ღვთის შვილთა დიდებული თავისუფლება ახლოსაა
„ქმნილება. . . დაემორჩილა ამაოებას. . . სასოებით. რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის“ (რომაელთა 8:20, 21).
1. რა იყო იესოს მსხვერპლის სიმბოლო გამოსყიდვის დღეს?
იეჰოვამ თავისი მხოლოდშობილი ძის გამომსყიდველურ მსხვერპლად შეწირვით 144 000 პიროვნებას ზეციერი ცხოვრებისკენ მიმავალი გზა გაუხსნა, ხოლო სხვა ადამიანებს დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა მისცა (1 იოანე 2:1, 2). როგორც წინა სტატიიდან გავიგეთ, ისრაელის მღვდელმთავრის მიერ გამოსყიდვის ყოველწლიურ დღეს ცოდვის გამოსასყიდი ხბოს შეწირვა თავისთვის, თავისი ოჯახისთვისა და ლევის ტომისთვის, სულით ნაშობი ქრისტიანებისთვის იესოს შეწირვის სიმბოლო იყო. იმავე დღეს მღვდელმთავარი სხვა ისრაელებისთვის ცოდვის გამოსასყიდ ვაცს სწირავდა, ისევე როგორც ქრისტეს მსხვერპლიდან უამრავი ადამიანი მიიღებს სარგებლობას. ცოცხალ ვაცს კი, რომელსაც უდაბნოში უშვებდნენ, სიმბოლურად მთელი ხალხის გასული წლის ცოდვები მიჰქონდაa (ლევიანნი 16:7–15, 20–22, 26).
2, 3. რა იგულისხმება რომაელთა 8:20, 21-ში მოცემულ პავლეს ნათქვამში?
2 იმ ადამიანთა იმედზე საუბრის შემდეგ, რომლებიც ‘ღვთის ზეციერი შვილები’ გახდებოდნენ, მოციქულმა პავლემ თქვა: „ქმნილება იმედით მოელის ღვთის შვილთა გამოცხადებას. რადგან ქმნილება თავისი ნებით კი არ დაემორჩილა ამაოებას, არამედ მისი დამმორჩილებლის მიერ სასოებით. რომ თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის“ (რომაელთა 8:14, 17, 19–21). რას უნდა ნიშნავდეს ეს ნათქვამი?
3 სრულყოფილ ადამიანად შექმნილი ჩვენი წინაპარი, ადამი, ‘ღვთის ძე [ანუ შვილი]’ იყო (ლუკა 3:38). ჩადენილმა ცოდვამ ის ‘ხრწნილებას დაუმონა’ და შთამომავლობით კაცობრიობასაც იგივე გადასცა (რომაელთა 5:12). ღმერთმა დაუშვა, რომ ადამიანთა მემკვიდრეობითი არასრულყოფილების გამო ისინი დაბადებიდანვე „ამაოებას“ შეხვედროდნენ, მაგრამ ‘თესლის’, იესო ქრისტეს, საშუალებით მათთვის იმედიც გაითვალისწინა (დაბადება 3:15; 22:18; გალატელთა 3:16). გამოცხადების 21:1–4 მიუთითებს დროზე, როდესაც „აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება“. რადგანაც ეს ყოველივე „კაცთა“ მიმართ დანაპირებს წარმოადგენს, იგი აღგვითქვამს, რომ სამეფოს მმართველობის დროს ადამიანები გონებითა და სხეულით სრულიად გაჯანსაღდებიან და როგორც ‘ღვთის მიწიერი შვილები’, მარადიულად იცხოვრებენ დედამიწაზე. ქრისტეს ათასწლიანი მეფობის პერიოდში მორჩილი კაცობრიობა ‘ხრწნილების მონობისგან გათავისუფლდება’. საბოლოო გამოცდის დროს იეჰოვასადმი ერთგულების დამტკიცებით ადამიანები სამუდამოდ დააღწევენ თავს მემკვიდრეობით მიღებულ ცოდვასა და სიკვდილს (გამოცხადება 20:7–10). მაშინ ისინი დედამიწაზე ‘ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებით’ იცხოვრებენ.
ისინი ამბობენ — „მოდი!“
4. რას ნიშნავს ‘უსასყიდლოდ აიღო სიცოცხლის წყალი’?
4 რა შესანიშნავი იმედი არსებობს კაცობრიობისთვის! გასაკვირი არ არის, რომ ჯერ კიდევ დედამიწაზე მყოფი სულით ნაშობი ქრისტიანები მთელი მონდომებით უძღვებიან სხვებთან ამ იმედის შესახებ საუბრის საქმეს! რადგანაც დარჩენილი ცხებულები, რომლებიც დიდებული კრავის, იესო ქრისტეს, ‘სასძლოს’ ნაწილი გახდებიან, მონაწილეობას იღებენ წინასწარმეტყველების შესრულებაში: «სული და სასძლო ამბობენ: „მოდი!“ გამგონემაც თქვას: „მოდი!“ მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი» (გამოცხადება 21:2, 9; 22:1, 2, 17). არა, იესოს გამომსყიდველური მსხვერპლიდან სარგებლობას მხოლოდ 144 000 ცხებული არ ღებულობს. ღვთის სული სასძლოს კლასის დედამიწაზე დარჩენილი წევრების საშუალებით კვლავაც ამბობს: „მოდი“. ყველა მომსმენი, რომელსაც სამართლიანობა სწყურია, მოწვეულია, რომ მანაც თქვას — „მოდი“ და სარგებლობა მიიღოს იეჰოვას მიერ ადამიანთა სახსნელად გათვალისწინებული ღონისძიებიდან.
5. როგორი პიროვნებების არსებობა ახარებს იეჰოვას მოწმეებს?
5 იეჰოვას მოწმეებს მტკიცედ სწამთ, რომ იესო ქრისტეს მეშვეობით ღმერთმა იზრუნა ადამიანთა სიცოცხლეზე (საქმეები 4:12). ისინი ხარობენ, რომ მათ შორის არიან გულმართალი ადამიანები, რომლებსაც სწყურიათ შეიტყონ ღვთის განზრახვები და შეასრულონ მისი ნება. მათი სამეფო დარბაზის კარი ყველასთვის ღიაა, ვისაც სურს, რომ ამ ‘უკანასკნელ ჟამს’ ‘მოვიდეს და უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი’ (დანიელი 12:4).
დროთა განმავლობაში მომხდარი ცვლილებები
6. როგორ მოქმედებდა ღვთის სული იეჰოვას სხვადასხვა დროის მსახურებზე?
6 ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა თავისი განზრახვების შესრულების დრო და მის შესაბამისად მოქმედებს ადამიანებთან დაკავშირებით (ეკლესიასტე 3:1; საქმეები 1:7). მიუხედავად იმისა, რომ ღვთის სული გადადიოდა მის ქრისტიანობამდელ მსახურებზე, ისინი არ ყოფილან სულიერ ძეებად შობილნი. მაგრამ, როდესაც დრო დადგა, იეჰოვამ სულიწმიდის ძალით პირველად იესო, ხოლო შემდეგ მრავალი მიძღვნილი მამაკაცი და ქალი შვა ზეციერი მემკვიდრეობისთვის. რა შეიძლება ითქვას ჩვენს დროზე? იესოს ‘სხვა ცხვრებზეც’ იგივე სული მოქმედებს, მაგრამ იგი მათში ზეციერი ცხოვრების იმედსა და სურვილს არ აღძრავს (იოანე 10:16). სამოთხეში დედამიწაზე მარადიული ცხოვრების ღვთისგან ბოძებული იმედით, ისინი ცხებულთა დარჩენილ ნაწილთან ერთად სიხარულით ქადაგებენ ამ გარდამტეხ პერიოდში, როდესაც ეს ძველი მსოფლიო ღვთის სამართლიანმა ქვეყნიერებამ უნდა შეცვალოს (2 პეტრე 3:5–13).
7. როგორ მკას ეწეოდნენ ბიბლიის მკვლევარები, მაგრამ რა იცოდნენ სამოთხის შესახებ?
7 ღმერთმა ‘მრავალი ძის მოყვანა დიდებამდე’ ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე სულიწმიდით მათი ცხებით დაიწყო და როგორც ჩანს წინასწარ დაადგინა დრო, როდესაც 144 000 პიროვნებისგან შემდგარი სულიერი ‘ღვთის ისრაელის’ შეკრება უნდა დაემთავრებინა (ებრაელთა 2:10; გალატელთა 6:16; გამოცხადება 7:1–8). 1879 წლიდან დაწყებული, ეს ჟურნალი ხშირად მოიხსენიებდა ცხებულ ქრისტიანებთან დაკავშირებულ მკის საქმიანობას. მაგრამ ბიბლიის მკვლევარებმა (ამჟამად იეჰოვას მოწმეები) ასევე იცოდნენ, რომ წერილებში სამოთხეში დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედიც მოიხსენიებოდა. მაგალითად, 1883 წლის „საგუშაგო კოშკის“ ივლისის ნომერში ნათქვამი იყო: „როდესაც იესო ქრისტე თავის სამეფოს დაამყარებს და ბოროტებას მოსპობს, დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. . . და ყველანი, ვინც სამარხებში არიან მას დაიმკვიდრებენ. მისი კანონების მორჩილებით იქ ცხოვრებას სამუდამოდ შეძლებენ“. დროთა განმავლობაში ცხებულებთან დაკავშირებული მკა ჩერდებოდა, ხოლო თანდათანობით იეჰოვას ორგანიზაციამ იმ პიროვნებების მკა დაიწყო, რომელთაც ზეციერი იმედი არ ჰქონდათ. ამ დროს ღმერთმა თავის ცხებულ მსახურებს, ახლიდან ნაშობ ქრისტიანებს, განსაკუთრებული გაგება უბოძა (დანიელი 12:3; ფილიპელთა 2:15; გამოცხადება 14:15, 16).
8. როგორ ეფინებოდა თანდათანობით ნათელი მიწიერ იმედს 1930-იანი წლების დასაწყისში?
8 განსაკუთრებით 1931 წლიდან ქრისტიანთა კრებას მიწიერი იმედის მქონე პიროვნებები შეუერთდნენ. იმავე წელს იეჰოვას ძალით სულით ნაშობ ქრისტიანების დარჩენილი ნაწილისთვის ნათელი გახდა, რომ ეზეკიელის მე-9 თავი ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრებისთვის გადასარჩენად ნიშანდადებულ მიწიერ კლასს ეხება. შემდეგ, 1932 წელს გაირკვა, რომ ცხვრისმაგვარ თანამედროვე ხალხს იეჰუს თანამზრახველი იონადაბი განასახიერებდა (მეოთხე მეფეთა 10:15–17). 1934 წელს ნათელი გახდა, რომ „იონადაბი“ უნდა „განწმედილიყო“ ანუ თავი ღვთისთვის მიეძღვნა. 1935 წელს კი „უამრავი ხალხი“, რომელსაც მანამდე ზეცაში ქრისტეს სასძლოს ‘დობილებად’, მეორეხარისხოვან სულიერ კლასად მიიჩნევდნენ, ამოცნობილი იქნა, როგორც მიწიერი იმედის მქონე სხვა ცხვარი (გამოცხადება 7:4–15; 21:2, 9; ფსალმუნი 44:15, 16). ცხებული ქრისტიანები განსაკუთრებით 1935 წლიდან გულმართალ ადამიანებს ეძებენ, რომელთაც სამოთხეში დედამიწაზე მარადიულად ცხოვრება სწადიათ.
9. რატომ შეწყვიტა ზოგიერთმა ქრისტიანმა 1935 წლიდან უფლის სერობაზე სიმბოლოების მიღება?
9 ზოგმა ქრისტიანმა 1935 წლიდან შეწყვიტა უფლის სერობაზე პურისა და ღვინის მიღება. რატომ? რადგანაც იგრძნეს, რომ მათ არა ზეციერი, არამედ მიწიერი იმედი ჰქონდათ. მანდილოსანმა, რომელიც 1930 წელს მოინათლა, თქვა: „მიუხედავად იმისა, რომ სიმბოლოების მიღება მართებულად ითვლებოდა, განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც გულმოდგინედ სრული დროით მსახურობდა, არასდროს ვყოფილვარ დარწმუნებული, რომ ზეციერი იმედი მქონდა. მოგვიანებით, 1935 წელს ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების იმედის მქონე უამრავი ხალხის შეკრება ხდებოდა. ბევრმა ჩვენგანმა გავიხარეთ, როდესაც მივხვდით, რომ ამ უამრავი ხალხის ნაწილს წარმოვადგენდით და შევწყვიტეთ სიმბოლოების მიღება“. თვით ქრისტიანული პუბლიკაციებიც კი შეიცვალა შინაარსით. თუ წინა წლებში ისინი პირდაპირ იესოს იმ მიმდევრებს ეხებოდა, რომლებიც სულით იყვნენ ნაშობი, 1935 წლიდან „საგუშაგო კოშკი“ და ‘ერთგული მონის’ მიერ სულიერ საზრდოდ მოწოდებული სხვა ლიტერატურა, როგორც ცხებულებისთვის, ისე მათთან გაერთიანებული მიწიერი იმედის მქონე ადამიანებისთვის არის განკუთვნილი (მათე 24:45–47).
10. როგორ შეიძლება შეცვალონ ცხებული, თუ იგი რწმენას განუდგება?
10 დავუშვათ, რომ ცხებული ქრისტიანი რწმენას განუდგა. უნდა შეცვალოს იგი ვინმემ? პავლემ ეს ზეთისხილის სიმბოლურ ხეზე საუბრისას გვიჩვენა (რომაელთა 11:11–32). თუ აუცილებელი იქნება, რომ სულით ნაშობი ქრისტიანი ვინმემ შეცვალოს, ალბათ, ღმერთი ზეციერი მოწოდებისთვის სხვა პიროვნებას ამოარჩევს, რომელიც წლების განმავლობაში ღვთისადმი წმინდა მსახურებაში თავისი რწმენით სამაგალითო იყო (შეადარე ლუკა 22:28, 29; 1 პეტრე 1:6, 7).
მრავალი მიზეზი მადლიერებისთვის
11. რაში გვარწმუნებს იაკობის 1:17, იმისდა მიუხედავად, თუ როგორი იმედი გაგვაჩნია?
11 სადაც არ უნდა ვემსახურებოდეთ იეჰოვას ერთგულებით, ჩვენი მოთხოვნილებები და მართებული სურვილები დაკმაყოფილებული იქნება (ფსალმუნი 144:16; ლუკა 1:67–74). ჭეშმარიტად ზეციერი იმედი გვაქვს, თუ მიწიერი, მრავალი საფუძვლიანი მიზეზი არსებობს, რომ ღვთისადმი მადლიერები ვიყოთ. იგი ყოველთვის თავისი მოყვარულების სასარგებლოდ მოქმედებს. მოწაფე იაკობმა თქვა, რომ „ყველა კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი მაღლიდან მოდის, ნათელთა მამისაგან“, იეჰოვა ღმერთისაგან (იაკობი 1:17). მოდით, განვიხილოთ საბოძვარისა და წყალობის რამდენიმე მაგალითი.
12. რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვა თავის თითოეულ მსახურს შესანიშნავ იმედს აძლევს?
12 იეჰოვამ თავის თითოეულ ერთგულ მსახურს შესანიშნავი იმედი უბოძა. მან ზოგიერთებს ზეციერი ცხოვრებისკენ მოუწოდა. ქრისტიანობამდელ მსახურებს კი იეჰოვამ დედამიწაზე მარადიული სიცოცხლისთვის აღდგომის შესანიშნავი იმედი მისცა. მაგალითად, აბრაამს აღდგომის რწმენა ჰქონდა და ელოდა „ქალაქს საძირკვლიანს“ — ზეციერ სამეფოს, რომლის მმართველობის დროსაც იგი დედამიწაზე საცხოვრებლად იქნება აღდგენილი (ებრაელთა 11:10, 17–19). კიდევ ერთხელ, ამ უკანასკნელ დღეებში, იეჰოვა მილიონობით ადამიანს სამოთხეში დედამიწაზე მარადიული სიცოცხლის იმედს აძლევს (იოანე 17:3). რასაკვირველია, ყოველი პიროვნება, ვისაც იეჰოვა ასეთ დიდებულ იმედს უბოძებს, უდიდესი მადლიერების გრძნობით უნდა იყოს გამსჭვალული.
13. როგორ მოქმედებს სულიწმიდა ღვთის ხალხზე?
13 იეჰოვა სულიწმიდით აჯილდოებს თავის ხალხს. ზეციერი იმედის მქონე ქრისტიანები სულიწმიდით არიან ცხებული (1 იოანე 2:20; 5:1–4, 18). მიწიერი იმედის მქონე ღვთის მსახურებს კი სულიწმიდა დახმარებასა და ხელმძღვანელობას უწევს. ერთ-ერთი მათგანი მოსე იყო, რომელსაც იეჰოვას სული ჰქონდა, ისევე, როგორც იმ 70 კაცს, რომლებსაც მისთვის დახმარება უნდა გაეწიათ (რიცხვნი 11:24, 25) სულიწმიდამ ბეცალიელი გამოცდილი ხელოსნის უნარით აღჭურვა, რომ მას ისრაელთა კარავი აეგო (გამოსვლა 31:1–11). ღვთის სული გადავიდა გედეონზე, იფთახზე, სამსონზე, დავითზე, ელიაზე, ელისესა და სხვებზე. მიუხედავად იმისა, რომ ძველი დროის ეს პიროვნებები არასდროს იქნებიან ზეციერ დიდებამდე მიყვანილნი, სულიწმიდა მათ, ისევე როგორც იესოს დღევანდელ ცხვრებს, ხელმძღვანელობასა და დახმარებას უწევდა. აქედან გამომდინარე, თუ ჩვენზე სულიწმიდა მოქმედებს, არ ნიშნავს, რომ აუცილებლად ზეციერი ცხოვრებისთვის მოწოდებული ვართ. თუმცა, იეჰოვას სული უზრუნველგვყოფს ხელმძღვანელობით, გვეხმარება ქადაგებასა და ღვთის მიერ მოცემული სხვა დავალებების შესრულებაში, გვაძლევს აღმატებულ ძლიერებას და ჩვენში სიყვარულის, სიხარულის, მშვიდობის, სულგრძელობის, სახიერების, სიკეთის, ერთგულების, სიმშვიდისა და თავშეკავების ნაყოფებს წარმოშობს (იოანე 16:13; საქმეები 1:8; 2 კორინთელთა 4:7–10; გალატელთა 5:22, 23). ნუთუ მადლიერნი არ უნდა ვიყოთ ღვთის საბოძვარის გამო?
14. რა სარგებლობას ვიღებთ ღვთისგან ბოძებული შემეცნებითა და სიბრძნით?
14 ღმერთმა შემეცნება და სიბრძნე გვიბოძა, რის გამოც მადლობლები უნდა ვიყოთ, იმისდა მიუხედავად, ზეციერი იმედი გვაქვს თუ მიწიერი. იეჰოვას შესახებ ზუსტი შემეცნება გვეხმარება, ‘გამოვცადოთ უმჯობესი’ და ‘მოვიქცეთ უფლის ღირსად და ყველაფერში ვაამოთ მას’ (ფილიპელთა 1:9–11; კოლასელთა 1:9, 10). ღვთისგან მომდინარე სიბრძნე მფარველობასა და ხელმძღვანელობას გვიწევს ცხოვრებაში (იგავნი 4:5–7; ეკლესიასტე 7:12). ჭეშმარიტი შემეცნება და სიბრძნე ღვთის სიტყვაზეა დაფუძნებული და ცხებულთა მცირე დარჩენილ ნაწილს განსაკუთრებით იზიდავს მასში მათი ზეციერი იმედის შესახებ ნათქვამი. თუმცა, ღვთის სიტყვის სიყვარული და მისი გაგება არ ნიშნავს, რომ ღვთის თვალსაზრისით ზეციერი ცხოვრებისთვის მოწოდებულნი ვართ. მოსესა და დანიელის მსგავსად, ზოგიერთებმა ბიბლიის წერაში მონაწილეობაც კი მიიღეს, მაგრამ ისინი დედამიწაზე საცხოვრებლად იქნებიან აღდგენილი. ზეციერი იმედი გაგვაჩნია თუ მიწიერი, სულიერ საზრდოს ყველანი იეჰოვას მიერ დაყენებული ‘ერთგული და გონიერი მონისგან’ ვღებულობთ (მათე 24:45–47). რა მადლიერნი ვართ ამგვარად შეძენილი შემეცნების გამო!
15. რა წარმოადგენს ღვთის უდიდეს საბოძვარს და რას ფიქრობ მის შესახებ?
15 იესოს გამომსყიდველური მსხვერპლი ღვთის მიერ სიყვარულით გაღებულ უდიდეს საბოძვარს წარმოადგენს, რომლისგანაც ყველანი ვსარგებლობთ, ზეციერი იმედი გვაქვს თუ მიწიერი. ღმერთმა ისე შეიყვარა კაცობრიობა, რომ „მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16). ასევე, იესო სიყვარულმა აღძრა, რომ ‘თავი შეეწირა მრავალთა გამოსასყიდად’ (მათე 20:28). როგორც მოციქული იოანე გვიხსნის, იესო ქრისტე „არის ჩვენი [ცხებულთა] და არა მარტო ჩვენი, არამედ მთელი წუთისოფლის ცოდვების მიმტევებელი“ (1 იოანე 2:1, 2). აქედან გამომდინარე, თითოეული ჩვენგანი დიდ მადლიერებას უნდა ამჟღავნებდეს, რომ იესო ქრისტეს შემოწირვას მარადიული სიცოცხლე მოაქვსb.
დაესწრები მას?
16. რომელი მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება აღნიშნული 1998 წლის 11 აპრილს მზის ჩასვლის შემდეგ და ვინ უნდა დაესწროს მას?
16 ღვთის მიერ თავისი ძის საშუალებით ჩვენი გამოსყიდვისთვის მადლიერების გრძნობამ უნდა აღგვძრას, რომ 1998 წლის 11 აპრილს მზის ჩასვლის შემდეგ იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზში ან იმ სხვა ადგილზე ვიმყოფებოდეთ, სადაც ისინი ქრისტეს სიკვდილის აღსანიშნავად შეიკრიბებიან. დედამიწაზე სიცოცხლის ბოლო ღამეს, იესომ თავის ერთგულ მოციქულებს ამის შესრულება შემდეგი სიტყვებით დაუბარა: „ეს გააკეთეთ ჩემს მოსაგონებლად“ (ლუკა 22:19, 20; მათე 26:26–30). დარჩენილი ცხებულები მიიღებენ უფუარ პურს, რომელიც იესოს უცოდველ სხეულს გამოხატავს და წითელ სუფთა ღვინოს, რომელიც გამოსასყიდად დაღვრილ მის სისხლს ასიმბოლოებს. მხოლოდ სულით ნაშობმა ქრისტიანებმა უნდა გააკეთონ ეს, რამეთუ მხოლოდ ისინი არიან ახალ კავშირსა და სამეფოს კავშირში გაერთიანებულნი და გააჩნიათ ღვთის სულის უდავო დამოწმება, რომ ზეციერი ცხოვრების იმედი აქვთ. მილიონობით სხვა ადამიანი, რომლებიც მადლიერები არიან ღვთისა და ქრისტეს მიერ გამოვლენილი სიყვარულისთვის, რომლის წყალობითაც იესოს მსხვერპლის საფუძველზე მათთვის მარადიული ცხოვრება ხდება შესაძლებელი, დამკვირვებლებად დაესწრებიან (რომაელთა 6:23).
17. რა უნდა გვახსოვდეს სულით ცხებასთან დაკავშირებით?
17 ძველმა რელიგიურმა მრწამსმა, საყვარელი ადამიანის სიკვდილით გამოწვეულმა მძაფრმა გრძნობებმა, ყოველდღიურმა სიძნელეებმა ან ისეთმა შეგრძნებამ, რომ იეჰოვა განსაკუთრებულად სწყალობს, შეიძლება ზოგს მცდარად აფიქრებინოს, რომ ზეციერი მოწოდება აქვს. მაგრამ თითოეულ ჩვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ ბიბლია არ მოითხოვს ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი მადლიერების გამოსახატავად გახსენების სიმბოლოების მიღებას. გარდა ამისა სულით ცხება „დამოკიდებულია არა მსურველზე და არა მცდელზე, არამედ შემწყალე ღმერთზე“, მასზე, რომელმაც იესო სულიერ ძედ შვა და რომელსაც მხოლოდ 144 000 სხვა ძე მიჰყავს დიდებამდე (რომაელთა 9:16; ესაია 64:7).
18. რა კურთხევები ელოდება იეჰოვას დღევანდელ მსახურთა უმეტესობას?
18 სამოთხეში დედამიწაზე მარადიული ცხოვრება ღვთისგან ბოძებულ იმედს წარმოადგენს იმ ადამიანთა დიდი უმრავლესობისთვის, რომლებიც ამ უკანასკნელ დღეებში იეჰოვას ემსახურებიან (2 ტიმოთე 3:1–5). ისინი სულ მალე გაიხარებენ შესანიშნავ სამოთხეში ცხოვრებით. ზეციერი მმართველობის მიერ დადგენილი მთავრები მიწიერ საქმეებს უხელმძღვანელებენ (ფსალმუნი 44:17). მთელ დედამიწაზე მშვიდობა დამყარდება, რადგანაც მისი მკვიდრნი ღვთის კანონებს დაიცავენ და იეჰოვას გზების შესახებ უფრო მეტს ისწავლიან (ესაია 9:5, 6; გამოცხადება 20:12). სახლების შენება და მიწის დამუშავება იმ უამრავი სამუშაოს ნაწილი იქნება, რომელსაც ისინი შეასრულებენ (ესაია 65:17–25). წარმოიდგინე ის ბედნიერი, განახლებული ოჯახები, რომელთა წევრებიც სიკვდილიდან სიცოცხლეს დაუბრუნდებიან! (იოანე 5:28, 29). საბოლოო გამოცდის შემდეგ ყოველგვარი ბოროტება ჩამოშორებული იქნება (გამოცხადება 20:7–10). შემდგომ ამისა, სამარადჟამოდ, დედამიწას სრულყოფილი ადამიანები აავსებენ, რომელნიც ‘გათავისუფლებული იქნებიან ხრწნილების მონობისაგან ღვთის შვილთა დიდების თავისუფლებისათვის’.
[სქოლიოები]
a იხილე ბიბლიის ორტომიანი ცნობარი, (Insight on the Scriptures), ტომი I, გვერდები 225, 226.
b იხილე 1991 წლის 15 მარტის „საგუშაგო კოშკი“ (რუს.), გვერდები 19–22.
როგორ უპასუხებდი?
□ რას ნიშნავს ‘სიცოცხლის წყლის უსასყიდლოდ აღება’?
□ რა მიზეზები გაგვაჩნია მადლიერებისთვის, იმისდა მიუხედავად, ზეციერი ცხოვრების იმედი გვაქვს თუ მიწიერი?
□ რომელი დღის აღნიშვნას უნდა დაესწროს ყოველწლიურად თითოეული ჩვენგანი?
□ როგორი მომავალი ელის იეჰოვას ხალხის უმეტესობას?
[სურათი 18 გვერდზე]
მილიონები ‘უსასყიდლოდ იღებენ სიცოცხლის წყალს’. ხარ თუ არა შენც მათ შორის?