საჯაროდ იქადაგეთ გადასარჩენად
«რადგან ყოველი, ვინც უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს მოუხმობს, გადარჩება» (რომაელთა 10:13).
1. რომელი გაფრთხილებები გამოიცა ბიბლიური ისტორიის განმავლობაში?
ბიბლიური ისტორია იეჰოვას რამდენიმე დღეს აღწერს. ნოეს დღეებში მომხდარი წარღვნა, სოდომისა და გომორის განადგურება, ძვ. წ. 607 წელსა და ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის დანგრევა იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღეები იყო. ესენი იეჰოვას წინააღმდეგ აჯანყებულთათვის სამაგიეროს მიზღვის დღეები იყო (მალაქია 3:23; ლუკა 21:22). იმ დღეებში თავისი ბოროტების გამო მრავალი დაიღუპა. მაგრამ ზოგი გადარჩა. იეჰოვამ გამოსცა გაფრთხილებები, რომლებიც ბოროტებს კარს მომდგარი განადგურებისა და კეთილი გულის მქონეებს ხსნის შესაძლებლობის შესახებ აუწყებდა.
2, 3. ა) რომელი წინასწარმეტყველური გაფრთხილება იქნა ციტირებული ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე? ბ) რა შედიოდა იეჰოვას სახელის მოხმობაში ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან?
2 ახ. წ. 70 წელს იერუსალიმის დანგრევა ამის თვალსაჩინო მაგალითია. იოველი თითქმის 900 წლით ადრე წინასწარმეტყველებდა ამ მოვლენებს: „გამოვაჩენ ნიშნებს ცაზე და მიწაზე: სისხლს, ცეცხლს და კვამლის სვეტებს. მზე დაბნელდება და მთვარე გასისხლიანდება, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიდი და საშინელი“. როგორ შეეძლო ვინმეს ასეთი საშინელი პერიოდის გადატანა? იოველი ინსპირაციით წერდა: „ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის სახელს, გადარჩება, რადგან სიონის მთაზე და იერუსალიმში იქნება ხსნა მათთვისაც, ვისაც უფალი მოუხმობს, როგორც ნათქვამი აქვს უფალს“ (იოველი 3:3–5).
3 ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე პეტრე იოველის წინასწარმეტყველებიდან ციტირებდა, როდესაც იერუსალიმში მყოფ იუდეველებსა და პროზელიტებს მიმართავდა და მსმენელებს აჩვენებდა, რომ ამ წინასწარმეტყველების შესრულება მათ დღეებში იყო მოსალოდნელი: „ვაჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს დაბლა მიწაზე, სისხლსა და ცეცხლს, და კვამლის ბოლქვებს. მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად, ვიდრე დადგებოდეს უფლის დღე, დიადი და გაცხადებული. და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება“ (საქმეები 2:16–21). პეტრეს მსმენელები მოსეს რჯულით ხელმძღვანელობდნენ და ამიტომ ყველამ იცოდა იეჰოვას სახელი. პეტრე განმარტავდა, რომ იმ დროიდან ღვთის სახელის მოხმობაში უფრო მეტი რამ შევიდოდა. მასში შედიოდა იესოს სახელით მონათვლაც, იმ იესოსი, რომელიც მოკლეს და შემდეგ უკვდავი ზეციერი ცხოვრებისთვის იქნა აღდგენილი (საქმეები 2:37, 38).
4. რა ცნობას ავრცელებდნენ ქრისტიანები?
4 ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან ქრისტიანები აღდგენილი იესოს შესახებ ქადაგებდნენ (1 კორინთელთა 1:23). ისინი ასწავლიდნენ, რომ ადამიანებს შეეძლოთ იეჰოვა ღმერთის სულიერი ძეები, ‘ღვთის [ახალი] ისრაელის’ წევრები, სულიერი ერის წარმომადგენლები გამხდარიყვნენ და ‘მისი [იეჰოვას] სათნოების შესახებ გამოეცხადებინათ’ (გალატელთა 6:16; 1 პეტრე 2:9). სიკვდილამდე ერთგულები უკვდავ ზეციერ ცხოვრებას დაიმკვიდრებდნენ და ზეციერ სამეფოში იესოს თანამემკვიდრეები გახდებოდნენ (მათე 24:13; რომაელთა 8:15, 16; 1 კორინთელთა 15:50–54). გარდა ამისა, ამ ქრისტიანებს იეჰოვას მომავალი დიდი და შიშის მომგვრელი დღის შესახებაც უნდა გამოეცხადებინათ. მათ უნდა გაეფრთხილებინათ იუდეველები, რომ მოელოდათ უდიდესი გასაჭირი, რომლის მსგავსიც აქამდე არ განუცდია განდგომილ იერუსალიმსა და ეგრეთ წოდებულ ღვთის ხალხს. მაგრამ ზოგი გადარჩებოდა. ვინ? ვინც იეჰოვას სახელს მოუხმობდა.
„უკანასკნელ დღეებში“
5. რომელი წინასწარმეტყველება სრულდება დღეს?
5 წარსულში მომხდარი მოვლენები დღევანდელის წინასახეობაა. 1914 წლიდან კაცობრიობა ცხოვრობს განსაკუთრებულ პერიოდში, რომელსაც ბიბლიაში ‘უკანასკნელი ჟამი’, ‘წუთისოფლის აღსასრული’ და ‘უკანასკნელი დღეები’ ეწოდება (დანიელი 12:1, 4; მათე 24:3–8; 2 ტიმოთე 3:1–5, 13). ჩვენს დღეებში სასტიკი ომები, აღვირახსნილი ძალადობა, საზოგადოების რღვევა და გარემოს გაბინძურება ბიბლიური წინასწარმეტყველების შესრულების შესანიშნავი მტკიცებაა. ყოველივე ეს იესოს მიერ ნაწინასწარმეტყველები ნიშნის შემადგენელი ნაწილებია, რომლებიც მიუთითებს, რომ კაცობრიობა უკვე მიუახლოვდა იეჰოვას გადამწყვეტ, შიშის მომგვრელ დღეს. ის თავის კულმინაციას არმაგედონის ომში მიაღწევს, რომელიც უმაღლესი წერტილია ‘დიდი გასაჭირის, როგორიც არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და აღარც არასოდეს იქნება’ (მათე 24:21; გამოცხადება 16:16).
6. ა) როგორ იცავს იეჰოვა თავმდაბლებს? ბ) სად შეგვიძლია გადარჩენის შესახებ პავლეს რჩევის ნახვა?
6 დღეს, როცა განადგურების დღე ყველაზე ახლოსაა, იეჰოვა მოქმედებს თავმდაბლების გადასარჩენად. ამ ‘უკანასკნელ ჟამს’ მან შეკრიბა ღვთის სულიერი ისრაელის დარჩენილი ნაწილი, ხოლო XX საუკუნის 30-იანი წლებიდან ყურადღება გადაიტანა მიწიერ მსახურებზე, ‘უამრავ ხალხზე, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხებიდან და ენებიდან’. როგორც ჯგუფი, ისინი ‘დიდი გასაჭირიდან მოსულები არიან’ (გამოცხადება 7:9, 14). მაგრამ როგორ შეიძლება თითოეულ პიროვნებას, გარანტირებული ჰქონდეს ხსნა? ამ კითხვაზე პასუხობს მოციქული პავლე. რომაელების მე-10 თავში ის იძლევა შესანიშნავ რჩევას გადარჩენასთან დაკავშირებით — რჩევას, რომელიც დროული იყო მისი დღეებისთვის და რომელიც დღესაც დროულია.
ლოცვა გადარჩენისთვის
7. ა) რა იმედია მოცემული რომაელთა 10:1, 2-ში? ბ) რატომ განავრცო იეჰოვამ უფრო ფართო მასშტაბით ‘სახარების’ ქადაგება?
7 როცა პავლე რომაელების მიმართ წერილს წერდა, იეჰოვას ისრაელი, როგორც ერი, უკვე უარყოფილი ჰყავდა. მიუხედავად ამისა, მოციქული ამბობდა: „ჩემი გულის სურვილი და ჩემი ვედრება ღვთისადმი ისრაელისათვის არის, რათა გადარჩნენ“. ის იმედოვნებდა, რომ ცალკეული იუდეველები მიიღებდნენ ზუსტ შემეცნებას ღვთის ნების შესახებ, რომელიც მათ ხსნამდე მიიყვანდა (რომაელთა 10:1, 2). გარდა ამისა, იეჰოვას სურვილი იყო, მთელი კაცობრიობიდან ეხსნა ის ხალხი, ვინც რწმენას გამოავლენდა, როგორც ამის შესახებ ნათქვამია იოანეს 3:16-ში: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“. იესოს გამომსყიდველურმა მსხვერპლმა შესაძლებელი გახადა უდიდესი ხსნა. როგორც ნოეს დღეებსა და მის შემდგომ განკითხვის დღეებში, იეჰოვა აცხადებს ‘სახარებას’, რომელიც ხსნის გზაზე მიუთითებს (მარკოზი 13:10, 19, 20).
8. პავლეს მაგალითის მიბაძვით, ვის მიმართ ავლენენ დღეს ჭეშმარიტი ქრისტიანები კეთილმოსურნეობას და როგორ?
8 პავლემ თავისი კეთილმოსურნეობა იუდეველებისა და წარმართებისადმი იმით გამოავლინა, რომ ხელიდან არ უშვებდა არცერთ შესაძლებლობას, ექადაგა მათთვის. ის „არწმუნებდა იუდეველებსა და ბერძნებს“. მან ეფესოს უხუცესებს უთხრა: „არაფერი დამიშურებია სასარგებლო, თქვენთვის რომ არ მექადაგნა და არ მესწავლებინა საჯაროდ თუ სახლებში. ვუმოწმებდი იუდეველებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას“ (საქმეები 18:4; 20:20, 21). მსგავსად ამისა, დღეს იეჰოვას მოწმეები ყველაფერს აკეთებენ, რათა იქადაგონ სახარება არა მხოლოდ ეგრეთ წოდებულ ქრისტიანულ სამყაროში, არამედ „ქვეყნის კიდემდე“ (საქმეები 1:8; 18:5).
‘რწმენის სიტყვის’ ქადაგება
9. ა) როგორი რწმენისკენ მოგვიწოდებს რომაელთა 10:8, 9? ბ) როდის და როგორ უნდა ვაღიაროთ ჩვენი რწმენა?
9 ხსნისთვის საჭიროა მტკიცე რწმენა. პავლე მეორე რჯულის 30:14-დან ციტირებდა, როცა თქვა: «„ახლოა შენთან სიტყვა, შენს ბაგეში და შენს გულში“, ესე იგი, რწმენის სიტყვა, რომელსაც ვქადაგებთ» (რომაელთა 10:8). ქადაგებისას „რწმენის სიტყვა“ უფრო და უფრო ინერგება ჩვენს გულში. ასე იყო პავლეს შემთხვევაშიც და მისი სიტყვები: „თუ შენი ბაგით აღიარებ, რომ იესო უფალია, და შენი გულით ირწმუნებ, რომ ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით, გადარჩები“, განამტკიცებს ჩვენს გადაწყვეტილებას: მივბაძოთ პავლეს სხვებისთვის რწმენის გაზიარებაში (რომაელთა 10:9). რწმენა სხვების წინაშე არა მარტო მონათვლის დროს უნდა აღიარო, არამედ ყოველთვის, და ეს დიდებული ჭეშმარიტების გულმოდგინე საჯარო დამოწმებით უნდა გააკეთო. ასეთი ჭეშმარიტება ყურადღებას აპყრობს უზენაესი უფლის, იეჰოვას, სახელს; ჩვენს მესიანურ მეფესა და გამომსყიდველს, უფალ იესო ქრისტეს; ასევე სამეფოს დიდებულ აღთქმებს.
10. როგორ უნდა მოვეპყროთ ‘რწმენის სიტყვას’ რომაელთა 10:10, 11-ის თანახმად?
10 არ არსებობს ხსნა მათთვის, რომლებიც არ ღებულობენ და არ იყენებენ ამ ‘რწმენის სიტყვას’, რადგან მოციქული პავლე შემდეგი სიტყვებით განაგრძობს: «გულით სწამთ სიმართლე, ხოლო ბაგით აღიარებენ გადასარჩენად. რადგან წერილი ამბობს: „ყოველი მისი მორწმუნე არ შერცხვება“» (რომაელთა 10:10, 11). ჩვენ უნდა მივიღოთ ‘რწმენის სიტყვის’ შესახებ ზუსტი შემეცნება და განვაგრძოთ ჩვენი გულების გამოკვება, რათა ამან ჩვენში მისი სხვებისთვის გაზიარების სურვილი აღძრას. იესო შეგვახსენებს: „ვისაც შერცხვება შენი და ჩემი სიტყვებისა ამ მრუშ და ცოდვილ მოდგმაში, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როდესაც მოვა თავისი მამის დიდებაში, წმიდა ანგელოზებით“ (მარკოზი 8:38).
11. რა მასშტაბებს უნდა მიაღწიოს სახარების შესახებ ქადაგებამ და რატომ?
11 წინასწარმეტყველ დანიელის თანახმად, აღსასრულის ამ დროს სამეფოს შესახებ დედამიწის კიდეებამდე დამოწმებით ‘მოძღვარნი [„გამჭრიახები“, აქ] ცის ნათელივით ანათებენ’. ისინი ‘მრავალთა მომარჯულებელნი’ არიან, ხოლო ჭეშმარიტი შემეცნება ნამდვილად უხვადაა, რადგან იეჰოვა ყველაზე მეტად ახლა ჰფენს შუქს აღსასრულის შესახებ ამ წინასწარმეტყველებას (დანიელი 12:3, 4). არსებობს ცნობა გადარჩენის შესახებ, რომელიც მნიშვნელოვანია ყველა იმ ადამიანის ხსნისთვის, რომლებსაც ჭეშმარიტება და სიმართლე უყვართ.
12. როგორ უკავშირდება რომაელთა 10:12 ანგელოზის დავალებას, რომელიც გამოცხადების 14:6-შია აღწერილი?
12 მოციქული პავლე განაგრძობს: „არ არის განსხვავება იუდეველსა და წარმართს შორის, ვინაიდან ერთი უფალი არის ყველაზე. ის უხვია ყველასათვის, ვინც მას მოუხმობს“ (რომაელთა 10:12). დღეს „სახარება“ ყველაზე გლობალური მასშტაბით — ყველა ხალხისთვის, დედამიწის კიდემდე — უნდა იქნეს ნაქადაგები. ანგელოზი, რომელიც გამოცხადების 14:6-შია აღწერილი, განაგრძობს ზეცის შუა ფრენას და ჩვენ გვანდობს ‘მარადიული სახარების დედამიწის მკვიდრთათვის — ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისთვის — ხარებას’. რა სარგებლობას მიიღებენ ისინი, რომლებიც გამოეხმაურებიან ამ ცნობას?
იეჰოვას სახელის მოხმობა
13. ა) რომელია 1998 წლისთვის ჩვენი წლიური მუხლი? ბ) რატომ არის დღეს ეს წლიური მუხლი ყველაზე დროული?
13 პავლე ციტირებს იოველის 3:5-დან და აცხადებს: «ყოველი, ვინც უფლის [„იეჰოვას“, აქ] სახელს მოუხმობს, გადარჩება» (რომაელთა 10:13). ნამდვილად დროულია იეჰოვას მოწმეთა 1998 წლის წლიურ მუხლად ამ სიტყვების არჩევა! ის არასოდეს ყოფილა ისე მნიშვნელოვანი, როგორც ახლა იეჰოვასადმი ნდობის გაღრმავებაში, მისი სახელისა და იმ გრანდიოზული განზრახვების გაცხადებაში, რომლებიც ამ სახელთან არის დაკავშირებული! როგორც პირველ საუკუნეში, ისევე თანამედროვე გახრწნილი სისტემის უკანასკნელ დღეებშიც ისმის მოწოდება: ‘იხსენით თავი ამ გარყვნილი მოდგმისაგან’ (საქმეები 2:40). ეს მოწვევა, რომელიც ბუკის ხმასავით გაისმის, მთელი მსოფლიოს ღვთისმოშიშ ხალხს მიმართავს, მოუხმონ იეჰოვას, რათა მიიღონ დიდებული ხსნა თვითონაც და მათაც, ვინც მათ მიერ სახარების საჯარო გამოცხადებას მოისმენს (1 ტიმოთე 4:16).
14. რომელ კლდეს უნდა მივმართოთ ხსნისთვის?
14 რა მოხდება, როცა იეჰოვას დიდი დღე თავს დაატყდება დედამიწას? უმრავლესობა არ მიმართავს იეჰოვას ხსნისთვის. კაცობრიობის უმეტესობა ‘ეტყვის მთებსა და კლდეებს: „ზედ დაგვემხეთ და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომარის პირისაგან და კრავის რისხვისაგან“ (გამოცხადება 6:15, 16). ისინი იმედს თანამედროვე სისტემის მთისმაგვარ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებზე დაამყარებენ. მაგრამ რამდენად უკეთესი იქნებოდა, თუ ისინი მიენდობოდნენ უდიდეს კლდეს, იეჰოვა ღმერთს! (მეორე რჯული 32:3, 4). მეფე დავითი მას შემდეგი სიტყვებით მიმართავდა: „უფალო, კლდევ და სიმაგრევ ჩემო და მხსნელო ჩემო“. იეჰოვა ‘ჩვენი ხსნის ბურჯია’ (ფსალმუნი 17:3; 94:1). მისი სახელი „მტკიცე გოდოლია“, ერთადერთი ‘გოდოლი’, რომელიც იმდენად მტკიცეა, რომ მომავალი კრიზისისას შეძლებს ჩვენს შეფარებას (იგავნი 18:10). მაშასადამე, მნიშვნელოვანია, რომ დღეს მცხოვრები თითქმის ექვსი მილიარდი ადამიანიდან, რაც შეიძლება მეტმა, ისწავლოს იეჰოვას სახელის ერთგულად და გულწრფელად მოხმობა.
15. რაზე მიუთითებს რომაელთა 10:14 რწმენასთან დაკავშირებით?
15 დროულია პავლეს შემდგომი კითხვა: „როგორ მოუხმონ მას, ვინც არ იწამეს?“ (რომაელთა 10:14). მაგრამ არსებობს მრავალი ადამიანი, რომლებსაც ჯერ კიდევ შეიძლება დაეხმარონ ‘რწმენის სიტყვის’ შეთვისებაში, რათა ხსნის მისაღებად იეჰოვას მოუხმონ. რწმენა ძალიან მნიშვნელოვანია. პავლე სხვა წერილში აცხადებს: „რწმენის გარეშე შეუძლებელია ღვთისთვის მოსაწონად ყოფნა, ვინაიდან ვინც ღმერთთან მიდის, უნდა სწამდეს, რომ ღმერთი არსებობს და თავის მაძიებელს სანაცვლოს მიაგებს“ (ებრაელთა 11:6). მაგრამ როგორ შეძლებენ მილიონები იეჰოვასადმი რწმენის გამოვლენას? რომაელთა მიმართ წერილში პავლე სვამს კითხვას: „როგორ ირწმუნონ, ვის შესახებაც არ სმენიათ?“ (რომაელთა 10:14). ზრუნავს თუ არა იეჰოვა, რომ მათ მოისმინონ? რა თქმა უნდა. ყურადღება მიაქციე პავლეს შემდეგ სიტყვებს: „როგორ მოისმინონ მქადაგებლის გარეშე?“
16. რატომ ენიჭებათ მქადაგებლებს მნიშვნელოვანი როლი ღვთიურ ღონისძიებაში?
16 პავლეს მსჯელობიდან დღესავით ნათელია, რომ საჭიროა მქადაგებლები. იესომ აღნიშნა, რომ ეს საქმიანობა „საუკუნის დასასრულამდე“ გაგრძელდებოდა (მათე 24:14; 28:18–20). გადარჩენის მიღების მიზნით ქადაგება იეჰოვას სახელის მოხმობაში ხალხისთვის დახმარების აღმოჩენის ღვთიური ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილია. ქრისტიანულ სამყაროშიც კი უმეტესობა არაფერს აკეთებს ღვთის ძვირფასი სახელის განსადიდებლად. მრავალი იეჰოვას უაზროდ აერთიანებს სამების აუხსნელი დოგმატის ორ სხვა პიროვნებასთან. აგრეთვე მრავალი მიეკუთვნება იმ ადამიანთა კატეგორიას, რომელთა შესახებ ლაპარაკია ფსალმუნის 13:1-სა და 52:2-ში: «თქვა უგუნურმა თავის გულში: „არ არის ღმერთი“». მათ უნდა იცოდნენ, რომ იეჰოვა ცოცხალი ღმერთია და უნდა გაიგონ, რომ მის სახელთანაა დაკავშირებული კარს მომდგარი დიდი გასაჭირის დროს გადარჩენა.
მქადაგებელთა ‘მშვენიერი ფეხები’
17. ა) რატომ არის დროული პავლეს მიერ აღდგენის შესახებ წინასწარმეტყველების ციტირება? ბ) რას ნიშნავს ‘მშვენიერი ფეხები’?
17 მოციქულმა პავლემ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა დასვა: «და როგორ იქადაგონ, თუ წარგზავნილები არ არიან? როგორც წერია: „რა მშვენიერია სიკეთის მახარებელთა ფერხნი!“» (რომაელთა 10:15). პავლე აქ ესაიას 52:7-დან ციტირებს, რომელიც აღდგენის შესახებ წინასწარმეტყველების ნაწილია და რომელიც 1919 წლიდან სრულდება. დღეს იეჰოვა კიდევ ერთხელ აგზავნის ‘მახარობელს, მშვიდობის გამომცხადებელს, სიკეთის მახარობელს, ხსნის გამომცხადებელს’. ღვთის მორჩილი ცხებული „დარაჯები“ და მათი თანამშრომლები სიხარულით ყიჟინებენ (ესაია 52:7, 8). დღეს ხსნის მქადაგებლებს კარდაკარ სიარულით შეიძლება ფეხები ეღლებათ ან უმტვერიანდებათ კიდეც, მაგრამ მათ სახეები სიხარულისგან უბრწყინავთ. მათ იციან, რომ იეჰოვამ დაავალა იქადაგონ მშვიდობის სახარება, ანუგეშონ დამწუხრებულები და დაეხმარონ მათ გადარჩენისთვის იეჰოვას სახელის მოხმობაში.
18. რას ამბობს რომაელთა 10:16–18 კეთილი ცნობის ქადაგების საბოლოო შედეგებზე?
18 მიუხედავად იმისა, რას აირჩევს ხალხი — ‘მოსმენილისადმი რწმენის გამოვლენას’ თუ დაუმორჩილებლობას — ჭეშმარიტია პავლეს სიტყვები: „ნუთუ არ მოუსმენიათ? პირიქით, მთელ დედამიწას მოედო მათი ხმა და ქვეყნის კიდეებს — მათი სიტყვები“ (რომაელთა 10:16–18). როგორც „ცანი ღაღადებენ ღმერთის დიდებას“, რაც მის შემოქმედებით საქმეებში გამოვლინდა, ისე მოწმეებმა დედამიწაზე უნდა გამოაცხადონ ‘უფლის წყალობის წელიწადისა და ჩვენი ღვთის შურისგების დღის შესახებ, სანუგეშებლად ყოველი მგლოვიარისა’ (ფსალმუნი 18:2–5; ესაია 61:2).
19. რას მიაღწევენ ისინი, რომლებიც ‘უფლის სახელს უხმობენ’?
19 იეჰოვას დიდი და შიშის მომგვრელი დღე უფრო და უფრო ახლოვდება. „ვაი ჩვენს დღეს! რადგან ახლოვდება უფლის დღე და დაქცევასავით მოდის უზენაესისგან“ (იოველი 1:15; 3:4). ჩვენ ვლოცულობთ, რომ მრავალი დაუყოვნებლივ გამოეხმაუროს სახარებას და თავი მოიყაროს იეჰოვას ორგანიზაციაში (ესაია 60:8; აბაკუმი 2:3). გაიხსენე იეჰოვას სხვა დღეები, როცა ბოლო მოუღო ბოროტებას: ნოეს, ლოტის, განდგომილი ისრაელისა და იუდას დღეები. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ყველაზე დიდი გასაჭირის ზღურბლზე, როდესაც იეჰოვა ძლიერი ქარიშხლით დედამიწის პირისგან ბოროტებას აღგვის და ამგვარად გზას გაუკაფავს სამოთხეში უსასრულო მშვიდობას. იქნები შენ ერთ-ერთი მათგანი, ვინც ერთგულად ‘მოუხმობს უფლის სახელს’? თუ ასეა, იხარე! ღმერთი შენც გპირდება, რომ გადარჩები (რომაელთა 10:13).
როგორ უპასუხებდი?
◻ რა სიახლეზე ქადაგებდნენ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან?
◻ როგორ უნდა მიაპყრონ ქრისტიანებმა ყურადღება ‘რწმენის სიტყვას’?
◻ რას ნიშნავს ‘უფლის სახელის მოხმობა‘?
◻ რა გაგებით აქვთ სამეფოს მქადაგებლებს ‘მშვენიერი ფეხები’?
[სურათები 18 გვერდზე]
ღვთის ხალხი ამცნობს მის დიდებულებაზე პუერტო-რიკოსა და სენეგალში, პერუსა და პაპუა ახალ გვინეაში, დიახ, მთელ დედამიწაზე.