დაე, იეჰოვა წაგიძღვეთ ნამდვილი თავისუფლებისკენ
„[დაუკვირდით] თავისუფლების სრულყოფილ კანონს“ (იაკ. 1:25).
შეგიძლიათ ახსნათ?
რომელ კანონს მივყავართ ნამდვილ თავისუფლებამდე და ვისთვის მოაქვს მას სარგებლობა?
როგორ მივაღწიოთ ნამდვილ თავისუფლებას?
როგორ თავისუფლებას ელის ყველა, ვინც რჩება სიცოცხლის გზაზე?
1, 2. ა) რა დაემართა თავისუფლებას მსოფლიოში და რატომ? ბ) როგორ თავისუფლებას ელიან იეჰოვას მსახურები?
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყნიერებაში, რომელშიც სიხარბის, უკანონობისა და ძალადობის გამოვლენა უფრო გახშირდა (2 ტიმ. 3:1—5). ამიტომ მთავრობები კანონს კანონზე იღებენ, აძლიერებენ პოლიციას და ამონტაჟებენ სამეთვალყურეო მოწყობილობებს. ზოგ ქვეყანაში მოქალაქეები პირადადაც ზრუნავენ საკუთარ უსაფრთხოებაზე, მაგალითად: სახლებში აყენებენ სიგნალიზაციას, კარებს დამატებით საკეტებს უკეთებენ და ელექტროღობესაც კი ავლებენ. ბევრი ღამით არ გადის ქუჩაში და ბავშვებს არათუ ღამით, დღისითაც კი არ უშვებს გარეთ უმეთვალყურეოდ. რაც დრო გადის, ადამიანი მეტად კარგავს თავისუფლებას და ამ სიტუაციის გამოსწორებას პირი არ უჩანს.
2 ედემის ბაღში სატანა ამტკიცებდა, რომ ნამდვილი თავისუფლება იეჰოვასგან დამოუკიდებლობას მოაქვს. რა ამაზრზენი და ვერაგული ტყუილი იყო ეს! ადამიანები რაც უფრო უგულებელყოფენ ღვთის მიერ დადგენილ ზნეობრივ თუ სულიერ ნორმებს, მით უფრო იტანჯება მთელი საზოგადოება. ასეთი გაუარესებული სიტუაცია გავლენას ჩვენზეც, იეჰოვას მსახურებზეც, ახდენს. მიუხედავად ამისა, იმედი გვაქვს, რომ გავთავისუფლდებით ცოდვისა და ხრწნის მონობისგან და გავიხარებთ იმით, რასაც ბიბლია „ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ უწოდებს (რომ. 8:21). იეჰოვამ უკვე დაიწყო თავის მსახურთა ასეთი თავისუფლებისთვის მომზადება.
3. რა კანონი მისცა იეჰოვამ ქრისტეს მიმდევრებს და რა კითხვებს განვიხილავთ?
3 როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, იეჰოვამ მოგვცა კანონი, რომელსაც იაკობი „თავისუფლების სრულყოფილ კანონს“ უწოდებს (წაიკითხეთ იაკობის 1:25). „ახალ ინგლისურ ბიბლიაში“ ეს ფრაზა გადმოცემულია როგორც „კანონი, რომელიც გვათავისუფლებს“ („The New English Bible“). როგორც წესი, ადამიანებისთვის კანონი შეზღუდვებთან ასოცირდება და არა თავისუფლებასთან. მაშ, რა არის „თავისუფლების სრულყოფილი კანონი“? და როგორ გვათავისუფლებს ის?
კანონი, რომელიც გვათავისუფლებს
4. რა არის „თავისუფლების სრულყოფილი კანონი“ და ვისთვის მოაქვს მას სარგებლობა?
4 „თავისუფლების სრულყოფილი კანონი“ არ არის მოსეს კანონი, რომელმაც „ცხადი გახადა დარღვევები“ და რომელიც იესომ შეასრულა (მათ. 5:17; გალ. 3:19). მაშ, რომელ კანონზე საუბრობდა იაკობი? ის საუბრობდა „ქრისტეს კანონზე“, რომელსაც „რწმენის კანონიც“ და „თავისუფალი ხალხის კანონიც“ ჰქვია (გალ. 6:2; რომ. 3:27; იაკ. 2:12). „სრულყოფილი კანონი“ მოიცავს ყველაფერს, რასაც იეჰოვა ჩვენგან მოითხოვს. ამ კანონს სარგებლობა მოაქვს როგორც ცხებული ქრისტიანებისთვის, ისე „სხვა ცხვრისთვის“ (იოან. 10:16).
5. რატომ არ არის დამამძიმებელი თავისუფლების ეს კანონი?
5 მრავალი ქვეყნის კანონებისგან განსხვავებით, „სრულყოფილი კანონი“ არც რთული და არც დამამძიმებელია. პირიქით, ის შეიცავს მარტივ მითითებებსა და ძირითად პრინციპებს (1 იოან. 5:3). „ჩემი უღელი ადვილი სატარებელია და ჩემი ტვირთი მსუბუქია“, — თქვა იესომ (მათ. 11:29, 30). გარდა ამისა, „სრულყოფილი კანონი“ არ საჭიროებს წესების გრძელ სიას; ის დაფუძნებულია სიყვარულზე და „ამოტვიფრულია“ არა ქვის ფილებზე, არამედ გულსა და გონებაში (წაიკითხეთ ებრაელების 8:6, 10).
როგორ გვათავისუფლებს „სრულყოფილი კანონი“
6, 7. რა შეიძლება ითქვას იეჰოვას ნორმებზე და რატომ არის გამათავისუფლებელი „თავისუფლების კანონი“?
6 იეჰოვამ თავის გონიერ ქმნილებებს დაუდგინა „საზღვრები“, რომლებიც მათთვის სარგებლობის მომტანი და დამცველი იქნებოდა. მაგალითისთვის ავიღოთ ფიზიკური კანონები, რომლებითაც ენერგია და მატერია იმართება. არავინ არ ჩივის, რომ თავს შევიწროებულად გრძნობს ამ კანონების გამო. პირიქით, ადამიანები აფასებენ მათ, როცა ხვდებიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათი კეთილდღეობისთვის ეს კანონები. მსგავსად, იეჰოვას ზნეობრივი და სულიერი ნორმები, რომლებიც ზუსტად აირეკლა ქრისტეს „სრულყოფილ კანონში“, სასარგებლოა ადამიანებისთვის.
7 გარდა იმისა, რომ გვიცავს, „თავისუფლების კანონი“ საშუალებას გვაძლევს, დავიკმაყოფილოთ ყველა ჩვენი მართებული სურვილი ისე, რომ არც საკუთარ თავს მივაყენოთ ზიანი და არც სხვისი უფლებები და თავისუფლებები ხელვყოთ. აქედან გამომდინარე, ნამდვილ თავისუფლებას რომ მივაღწიოთ ანუ შეგვეძლოს იმის კეთება, რაც გვინდა, აუცილებელია, განვივითაროთ მართებული, იეჰოვასთვის მოსაწონი და მის ნორმებთან შეთანხმებული სურვილები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ უნდა შევიყვაროთ ის, რაც იეჰოვას უყვარს და შევიძულოთ ის, რაც მას სძულს; ამაში კი „თავისუფლების კანონი“ დაგვეხმარება (ამოს. 5:15).
8, 9. რა კურთხევები ელით მათ, ვინც თავისუფლების კანონს არის ჩაჭიდებული? ახსენით.
8 არასრულყოფილების გამო გვიწევს არასწორ სურვილებთან ბრძოლა. მაგრამ ვინაიდან ერთგულად ვემორჩილებით ამ „თავისუფლების კანონს“, უკვე ახლა ვღებულობთ გარკვეულ თავისუფლებას. მაგალითად, ერთმა მამაკაცმა ჯეიმ, რომელიც თამბაქოს მწეველი იყო, ბიბლიის შესწავლა დაიწყო. როგორ მოიქცეოდა ის, როცა გაიგებდა, რომ ღმერთს ეს არ მოსწონდა? გააგრძელებდა თავისი სურვილის მონად ყოფნას, თუ იეჰოვას დაემორჩილებოდა? მიუხედავად იმისა, რომ მისი ორგანიზმი ნიკოტინს სთხოვდა, ის გონივრულად მოიქცა და ღვთის მსახურება გადაწყვიტა. რა გრძნობები დაეუფლა, როდესაც ეს ჩვევა დასძლია? „საოცრად თავისუფლად ვგრძნობდი თავს და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა“, — გვიზიარებს ის.
9 ჯეიმ საკუთარ თავზე გამოსცადა, რომ ქვეყნიური თავისუფლება, რომელიც ადამიანებს „ხორცისაზე ფიქრისკენ“ უბიძგებს, სინამდვილეში მონობაა. ასეთი თავისუფლებისგან განსხვავებით, იეჰოვასგან ბოძებული თავისუფლება, რომელიც „სულისაზე ფიქრს“ ნიშნავს, გვათავისუფლებს და „სიცოცხლესა და მშვიდობისკენ“ მიგვიძღვის (რომ. 8:5, 6). როგორ შეძლო ჯეიმ თავი დაეღწია ჩვევისთვის, რომლის მონაც იყო? მან ეს ღვთის დახმარებით შეძლო და არა საკუთარი ძალებით. ჯეიმ თქვა: „რეგულარულად ვსწავლობდი ბიბლიას და ვლოცულობდი წმინდა სულისთვის. დახმარების ხელი ქრისტიანულ კრებაში მოსიყვარულე და-ძმებმაც გამომიწოდეს“. ეს ყოველივე თქვენც დაგეხმარებათ ნამდვილი თავისუფლების მიღწევაში. ვნახოთ, როგორ არის ეს შესაძლებელი.
დაუკვირდით ღვთის სიტყვას
10. რას ნიშნავს, „დაუკვირდით“ ღვთის კანონს?
10 იაკობის 1:25-ში ვკითხულობთ: „ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ კანონს და ასე განაგრძობს, ბედნიერი იქნება“. „დაკვირვებად“ ნათარგმნი ბერძნული სიტყვა ნიშნავს „დახრას, რომ რაღაცას ყურადღებით შეხედო“. ამას ძალისხმევა სჭირდება. თუ გვინდა, რომ თავისუფლების კანონმა იმოქმედოს ჩვენს გულსა და გონებაზე, გულმოდგინედ უნდა შევისწავლოთ ბიბლია და ვიფიქროთ წაკითხულზე (1 ტიმ. 4:15).
11, 12. ა) როგორ აჩვენა იესომ, რომ მნიშვნელოვანია ჭეშმარიტებით ცხოვრება? ბ) როგორც ამ ილუსტრაციაზეა ნაჩვენები, განსაკუთრებით რა საფრთხეს უნდა ერიდონ ახალგაზრდები?
11 ამავე დროს, ღვთის სიტყვის გამოყენებით ჩვენ ასევე უნდა „განვაგრძოთ“ ანუ მოვითმინოთ. ამგვარად შევძლებთ ჭეშმარიტებით ცხოვრებას. მსგავსი აზრი უთხრა იესომ მათ, ვისაც ის სწამდა: „თუ ჩემს სიტყვაში რჩებით, ნამდვილად ჩემი მოწაფეები ხართ, შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ“ (იოან. 8:31, 32). ერთი ნაშრომის თანახმად, სიტყვა „შეცნობა“ აგრეთვე ნიშნავს, ცოდნის დაფასებას, ვინაიდან ამ ცოდნას მნიშვნელოვნად და ღირებულად თვლი. ჭეშმარიტებას სრულად მხოლოდ მაშინ შევიცნობთ, თუ ჭეშმარიტებით ვიცხოვრებთ. თუ ასე მოვიქცევით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ღვთის სიტყვა მოქმედებს ჩვენში“ და ისეთ პიროვნებად გვაყალიბებს, რომელიც უფრო ზუსტად ირეკლავს ჩვენს ზეციერ მამას (1 თეს. 2:13).
12 ჰკითხეთ საკუთარ თავს: მართლა შევიცანი ჭეშმარიტება? ვცხოვრობ ჭეშმარიტებით? თუ ჯერ კიდევ მიზიდავს ამ ქვეყნიერების „თავისუფლება“? ერთი და, რომელიც ქრისტიანულ ოჯახში გაიზარდა, იხსენებს: „როცა ჭეშმარიტება ბავშვობიდან იცი, გამუდმებით გესმის იეჰოვას შესახებ. მაგრამ მე ის სინამდვილეში არ გამიცნია. არასოდეს შემიძულებია ის, რაც მას სძულს. არ მჯეროდა, რომ ჩემს საქციელს რაიმე მნიშვნელობა ჰქონდა მისთვის. პრობლემების დროს არასდროს მითხოვია ღმერთისთვის დახმარება. ყველაფერზე ჩემი აზრი მქონდა, რაც ახლა სასაცილოდ მეჩვენება, რადგან მაშინ არაფერი არ ვიცოდი“. საბედნიეროდ, მოგვიანებით ეს და მიხვდა, რომ არასწორი აზროვნება ჰქონდა და ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები მოახდინა. მან პიონერად მსახურებაც კი დაიწყო.
წმინდა სული დაგეხმარებათ, რომ გათავისუფლდეთ
13. როგორ გვეხმარება წმინდა სული, რომ გავთავისუფლდეთ?
13 „სადაც იეჰოვას სულია, იქ თავისუფლებაა“, — ნათქვამია 2 კორინთელების 3:17-ში. როგორ უწყობს წმინდა სული ხელს ჩვენს თავისუფლებას? სხვა ყველაფერთან ერთად ის გვეხმარება, გამოვიმუშაოთ თვისებები, რომლებიც აუცილებელია თავისუფლებისათვის, მაგალითად: „სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი, თავშეკავება“ (გალ. 5:22, 23). ამ თვისებების, განსაკუთრებით სიყვარულის გარეშე საზოგადოება ვერ იქნება ნამდვილად თავისუფალი, რაც კარგად ჩანს დღევანდელ მსოფლიოში. საინტერესოა, რომ ამ თვისებების ჩამოთვლის შემდეგ მოციქულმა პავლემ დასძინა: „არანაირი კანონი არ არსებობს ამათ წინააღმდეგ“. რას გულისხმობდა ის? ღვთის სულის ნაყოფის ზრდას ვერანაირი კანონი ვერ შეუშლის ხელს (გალ. 5:18). რა არის ამ კანონის არსი? იეჰოვას ნებაა, რომ ყოველთვის განვივითაროთ ისეთი თვისებები, როგორიც ქრისტეს ჰქონდა და რომ არაფერმა შეგვიშალოს ხელი მათ გამოვლენაში.
14. როგორ იმონებს ქვეყნიერების სული მათ, ვინც მას ემორჩილება?
14 ისინი, ვისაც ქვეყნიერების სული იმონებს და ხორციელ სურვილებს იკმაყოფილებენ, შეიძლება თავი თავისუფალი ჰგონიათ (წაიკითხეთ 2 პეტრეს 2:18, 19). მაგრამ რეალურად საქმე სულ სხვაგვარადაა. მათი მავნე ჩვევებისა და სურვილების დასაოკებლად ათასობით კანონი თუ წესია საჭირო. კანონი „დადგენილია არა მართალთათვის, არამედ უკანონობის მოქმედთათვის, დაუმორჩილებელთათვის“, — თქვა პავლემ (1 ტიმ. 1:9, 10). ისინი ცოდვის მონებიც არიან, ვინაიდან „ხორცის სურვილებისამებრ“ იქცევიან; ხორცის სურვილები კი სასტიკი ბატონია (ეფეს. 2:1—3). ასეთი ადამიანები ჰგვანან მწერებს, რომელთაც თაფლი მაგნიტივით იზიდავს. თავიანთ სურვილებს აყოლილნი ისინი მალევე ხვდებიან, რომ ხაფანგში გაებნენ (იაკ. 1:14, 15).
ქრისტიანული კრება დაგეხმარებათ, რომ გათავისუფლდეთ
15, 16. რატომ არის კრებასთან ურთიერთობა მნიშვნელოვანი და როგორ თავისუფლებას გვანიჭებს ის?
15 თუ ესწრებით ქრისტიანული კრების შეხვედრებს, სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ რაიმე კლუბის წევრი ხართ. კრებაში იმიტომ აღმოჩნდით, რომ იეჰოვამ მოგიზიდათ (იოან. 6:44). რატომ აგირჩიათ ღმერთმა? იმიტომ, რომ მართალი და ღვთისმოშიში ადამიანი ხართ? „სულაც არა“ — შეიძლება ფიქრობთ. აბა, რა დაინახა მან თქვენში? ღმერთმა თქვენი გული დაინახა, რომელიც მზად იყო მისი თავისუფლების კანონის მისაღებად და მისი ხელმძღვანელობის მისაყოლად. კრებაში იეჰოვამ სულიერად გამოგკვებათ, გაგათავისუფლათ ცრუ რელიგიური სწავლებებისა თუ ცრურწმენისგან და გასწავლათ, როგორ განავითაროთ თვისებები, როგორიც ქრისტეს ჰქონდა (წაიკითხეთ ეფესოელების 4:22—24). შედეგად, თქვენ იმყოფებით იმ ადამიანებს შორის, რომელთაც სამართლიანად შეიძლება ვუწოდოთ „თავისუფალი ხალხი“ და ეს სახელი მთელ მსოფლიოში სხვას არავის შეეფერება (იაკ. 2:12).
16 დაფიქრდით: როცა იმყოფებით მათ შორის, ვისაც მთელი გულით უყვარს იეჰოვა, შიშის გრძნობა გეუფლებათ? წამდაუწუმ აქეთ-იქით ხომ არ იყურებით? თვალს არ აცილებთ სამეფო დარბაზში თქვენს ნივთებს იმის შიშით, რომ არ მოგპარონ? რა თქმა უნდა, არა! პირიქით, თქვენ თავს მშვიდად და თავისუფლად გრძნობთ. მსგავსად იგრძნობდით თავს, სადმე სხვაგან რომ ყოფილიყავით? ალბათ, არა. მაგრამ ღვთის ხალხს შორის არსებული თავისუფლება, მხოლოდ აჩრდილია იმ თავისუფლებისა, რომელიც წინ გველოდება.
„ღვთის შვილთა დიდებული თავისუფლება“
17. როგორ უკავშირდება ადამიანების თავისუფლება „ღვთის ძეების გამოცხადებას“?
17 თავისუფლების შესახებ, რომელსაც იეჰოვა თავის მიწიერ მსახურებს მისცემს, პავლემ დაწერა: „მთელი ქმნილება მოუთმენლად მოელის ღვთის ძეების გამოცხადებას“. შემდეგ დასძინა: „თვით ქმნილებაც გათავისუფლდება ხრწნის მონობისგან და მიიღებს ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომ. 8:19—21). „ქმნილებაში“ იგულისხმებიან მიწიერი იმედის მქონე ადამიანები — ისინი, რომლებსაც სარგებლობას მოუტანს ღვთის სულითცხებულ შვილთა გამოცხადება. ეს გამოცხადება დაიწყება, როდესაც სულიერ სამყაროში მკვდრეთით აღმდგარი „შვილები“ ქრისტესთან ერთად განწმენდენ დედამიწას ბოროტებისგან და დაიცავენ „უამრავ ხალხს“, რათა მათ იცხოვრონ ახალ ქვეყნიერებაში (გამოცხ. 7:9, 14).
18. რა მასშტაბებს მიაღწევს თავისუფლება და საბოლოოდ, როგორ თავისუფლებას მიიღებენ მორჩილი ადამიანები?
18 გამოსყიდული ადამიანები მიიღებენ სრულიად განსხვავებულ თავისუფლებას — ყველა გათავისუფლდება სატანისა და დემონების გავლენისგან (გამოცხ. 20:1—3). რამხელა შვებას მოუტანს ეს კაცობრიობას! ამის შემდეგ ქრისტეს 144 000 თანამეფე და მღვდელი განაგრძობს ადამიანების გათავისუფლებას ანუ კაცობრიობა თანდათანობით მიიღებს სარგებლობას გამოსასყიდისგან მანამ, სანამ ადამის ცოდვა და არასრულყოფილება სრულად არ აღმოიფხვრება (გამოცხ. 5:9, 10). ისინი, ვინც საბოლოო გამოცდისას ერთგულებას შეინარჩუნებენ, მიიღებენ სრულყოფილ თავისუფლებას ანუ „ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“, რომელიც იეჰოვას მათთვის ჰქონდა განზრახული. უბრალოდ დაფიქრდით ამაზე: აღარ მოგიწევთ ბრძოლა იმისათვის, რომ ღვთის თვალში სწორად მოიქცეთ, ვინაიდან მთლიანად გასრულყოფილდებით და თქვენი პიროვნება ღვთის ზუსტი ანარეკლი გახდება.
19. რა უნდა გავაკეთოთ დღეს, რომ მივიღოთ ღვთის მიერ დაპირებული თავისუფლება?
19 გსურთ, მიიღოთ „ღვთის შვილთა დიდებული თავისუფლება“? თუ ასეა, „თავისუფლების სრულყოფილ კანონს“ თქვენს გონებასა და გულზე მოქმედების საშუალება მიეცით. გულმოდგინედ შეისწავლეთ წმინდა წერილები, იცხოვრეთ ჭეშმარიტებით, სთხოვეთ ღმერთს წმინდა სული, სრული სარგებლობა მიიღეთ ქრისტიანული შეხვედრებიდან და იეჰოვას მიერ მოწოდებული სულიერი საზრდოდან. ნუ მისცემთ სატანას თქვენი მოტყუების უფლებას, როგორც მან მოატყუა ევა და აფიქრებინა, რომ ღვთის მითითებები მეტისმეტად შემზღუდველი იყო. დარწმუნებული იყავით, რომ ეშმაკი ძალიან ჭკვიანია, მაგრამ როგორც შემდეგი სტატიიდან დავინახავთ, სატანამ ვერ უნდა გვაჯობოს, „რადგან ჩვენთვის უცნობი არ არის მისი ზრახვები“ (2 კორ. 2:11).
[სურათები 9 გვერდზე]
ჯერ კიდევ მიზიდავს ამ ქვეყნიერების „თავისუფლება“?
[სურათები 9 გვერდზე]
ნამდვილად ვცხოვრობ ჭეშმარიტებით?