წიგნი, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ — ნაწილი 5
საბერძნეთი ბიბლიურ ისტორიაში
ეს არის მეხუთე სტატია იმ შვიდი სტატიიდან, რომელიც „გამოიღვიძეთ!“-ის ყოველ მომდევნო ნომერში გამოქვეყნდება. ეს სტატიები განიხილავს ბიბლიაში მოხსენიებულ შვიდ მსოფლიო მპყრობელს. ამ სტატიების მიზანი იმის ჩვენებაა, რომ ბიბლია სანდოა და ღვთის შთაგონებით არის დაწერილი. მასში ჩაწერილია იმედის მომცემი ცნობა, რომ ადამიანთა არასწორი მმართველობის შედეგად გამოწვეულ ყოველგვარ ტანჯვას ბოლო მოეღება.
ძვ. წ. IV საუკუნეში ახალგაზრდა ალექსანდრე მაკედონელმა საბერძნეთიa მსოფლიო არენაზე გამოიყვანა. ბიბლიური ისტორიის თანახმად, მან იგი მეხუთე მსოფლიო იმპერიად აქცია, თავად კი ისტორიაში ალექსანდრე დიდის სახელით შევიდა. საბერძნეთის წინამორბედი იმპერიები იყო ეგვიპტე, ასურეთი, ბაბილონი და მიდია-სპარსეთი.
ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ მისი იმპერია დაიშალა და დასუსტდა. მაგრამ ამ პოლიტიკური იმპერიის არსებობის შეწყვეტის შემდეგაც ბერძნულმა კულტურამ, ენამ, რელიგიამ და ფილოსოფიამ კიდევ დიდხანს იარსება.
სანდო ისტორია
ბიბლია არაფერს ამბობს იმის შესახებ, იყვნენ თუ არა საბერძნეთის ბატონობის დროს ღვთის წინასწარმეტყველები, და დაიწერა თუ არა ამ პერიოდში ბიბლიის რომელიმე წიგნი. თუმცა, ბიბლიურ წინასწარმეტყველებაში საბერძნეთი აღწერილია. გარდა ამისა, ქრისტიანულ-ბერძნული წერილები, რომელიც, ძირითადად, „ახალი აღთქმის“ სახელით არის ცნობილი, ხშირად საუბრობს ბერძნულ გავლენაზე. ისრაელში ათი ელინისტური ქალაქი იყო, რომელსაც დეკაპოლისი ერქვა, რაც ბერძნულად „ათ ქალაქს“ ნიშნავს (მათე 4:25; მარკოზი 5:20; 7:31). ბიბლია ამ მხარეს რამდენჯერმე მოიხსენიებს. გარდა ამისა, მის არსებობას მსოფლიო ისტორიაც ადასტურებს და თეატრების, ამფითეატრების, ტაძრებისა და აბანოების ნანგრევებიც.
ბიბლიაში აგრეთვე არაერთგან არის ნახსენები ბერძნული კულტურა და რელიგია, განსაკუთრებით „მოციქულთა საქმეებში“, რომელიც ლუკა ექიმმა დაწერა. მოვიყვანოთ რამდენიმე მაგალითი.
ახ. წ. 50 წელს პავლეს ათენში სტუმრობის შესახებ ბიბლია ამბობს, რომ „ქალაქი კერპებით იყო სავსე“ (საქმეები 17:16). ისტორიული ფაქტები ადასტურებს, რომ ათენში და მის შემოგარენში ბევრი კერპი და ტაძარი იყო.
საქმეების 17:21-ში ვკითხულობთ, რომ „ათენელები და იქ დროებით მცხოვრები უცხოელები თავისუფალ დროს მხოლოდ ახალი ამბების მოყოლასა და მოსმენაში ატარებდნენ“. თუკიდიდესა და დემოსთენეს ნაშრომები ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ათენელები გატაცებული იყვნენ საუბრითა და დებატებით.
ბიბლიაში ნათქვამია, რომ „ზოგიერთმა ეპიკურელმა და სტოიკოსმა ფილოსოფოსმა მას [პავლეს] დავა დაუწყო“ და ის აეროპაგშიც კი მიიყვანეს, მისი ქადაგების შესახებ მეტი რომ გაეგოთ (საქმეები 17:18, 19). ათენი განთქმული იყო ფილოსოფოსებით, რომელთა შორის იყვნენ ეპიკურელები და სტოიკოსები.
პავლე ახსენებს ათენელების სამსხვერპლოს, რომელზეც ეწერა: „უცნობ ღმერთს“ (საქმეები 17:23). უცნობი ღმერთის სამსხვერპლოები, როგორც ჩანს, კრეტელი ეპიმენიდეს დადგმული იყო.
ათენელების წინაშე სიტყვით გამოსვლისას პავლეს მოჰყავს ციტატა: „ჩვენ მისი მოდგმა ვართ“. ამ სიტყვებს ის მხოლოდ ერთ პოეტს კი არ მიაწერს, არამედ როგორც თვითონ ამბობს, „თქვენს ზოგ პოეტს“ (საქმეები 17:28). არ არის გამორიცხული, რომ ეს ბერძენი პოეტები არატე და კლეანთე ყოფილიყვნენ.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რატომ აკეთებს ერთი მეცნიერი ასეთ დასკვნას: „როცა პავლეს ათენში ჩასვლის შესახებ მონაკვეთს ვკითხულობ, აშკარად იგრძნობა, რომ ეს თვითმხილველის ნაამბობია“. იმავეს თქმა შეიძლება იმაზე, თუ როგორ აღწერს ბიბლია შემთხვევებს, რომლებიც პავლეს მცირე აზიის ქალაქ ეფესოში გადახდა. ამ ქალაქში ახ. წ. I საუკუნეში ბერძნები წარმართულ თაყვანისმცემლობას ანიჭებდნენ უპირატესობას, განსაკუთრებით ქალღმერთ არტემიდას თაყვანისცემას.
არტემიდას ტაძარი, ძველი მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, წიგნ „საქმეებში“ რამდენჯერმე არის ნახსენები. მაგალითად, ამ წიგნიდან ვიგებთ, რომ პავლეს მსახურებამ ეფესოში ვერცხლის მჭედელი დემეტრიოსი განარისხა, რომელსაც არტემიდას ვერცხლის პატარა ტაძრების კეთება კარგ მოგებას აძლევდა. „ეს პავლე არწმუნებს და აზრს აცვლევინებს დიდძალ ხალხს; ეუბნება, რაც ხელით არის გაკეთებული, ღმერთები არ არიანო“, — ამბობდა გაბრაზებული დემეტრიოსი (საქმეები 19:23—28). შემდეგ დემეტრიოსმა განრისხებული ბრბო შეჰყარა, რომელიც ყვიროდა: „დიდია ეფესოელების არტემიდა!“.
დღეს შეგიძლიათ ეწვიოთ ეფესოს და ნახოთ ქალაქის ნანგრევები და ის ადგილი, სადაც არტემიდას ტაძარი იდგა. უფრო მეტიც, ეფესოში ნაპოვნი ძველი წარწერები იმაზე მოწმობს, რომ კერპებს ქალღმერთის თაყვანსაცემად აკეთებდნენ და ქალაქში ბევრი ვერცხლის მჭედელი მუშაობდა.
უტყუარი წინასწარმეტყველება
ალექსანდრე დიდის დაბადებამდე დაახლოებით 200 წლით ადრე იეჰოვა ღმერთის წინასწარმეტყველი, დანიელი მსოფლიო ბატონობის შესახებ წერდა: „დავინახე, მოდიოდა ვაცი მზის ჩასავლიდან მთელი დედამიწის პირზე და მიწას ფეხს არ აკარებდა. ვაცს თვალებს შორის ადვილად შესამჩნევი რქა ჰქონდა. იგი პირდაპირ იმ ორრქიანი ვერძისკენ მიემართებოდა . . . გამძვინვარებული მიექანებოდა მისკენ . . . გამწარებული ეძგერა მას და ორივე რქა მოსტეხა; ვერძს მასთან გამკლავების ძალა არ აღმოაჩნდა. ის მიწაზე დაანარცხა და ზედ შესდგა . . . ვაცი მეტისმეტად გამედიდურდა, მაგრამ როგორც კი გაძლიერდა, მოსტყდა დიდი რქა; ადვილად შესამჩნევი იყო, მის ნაცვლად როგორ ამოუვიდა ოთხი რქა ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით“ (დანიელი 8:5—8).
ვის ეხება ეს სიტყვები? დანიელი თავად პასუხობს: „ორრქიანი ვერძი, რომელიც იხილე, მიდიისა და სპარსეთის მეფეები არიან. ბალნიანი ვაცი საბერძნეთის მეფეა; მისი დიდი რქა, რომელიც თვალებს შორის ჰქონდა, პირველი მეფეა“ (დანიელი 8:20—22).
დაფიქრდით, როცა ბაბილონი მსოფლიო იმპერია იყო, ბიბლია წინასწარმეტყველებდა, რომ მას მიდია-სპარსეთი და საბერძნეთი შეცვლიდა. უფრო მეტიც, ზემოაღნიშნულის თანახმად, ბიბლიაში კონკრეტულად ჩაიწერა, რომ როგორც კი „დიდი რქა“, ანუ ალექსანდრე გაძლიერდებოდა, „მოსტყდებოდა რქა“ და მათ ნაცვლად ოთხი რქა ამოვიდოდა, რომელთაგან, როგორც მოგვიანებით წინასწარმეტყველი დასძენს, არც ერთი არ იქნებოდა მისი შთამომავალი (დანიელი 11:4).
ეს წინასწარმეტყველება ზედმიწევნით შესრულდა. ალექსანდრე ძვ. წ. 336 წელს გამეფდა და შვიდი წლის შემდეგ სპარსეთის ძლევამოსილი მეფე დარიოს III დაამარცხა. ალექსანდრე განაგრძობდა თავისი იმპერიის საზღვრების გაფართოებას, სანამ ძვ. წ. 323 წელს 32 წლის ასაკში არ დაიღუპა. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ არავინ გამხდარა ერთპიროვნული მმართველი და არც მისი შთამომავალი ასულა ტახტზე. როგორც წიგნ „ელინისტურ ხანაშია“ ნათქვამი, ოთხმა მხედართმთავარმა — ლისიმაქემ, კასანდრემ, სელევკემ და პტოლემემ — თავი „მეფეებად გამოაცხადა“ და იმპერიის მართვის სადავეები ხელში ჩაიგდო.
ალექსანდრეს მიერ იმპერიის გაფართოების პერიოდში სხვა ბიბლიური წინასწარმეტყველებებიც შესრულდა. მაგალითად, წინასწარმეტყველებმა ეზეკიელმა და ზაქარიამ, რომლებიც ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში ცხოვრობდნენ, იწინასწარმეტყველეს ქალაქ ტვიროსის განადგურება (ეზეკიელი 26:3—5 12; 27:32—36; ზაქარია 9:3, 4). ეზეკიელმა ისიც კი დაწერა, რომ ტვიროსის ქვები და მტვერი „ზღვის შუაგულში“ აღმოჩნდებოდა. შესრულდა ეს სიტყვები?
ვნახოთ, რა გააკეთა ალექსანდრეს ჯარმა ძვ. წ. 332 წელს, როცა ტვიროსს ალყა შემოარტყა. მათ კონტინენტზე მდებარე გაპარტახებული ტვიროსიდან შეაგროვეს ნანგრევები, ჩაყარეს ზღვაში, რათა კუნძულამდე გზა გაეყვანათ. ამ სტრატეგიამ გაამართლა და ტვიროსი დაეცა. „ტვიროსზე წარმოთქმული წინასწარმეტყველება შესრულდა თვით უმნიშვნელო დეტალებშიც კი“, — აღნიშნა მე-19 საუკუნის მეცნიერმა, რომელიც ამ ადგილს იკვლევდაb.
უტყუარი იმედი
ალექსანდრეს დაპყრობით ომებს მშვიდობა და უსაფრთხოება არ მოუტანია მაშინდელი მსოფლიოსთვის. ძველ ბერძენთა მმართველობის მიმოხილვის შემდეგ ერთმა მეცნიერმა აღნიშნა: „უბრალო ხალხის ყოფა . . . დიდად არ შეცვლილა“. ისტორიის მანძილზე ასეთი რამ ხშირად გამეორებულა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს ბიბლიის სიტყვების უტყუარობას, რომ „კაცი კაცზე მძლავრობს მისდა საზიანოდ“ (ეკლესიასტე 8:9).
მაგრამ ცუდი მმართველობა სამუდამოდ არ იარსებებს, რადგან ღმერთმა დაამყარა მთავრობა, რომელიც ადამიანის შექმნილ მმართველობას ბევრად აღემატება. ღვთის სამეფო შეცვლის ყველა ადამიანურ მმართველობას და მისი ქვეშევრდომები ნამდვილი და ხანგრძლივი მშვიდობითა და უსაფრთხოებით გაიხარებენ (ესაია 25:6; 65:21, 22; დანიელი 2:35, 44; გამოცხადება 11:15).
ღვთის სამეფოს მეფე იესო ქრისტეა. ძალაუფლების მოყვარული და ქედმაღალი მმართველებისგან განსხვავებით, იესო ყველაფერს ღვთისა და ადამიანების სიყვარულით აკეთებს. მის შესახებ ფსალმუნმომღერალმა იწინასწარმეტყველა: „ის დაიხსნის ღარიბს, შველას რომ ითხოვს, დაჩაგრულს და მას, ვისაც შემწე არა ჰყავს. ის შეიბრალებს საწყალსა და ღარიბს, იხსნის ღარიბთა სულებს. ჩაგვრისა და ძალადობისგან გამოისყიდის მათ სულებს“ (ფსალმუნი 72:12—14).
გსურთ, ასეთი მმართველი გყავდეთ? კარგი იქნება, თუ წაიკითხავთ მეექვსე მსოფლიო იმპერიის, რომის შესახებ. სწორედ რომის იმპერიის ბატონობის დროს მოევლინა ქვეყანას ნაწინასწარმეტყველები მხსნელი, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა კაცობრიობის ისტორიაში. წაიკითხეთ ამ სტატიათა სერიიდან მეექვსე სტატია, რომელიც ამ ჟურნალის მომდევნო ნომერში გამოქვეყნდება.
a ამ სტატიაში საუბარია ძველ საბერძნეთზე და არა თანამედროვე საბერძნეთის საზღვრებზე.
b როგორც ეზეკიელმა იწინასწარმეტყველა, პირველად ტვიროსი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო (ეზეკიელი 26:7). შემდეგ ქალაქი აღადგინეს, ხოლო აღდგენილი ქალაქი ალექსანდრემ გაანადგურა, რითაც წინასწარმეტყველთა თითოეული სიტყვა შესრულდა.