თავი მერვე
იეჰოვა თავის წმინდა ტაძარშია
1, 2. ა) როდის ხედავს წინასწარმეტყველი ესაია ტაძრის შესახებ ხილვას? ბ) რატომ დაკარგა მეფე ყუზიამ იეჰოვას კეთილგანწყობილება?
მეფე ყუზიას სიკვდილის წელს ვიხილე უფალი, მჯდარი ამაღლებულ, ზეამართულ ტახტზე, და მისი კალთები ავსებდა ტაძარს“ (ესაია 6:1). წინასწარმეტყველის ამ სიტყვებს, რომლებსაც ესაიას წიგნის მე-6 თავის დასაწყისში ვკითხულობთ, ძვ. წ. 778 წელთან მივყავართ.
2 ყუზია თითქმის მთელი თავისი 52-წლიანი მეფობის განმავლობაში საუკეთესოდ მართავდა იუდას. „სწორად იქცეოდა უფლის თვალში“, რის გამოც ღმერთი ყოველთვის უჭერდა მხარს ბრძოლებსა და სამშენებლო თუ სამეურნეო საქმეებში. მაგრამ სწორედ წარმატება ექცა მას დაცემის მიზეზად. ყუზია გადიდგულდა და „შესცოდა უფალს, თავის ღმერთს, რადგან შევიდა უფლის ტაძარში საკმევლის საკმევად“. იმის გამო, რომ ამგვარად გაკადნიერდა და განურისხდა კიდეც მღვდლებს, რომლებმაც გაკიცხეს, მეფე კეთრით დაავადდა და გარდაიცვალა (მეორე ნეშტთა 26:3—22). დაახლოებით ამ დროიდან დაიწყო ესაიამ თავისი წინასწარმეტყველური მსახურება.
3. ა) ნამდვილად ხედავს ესაია იეჰოვას? ახსენით. ბ) რას ხედავს ესაია და რატომ?
3 წინასწარმეტყველებაში ნათქვამი არ არის, სად იმყოფება ესაია, როდესაც ამ ხილვას ხედავს. მაგრამ ერთი რამ ცხადია — მის მიერ საკუთარი თვალით ნანახი მხოლოდ ხილვაა და არა ყოვლადძლიერის ნამდვილი სახე, რადგან „ღმერთი არასდროს არავის უნახავს“ (იოანე 1:18; გამოსვლა 33:20). შემოქმედი იეჰოვას დანახვა ხილვაშიც კი შიშის მომგვრელია. ამაღლებულ ტახტზე, რომლითაც ის მარადიულ მეფედ და მსაჯულად არის წარმოდგენილი, თვით უზენაესი მმართველი და ყველა კანონიერი ხელისუფლების დამდგენი ზის! მისი გრძელი და გაშლილი მოსასხამის კალთები მთელ ტაძარს ავსებს. ესაიას წინასწარმეტყველური მსახურება ევალება, რითაც იეჰოვას უზენაეს ძალაუფლებასა და სამართლიანობას განადიდებს. მსახურებისთვის მოსამზადებლად ის ღვთის სიწმინდის შესახებ ხილვას ხედავს.
4. ა) რატომ არის ხილვებში ნანახი და ბიბლიაში მოცემული იეჰოვას სახის აღწერილობა სიმბოლური? ბ) რას ვიგებთ იეჰოვას შესახებ ესაიას ხილვიდან?
4 ეზეკიელის, დანიელისა და იოანესგან განსხვავებით, ესაია არ აღწერს იეჰოვას. თითოეულმა მათგანმა სხვადასხვა რამ იხილა ზეცაში (ეზეკიელი 1:26—28; დანიელი 7:9, 10; გამოცხადება 4:2, 3). მაგრამ აღსანიშნავია, რომ ყურადღება ამ ხილვების არსსა და მიზანზე უნდა გამახვილდეს. მათში პირდაპირი მნიშვნელობით არ არის აღწერილი იეჰოვა. ფიზიკურ თვალს არ შეუძლია სულიერის დანახვა, ხოლო ადამიანის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გონებას — სულიერი სამყაროს აღქმა. ასე რომ, ხილვებში, უბრალოდ, ადამიანისთვის გასაგებად არის გადმოცემული საჭირო ინფორმაცია (შეადარეთ გამოცხადება 1:1). ესაიას ხილვაში ღვთის სახის აღწერა არ არის მნიშვნელოვანი. ხილვიდან წინასწარმეტყველი იგებს, რომ იეჰოვა თავის წმინდა ტაძარშია, ის წმინდაა და ასევე წმინდაა მისი გადაწყვეტილებები.
სერაფიმები
5. ა) ვინ არიან სერაფიმები და რას ნიშნავს ეს სიტყვა? ბ) რატომ იფარავენ სერაფიმები სახესა და ფეხებს?
5 ესაია განაგრძობს: „თავთით სერაფიმები ედგნენ, ექვს-ექვსი ფრთა ესხა თითოეულს; ორით სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ“ (ესაია 6:2). ბიბლიაში სერაფიმები მხოლოდ ესაიას მე-6 თავში გვხვდებიან. როგორც ჩანს, ისინი იეჰოვას მსახური ღირსეული და დიდებული სულიერი ქმნილებები არიან, რომელთა ადგილიც ღვთის ზეციერ ტახტთან ახლოს არის. ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, მეფე ყუზიასგან განსხვავებით, სერაფიმები თავმდაბლობასა და მოკრძალებას ავლენენ. ზეციერი მმართველის წინაშე ორი ფრთით სახეს იფარავენ; წმინდა ადგილის პატივისცემის ნიშნად კი სხვა ორი ფრთით ფეხები აქვთ დაფარული. უზენაეს მმართველთან ახლოს მყოფი სერაფიმები ცდილობენ, რაც შეიძლება მოკრძალებულად იდგნენ, რომ ღვთის დიდებას არ მოსწყდნენ. სიტყვა „სერაფიმები“, რომელიც „მწველებსა“ და „ცეცხლოვნებს“ ნიშნავს, იმაზე მიუთითებს, რომ ისინი კაშკაშა შუქს აფრქვევენ. მაგრამ მათ მაინც სახის დამალვა უწევთ იეჰოვას დიდებულებისა და უდიდესი ბრწყინვალების წინაშე.
6. რა ადგილი უკავიათ სერაფიმებს იეჰოვასთან მიმართებაში?
6 სერაფიმები სხვა ორი ფრთით დაფრინავენ და მათი საშუალებით აგრეთვე ჰაერში თავიანთ ადგილებზე ჩერდებიან ანუ ‘სვეტებივით’ დგანან (შეადარეთ მეორე რჯული 31:15). მათი მდგომარეობის შესახებ პროფესორი ფრანც დელიჩი წერს: „სერაფიმები ნამდვილად არ იდგებოდნენ ტახტზე მჯდომარის თავს ზემოთ. ისინი მისი მოსასხამის ზემოთ იქნებოდნენ გაჩერებული, რომლის კალთებიც დარბაზს ავსებდა („ძველი აღთქმის კომენტარები“ Commentary on the Old Testament). ეს აზრი საკმაოდ გონივრულია. ისინი „თავთით“ დგანან არა როგორც იეჰოვაზე მაღლა მდგომნი, არამედ როგორც მორჩილი მსახურნი, რომელნიც მზად არიან მისი ნების შესასრულებლად.
7. ა) რა არის სერაფიმების მოვალეობა? ბ) რატომ აცხადებენ სერაფიმები ღვთის სიწმინდეს სამჯერ?
7 ახლა კი ღირსეულ სერაფიმებს მოვუსმინოთ! „ერთი მეორეს გასძახოდნენ და ამბობდნენ: წმიდაა! წმიდაა! წმიდაა ცაბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება!“ (ესაია 6:3). მათი მოვალეობაა, ყურადღება მიაქციონ იეჰოვას სიწმინდის გაცხადებას და იმაზე იზრუნონ, რომ მისი დიდება აღიარებულ იქნეს მთელ სამყაროში, რომლის ნაწილი დედამიწაც არის. ღვთის დიდება ყველა მის ქმნილებაში ჩანს და მალე მას დედამიწის ყველა მკვიდრი აღიარებს (რიცხვნი 14:21; ფსალმუნი 18:2—4; აბაკუმი 2:14). სამმაგი გაცხადება — „წმიდაა! წმიდაა! წმიდაა“ — სამების დამადასტურებელი არ არის. სერაფიმები ამ სიტყვას სამჯერ ღვთის სიწმინდის ხაზგასასმელად იმეორებენ (შეადარეთ გამოცხადება 4:8). იეჰოვა ყოველმხრივ წმინდაა და ნამდვილად უწმინდესია.
8. რა ხდება სერაფიმების ძახილის ხმაზე?
8 მართალია, სერაფიმების რიცხვი მოხსენიებული არ არის, მაგრამ ისინი ტახტის გარშემო მრავლად უნდა იყვნენ. მელოდიური სიმღერით სერაფიმები ერთიმეორის მიყოლებით აცხადებენ ღვთის სიწმინდესა და დიდებას. რა ხდება ამის შედეგად? ესაია განაგრძობს: „შეიძრა ზღურბლთა საძირკვლები ამ ძახილის ხმაზე და კვამლით აივსო სახლი“ (ესაია 6:4). ბიბლიაში კვამლი ან ღრუბელი ხშირად ღვთის თანდასწრების ხილული ნიშანია (გამოსვლა 19:18; 40:34, 35; მესამე მეფეთა 8:10, 11; გამოცხადება 15:5—8). ის გამოხატავს ღვთის დიდებას, რომლის წინაშეც ადამიანს არ შეუძლია წარდგომა.
უღირსი, მაგრამ განწმენდილი
9. ა) როგორ მოქმედებს ხილვა ესაიაზე? ბ) როგორ განსხვავდებიან ერთმანეთისგან ესაია და მეფე ყუზია?
9 იეჰოვას ტახტის ხილვა დიდად მოქმედებს ესაიაზე. ის წერს: „ვიფიქრე: ვაი მე, დავიღუპე, რადგან ბაგეუწმიდური კაცი ვარ და ბაგეუწმიდურ ხალხში ვცხოვრობ-მეთქი, ჩემმა თვალებმა კი მეუფე, ცაბაოთ უფალი იხილეს“ (ესაია 6:5). რა ძლიერ განსხვავდებიან ესაია და მეფე ყუზია ერთმანეთისგან! ყუზიამ გააკეთა ის, რისი უფლებაც მხოლოდ ცხებულ მღვდლებს ჰქონდათ და შეურაცხყო ტაძრის წმინდა ადგილი. მიუხედავად იმისა, რომ ყუზიამ დაინახა ოქროს სასანთლეები, სასაკმევლე სამსხვერპლო და საწინაშეო პურის ტაბლა, მას არ უხილავს იეჰოვას სახე მისი კეთილგანწყობილების ნიშნად და არც რაიმე განსაკუთრებული დავალება მიუღია (მესამე მეფეთა 7:48—50). მისგან განსხვავებით, ესაიას არც სამღვდელოება უგულებელუყვია და არც ტაძარში შეჭრილა, მაგრამ ის იეჰოვას თავის წმინდა ტაძარში ხედავს და მისგან დავალების მიღების პატივიც ხვდება წილად. მაშინ როდესაც სერაფიმები ვერ ბედავენ ტახტზე მჯდომარე ტაძრის მეუფისთვის თვალის შევლებას, ესაიას ნება ეძლევა, ხილვაში „მეუფე, ცაბაოთ უფალი“ დაინახოს!
10. რატომ იპყრობს ესაიას შიში ხილვის დროს?
10 ესაია ხედავს, რა შორს არის ღვთის სიწმინდისგან როგორც ცოდვილი ადამიანი და კიდევ უფრო უწმინდურად მიიჩნევს თავს. შიშმორეული წინასწარმეტყველი ფიქრობს, რომ მოკვდება (გამოსვლა 33:20). ესმის როგორ ადიდებენ სერაფიმები ღმერთს წმინდა ბაგეებით. მისი ბაგეები კი უწმინდურია და იმ ხალხის ბაგეების უწმინდურებითაც არის გაბინძურებული, რომელთა შორისაც ცხოვრობს და ვისი საუბარიც ესმის. იეჰოვა წმინდაა და მისი მსახურებიც უნდა ირეკლავდნენ მის სიწმინდეს (1 პეტრე 1:15, 16). მიუხედავად იმისა, რომ ესაია უკვე ამორჩეულია ხალხისთვის ღვთის სიტყვების გადამცემად, ის ღელავს თავისი, როგორც ცოდვილი ადამიანის, მდგომარეობის გამო, რადგან ესმის, რომ არა აქვს წმინდა ბაგეები, რომლებიც წმინდა მეუფის სახელით მოლაპარაკეს შეეფერება. რა მოხდება ზეცაში მისი რეაქციის საპასუხოდ?
11. ა) რას აკეთებს ერთი სერაფიმი და რა სიმბოლური მნიშვნელობა აქვს მის მოქმედებას? ბ) როგორ გვეხმარება სერაფიმის მიერ ესაიასთვის ნათქვამ სიტყვებზე დაფიქრება, როდესაც თავს იეჰოვას სამსახურში ყოფნისთვის უღირსად ვთვლით?
11 სერაფიმები ესაიას იეჰოვას წინაშე წარდგომას კი არ უკრძალავენ, არამედ ეხმარებიან მას. ესაია წერს: „მოფრინდა ჩემთან ერთ-ერთი სერაფიმი და ხელში სამსხვერპლოდან აღებული მუგუზალი ეჭირა მაშით. ბაგეზე შემახო და მითხრა: აჰა, შეეხო ეს შენს ბაგეს და მოგცილდა უკეთურება, მიტევებულია შენი ცოდვა“ (ესაია 6:6, 7). სიმბოლური მნიშვნელობით ცეცხლს გამწმენდი ძალა აქვს. სამსხვერპლოს წმინდა ცეცხლიდან აღებული მუგუზლის ბაგეებზე შეხებისას სერაფიმი ეუბნება ესაიას, რომ მას იმდენად მიეტევა ცოდვები, რამდენადაც აუცილებელი იყო ღვთის კეთილგანწყობილების მოსაპოვებლად და დავალების მისაღებად. რა გამამხნევებელია ეს ჩვენთვის! ჩვენც ყველა ვცოდავთ და არავინ ვართ ღმერთთან მიახლოების ღირსი. მაგრამ იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი შესაძლებლობას გვაძლევს, მოვიპოვოთ ღვთის კეთილგანწყობილება და მივუახლოვდეთ იეჰოვას ლოცვაში (2 კორინთელთა 5:18, 21; 1 იოანე 4:10).
12. რა სამსხვერპლოს ხედავს ესაია და რას აკეთებს ამ სამსხვერპლოს ცეცხლი?
12 „სამსხვერპლოს“ ხსენება კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ეს ხილვაა (შეადარეთ გამოცხადება 8:3; 9:13). იერუსალიმის ტაძარში ორი სამსხვერპლო იყო — წმიდათაწმიდის კრეტსაბმელის წინ შედარებით პატარა ზომის სასაკმევლე სამსხვერპლო, ხოლო საწმიდრის შესასვლელის წინ დიდი სამსხვერპლო, სადაც მუდმივად ენთო ცეცხლი (ლევიანნი 6:12, 13; 16:12, 13). მაგრამ ამ მიწიერ სამსხვერპლოებს უფრო დიდი მნიშვნელობა ჰქონდა (ებრაელთა 8:5; 9:23; 10:5—10). აღსანიშნავია, რომ ზეციურმა ცეცხლმა შთანთქა აღსავლენი სოლომონის ტაძრის მიძღვნის დროს (მეორე ნეშტთა 7:1—3). ახლა კი ჭეშმარიტი ზეციერი სამსხვერპლოს ცეცხლი ესაიას ბაგეებს წმენდს.
13. რა შეკითხვას სვამს იეჰოვა და ვის გულისხმობს ის საკუთარი თავის გარდა, როდესაც მრავლობით რიცხვში ლაპარაკობს?
13 ესაია განაგრძობს: „მომესმა ხმა მეუფისა, რომელიც ამბობდა: ვინ მივავლინო და ვინ გაგვეგზავნება? ვთქვი: აჰა, მიმავლინე“ (ესაია 6:8). კითხვის დასმისას იეჰოვა, ცხადია, გამოხმაურებას ესაიასგან მოელის, რადგან იქ სხვა წინასწარმეტყველი არ იმყოფება. ამ სიტყვებით ესაიას აშკარად ღვთის მაცნედ გახდომის შესაძლებლობა ეძლევა. მაგრამ რატომ ეკითხება იეჰოვა: „ვინ გაგვეგზავნება“? ის აქ მრავლობით რიცხვს იყენებს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ახლა თავის თავის გარდა კიდევ ერთ პიროვნებას მაინც გულისხმობს. ვის? იქნებ თავის მხოლოდშობილ ძეს, რომელიც შემდეგ ადამიანად დაიბადა დედამიწაზე და იესო ქრისტე გახდა? ნამდვილად. სწორედ იმ ძეს, რომლისთვისაც ნათქვამი ჰქონდა: „გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად“ (დაბადება 1:26; იგავნი 8:30, 31). დიახ, იეჰოვას გვერდით ზეციერ ეზოებში მისი მხოლოდშობილი ძეა (იოანე 1:14).
14. როგორ ეხმაურება ესაია იეჰოვას მოწვევას და რა მაგალითს გვაძლევს ის?
14 ესაია უყოყმანოდ ეხმაურება! იმისდა მიუხედავად, რა ცნობის გაცხადება მოუწევს, ის დაუყოვნებლივ პასუხობს: „აჰა, მიმავლინე“. ესაია არც კი კითხულობს, რას მოუტანს მას ამ დავალების შესრულება. მისი მზადყოფნა შესანიშნავი მაგალითია ღვთის ყველა დღევანდელი მსახურისთვის, რომელთაც სამეფოს შესახებ კეთილი ცნობის მთელ მსოფლიოში ქადაგება აქვთ დავალებული (მათე 24:14). ესაიას მსგავსად ისინი ერთგულად ასრულებენ თავიანთ დავალებას „ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არ ეხმაურება მათ. ესაიას მსგავსად ღვთის დღევანდელი მსახურებიც მზად არიან, უყოყმანოდ გააკეთონ ეს, რადგან იციან, რომ მათი საქმიანობა ღვთის ნებით სრულდება.
ესაიას დავალება
15, 16. ა) რა უნდა გადასცეს ესაიამ ხალხს და როგორ გამოეხმაურებიან ისინი? ბ) არის თუ არა ესაიას ბრალი ხალხის ამგვარი რეაქცია? ახსენით.
15 ახლა იეჰოვა ეუბნება ესაიას, რა უნდა განაცხადოს და როგორ გამოეხმაურება ხალხი: «წადი და უთხარი მაგ ხალხს: სმენით მოისმენთ [„მოისმენთ კვლავ და კვლავ“, აქ], მაგრამ ვერ გაიგებთ; ხილვით იხილავთ [„იხილავთ კვლავ და კვლავ“, აქ], მაგრამ ვერ მიხვდებით. უგრძნობს გახდი მაგ ხალხის გულს, სასმენელთ დაუმძიმებ და სახედველთ აუხვევ, რომ თვალით ვერ ხედავდეს, ყურით ვერ ისმენდეს, გულით ვერ ხვდებოდეს, რომ არ მოიქცეს და არ განიკურნოს» (ესაია 6:9, 10). ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ესაია უხეში და უტაქტო იქნება იუდაელებთან საუბრისას და ისინი ამის გამო არ მოუსმენენ და უგულებელყოფენ იეჰოვას? სრულიადაც არა! ისრაელი ესაიას ერია, რომელთანაც ის სიახლოვეს გრძნობს. იეჰოვას სიტყვებიდან ჩანს, როგორ გამოეხმაურება მის ცნობას ხალხი, თუნდაც ესაიამ პირნათლად შეასრულოს დავალება.
16 დამნაშავე მხოლოდ ხალხი იქნება. ესაია „კვლავ და კვლავ“ ისაუბრებს მათთან, მაგრამ ისინი უგულებელყოფენ და ვერ გაიგებენ მის ცნობას. უმრავლესობა სიჯიუტეს გამოავლენს და ბრმებივითა და ყრუებივით არავითარ რეაგირებას არ მოახდენს მის სიტყვებზე. ხალხთან ესაიას კვლავ და კვლავ მისვლით გამოაშკარავდება, რომ მათ, უბრალოდ, არ სურთ გაგება. ცხადი გახდება, რომ ისინი გულსა და გონებამდე არ უშვებენ ესაიას ცნობას, ანუ ღვთის ცნობას, რომელსაც ღმერთი მათ წინასწარმეტყველის პირით გადასცემს. როგორ ჰგავს დღევანდელი ხალხი ძველი დროის იუდაელებს! დღესაც მრავალი არ უსმენს იეჰოვას მოწმეებს, როდესაც ისინი ღვთის მოახლოებული სამეფოს შესახებ ქადაგებენ.
17. რას გულისხმობს ესაია, როდესაც ეკითხება ღმერთს: „როდემდის“?
17 ესაია დაფიქრებულია: „ვთქვი: როდემდის, უფალო? თქვა: ვიდრე ქალაქები უმკვიდროდ არ გადაშენდება, სახლები არ გაუკაცრიელდება და მიწა არ გაუდაბურდება. გადახვეწავს ადამიანებს უფალი და დიდი უდაბურება დასადგურდება ქვეყანაში“ (ესაია 6:11, 12). კითხვის დასმისას „როდემდის?“ ესაიას ის კი არ აინტერესებს, რამდენ ხანს მოუწევს ქადაგება ჯიუტ ხალხთან, არამედ მათ გამო წუხს და ღმერთს ეკითხება, რამდენ ხანს იქნებიან ისინი ასეთ სავალალო სულიერ მდგომარეობაში და როდემდის იქნება დედამიწაზე შეურაცხყოფილი იეჰოვას სახელი (იხილეთ ფსალმუნი 73:9—11). მაშ, რამდენ ხანს გასტანს ასეთი მდგომარეობა?
18. როდემდის გასტანს ხალხის სავალალო სულიერი მდგომარეობა და შეესწრება თუ არა ესაია წინასწარმეტყველების ბოლომდე შესრულებას?
18 სამწუხაროდ, იეჰოვას პასუხი ცხადყოფს, რომ სავალალო სულიერი მდგომარეობა მანამდე გასტანს, სანამ ხალხი სრულად არ მოიმკის დაუმორჩილებლობის შედეგებს, რომელთა შესახებაც ისინი ღმერთს კავშირის დადებისას ჰყავდა გაფრთხილებული (ლევიანნი 26:21—33; მეორე რჯული 28:49—68). ერს უბედურება დაატყდება — ხალხი ტყვეობაში ჩავარდება და ქვეყანა გაუკაცრიელდება. ესაია ვერ შეესწრება ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელების მიერ იერუსალიმისა და მისი ტაძრის განადგურებას, მიუხედავად იმისა, რომ 40 წლის მანძილზე, მეფე ყუზიას შვილთაშვილ ეზეკიას მეფობის დროსაც, იწინასწარმეტყველებს. მაგრამ ის სიცოცხლის ბოლომდე პირნათლად შეასრულებს თავის დავალებას. ნაწინასწარმეტყველებ უბედურებამდე კიდევ 100 წელზე მეტი გავა.
19. რას ჰპირდება ღმერთი ესაიას, მიუხედავად იმისა, რომ ერი ხესავით მოიჭრება?
19 განადგურება, რომლის შედეგადაც იუდა „გაუდაბურდება“, გარდაუვალია, მაგრამ მდგომარეობა უიმედო არ არის (მეოთხე მეფეთა 25:1—26). იეჰოვა ჰპირდება ესაიას: „კიდევ მეათედი დარჩება მათგან და ისიც გადაიბუგება. მაგრამ როგორც მოჭრილ ბელეკონს და მუხას რჩება ძირი, ასევე წმიდა მოდგმა იქნება მათი ძირი“ (ესაია 6:13). დიახ, „მეათედი,.. წმიდა მოდგმა“ დარჩება როგორც მოჭრილი დიდი ხის ძირი. ეს ნამდვილად მანუგეშებელია ესაიასთვის — მისი ერიდან „წმიდა მოდგმა“ გადარჩება. მიუხედავად იმისა, რომ ერი კვლავ შეშად დაჭრილი დიდი ხესავით დაიწვება, სიმბოლური ხის — ისრაელის — ფესვი დარჩება. ეს იქნება მოდგმა, რომელიც წმინდაა იეჰოვასთვის. თავის დროზე ის ყლორტს გამოიღებს და მისგან კვლავ ამოიზრდება ხე (შეადარეთ იობი 14:7—9; დანიელი 4:23).
20. როგორ შესრულდა პირველად ესაიას ზემოხსენებული წინასწარმეტყველების ბოლო ნაწილი?
20 შესრულდა წინასწარმეტყველების ეს სიტყვები? დიახ. იუდას გაუკაცრიელებიდან სამოცდაათი წლის შემდეგ ღვთისმოშიში იუდაელები ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლდნენ, სამშობლოში დაბრუნდნენ, ტაძარი და თავიანთი ქალაქი აღადგინეს და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა განაახლეს. სამშობლოში იუდაელების დაბრუნებამ იეჰოვას მიერ ესაიას საშუალებით გაცხადებული წინასწარმეტყველების მეორე შესრულება გახადა შესაძლებელი. როგორ მოხდა ეს? (პირველი ეზრა 1:1—4).
შემდგომი შესრულებები
21—23. ა) ვისთან დაკავშირებით და როგორ შესრულდა ესაიას წინასწარმეტყველება პირველ საუკუნეში? ბ) ვინ იყო და როგორ გადარჩა „წმიდა მოდგმა“ პირველ საუკუნეში?
21 ესაიას წინასწარმეტყველური დავალება იმის პირველსახე იყო, რაც დაახლოებით 800 წლის შემდეგ მესიას ანუ იესო ქრისტეს უნდა შეესრულებინა (ესაია 8:18; 61:1, 2; ლუკა 4:16—21; ებრაელთა 2:13, 14). მიუხედავად იმისა, რომ იესო ესაიაზე დიდებული იყო, ის მასავით უყოყმანოდ დათანხმდა თავის ზეციერ მამას დავალების შესრულებაზე და განაცხადა: „აჰა, მოვდივარ შენი ნების აღსასრულებლად“ (ებრაელთა 10:5—9; ფსალმუნი 39:7—9).
22 იესო ესაიასავით ერთგულად ასრულებდა თავის დავალებას და ხალხისგანაც მსგავს რეაქციას ხვდებოდა. იუდაელებს ისევე არ სურდათ მოსმენა, როგორც მათ, ვისაც ესაია უქადაგებდა (ესაია 1:4). იესო მსახურებისას ხალხს ხშირად იგავებით ელაპარაკებოდა. ამიტომაც მოწაფეებმა ჰკითხეს მას: „რატომ ელაპარაკები მათ იგავებით?“ იესომ უპასუხა: „იმიტომ, რომ თქვენ მოცემული გაქვთ იცოდეთ ცათა სასუფევლის საიდუმლოებანი, მათ კი არა აქვთ ეს მიცემული. იგავებით იმიტომ ველაპარაკები მათ, რომ ისინი უყურებენ და ვერ ხედავენ, უსმენენ და არ ესმით და ვერ ხვდებიან. სრულდება მათზე ესაიას წინასწარმეტყველება, რომელიც ამბობს: „სმენით მოისმენთ, მაგრამ ვერ გაიგებთ, ხილვით იხილავთ, მაგრამ ვერ მიხვდებით. ვინაიდან გაუქვავდა ამ ხალხს გული, ყურით მძიმედ ესმით და დახუჭეს თვალები, რომ თვალით არ დაინახონ და ყურით არ მოისმინონ, გულით არ გაიგონ და არ მოიქცნენ, რათა განვკურნო ისინი“ (მათე 13:10, 11, 13—15; მარკოზი 4:10—12; ლუკა 8:9, 10).
23 ესაიას სიტყვების ციტირებით იესომ ნათელყო, რომ წინასწარმეტყველება მის დღეებში სრულდებოდა. ხალხს, ძირითადად, ესაიას დროს მცხოვრები იუდაელების მსგავს მდგომარეობაში ჰქონდა გული. მათსავით ბრმებად და ყრუებად იყვნენ ქცეული იესოს ცნობის მიმართ და მსგავსი უბედურებაც დაატყდათ (მათე 23:35—38; 24:1, 2). ეს მოხდა ახ. წ. 70 წელს, როდესაც გენერალ ტიტუსის მეთაურობით იერუსალიმში შეჭრილმა რომაელთა ჯარებმა ქალაქი და მისი ტაძარი მიწასთან გაასწორეს. მაგრამ იყვნენ ისეთებიც, რომლებიც უსმენდნენ იესოს და მისი მოწაფეები ხდებოდნენ. იესო „ნეტარს“ უწოდებდა ასეთ ხალხს (მათე 13:16—23, 51). ის აფრთხილებდა მათ, რომ, ‘როცა იხილავდნენ იერუსალიმს ლაშქრით გარშემორტყმულს, მთებში გახიზნულიყვნენ’ (ლუკა 21:20—22). ამგვარად, რწმენის მქონე „წმიდა მოდგმა“, რომლისგანაც სულიერი ერი — „ღვთის ისრაელი“ — ჩამოყალიბდა, განადგურებას გადაურჩაa (გალატელთა 6:16).
24. როგორ გამოიყენა პავლემ ესაიას წინასწარმეტყველება და რის მაჩვენებელია ეს?
24 მოციქული პავლე ახ. წ. 60 წელს შინა პატიმრობაში იყო რომში, სადაც მან სხვებთან ერთად „წარჩინებული იუდაელნიც“ მიიწვია და „უმოწმებდა ღვთის სასუფეველზე“. როდესაც მრავალმა არ ირწმუნა მისი ცნობა, პავლემ უთხრა მათ, რომ ამით ესაიას წინასწარმეტყველება სრულდებოდა (საქმეები 28:17—27; ესაია 6:9, 10). ასე რომ, იესოს მოწაფეები ისეთივე დავალებას ასრულებდნენ, როგორსაც ესაია.
25. რა ესმით ღვთის დღევანდელ მსახურებს და როგორია მათი რეაქცია?
25 დღეს იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ იეჰოვა ღმერთი თავის წმინდა ტაძარშია (მალაქია 3:1). ესაიას მსგავსად ისინიც ამბობენ: „აჰა, მიმავლინე“. ისინი გულმოდგინედ აფრთხილებენ ხალხს ამ ბოროტი სისტემის მოახლოებული აღსასრულის შესახებ. მაგრამ, როგორც იესომ თქვა, მცირეა მათი რიცხვი, ვისაც დანახვა, გაგება და გადარჩენა სურს (მათე 7:13, 14). ნამდვილად ნეტარი შეიძლება ეწოდოს იმ ხალხს, რომელიც გულისყურით ისმენს ღვთის ცნობას და ‘განკურნების’ შესაძლებლობა ეძლევა (ესაია 6:8, 10).
[სქოლიო]
a ახ. წ. 66 წელს იუდაელთა აჯანყების ჩასახშობად რომაელთა ჯარებმა ცესტიუს გალუსის მეთაურობით ალყაში მოაქციეს იერუსალიმი და ქალაქში ტაძრის კედლამდე შეაღწიეს. მაგრამ შემდეგ უკან დაიხიეს, რამაც შესაძლებლობა მისცა იესოს მოწაფეებს, თავი პერეის მთებისთვის შეეფარებინათ, სანამ ახ. წ. 70 წელს რომაელები დაბრუნდებოდნენ.
[სურათი 94 გვერდზე]
„აჰა, მიმავლინე“.
[სურათი 97 გვერდზე]
„ვიდრე ქალაქები უმკვიდროდ არ გადაშენდება“.