„იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარეები“
ფებე, პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანი ქალი, პრობლემის წინაშე იდგა. ის კენქრედან (საბერძნეთი) რომში მიემგზავრებოდა, მაგრამ ამ ქალაქში თანამორწმუნეებიდან არავის იცნობდა (რომაელები 16:1, 2). „[იმდროინდელი] რომაული სამყარო ბოროტებითა და სისასტიკით გამოირჩეოდა, — აღნიშნავს ბიბლიის მთარგმნელი ედგარ გუდსპიდი. — მაშინდელი სასტუმროები ცუდი რეპუტაციით სარგებლობდა და, რასაკვირველია, მიზანშეწონილი არ იყო იქ გაჩერება პატიოსანი ქალისთვის, განსაკუთრებით კი ქრისტიანისთვის“. მაშ სად დაბინავდა ფებე?
ბიბლიურ დროში ხალხი ხშირად მგზავრობდა და საკმაოდ დიდ მანძილებს გადიოდა. იესო ქრისტე და მისი მოწაფეები სასიხარულო ცნობის საქადაგებლად მთელ იუდეასა და გალილეაში მოგზაურობდნენ. ქრისტიანი მისიონერები, მაგალითად პავლე, სასიხარულო ცნობას ხმელთაშუა ზღვის რეგიონის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის რომის იმპერიის დედაქალაქში, რომშიც, ქადაგებდნენ. სად ბინავდებოდნენ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები, როდესაც იუდეაში თუ მის ფარგლებს გარეთ მოგზაურობდნენ? რა სირთულეებს აწყდებოდნენ ისინი ღამის გასათევის მოძებნისას? რისი სწავლა შეგვიძლია აქედან სტუმართმოყვარეობის გამოვლენასთან დაკავშირებით?
„დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე“
სიტყვა „სტუმართმოყვარე“ ისეთ ადამიანს გულისხმობს, რომელიც სტუმარს გულთბილად იღებს და მისადმი ხელგაშლილობას ავლენს. ასეთი სტუმართმოყვარეობა იეჰოვას ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს ახასიათებთ. მაგალითად, აბრაამი, ლოტი და რებეკა სტუმართმოყვარეობით გამოირჩეოდნენ (დაბადება 18:1—8; 19:1—3; 24:17—20). პატრიარქმა იობმა კი უცნობი ადამიანებისადმი თავისი დამოკიდებულების შესახებ ასეთი რამ თქვა: „მწირს გარეთ არ გაუთევია, კარი ღია მქონდა მგზავრისთვის“ (იობი 31:32).
ისრაელი მოგზაურებისთვის, რომლებიც ღამის გასათევს ეძებდნენ, საკმარისი იყო ქალაქის მოედანზე დამსხდარიყვნენ და მიპატიჟებას დალოდებოდნენ (მსაჯულთა 19:15—21). მასპინძლები, ჩვეულებისამებრ, ფეხებს ბანდნენ სტუმრებს და საკვებსა და დასალევს სთავაზობდნენ, ასევე ზრუნავდნენ მათი ცხოველების გამოკვებაზე (დაბადება 18:4, 5; 19:2; 24:32, 33). მოგზაურებს, რომლებსაც არ სურდათ, ტვირთად დასწოლოდნენ თავიანთ მასპინძლებს, თან მიჰქონდათ საჭირო სურსათი — საჭმელ-სასმელი, სახედრებისთვის კი — ჩალა და ფურაჟი. ერთადერთი, რაც მათ სჭირდებოდათ, ღამის გასათევი ადგილი იყო.
ბიბლიაში იშვიათად მახვილდება ყურადღება იმაზე, თუ როგორ პოულობდა იესო დასაბინავებელ ადგილს სხვადასხვა მხარეში ქადაგების დროს, თუმცა მას და მის მოწაფეებს სადღაც მაინც უნდა ეპოვათ ღამის გასათევი (ლუკა 9:58). როდესაც იესო იერიხონს ეწვია, პირდაპირ უთხრა ზაქეს: „დღეს შენს სახლში უნდა დავრჩე“. ზაქემ თავისი სტუმარი „სიხარულით მიიღო“ (ლუკა 19:5, 6). იესო თავისი ბეთანიელი მეგობრების — მართას, მარიამისა და ლაზარეს — ხშირი სტუმარი იყო (ლუკა 10:38; იოანე 11:1, 5, 18). და, როგორც ჩანს, კაპერნაუმში იესო სიმონ-პეტრეს სახლში რჩებოდა (მარკოზი 1:21, 29—35).
იესომ თავის 12 მოციქულს მსახურებასთან დაკავშირებით მითითებები მისცა, საიდანაც ბევრს ვგებულობთ იმაზე, თუ როგორ მიიღებდნენ მოწაფეებს ისრაელში. იესომ უთხრა მათ: „ნუ შეიძენთ ოქროს, ვერცხლს ან სპილენძს სარტყლის ქისებისთვის, ნურც საჭმლის აბგას გზისთვის, ნურც ორ ხელ ტანსაცმელს, ნურც სანდლებსა და ხელჯოხს, რადგან მშრომელი საზრდოს ღირსია. რომელ ქალაქში ან სოფელშიც უნდა შეხვიდეთ, მოძებნეთ ღირსეული და წასვლამდე იქ დარჩით“ (მათე 10:9—11). იესომ იცოდა, რომ გულწრფელი ადამიანები თბილად მიიღებდნენ მის მოწაფეებს და საკვებით, თავშესაფრითა და სხვა აუცილებელი საჭიროებებით უზრუნველყოფდნენ.
მაგრამ დადგებოდა ისეთი დრო, როდესაც მქადაგებლებს მოგზაურობების დროს თავად მოუწევდათ საკუთარ საჭიროებებზე ზრუნვა და ხარჯების დაფარვა. იესომ მხედველობაში მიიღო, რომ მომავალში მისი მიმდევრების მიმართ მტრობა გაღვივდებოდა და სამქადაგებლო საქმიანობა ისრაელის ფარგლებს გასცდებოდა. ამიტომ იესომ თქვა: „ვისაც ქისა აქვს, აბგაც აიღოს“ (ლუკა 22:36). როგორც ვხედავთ, სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად აუცილებელი იქნებოდა მოგზაურობა და დასაბინავებელი ადგილის მოძებნა.
„სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეთ“
პირველ საუკუნეში ხალხის ხშირი მგზავრობა იმით იყო განპირობებული, რომ მთელ რომის იმპერიაში შედარებით მშვიდობა იყო და მოკირწყლული გზების ფართო ქსელი არსებობდაa. მგზავრების მომრავლების გამო დასაბინავებელი ადგილების დიდი საჭიროება შეიქმნა. ამიტომ, მთავარ გზებზე ბევრი სასტუმრო აშენდა, რომლებიც ერთმანეთისგან ერთი დღის სავალზე იყო დაშორებული. მაგრამ ერთ ნაშრომში ნათქვამია: „იმდროინდელი ლიტერატურული ნაწარმოებები ასეთ სასტუმროებს საკმაოდ უარყოფით შუქში წარმოგვიდგენს. დღემდე მოღწეული წერილობითი ცნობებითა და არქეოლოგიური მასალებით დასტურდება, რომ ამ ნახევრად დანგრეულ და ბინძურ სასტუმროებში თითქმის არ იყო ავეჯი და ბაღლინჯოები ბუდობდნენ. იქ ძალიან დაბალი ხარისხის საკვები იყო. მათი მესაკუთრეები და მომსახურეები არ იმსახურებდნენ ნდობას; იქ ძირითადად საეჭვო რეპუტაციის მქონე კლიენტები ათევდნენ ღამეს და, მთლიანობაში, ეს სასტუმროები ზნეობრივად დაცემული ადამიანების თავშესაყრელი იყო“ (The Book of Acts in Its Graeco–Roman Setting). გასაგებია, თუ რატომ არიდებდნენ თავს, როცა კი შესაძლებელი იყო, ასეთ სასტუმროებს პატიოსანი მგზავრები.
ამიტომ, გასაკვირი არ არის, თუ არაერთხელ რატომ მოუწოდებს საღვთო წერილი ქრისტიანებს სხვებისადმი სტუმართმოყვარეობის გამოვლენისკენ. პავლე რომში მცხოვრებ ქრისტიანებს მოუწოდებდა: „წმინდებს მათი საჭიროებისდა მიხედვით გაუზიარეთ ყველაფერი. სტუმართმოყვარეობა გამოიჩინეთ“ (რომაელები 12:13). ის ებრაელ ქრისტიანებს შეახსენებდა: „ნუ დაივიწყებთ სტუმართმოყვარეობას, რადგან ზოგიერთები ანგელოზებს გამასპინძლებიან და არ სცოდნიათ“ (ებრაელები 13:2). პეტრე მოუწოდებდა თანამორწმუნეებს, ყოფილიყვნენ „ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარეები წუწუნის გარეშე“ (1 პეტრე 4:9).
თუმცა არსებობდა ისეთი სიტუაციები, როდესაც მართებული არ იქნებოდა სტუმართმოყვარეობის გამოვლენა. მათ შესახებ, „ვინც ცდილობს, წინ გაიჭრას, და ქრისტეს სწავლებაში არ რჩება“, იოანე მოციქულმა თქვა: „ნუ მიიღებთ სახლში და ნურც მიესალმებით, რადგან ვინც მას ესალმება, მისი ბოროტი საქმეების თანამონაწილე ხდება“ (2 იოანე 9—11). მოუნანიებელი ცოდვილების შესახებ პავლემ დაწერა: „აღარ იქონიოთ ურთიერთობა იმასთან, ვინც ძმად იწოდება, მაგრამ მეძავი, ხარბი, კერპთაყვანისმცემელი, მლანძღველი, ლოთი ან გამომძალველია. ასეთებთან ერთად არც კი ჭამოთ“ (1 კორინთელები 5:11).
თვითმარქვიებსა და სხვებს შეეძლოთ ბოროტად ესარგებლათ ჭეშმარიტი ქრისტიანების სიკეთით. ახ. წ. II საუკუნის არაბიბლიურ ხელნაწერში, ქრისტიანული მრწამსის სახელმძღვანელოში, რომელიც „დიდაქედ“ ანუ „თორმეტი მოციქულის მოძღვრების“ სახელწოდებით არის ცნობილი, ნათქვამია, რომ მოგზაურ მქადაგებელს „საჭიროებისდა მიხედვით ერთი ან ორი დღე“ შეგიძლიათ გაუმასპინძლდეთ. შემდეგ კი, როდესაც ის თავის გზას დაადგება, „მხოლოდ საკვების წაღების ნება დართეთ . . . თუ ფულს მოითხოვს, ცრუ წინასწარმეტყველი ყოფილა“. ნაშრომი დასძენს: „თუ თქვენს სახლში დარჩენას მოისურვებს და რაიმე ხელობა ეცოდინება, მუშაობის ნება დართეთ, რათა საკუთარი თავი ირჩინოს. თუ არანაირ ხელობას არ ფლობს და საჭიროდ ჩათვლით, იზრუნეთ მასზე. მაგრამ არ დაუშვათ, რომ ის თქვენ შორის უსაქმოდ იყოს, რადგან ქრისტიანს ეს არ შეშვენის. თუ ასეთ შეთავაზებაზე უარს იტყვის, გამოდის, რომ ქრისტეს სახელით სარგებლობს ეგოისტური მიზნების მისაღწევად. ასეთებს ერიდეთ“.
პავლე მოციქული, როდესაც დიდი ხნით რჩებოდა ამა თუ იმ ქალაქში, მაქსიმალურად ცდილობდა, დიდი ხარჯებით არ დაემძიმებინა მასპინძლები. ის საკუთარი თავის სარჩენად კარვებს კერავდა (საქმეები 18:1—3; 2 თესალონიკელები 3:7—12). როგორც ჩანს, პირველი საუკუნის ქრისტიანები ღირსეული მქადაგებლების დასახმარებლად საშუამდგომლო წერილებით სარგებლობდნენ. მაგალითად, პავლემ ასეთი სახით უშუამდგომლა და ფებეს. „ვშუამდგომლობ და ფებეს, — წერდა პავლე. გულთბილად მიიღეთ იგი უფალში . . . დაეხმარეთ ყველაფერში, რაშიც დასჭირდებით“ (რომაელები 16:1, 2).
კურთხევები, რომლებიც სტუმართმოყვარეობას მოჰყვება
პირველი საუკუნის ქრისტიანი მისიონერები იეჰოვაზე იყვნენ მინდობილები და სჯეროდათ, რომ ის იზრუნებდა ყველა მათ საჭიროებაზე. მაგრამ უნდა ჰქონოდათ იმედი, რომ თანამორწმუნეები გულთბილად მიიღებდნენ? ლიდიამ პავლე და სხვა მოწაფეები თბილად მიიღო საკუთარ სახლში; კორინთში მოციქული აკვილასა და პრისკილასთან ცხოვრობდა; ფილიპეში საპყრობილის ზედამხედველმა სუფრა გაუშალა პავლესა და სილას; თესალონიკეში იასონმა სტუმართმოყვარულად მიიღო პავლე; კესარეაში თბილი მიღება მოუწყო პავლეს ფილიპემ, ხოლო კესარეადან იერუსალიმისკენ მიმავალ პავლეს მიმართ მნასონმა გამოავლინა სტუმართმოყვარეობა; როდესაც პავლე რომში მიემგზავრებოდა, პუტეოლეში ძმებმა გულთბილად მიიღეს. რა გამამხნევებელი უნდა ყოფილიყო პავლეს სტუმრობა მათთვის, ვინც გულთბილად მიიღო ის სახლში! (საქმეები 16:33, 34; 17:7; 18:1—3; 21:8, 16; 28:13, 14).
სწავლული ფრედერიკ ბრუსი აღნიშნავს: „პავლეს ამ მეგობრებს, თანამშრომლებსა და მასპინძლებს ასეთი დახმარებისკენ აღძრავდა სიყვარული — სიყვარული პავლესა და უფლისადმი, რომელსაც მოციქული ემსახურებოდა. მათ ესმოდათ, რომ პავლეს მომსახურებით ისინი უფალს ემსახურებოდნენ“. ეს მართლაც საუკეთესო მოტივია სტუმართმოყვარეობის გამოსავლენად.
სტუმართმოყვარეობის გამოვლენა დღესაც საჭიროა. იეჰოვას ათასობით მიმომსვლელ მსახურს თანამორწმუნეები გულთბილად იღებენ. სამეფოს ზოგი მქადაგებელი თავად ფარავს მგზავრობის ხარჯებს, რათა ისეთ ადგილებში იმსახუროს, სადაც იშვიათად ისმენენ სასიხარულო ცნობას. უდიდეს კურთხევებს მივიღებთ, თუ ჩვენი სახლის კარი, როგორ უბრალო სახლშიც უნდა ვცხოვრობდეთ, ღია იქნება სამეფოს მაუწყებლებისთვის. თუ მთელი გულით ვავლენთ სტუმართმოყვარეობას, რაც შეიძლება მხოლოდ უბრალო ვახშამზე სტუმრების მოპატიჟებას გულისხმობდეს, ამით ‘ერთმანეთის გამხნევებისა’ და იეჰოვასა და ჩვენი და–ძმებისადმი სიყვარულის გამოვლენის შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა (რომაელები 1:11, 12). სტუმართმოყვარეობის გამოვლენა განსაკუთრებული კურთხევების მომტანია მასპინძლებისთვის, რადგან „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).
[სქოლიოები]
a როგორც ვარაუდობენ, რომის იმპერიაში ახ. წ. 100 წლისთვის მოკირწყლული გზები დაახლოებით 80 000 კილომეტრზე იყო გაყვანილი.
[სურათი 23 გვერდზე]
ქრისტიანები ‘სტუმართმოყვარეობას იჩენენ’.