უნდა იხადოთ გადასახადები?
«მიეცით ყველას, რაც ეკუთვნის: ვისაც ხარკი — ხარკი, ვისაც ბაჟი — ბაჟი, ვისაც შიში — შიში, ვისაც პატივი — პატივი» (რომაელთა 13:7).
იმ მიზეზით, რომ გადასახადები განუწყვეტლივ იზრდება, შესაძლოა, ზემოხსენებული რჩევის გათვალისწინება ძნელად მოგეჩვენოთ. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ეს სიტყვები პავლე მოციქულს ეკუთვნის და ისინი ბიბლიაშია ჩაწერილი. უეჭველია, რომ პატივისცემით ეკიდებით ბიბლიას. თუმცა კი შეიძლება გაიკვირვოთ: „ნუთუ ქრისტიანებმა ყველანაირი გადასახადი უნდა იხადონ — ისეთებიც, რომლებსაც ზოგიერთი უსაშველოდ დიდად ან უსამართლოდ მიიჩნევს?“
დაფიქრდით იესოს მიერ თავისი მოწაფეებისთვის მიცემულ ერთ-ერთ მითითებაზე. მან იცოდა, რომ მისი თანამემამულეები ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ რომის მიერ დაწესებული გადასახადებით. მიუხედავად ამისა, იესომ დაბეჯითებით ურჩია მათ: „მიეცით კეისრისა კეისარს და ღვთისა — ღმერთს“ (მარკოზი 12:17). საინტერესოა, რომ იესო იმის მომხრე იყო, რომ მის მოწაფეებს თვით იმ ხელისუფლებისთვის გადაეხადათ გადასახადები, რომელიც მას მალე სიკვდილით დასჯიდა.
წლების შემდეგ პავლემ წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც დასაწყისში იყო ციტირებული. ის აღძრავდა ქრისტიანებს, გადაეხადათ გადასახადები მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ ამოღებული თანხის დიდი ნაწილი რომის სამხედრო ძალის განსამტკიცებლად და იმპერატორების უზნეო და ფუფუნებით ცხოვრების ხელშესაწყობად გამოიყენებოდა. რატომ გამოვიდა პავლე ასეთი არაპოპულარული იდეის მომხრედ?
უმაღლესი ხელმწიფება
ვნახოთ პავლეს სიტყვების კონტექსტი. რომაელთა 13:1-ში ის წერდა: „ყოველი სული დაემორჩილოს უმაღლეს ხელმწიფებას. ვინაიდან არ არსებობს ხელმწიფება, თუ არა ღვთისაგან, ხოლო არსებულნი ღვთის მიერ არიან დადგენილნი“. როდესაც ისრაელ ერს ღვთისმოშიში მმართველები ჰყავდა, ხალხისთვის ადვილი იყო იმ თვალსაზრისის გაზიარება, რომ სავალდებულო იყო ქვეყნის ფინანსური მხარდაჭერა სამოქალაქო და რელიგიური მიზნებისთვის. მაგრამ ეკისრებოდათ თუ არა ქრისტიანებს იგივე პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში, თუ მმართველები კერპთაყვანისმცემლები იყვნენ? დიახ, ეკისრებოდათ! პავლეს სიტყვებიდან ჩანდა, რომ ღმერთმა მმართველებს „ხელმწიფების“ უფლება მისცა.
მთავრობები ბევრს აკეთებენ სახელმწიფოში წესრიგის დასაცავად, რაც ქრისტიანებს სხვადასხვაგვარი სულიერი საქმიანობით დაკავების საშუალებას აძლევს (მათე 24:14; ებრაელთა 10:24, 25). ამიტომაც, უმაღლესი ხელისუფლების შესახებ პავლემ თქვა: „იგი ღვთის მსახურია შენდა სასიკეთოდ“ (რომაელთა 13:4). თავად პავლემაც ისარგებლა იმ დაცვით, რომელიც რომის კანონმდებლობით იყო გათვალისწინებული. როდესაც ის ბრბომ შეიპყრო, რომაელმა ჯარისკაცებმა დაიხსნეს. მოგვიანებით, მან რომის სასამართლო სისტემას მიმართა, რის შემდეგაც კვლავ შეძლო მისიონერად მსახურება (საქმეები 22:22—29; 25:11, 12).
პავლე ასახელებს სამ მიზეზს, რომელთა გამოც აუცილებელია გადასახადების გადახდა. პირველი ისაა, რომ კანონის დამრღვევებს მთავრობა „რისხვით“ სჯის; მეორე — თუ ღვთისმოშიში ადამიანი თავს აარიდებს გადასახადებს, მისი სინდისი გაუხეშდება; და ბოლო — გადასახადები იმ მომსახურებისთვის გაღებული კომპენსაციაა, რითაც მთავრობა, როგორც ხალხის საკეთილდღეოდ დადგენილი ‘მსახური’, უზრუნველყოფს მოსახლეობას (რომაელთა 13:1—6).
მიჰქონდათ თანაქრისტიანებს პავლეს სიტყვები გულთან ახლოს? როგორც ჩანს, მიჰქონდათ. რადგან მეორე საუკუნის ნომინალური ქრისტიანობის წარმომადგენელმა, იუსტინე წამებულმა (დაახლოებით ახ. წ. 110—165 წწ.), ქრისტიანების შესახებ თქვა, რომ „სხვებთან შედარებით, [ისინი] უფრო ხალისით“ იხდიდნენ გადასახადებს. დღესაც, როდესაც მთავრობა გარკვეულ მოთხოვნებს უყენებს მოსახლეობას, დროსთან იქნება ეს დაკავშირებული თუ ფულთან, ქრისტიანები მზადყოფნით ემორჩილებიან მას (მათე 5:41)a.
რასაკვირველია, ქრისტიანებს სრული უფლება აქვთ, ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეღავათით. ზოგ შემთხვევაში მათ შეუძლიათ ისარგებლონ რელიგიური ორგანიზაციების წევრთა სასარგებლოდ მიღებული კანონებით, რომლებიც გადასახადების გადახდისას გარკვეულ შეღავათებს აძლევს. და მაინც, ჭეშმარიტი ქრისტიანები, რომლებიც ემორჩილებიან ღვთის სიტყვას, არ გაურბიან გადასახადების გადახდას. ისინი იხდიან გადასახადებს, ხოლო სრული პასუხისმგებლობა იმაზე, თუ როგორ გამოიყენება ფული, აკისრია მთავრობას.
ხალხზე უზომოდ მაღალი გადასახადების დაკისრება იმის ერთ-ერთი გამოხატულებაა, თუ როგორ ‘ბატონობს ადამიანი ადამიანზე მის საბოროტოდ’ (ეკლესიასტე 8:9). იეჰოვას მოწმეები ნუგეშს პოულობენ ბიბლიური დანაპირებით, რომ მალე ყველა სამართლიან პირობებში იცხოვრებს ღვთის სამეფოს მმართველობის დროს — მმართველობისა, რომელიც არასოდეს დაამძიმებს ხალხს უსამართლო გადასახადებით (ფსალმუნები 71:12, 13; ესაია 9:7).
[სქოლიოები]
a იესოს რჩევა, „მიეცით კეისრისა კეისარს“, მხოლოდ გადასახადების გადახდით არ შემოიფარგლებოდა (მათე 22:21). „მათეს სახარების კრიტიკულ და განმარტებით ცნობარში“, რომლის ავტორი ჰაინრიხ მაიერია, ნათქვამია: „[კეისრისაში] . . . შედიოდა არა მხოლოდ მოქალაქეებზე დაკისრებული გადასახადი, არამედ ყველაფერი, რისი მოთხოვნის უფლებაც ჰქონდა კეისარს, როგორც კანონიერ მმართველს“.
[ჩანართი 11 გვერდზე]
პირველი ქრისტიანები „სხვებთან შედარებით, უფრო ხალისით“ იხდიდნენ გადასახადებს (იუსტინე წამებული).
[სურათი 10 გვერდზე]
ჭეშმარიტი ქრისტიანები იცავენ საგადასახადო კანონებს.
[სურათი 11 გვერდზე]
იესომ თქვა: „მიეცით კეისრისა კეისარს“.
[საავტორო უფდებები დაცულია 10 გვერდზე]
© European Monetary Institute