გამოსასყიდი ღვთის სამართლიანობაზე მიუთითებს
ადამისა და ევას დაუმორჩილებლობის შემდეგ იეჰოვამ განაცხადა თავისი განზრახვა, რომ მოვიდოდა თესლი, რომელსაც ქუსლს დაუგესლავდნენ (დაბადება 3:15). ეს მაშინ შესრულდა, როცა ღვთის მტრებმა იესო ქრისტე წამების ბოძზე მოკლეს (გალატელები 3:13, 16). იესო უცოდველი იყო, რადგან ის წმინდა სულის ძალით სასწაულებრივად ჩაისახა ქალწულის საშვილოსნოში. ამიტომ მის მიერ დაღვრილი სისხლით შესაძლებელი გახდა ადამიანების გამოსყიდვა, რომლებმაც ადამისგან მემკვიდრეობით მიიღეს ცოდვა და სიკვდილი (რომაელები 5:12, 19).
ყოვლისშემძლე ღმერთს, იეჰოვას, ვერაფერი შეაჩერებს, რომ თავისი განზრახვები შეასრულოს. ამგვარად, ადამიანის შეცოდების შემდეგ ჯერ კიდევ გადაუხდელი გამოსასყიდი იეჰოვას თვალში უკვე გადახდილი იყო და მას ურთიერთობა ჰქონდა იმ ადამიანებთან, რომელთაც სწამდათ, რომ მისი აღთქმები შესრულდებოდა. ამით ადამის ცოდვილ შთამომავლობას, მაგალითად ენოქს, ნოესა და აბრაამს, შესაძლებლობა მიეცა, რომ იეჰოვასთან ერთად ევლოთ და მისი მეგობრებიც კი გამხდარიყვნენ, რითაც იეჰოვას სიწმინდე არ შელახულა (დაბადება 5:24; 6:9; იაკობი 2:23).
ზოგიერთებმა, რომელთაც იეჰოვასადმი რწმენა ჰქონდათ, სერიოზული ცოდვები ჩაიდინეს. ამის ერთ-ერთი მაგალითი მეფე დავითია. თქვენ შეიძლება იკითხოთ: „როგორღა აკურთხა იეჰოვამ მეფე დავითი მას შემდეგ, რაც მან მრუშობა ჩაიდინა ბათ-შებაყთან და მისი ქმარი, ურია, მოაკვლევინა?“ ძირითადი მიზეზები დავითის გულწრფელი მონანიება და რწმენა იყო (2 მეფეთა 11:1—17; 12:1—14). იმ მსხვერპლის საფუძველზე, რომელიც იესო ქრისტეს უნდა გაეღო, ღმერთს შეეძლო ეპატიებინა მომნანიებელი დავითისთვის და, ამავე დროს, თავისი სიმართლისა და სამართლიანობის შესაბამისად ემოქმედა (ფსალმუნები 31:1, 2). ბიბლიიდან ჩანს, თუ რა არის იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის ყველაზე მნიშვნელოვანი მხარე, კერძოდ ის, რომ ‘გვაჩვენოს ღვთის სიმართლე, რადგან ღმერთი წარსულში და ჩვენს დროში ჩადენილ ცოდვებს გვპატიობს’ (რომაელები 3:25, 26).
დიახ, იესოს მიერ დაღვრილ სისხლს დიდი სარგებლობა მოაქვს ადამიანებისთვის. გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე მომნანიებელ ცოდვილებს შეუძლიათ, ღმერთთან ახლო ურთიერთობით გაიხარონ. გარდა ამისა, გამომსყიდველური მსხვერპლის მეშვეობით ღვთის ახალ ქვეყნიერებაში მკვდრეთით აღდგომა გახდა შესაძლებელი. აღმდგართა შორის იქნებიან ღვთის ის ერთგული მსახურებიც, რომლებიც მანამდე მოკვდნენ, სანამ იესო გამოსასყიდს გაიღებდა და ისინიც, რომლებიც უმეცრებაში მოკვდნენ და არ ეთაყვანებოდნენ ღმერთს. ბიბლიაში ნათქვამია: „იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც“ (საქმეები 24:15). ამ დროს, გამოსასყიდის საფუძველზე, იეჰოვა ყველა მორჩილ ადამიანს მარადიულ სიცოცხლეს უბოძებს (იოანე 3:36). თავად იესომ თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“ (იოანე 3:16). ყველა ამ კურთხევას კაცობრიობა გამომსყიდველური მსხვერპლის წყალობით მიიღებს.
გამომსყიდველური მსხვერპლის განსაკუთრებული მხარე მხოლოდ ზემოხსენებული სარგებლობა როდია. ქრისტეს გამოსასყიდი ყველაზე მნიშვნელოვანს — იეჰოვას სახელის განდიდებას — ემსახურება. ეს მსხვერპლი ცხადყოფს, რომ იეჰოვა სრულყოფილად ავლენს სამართლიანობას. ის ცოდვილ კაცობრიობასთან ამყარებს ურთიერთობას და, ამავე დროს, სუფთა და წმინდა რჩება. ღმერთს რომ გამომსყიდველური მსხვერპლით არ უზრუნველეყო კაცობრიობა, ადამის შთამომავლები, მათ შორის ენოქი, ნოე და აბრაამი, ვერ შეძლებდნენ იეჰოვასთან ერთად სიარულს და მასთან მეგობრობას. ფსალმუნმომღერალს კარგად ესმოდა ეს, ამიტომ დაწერა: „თუ ცოდვებს შემოგვინახავ, უფალო, ვინ დაგიდგება?“ (ფსალმუნები 129:3). მართლაც, რა მადლიერნი უნდა ვიყოთ იეჰოვასი, რომელმაც დედამიწაზე გამოგზავნა თავისი საყვარელი ძე, და იესოსი, რომელმაც ნებაყოფლობით გაიღო ჩვენთვის თავისი სიცოცხლე გამოსასყიდ მსხვერპლად! (მარკოზი 10:45).