ეძიეთ მშვიდობა და ისწრაფეთ მისკენ
«თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად [„მშვიდობისმყოფელი“, აქ] იყავით» (რომაელთა 12:18).
1, 2. რატომ ვერ გასტანს დიდხანს ადამიანის მიერ დამყარებული მშვიდობა?
წარმოიდგინეთ სუსტსაძირკვლიანი, კოჭებდამპალი და ჩამოწოლილსახურავიანი სახლი. მოისურვებდით ასეთ სახლში ცხოვრებას? საეჭვოა. საღებავის ახალთახალი ფენაც კი ვერ შეცვლის იმ სინამდვილეს, რომ ეს ნაგებობა მყარი არ არის. ადრე თუ გვიან, ის ჩამოინგრევა.
2 ნებისმიერი მშვიდობა, რომელიც დღევანდელ წუთისოფელში იღებს სათავეს, ამ სახლის მსგავსია. ის სუსტ საძირკველზეა დაფუძნებული — სახელდობრ, ადამიანის დაპირებებსა და სტრატეგიებზე, „რომელსაც არ შეუძლია შველა“ (ფსალმუნი 145:3). კაცობრიობის ისტორია ერებს, ეთნიკურ ჯგუფებსა და ტომებს შორის კონფლიქტების ერთი დიდი მატიანეა. მართალია, ხანდახან იყო მშვიდობიანობის ხანმოკლე პერიოდები, მაგრამ განა რამედ ღირდა ასეთი მშვიდობა? დავუშვათ, ორი სახელმწიფო ომობს და გარკვეული ხნის შემდეგ მათ შორის მშვიდობა ცხადდება იმ მიზეზით, რომ ან ერთ-ერთი მათგანი დამარცხდა, ანდა ორივე სახელმწიფო ატყობს, რომ ბრძოლის გაგრძელება არაფრის მომცემი იქნება. განა რამედ ღირს ასეთი მშვიდობა? ის სიძულვილი, ეჭვები და შური, რამაც ომს მისცა ბიძგი, კვლავაც მათ გულებშია. მშვიდობამ, რომელიც მხოლოდ მტრობის შესანიღბავი „საღებავის ფენაა“, შეუძლებელია დიდხანს გასტანოს (ეზეკიელი 13:10).
3. რატომ არის ღვთის ხალხის მშვიდობა ადამიანთა მიერ დამყარებული ნებისმიერი მშვიდობისგან განსხვავებული?
3 როგორც უნდა იყოს, ომის ქარცეცხლში გახვეულ დღევანდელ მსოფლიოში მაინც არსებობს ნამდვილი მშვიდობა. მაგრამ სად? იესო ქრისტეს ნაკვალევზე მავალ ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის, რომლებიც ემორჩილებიან იესოს სიტყვებს და ცდილობენ, მას მიჰბაძონ (1 კორინთელთა 11:1; 1 პეტრე 2:21). მშვიდობა, რომელიც სხვადასხვა რასის, სოციალური მდგომარეობისა და ეროვნების ჭეშმარიტ ქრისტიანებს შორის სუფევს, იმიტომ არის ნამდვილი, რომ ის მათსა და ღმერთს შორის არსებულ მშვიდობიან ურთიერთობაზეა დამყარებული; ეს ურთიერთობა კი, თავის მხრივ, იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი მათ რწმენაზეა დაფუძნებული. მათი მშვიდობა ძღვენია ღვთისგან, და არა — ადამიანების მოჩვენებითი მინაღწევარი (რომაელთა 15:33; ეფესელთა 6:23, 24). ეს „მშვიდობის მთავრისადმი“, იესო ქრისტესადმი, მორჩილებისა და „სიყვარულისა და მშვიდობის ღვთისადმი“ თაყვანისცემის შედეგია (ესაია 9:5; 2 კორინთელთა 13:11).
4. როგორ „ისწრაფვის“ ქრისტიანი მშვიდობისკენ?
4 არასრულყოფილი ადამიანები მშვიდობას ვერ მიაღწევენ თავისთავად. ამიტომ, როგორც პეტრემ თქვა, თითოეული ქრისტიანი უნდა „ეძიებდეს მშვიდობას და მისკენ ისწრაფვოდეს“ (1 პეტრე 3:11). როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? ამაზე ერთი ძველად წარმოთქმული წინასწარმეტყველება გვცემს პასუხს. ესაიას პირით იეჰოვამ განაცხადა: «შენი ვაჟები, ყველანი, უფლის დამოძღვრილნი იქნებიან და დიდი იქნება შენი ვაჟების კეთილდღეობა [„მშვიდობა“, აქ]» (ესაია 54:13; ფილიპელთა 4:9). დიახ, ნამდვილ მშვიდობას ისინი ჰპოვებენ, ვინც ყურად იღებს იეჰოვას სწავლებას. გარდა ამისა, ‘სიყვარულსა და სიხარულთან, სულგრძელობასა და სახიერებასთან, სიკეთესა და ერთგულებასთან, სიმშვიდესა და თავშეკავებასთან’ ერთად მშვიდობა ღვთის სულიწმიდის ნაყოფია (გალატელთა 5:22, 23). მშვიდობა შორს არის უსიყვარულო, უსიხარულო, მოუთმენელი, ბოროტი, ავი, ორგული, მრისხანე და თავშეუკავებელი ადამიანებისგან.
„ყველა ადამიანთან მშვიდობისმყოფელი“
5, 6. ა) რა სხვაობაა მშვიდობისმოყვარეობასა და მშვიდობისმყოფელობას შორის? ბ) ვის მიმართ უნდა იყვნენ ქრისტიანები მშვიდობისმყოფელნი?
5 მშვიდობა განიმარტება, როგორც „სიწყნარე, სიმშვიდე, უშფოთველობა“. მშვიდობის ეს განმარტება მრავალ ისეთ სიტუაციას მიესადაგება, რომლებშიც საერთოდ არ არის დავა და კონფლიქტი. ბოლოს და ბოლოს, თვით მიცვალებულიც კი სიმშვიდის მდგომარეობაში იმყოფება! მაგრამ, ნამდვილი მშვიდობით რომ დატკბეს, ადამიანს მშვიდობისმოყვარეობაზე მეტი მოეთხოვება. მთაზე ქადაგებისას იესომ თქვა: „ნეტარ არიან მშვიდობის მყოფელნი, ვინაიდან ღვთის ძეებად იწოდებიან“ (მათე 5:9). ამ დროს იესო იმ ადამიანებს ესაუბრებოდა, ვისაც მოგვიანებით ღვთის ძეებად გახდომისა და ზეცაში უკვდავი სიცოცხლის მიღების შესაძლებლობა მიეცემოდათ (იოანე 1:12; რომაელთა 8:14—17). და საბოლოოდ, ზეციერი იმედის არმქონე ყველა ერთგული ადამიანიც მიიღებს კურთხევას ‘ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებით’ (რომაელთა 8:21). მხოლოდ მშვიდობისმყოფელ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს ასეთი იმედი. ხშირად მშვიდობიანობა (სიმშვიდის მდგომარება) და მშვიდობისმყოფელობა განსხვავდება ერთმანეთისგან. ბიბლიური გაგებით, მშვიდობისმყოფელობა მშვიდობის აქტიურად ხელშეწყობას ნიშნავს; და ზოგჯერ ეს მშვიდობის აღდგენასაც გულისხმობს.
6 ამის გათვალისწინებით, მოდი პავლე მოციქულის მიერ რომაელებისთვის მიცემულ რჩევაზე დავფიქრდეთ: «თუ თქვენის მხრივ შესაძლებელია, ყველა ადამიანთან მშვიდობიანად [„მშვიდობისმყოფელი“, აქ] იყავით» (რომაელთა 12:18). ამით პავლე იმას კი არ ეუბნებოდა რომაელებს, რომ უბრალოდ წყნარები ყოფილიყვნენ — თუმცა ეს თავისთავად ცუდი არ იქნებოდა — არამედ მშვიდობის დამყარებისკენ მოუწოდებდა. ვისთან უნდა დაემყარებინათ მშვიდობა? „ყველა ადამიანთან“ — ოჯახის წევრებთან, თანაქრისტიანებთან, თვით მათთანაც კი, ვინც მათ რწმენას არ იზიარებდა. მან რომაელებს მოუწოდა, რომ, ‘რამდენადაც ეს მათზე იქნებოდა დამოკიდებული’ (აქ), მშვიდობა დაემყარებინათ სხვებთან. ცხადია, მას არ სურდა, რომ მშვიდობის შესანარჩუნებლად ისინი დათმობაზე წასულიყვნენ რწმენასთან დაკავშირებით. ნაცვლად იმისა, რომ ადამიანები ტყუილუბრალოდ აემხედრებინათ თავიანთ წინააღმდეგ, მათ მშვიდობიანი დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ მათთან ურთიერთობისას. კრების წევრებთან ჰქონდათ ურთიერთობა თუ გარეშეებთან, ქრისტიანები ყოველთვის ასე უნდა მოქცეულიყვნენ (გალატელთა 6:10). ამის თანახმად პავლემ დაწერა: „მუდამ ცდილობდეთ სიკეთე უყოთ ერთმანეთს და ყველას“ (1 თესალონიკელთა 5:15).
7, 8. როგორ და რატომ არიან ქრისტიანები მშვიდობისმყოფელი მათთან, ვინც არ იზიარებს მათ რწმენას?
7 როგორ შეგვიძლია მშვიდობისმყოფელი ვიყოთ მათთან, ვინც ჩვენს რწმენას არ იზიარებს, და, შესაძლოა, გვეწინააღმდეგება კიდეც ჩვენი მრწამსის გამო? ერთი საშუალება ის არის, რომ თავს არ ვიჭერთ ისე, თითქოს მათზე უკეთესი ვიყოთ. მაგალითად, კონკრეტული ადამიანების დამამცირებელი სიტყვებით მოხსენიება არ იქნებოდა მშვიდობისმყოფელობის გამოვლენა. იეჰოვამ ორგანიზაციებისა და საზოგადოებრივი ჯგუფების წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი გამოაცხადა, მაგრამ ჩვენ არა გვაქვს იმის უფლება, რომ ესა თუ ის ადამიანი ისე მოვიხსენიოთ, თითქოსდა ის უკვე მსჯავრდადებული იყოს. სინამდვილეში, ჩვენ არ განვიკითხავთ სხვებს, თვით ჩვენს მოწინააღმდეგეებსაც კი. პავლემ ტიტეს სთხოვა, რომ კრეტელი ქრისტიანებისთვის ადამიანთა ხელისუფლებისადმი მორჩილებაზე მიეცა რჩევა. შემდეგ სთხოვა, ისიც შეეხსენებინა, რომ ‘არავინ დაეძრახათ, ყოფილიყვნენ მშვიდობისმოყვარენი, შემწყნარენი, სიმშვიდე გამოეჩინათ ყველა ადამიანის მიმართ’ (ტიტე 3:1, 2).
8 მშვიდობისმყოფელი დამოკიდებულება მათთან, ვინც ჩვენს რწმენას არ იზიარებს, დიდად შეუწყობს ხელს იმას, რომ მათ კარგი თვალით შეხედონ ჭეშმარიტებას. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვმეგობრობთ ისეთ საზოგადოებასთან, რომელიც „ხრწნის კეთილ ჩვევებს“ (1 კორინთელთა 15:33). მიუხედავად ამისა, შეგვიძლია თავაზიანები ვიყოთ და ყველას პატივისცემითა და კეთილგანწყობით უნდა მოვეპყროთ. პეტრემ დაწერა: „კარგად მოიქეცით წარმართებში, რათა რაშიც გაძაგებენ, როგორც ბოროტმოქმედებს, იმაში დაინახონ თქვენი კეთილი საქმეები და ადიდონ ღმერთი მონახულების დღეს“ (1 პეტრე 2:12).
მშვიდობისმყოფელები მსახურებაში
9, 10. არათანამორწმუნეებისადმი მშვიდობისმოყვარეობის გამოვლენის რა მაგალითი მოგვცა მოციქულმა პავლემ?
9 პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები ცნობილი იყვნენ თავიანთი გაბედულებით. ისინი ზერელედ არ ეკიდებოდნენ ცნობას, რომელსაც აუწყებდნენ და, როდესაც წინააღმდეგობას აწყდებოდნენ, მტკიცედ ჰქონდათ გადაწყვეტილი, ღმერთს უფრო მეტად დამორჩილებოდნენ, ვიდრე ადამიანებს (საქმეები 4:29; 5:29). მაგრამ მათ გაბედულება თავხედობაში არ ეშლებოდათ. ვნახოთ, როგორ მოიქცა პავლე, როდესაც თავის რწმენას მეფე ჰეროდე აგრიპა II-ს წინაშე იცავდა. ჰეროდე აგრიპა სისხლის აღრევაში იყო დამნაშავე — მას თავის დასთან, ბერნიკესთან, ჰქონდა ურთიერთობა. მაგრამ პავლეს მისთვის ზნეობრიობაზე ლექციის წაკითხვა არ განუზრახავს. ამის მაგივრად, მან ყურადღება შეხების საერთო წერტილებზე გაამახვილა და აგრიპა იუდეველთა ჩვეულებების მცოდნედ და წინასწარმეტყველთა მორწმუნედ მოიხსენია (საქმეები 26:2, 3, 27).
10 ეპირფერებოდა პავლე იმ კაცს, ვისაც მისთვის თავისუფლების ბოძება შეეძლო? არა. პავლე თვითონაც ისე იქცეოდა, როგორც თანამორწმუნეებს ურჩევდა და ჭეშმარიტებას ლაპარაკობდა. ჰეროდე აგრიპასთვის მას არაფერი უთქვამს არასწორი (ეფესელთა 4:15). სინამდვილეში, პავლე მშვიდობისმყოფელი იყო და იცოდა, როგორ გამხდარიყო „ყველასათვის ყველაფერი“ (1 კორინთელთა 9:22). მისი მიზანი იესოს შესახებ ქადაგების თავისი უფლების დაცვა იყო. როგორც გამოცდილმა მასწავლებელმა, თავდაპირველად მან ისეთ საკითხზე დაიწყო საუბარი, რომელზეც შეიძლება ორივეს ერთნაირი აზრი ჰქონოდა. პავლე ამგვარად დაეხმარა ამ უზნეო მეფეს, რომ ქრისტიანობაზე უფრო კარგი შეხედულება შექმნოდა (საქმეები 26:28—31).
11. როგორ შეგვიძლია მშვიდობისმყოფელები ვიყოთ ჩვენს მსახურებაში?
11 როგორ შეგვიძლია მშვიდობისმყოფელები ვიყოთ მსახურების დროს? პავლეს მსგავსად, ჩვენც თავიდან უნდა ავიცილოთ კამათი. რა თქმა უნდა, ზოგჯერ აუცილებელია, რომ ‘უშიშრად ვილაპარაკოთ ღვთის სიტყვა’, გაბედულად დავიცვათ ჩვენი რწმენა (ფილიპელთა 1:14). მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ჩვენი უმთავრესი მიზანი სასიხარულო ცნობის ქადაგებაა (მათე 24:14). თუ ადამიანი ღვთის განზრახვების შესახებ ჭეშმარიტებას შეიცნობს, იგი შეძლებს ცრუ რელიგიური წარმოდგენებისგან გათავისუფლებას და უწმინდური ჩვევების მოშლას. ამიტომ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, კარგი იქნება, ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, რაც ჩვენს მსმენელებს მიიზიდავს. შეგვეძლო თავდაპირველად იმ საკითხებზე გვესაუბრა, რომლებზეც საერთო აზრი გვაქვს. უარყოფით შედეგს გამოიღებდა მოსაუბრის ჩვენ წინააღმდეგ განწყობა, რომელსაც, თუ ტაქტიანად მივმართავდით, შეიძლება მოესმინა კიდეც ჩვენი ცნობა (2 კორინთელთა 6:3).
მშვიდობისმყოფელები ოჯახში
12. როგორ შეგვიძლია მშვიდობისმყოფელები ვიყოთ ოჯახში?
12 პავლემ თქვა, რომ დაქორწინებულებს „ხორციელი გაჭირვება ექნებათ“ (1 კორინთელთა 7:28). ქორწინებაში სხვადასხვა სიძნელეები იჩენს თავს. მაგალითად, ზოგიერთ წყვილს დროდადრო უთანხმოება მოსდის. როგორ უნდა მოგვარდეს ისინი? მშვიდობისმყოფელობით. მშვიდობისმყოფელი ყოველ ღონეს მოახმარს, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს. როგორ? უპირველეს ყოვლისა, იგი ენას კბილს დააჭერს. როდესაც სარკასტულ და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ვეუბნებით სხვებს, ეს პატარა ორგანო მართლაც ‘დაუოკებელი ბოროტება და მომაკვდინებელი გესლი ხდება’ (იაკობი 3:8). მშვიდობისმყოფელი ენას სხვების აღსაშენებლად — და არა ძირის გამოსათხრელად — იყენებს (იგავნი 12:18).
13, 14. როგორ შეგვიძლია მშვიდობის შენარჩუნება, როდესაც რამეს უმართებულოდ ვამბობთ ან ემოციები გვაქვს მოზღვავებული?
13 არასრულყოფილების გამო დროდადრო ყველა ჩვენგანი ვამბობთ რამე ისეთს, რაც მოგვიანებით სანანებელი გვიხდება. როდესაც ასე ხდება, შეეცადეთ მაშინვე გამოასწოროთ მდგომარეობა და მშვიდობა აღადგინოთ (იგავნი 19:11; კოლასელთა 3:13). მოერიდეთ „სიტყვების გამო პაექრობაში“ და „წვრილმანებზე გაშმაგებულ კამათში“ ჩაბმას (1 ტიმოთე 6:4, 5, აქ). ნაცვლად ამისა, უფრო ღრმად გაერკვიეთ სიტუაციაში და თქვენი მეუღლის გრძნობების გაგებას შეეცადეთ. თუ უკმეხი სიტყვები გითხრეს, ნუ უპასუხებთ იმავეთი. გახსოვდეთ, რომ „მშვიდი პასუხი გულისწყრომას აცხრობს“ (იგავნი 15:1).
14 ზოგჯერ კარგი იქნებოდა, იგავნის 17:14-ში მოცემულ რჩევაზე დაფიქრებულიყავით: „ვიდრე არ აფეთქებულა, შეწყვიტე ცილობა“. შეჩერდით და გარეშე თვალით შეხედეთ ფეთქებად სიტუაციას. მოგვიანებით, როდესაც ემოციები დაცხრება, ალბათ, პრობლემის მშვიდობიანად მოგვარებას შეძლებთ. ზოგიერთ შემთხვევაში, სასურველი იქნებოდა მოწიფული ქრისტიანი ზედამხედველის მოხმობა დასახმარებლად. ასეთ გამოცდილ და თანამგრძნობ მამაკაცებს დიდი დახმარების გაწევა შეუძლიათ, როდესაც ოჯახის მშვიდობას საფრთხე ემუქრება (ესაია 32:1, 2).
მშვიდობისმყოფელები კრებაში
15. იაკობის სიტყვების თანახმად, რა არაჯანსაღი სული განავითარა ზოგმა ქრისტიანმა და რატომ არის ეს სული მიწიერი, ცხოველური და დემონური?
15 სამწუხაროდ, პირველ საუკუნეში მცხოვრები ზოგიერთი ქრისტიანი შურისა და მეტოქეობის — მშვიდობის სრულიად საწინააღმდეგო — სულს ავლენდა. იაკობმა თქვა: «ეს არაა მაღლიდან გარდმოვლენილი სიბრძნე, არამედ მიწიერი, მშვინვიერი [„ცხოველური“, აქ], ეშმაკური [„დემონური“, აქ], რადგან სადაც შური და მეტოქეობაა, იქ ქაოსი და ყოველგვარი ბოროტმოქმედებაა» (იაკობი 3:14—16, „ახალი აღთქმა და ფსალმუნი“, 1990). ზოგი ფიქრობს, რომ „მეტოქეობად“ გადმოთარგმნილი ბერძნული სიტყვა ეგოისტურ ამბიციას, გამოჩენილი მდგომარეობისთვის ბრძოლას გულისხმობს. სავსებით მართებულად უწოდებს იაკობი მას „მიწიერს, ცხოველურს, დემონურს“. კაცობრიობის მთელი ისტორიის განმავლობაში მსოფლიო მმართველები ერთმანეთს ექიშპებოდნენ, ნადირებივით ებრძოდნენ ერთმანეთს. მეტოქეობა მართლაც „მიწიერი“ და „ცხოველურია“. ის „დემონურიცაა“. ეს მუხანათური თვისება პირველად ძალაუფლებაზე დახარბებულმა ანგელოზმა გამოავლინა; იგი იეჰოვა ღმერთს აუჯანყდა და გახდა სატანა — დემონთა მმართველი.
16. როგორ ავლენდა პირველ საუკუნეში მცხოვრები ზოგი ქრისტიანი სატანისთვის დამახასიათებელ სულს?
16 იაკობმა ქრისტიანებს მოუწოდა, მეტოქეობის სულის განვითარებას შეწინააღმდეგებოდნენ, რადგან ის მშვიდობას არღვევდა. მან დაწერა: „საიდან მოდის ბრძოლები და შუღლი თქვენს შორის? თუ არა თქვენივე გულისთქმათაგან, რომლებიც თქვენ ასოებს შორის იბრძვიან“ (იაკობი 4:1). სიტყვა „გულისთქმა“ შეიძლება მატერიალური ნივთებისადმი სიხარბეს ანდა გამოჩენილი მდგომარეობის, ძალაუფლებისა და გავლენის ქონის სურვილს გულისხმობდეს. სატანის მსგავსად, კრებებში ზოგს, როგორც ჩანს, პირველობა სურდა, იმის ნაცვლად, რომ „უმცირესი“ ყოფილიყვნენ, როგორც ეს იესომ უთხრა თავის ჭეშმარიტ მიმდევრებს (ლუკა 9:48). ასეთ სულს კრებაში მშვიდობის დარღვევა შეუძლია.
17. როგორ შეუძლიათ ქრისტიანებს დღეს, მშვიდობისმყოფელები იყვნენ კრებაში?
17 დღეს ჩვენც უნდა შევეწინააღმდეგოთ მატერიალიზმისადმი, შურისადმი ან პატივმოყვარეობისადმი მიდრეკილებას. თუ ნამდვილად მშვიდობისმყოფელები ვართ, არ შეგვაშფოთებს ის, რომ კრებაში ზოგი ჩვენზე უფრო დახელოვნებულია მსახურების ამა თუ იმ სფეროში; არც მათი რეპუტაციის შელახვას შევეცდებით სხვების თვალში მათი მოტივების ეჭვის ქვეშ დაყენებით. თუ რაიმე განსაკუთრებული ნიჭით ვართ დაჯილდოებული, მას სხვების დასაჩრდილავად არ გამოვიყენებთ, თითქოსდა კრების წარმატება მხოლოდ ჩვენს უნარიანობასა და პრაქტიკულ ცოდნაზე ყოფილიყოს დამოკიდებული. ასეთი სული გათიშულობას გამოიწვევდა; ის მშვიდობას არ მოიტანდა. მშვიდობისმყოფელებს თავი კი არ მოაქვთ თავიანთი სხვადასხვა ნიჭით, არამედ თავმდაბლად იყენებენ მათ იმისათვის, რომ ძმებს მოემსახურონ და იეჰოვას პატივი მიაგონ. მათ ესმით, რომ, საბოლოო ჯამში, სიყვარული — და არა რაიმე უნარი — განასხვავებს ჭეშმარიტ ქრისტიანს სხვებისგან (იოანე 13:35; 1 კორინთელთა 13:1—3).
„შენს განმგებელად მშვიდობას გავხდი“
18. როგორ ინარჩუნებენ უხუცესები მშვიდობას ერთმანეთში?
18 კრების უხუცესები სხვებისთვის სამაგალითონი არიან მშვიდობისმყოფელობაში. თავისი ხალხის შესახებ იეჰოვამ იწინასწარმეტყველა: „შენს განმგებელად მშვიდობას გავხდი და ზედამხედველად — სიმართლეს“ (ესაია 60:17). ამ წინასწარმეტყველური სიტყვების თანახმად, ისინი, ვინც ქრისტიან მწყემსად მსახურობს, ყოველ ღონეს ხმარობენ, ხელი შეუწყონ მშვიდობას, როგორც ერთმანეთში, ისე სამწყსოში. უხუცესებს ერთმანეთში მშვიდობის შენარჩუნება „მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნის“ გამოვლენით შეუძლიათ, რომელიც მშვიდობიანი და კეთილგონივრულია (იაკობი 3:17). რადგან კრების უხუცესები განსხვავდებიან წარმომავლობითა და ცხოვრებისეული გამოცდილებით, ზოგჯერ მათ შეიძლება განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონდეთ. ხომ არ მეტყველებს ეს იმაზე, რომ მათ შორის მშვიდობა არ არის? არა, თუ ისინი სათანადოდ ართმევენ თავს აზრთა ასეთ სხვაობას. მშვიდობისმყოფელები მოკრძალებით გამოთქვამენ საკუთარ აზრს და შემდეგ სხვათა აზრსაც პატივისცემით ისმენენ. თავისი აზრის გატანის ნაცვლად, მშვიდობისმყოფელი ილოცებს და ისე აწონ-დაწონის თავისი ძმის თვალსაზრისს. თუ ბიბლიური პრინციპი არ ირღვევა, განსხვავებული აზრების არსებობა დასაშვებია. როდესაც სხვები არ ეთანხმებიან, მშვიდობისმყოფელი დათმობაზე წავა და მხარს დაუჭერს უმრავლესობის გადაწყვეტილებას. ამგვარად, ის თვალსაჩინოს გახდის თავის კეთილგონიერებას (1 ტიმოთე 3:2, 3, აქ). გამოცდილ ზედამხედველებს ესმით, რომ მშვიდობის შენარჩუნება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი მოსაზრების თანახმად მოქმედება.
19. როგორ მოქმედებენ უხუცესები როგორც მშვიდობისმყოფელები კრებაში?
19 უხუცესები სამწყსოს წევრებთან მშვიდობას იმით ინარჩუნებენ, რომ ეხმარებიან მათ და მეტისმეტად კრიტიკულად არ ეკიდებიან მათ მცდელობებს. რა თქმა უნდა, ხანდახან ზოგიერთი მათგანი გამოსწორებას საჭიროებს (გალატელთა 6:1). მაგრამ ქრისტიანი უხუცესის უმთავრესი მოვალეობა დასჯა არ არის. იგი ხშირად აქებს სხვებს. მოსიყვარულე უხუცესები ცდილობენ, სხვებში კარგი შენიშნონ. ზედამხედველები აფასებენ თანაქრისტიანთა ღვაწლს და დარწმუნებული არიან, რომ თანამორწმუნეები საუკეთესოს აკეთებენ (2 კორინთელთა 2:3, 4).
20. რა კურთხევას იღებს კრება, თუ ყველა მშვიდობისმყოფელია.
20 მაშასადამე, ოჯახში, კრებაში და მათთან ურთიერთობისას, ვინც არ იზიარებს ჩვენს რწმენას, ვცდილობთ, მშვიდობისმყოფელი ვიყოთ, მშვიდობისთვის გავისარჯოთ. თუ მთელი მონდომებით ვუწყობთ მშვიდობას ხელს, ამით ჩვენს წვლილს შევიტანთ კრების კეთილდღეობაში. ამავე დროს, როგორც შემდეგი სტატიიდან დავინახავთ, ასე მოქმედება მრავალმხრივ დაგვიცავს და განგვამტკიცებს.
გახსოვთ თუ არა?
• რას ნიშნავს, იყო მშვიდობისმყოფელი?
• როგორ შეგვიძლია მშვიდობისმყოფელები ვიყოთ მათთან ურთიერთობისას, • ვინც არ არის იეჰოვას მოწმე?
• რა საშუალებებით შეგვიძლია ოჯახში მშვიდობისთვის ხელის შეწყობა?
• როგორ შეუძლიათ უხუცესებს მშვიდობისთვის ხელის შეწყობა კრებაში?
[სურათი 9 გვერდზე]
მშვიდობისმყოფელები თავს არ იჭერენ ისე, თითქოსდა სხვებზე უკეთესი არიან.
[სურათები 10 გვერდზე]
ქრისტიანები მშვიდობისმყოფელები არიან მსახურებაში, ოჯახსა და კრებაში.