‘იზრდებოდა უფლის სიტყვა’
„[იეჰოვა] წარმოავლენს თავის სიტყვას დედამიწაზე, ანაზდეულად გაიქცევა ნათქვამი მისი“ (ფსალმუნი 147:4).
1, 2. რა დავალება მისცა იესომ თავის მოწაფეებს და რა შედიოდა ამაში?
ერთ-ერთი ყველაზე საოცარი ბიბლიური წინასწარმეტყველება საქმეების 1:8-შია მოცემული. ზეცაში ამაღლებამდე ცოტა ხნით ადრე იესომ თავის ერთგულ მიმდევრებს უთხრა: „თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი. . . ქვეყნის კიდემდე“. რა გრანდიოზული საქმიანობა იქნებოდა ეს!
2 ღვთის სიტყვის მთელ დედამიწაზე გავრცელება არც ისე ადვილი საქმე ჩანდა იმ ერთი მუჭა მოწაფეებისთვის, რომლებმაც ეს დავალება მიიღეს. განვიხილოთ, თუ რა შედიოდა ამ დავალებაში. მოწაფეები ხალხს ღვთის სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის გაგებაში უნდა დახმარებოდნენ (მათე 24:14). იესოს მოწმედ ყოფნისთვის მისი დიდებული მოძღვრების სხვებისთვის სწავლება და იეჰოვას განზრახვაში მისი როლის შესახებ სხვების გათვითცნობიერება იყო საჭირო. გარდა ამისა, ამ საქმეში ხალხის მოწაფეებად გახდომა და შემდეგ მათი მონათვლაც შედიოდა. და ყოველივე ეს მსოფლიო მასშტაბით უნდა გაკეთებულიყო! (მათე 28:19, 20).
3. რაში დაარწმუნა იესომ თავისი მიმდევრები და როგორ გამოეხმაურნენ ისინი თავიანთი მოძღვრის დავალებას?
3 მიუხედავად ამისა, იესომ თავისი მოწაფეები დაარწმუნა, რომ მიცემული დავალების შესრულებისას სულიწმიდა მათთან ერთად იქნებოდა. ამგვარად, დავალების მასშტაბებისა და მოწინააღმდეგეთა მხრიდან მათი გაჩუმების სასტიკი და ულმობელი მცდელობის მიუხედავად, იესოს პირველი საუკუნის მოწაფეებმა წარმატებით შეასრულეს თავიანთი მოძღვრის მითითება. ეს ისტორიული ფაქტია, რომლის უარყოფა შეუძლებელია.
4. როგორ გამოვლინდა ღვთის სიყვარული ადამიანებისთვის ქადაგებისა და სწავლების საქმიანობის დაკისრებით?
4 მსოფლიო მასშტაბით სამქადაგებლო და საგანმანათლებლო კამპანიის წამოწყება ღვთის სიყვარულის გამოვლინება იყო მათ მიმართ, ვინც ღმერთს არ იცნობდა. ამან ხალხს იეჰოვასთან დაახლოებისა და მისგან ცოდვების მიტევების საშუალება მისცა (საქმეები 26:18). ქადაგებისა და სწავლების დავალებაში იმ ადამიანების მიმართ ღვთის სიყვარულიც გამოვლინდა, რომლებიც ამ ცნობას ახარებდნენ, რადგან ასე მოქმედებით ამ ადამიანებს იეჰოვასადმი ერთგულებისა და თანამოძმისადმი სიყვარულის გამოვლენის საშუალება ეძლეოდათ (მათე 22:37—39). მოციქული პავლე იმდენად აფასებდა ქრისტიანულ მსახურებას, რომ მას ‘განძად’ მიიჩნევდა (2 კორინთელთა 4:7).
5. ა) სად შეგვიძლია პირველი საუკუნის ქრისტიანების შესახებ ყველაზე სანდო ინფორმაციის პოვნა და რა ზრდაზეა მასში მოთხრობილი? ბ) რატომ არის დღეს წიგნი „მოციქულთა საქმეები“ მნიშვნელოვანი ღვთის მსახურთათვის?
5 პირველი საუკუნის ქრისტიანების სამქადაგებლო მოღვაწეობის შესახებ ყველაზე სანდო ინფორმაციის პოვნა ღვთის შთაგონებით დაწერილ წიგნ „მოციქულთა საქმეებში“ შეიძლება; აღნიშნული წიგნი მოწაფე ლუკას მიერ არის დაწერილი. ეს არის ანგარიში საოცარი და სწრაფი ზრდის შესახებ. ღვთის სიტყვის შემეცნების ეს ზრდა შეგვახსენებს ფსალმუნის 147:4-ში მოცემულ სიტყვებს: „[იეჰოვა] წარმოავლენს თავის სიტყვას დედამიწაზე, ანაზდეულად გაიქცევა ნათქვამი მისი“. სულიწმიდით გაძლიერებული ადრინდელი მოწაფეების შესახებ ცნობები დღეს ჩვენთვის აღმაფრთოვანებელიცაა და დიდად მნიშვნელოვანიც. იეჰოვას მოწმეებიც სამქადაგებლო და მოწაფეების მომზადების იმავე საქმეში ვართ ჩაბმული; განსხვავება მხოლოდ მასშტაბებშია — ჩვენ უფრო დიდი მასშატაბით ვეწევით ამ საქმიანობას. პრობლემებსაც ისეთსავეს ვაწყდებით, როგორსაც — პირველი საუკუნის ქრისტიანები. იმის განხილვით, თუ როგორ აკურთხებდა და აძლიერებდა იეჰოვა პირველი საუკუნის ქრისტიანებს, ღვთის მხარდაჭერისადმი ჩვენი რწმენა კიდევ უფრო განმტკიცდება.
მოწაფეების რიცხობრივი ზრდა
6. ზრდასთან დაკავშირებით რომელი გამოთქმა გვხვდება სამჯერ წიგნ „მოციქულთა საქმეებში“ და რაზე მიუთითებს ეს?
6 ერთ-ერთი საშუალება იმის გამოსაკვლევად, შესრულდა თუ არა საქმეების 1:8-ში მოცემული სიტყვები, არის გამოთქმის ‘იზრდებოდა უფლის სიტყვა’-ს განხილვა. ეს ფრაზა უმნიშვნელო ვარიაციებით სულ სამჯერ გვხვდება ბიბლიაში და სამჯერვე წიგნ „მოციქულთა საქმეებში“ (საქმეები 6:7; 12:24; 19:20). „უფლის სიტყვა“ ანუ „ღვთის სიტყვა“ ამ ადგილებში მიუთითებს კეთილ ცნობაზე — ღვთის ჭეშმარიტების შესახებ ცოცხალ და ძლიერ ცნობაზე — რომელმაც შეცვალა მათი ცხოვრება, ვინც ეს ცნობა მიიღო (ებრაელთა 4:12).
7. რას გულისხმობს ღვთის სიტყვის ზრდა საქმეების 6:7-ში და რა მოხდა ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე?
7 ღვთის სიტყვის ზრდის შესახებ პირველად საქმეების 6:7-შია მოხსენიებული. ამ მუხლში ნათქვამია: „იზრდებოდა ღვთის სიტყვა და ძალიან მრავლდებოდა მოწაფეთა რიცხვი იერუსალიმში და მღვდელთაგანიც ბევრი ემორჩილებოდა რწმენას“. აქ „იზრდებოდა“-ში მოწაფეების რაოდენობრივი ზრდა იგულისხმება. ცოტა ხნით ადრე, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ზედა ოთახში შეკრებილ დაახლოებით 120 მოწაფეზე გადმოვიდა სულიწმიდა. პეტრე მოციქულმა მაშინ აღმაფრთოვანებელი მოხსენება წარმოთქვა და იმ დღესვე იქ მყოფი მსმენელებიდან დაახლოებით 3 000 გახდა მორწმუნე. რამდენად აღმაფრთოვანებელი უნდა ყოფილიყო იმ ათასობით ადამიანის დანახვა, რომლებიც იერუსალიმში და მის მახლობლად მდებარე წყალსატევისკენ ან წყალსატევებისკენ მიემართებოდნენ, რათა მონათლულიყვნენ იესოს სახელით, იმ მამაკაცის სახელით, რომელიც 50 დღის წინათ ბოროტმოქმედივით ძელს მიამსჭვალეს! (საქმეები 2:41).
8. როგორ გაიზარდა მორწმუნეთა რიცხვი ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ?
8 ეს, რა თქმა უნდა, მხოლოდ დასაწყისი იყო. იუდეველ რელიგიურ წინამძღოლთა გამუდმებული მცდელობა, ჩაეხშოთ სამქადაგებლო მსახურება, ამაო გამოდგა. „უფალი მათ [მოწაფეებს] დღითიდღე სძენდა დახსნილთ“, — რაც იმ რელიგიურ წინამღოლებს გულს უხეთქავდა (საქმეები 2:47). მალე „მათმა [მოწაფეების] რიცხვმა ხუთი ათასამდე მიაღწია“. ამის შემდეგ კი „სულ უფრო და უფრო ემატებოდნენ უფალს მორწმუნეები, მრავალი მამაკაცი და დედაკაცი“ (საქმეები 4:4; 5:14). უფრო გვიანი პერიოდის შესახებ ბიბლიაში ვკითხულობთ: „ეკლესიას მთელ იუდეაში, გალილეასა და სამარიაში მშვიდობა ჰქონდა, შენდებოდა, ვიდოდა უფლის მოშიშობით და სულიწმიდის ნუგეშისცემით მრავლდებოდა“ (საქმეები 9:31). რამდენიმე წლის შემდეგ, შესაძლოა, დაახლოებით ახ. წ. 58 წელს, ბიბლიური ცნობის თანახმად, ‘ათასობით მორწმუნე’ იყო (საქმეები 21:20). იმ დროს იმ მორწმუნეებს შორის მრავალი არაებრაელიც გახლდათ.
9. როგორ აღწერდით პირველი საუკუნის ქრისტიანებს?
9 ეს რიცხობრივი ზრდა ახალმოქცეულთა შემოერთებით ხდებოდა. რელიგია ახალი იყო, მაგრამ — ძალზე აქტიური. დღევანდელი ეკლესიის პასიური წევრებისგან რადიკალურად განსხვავებით, მოწაფეები იეჰოვასა და მისი სიტყვისადმი იყვნენ მთლიანად მიძღვნილი და ზოგ მათგანს ჭეშმარიტება იმ ადამიანებისგან ჰქონდა მიღებული, რომლებსაც სასტიკად დევნიდნენ (საქმეები 16:23, 26—33). ახალმოქცეულებს ქრისტიანობის მიღება ლოგიკური მსჯელობის საფუძველზე შეგნებულად ჰქონდათ გადაწყვეტილი (რომაელთა 12:1). ისინი გაცნობილი იყვნენ ღვთის გზებს; ჭეშმარიტება გონებასა და გულში ჰქონდათ ჩაბეჭდილი (ებრაელთა 8:10, 11). ეს ადამიანები მზად იყვნენ, თავიანთი რწმენისთვის მომკვდარიყვნენ კიდეც (საქმეები 7:51—60).
10. რა პასუხისმგებლობა დაეკისრათ ადრინდელ ქრისტიანებს და დღევანდელობასთან რა პარალელის გავლება შეიძლება?
10 მათ, ვინც ქრისტიანული მოძღვრება მიიღო, ესმოდათ, რომ ჭეშმარიტების სხვებისთვის გაზიარება თავიანთი მოვალეობაც იყო. უშუალოდ ეს უწყობდა ხელს მათ შემდგომ რიცხობრივ ზრდას. ერთმა ბიბლეისტმა თქვა: „რწმენის სხვებისთვის გაზიარება მხოლოდ ენთუზიასტი მქადაგებლების ან ოფიციალურად დანიშნული მქადაგებლის განსაკუთრებული უფლება როდი იყო. ქადაგება ეკლესიის თითოეული წევრის განსაკუთრებული უპირატესობა და მოვალეობა გახლდათ. . . მთელი ქრისტიანული საზოგადოების მიერ ქადაგებაში გამოვლენილმა დიდმა ენთუზიაზმმა თავიდანვე უზარმაზარი ბიძგი მისცა ამ მოძრაობას“. შემდეგ მან დასძინა: „ქადაგება ადრინდელი ქრისტიანების მაცოცხლებელი ძალა იყო“. იმავეს თქმა შეიძლება დღევანდელ ჭეშმარიტ ქრისტიანებზეც.
ტერიტორიული ზრდა
11. რა სახის ზრდაზეა ლაპარაკი საქმეების 12:24-ში და როგორ მოხდა ეს ზრდა?
11 ღვთის სიტყვის ზრდის შესახებ მეორედ საქმეების 12:24-ში მოიხსენიება: „უფლის სიტყვა კი იზრდებოდა და ვრცელდებოდა“. აქ უკვე ლაპარაკია ტერიტორიულ ზრდაზე. ხელისუფლების მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავად, ეს საქმიანობა წინ მიიწევდა. სულიწმიდა მოწაფეებზე პირველად იერუსალიმში გადმოვიდა, რის შემდეგაც ღვთის სიტყვა სწრაფად გავრცელდა. იერუსალიმში დევნის გამო მოწაფეები მთელი იუდეისა და სამარიის ტერიტორიებზე მიმოიფანტნენ. რა მოჰყვა ამას შედეგად? „გაფანტულები მიმოდიოდნენ და ახარებდნენ სიტყვას“ (საქმეები 8:1, 4). ფილიპე ანგელოზმა მიიყვანა მამაკაცთან, რომელმაც მონათვლის შემდეგ სამეფოს შესახებ ცნობა ეთიოპიაში წაიღო (საქმეები 8:26—28, 38, 39). მალე ჭეშმარიტებამ ფესვები გაიდგა ლიდიაში, შარონსა და იაფოში (საქმეები 9:35, 42). მოგვიანებით მოციქულმა პავლემ ათასობით კილომეტრი განვლო როგორც ზღვით, ისე ხმელეთზე და ხმელთაშუა ზღვის მრავალ ქვეყანაში კრებები დააფუძნა. მოქიცული პეტრე ბაბილონში წავიდა (1 პეტრე 5:13). ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე სულიწმიდის გადმოსვლიდან 30 წლის შემდეგ პავლე წერდა, რომ კეთილი ცნობა „ექადაგა ყოველ ქმნილებას ცისქვეშეთში“ და, როგორც ჩანს, მოციქული იმ დროისთვის ცნობილ მსოფლიოზე ლაპარაკობდა (კოლასელთა 1:23).
12. როგორ აღიარებდნენ ქრისტიანობის მოწინააღმდეგენი, რომ ღვთის სიტყვა სულ უფრო ახალ ტერიტორიებზე ვრცელდებოდა?
12 ქრისტიანობის მოწინააღმდეგენიც კი აღიარებდნენ, რომ ღვთის სიტყვამ მთელ რომის იმპერიაში გაიდგა ფესვები. მაგალითად, საქმეების 17:6 გვამცნობს, რომ თესალონიკეში, ჩრდილოეთ საბერძნეთში, მოწინააღმდეგეები ყვიროდნენ: „მთელი ქვეყნის ამრევნი აქაც მოსულან“ (სსგ). შემდეგ, მეორე საუკუნის დასაწყისში, პლინიუს უმცროსმა ბითინიიდან რომის იმპერატორ ტრაიანეს წერილი მისწერა; ის ჩიოდა: „[ქრისტიანობა] არა მარტო ქალაქებში ვრცელდება, არამედ ეპიდემიასავით მოედო მიმდებარე სოფლებსა და მთელ ამ მხარეს“.
13. ადამიანებისადმი ღვთის სიყვარული როგორ გამოვლინდა ტერიტორიულ ზრდაში?
13 ეს ტერიტორიული ზრდა იეჰოვას დიდი სიყვარულის გამოვლენა იყო იმ ადამიანთა მიმართ, რომელთა გამოსყიდვაც შესაძლებელი იყო. როდესაც პეტრემ დაინახა, როგორ მოქმედებდა წარმართ კორნელიოსში სულიწმიდა, თქვა: „ჭეშმარიტად ვრწმუნდები, რომ ღმერთი მიკერძოებული არ არის, არამედ ყოველ ხალხში მისი მოშიში და სიმართლის მოქმედი სათნოა მისთვის“ (საქმეები 10:34, 35). დიახ, კეთილი ცნობა იყო და არის ცნობა ყოველი ერის წარმომადგენლებისთვის; ღვთის სიტყვის სხვადასხვა ტერიტორიაზე უფრო და უფრო გავრცელებამ ნებისმიერ ადგილას მცხოვრებ ადამიანებს იმის საშუალება მისცა, რომ ღვთის სიყვარულს გამოხმაურებოდნენ. დღეს, XXI საუკუნეში, ღვთის სიტყვა, პირდაპირი გაგებით, მთელი დედამიწის ნებისმიერ კუთხე-კუნჭულში გავრცელდა.
ზრდა და ძალის მოკრება
14. რა სახის ზრდაა აღწერილი საქმეების 19:20-ში და რაზე გაიმარჯვა ღვთის სიტყვამ?
14 ღვთის სიტყვის ზრდის შესახებ მესამედ საქმეების 19:20-ში არის მოხსენიებული: „ძლიერად იზრდებოდა და ძალას იკრებდა უფლის სიტყვა“. ბერძნულ დედანში მოცემული სიტყვა, რომელიც ითარგმნა როგორც „ძალას იკრებდა“, „განმტკიცებასაც“ ნიშნავს. წინა მუხლებიდან ჩანს, რომ ეფესოში მრავალი გახდა მორწმუნე და მრავალმა, რომლებიც ადრე ჯადოქრობდნენ, ყველას თვალწინ დაწვა თავისი წიგნები. ამგვარად, ღვთის სიტყვამ ცრუ რელიგიაზე გაიმარჯვა. კეთილმა ცნობამ სხვა დაბრკოლებებსაც, მაგალითად, დევნას, სძლია. ის ვერაფერმა შეაჩერა. ამ თვალსაზრისითაც საოცრად ჰგავს ადრინდელ ქრისტიანობას დღევანდელი ჭეშმარიტი ქრისტიანობა.
15. ა) რა დაწერა ერთმა ბიბლეისტ-ისტორიკოსმა ადრინდელი ქრისტიანების შესახებ? ბ) ვის უმადლოდნენ მოწაფეები თავიანთ წარმატებას?
15 მოციქულები და სხვა ადრინდელი ქრისტიანები ღვთის სიტყვას დიდი ენთუზიაზმით აცხადებდნენ. მათ შესახებ ბიბლეისტ-ისტორიკოსმა აღნიშნა: „როდესაც ადამიანს თავის უფალზე საუბარი სურს, ის ყოველთვის გამოძებნის საშუალებებს ამის გასაკეთებლად. მართლაც, ჩვენზე ამ მამაკაცებისა და ქალების ძალისხმევა უფრო დიდ გავლენას ახდენს, ვიდრე მათი მეთოდები“. და მაინც, ადრინდელი ქრისტიანები აცნობიერებდნენ, რომ მსახურებაში წარმატება მხოლოდ მათ ძალისხმევაზე არ იყო დამოკიდებული. ამ ადამიანებს ღვთისგან ჰქონდათ დავალებული ეს საქმე და მათ ღმერთი ეხმარებოდა კიდეც ამის შესრულებაში. სულიერი ზრდა ღვთისგანაა. მოციქულმა პავლემ აღიარა ეს კორინთელთა მიმართ მიწერილ თავის წერილში. ის წერდა: „მე დავრგე, აპოლომ მორწყა, მაგრამ ღმერთმა გაზარდა. ვინაიდან ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ“ (1 კორინთელთა 3:6, 9).
სულიწმიდა მოქმედებს
16. რა ცხადყოფს, რომ სულიწმიდამ შეაძლებინა მოწაფეებს გაბედულად ლაპარაკი?
16 გაიხსენეთ, თუ როგორ არწმუნებდა იესო თავის მოწაფეებს, რომ სულიწმიდა თავის როლს შეასრულებდა ღვთის სიტყვის ზრდაში და მისცემდა მოწაფეებს ძალას სამქადაგებლო საქმიანობის შესასრულებლად (საქმეები 1:8). როგორ მოხდა ეს? ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე სულიწმიდის გადმოსვლიდან არც ისე დიდი ხნის შემდეგ პეტრე და იოანე იუდეველთა სინედრიონში, ქვეყნის უმაღლეს სასამართლოში, დაიბარეს; ამ სასამართლოს წევრებმა დაასჯევინეს სიკვდილით იესო ქრისტე. აკანკალდნენ შიშისგან მოციქულები ასეთი ძლიერი და მტრულად განწყობილი დარბაზის წინაშე? სულაც არა! სულიწმიდის წყალობით პეტრესა და იოანეს გაბედულებამ გააოგნა მოწინააღმდეგენი და „იცნეს, რომ იესოსთან იყვნენ ისინი“ (საქმეები 4:8, 13). სტეფანესაც სულიწმიდამ შეაძლებინა სინედრიონის წინაშე გაბედულად დამოწმება (საქმეები 6:12; 7:55, 56). უფრო ადრე ღვთის სულმა მოწაფეები გაბედულად ქადაგებისთვის აღძრა. ლუკა გვამცნობს: „როცა ლოცულობდნენ, შეიძრა ის ადგილი, სადაც ისინი იყვნენ შეკრებილნი, და ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და გაბედულად ლაპარაკობდნენ ღვთის სიტყვას“ (საქმეები 4:31).
17. მსახურებაში კიდევ რა და რა სახით ეხმარებოდა სულიწმიდა მოწაფეებს?
17 იეჰოვა თავისი მძლავრი სულიწმიდით მკვდრეთით აღმდგარ იესოსთან ერთად ხელმძღვანელობდა სამქადაგებლო საქმიანობას (იოანე 14:28; 15:26). როდესაც სული კორნელიოსზე, მის ნათესავებსა და ახლო მეგობრებზე გადმოვიდა, მოციქული პეტრე მიხვდა, რომ წინადაუცვეთელი წარმათრებიც შეიძლებოდა იესო ქრისტეს სახელით მონათლულიყვნენ (საქმეები 10:24, 44—48). მოგვიანებით, სულიწმიდის ხელმძღვანელობით მოხდა ბარნაბასა და სავლეს (მოციქულ პავლეს) მისიონერებად დანიშვნა და მათთვის კონკრეტული დავალების მიცემა (საქმეები 13:2, 4; 16:6, 7). ღვთის სული ხელმძღვანელობდა მოციქულთა და იერუსალიმელ უხუცესთა გადაწყვეტილებებს (საქმეები 15:23, 28, 29). სულიწმიდა ქრისტიანულ კრებაში ზედამხედველების დანიშვნასაც ხელმძღვანელობდა (საქმეები 20:28).
18. როგორ გამოხატავდნენ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები სიყვარულს?
18 გარდა ამისა, სულიწმიდა თვით ქრისტიანის პიროვნებაშიც კი ვლინდებოდა და მასში ღვთისმოსაწონ თვისებებს, მაგალითად, სიყვარულს, ავითარებდა (გალატელთა 5:22, 23). სიყვარული კი მოწაფეებს ერთმანეთისთვის მატერიალური დახმარების აღმოსაჩენად უბიძგებდა. მაგალითად, ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ მათ შექმნეს საერთო ფონდი, რომელიც იერუსალიმელი მოწაფეების ფიზიკური მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად იყო გამიზნული. ბიბლიური ცნობა გვაუწყებს: „არავინ იყო მათ შორის გაჭირვებული, ვინაიდან ყველა, ვინც ყანების ან სახლების მესაკუთრე იყო, ყიდდა და გაყიდულის საფასური მოჰქონდა და დებდა მოციქულთა ფერხთით, და თითოეულს უნაწილდებოდა, ვისაც რა სჭირდებოდა“ (საქმეები 4:34, 35). სიყვარულს არა მარტო ერთმანეთის მიმართ ავლენდნენ თანამორწმუნეები, არამედ სხვების მიმართაც; რაც მათთვის კეთილი ცნობის გაზიარებითა და სხვა კეთილი საქმეებით ვლინდებოდა (საქმეები 28:8, 9). იესომ თქვა, რომ მის მიმდევრებს თავგანწირული სიყვარულით განარჩევდნენ სხვებისგან (იოანე 13:34, 35). ნამდვილად, ძალზე მნიშვნელოვანი თვისება, სიყვარული, პირველ საუკუნეში ხალხს ღვთისკენ იზიდავდა და ზრდას უწყობდა ხელს; ეს ასეა დღესაც (მათე 5:14, 16).
19. ა) რა სამი მიმართულებით გაიზარდა იეჰოვას სიტყვა პირველ საუკუნეში? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
19 სიტყვა „სულიწმიდა“ წიგნში „მოციქულთა საქმეები“ (კს) სულ 43-ჯერ გვხვდება. ცხადია, პირველ საუკუნეში ჭეშმარიტ ქრისტიანთა ზრდა უშუალოდ იყო დაკავშირებული სულიწმიდის ძალასა და ხელმძღვანელობასთან. მოწაფეთა რაოდენობა გაიზარდა, ღვთის სიტყვამ ვრცელი ტერიტორიები მოიცვა, მან იმ ეპოქის ცრუ რელიგიებსა და ფილოსოფიებზე გაიმარჯვა. პირველ საუკუნეში მომხდარი ამ ზრდის ანალოგი დღეს იეჰოვას მოწმეთა საქმიანობაა. მომდევნო სტატიაში განვიხილავთ ჩვენს დღეებში ღვთის სიტყვის ისეთსავე შთამბეჭდავ ზრდას, როგორიც პირველ საუკუნეში იყო.
შეგიძლიათ გაიხსენოთ?
• როგორ გაიზარდა მოწაფეთა რიცხვი პირველ საუკუნეში?
• როგორ გავრცელდა ახალ ტერიტორიებზე ღვთის სიტყვა?
• როგორ გაიმარჯვა ღვთის სიტყვამ პირველ საუკუნეში?
• რა როლი შეასრულა სულიწმიდამ ღვთის სიტყვის ზრდაში?
[სურათი 12 გვერდზე]
ფილიპემ ეთიოპელს უქადაგა, რის საშუალებითაც კეთილმა ცნობამ ახალ ტერიტორიას მიაღწია.
[სურათი 13 გვერდზე]
იერუსალიმში მყოფ მოციქულებსა და უხუცესებს სულიწმიდა ხელმძღვანელობდა.
[საავტორო უფლება 10 გვერდზე]
Upper right corner: Reproduction of the City of Jerusalem at the time of the Second Temple - located on the grounds of the Holyland Hotel, Jerusalem