწორედ თქვენნაირ ადამიანთან მინდოდა საუბარი“. როცა მობინადრეს ტაქტიანად ვაქებთ იმისათვის, რომ მორწმუნეა, გვიადვილდება მასთან საერთო ენის გამონახვა. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი მიზანი არ არის, განვსაჯოთ ვინმე რელიგიური შეხედულებების გამო; ჩვენს თანამორწმუნეთაგან ბევრს ერთ დროს გულწრფელად სწამდა ცრუ მოძღვრებების.
ღმერთი „არცერთი ჩვენგანისგან არ არის შორს“ (საქმეები 17:24—28)
12. როგორ ითვალისწინებდა პავლე ქადაგებისას ბევრ რამეს?
12 მართალია, პავლემ იმით დაიწყო ქადაგება, რაშიც ეთანხმებოდნენ მსმენელები, მაგრამ როგორ გააგრძელებდა ლაპარაკს? მან იცოდა, რომ მისი მსმენელები კარგად ერკვეოდნენ ბერძნულ ფილოსოფიაში, წმინდა წერილებზე კი არაფერი იცოდნენ, ამიტომ ქადაგებისას ბევრ რამეს ითვალისწინებდა. პირველი, ბიბლიურ მოძღვრებებზე ლაპარაკისას ის პირდაპირ არ ციტირებდა წმინდა წერილებიდან. მეორე, ის ხშირად პირველ პირში ლაპარაკობდა, რითაც აჩვენებდა, რომ ისიც მათნაირი იყო და კარგად ესმოდა მათი. მესამე, მას ბერძნული ლიტერატურიდან მოჰყავდა ციტატები მსმენელისთვის იმის საჩვენებლად, რომ ზოგ საკითხზე იგივე იყო ნათქვამი მათივე ლიტერატურაში. მოდი დაწვრილებით განვიხილოთ პავლეს შთამბეჭდავი ქადაგება. როგორ გააცნო ათენელებს ის ღმერთი, რომელიც მათთვის უცნობი იყო?
13. რა თქვა პავლემ სამყაროს წარმოშობაზე და რას გაუსვა ამით ხაზი?
13 ღმერთმა შექმნა სამყარო. პავლემ თქვა: „ღმერთი, ცისა და დედამიწის უფალი, რომელმაც შექმნა სამყარო და ყველაფერი, რაც მასშია, ხელთქმნილ ტაძრებში არ მკვიდრობს“ (საქ. 17:24).d სამყარო შემთხვევით არ გაჩენილა. ყველაფერი ჭეშმარიტმა ღმერთმა შექმნა (ფსალმ. 146:6). ათენასა და სხვა ღვთაებებისგან განსხვავებით, მისი დიდების გამოსახატავად არც ტაძრები ყოფილა საჭირო, არც საწმინდრები და არც სამსხვერპლოები. ცისა და დედამიწის უზენაეს უფალს ვერანაირი ხელთქმნილი ტაძარი ვერ დაიტევდა (1 მეფ. 8:27). პავლეს სათქმელი ნათელი იყო — ჭეშმარიტ ღმერთთან ვერ მოვა ვერცერთი ხელთქმნილი კერპი, რომელიც კაცის ხელით ნაშენ ტაძრებშია (ეს. 40:18—26).
14. როგორ აჩვენა პავლემ, რომ ღმერთს არაფერი სჭირდება ადამიანისგან?
14 ღმერთს არაფერი სჭირდება ადამიანისგან. კერპთაყვანისმცემლები, ჩვეულებრივ, კერპებს მდიდრული ტანსაცმლით მოსავდნენ, ძვირადღირებულ საჩუქრებსა და სასმელ-საჭმელს სწირავდნენ, თითქოს კერპებს სჭირდებოდათ ისინი. პავლეს მსმენელებს შორის მყოფი ზოგი ბერძენი ფილოსოფოსი, შესაძლოა ფიქრობდა კიდეც, რომ ღმერთებს არაფერი სჭირდებოდათ ადამიანისგან. ისინი უეჭველად დაეთანხმებოდნენ პავლეს ნათქვამს, რომ ღმერთი ადამიანთაგან არაფერს საჭიროებს. განა შეუძლია კაცს ისეთი რამის მიცემა შემოქმედისთვის, რაც მას სჭირდება?! რა თქმა უნდა არა, ღმერთი თვითონ აძლევს ადამიანს ყველაფერ აუცილებელს — „სიცოცხლეს, სუნთქვას და ყველაფერს“, რაშიც, მაგალითად, მზე, წვიმა და ნოყიერი ნიადაგი იგულისხმება (საქ. 17:25; დაბ. 2:7). ასე რომ, ყველაფრის გამცემ ღმერთს არაფერი სჭირდება ადამიანისგან, რომელიც მხოლოდ იღებს.
15. როგორ დაანახვა პავლემ ათენელებს, რომ არასწორი შეხედულება ჰქონდათ, და რას გვასწავლის ეს ფაქტი?
15 ღმერთმა შექმნა ადამიანი. ათენელები თავს უცხოელებზე აღმატებულად მიიჩნევდნენ. მაგრამ ბიბლია არ ამართლებს ეროვნულ და რასობრივ სიამაყეს (კან. 10:17). პავლე ამ ფაქიზ თემას ფრთხილად შეეხო. როცა თქვა, რომ ღმერთმა „ერთი ადამიანისგან წარმოშვა ყველა ერი“, ალბათ დააფიქრა თავისი მსმენელები (საქ. 17:26). პავლეს მხედველობაში ჰქონდა ის, რაც ადამზე, კაცობრიობის წინაპარზე, ეწერა „დაბადებაში“ (დაბ. 1:26—28). ვინაიდან ერთი წინაპარი გვყავს, არც ერთი რასა და არც ერთი ეროვნება არ აღემატება მეორეს. შეუძლებელი იყო გაუგებარი დარჩენილიყო ის, რისი თქმაც პავლეს უნდოდა. ქადაგებისას ჩვენც ტაქტიანები და გონიერები უნდა ვიყოთ, და, ამავე დროს, არ უნდა გავაუბრალოოთ ჭეშმარიტება სხვების გაფრთხილების სურვილით.
16. რისთვის შექმნა ღმერთმა ადამიანი?
16 ღმერთმა ადამიანი იმისთვის შექმნა, რომ დაახლოებოდა მას. პავლეს მსმენელებს შორის მყოფ ფილოსოფოსებს რამდენიც არ უნდა ემსჯელათ სიცოცხლის აზრზე, მათი მსჯელობა ვერ იქნებოდა ამომწურავი. პავლემ კი აშკარად დაანახვა მათ, რომ შემოქმედმა ადამიანები იმისთვის შექმნა, რომ „ეძებნათ ღმერთი, გულმოდგინედ ეძებნათ და ეპოვათ; ის ხომ არცერთი ჩვენგანისგან არ არის შორს“ (საქ. 17:27). შეუძლებელი როდი იყო უცნობი ღვთის გაცნობა. ის არასდროს ყოფილა შორს მათგან, ვისაც მისი პოვნისა და გაცნობის გულწრფელი სურვილი ქონია (ფსალმ. 145:18). საყურადღებოა, რომ პავლემ აქ პირველი პირის მრავლობითი რიცხვის ნაცვალსახელი გამოიყენა, რითაც საკუთარი თავიც იგულისხმა მათ შორის, ვისაც ღვთის ძიება მართებს.
17, 18. რატომ უნდა ჰქონდეთ ადამიანებს ღმერთთან სიახლოვის მოთხოვნილება და რას ვსწავლობთ პავლესგან?
17 ადამიანს ღმერთთან სიახლოვის მოთხოვნილება უნდა ჰქონდეს. პავლემ თქვა: „მისით ვარსებობთ, ვცოცხლობთ და დავდივართ“. ზოგი მკვლევრის აზრით პავლე ძვ. წ. VI საუკუნეში მცხოვრებ კრეტელ პოეტ ეპიმენიდეს დაესესხა. პავლემ კიდევ ერთი მიზეზი მოიყვანა, რატომაც უნდა ჰქონდეს ადამიანს ღმერთთან სიახლოვის მოთხოვნილება: „თქვენს ზოგიერთ პოეტსაც უთქვამს, ჩვენც მისი შვილები ვართო“ (საქ. 17:28). ვინაიდან ღმერთი ყველა ჩვენგანის წინაპრის შემქმნელია, განსაკუთრებულ სიახლოვეს უნდა ვგრძნობდეთ მასთან. თავისი სიტყვა დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, პავლემ მსმენელისთვის ავტორიტეტული ბერძნული ლიტერატურა მოიშველია.e პავლეს მსგავსად ჩვენც შეგვიძლია შიგადაშიგ ისტორიული წიგნების, ენციკლოპედიების და სხვა საყოველთაოდ ცნობილი სახელმძღვანელოების მოშველიება. მაგალითად, შესაფერისი ციტატით შეგვიძლია დავანახვოთ მათ, ვინც არ არის იეჰოვას მოწმე, რა უდევს საფუძვლად კონკრეტულ ცრუ რელიგიურ წეს-ჩვეულებას.
18 აქამდე პავლე ათენელ მსმენელებს ღვთის შესახებ ჭეშმარიტებას ისე გადასცემდა, რომ მათი შეხედულებები არ გამორჩენია მხედველობიდან. ახლა რა სურდა მოციქულს, რისკენ უნდოდა, აღეძრა მსმენელი? მან სიტყვა განაგრძო და ათენელებს პირდაპირ უთხრა, რა უნდა გაეკეთებინათ.
„ყველგან ყველას მოუწოდებს მონანიებისკენ“ (საქმეები 17:29—31)
19, 20. ა) როგორ გახადა ცხადი პავლემ, რომ უგუნურება იყო ადამიანის ხელით გაკეთებული კერპის თაყვანისცემა? ბ) რისი გაკეთება მართებდათ პავლეს მსმენელებს?
19 პავლე მზად იყო, დაენახვებინა მსმენელებისთვის, რისი გაკეთება მართებდათ. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა ციტატა: „ვინაიდან ღვთის შვილები ვართ, უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი თავისი წარმოსახვით ოქროსგან, ვერცხლისგან თუ ქვისგან ღმერთს ვერ გამოსახავს“ (საქ. 17:29). მართლაც, თუ ადამიანი ღვთის შექმნილია, როგორ შეიძლება ადამიანის ხელით გაკეთებულ კერპში დავინახოთ ღმერთი? პავლეს ტაქტიანმა მსჯელობამ ცხადი გახადა, რომ უგუნურება იყო ადამიანის ხელთნაკეთი კერპის თაყვანისცემა (ფსალმ. 115:4—8; ეს. 44:9—20). მან აქაც პირველ პირში ილაპარაკა, რითაც ცოტა შეარბილა თავისი სათქმელი.
20 მოციქულმა პირდაპირ უთხრა მათ: „ღმერთი ადრე თვალს ხუჭავდა ასეთ უცოდინარობაზე [როცა ხალხს ეგონა, რომ ღმერთი იწონებდა კერპთაყვანისმცემლობას], მაგრამ ახლა ყველგან ყველას მოუწოდებს მონანიებისკენ“ (საქ. 17:30). პავლეს მსმენელთაგან ზოგი შეიძლებოდა აღშფოთებულიყო იმის გაგონებაზე, რომ უნდა მოენანიებინათ. მაგრამ პავლეს შთამბეჭდავი საუბრიდან კარგად ჩანდა, რომ ისინი ღვთის წინაშე იყვნენ ანგარიშვალდებულნი, რადგან მისგან ჰქონდათ სიცოცხლე. მათ უნდა ეძებნათ ღმერთი, მის შესახებ ჭეშმარიტება უნდა გაეგოთ და თავიანთი ცხოვრება ჭეშმარიტებისთვის შეესაბამებინათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ათენელებს უნდა გაეაზრებინათ, რომ კერპთაყვანისმცემლობა ცოდვა იყო და ზურგი უნდა ექციათ ამ ცოდვისთვის.
21, 22. რა შთამბეჭდავი სიტყვებით დაასრულა პავლემ ლაპარაკი და რა მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვებს ჩვენთვის?
21 პავლემ შთამბეჭდავად დაასრულა თავისი სიტყვა: „[ღმერთს] დანიშნული აქვს დღე, როცა სამართლიანად გაასამართლებს მსოფლიოს მისი მეშვეობით, ვინც თავად დანიშნა; ამაში იმით დაარწმუნა ყველა, რომ მკვდრეთით აღადგინა იგი“ (საქ. 17:31). სასამართლოს დღის მოახლოებისას აუცილებელი იყო, ხალხს ეძებნა და ეპოვა ჭეშმარიტი ღმერთი. პავლეს არ უთქვამს, ვინ იქნებოდა გამსამართლებელი, მაგრამ რაც თქვა, გასაოცარი იყო; მან თქვა, რომ მოსამართლე ადამიანთა შორის ცხოვრობდა, მოკვდა და ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა.
22 პავლეს სიტყვებს დღესაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვიცით, რომ ღვთის დანიშნული მოსამართლე მკვდრეთით აღმდგარი იესო ქრისტეა (იოან. 5:22). ისიც ვიცით, რომ ათასწლიანი „სასამართლოს დღე“ სწრაფად ახლოვდება (გამოცხ. 20:4, 6). ჩვენ არ გვაფრთხობს ეს დღე, რადგან დარწმუნებულები ვართ, რომ ვისაც მოსამართლე ერთგულად მიიჩნევს, უთვალავ კურთხევას მიიღებს. იმის გარანტი, რომ ეს დიდებული დანაპირები აღსრულდება ის არის, რომ ღმერთმა უდიდესი სასწაული მოახდინა და იესო ქრისტე მკვდრეთით აღადგინა.
ზოგიერთებმა ირწმუნეს (საქმეები 17:32—34)
23. რა რეაქცია მოჰყვა პავლეს ქადაგებას?
23 პავლეს ქადაგებას სხვადასხვაგვარი რეაქცია მოჰყვა. ზოგს „სიცილად არ ეყო“ მკვდრეთით აღდგომა; ზოგი მართალია, თავაზიანი იყო და ამბობდა, „ამის შესახებ სხვა დროსაც მოგისმენთო“, მაგრამ მორწმუნე არ გამხდარა (საქ. 17:32). იყვნენ ისეთებიც, ვინც მიიღეს პავლეს სიტყვა: „ზოგიერთები მიემხრნენ მას და ირწმუნეს. მათ შორის იყვნენ არეოპაგის სასამართლოს მოსამართლე დიონისე, ერთი ქალი, სახელად დამარისი, და სხვები“ (საქ. 17:34). დღესაც მსგავსი რეაქციები აქვს ხალხს ჩვენს ქადაგებაზე. ზოგი დაგვცინის, ზოგი კი თავაზიანად გვემშვიდობება. მაგრამ ჩვენს სიხარულს საზღვარი არა აქვს, როცა ვინმე სამეფოს ცნობას იღებს.
24. რას ვსწავლობთ არეოპაგში პავლეს ქადაგებიდან?
24 პავლეს ქადაგებაზე დაფიქრება გვასწავლის თემის ლოგიკურად განვითარებას, დამაჯერებელ მსჯელობას და მსმენელების შეხედულებების მხედველობაში მიღებას; მისი ქადაგება გვასწავლის მოთმინებისა და ტაქტიანობის აუცილებლობას ცრუ რელიგიური მოძღვრებებით თვალახვეულ ხალხთან ქადაგებისას; აგრეთვე გვასწავლის იმას, რომ მსმენელის გულის მოსაგებად არასდროს უნდა გავაუბრალოოთ ჭეშმარიტება. გარდა ამისა, მოციქული პავლეს მიბაძვით, უფრო ეფექტიანი მქადაგებლები ვიქნებით; ქრისტიანი ზედამხედველებიც დაიხვეწებიან სწავლების ხელოვნებაში. შედეგად მომზადებულები ვიქნებით, რომ დავეხმაროთ სხვებს, ეძებონ ღმერთი და იპოვონ (საქ. 17:27).
a იხილეთ ჩარჩო „ათენი — ძველი მსოფლიოს კულტურული ცენტრი“.
b იხილეთ ჩარჩო „ეპიკურელები და სტოიკოსები“.
c აკროპოლისის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე არეოპაგში უძველესი დროიდან ათენის უზენაესი სასამართლო საბჭო იკრიბებოდა. სიტყვა „არეოპაგში“ ან საბჭო იგულისხმება ან ბორცვი. ამიტომ სწავლულებს შორის არსებობს აზრთა სხვაობა, სად მიიყვანეს პავლე სინამდვილეში — ამ ბორცვზე, ბორცვთან ახლოს, თუ საბჭოს თავშეყრის სხვა ადგილას, შესაძლოა იქვე მოედანზე.
d სამყაროდ ნათარგმნია ბერძნული სიტყვა „კოსმოსი“. მართალია, ბერძნები ამ სიტყვით ფიზიკურ სამყაროს გამოხატავდნენ, მაგრამ ბიბლიაში ეს სიტყვა, ძირითადად, ადამიანებთან მიმართებაში გამოიყენება. შესაძლოა პავლემ საუბრის გაგრძელების სურვილით ბერძნებისთვის ჩვეული გაგებით გამოიყენა ეს სიტყვა.
e პავლემ ციტატა მოიყვანა სტოიკოსი პოეტის, არატეს ასტრონომიული პოემიდან (Phaenomena). მსგავსი აზრი სხვა ბერძენ მწერლებსაც გამოუთქვამთ, მაგალითად, სტოიკოს მწერალს, კლეანთეს თავის ნაწარმოებში (Hymn to Zeus).