ქრისტიანები და წუთისოფელი
„სიბრძნით მოიქეცით გარეშეთა მიმართ“ (კოლასელთა 4:5).
1. რა თქვა იესომ თავისი მიმდევრებისა და წუთისოფლის შესახებ?
იესომ ზეციერი მამისადმი ლოცვაში თავისი მიმდევრების შესახებ თქვა: „წუთისოფელმა შეიძულა ისინი, რადგან არ არიან წუთისოფლისანი, როგორც მე არ ვარ წუთისოფლისა“. შემდეგ დაამატა: „არ გევედრები, რომ წუთისოფლიდან წაიყვანო ისინი, არამედ, რომ დაიცვა ბოროტისაგან“ (იოანე 17:14, 15). ქრისტიანები ფიზიკურად არ უნდა ყოფილიყვნენ წუთისოფლისგან გამოყოფილი, მაგალითად, მონასტრებში განცალკევებული. პირიქით, ქრისტემ ‘წუთისოფელში მიავლინა ისინი’, რათა „ქვეყნის კიდემდე“ მისი მოწმეები ყოფილიყვნენ (იოანე 17:18; საქმეები 1:8). მაგრამ ის ღმერთს სთხოვდა, დაეცვა ისინი, რადგან სატანა, „ამ წუთისოფლის მთავარი“, ქრისტეს სახელის გამო მათ მიმართ სიძულვილს აღძრავდა (იოანე 12:31; მათე 24:9).
2. ა) როგორ იყენებს ბიბლია სიტყვა „წუთისოფელს“? ბ) როგორი გაწონასწორებულობა გამოავლინა იეჰოვამ წუთისოფლის მიმართ?
2 ბიბლიაში სიტყვა „წუთისოფელი“ (ბერძნულად „კოʹსმოს“) ხშირად უსამართლო ადამიანთა საზოგადოებაზე მიუთითებს, რომელიც „ბოროტებაში ძევს“ (1 იოანე 5:19). რადგან ქრისტიანები ემორჩილებიან ღვთის ნორმებს და აგრეთვე ასრულებენ მითითებას, იქადაგონ წუთისოფელში ღვთის სამეფოზე, ზოგჯერ წუთისოფელსა და მათ შორის ურთიერთობა მწვავდება (2 ტიმოთე 3:12; 1 იოანე 3:1, 13). მაგრამ ბიბლიაში სიტყვა „კოʹსმოს“-ი მთელი კაცობრიობის მიმართაც გამოიყენება. იესო წუთისოფელზე ამ მნიშვნელობით ლაპარაკობდა, როცა თქვა: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე. რადგან იმიტომ კი არ მოავლინა ღმერთმა თავისი ძე წუთისოფლად, რომ განეკითხა წუთისოფელი, არამედ გადარჩენილიყო მის მიერ“ (იოანე 3:16, 17; 2 კორინთელთა 5:19; 1 იოანე 4:14). ამგვარად, იმ დროს, როცა იეჰოვას სძულს ის, რაც სატანის ბოროტი წუთისოფლისთვისაა დამახასიათებელი, მან კაცობრიობის მიმართ სიყვარული გამოავლინა და დედამიწაზე გამოგზავნა თავისი ძე, რათა ეხსნა ყველა, ვინც ‘მოინანიებდა’ (2 პეტრე 3:9; იგავნი 6:16–19). წუთისოფელზე იეჰოვას გაწონასწორებული თვალსაზრისით უნდა ხელმძღვანელობდნენ მისი მიმდევრები.
იესოს მაგალითი
3, 4. ა) რა პოზიცია ეჭირა იესოს მმართველობასთან დაკავშირებით? ბ) როგორი დამოკიდებულება ჰქონდა იესოს წუთისოფელთან?
3 სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე იესომ პონტოელ პილატეს უთხრა: „ჩემი სამეფო არ არის ამ წუთისოფლისა“ (იოანე 18:36). ამ სიტყვებთან სრულ თანხმობაშია იესოს ადრინდელი მოქმედება, როცა მან უარყო სატანის შეთავაზებული ძალაუფლება წუთისოფლის სამეფოებზე და წინააღუდგა იუდეველების მიერ მისი გამეფების მცდელობას (ლუკა 4:5–8; იოანე 6:14, 15). და მაინც იესომ წუთისოფლის მიმართ დიდი სიყვარული გამოავლინა. ამის მაგალითი ჩაწერა მათემ თავის ცნობაში: „ხალხის ბრბო რომ დაინახა, შეებრალა ისინი, ვინაიდან ისინი დაუძლურებულნი და დაფანტულნი იყვნენ, როგორც უმწყემსო ცხვარი“. სიყვარულიდან გამომდინარე ის მიდიოდა ადამიანებთან ქალაქებსა და სოფლებში, რათა მათთვის ექადაგა. ასწავლიდა და კურნავდა მათ (მათე 9:36). გარდა ამისა, გულისხმიერებით ეკიდებოდა მასთან სასწავლებლად მისული ხალხის ფიზიკურ მოთხოვნილებებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: «იესომ. . . მოუხმო თავის მოწაფეებს და უთხრა: „მებრალება ეს ხალხი, სამი დღე რომ ჩემთან არის და საჭმელი კი არაფერი აქვს. არ მინდა მათი უჭმელად გაშვება, რათა გზაში არ დაუძლურდნენ“» (მათე 15:32). რა სიყვარულით სავსე მზრუნველობაა!
4 იუდეველებს ძალიან მყარი წინასწარ შექმნილი ცუდი აზრი ჰქონდათ სამარიელებზე, მაგრამ იესო საკმაოდ დიდხანს ესაუბრა სამარიელ ქალს; აგრეთვე ორი დღე დაუთმო სამარიელთა ქალაქში საფუძვლიან დამოწმებას (იოანე 4:5–42). თუმცა ღმერთმა იესო „ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან“ მიავლინა, ზოგჯერ ის ეხმაურებოდა არაიუდეველებისგან რწმენის გამოვლენასაც (მათე 8:5–13; 15:21–28). დიახ, იესომ აჩვენა, რომ შესაძლებელია ‘არ იყო წუთისოფლისა’ და, ამავე დროს, სიყვარული გამოავლინო წუთისოფლის ხალხისადმი, ადამიანებისადმი. ვავლენთ თუ არა მსგავს თანაგრძნობას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ჩვენს ირგვლივ ცხოვრობენ, მუშაობენ ან რომლებსაც საყიდლებზე სიარულისას ვხვდებით? ვზრუნავთ თუ არა მათ კეთილდღეობაზე არა მარტო სულიერ, არამედ სხვა მოთხოვნილებებთან დაკავშირებითაც, რომლებშიც შეგვიძლია დაგეხმაროთ? იესო ასე აკეთებდა და ამგვარი მოქმედებით მან გზა გაიკვალა, რათა ხალხისთვის სამეფოს შესახებ ესწავლებინა. მართალია, ჩვენ არ შეგვიძლია იესოს მსგავსად, პირდაპირი გაგებით, სასწაულების მოხდენა. მაგრამ სიკეთის კეთება ხშირად, ასე ვთქვათ, სასწაულივით მოქმედებს, რომელიც ამსხვრევს იეჰოვას მოწმეთა შესახებ წინასწარ აკვიატებულ ცუდ აზრებს.
პავლეს დამოკიდებულება ‘გარეშეებთან’
5, 6. როგორ ეპყრობოდა მოციქული პავლე ‘გარეშე’ იუდეველებს?
5 მოციქული პავლე თავის რამდენიმე წერილში მოიხსენიებს ‘გარეშეებს’ და გულისხმობს როგორც იუდეველ, ასევე არაიუდეველ ადამიანებს, რომლებიც ქრისტიანები არ არიან (1 კორინთელთა 5:12; 1 თესალონიკელთა 4:12; 1 ტიმოთე 3:7). როგორ ეპყრობოდა პავლე ასეთ პიროვნებებს? ის ‘ყველასთვის ყველაფერი გახდა’, რათა ზოგიერთები ეხსნა როგორმე (1 კორინთელთა 9:20–22). ქალაქში ჩასვლისას, ჩვეულებისამებრ, პირველად იქ მცხოვრებ იუდეველებთან ქადაგებდა. როგორ მიმართავდა ის ხალხს? პავლე ტაქტიანად და თავაზიანად აჩვენებდა მათ დამაჯერებელ ბიბლიურ მტკიცებებს მესიის მოსვლის შესახებ, რომელმაც მსხვერპლად შესწირა თავისი სიცოცხლე, ხოლო შემდეგ აღდგენილ იქნა (საქმეები 13:5, 14–16, 43; 17:1–3, 10).
6 ამგვარად პავლე რჯულისა და წინასწარმეტყველებების შესახებ იუდეველების შემეცნებაზე დაფუძნებით ასწავლიდა მათ მესიისა და ღვთის სამეფოს შესახებ. და მან წარმატებას მიაღწია; მრავალმა ირწმუნა (საქმეები 14:1; 17:4). იუდეველი წინამძღოლების წინააღმდეგობის მიუხედავად, პავლემ თანამემამულეების მიმართ სითბო გამოავლინა, როცა წერდა: „ძმებო! ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღვთისადმი ისრაელისათვის არის, რათა გადარჩნენ. ვინაიდან ვუმოწმებ მათ რომ აქვთ გულმოდგინება ღვთისადმი, ოღონდ არა შეგნებულად“ (რომაელთა 10:1, 2).
არაიუდეველი მორწმუნეებისათვის დახმარება
7. როგორ გამოეხმაურა მრავალი პროზელიტი პავლეს მიერ კეთილი ცნობის ქადაგებას?
7 პროზელიტები იყვნენ არაიუდეველები, რომლებიც იუდაიზმის წინადაცვეთილი მიმდევრები გახდნენ. როგორც ჩანს, პროზელიტი იუდეველები იყვნენ რომში, ანტიოქიაში (სირია), ეთიოპიასა და პისიდიის ანტიოქიაში, დიახ, ყველგან იუდეველთა დიასპორაში (საქმეები 2:8–10; 6:5; 8:27; 13:14, 43; შეადარე მათე 23:15, აფ). მრავალი იუდეველი წინამძღოლისგან განსხვავებით, პროზელიტები, ალბათ, ქედმაღლები არ იყვნენ; აგრეთვე ისინი სიამაყით ვერ დაიკვეხნიდნენ, რომ აბრაამის შთამომავლები იყვნენ (მათე 3:9; იოანე 8:33). პირიქით, მათ უარყვეს წარმართული ღმერთები, თავმდაბლურად შემობრუნდნენ იეჰოვასკენ და იეჰოვასა და მისი რჯულის შესახებ გარკვეული შემეცნება შეიძინეს. და მიიღეს მესიის მოსვლის შესახებ იუდეველთა იმედი. ცვლილებებისთვის მზადყოფნის შედეგად, რაც ჭეშმარიტების ძიებაში გამოავლინეს, მრავალი მათგანი მზად იყო, უფრო მეტად შეცვლილიყო და მიეღო პავლე მოციქულის ქადაგება (საქმეები 13:42, 43). წარსულში, როცა წარმართი ღმერთების თაყვანისმცემელი პროზელიტი ქრისტიანი ხდებოდა, ის განსაკუთრებით იყო აღჭურვილი, ექადაგა სხვა წარმართებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ იმ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს.
8, 9. ა) პროზელიტების გარდა, კიდევ რომელი წარმართების ყურადღება მიიპყრო იუდეველთა რელიგიამ? ბ) როგორ გამოეხმაურა ბევრი წინადაუცვეთელი ღვთისმოშიში კეთილ ცნობას?
8 წინადაცვეთილი პროზელიტების გარდა, იუდეველთა რელიგიამ სხვა არაიუდეველების ყურადღებაც მიიპყრო. ქრისტეს რჯულზე მოქცეულთა შორის პირველი იყო კორნელიუსი, თუმცა არაპროზელიტი, მაგრამ „კეთილმსახური და ღვთისმოშიში“ (საქმეები 10:2). „საქმეების“ წიგნთან დაკავშირებით პროფესორი ფ. ფ. ბრიუსი წერდა: «ასეთ წარმართებს, ჩვეულებრივ, „ღვთისმოშიშებს“ უწოდებენ; თუმცა ეს არ არის ოფიციალური გამოთქმა, მაგრამ სავსებით შესაფერისია. იმ დროს, როცა მრავალი წარმართი მზად არ იყო, სრულიად მოქცეულიყო (წინადაცვეთის მოთხოვნა განსაკუთრებით მამაკაცებს აბრკოლებდა), ისინი მიიზიდა იუდეველთა სინაგოგაში არსებულმა უბრალო მონოთეისტურმა თაყვანისმცემლობამ და იმ ეთიკურმა ნორმებმა, რომლების მიხედვითაც იუდეველები ცხოვრობდნენ. ზოგი მათგანი დადიოდა სინაგოგაში და საკმაოდ კარგად ეცნობოდა იმ ლოცვებსა და ბიბლიურ ნაწყვეტებს, რომლებსაც ბერძნული თარგმანის კითხვისას ისმენდა».
9 მცირე აზიასა და საბერძნეთში ქადაგებისას მოციქული პავლე მრავალ ღვთისმოშიშ პიროვნებას შეხვდა. პისიდიის ანტიოქიაში ის იქაურ სინაგოგაში შეკრებილებს მიმართავდა: „კაცნო ისრაელიანნო და ღვთის მოშიშნო“ (საქმეები 13:16, 26). ლუკა წერს, რომ თესალონიკეს სინაგოგაში სამი შაბათის განმავლობაში პავლეს ქადაგების შემდეგ „ზოგმა მათგანმა [იუდეველმა] ირწმუნა [მიიღო ქრისტიანობა] და შეუერთდა პავლესა და სილას, როგორც მრავალი ღვთისმოშიში ბერძენი, ასევე ბევრი დიდგვაროვანი ქალი“ (საქმეები 17:4). შესაძლებელია, ამ ბერძნებიდან ზოგიერთი წინადაუცვეთელი ღვთისმოშიში იყო. ეს იმის მტკიცებაა, რომ მრავალი ასეთი წარმართი შეუერთდა იუდეველთა საზოგადოებას.
ქადაგება „ურწმუნოებს“ შორის
10. როგორ უქადაგა პავლემ წარმართებს, რომლებსაც არავითარი ბიბლიური ცოდნა არ ჰქონდათ და რა შედეგით?
10 ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში სიტყვა ‘ურწმუნო’ შეიძლება ქრისტიანული კრების გარეთ მყოფ ხალხზე მიუთითებს. ხშირად ის წარმართებზე მიუთითებდა (რომაელთა 15:31; 1 კორინთელთა 14:22, 23; 2 კორინთელთა 4:4; 6:14). მრავალი ათენელი ურწმუნო კარგად იყო გაცნობილი ბერძნულ ფილოსოფიას, ხოლო ბიბლიაში არავითარი ცოდნა არ ჰქონდა. ხელი შეუშალა თუ არა ამან პავლეს ექადაგა მათთვის? არა. ის მათთან ქადაგებდა, მაგრამ ქადაგების სტილი მდგომარეობას შეუსაბამა. ის ოსტატურად იყენებდა ბიბლიურ აზრებს და ამ დროს არ ციტირებდა უშუალოდ ებრაული წერილებიდან, რომლებიც ათენელებისთვის უცხო იყო. პავლე მარჯვედ აჩვენებდა ბიბლიურ ჭეშმარიტებასა და ძველი დროის სტოიკოსი პოეტების მიერ გამოთქმულ გარკვეულ აზრებს შორის მსგავსებას. ის ქადაგებდა ცნობას მთელი კაცობრიობის ერთადერთი ღმერთის შესახებ, ღმერთის, რომელიც სამართლიანად გაასამართლებს იმ ადამიანის მეშვეობით, ვინც მოკვდა და აღდგენილ იქნა. ამგვარად, პავლემ ათენელებს ტაქტიანად უქადაგა ქრისტეს შესახებ. შედეგი? მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა აშკარად დასცინოდა მას ან სკეპტიკურად იყო განწყობილი „ზოგიერთნი მიემხრნენ და ირწმუნეს — მათ შორის დიონისიოს არეოპაგელმა და ქალმა, სახელად დამარისმა, და სხვებმაც მათთან ერთად“ (საქმეები 17:18, 21–34).
11. როგორი ქალაქი იყო კორინთი და რა შედეგი მოჰყვა იქ პავლეს ქადაგებას?
11 კორინთში იუდეველთა საკმაოდ დიდი საზოგადოება იყო, ამიტომ პავლემ თავისი მსახურება იქაურ სინაგოგაში ქადაგებით დაიწყო. მაგრამ, როცა იუდეველების მხრიდან წინააღმდეგობას წააწყდა, წარმართებთან წავიდა (საქმეები 18:1–6). თანაც რა ხალხთან მივიდა! კორინთი საქმიანი, მსოფლიო მასშტაბის კომერციული ქალაქი იყო, რომელიც ბერძნულ-იტალიურ სამყაროში თავისი უზნეობით იყო ცნობილი. მართლაც, ამ ქალაქის სახელწოდებისგან ნაწარმოები ზმნა უზნეო მოქმედების აღმნიშვნელი იყო. მაგრამ ყოველივე ეს მოხდა მას შემდეგ, რაც იუდეველებმა არ მიიღეს პავლეს ქადაგება, რომელშიც ის ამბობდა, რომ ქრისტე მოევლინა მას და უთხრა: „ნუ შეგეშინდება, არამედ ილაპარაკე. . . რადგან ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში“ (საქმეები 18:9, 10). სწორედ ასეც მოხდა; პავლემ კორინთში კრება დააფუძნა, თუმცა კრების ზოგი წევრი ადრე „კორინთული“ ცხოვრების წესს მისდევდა (1 კორინთელთა 6:9–11).
„ყველა ადამიანის“ ხსნის მცდელობა დღეს
12, 13. ა) რა მსგავსებაა დღევანდელ და პავლეს დროინდელ სამქადაგებლო ტერიტორიებს შორის? ბ) რა დამოკიდებულებას ვავლენთ იმ ტერიტორიებში, სადაც ქრისტიანული სამყაროს რელიგიები საუკუნეებია, რაც არსებობს ან, სადაც რელიგიების მიმართ მრავალი რწმენადაკარგულია?
12 დღეს, ისევე როგორც პირველ საუკუნეში ‘ღვთის მადლს, ყველა ადამიანისთვის მოაქვს ხსნა’ (ტიტე 2:11). კეთილი ცნობის ქადაგებამ მოიცვა ყველა ქვეყანა და კუნძულების უმეტესობა. და, როგორც პავლეს დღეებში, დღესაც, მართლაც, ‘ყველანაირ ადამიანს’ ვხვდებით. მაგალითად, ზოგი ჩვენგანი ქადაგებს ქვეყნებში, სადაც ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები საუკუნეებია, რაც ფუნქციონირებს. პირველი საუკუნის იუდეველების მსგავსად, მათი წევრები შესაძლოა რელიგიური ტრადიციებით მაგრად იყვნენ შებოჭილი. მიუხედავად ამისა, სიამოვნებით ვეძებთ ისეთ პიროვნებებს, რომლებსაც კარგი გული აქვთ და როგორი ბიბლიური ცოდნაც არ უნდა ჰქონდეთ, ვეხმარებით მათ. ჩვენ არ ვსაუბრობთ მათთან დამამცირებლად ან ზიზღით მაშინაც კი, როცა მათი რელიგიური წინამძღოლები წინააღმდეგობას გვიწევენ და გვდევნიან. პირიქით, ჩვენ გვესმის, რომ, ზუსტი შემეცნების უქონლობის მიუხედავად, ზოგ მათგანს შეიძლება ‘ღვთისადმი გულმოდგინება ჰქონდეს’. იესოსა და პავლეს მსგავსად, ჩვენც ხალხისადმი წრფელ სიყვარულს ვავლენთ და ძალიან გვსურს, რომ ისინი გადარჩნენ (რომაელთა 10:2).
13 ქადაგებისას მრავალი ჩვენგანი რელიგიებზე რწმენადაკარგულ პიროვნებებს ხვდება. მიუხედავად ამისა, ისინი შეიძლება ჯერაც ღვთისმოშიშები არიან, გარკვეულწილად სწამთ ღმერთი და ცდილობენ, პატიოსნად იცხოვრონ. განა არ უნდა გვიხაროდეს, როცა ამ უკუღმართ და უღვთოებისკენ ზრდის ტენდენციის მქონე თაობაში ვხვდებით ადამიანებს, რომლებსაც ღვთისადმი რაღაც რწმენა აქვთ? და ნუთუ არ გვსურს, ვაჩვენოთ მათ ისეთი თაყვანისმცემლობის გზა, რომელშიც არ არის ფარისევლობა და სიყალბე? (ფილიპელთა 2:15).
14, 15. როგორ შეიქმნა ვრცელი ტერიტორია კეთილი ცნობის ქადაგებისთვის?
14 იესომ ბადის შესახებ იგავში იწინასწარმეტყველა, რომ სამქადაგებლო საქმიანობა დიდ ტერიტორიაზე გავრცელდებოდა (მათე 13:47–49). ამ იგავის ახსნისას 1992 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკის“ [რუს.] მე-20 გვერდზე ნათქვამი იყო შემდეგი სიტყვები: „საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანული სამყაროს წევრები მთავარ როლს ასრულებდნენ ღვთის სიტყვის თარგმნაში, ასლების გადაღებასა და გავრცელებაში. მოგვიანებით ეკლესიები აფუძნებდნენ ან მხარს უჭერდნენ ბიბლიურ საზოგადოებებს, რომლებიც ბიბლიას თარგმნიდნენ დაშორებული ქვეყნების ენებზე. აგრეთვე ისინი მისიონერებად აგზავნიდნენ მედიკოსებსა და მასწავლებლებს, რომლებიც ადამიანებს ფსევდოქრისტიანებად ხდიდნენ. ასე შეიკრიბა საკმაოდ ბევრი ცუდი თევზი, რომლებიც ღმერთს არ მოსწონდა. მაგრამ ეკლესიებმა, სულ მცირე, მილიონობით არაქრისტიანის ყურადღება მიაპყრო ბიბლიასა და ქრისტიანობის რომელიმე ფორმას, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფორმა უკვე სახეშეცვლილი იყო“.
15 ქრისტიანული სამყაროს მიერ თავიანთ რწმენაში მოქცევის საქმე განსაკუთრებით ეფექტური იყო სამხრეთ ამერიკაში, აფრიკასა და კუნძულებზე. დღეს მრავალი უწყინარი პიროვნება დასახლდა ამ მხარეებში და კვლავაც ბევრი კარგი რამის გაკეთება შეგვიძლია, თუ ოპტიმისტურად, სიყვარულით მივუდგებით ასეთ თვინიერ ადამიანებს, როგორც ამას პავლე აკეთებდა იუდეველი პროზელიტების მიმართ. მათ შორის, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ აგრეთვე არიან მილიონები, რომლებიც კეთილგანწყობილები არიან იეჰოვას მოწმეების მიმართ. ისინი ყოველთვის სიამოვნებით გვღებულობენ. ზოგი ჩვენთან ერთად სწავლობს ბიბლიას და ესწრება ჩვენს შეხვედრებს, განსაკუთრებით კი ყოველწლიურ „ქრისტეს გახსენების საღამოს“. განა ასეთი პიროვნებები სამეფოს შესახებ ქადაგებისთვის ვრცელ ტერიტორიას არ ქმნიან?
16, 17. ა) როგორ ხალხს ვხვდებით კეთილი ცნობის ქადაგებისას? ბ) როგორ ვბაძავთ პავლეს სხვადასხვა ადამიანებთან ქადაგებით?
16 გარდა ამისა, როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს იმ პიროვნებებთან, რომლებიც არ არიან ქრისტიანული სამყაროდან და, რომლებსაც მათ მშობლიურ ქვეყნებში ან დასავლეთის ქვეყნებში იმიგრაციაში მყოფებს ვხვდებით? და რა შეიძლება ითქვას იმ მილიონებზე, რომლებმაც სრულიად უარყვეს რელიგია და ათეისტები ან აგნოსტიკოსები გახდნენ? უფრო მეტიც, რა უნდა ვუყოთ იმ პიროვნებებს, რომლებიც თითქმის რელიგიური ფანატიზმით მისდევენ ფილოსოფიას ან პოპულარულ ფსიქოლოგიას, რომლითაც სავსეა მრავალი წიგნის მაღაზიების თაროები? უნდა უგულებელვყოთ რომელიმე ასეთი ადამიანი და ჩავთვალოთ, რომ ხსნა მათ არ ეხება? თუ მოციქულ პავლეს მივბაძავთ, არა.
17 ათენში ქადაგებისას პავლე არ გაბმულა მსმენელებთან ფილოსოფიური კამათის მახეში. მაგრამ მან თავისი მსჯელობა იმ ხალხის მდგომარეობას შეუსაბამა, ვისაც ესაუბრებოდა და ბიბლიური ჭეშმარიტება ნათელი, ლოგიკური გზით გადასცა. მსგავსად ამისა, ჩვენ არ უნდა გავხდეთ იმ ადამიანთა რელიგიებისა და ფილოსოფიების მკვლევარები, რომლებსაც ვუქადაგებთ. მაგრამ დამოწმება რომ ეფექტური გავხადოთ, ის მსმენელს უნდა შევუსაბამოთ და ამგვარად გავხდეთ „ყველასათვის ყველაფერი“ (1 კორინთელთა 9:22). კოლასელ ქრისტიანთა მიმართ წერილში პავლე ამბობდა: „სიბრძნით მოიქეცით გარეშეთა მიმართ და მოივაჭრეთ ჟამი. თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი იყოს, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ“ (კოლასელთა 4:5, 6).
18. რა მოვალეობა გვაქვს და რა არ უნდა დაგვავიწყდეს არასოდეს?
18 იესოსა და მოციქულ პავლეს მსგავსად, ჩვენც გამოვავლინოთ სიყვარული ყველანაირი ადამიანის მიმართ. განსაკუთრებით კი ყოველი ღონე მოვახმაროთ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის სხვებისთვის გაზიარებას. მეორე მხრივ, არასოდეს დაგვავიწყდეს იესოს მიერ თავისი მოწაფეების შესახებ ნათქვამი სიტყვები: „ისინი წუთისოფლისანი არ არიან“ (იოანე 17:16). თუ რას ნიშნავს ეს ჩვენთვის, განხილული იქნება მომდევნო სტატიაში.
გამეორებისთვის
◻ აღწერე წუთისოფლის შესახებ იესოს გაწონასწორებული თვალსაზრისი.
◻ როგორ უქადაგა პავლემ იუდეველებსა და პროზელიტებს?
◻ როგორი მიდგომა ჰქონდა პავლეს ღვთისმოშიშ ურწმუნოებთან?
◻ როგორ შეგვიძლია ქადაგებისას ‘ყველასთვის ყველაფერი გავხდეთ’?
[სურათები 10 გვერდზე]
ხალხის მიმართ კეთილად მოპყრობით, ქრისტიანები ხშირად ამსხვრევენ მათ შესახებ წინასწარ შექმნილ ცუდ აზრს.