„განსაცდელში ზღვაზე“
ღამის წყვდიადში გემი, რომელზეც 276 მგზავრია, ხმელთაშუა ზღვაში მდებარე ერთ-ერთ კუნძულს უახლოვდება. ეკიპაჟი და მგზავრები 14 დღის განმავლობაში ბობოქარ ზღვაში გემის ტორტმანის გამო გადაღლილები არიან. გარიჟრაჟდა და ყურე გამოჩნდა. ცდილობენ გემის ნაპირზე მიყენებას, მაგრამ გემის ცხვირი მეჩეჩში ერჭობა, კიჩოს კი აბობოქრებული ტალღები ლეწავს. ყველა ტოვებს გემს. ზოგი მიცურავს, ზოგი კი ფიცრებს ან ხომალდის სხვა ნამსხვრევებს ეჭიდება და ახერხებს, მალტის ნაპირებზე მიღწევას. შეცივებულები და ქანცგაწყვეტილები აბობოქრებულ ზვირთებს თავს აღწევენ. მგზავრებს შორის ქრისტიანი მოციქული პავლეცაა, რომელიც გასასამართლებლად რომში მიჰყავთ (საქმეები 27:27–44).
კუნძულ მალტასთან გემის დაღუპვა პავლესთვის არ იყო ზღვაში პირველი სახიფათო ეპიზოდი. რამდენიმე წლით ადრე მან დაწერა: „სამჯერ გემის მსხვრევა განვიცადე, ღამე და დღე შუა ზღვაში დავყავი“. შემდეგ დაამატა, რომ იყო „განსაცდელში ზღვაზე“ (2 კორინთელთა 11:25–27). ზღვით მგზავრობა პავლეს დაეხმარა, შეესრულებინა ღვთისგან დაკისრებული როლი: ‘წარმართთა მოციქულობა’ (რომაელთა 11:13).
რამდენად გავრცელებული იყო პირველ საუკუნეში ზღვით მგზავრობა? რა როლს ასრულებდა ის ქრისტიანობის გავრცელებაში? რამდენად უსაფრთხო იყო? როგორ ხომალდებს იყენებდნენ? როგორი მომსახურება ჰქონდათ მგზავრებს?
რომისთვის აუცილებელი იყო საზღვაო ვაჭრობა
რომაელები ხმელთაშუა ზღვას „ჩვენს ზღვას“ (Mare Nostrum) ეძახდნენ. რომი საზღვაო გზებს მხოლოდ სამხედრო ინტერესებისთვის არ აკონტროლებდა. რომის იმპერიის ბევრი ქალაქი საპორტო იყო, ბევრს კი ეს პორტები ემსახურებოდა. მაგალითად, რომს პორტი ოსტიას მახლობლად ჰქონდა, კორინთი ლექეონსა და კენქრეს იყენებდა, ანტიოქიას (სირია) კი სელევკია ემსახურებოდა. ამ პორტებს შორის კარგი კავშირი უზრუნველყოფდა მთავარ ქალაქებს შორის სწრაფ ურთიერთობას და ხელს უწყობდა რომს პროვინციების ეფექტურად მართვაში.
რომი საკვებით მომარაგებისთვისაც ნაოსნობაზე იყო დამოკიდებული. დაახლოებით მილიონიან ქალაქში მარცვლეულზე უდიდესი მოთხოვნილება იყო: წელიწადში 250 000-დან 400 000 ტონამდე. საიდან მოჰქონდათ მარცვლეული? იოსებ ფლავიუსს ჰეროდე აგრიპა II-ის სიტყვები მოჰყავს, როცა აღნიშნავს, რომ რომს საკვებით ჩრდილოეთი აფრიკა ამარაგებდა წელიწადის რვა თვე, დანარჩენი ოთხი თვისთვის კი მარცვლეულს ეგვიპტე უგზავნიდა. ათასობით საზღვაო გემს მოჰქონდა მარცვლეული ამ ქალაქში.
საზღვაო ვაჭრობა ყვაოდა, რაც რომაელების ფუფუნებისკენ მისწრაფებას აკმაყოფილებდა. გემებით რომში მრავალგვარი ნედლეული თუ ნაწარმი შეჰქონდათ: კვიპროსიდან, საბერძნეთიდან და ეგვიპტიდან — მთამადნეული, სამშენებლო ქვა და მარმარილო; ლიბანიდან — ხე-ტყე; სმირნადან — ღვინო; დამასკოდან — თხილი; პალესტინიდან — ფინიკი; კილიკიიდან — მალამოები და კაუჩუკი; მილეტიდან და ლაოდიკეიდან — შალი; სირიიდან და ლიბანიდან — ქსოვილები; ტვიროსიდან და სიდონიდან — ძოწეული; თიატირიდან — საღებავები; ალექსანდრიიდან და სიდონიდან — შუშა; ინდოეთიდან და ჩინეთიდან — აბრეშუმი, ბამბა, სპილოს ძვალი და სანელებლები.
რის თქმა შეგვიძლია ხომალდზე, რომელიც მალტის ახლოს დაიღუპა და რომელზეც პავლე იყო? ეს იყო მარცვლეულით დატვირთული „ალექსანდრიის ხომალდი, რომელიც იტალიისაკენ მიცურავდა“ (საქმეები 27:6). მარცვლეულით მოვაჭრე ფლოტები ბერძნების, ფინიკიელებისა და სირიელების საკუთრებაში იყო, რომლებიც განაგებდნენ და ამარაგებდნენ მათ. მაგრამ გემებს რომის ხელისუფლება ქირაობდა. „რომის ხელისუფლებამ დაინახა, რომ უფრო ადვილი იყო კონტრაქტები დაედო და სხვისი მომსახურებით ესარგებლა, ვიდრე შეექმნა უზარმაზარი სტრუქტურა, რომლისთვისაც საჭირო იყო მუშა ხელი და აღჭურვილობა. ის მსგავს პოლიტიკას მიმართავდა გადასახადების აკრეფის საკითხშიც“, — ამბობს ისტორიკოსი უილიამ მ. რამაზი.
რომში პავლე ალექსანდრიისავე ხომალდით ჩავიდა, რომლის სახელწოდებაც იყო „ზევსის შვილები“. ის გაჩერდა პუტეოლის პორტში (ნეაპოლის ყურეში), სადაც, ჩვეულებრივ, მარცვლეულით დატვირთული გემები შედიოდა (საქმეები 28:11–13). პუტეოლიდან (დღევანდელი პოცუოლი) ტვირთი ან სახმელეთო ტრანსპორტით მიჰქონდათ, ან კიდევ უფრო პატარა გემებით ჩრდილოეთით, სანაპიროს გასწვრივ, მდინარე ტიბრის მეშვეობით რომის ცენტრში შეჰქონდათ.
მგზავრები სატვირთო გემებზე?
რატომ მგზავრობდნენ პავლე და ჯარისკაცები სატვირთო გემით? ამ კითხვას რომ ვუპასუხოთ, საჭიროა იმის ცოდნაც, როგორ მოგზაურობდნენ იმ დღეებში ზღვით მგზავრები.
ახ. წ. I საუკუნეში სამგზავრო გემები არ არსებობდა და ხალხი სავაჭრო გემებით მგზავრობდა. ამ ხომალდებით მგზავრობა შეეძლო ყველას: ოფიციალურ პირებს, ინტელიგენციას, მქადაგებლებს, ჯადოქრებს, მხატვრებს, სპორტსმენებს, ვაჭრებს, ტურისტებსა და მოხეტიალე მლოცველებს.
იყო სანაპირო ცურვის გემებიც, რომლებითაც მგზავრებიც გადაჰყავდათ და ტვირთიც გადაჰქონდათ. პავლე შეიძლება ასეთი ტრანსპორტით სარგებლობდა, როცა ‘მაკედონიაში მივიდა’ ტროადან. შეიძლება ის პატარა გემებით ათენში არაერთხელ ჩავიდა და უკან დაბრუნდა. აგრეთვე დასაშვებია, რომ მოგვიანებით პავლემ პატარა ხომალდითვე იმგზავრა ტროადან პატარაში მცირე აზიის სანაპიროსთან მდებარე კუნძულების გავლით (საქმეები 16:8–11; 17:14, 15; 20:1–6, 13–15; 21:1). დროის მოგების მიზნით ასეთი პატარა გემების გამოყენება პრაქტიკული იყო, მაგრამ სანაპიროდან ძალიან შორს წასვლას არ რისკავდნენ. ასე რომ, გემები, რომლებითაც პავლე მგზავრობდა კვიპროსში, შემდეგ კი — პამფილიაში, და რომლებითაც გაემგზავრა ეფესოდან კესარიაში და პატარადან ტვიროსში, საკმაოდ დიდი უნდა ყოფილიყო (საქმეები 13:4, 13; 18:21, 22; 21:1–3). სავარაუდოა, რომ მალტასთან დაღუპული ხომალდიც დიდი იყო. რამხელა შეიძლებოდა ყოფილიყო ასეთი გემი?
ლიტერატურულ წყაროებზე დაყრდნობით ერთი სწავლული ამბობს: „ანტიკური ცივილიზაციის დროს ყველაზე პატარა [გემის] ტევადობა დაახლოებით 70—80 ტონას შეადგენდა. ელინისტურ ხანაში გემების უმეტესობა სულ ცოტა 130 ტონას იტევდა. თუმცა, ერთი შეხედვით, გემი, რომელიც 250 ტონას იტევდა, დიდი არ ჩანდა, საშუალოზე ბევრად დიდი იყო. გემები, რომლებითაც რომის იმპერია სარგებლობდა, უფრო დიდიც იყო, დაახლოებით 340 ტონის ტევადობის. ყველაზე დიდ გემებს 1 300 ტონა და, შესაძლოა, უფრო მეტიც გადაჰქონდა“. II საუკუნის თანამედროვის აღწერის თანახმად, ალექსანდრიის მარცვლეულის გადამზიდი „ისიდა“ 55 მეტრი სიგრძისა და დაახლოებით 14 მეტრი სიგანისა იყო. ჰქონდა 13 მეტრი სიღრმე და, შესაძლებელია, ათასზე მეტი ტონა მარცვლეულის გადატანა და რამდენიმე ასეული მგზავრის გადაყვანა შეეძლო.
როგორი მომსახურება ჰქონდათ მოგზაურებს მარცვლეულით დატვირთულ გემზე? რადგან გემები ძირითადად ტვირთისთვის იყო განკუთვნილი, მგზავრები მეორეხარისხოვნები იყვნენ. საჭმელი და მომსახურება არ იყო, მხოლოდ წყალს იძლეოდნენ. ღამე გემბანზე, კარვის მსგავს სახელდახელოდ მოწყობილ საძინებლებში, უნდა გაეთიათ, რომლებიც დილაობით უნდა აეკეცათ. თუმცა მგზავრებს საშუალება ჰქონდათ, რომ საჭმელი კამბუზში მოემზადებინათ, მათ ყველაფერი თვითონ უნდა ჰქონოდათ, რაც მოსამზადებლად, საჭმელად, დასაბანად და დასაძინებლად დასჭირდებოდათ, — ჭურჭლიდან დაწყებული ლოგინის თეთრეულით დამთავრებული.
რამდენად უსაფრთხო იყო ზღვით მგზავრობა?
პირველ საუკუნეში ხელსაწყოების, თვით კომპასის, უქონლობის გამო ზღვაოსნები ხედვით განსაზღვრავდნენ გემის კოორდინატებს. საუკეთესო ხილვადობის დროს — ჩვეულებრივ, მაისის ბოლოდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე — მგზავრობა ყველაზე უსაფრთხო იყო. ამ პერიოდიდან ორი თვით ადრე ან გვიან გემით მგზავრობას ვაჭრები მაინც რისკავდნენ. მაგრამ ზამთრობით ნისლი და ღრუბლები ხშირად სანაპირო ნიშნებს შეუმჩნეველს ხდიდა, მზეს და ვარსკვლავებს კი აბნელებდა. ზღვაოსნობა ნოემბრის თერთმეტიდან მარტის ათამდე დახურულად ითვლებოდა (ლათინურად mare clausum), ზღვაში შესვლა შეიძლებოდა მხოლოდ აუცილებელი და სასწრაფო შემთხვევებისას. ვინც სეზონის დასასრულს მგზავრობდა, შეიძლება იძულებული გამხდარიყო, რომ უცხო პორტში გამოეზამთრა (საქმეები 27:12; 28:11).
ჰქონდა რაიმე უპირატესობა ხმელეთით მოგზაურობაზე გემით მგზავრობას, მიუხედავად იმისა, რომ სახიფათო და სეზონური იყო? დიახ, რა თქმა უნდა! ზღვით მგზავრობა ნაკლებად დამქანცველი იყო, შედარებით იაფიც ჯდებოდა და უფრო სწრაფი იყო. როდესაც ქარი სასურველი მიმართულებით ქროდა, გემი დღეში 150 კილომეტრს ფარავდა. ფეხით მოსიარულე კი ამავე დროში 25—30 კილომეტრს გადიოდა.
გემის სიჩქარე მთლიანად ქარზე იყო დამოკიდებული. ეგვიპტიდან იტალიაში მიმავალი ხომალდი საუკეთესო სეზონზეც კი განუწყვეტლივ პირქარს ებრძოდა. ჩვეულებრივ, ყველაზე პატარა მარშრუტი როდეს, მირას ან ლიკიას (შუა აზია) სანაპიროზე მდებარე სხვა პორტების გავლით იყო. ერთხელ ალექსანდრიიდან 70 დღის გამოსულმა მარცვლეულით დატვირთულმა გემმა „ისიდამ“ შტორმის გამო კურსი დაკარგა და პირეოსში ჩაუშვა ღუზა. იტალიიდან დაბრუნებას კი, რადგან ჩრდილო-დასავლეთის ქარი ქროდა, ალბათ, 20—25 დღე დასჭირდებოდა. ხმელეთით კი იგივე მანძილის გასავლელად მგზავრს 150 დღეზე მეტი სჭირდებოდა და ისიც კარგ ამინდში.
კეთილი ცნობის გადატანა ზღვის გადაღმა
ალბათ, პავლე გრძნობდა, რომ დახურულ სეზონზე ზღვით მგზავრობა საშიში იყო და ურჩევდა კიდეც, რომ არ შესულიყვნენ ზღვაში სექტემბრის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში: „კაცნო, მე ვხედავ, რომ ეს ნაოსნობა იქნება საზიანო და დიდად ზარალიანი არა მარტო ტვირთისა და ხომალდისათვის, არამედ ჩვენი სიცოცხლისათვისაც“ (საქმეები 27:9, 10). ასისთავმა კი არ მოუსმინა მის სიტყვებს, რის შედეგადაც მალტასთან ხომალდი დაიღუპა.
თავისი მისიონერული მსახურების დასასრულისთვის პავლემ სულ მცირე ოთხჯერ განიცადა გემის მსხვრევა (საქმეები 27:41–44; 2 კორინთელთა 11:25). მაგრამ ასეთი საშიშროებები ვერ აფერხებდა კეთილი ცნობის პირველ მქადაგებლებს, რომ ზღვით ემგზავრათ. მათ მგზავრობის ყველა საშუალება გამოიყენეს, რომ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა გაევრცელებინათ. იესოს ბრძანების შესრულებით ყველგან იქნა ნაქადაგები (მათე 28:19, 20; საქმეები 1:8). მათი მონდომებითა და რწმენით, ვინც პირველი ქრისტიანების მაგალითს მიჰყვებოდა, და იეჰოვას სულიწმიდის ხელმძღვანელობით, კეთილი ცნობა ქვეყნის კიდეებს მისწვდა.
[საავტორო უფლება 31 გვერდზე]
Pictorial Archive (Near Eastern History) Est.