როგორ შეგიძლიათ გახდეთ სულიერი ადამიანი?
„ხორციელი ფიქრები სიკვდილია, ხოლო სულიერი ფიქრები — სიცოცხლე და მშვიდობა“, — წერდა მოციქული პავლე (რომაელები 8:6; ბიბლიური საზოგადოების გამოცემა). ამ სიტყვებით მოციქული ცხადყოფს, რომ სულიერობას ის არ განსაზღვრავს, თავად ადამიანი რას უწოდებს სულიერობას; ეს სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. რა გაგებით იღებს სულიერი ადამიანი „სიცოცხლესა და მშვიდობას“? ბიბლიის თანახმად, ასეთი ადამიანი დღესვე ხარობს შინაგანი სიმშვიდითა და ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობით, მომავალში კი მარადიული სიცოცხლით გაიხარებს (რომაელები 6:23; ფილიპელები 4:7). უსაფუძვლოდ არ უთქვამს იესოს, რომ „ბედნიერნი არიან სულიერს მოწყურებულნი“! (მათე 5:3).
თუ ამ ჟურნალს კითხულობთ, ესე იგი სულიერს ხართ მოწყურებული; სულიერობის ძიება კი გონივრულია. მაგრამ ამ საკითხის გარშემო აშკარად განსხვავებული შეხედულებები არსებობს; ამიტომ შეიძლება დაგებადოთ კითხვა: „რა არის ჭეშმარიტი სულიერობა? როგორ შეგიძლიათ გახდეთ სულიერი ადამიანი?“
„ქრისტეს გონება“
გარდა იმისა, რომ მოციქულმა პავლემ აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია და რა სარგებლობა მოაქვს სულიერ საკითხებზე კონცენტრირებას, იმაზეც ვრცლად ისაუბრა, რას ნიშნავს ჭეშმარიტი სულიერობა. ძველ კორინთში მცხოვრებ ქრისტიანებს პავლე უხსნიდა, რით განსხვავდება ხორციელი ადამიანი (ადამიანი, რომელიც ხორცის სურვილებს არის აყოლილი) სულიერი ადამიანისგან (ადამიანისგან, რომელიც აფასებს სულიერს). პავლე წერს: „ხორციელი ადამიანი არ იღებს იმას, რაც ღვთის სულისგან არის, რადგან ეს უგუნურებად მიაჩნია“; შემდეგ კი ხსნის, რომ სულიერ ადამიანს „ქრისტეს გონება“ აქვს (1 კორინთელები 2:14—16).
გქონდეთ „ქრისტეს გონება“ ძირითადად ნიშნავს, გქონდეთ „ისეთივე აზროვნება, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა“ (რომაელები 15:5; ფილიპელები 2:5). სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიანი სულიერია, თუ ისევე აზროვნებს, როგორც იესო, და მის ნაკვალევს მიჰყვება (1 პეტრე 2:21; 4:1). რაც უფრო მეტად ირეკლავს ადამიანი ქრისტეს აზროვნებას, მით უფრო სულიერი ხდება, და მეტი შესაძლებლობა აქვს, მიიღოს „სიცოცხლე და მშვიდობა“ (რომაელები 13:14).
როგორ შევიცნოთ „ქრისტეს გონება“
ქრისტეს გონება რომ გვქონდეს, პირველ რიგში, საჭიროა ვიცოდეთ, როგორ აზროვნებს ქრისტე. ამიტომ, სულიერობის განვითარებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი მისი აზროვნების შეცნობაა. მაგრამ როგორ შეიძლება შევიცნოთ იმ პიროვნების აზროვნება, რომელიც დედამიწაზე 2000 წლის წინათ ცხოვრობდა? მაგალითად, როგორ გაეცანით თქვენი ქვეყნის ისტორიულად ცნობილ ადამიანებს? ალბათ, ისტორიული წიგნების კითხვით. მსგავსად ამისა, ქრისტეს გონების შესაცნობად საჭიროა მის შესახებ დაწერილი ცნობის წაკითხვა (იოანე 17:3).
არსებობს ოთხი ისტორიული ცნობა — მათეს, მარკოზის, ლუკასა და იოანეს სახარებები — რომლებიც იესოს შესახებ მოგვითხრობს. ამ სახარებების გულდასმით კითხვა დაგეხმარებათ, ჩასწვდეთ იესოს აზროვნებას, მისი გრძნობების სიღრმეს, და გაიგოთ, რა დგას მისი საქმეების მიღმა. როდესაც გამოყოფთ დროს და იესოს შესახებ წაკითხულზე ფიქრობთ, ადვილი წარმოსადგენი ხდება თქვენთვის, როგორი პიროვნება იყო ის. მაშინაც კი, როდესაც თავს ქრისტეს მიმდევრად თვლით, ამგვარი კითხვა და ფიქრი დაგეხმარებათ, „იზრდებოდეთ ჩვენი უფლისა და მხსნელის იესო ქრისტეს წყალობასა და ცოდნაში“ (2 პეტრე 3:18).
გონებაში გვქონდეს ეს და ჩავუკვირდეთ სახარებების იმ მონაკვეთებს, რომლებიდანაც ჩანს, რამ გახადა იესო ასეთი სულიერი პიროვნება, შემდეგ კი საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: „როგორ შემიძლია მივბაძო მას?“ (იოანე 13:15).
სულიერობა და „სულის ნაყოფი“
ერთ-ერთი სახარების დამწერმა, ლუკამ აღნიშნა, რომ ნათლობისას იესოზე ღვთის წმინდა სული გადმოვიდა და ის ‘წმინდა სულით აღივსო’ (ლუკა 3:21, 22; 4:1). თავის მხრივ, იესომ მოწაფეებს ჩაუნერგა, რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ღვთის წმინდა სულის ანუ „მოქმედი ძალის“ ხელმძღვანელობის მიყოლა (დაბადება 1:2; ლუკა 11:9—13). რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი? ღვთის სულს შეუძლია შეცვალოს ადამიანის აზროვნება და მან ისევე დაიწყოს აზროვნება, როგორც ქრისტე აზროვნებდა (რომაელები 12:1, 2). წმინდა სული ადამიანში ავითარებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება“. ეს თვისებები, რომლებსაც ბიბლია „სულის ნაყოფს“ უწოდებს, ნამდვილად სულიერ ადამიანს ახასიათებს (გალატელები 5:22, 23). მოკლედ რომ ვთქვათ, სულიერზე კონცენტრირებული ადამიანი ღვთის წმინდა სულის ხელმძღვანელობას მიჰყვება.
იესო მსახურებისას ყოველთვის ავლენდა სულის ნაყოფს. „სიყვარული, . . სიკეთე, ყოველივე კარგი“ განსაკუთრებით საზოგადოების დაბალი ფენის წარმომადგენლებისადმი მისი დამოკიდებულებიდან ჩანდა (მათე 9:36). მაგალითად, ყურადღება მიაქციეთ მოციქულ იოანეს მიერ აღწერილ შემთხვევას. სახარებაში ვკითხულობთ: „მიდიოდა [იესო] და დაინახა კაცი, რომელიც დაბადებიდან უსინათლო იყო“. იესოს მოწაფეებმაც შენიშნეს ის კაცი, მაგრამ მასში მხოლოდ ცოდვილი ადამიანი დაინახეს. „ვინ შესცოდა, ამ კაცმა თუ მისმა მშობლებმა“? — იკითხეს მათ. მეზობლებისთვის ეს კაცი მათხოვარი იყო. „ეს ის კაცი არ არის, რომ იჯდა და მათხოვრობდა?“ — თქვეს მათ. იესოსთვის კი ის ბრმა იყო, რომელსაც დახმარება სჭირდებოდა. იესო დაელაპარაკა მას და განკურნა (იოანე 9:1—8).
რას გეუბნებათ ეს შემთხვევა იესოს აზროვნებაზე? პირველი, იესოს შეუმჩნეველი არ რჩებოდა უბრალო ადამიანები და მათ თანაგრძნობით ეპყრობოდა. მეორე, ის თავად ავლენდა ინიციატივას სხვების დასახმარებლად. ჰბაძავთ იესოს ამ მხრივ? უყურებთ ხალხს ისე, როგორც იესო უყურებდა, და ეხმარებით მათ, ცხოვრება გაიუმჯობესონ და მომავლის ნათელი იმედი ჰქონდეთ, თუ მხოლოდ მათ ეპყრობით კარგად, ვინც რაღაცით გამოირჩევა, სხვებს კი ვერც ამჩნევთ? თუ ხალხს იესოს თვალით უყურებთ, ნამდვილად ჰბაძავთ მას (ფსალმუნი 72:12—14).
სულიერობა და ლოცვა
სახარებებიდან ჩანს, რომ იესო ხშირად მიმართავდა ლოცვით ღმერთს (მარკოზი 1:35; ლუკა 5:16; 22:41). დედამიწაზე მსახურებისას იესო დროს გამოყოფდა ლოცვისთვის. მოწაფე მათემ დაწერა: „ხალხი რომ გაუშვა [იესომ], მარტო ავიდა მთაზე, რომ ელოცა“ (მათე 14:23). მშვიდ გარემოში ზეციერ მამასთან ურთიერთობით იესო ძლიერდებოდა (მათე 26:36—44). დღეს სულიერზე კონცენტრირებული ადამიანებიც ეძებენ ღმერთთან ურთიერთობის შესაძლებლობებს; მათ იციან, რომ ამგვარი მოქმედებით შემოქმედთან ურთიერთობას განიმტკიცებენ და მეტად აირეკლავენ ქრისტეს აზროვნებას.
იესო ხშირად დიდხანს ლოცულობდა (იოანე 17:1—26). მაგალითად, 12 მოციქულის არჩევამდე იესო „მთაზე ავიდა, რომ ელოცა, და მთელი ღამე ღვთისადმი ლოცვაში გაატარა“ (ლუკა 6:12). ის, ვინც სულიერზეა კონცენტრირებული, შეიძლება მთელი ღამე არ ლოცულობს, მაგრამ ცდილობს, მიჰბაძოს იესოს. სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებამდე ისინი დიდ დროს გამოყოფენ ლოცვისთვის და ღმერთს სთხოვენ, წმინდა სულით ხელმძღვანელობას, რათა ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომლებიც მათ სულიერ წინსვლას შეუწყობს ხელს.
ამასთან ერთად იესო მხურვალედ ლოცულობდა, და ამაშიც უნდა მივბაძოთ მას. ყურადღება მიაქციეთ, რას გვეუბნება ლუკა იმის შესახებ, თუ როგორ ლოცულობდა იესო სიკვდილის წინ. „ემოციურ ტანჯვაში მყოფი უფრო მხურვალედ ლოცულობდა. მისი ოფლი სისხლის წვეთებად იქცა და მიწას ეპკურებოდა“ (ლუკა 22:44). იესო ადრეც მხურვალედ ლოცულობდა, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც ის დედამიწაზე ყოფნისას ურთულესი გამოცდის წინაშე იდგა, „უფრო მხურვალედ“ ლოცულობდა, და ღმერთმაც უპასუხა მის ლოცვას (ებრაელები 5:7). სულიერზე კონცენტრირებული ადამიანები მიჰყვებიან იესოს მაგალითს. განსაკუთრებით რთული განსაცდელების წინაშე დგომისას ისინი „უფრო მხურვალედ“ სთხოვენ ღმერთს წმინდა სულს, ხელმძღვანელობასა და დახმარებას.
აშკარაა, რომ იესო ხშირად და დიდხანს ლოცულობდა; ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მისმა მოწაფეებმაც მოისურვეს მიებაძათ მისთვის. მათ სთხოვეს იესოს: „უფალო, გვასწავლე ლოცვა“ (ლუკა 11:1). მსგავსად ამისა, დღესაც ყველა, ვინც სულიერს აფასებს და სურს, ღვთის წმინდა სულმა უხელმძღვანელოს, ცდილობს ისე ილოცოს, როგორც იესო ლოცულობდა. მართლაც, ლოცვის გარეშე არ არსებობს სულიერობა.
სულიერობა და სასიხარულო ცნობის ქადაგება
მარკოზის სახარებიდან ვიგებთ, რომ იესო გვიან ღამემდე კურნავდა მასთან მიყვანილ მრავალ ავადმყოფს. მეორე დღეს, დილაადრიან, როდესაც იესო განმარტოებით ლოცულობდა, მოციქულები მივიდნენ მასთან და უთხრეს, რომ განკურნების მსურველი ხალხი ეძებდა მას. მაგრამ იესომ მოწაფეებს მიუგო: „წავიდეთ სადმე სხვაგან, ახლომახლო დაბებში, რომ იქაც ვიქადაგო“. შემდეგ კი აუხსნა, რატომ უნდა მოქცეულიყო ასე: „ამისთვის ვარ მოსული“ (მარკოზი 1:32—38; ლუკა 4:43). იესოსთვის მნიშვნელოვანი იყო ხალხის განკურნება, მაგრამ მისი ძირითადი მისია ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება იყო (მარკოზი 1:14, 15).
დღესაც ღვთის სამეფოს შესახებ ქადაგებით გამოირჩევიან ისინი, ვისაც ქრისტეს აზროვნება აქვს. ყველას, ვისაც მისი მიმდევრობა სურს, იესო მიმართავს: „წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან . . . ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ“ (მათე 28:19, 20). გარდა ამისა, იესომ იწინასწარმეტყველა: „ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული“ (მათე 24:14). ბიბლიაში ნაჩვენებია, რომ სამქადაგებლო საქმიანობა წმინდა სულის საშუალებით ხორციელდება; ამიტომ, ამ საქმიანობაში გულმოდგინე მონაწილეობა ჭეშმარიტი სულიერობის მაჩვენებელია (საქმეები 1:8).
მთელ მსოფლიოში სამეფოს შესახებ ქადაგებას მილიონობით ადამიანის ერთობლივი ძალისხმევა სჭირდება (იოანე 17:20, 21). ამ საქმიანობაში მონაწილენი არა მხოლოდ სულიერზე კონცენტრირებულნი უნდა იყვნენ, არამედ მსოფლიო მასშტაბით კარგად ორგანიზებულნიც. შეგიძლიათ თქვათ ვინ არიან ისინი, რომლებიც ქრისტეს ნაკვალევს მიჰყვებიან და მთელ მსოფლიოში სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას ქადაგებენ?
გაქვთ სულიერი ადამიანისთვის დამახასიათებელი თვისებები?
ცხადია, ჭეშმარიტად სულიერ ადამიანს სხვა თვისებებიც უნდა ახასიათებდეს, მაგრამ გაქვთ თუ არა ის თვისებები, რომლებზეც ზემოთ გვქონდა საუბარი? ამის დასადგენად საკუთარ თავს დაუსვით კითხვა: „ვკითხულობ რეგულარულად ღვთის სიტყვას, ბიბლიას, და ვფიქრობ წაკითხულზე? ვავლენ სულის ნაყოფს? ვლოცულობ გამუდმებით და მხურვალედ? მსურს იმ ხალხთან ურთიერთობა, რომელიც ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას მთელ მსოფლიოში ქადაგებს?
გულწრფელი თვითშემოწმება დაგეხმარებათ, განსაზღვროთ, რამდენად სულიერი ადამიანი ხართ. მოგიწოდებთ, გადადგათ აუცილებელი ნაბიჯები, რათა „სიცოცხლითა და მშვიდობით“ გაიხაროთ (რომაელები 8:6; მათე 7:13, 14; 2 პეტრე 1:5—11).
[ჩარჩო⁄სურათები 7 გვერდზე]
რით გამოირჩევა სულიერი ადამიანი
◆ უყვარს ღვთის სიტყვა
◆ ავლენს სულის ნაყოფს
◆ ლოცულობს გამუდმებით და მხურვალედ
◆ სხვებს სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას უზიარებს
[სურათი 5 გვერდზე]
ბიბლია „ქრისტეს გონების“ შეცნობაში გეხმარებათ