უნდა ახასიათებდეთ ქრისტიანებს მოშურნეობა?
არის თუ არა მოშურნეობა ის თვისება, რომელიც ქრისტიანებმა უნდა შეიძინონ? ჩვენ, ქრისტიანებს, ღმერთი მოგვიწოდებს, რომ ‘ვესწრაფოთ სიყვარულს’ და გვეუბნება, რომ ‘სიყვარულს არ შურს’ (1 კორინთელთა 13:4; 14:1). ამავე დროს, ბიბლიაში იმასაც ვკითხულობთ, რომ ‘ღმერთი მოშურნეა’. ჩვენ კი მოგვიწოდებენ, რომ ‘მივბაძოთ ღმერთს’ (გამოსვლა 34:14, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა; ეფესელთა 5:1). ამ ბიბლიური მუხლების გამო ზოგს კითხვები ებადება. რატომ?
იმიტომ, რომ „შურად“ და „მოშურნეობად“ გადმოთარგმნილ ებრაულ და ბერძნულ სიტყვებს ფართო გაგება ანუ ფართო მნიშვნელობა აქვს. ამ სიტყვებს კონტექსტის მიხედვით შეიძლება დადებითი ან უარყოფითი გაგება ჰქონდეს. მაგალითად, ეს ებრაული სიტყვა შეიძლება ნიშნავდეს „განსაკუთრებულ ერთგულებას, ყოველგვარი მეტოქეობის შეუწყნარებლობას, გულმოდგინებას, თავგამოდებას, მოშურნეობას და შურს“. შესაბამის ბერძნულ სიტყვასაც იგივე მნიშვნელობები აქვს. ეს სიტყვები შეიძლება მიუთითებდეს იმ დამახინჯებულ გრძნობაზეც, ანუ ემოციაზე, რომელსაც ადამიანი სავარაუდო კონკურენტის ან ისეთი პიროვნების მიმართ ავლენს, ვინც წარმატებას აღწევს (იგავნი 14:30). ებრაულ და ბერძნულ სიტყვებს დადებითი გაგებაც აქვს, რომელიც ღვთისგან ბოძებულ იმ კარგ თვისებაზე მიუთითებს, რომელიც საყვარელი ადამიანების დასაცავად აღგვძრავს (2 კორინთელთა 11:2, სსგ).
უბადლო მაგალითი
მოშურნეობის გამოვლენის უბადლო მაგალითი იეჰოვამ მოგვცა. მისი მოტივები წმინდა და სუფთაა, რაც იმისკენ აღძრავს, რომ თავისი ხალხი სულიერი და ზნეობრივი გახრწნისგან დაიცვას. ძველად მან თავისი ხალხის შესახებ, რომელსაც სიონად მოიხსენიებს, თქვა: «დიდი შურითა [„მოშურნეობითა“, აქ] და დიდი რისხვით ვარ აღძრული მის [სიონის] მიმართ [„მის დასაცავად“, აქ]» (ზაქარია 8:2). მოსიყვარულე მამის მსგავსად, რომელიც ყოველთვის ფხიზლობს, რათა შვილებს არაფერი ევნოთ, იეჰოვაც ფხიზლობს, რომ თავისი მსახურები ფიზიკური და სულიერი საფრთხისგან დაიცვას.
თავის ხალხს იეჰოვა საკუთარი სიტყვის, ბიბლიის მეშვეობით იცავს. ამ წიგნში მრავალი რჩევაა, რათა ადამიანებმა თავიანთ ნაბიჯებს გონივრული მიმართულება მისცენ და მოცემულია უამრავი მაგალითი მათ შესახებ, ვინც ასე მოქმედებდა. ესაიას 48:17-ში ვკითხულობთ: „მე ვარ უფალი, შენი ღმერთი, დამმოძღვრავი სასიკეთოდ, სავალ გზაზე შენი წარმმართველი“. რამდენად გამამხნევებელია ჩვენთვის იმის ცოდნა, რომ იეჰოვას მოშურნეობა ანუ გულმოდგინება უბიძგებს, იზრუნოს ჩვენზე და დაგვიცვას! ის რომ არ ავლენდეს ამ თვისებას, ჩვენი გამოუცდელობის გამო ბევრი რამ მოგვაყენებდა ზიანს. რა თქმა უნდა, იეჰოვა ამ თვისებას ეგოისტურად არ იყენებს.
ზემოთქმულის თანახმად, რა სხვაობა არის შურსა და მოშურნეობას შორის? ამის გასარკვევად განვიხილოთ მირიამისა და ფინხასის მაგალითები. ყურადღება მიაქციეთ, რა უბიძგებდა მათ მოქმედებისკენ.
მირიამი და ფინხასი
მოსესა და აარონს, რომლებმაც ისრაელი ერის ეგვიპტიდან გამოყვანას უხელმძღვანელეს, ჰყავდათ და, მირიამი. უდაბნოში ყოფნისას მირიამს თავისი ძმის, მოსესი, შეშურდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „კიცხავდნენ მოსეს მირიამი და აარონი ქუშელი ცოლის გამო, რომელიც ნათხოვი ჰყავდა ... ამბობდნენ: ნუთუ მხოლოდ მოსეს ელაპარაკებოდა უფალი? განა ჩვენც არ გველაპარაკებოდა?“. როგორც ჩანს, მოსეს წინააღმდეგ მოქმედება მირიამმა წამოიწყო, რადგან იეჰოვამ უდიერი საქციელისთვის მირიამი დასაჯა (ერთი კვირის განმავლობაში კეთრი შეჰყარა) და არა აარონი (რიცხვნი 12:1—15).
რამ აღძრა მირიამი, რომ მოსეს წინააღმდეგ ემოქმედა? იმიტომ გააკეთა ეს, რომ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაზე შესტკიოდა გული და თანამემამულეთა დაცვა სურდა? როგორც ჩანს, არა. მირიამი არასწორ სურვილებს აჰყვა და უფრო მეტი პატივი და ძალაუფლება მოისურვა. მას, როგორც წინასწარმეტყველ ქალს, ისრაელში დიდ პატივს მიაგებდნენ, განსაკუთრებით კი ქალები. წითელ ზღვასთან სასწაულებრივი ხსნის შემდეგ, სწორედ მან წამოიწყო დაფდაფებზე დაკვრა და სიმღერა. გარკვეული დროის შემდეგ კი, იმის გამო შეფიქრიანდა, ვაითუ მოსეს ცოლის გამო ჩემი მდგომარეობა დავკარგოო. შურით აღძრული, მოსეს, იეჰოვას დანიშნული კაცის, წინააღმდეგ გამოვიდა (გამოსვლა 15:1, 20, 21).
ფინხასს კი სულ სხვა მოტივებმა უბიძგა მოქმედებისკენ. აღთქმულ მიწაზე შესვლის წინ, როდესაც ისრაელი მოაბის ველზე იყო დაბანაკებული, მოაბელმა და მიდიელმა ქალებმა ისრაელი მამაკაცები უზნეობასა და კერპთაყვანისმცემლობაში ჩაითრიეს. ბანაკის განსაწმენდად და იეჰოვას რისხვის შესაჩერებლად ისრაელის მსაჯულებს ყველა განდგომილი მამაკაცის მოკვლა ებრძანათ. სიმონიანთა მოდგმის თავკაცმა, ზიმრიმ, უზნეობის ჩადენის მიზნით მოაბელი ქალი, ქოზბი, მიიყვანა ბანაკში „ისრაელიანთა მთელი საზოგადოების თვალწინ“. ფინხასმა გაბედულად იმოქმედა. იეჰოვას თაყვანისმცემლობისადმი მოშურნეობამ და ბანაკში ზნეობრივი სიწმინდის შენარჩუნების სურვილმა ფინხასი აღძრა, რომ მეძავები მათივე კარავში განეგმირა. ფინხასმა ქება დაიმსახურა იმისათვის, რომ ‘შური აღეძრა იეჰოვას გამო’. მისი დაუყოვნებელი მოქმედების წყალობით შეწყდა ისრაელთა განადგურება, რამაც 24000 ადამიანი შეიწირა. იეჰოვამ ფინხასი „მისი შთამომავლობისთვის სამარადისო მღვდლობის აღთქმის“ მიცემით დააჯილდოვა (რიცხვნი 25:4—13).
რით განსხვავდებოდა ერთმანეთისგან ეს ორი შემთხვევა? მირიამი საკუთარი ძმის წინააღმდეგ სამოქმედოდ შურიანობამ აღძრა. ფინხასმა კი სამართალი ღვთისმოსაწონი მოშურნეობის საფუძველზე აღასრულა. არის დრო, როდესაც ფინხასის მსგავსად, ჩვენც პირდაპირ უნდა ვთქვათ რაიმე ან ვიმოქმედოთ იეჰოვას სახელის, მისი თაყვანისმცემლობისა და ხალხის დასაცავად.
უადგილო მოშურნეობა
მაგრამ, არის თუ არა მოშურნეობის არასწორად და უადგილოდ გამოვლენის საშიშროება? დიახ, არის. ეს ასეც ხდებოდა პირველ საუკუნეში იუდეველებს შორის. ისინი თავგამოდებით იცავდნენ ღვთის რჯულს და თავიანთ ტრადიციებს. რჯული ზიანის მომტანი ზეგავლენისგან რომ დაეცვათ, მათ უთვალავი წესი და შეზღუდვა შემოიღეს, რაც ხალხს მძიმე ტვირთად დააწვა (მათე 23:4); ან არ შეეძლოთ, ან არ სურდათ ეღიარებინათ, რომ ღმერთმა მოსეს რჯული იმით შეცვალა, რისი პირველსახეც ეს რჯული იყო, და თავიანთ მოშურნეობას იესო ქრისტეს მიმდევრებზე რისხვის გადმონთხევით ავლენდნენ. მოციქულმა პავლემ, რომელიც ერთ დროს თავად იყო რჯულის თავგამოდებული დამცველი, აღნიშნა, რომ რჯულის დამცველებს ‘ჰქონდათ გულმოდგინება ღვთისადმი, ოღონდ არა შეგნებულად’ (რომაელთა 10:2; გალატელთა 1:14).
იმ იუდეველებსაც კი, რომლებიც ქრისტიანები გახდნენ, გაუძნელდათ რჯულისადმი მეტისმეტი თავგამოდების მოშლა. მესამე მისიონერული მოგზაურობის შემდეგ, პავლემ პირველი საუკუნის ხელმძღვანელ საბჭოს ანგარიში ჩააბარა სხვა ერების ქრისტიანობაზე მოქცევის თაობაზე. იმ პერიოდში აგრეთვე იყო ათასობით ებრაელი ქრისტიანი, რომლებიც „რჯულის მოშურნენი“ ანუ რჯულის გულმოდგინე დამცველნი იყვნენ (საქმეები 21:20). ეს კი სწორედ იმის შემდგომ წლებში მოხდა, რაც ხელმძღვანელმა საბჭომ გადაწყვიტა, რომ არაებრაელ ქრისტიანებს წინადაცვეთა არ სჭირდებოდათ. რჯულის დაცვასთან დაკავშირებით სხვა საკითხებიც იწვევდა განხეთქილებას კრებაში (საქმეები 15:1, 2, 28, 29; გალატელთა 4:9, 10; 5:7—12). რადგან კარგად არ ესმოდათ, როგორ ხელმძღვანელობდა იეჰოვა თავის ხალხს, ზოგიერთი იუდეველი ქრისტიანი თავის თვალსაზრისზე იდგა და სხვებს აკრიტიკებდა (კოლასელთა 2:17; ებრაელთა 10:1).
ამიტომ ჩვენც უნდა მოვერიდოთ მოშურნეობის ანუ გულმოდგინების არასწორად გამოვლენას ჩვენი ისეთი იდეებისა და არჩეული კურსის დასაცავად, რომლებიც ღვთის სიტყვაზე არ არის მყარად დაფუძნებული. კარგს ვშვრებით, როდესაც იმ არხის საშუალებით, რომელსაც დღეისათვის იეჰოვა იყენებს, ვიღებთ სინათლეს, რომელიც ღვთის სიტყვას ეფინება.
იყავით იეჰოვასთვის მოშურნე
მოშურნეობას თავისი ადგილი უკავია ღვთისადმი ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობაში. როდესაც გვიჩნდება სურვილი, თავგამოდებით დავიცვათ საკუთარი რეპუტაცია და უფლებები, ღვთისადმი მოშურნეობა გვეხმარება, რომ ყურადღება იეჰოვაზე გავამახვილოთ. ის აღგვძრავს, სხვადასხვა საშუალებები ვეძებოთ მის შესახებ ჭეშმარიტების გასაცხადებლად და მისი გზებისა და ხალხის დასაცავად.
იეჰოვას მოწმე სრული დროით მსახურ აკიკოს ერთ-ერთი მობინადრე შეეწინააღმდეგა, რადგან მას სისხლთან დაკავშირებით ღვთის კანონზე არასწორი წარმოდგენა ჰქონდა. აკიკომ ტაქტიანად დაიცვა ღვთის სიტყვა და სამედიცინო გართულებები და ის პრობლემებიც კი მოიხსენია, რომლებიც სისხლის გადასხმას სდევს თან. იეჰოვას განდიდების დიდმა სურვილმა უბიძგა, საუბარი იმ მიმართულებით წაეყვანა, რომ ამ ქალისთვის დაენახვებინა, რომ მისი უნდობლობა შემოქმედისადმი მცირე რწმენის ბრალი იყო. მსჯელობის საფუძველზე აკიკომ ამ ქალბატონს დაანახვა, როგორ მიუთითებენ ქმნილებები შემოქმედის არსებობაზე. თავისი მრწამსის მტკიცედ დაცვით აკიკომ არა მხოლოდ ცრურწმენა გაუქარწყლა ამ მანდილოსანს, არამედ ბიბლიის შესწავლის დაწყებასაც ჩაუყარა საფუძველი. დღეისათვის კი ეს ერთ დროს განრისხებული მობინადრე იეჰოვას სახელს განადიდებს.
ჭეშმარიტი თაყვანისცემისადმი მოშურნეობა ანუ გულმოდგინება აღგვძრავს, სიფხიზლე გამოვავლინოთ და ხელიდან არ გავუშვათ ჩვენი რწმენის დასაცავად საუბრის შესაძლებლობა სამსახურში, სკოლაში, მაღაზიაში თუ მგზავრობის დროს. მაგალითად, მიდორის გადაწყვეტილი აქვს, რომ ყოველთვის ესაუბროს თანამშრომლებს საკუთარი რწმენის შესახებ. ერთხელ, 40 წელს გადაცილებულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა მას განუცხადა, რომ იეჰოვას მოწმეებთან საუბარი საერთოდ არ აინტერესებდა. მოგვიანებით, მოწმეებთან საუბრისას ამ ქალმა თავისი წუხილი გამოთქვა, რომ მის ქალიშვილს ცუდი თვისებები უვითარდებოდა. მიდორიმ მას წიგნი „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“a უჩვენა და შესთავაზა, რომ ამ წიგნს მის ქალიშვილს შეასწავლიდა. შესწავლა დაიწყო, მაგრამ დედა არასდროს ესწრებოდა. მაშინ მიდორიმ გადაწყვიტა, მისთვის ეჩვენებინა ვიდეოფილმი „ორგანიზაცია სახელწოდებით იეჰოვას მოწმეები“*. ამ ფილმმა მას არასწორი შეხედულებები გაუბათილა. ნანახით აღფრთოვანებულმა ასეთი რამ თქვა: „მეც მინდა იეჰოვას მოწმეებს ვგავდე!“. მალე კი თავის გოგონას ბიბლიის შესწავლაში შეუერთდა.
მოშურნეობას სათანადო ადგილი უკავია ქრისტიანულ კრებაშიც. ის ხელს უწყობს ერთმანეთისადმი თბილი გრძნობებისა და მზრუნველობის გამოვლენას. სწორედ ის გვიბიძგებს, წინ აღვუდგეთ ისეთ მავნე გავლენას, რომელმაც შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს სულიერ და-ძმებს, მაგალითად, ჭორაობასა და განდგომილებას. მოშურნეობა ანუ გულმოდგინება აღგვძრავს, მხარი დავუჭიროთ უხუცესებს, რომლებიც ზოგჯერ ხედავენ, რომ კრებაში ამა თუ იმ პიროვნების გაკიცხვა აუცილებელია (1 კორინთელთა 5:11—13; 1 ტიმოთე 5:20). იმასთან დაკავშირებით, თუ რა გრძნობები გააჩნდა კორინთელი თანამორწმუნეების მიმართ, პავლემ თქვა: „რადგანაც საღმრთო შურით მშურს თქვენთვის; ვინაიდან დაგწინდეთ ერთ კაცზე, რათა უბიწო ქალწულად წარგადგინოთ ქრისტეს წინაშე“ (2 კორინთელთა 11:2, სსგ). ასევე დღესაც, მოშურნეობა ანუ გულმოდგინება აღგვძრავს, ყველაფერი გავაკეთოთ კრებაში სწავლების, სულიერობისა და ზნეობის სუფთად დასაცავად.
დიახ, სწორი მოტივებიდან გამომდინარე მოშურნეობა სხვებზე დადებით გავლენას ახდენს. იეჰოვას მოსწონს ეს თვისება და ის დღევანდელი ქრისტიანებისთვის დამახასიათებელი ერთ-ერთი თვისებათაგანი უნდა იყოს (იოანე 2:17).
[სქოლიოები]
a გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ.
[სურათები 29 გვერდზე]
ფინხასი მოშურნეობამ აღძრა, ემოქმედა.
[სურათები 30 გვერდზე]
მოერიდეთ უადგილო მოშურნეობის გამოვლენას.
[სურათები 31 გვერდზე]
სწორედ მოშურნეობა ანუ გულმოდგინება გვიბიძგებს, რომ სხვებს ჩვენი რწმენა გავუზიაროთ და ვიზრუნოთ ჩვენს საძმოზე.