როდესაც ცოდვა აღარ იქნება
„ნუთუ ცოდვილები ვიბადებით?“ ამ საკითხმა საგონებელში ჩააგდო ერთი ასპირანტი შეერთებულ შტატებში მაშინვე, როგორც კი ბიბლიის შესწავლა დაიწყო. რადგანაც ის ინდუსად აღიზარდა, შეხედულება მემკვიდრეობით მიღებულ ცოდვაზე მისთვის უცხო იყო. მაგრამ თუ ცოდვა მართლაც მემკვიდრეობითაა მიღებული, მსჯელობდა ის, მისი არსებობის უარყოფა თუ უგულებელყოფა უაზრობა იქნებოდა. როგორ შეუძლია ადამიანს ამ კითხვაზე პასუხის მოძებნა?
თუ ცოდვა გადმოსულია მემკვიდრეობით, მას დასაწყისიც უნდა ჰქონდეს. ცოდვილად ხომ არ იყო შექმნილი პირველი ადამიანი და ამიტომაც ხომ არ გადასცა ცუდი თვისებები თავის შვილებს? ან ეს ნაკლი მოგვიანებით ხომ არ განვითარდა? ზუსტად როდის ჰქონდა ცოდვას დასაწყისი? სხვა მხრივ, თუ ცოდვა მხოლოდ გარეგანი, ბოროტი რეალობაა ან პრინციპი, შეგვიძლია იმის იმედი გვქონდეს, რომ ერთხელაც გავთავისუფლდებით მისგან?
ინდუიზმის მრწამსის თანახმად, ტანჯვა და ბოროტება ქმნილებებს თან ახლავს. „ტანჯვა [თუ ბოროტება], — შენიშნავს ინდუიზმის მცოდნე, — ქრონიკული რევმატიზმის მსგავსად, ერთი ადგილიდან მეორეზე ინაცვლებს, მაგრამ მისი სრულიად ამოძირკვა შეუძლებელია“. ბოროტება, უეჭველია, მთელი ცნობილი ისტორიის მანძილზე კაცობრიობის ნაწილი იყო. თუ ის იმაზე ადრე იყო, ვიდრე ადამიანმა ისტორიული ჩანაწერების გაკეთება დაიწყო, სანდო პასუხები მისი წარმოშობის შესახებ აუცილებლად ზეადამიანური წყაროდან უნდა მომდინარეობდეს. პასუხები ღვთისგან უნდა მომდინარეობდეს (ფსალმუნი 35:10).
უცოდველად შექმნილი ადამიანი
ინდუსი ფილოსოფოსი ნიკჰილანანდა აღიარებს, რომ „ვედებში“ ადამიანის შექმნა მეტაფორულად არის აღწერილი. ამის მსგავსად აღმოსავლური რელიგიების უმრავლესობა შექმნას მხოლოდ მითოლოგიურად განმარტავს. მაგრამ პირველი ადამიანის შექმნის შესახებ ბიბლიური ცნობის დასაჯერებლად როგორც ლოგიკური, ასევე მეცნიერული საფუძველი არსებობსa. ბიბლიის პირველივე თავში ნათქვამია: „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი“ (დაბადება 1:27).
რას ნიშნავს ის, რომ ადამიანი შეიქმნა ‘ღვთის ხატად’? მარტივად რომ ვთქვათ: ადამიანი შეიქმნა ღვთის მსგავსად და ისეთივე თვისებები ჰქონდა, როგორც ღმერთს: სამართლიანობა, სიბრძნე და სიყვარული, რაც განასხვავებდა მას ცხოველებისგან (შეადარე კოლასელთა 3:9, 10). ეს თვისებები აღჭურავდა მას უნარით, აერჩია ეკეთებინა კეთილი ან ბოროტი, რაც მას ნების თავისუფლებას აძლევდა. როდესაც პირველი ადამიანი შეიქმნა, მასში არ იყო არავითარი ცოდვა და არც მის ცხოვრებაში იყო ბოროტება და ტანჯვა.
ადამიანს, ადამს, იეჰოვა ღმერთმა უბრძანა: „ყველა ხის ნაყოფი გეჭმევა ამ ბაღში. მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდებიო“ (დაბადება 2:16, 17). თუ მორჩილებას აირჩევდნენ, ადამი და მისი ცოლი ევა თავიანთ შემოქმედს დიდებასა და პატივს მოუტანდნენ და ცოდვისგან თავისუფლები დარჩებოდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ურჩობა იმის მაჩვენებელი იქნებოდა, რომ ისინი არ შეესაბამებოდნენ ღვთის სრულყოფილ ნორმებს, და ეს მათ არასრულყოფილებად — ცოდვილებად — გახდიდა.
ადამსა და ევას არ მისცემია ღვთაებრივი ბუნება. მაგრამ მათ გარკვეული ზომით ჰქონდათ ღვთიური თვისებები და ზნეობრივ საკითხებში გადაწყვეტილების მიღების უნარი. რადგან ღვთის ქმნილებები იყვნენ, ისინი უცოდველები ანუ სრულყოფილები იყვნენ (დაბადება 1:31; მეორე რჯული 32:4). მათი შექმნა არ არღვევდა ჰარმონიას, რომელიც მანამდე საუკუნეების განმავლობაში სუფევდა ღმერთსა და მთელ სამყაროს შორის. მაშ, საიდან წამოვიდა ცოდვა?
ცოდვის წარმოშობა
ცოდვა პირველად სულიერ სფეროში მოხდა. დედამიწისა და ადამიანის შექმნამდე ღმერთმა გონიერი სულიერი ქმნილებები — ანგელოზები — შექმნა (იობი 1:6; 2:1; 38:4–7; კოლასელთა 1:15–17). ერთი ანგელოზი ფიქრობდა, რომ ძალიან ლამაზი და გონიერი იყო (შეადარე ეზეკიელი 28:13–15). ადამისა და ევასთვის ღვთის მიერ მითითებულიდან — წარმოეშვათ ბავშვები — ამ ანგელოზს შეეძლო განეჭვრიტა, რომ მალე მთელი დედამიწა გაივსებოდა მართალი ადამიანებით და ყველა ღვთის თაყვანისმცემელი იქნებოდა (დაბადება 1:27, 28). ამ სულიერმა ქმნილებამ მოინდომა, რომ ადამიანებს მისთვის ეცათ თაყვანი (მათე 4:9, 10). ასეთი სურვილით საზრდოობამ არასწორ მოქმედებამდე მიიყვანა (იაკობი 1:14, 15).
გველის მეშვეობით მოჯანყე ანგელოზმა უთხრა ევას, რომ კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფის შეჭმის აკრძალვით ღმერთი უმალავდა შემეცნებას, რომელიც მას უნდა ჰქონოდა (დაბადება 3:1–5). ეს იყო ბოროტებით სავსე ტყუილი — ცოდვა. ამ ტყუილის თქმით ანგელოზმა საკუთარი თავი ცოდვილად აქცია. შედეგად, მას ეწოდა სატანა, ღვთის მოწინააღმდეგე, და ეშმაკი, რომლის შესატყვისი ბერძნული სიტყვა ცილისმწამებელს ნიშნავს (გამოცხადება 12:9).
სატანას დამაჯერებელმა არგუმენტმა ცუდი შედეგი მოუტანა ევას. მაცდურის სიტყვებზე მინდობით ის მოტყუებული აღმოჩნდა და შეჭამა ნაყოფი აკრძალული ხიდან. მისი ქმარი ადამი შეუერთდა მას და ამგვარად ორივე ცოდვილი გახდა (დაბადება 3:6; 1 ტიმოთე 2:14). ნათელია, რომ ღვთისადმი ურჩობის გზის არჩევით ჩვენი პირველი მშობლები ასცდნენ სრულყოფილების მიზანს და საკუთარი თავი ცოდვილებად აქციეს.
რას ვიტყვით ადამისა და ევას შთამომავლობაზე? ბიბლია განმარტავს: „ერთი ადამიანის მიერ ცოდვა შემოვიდა წუთისოფელში, ხოლო ცოდვის მიერ — სიკვდილი, ასევე სიკვდილი გადავიდა ყველა ადამიანში, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომაელთა 5:12). მემკვიდრეობის კანონი უკვე მოქმედებაში იყო. ადამი თავის შვილებს შთამომავლობით ვერ გადასცემდა იმას, რაც თვითონ არ ჰქონდა (იობი 14:4). სრულყოფილებადაკარგული პირველი წყვილი ცოდვილი იყო, როცა მათი ბავშვები ჩაისახა. შედეგად, ყველა ჩვენგანმა, უკლებლივ, დაიმკვიდრა ცოდვა (ფსალმუნი 50:7; რომაელთა 3:23). ცოდვას კი, თავის მხრივ, ბოროტებისა და ტანჯვის მეტი არაფერი მოუტანია. უფრო მეტიც, ჩვენ ამის გამო ვბერდებით და ვკვდებით, „ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია“ (რომაელთა 6:23).
სინდისი ‘ბრალს გვდებს’ ან ‘გვამართლებს’
დაუფიქრდი აგრეთვე ცოდვის შედეგს ადამიანთა პირველი წყვილის საქციელზე. მათ სხეულის გარკვეული ნაწილები დაფარეს და ცდილობდნენ ღვთისგან დამალულიყვნენ (დაბადება 3:7, 8). მაშასადამე, ცოდვამ მათში დანაშაულის, წუხილისა და სირცხვილის გრძნობა გამოიწვია. კაცობრიობისთვის ეს გრძნობები დღესაც ძალიან კარგადაა ცნობილი.
ვის არ განუცდია უხერხული გრძნობები იმის გამო, რომ გაჭირვებულისთვის სიკეთის გაკეთება დაიზარა ან ვის არ უნანია იმ სიტყვების თქმაზე, რომლებიც არ უნდა ეთქვა? (იაკობი 4:17). რატომ გვაქვს მოუსვენრობის გრძნობები? მოციქული პავლე გვიხსნის, რომ ‘რჯული გვიწერია გულებში’. თუ სინდისი გაქვავებული არ არის, ამ რჯულის დარღვევა წარმოქმნის შინაგან შფოთს. ასე რომ, სინდისის ხმა ‘ბრალს გვდებს’ ან ‘გვამართლებს’ (რომაელთა 2:15; 1 ტიმოთე 4:2; ტიტე 1:15). მიუხედავად იმისა, გვესმის ეს თუ არა, ჩვენ გვაქვს არასწორის — ცოდვის — შინაგანი შეგრძნება!
პავლემ მშვენივრად იცოდა ცოდვისკენ თავისი მიდრეკილებების შესახებ. ის აღიარებდა: „კეთილის გაკეთება მსურს და ბოროტი გვერდით მიწევს. ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ“. ამიტომ პავლემ იკითხა: „ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?“ (რომაელთა 7:21–24).
ცოდვისგან გათავისუფლება — როგორ?
ერთი სწავლული ამბობს: „გათავისუფლება ინდუიზმის ტრადიციაში ნიშნავს გათავისუფლებას დაბადება-სიკვდილის ციკლისგან“. ბუდიზმი მსგავსად მიუთითებს ნირვანაზე, როგორც გამოსავალზე, რომელიც მატერიალური ყოფიერებიდან გამოთიშვას ნიშნავს. რადგან ინდუიზმი ვერ ჩაწვდა მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის წარმოდგენას, ის მხოლოდ ცხოვრებიდან თავის დაღწევას ჰპირდება.
გათავისუფლების ბიბლიურ საშუალებას კი ცოდვილი მდგომარეობის ჩამოშორება მოაქვს. იმის შემდეგ, როცა მოციქულმა პავლემ იკითხა, თუ როგორ შეძლებდა ცოდვისგან დახსნილიყო, უპასუხა: „ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ“ (რომაელთა 7:25). დიახ, ხსნა მომდინარეობს ღვთისგან იესო ქრისტეს მეშვეობით.
მათეს სახარების თანახმად, „კაცის ძე“, იესო ქრისტე, მოვიდა, რომ ‘თავი შეეწირა მრავალთა გამოსასყიდად’ (მათე 20:28, აფ). როგორც 1-ლი ტიმოთეს 2:6-შია (აქ) ჩაწერილი, პავლე ამბობდა, რომ იესომ ‘თავი გასწირა ყველასთვის შესაბამის გამოსასყიდად’. სიტყვა „გამოსასყიდი“ ნიშნავს ფასს, რომელსაც ტყვეების გამოსახსნელად იხდიან. ფაქტი, რომ ეს არის შესაბამისი გამოსასყიდი, ყურადღებას ამახვილებს ამ ფასის ეფექტურობაზე, რომელიც მართლმსაჯულების სასწორს აწონასწორებს. მაგრამ როგორ შეიძლება ერთი ადამიანის სიცოცხლე განიხილებოდეს ‘შესაბამის გამოსასყიდად ყველასთვის’?
ადამმა მთელი კაცობრიობა, ჩვენი ჩათვლით, მიჰყიდა ცოდვასა და სიკვდილს. ფასი ანუ ჯარიმა, რომელიც მან გადაიხადა, მისი სრულყოფილი სიცოცხლე იყო. ამის ასანაზღაურებლად სხვა ადამიანის სრულყოფილი სიცოცხლე — შესაბამისი გამოსასყიდი — უნდა გადახდილიყო (გამოსვლა 21:23; მეორე რჯული 19:21; რომაელთა 5:18, 19). რადგან არასრულყოფილი ადამიანებიდან არავის შეეძლო ასეთი გამოსასყიდის შეთავაზება, ღმერთმა ამ რთულ მდგომარეობაში თავისი უსაზღვრო სიბრძნით იპოვა გამოსავალი (ფსალმუნი 48:7, 8). მან გადაიტანა თავისი მხოლოდშობილი ძის სრულყოფილი სიცოცხლე ზეციდან დედამიწაზე ქალწულის საშვილოსნოში და ის სრულყოფილ ადამიანად იშვა (ლუკა 1:30–38; იოანე 3:16–18).
კაცობრიობის გამოსყიდვა რომ შეესრულებინა, იესოს დედამიწაზე მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე კარგი რეპუტაცია უნდა შეენარჩუნებინა. მან ეს გააკეთა. შემდეგ სიცოცხლე შესწირა. ამით იესომ გარანტია მისცა, რომ მისი საკუთარი სრულყოფილი სიცოცხლის ფასი ივარგებდა კაცობრიობის დახსნის მიზნით გამოსასყიდის გადასახდელად (1 პეტრე 1:18, 19; 2 კორინთელთა 5:14).
ის, რის გაკეთებაც ჩვენთვის ქრისტეს გამოსასყიდს შეუძლია
იესოს გამომსყიდველურ მსხვერპლს ახლავე შეუძლია ჩვენთვის სარგებლობის მოტანა. ამ მსხვერპლის მიმართ რწმენის გამოვლინებით ჩვენ შეგვიძლია ღვთის თვალში სუფთა მდგომარეობა დავიკავოთ და მოვექცეთ იეჰოვას მოსიყვარულე და სათუთ მზრუნველობაში (საქმეები 10:43; რომაელთა 3:21–24). იმის ნაცვლად, რომ დანაშაულის გრძნობებმა გვშთანთქას ჩადენილი ცოდვების გამო, გამოსასყიდის საფუძველზე ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვეძიოთ პატიება ღმერთთან (ესაია 1:18; 1 იოანე 2:1, 2; ეფესელთა 1:7).
მომავალში კი ამ გამოსასყიდით შესაძლებელი გახდება კაცობრიობის სრული განკურნება ცოდვით გამოწვეული ავადმყოფური მდგომარეობისგან. ბიბლიის ბოლო წიგნი მოგვითხრობს ‘სიცოცხლის წყლის მდინარეზე’, რომელიც მოედინება ღვთის ტახტიდან. ამ მდინარის გასწვრივ, მის ნაპირებზე, დგას ნაყოფიერი ხეები, რომელთა ფოთლები „ხალხთა განსაკურნავადაა“ (გამოცხადება 22:1, 2). ბიბლია აქ სიმბოლური ენით ლაპარაკობს შემოქმედის სასწაულებრივ ღონისძიებაზე, რითაც კაცობრიობას სამარადჟამოდ გაათავისუფლებს ცოდვისა და სიკვდილისგან იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე.
„გამოცხადებაში“ მოცემული წინასწარმეტყველური ხილვები მალე შესრულდება (გამოცხადება 22:6, 7). იმ დროს ყველა მართალი გულის ადამიანი სრულყოფილი გახდება და „გათავისუფლდება ხრწნილების მონობისგან“ (რომაელთა 8:20, 21). ნუთუ ამან არ უნდა აღგვძრას, მეტი გავიგოთ იეჰოვა ღმერთისა და მისი ურყევად ერთგული ძის, იესო ქრისტეს, შესახებ, რომელმაც გამოგვისყიდა? (იოანე 17:3).
[სქოლიოები]
a იხილე წიგნი „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“ [რუს.], გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
[სურათი 6 გვერდზე]
ადამმა ცოდვა და სიკვდილი მოუტანა კაცობრიობას.
[სურათი 7 გვერდზე]
იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი ცოდვისა და სიკვდილისგან გამათავისუფლებელია.