ბარნაბა — ‘ნუგეშისცემის ძე’
ბოლოს როდის განუგეშა მეგობარმა? ან ის თუ გახსოვს, თვითონ როდის ანუგეშე სხვა? დროდადრო ყოველ ჩვენგანს ესაჭიროება გამხნევება და რა ძლიერ ვაფასებთ მათ, რომლებიც სიყვარულით არასოდეს გვზარდებიან! ნუგეშისცემაში იგულისხმება მოსმენისთვის, გაგების და დახმარებისთვის დროის გამოყოფა. მზად ხარ ამისთვის?
პიროვნება, რომელმაც ასეთი სამაგალითო დაუზარებლობა გამოიჩინა, იყო, ბარნაბა, ‘კეთილი კაცი, სულიწმიდითა და რწმენით აღსავსე’ (საქმეები 11:24). რატომ შეიძლება ეს ითქვას ბარნაბაზე? რა გააკეთა მან ისეთი, რომ ასეთი ქება დაიმსახურა?
დიდსულოვანი დამხმარე
მისი ნამდვილი სახელი იყო იოსები, მაგრამ მოციქულებმა მისი თვისებების ზუსტი გამომხატველი სახელი შეარქვეს — ბარნაბა, რაც ნიშნავს ‘ნუგეშისცემის ძეს’a (საქმეები 4:36). მაშინ ქრისტიანული კრება ახლად ჩამოყალიბებული იყო. ზოგი ვარაუდობს, რომ ბარნაბა ადრევე იყო იესოს მოწაფე (ლუკა 10:1, 2). ნამდვილად ასე იყო, თუ არა, მნიშვნელობა არა აქვს, რადგან მისი მოღვაწეობა შესანიშნავი იყო.
მალევე, ახ. წ. 33 წლის, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულის შემდეგ, კვიპროსელმა ლევიანმა ბარნაბამ ნებაყოფლობით გაყიდა მიწა და ფული მოციქულებს მისცა. რატომ გააკეთა მან ეს? „მოციქულთა საქმეებში“ ვკითხულობთ, რომ იმ დროს იერუსალიმში ქრისტიანებს შორის ‘ნაწილდებოდა, ვისაც რა სჭირდებოდა’. როგორც ჩანს, ბარნაბამ დაინახა ამის აუცილებლობა და მთელი გულით გააკეთა ის, რაც შეეძლო (საქმეები 4:34–37). შესაძლოა ის საკმაოდ შეძლებული იყო, მაგრამ სამეფოს ინტერესებისთვის მან არც ქონება დაიშურა და არც საკუთარი თავიb. „სადაც კი ბარნაბა დაინახავდა, რომ ვინმე გასამხნევებელი იყო ან სიტუაცია წასახალისებელი, საამისოდ, რაც შეეძლო, აკეთებდა“ — აღნიშნავს მეცნიერი ფ. ფ. ბრუსი. ამას აშკარად დავინახავთ მეორე სიტუაციაში, რომელიც ქვემოთ იქნება განხილული.
ტარსუსელი სავლე (მომავალში პავლე მოციქული) ახ. წ. დაახლოებით 36 წელს, როდესაც უკვე ქრისტიანი იყო, ცდილობდა, დაკავშირებოდა იერუსალიმის კრებას, „მაგრამ ყველას ეშინოდა მისი, არ სჯეროდათ, თუ მოწაფე იყო იგი“. როგორ შეეძლო მას დაერწმუნებინა კრება, რომ ის ნამდვილად შეიცვალა და ფანდს არ მიმართავდა მომავალში კრების დასარბევად? ‘ბარნაბა მივიდა მასთან დასახმარებლად და წაიყვანა მოციქულებთან’ (საქმეები 9:26, 27, აქ; გალატელთა 1:13, 18, 19).
თუ რატომ ენდო ბარნაბა სავლეს არ არის მოხსენიებული. რაც არ უნდა ყოფილიყო, ‘ნუგეშისცემის ძემ’ გაამართლა შერქმეული სახელი, როცა მოუსმინა სავლეს და დაეხმარა მას გამოსულიყო, ერთი შეხედვით, უიმედო, მძიმე მდგომარეობიდან. თუმცა, სავლე მშობლიურ ტარსუსში დაბრუნდა, ისინი მაინც დამეგობრდნენ. შემდგომ წლებში ამას მნიშვნელოვანი შედეგი ექნებოდა (საქმეები 9:30).
ანტიოქიაში
ახ. წ. დაახლოებით 45 წელს სირიის ანტიოქიაში დატრიალებულმა უჩვეულო ამბებმა იერუსალიმს მიაღწია — ქალაქის ბევრი ბერძნულად მოლაპარაკე მაცხოვრებელი მორწმუნე ხდებოდა. კრებამ, ყოველივეს გამოსაკვლევად და ორგანიზების გასაწევად, გაგზავნა ბარნაბა. ამაზე გონივრულ გადაწყვეტილებას ვერც მიიღებდნენ. ლუკა ამბობს: „როდესაც მივიდა და იხილა ღვთის მადლი, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში. ვინაიდან იგი კეთილი კაცი იყო, სულიწმიდითა და რწმენით აღსავსე. და მრავალი ხალხი შეემატა უფალს“ (საქმეები 11:22–24).
ყოველივე, რაც ბარნაბამ გააკეთა, ამით არ ამოწურულა. სწავლულის, ჯუზეპე რიკოტის, აზრით: „ბარნაბა პრაქტიკული ადამიანი იყო, ის მყისვე მიხვდა, რომ მაშინვე საქმისთვის უნდა მოეკიდა ხელი, რათა ყოფილიყო იმის გარანტია, რომ ასეთ იმედის მომცემ აყვავებას უხვი მოსავალი მოჰყოლოდა. ამიტომ, ყველაზე დიდი მოთხოვნილება მოსავლის ამღებ მუშებზე იყო“. ბარნაბა კვიპროსელი იყო და, ალბათ, მიჩვეული იქნებოდა წარმართებთან ურთიერთობას. შესაძლოა ის თავს განსაკუთრებით მომზადებულად თვლიდა წარმართებთან საქადაგოდ. მაგრამ არ დაიზარა, რომ სხვებიც ჩაება ამ აღმაფრთოვანებელ და გამამხნევებელ საქმიანობაში.
ბარნაბა ფიქრობდა სავლეზე. ადვილად შესაძლებელია, რომ მან იცოდა ის წინასწარმეტყველური გამოცხადება, რომელიც ანანიას ჰქონდა სავლეს მოქცევის დროს, რომ ყოფილი მდევნელი იქნა ‘რჩეული ჭურჭელი იესოს სახელის სატარებლად წარმართთა წინაშე’ (საქმეები 9:15). ასე რომ, ბარნაბა დაადგა ტარსუსისკენ მიმავალ დაახლოებით 200 კილომეტრიან გზას, რომ მოენახა სავლე. ეს ორი მსახურობდა ერთად, ერთმანეთის თანამშრომლები იყვნენ მთელი წლის განმავლობაში და სწორედ მაშინ „პირველად ანტიოქიაში ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები“ (საქმეები 11:25, 26).
კლავდიუსის მმართველობის დროს საშინელი შიმშილობა ჩამოვარდა რომის იმპერიის სხვადასხვა ნაწილში. იუდეველი ისტორიკოსის, იოსებ ფლავიუსის, თანახმად, იერუსალიმში „ბევრი დაიხოცა იმის უკმარისობის გამო, რაც საკვების შოვნისთვის იყო აუცილებელი“. ამიტომ მოწაფეებმა ანტიოქიაში „გადაწყვიტეს, რომ მოწაფეებს, თითოეულს თავისი შეძლებისამებრ, დახმარება გაეგზავნათ ძმებისათვის, რომლებიც იუდეაში იმყოფებოდნენ. ასეც მოიქცნენ, და გაუგზავნეს უხუცესებს ბარნაბასა და სავლეს ხელით“. დავალების შესრულების შემდეგ ორივენი, გამობრუნდნენ იერუსალიმიდან და თან წამოიყვანეს იოანეც, მარკოზად წოდებული ანტიოქიაში, სადაც კრებაში წინასწარმეტყველთა და მასწავლებელთა შორის ითვლებოდნენ (საქმეები 11:29, 30; 12:25; 13:1).
განსაკუთრებული მისიონერული დანიშნულება
შემდეგ რაღაც განსაკუთრებული მოხდა. «ისინი რომ უფალს ემსახურებოდნენ და მარხულობდნენ, სულიწმიდამ უთხრა: „გამომიყავით ბარნაბა და სავლე იმ საქმეზე, რაზეც მათ მოვუწოდე“ ». წარმოიდგინე! იეჰოვას სულმა ბრძანა, რომ ამ ორს მისცემოდა განსაკუთრებული დანიშნულება. „ამრიგად, სულიწმიდის მიერ მივლინებულნი ჩავიდნენ ისინი სელევკიაში და იქიდან გასცურეს კვიპროსზე“. ბარნაბას, მართლაცდა, მართებულად ეწოდა მოციქული, ანუ წარგზავნილი (საქმეები 13:2, 4; 14:14).
კვიპროსზე მოგზაურობისა და სერგის-პავლეს, რომის პროვინციის ერთ-ერთი კუნძულის მმართველის, მოქცევის შემდეგ, პერგეს გაემგზავრნენ, მცირე აზიის სამხრეთ სანაპიროსკენ, სადაც იოანემ, მარკოზად წოდებულმა, მიატოვა ისინი და იერუსალიმში დაბრუნდა (საქმეები 13:13). როგორც ჩანს, მანამდე ბარნაბა ხელმძღვანელობდა, როგორც მათ შორის უფრო გამოცდილი. ამის შემდეგ კი, სავლე (რომელსაც უკვე პავლედ მოიხსენიებდნენ) ღებულობს ხელმძღვანელობას (შეადარეთ საქმეები 13:7, 13, 16; 15:2). განაწყენდა ამის გამო ბარნაბა? არა, ის მოწიფული ქრისტიანი იყო, რომელსაც თავმდაბლობით ესმოდა, რომ იეჰოვა მის პარტნიორს დიდი საქმეებისთვის იყენებდა. იეჰოვას სურდა, რომ მათი მეშვეობით სხვა ტერიტორიებზეც გაეგო ხალხს კეთილი ცნობა.
სანამ პავლესა და ბარნაბას პისიდიის ანტიოქიიდან გააძევებდნენ, მთელმა მხარემ მოისმინა მათგან ღვთის სიტყვა და ბევრმაც მიიღო (საქმეები 13:43, 48–52). იკონიაში „უამრავმა იუდეველმა და ბერძენმა ირწმუნა“. ამის გამო პავლე და ბარნაბა კარგა ხნით დარჩნენ იქ, „გაბედულად აგრძელებდნენ ლაპარაკს უფალზე, რომელიც თავისი მადლის სიტყვის დასამოწმებლად მათი ხელით იძლეოდა ნიშნებსა და სასწაულებს“. როდესაც გაიგეს, რომ მათ ჩასაქოლად შეთქმულება ეწყობოდა, ორივემ გონიერება გამოიჩინა, გაიქცნენ და მსახურება ლუკაონიის ქალაქებში, ლისტრასა და დერბეში განაგრძეს. ლისტრაში სიცოცხლისთვის საშიში შემთხვევის შემდეგ ორივე, ბარნაბა და პავლე, ‘ამხნევებდა მოწაფეთა სულებს და შეაგონებდა, მტკიცედ მდგარიყვნენ რწმენაში, ვინაიდან მრავალი ჭირით გვმართებსო ღვთის სასუფეველში შესვლა’ (საქმეები 14:1–7, 19–22).
ამ ორ ენერგიულ მქადაგებელს შიში არ აბრკოლებდა, პირიქით, იმ ადგილებში დაბრუნდნენ ახალი ქრისტიანების განსამტკიცებლად, სადაც, არც თუ ისე დიდი ხნის წინ, საშინელი წინააღმდეგობა გადაიტანეს და, როგორც ჩანს, ეხმარებოდნენ გამოცდილ მამაკაცებს, გაძღოლოდნენ ახალ კრებებს.
წინადაცვეთის საკითხი
ახ. წ. 33 წლიდან დაახლოებით 16 წლის შემდეგ, წინადაცვეთასთან დაკავშირებულ ისტორიულ საკამათო საკითხში ბარნაბაც იყო ჩაბმული. „ჩამოვიდნენ [სირიის ანტიოქიაში] ზოგიერთები იუდეიდან და ასწავლიდნენ ძმებს: თუ წინადაცვეთას არ მიიღებთ მოსეს წესით, ვერ გადარჩებითო“. ბარნაბამ და პავლემ გამოცდილებიდან იცოდნენ, რომ ეს ასე არ იყო და ამ საკითხში არ დაეთანხმნენ მათ. იმის ნაცვლად, რომ საკუთარი უფლებების მტკიცება დაეწყოთ, მიხვდნენ, ეს სწორედ ის საკითხი იყო, რომელიც მთელი საძმოს სასიკეთოდ უნდა გადაწყვეტილიყო. ამიტომ მათ კითხვით მიმართეს ხელმძღვანელ საბჭოს იერუსალიმში, სადაც მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დაეხმარა ძმებს საკამათო საკითხის გადაწყვეტაში. მას შემდეგ, პავლე და ბარნაბა, რომლებიც მოხსენიებული არიან „საყვარელ [ძმებად]. . . რომელთაც თავი გადასდეს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელისათვის“, იყვნენ მათ შორის, რომლებსაც დაევალათ, ანტიოქიის ძმებისთვის გადაეცათ გადაწყვეტილება. როდესაც ხელმძღვანელი საბჭოს წერილი წაიკითხეს და ნათქვამიც გადასცეს, მთელმა კრებამ ‘გაიხარა ამ ნუგეშისცემით’ და „გამხნევდა“ (საქმეები 15:1, 2, 4, 25–32).
„უთანხმოება“
ამდენი ქების შემდეგ, შეიძლება, ვიფიქროთ, რომ, ალბათ, ვერასოდეს მივბაძავთ ბარნაბას მაგალითს. მაგრამ ‘ნუგეშისცემის ძე’ ისეთივე არასრულყოფილი იყო, როგორც ნებისმიერი ჩვენგანი. როდესაც ის და პავლე გეგმავდნენ მეორე მისიონერულ მოგზაურობას კრებების მოსანახულებლად მოხდა უთანხმოება. ბარნაბამ გადაწყვიტა, რომ თან წაეყვანათ თავისი დისშვილი, იოანე, მარკოზად წოდებული, მაგრამ პავლე არ ეთანხმებოდა, რადგან პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს, ის ჩამოსცილდა მათ. „აქედან ჩამოვარდა უთანხმოება, ასე რომ, ისინი დასცილდნენ ერთმანეთს. ბარნაბამ თან წაიყვანა მარკოზი და გასცურეს კვიპროსამდე. ხოლო პავლემ სილა აირჩია და გაემგზავრა“ სხვა მიმართულებით (საქმეები 15:36–40).
ნამდვილად არასასიამოვნოა! მაგრამ ეს უსიამოვნო შემთხვევა ბარნაბას შესახებ კიდევ მეტს გვაგებინებს. „ესეც ემატება ბარნაბას მარადიულ, კეთილ სახელს, რომ ის მზად იყო გადაედგა გაბედული ნაბიჯი და მეორედაც ენდო მარკოზს“, — ამბობს ერთი სწავლული. როგორც ის ვარაუდობს, ადვილად შესაძლებელია, რომ „ნდობა, რომელიც ბარნაბას ჰქონდა მის მიმართ, დაეხმარა მარკოზს თვითრწმენის აღდგენაში და ეს იყო მისთვის სტიმული, რომ განეახლებინა ერთგული მსახურება“. ბარნაბას ნდობა მარკოზის მიმართ სავსებით გამართლდა, რადგან მოვიდა დრო, როდესაც პავლემაც აღიარა, რომ მარკოზი გამოსადეგი იყო ქრისტიანული მსახურებისთვის (2 ტიმოთე 4:11; შეადარეთ კოლასელთა 4:10).
ბარნაბას მაგალითი სტიმულის მომცემია ჩვენთვის, რომ გულგატეხილთ გამოვუყოთ დრო მოსმენისთვის, გაგებისთვისა და გამხნევებისთვის და, როგორც კი დავინახავთ საჭიროებას, გავუწიოთ პრაქტიკული დახმარება. როდესაც ვკითხულობთ, თუ რა დაუზარებლად ემსახურებოდა ძმებს სიმშვიდითა და გაბედულებით, თუ რა შესანიშნავი ნაყოფი მოჰყვა ამას, თავისთავად, ვმხნევდებით. რა დიდი კურთხევაა, რომ ბარნაბასნაირები დღესაც არიან ჩვენს კრებებში!
[სქოლიოები]
a როდესაც გარკვეული თვისების „ძე“ ეწოდებოდა ვინმეს, ამით ხაზი ესმეოდა მის კარგ თვისებას. პირველ საუკუნეში მიღებული იყო სახელების შერქმევა, რომ პიროვნების თვისებებზე გაემახვილებინათ ყურადღება (შეადარეთ მარკოზი 3:17). ამით თავისებურად ხდებოდა პიროვნების თვისების აღიარება.
b ზოგს, ვინც იცოდა თუ რა იყო მოსეს რჯულით დადგენილი, აინტერესებდა, საიდან ჰქონდა ბარნაბას, ლევიანს, მიწა (რიცხვნი 18:20). მაგრამ აღსანიშნავია, რომ არ არის ნათელი, ეს მიწა პალესტინაში იყო, თუ კვიპროსში. გარდა ამისა, შესაძლებელია, ეს ყოფილიყო სასაფლაოს მიწის ნაკვეთი, რომელიც ბარნაბას შეძენილი ექნებოდა იერუსალიმის მიდამოებში. რაც არ უნდა ყოფილიყო, ბარნაბამ სხვების დასახმარებლად დათმო პირადი საკუთრება.
[სურათი 23 გვერდზე]
ბარნაბა „კეთილი კაცი იყო, სულიწმიდითა და რწმენით აღსავსე“.