ო, ღვთის სიბრძნის სიღრმე!
„ო, ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმე! როგორი ჩაუწვდომელია მისი სამართალი და მიუკვლეველია მისი გზები!“ (რომ. 11:33).
1. რა არის უდიდესი პატივი მონათლული ქრისტიანისთვის?
უდიდეს პატივზე საუბრისას, რა გახსენდებათ პირველ რიგში? შეიძლება გაგახსენდეთ კრებაში მიღებული პასუხისმგებლობა ან სკოლაში თუ სამსახურში მიღებული სიგელი ან ჯილდო. მაგრამ ჩვენთვის, მონათლული ქრისტიანებისთვის, უდიდესი პატივი ის არის, რომ ჭეშმარიტი ღმერთი, იეჰოვა, მასთან დაახლოების საშუალებას გვაძლევს. ეს პატივი იმიტომ გვერგო წილად, რომ „ღმერთმა გვცნო“ (1 კორ. 8:3; გალ. 4:9).
2. რატომ არის ჩვენთვის დიდი პატივი, რომ იეჰოვა გვცნობს და იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გავიცნოთ?
2 რატომ არის ჩვენთვის დიდი პატივი, რომ იეჰოვა გვცნობს და იმის საშუალებას გვაძლევს, რომ გავიცნოთ? არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის სამყაროში უდიდესი პიროვნებაა, არამედ იმიტომაც, რომ ის იცავს თავის მოყვარულებს. ღვთის შთაგონებით წინასწარმეტყველმა ნაუმმა დაწერა: „კარგია იეჰოვა, ციხესიმაგრეა გაჭირვების დღეს. ის ცნობს მასში თავშესაფრის მძებნელებს“ (ნაუმ. 1:7; ფსალმ. 1:6). ფაქტობრივად, ჩვენი მარადიული ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, რომ ვეცნობოდეთ ჭეშმარიტ ღმერთს და მის ძეს, იესო ქრისტეს (იოან. 17:3).
3. რას ნიშნავს ვიცნობდეთ ღმერთს?
3 ვიცნობდეთ იეჰოვას, მისი სახელის ცოდნაზე მეტს ნიშნავს. უნდა ვიცნობდეთ მას, როგორც მეგობარს, და ვიცოდეთ, რა მოსწონს და რა — არა. ამ ცოდნის შესაბამისად ცხოვრება კი, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ, რითაც ცხადვყოფთ, რომ ღმერთს კარგად ვიცნობთ (1 იოან. 2:4). მაგრამ კიდევ რაღაც მოგვეთხოვება, თუ გვინდა, რომ ნამდვილად ვიცნობდეთ იეჰოვას. საჭიროა, ვიცოდეთ არა მხოლოდ ის, თუ რა გაუკეთებია მას, არამედ ისიც, თუ როგორ და რატომ მოიქცა ამა თუ იმ სახით. რაც უფრო გვესმის იეჰოვას განზრახვები, მით უფრო გვაოცებს ღვთის სიბრძნის სიღრმე (რომ. 11:33).
განზრახვების ღმერთი
4, 5. ა) რა მნიშვნელობით არის გამოყენებული ბიბლიაში სიტყვა „განზრახვა“? ბ) მოიყვანეთ მაგალითი, როგორ შეიძლება სხვადასხვა გზით მიზნის მიღწევა.
4 იეჰოვა განზრახვების ღმერთია და ბიბლია მისი „მარადიული განზრახვის“ შესახებ ლაპარაკობს (ეფეს. 3:10, 11). რას ნიშნავს ეს გამოთქმა? სიტყვა „განზრახვა“ ბიბლიაში მიუთითებს კონკრეტულ მიზანზე, რომლის მიღწევაც ერთზე მეტი გზით არის შესაძლებელი.
5 მოვიყვანოთ მაგალითი. დავუშვათ, ვინმეს რომელიმე ქვეყანაში გამგზავრება აქვს განზრახული. მისი მიზანი კონკრეტულ გეოგრაფიულ ადგილას მოხვედრაა. მას, შესაძლოა, სხვადასხვა ვარიანტი აქვს, თუ რომელი ტრანსპორტით და რა მარშრუტით ჩავიდეს დანიშნულების ადგილზე. არჩეული გზით მგზავრობისას ის შეიძლება გაუთვალისწინებელ სირთულეებს შეხვდეს: ამინდის ცვლილება, საცობები გზებზე, გზების გადაკეტვა და სხვა, რის გამოც შეიძლება ალტერნატიული გზით წასვლა დასჭირდეს. რა ცვლილებების მოხდენაც არ უნდა მოუწიოს, ის თავის მიზანს მიაღწევს, როცა დანიშნულების ადგილზე ჩავა.
6. რა მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა იეჰოვამ თავისი განზრახვის შესასრულებლად?
6 მსგავსად ამისა, იეჰოვაც მნიშვნელოვან ცვლილებებს ახდენს იმისათვის, რომ თავისი მარადიული განზრახვა შეასრულოს. ის ანგარიშს უწევს თავისი გონიერი ქმნილებების ნების თავისუფლებას და მზად არის, შეცვალოს საბოლოო მიზნისკენ მიმავალი გზა. მაგალითად, განვიხილოთ, როგორ ასრულებს იეჰოვა აღთქმულ შთამომავალთან დაკავშირებულ თავის განზრახვას. თავიდან იეჰოვამ პირველ წყვილს უთხრა: „ინაყოფიერეთ, გამრავლდით, აავსეთ დედამიწა, დაეპატრონეთ მას“ (დაბ. 1:28). შეუშალა ხელი ედემის ბაღში მომხდარმა მოვლენებმა ღვთის განზრახვის განხორციელებას? სრულიადაც არა. იეჰოვამ სასწრაფო ზომები მიიღო და თავისი განზრახვის შესასრულებლად ალტერნატიული გზა გამონახა. მან იწინასწარმეტყველა, რომ გამოჩნდებოდა შთამომავალი, რომელიც აღმოფხვრიდა დაუმორჩილებლობის საზიანო შედეგებს (დაბ. 3:15; ებრ. 2:14—17; 1 იოან. 3:8).
7. რას ვიგებთ გამოსვლის 3:14-ში იეჰოვას მიერ მოცემული საკუთარი თავის აღწერილობიდან?
7 იეჰოვას უნარი, თავი გაართვას თავისი განზრახვის განხორციელებისას წამოჭრილ სირთულეებს, სრულად შეესაბამება იმ აღწერილობას, რომელსაც ის საკუთარი თავის შესახებ გვაძლევს. როდესაც მოსემ იეჰოვას უთხრა, თუ რა შეუშლიდა ხელს მისთვის დაკისრებული დავალების შესრულებაში, იეჰოვამ დაარწმუნა: «„მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“, და განაგრძო: ასე უთხარი ისრაელის ძეებს: მან გამომგზავნა, ვინც თქვა: „მე ვიქცევი“» (გამ. 3:14). დიახ, თავისი განზრახვის შესასრულებლად იეჰოვას შეუძლია იქცეს იმად, რადაც საჭიროდ ჩათვლის! ამას ძალიან ლამაზად აღგვიწერს მოციქული პავლე წიგნ რომაელების მე-11 თავში. აქ ის სიმბოლურ ზეთისხილის ხეზე ლაპარაკობს. რა იმედიც უნდა გვქონდეს — ზეცაში წასვლის თუ აქ, დედამიწაზე, მარადიულად ცხოვრების — პავლეს მიერ მოყვანილი მაგალითის განხილვის შემდეგ უფრო მეტად დავაფასებთ იეჰოვას სიბრძნის სიღრმეს.
იეჰოვას განზრახვა აღთქმულ შთამომავალთან დაკავშირებით
8, 9. ა) რა ოთხი ძირითადი ფაქტი დაგვეხმარება, გავიგოთ მაგალითი ზეთისხილის ხეზე? ბ) რომელ კითხვაზე პასუხიდან ჩანს, რომ იეჰოვა თავისი განზრახვის შესასრულებლად მდგომარეობის შესაბამის ცვლილებებს ახდენს?
8 ზეთისხილის ხეზე მაგალითი რომ გავიგოთ, საჭიროა ვიცოდეთ ოთხი ფაქტი, რომლებიც ნაწინასწარმეტყველები შთამომავლის შესახებ იეჰოვას განზრახვის შესრულებასთანაა დაკავშირებული. პირველი, იეჰოვა აბრაამს დაჰპირდა: „შენი შთამომავლის მეშვეობით იკურთხება დედამიწის ყველა ერი“ (დაბ. 22:17, 18). მეორე, აბრაამის შთამომავლებს, ისრაელებს, მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ „მღვდლების სამეფო“ (გამ. 19:5, 6). მესამე, როდესაც ებრაელების უმრავლესობამ არ მიიღო მესია, იეჰოვამ „მღვდლების სამეფოს“ ჩამოსაყალიბებლად სხვა ზომებს მიმართა (მათ. 21:43; რომ. 9:27—29). და ბოლოს, თუმცა აბრაამის შთამომავლის მთავარი წარმომადგენელი იესო იყო, სხვებსაც მიეცათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ ამ შთამომავლის წარმომადგენლები (გალ. 3:16, 29).
9 ამ ოთხი ძირითადი ფაქტის საფუძველზე წიგნ „გამოცხადებიდან“ ვიგებთ, რომ 144 000 იესოსთან ერთად ზეცაში მეფეებად და მღვდლებად იმმართველებს (გამოცხ. 14:1—4). მათ აგრეთვე „ისრაელის ძეები“ ეწოდებათ (გამოცხ. 7:4—8). მაგრამ არის 144 000-ის ყველა წევრი ებრაელი? ამ კითხვაზე პასუხიდან ჩანს, რომ იეჰოვა თავისი განზრახვის შესასრულებლად მდგომარეობის შესაბამის ცვლილებებს ახდენს. ახლა კი, ვნახოთ, როგორ გვეხმარება რომაელებისთვის მიწერილი პავლეს წერილი, გავიგოთ ამ კითხვაზე პასუხი.
„მღვდლების სამეფო“
10. რა განსაკუთრებული შესაძლებლობა ჰქონდათ ებრაელებს?
10 როგორც ზემოთ იყო მოხსენიებული, ებრაელებს ჰქონდათ განსაკუთრებული შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ „მღვდლების სამეფოდ და წმინდა ერად“ (წაიკითხეთ რომაელების 9:4, 5 ). მაგრამ, რა მოხდებოდა, როცა აღთქმული შთამომავალი მოვიდოდა? შეავსებდნენ ებრაელები სულიერი ისრაელის — აბრაამისთვის აღთქმული შთამომავლის სხვა წარმომადგენლების — სრულ რიცხვს, 144 000-ს?
11, 12. ა) როდის დაიწყო მათი არჩევა, ვინც ზეციერი სამეფოს წევრები გახდებოდნენ, და როგორი იყო ამ მოწვევაზე იმ დროს მცხოვრებ ებრაელთა უმრავლესობის რეაქცია? ბ) როგორ შეავსო იეჰოვამ მათი „სრული რიცხვი“, ვინც აბრაამის შთამომავლის ნაწილი უნდა გამხდარიყო?
11 წაიკითხეთ რომაელების 11:7—10. პირველ საუკუნეში ებრაელმა ერმა იესო არ მიიღო. ამიტომ აბრაამის შთამომავლად გახდომის შესაძლებლობა მათ გარდა სხვა ერებსაც მიეცა. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან მათი არჩევა დაიწყო, ვინც ზეციერ „მღვდელთა სამეფოს“ წევრები გახდებოდნენ. ამ დროს ისრაელში იყვნენ გულწრფელი ებრაელებიც, რომლებმაც მოწვევა მიიღეს. მათი რაოდენობა რამდენიმე ათასს შეადგენდა, რაც მთელ ებრაელ ერთად შედარებით მხოლოდ ნაწილი იყო (რომ. 11:5, სქოლიო).
12 როგორ შეავსებდა იეჰოვა მათ „სრულ რიცხვს“, ვინც აბრაამის შთამომავლის ნაწილი უნდა გამხდარიყო? (რომ. 11:12, 25). ყურადღება მიაქციეთ, რა დაწერა მოციქულმა პავლემ: „ნუ იფიქრებთ, რომ ღვთის სიტყვა არ შესრულებულა, რადგან [ხორციელ] ისრაელთაგან ყველა როდია ნამდვილი ისრაელი. და ის, რომ აბრაამის შთამომავლები არიან, არ ნიშნავს, რომ ყველა შვილია [აბრაამის შთამომავლის ნაწილია] . . . ესე იგი, ხორციელი შვილები კი არ არიან ღვთის შვილები, არამედ შთამომავლებად ისინი ითვლებიან, რომლებიც დანაპირების მიხედვით არიან შვილები“ (რომ. 9:6—8). ამგვარად, შთამომავალთან დაკავშირებით იეჰოვას განზრახვის შესასრულებლად სულაც არ იყო აუცილებელი, რომ ადამიანი, პირდაპირი გაგებით, აბრაამის შთამომავალი ყოფილიყო.
სიმბოლური ზეთისხილის ხე
13. რა არის წარმოდგენილი ა) ზეთისხილის ხით? ბ) ფესვით? გ) ღეროთი? და დ) ტოტებით?
13 მოციქული პავლე განაგრძობს სიმბოლურ ზეთისხილის ტოტებთან მათ შედარებას, ვინც აბრაამის შთამომავლის ნაწილი გახდაa (რომ. 11:21). ამ კულტურული ზეთისხილის ხით წარმოდგენილია აბრაამის შთამომავალთან დაკავშირებული ღვთის განზრახვის შესრულება. ხის ფესვი არის წმინდა და წარმოადგენს იეჰოვას, როგორც სულიერი ისრაელისთვის სიცოცხლის მიმცემს (ეს. 10:20; რომ. 11:16). ღერო წარმოადგენს იესოს, როგორც აბრაამის შთამომავლის მთავარ ნაწილს. ტოტები კი წარმოადგენს „სრულ რიცხვს“, რომლებიც აბრაამის შთამომავლის სხვა ნაწილის წევრები არიან.
14, 15. ვინ არის წარმოდგენილი ზეთისხილის ხის გადატეხილი ტოტებით და ვინ დაემყნო მათ ადგილას?
14 ზეთისხილის ხეზე თვალსაჩინო მაგალითში ებრაელები, რომლებმაც იესო არ მიიღეს, შედარებულია ზეთისხილის ხის გადატეხილ ტოტებთან (რომ. 11:17). ამგვარად ხორციელმა ისრაელმა დაკარგა შესაძლებლობა, გამხდარიყო აბრაამის შთამომავლის ნაწილი. მაგრამ ვინ შეცვლიდა მათ? ამ კითხვაზე პასუხი ებრაელებისთვის, რომლებიც ამაყობდნენ, რომ აბრაამის ხორციელი შთამომავლები იყვნენ, სრულიად მიუღებელი იქნებოდა. მაგრამ იოანე ნათლისმცემელს ისინი წინასწარ ჰყავდა გაფრთხილებული, რომ თუ იეჰოვა მოისურვებდა, შეეძლო აბრაამისთვის შვილები ქვებიდან აღედგინა (ლუკ. 3:8).
15 მაშ, რა გააკეთა იეჰოვამ თავისი განზრახვის შესასრულებლად? პავლე გვიხსნის, რომ ველური ზეთისხილის ტოტები კულტურული ზეთისხილის მოტეხილი ტოტების ადგილას დაემყნო (წაიკითხეთ რომაელების 11:17, 18 ). ამგვარად, სულითცხებული ქრისტიანები სხვა ერებიდან, მაგალითად, რომის კრებიდან ზოგი ქრისტიანი, ფიგურალური გაგებით დაემყნო სიმბოლური ზეთისხილის ხეს. ასეთი სახით ისინი აბრაამის შთამომავლის ნაწილი გახდნენ. თავიდან ისინი ველური ზეთისხილის ტოტების მსგავსნი იყვნენ და არანაირი შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ყოფილიყვნენ ამ განსაკუთრებული შეთანხმების ნაწილი. მაგრამ იეჰოვამ მისცა მათ შესაძლებლობა, რომ სულიერი იუდეველები გამხდარიყვნენ (რომ. 2:28, 29).
16. როგორ ახსნა პეტრემ ახალი სულიერი ერის ჩამოყალიბება?
16 მოციქული პეტრე გვიხსნის ამ მდგომარეობას: «ასე რომ, ის [იესო ქრისტე] თქვენთვის [სულიერი ისრაელისთვის, რომლის შემადგენლობაშიც არაებრაელი ქრისტიანებიც შედიან] არის ძვირფასი, რადგან მორწმუნეები ხართ, ურწმუნოებისთვის კი „მშენებლების მიერ დაწუნებული ქვა კუთხის თავი გახდა“, „დაბრკოლების ქვა და შეფერხების კლდე“ . . . თქვენ კი „რჩეული მოდგმა ხართ, სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება, რომ ყველგან აუწყოთ მისი აღმატებულობის შესახებ“, ვინც სიბნელიდან თავის საოცარ სინათლეში გამოგიხმოთ. ოდესღაც ხალხი არ იყავით, ახლა კი ღვთის ხალხი ხართ. ოდესღაც შეწყალებულნი არ იყავით, ახლა კი შეწყალებულნი ხართ» (1 პეტ. 2:7—10).
17. რატომ იყო ის, რაც იეჰოვამ გააკეთა, „არაბუნებრივი“?
17 იეჰოვამ ისეთი რამ გააკეთა, რაც მრავლისთვის სრულიად მოულოდნელი იყო. პავლე მომხდარს „არაბუნებრივს“ უწოდებს (რომ. 11:24). რატომ? შეიძლება ვინმეს უჩვეულოდ, და არაბუნებრივადაც კი, მოსჩვენებოდა კულტურულ ხეზე ველური ხის ტოტის დამყნობა, მაგრამ პირველ საუკუნეში ზოგი მებაღე ამას აკეთებდა.b იეჰოვამ მსგავსი უჩვეულო რამ გააკეთა. იუდეველთა აზრით, არაებრაელები ვერ გამოიღებდნენ სათანადო ნაყოფს. მაგრამ იეჰოვამ სწორედ ისინი გახადა „ერის“ ნაწილი, რომელიც სამეფოს ნაყოფს გამოიღებდა (მათ. 21:43). ახ. წ. 36 წელს კორნელიუსის, პირველი წინადაუცვეთელი უცხოტომელის, სულით ცხებით წინადაუცვეთელ არაებრაელებს მიეცათ შესაძლებლობა, სიმბოლურ ზეთისხილის ხეს დამყნობოდნენ (საქ. 10:44—48).c
18. რა შესაძლებლობა ჰქონდათ ებრაელებს ახ. წ. 36 წლის შემდეგ?
18 ნიშნავს ეს იმას, რომ ახ. წ. 36 წლის შემდეგ ებრაელებს აღარ ექნებოდათ არავითარი შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ აბრაამის შთამომავლის ნაწილი? არა, რადგან პავლე გვიხსნის: „ისინიც [ებრაელები], თუ თავიანთ ურწმუნოებაში არ დარჩებიან, დაემყნობიან, რადგან ღმერთს შეუძლია მათი ხელახლა დამყნობა. მაგრამ, თუ შენ ბუნებით ველური ზეთისხილიდან მოჭრილი იქენი და არაბუნებრივად დაემყნე ბაღის ზეთისხილს, რამდენად უკეთესად დაემყნობიან ბუნებრივი ტოტები თავიანთ ზეთისხილის ხეს!“d (რომ. 11:23, 24).
„გადარჩება მთელი ისრაელი“
19, 20. რას აღწევს იეჰოვა, როგორც ეს სიმბოლური ზეთისხილის ხით არის ნაჩვენები?
19 იეჰოვას განზრახვა „ღვთის ისრაელთან“ დაკავშირებით სასწაულებრივად სრულდება (გალ. 6:16). პავლეს სიტყვების თანახმად, „გადარჩება მთელი ისრაელი“ (რომ. 11:26). იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს „მთელი ისრაელი“, ანუ სულიერი ისრაელის სრული შემადგენლობა, იმსახურებს ზეცაში მეფეებად და მღვდლებად. იეჰოვას განზრახვის შესრულებას ხელს ვერაფერი შეუშლის!
20 როგორც ნაწინასწარმეტყველებია, აბრაამის შთამომავალი, იესო ქრისტე 144 000-თან ერთად, კურთხევებს მოუტანს „დედამიწის ყველა ერს“ (დაბ. 22:18). ამგვარად ეს ღვთის ყველა მსახურს მოუტანს სარგებლობას. მართლაც, როდესაც იეჰოვას მარადიული განზრახვის შესრულებაზე ვფიქრობთ, გაოცებულნი ვართ „ღვთის სიმდიდრის, სიბრძნისა და ცოდნის სიღრმით!“ (რომ. 11:33).
[სქოლიოები]
a ხორციელი ისრაელიდან ზოგი გახდა მღვდელი და მეფე, მაგრამ მთლიანად ერი არ გამხდარა მღვდელთა სამეფო. კანონის თანახმად, ისრაელის მეფეები მღვდლები ვერ გახდებოდნენ. აქედან გამომდინარე, ხორციელი ისრაელი არ წარმოადგენს სიმბოლურ ზეთისხილის ხეს. პავლე ზეთისხილის ხის მაგალითით ცხადყოფს, თუ როგორ სრულდება ღვთის განზრახვა „მღვდელთა სამეფოს“ წარმოქმნის შესახებ სულიერ ისრაელზე. ეს განახლებული გაგება დაიბეჭდა 1983 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკში“, გვერდები 14—19, [ინგლ.].
b იხილეთ ჩარჩო „რატომ ამყნობდნენ ველური ზეთისხილის ტოტს?“
c ეს მოხდა იმ სამ წელიწად-ნახევრიანი პერიოდის ბოლოს, რომლის განმავლობაშიც ებრაელებს ჰქონდათ შესაძლებლობა, გამხდარიყვნენ ახალი სულიერი ერის ნაწილი. ამის შესახებ ნაწინასწარმეტყველები იყო 70 კვირასთან დაკავშირებულ წინასწარმეტყველებაში (დან. 9:27).
d რომაელების 11:24-ში ჩაწერილი ბერძნული სიტყვა, რომელიც ქართულად ითარგმნა, როგორც „ბაღი“, ნაწარმოებია სიტყვიდან, რომელიც ნიშნავს „კარგს, შესანიშნავს“ ან იმას, „რაც თავის დანიშნულებას კარგად ასრულებს“.
გახსოვთ თუ არა?
• რას გვეუბნება იეჰოვას შესახებ ის, თუ როგორ ასრულებს შემოქმედი თავის განზრახვას?
• რომაელების მე-11 თავში რა არის წარმოდგენილი . . .
ზეთისხილის ხით?
ფესვით?
ღეროთი?
ტოტებით?
• რატომ იყო კულტურულ ხეზე ველურის დამყნობა „არაბუნებრივი“?
[ჩარჩო⁄სურათი 24 გვერდზე]
რატომ ამყნობდნენ ველური ზეთისხილის ტოტს?
▪ რომაელი ჯარისკაცი და აგრონომი ლუციუს იუნიუს კოლუმელა ახ. წ. პირველ საუკუნეში ცხოვრობდა. ის ცნობილია თავისი 12 წიგნით, რომლებიც სოფლის ცხოვრებასა და მეურნეობას ეძღვნება.
თავის მეხუთე წიგნში მას მოჰყავს ერთ-ერთი უძველესი ანდაზა: „ვინც ნიადაგს უფხვიერებს, ხეს ნაყოფს სთხოვს, ვინც ანოყიერებს, ევედრება ნაყოფი გამოიღოს, მაგრამ ვინც სხლავს, ხეს აძალებს, რომ ნაყოფი მისცეს“.
მას შემდეგ, რაც აღწერა ხეები, რომლებიც კარგად ხარობენ, მაგრამ უნაყოფოები არიან, ის შემდეგ რჩევას იძლევა: „ხეს უნდა გაუკეთდეს ჭრილი და ჭრილში უნდა ჩადონ ველური ზეთისხილის ხის მწვანე ტოტი და შეახვიონ; შედეგად ხე, ასე ვთქვათ, ორსულდება ნაყოფიერი შთამომავლით, და უხვ მოსავალს იძლევა“.
[სურათი 23 გვერდზე]
გაიგეთ თუ არა მაგალითი სიმბოლური ზეთისხილის ხის შესახებ?