ვინ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულისაგან?
„ჩვენ გვიყვარს იმიტომ, რომ პირველად მან შეგვიყვარა“ (1 იოანე 4:19).
1, 2. ა) რატომ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რომ ადამიანებს ვუყვარდეთ? ბ) ვის სიყვარულს ვსაჭიროებთ ყველაზე მეტად?
იმის ცოდნა, რომ სხვებს უყვარხართ, ალბათ, უმნიშვნელო სულაც არ არის თქვენთვის. როგორც მზის ნაზი სხივები ფურჩქნის ყვავილს, ასევე მოქმედებს სიყვარული ადამიანზე — ბავშვი იქნება თუ სრულწლოვანი. ალბათ, გინახავთ დედის მკლავებში საყვარლად გატრუნული ჩვილი. რაც უნდა ხდებოდეს მის გარშემო, ხშირად, საკმარისია ბავშვი დედის მომღიმარ თვალებს მიაშტერდეს, რომ უკვე აღარაფერი აშფოთებს, თავს უდარდელად გრძნობს მოსიყვარულე დედის მკლავებში. ანდა იქნებ ჯერაც არ დაგვიწყებიათ, რას გრძნობდით მოზარდობის — ხანდახან მშფოთვარე — წლებში? (1 თესალონიკელთა 2:7). ზოგჯერ შეიძლება თავადაც ვერ გაგეგოთ, რა გსურდათ ან იმასაც კი ვერ ხვდებოდით, რა გაწუხებდათ. მაგრამ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის, რომ მამას და დედას უყვარდით! განა სასარგებლო არ იყო თქვენთვის, რომ ნებისმიერი პრობლემისა და საკითხის თაობაზე შეგეძლოთ მათთვის მიგემართათ? მართლაც, ერთ-ერთი უდიდესი მოთხოვნილება, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე გვაქვს, ის არის, რომ ადამიანებს ვუყვარდეთ. მათი სიყვარული გვარწმუნებს, რომ ჩვენ ძვირფასნი ვართ.
2 მშობლების მტკიცე სიყვარულს, უეჭველად, დიდი წვლილი შეაქვს ბავშვის ნორმალურად განვითარებასა და მის გაწონასწორებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში. მაგრამ, ჩვენი სულიერი და ემოციური კეთილდღეობისთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია რწმენა იმისა, რომ ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვას, ვუყვარვართ. ამ ჟურნალის ზოგიერთ მკითხველს შეიძლება არც კი ჰყოლია ერთგულად მზრუნველი მშობლები. თუ თქვენც მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდით, გულს ნუ გაიტეხთ, გამაგრდით. თუ მშობლების სიყვარული საერთოდ არ გიგრძვნიათ ან, თუ არასაკმარისად ავლენდნენ მას, ღვთის ურყევი სიყვარული უთუოდ აანაზღაურებს ამ დანაკლისს.
3. როგორ დაარწმუნა იეჰოვამ თავისი ხალხი მათდამი სიყვარულში?
3 წინასწარმეტყველ ესაიას პირით იეჰოვამ განაცხადა, რომ, თუმცა დედას შეიძლება თავისი ჩვილი ‘დაევიწყებინა’, ის არ დაივიწყებდა თავის ხალხს (ესაია 49:15). ასევე დავითმაც დაჯერებით თქვა: „დამაგდო ჩემმა დედ-მამამ, ხოლო უფალი მიმიღებს მე“ (ფსალმუნი 26:10). რაოდენ მანუგეშებელია! რა მდგომარეობაშიც უნდა იმყოფებოდეთ, თუკი იეჰოვა ღმერთს მიუძღვენით თავი, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მისი თქვენდამი სიყვარული ბევრად აღემატება ნებისმიერი ადამიანის სიყვარულს!
დარჩით ღვთის სიყვარულში
4. როგორ დარწმუნდნენ პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები ღვთის სიყვარულში?
4 როდის გაიგეთ პირველად იეჰოვას სიყვარულის შესახებ? ალბათ, თქვენც დაახლოებით იგივე განცდები დაგეუფლათ, როგორიც პირველ საუკუნეში მცხოვრებ ქრისტიანებს. პავლეს მიერ რომაელებისადმი მიწერილი წერილის მე-5 თავში ლამაზად არის აღწერილი, როგორ შეიგრძნეს და გააცნობიერეს იეჰოვას სიყვარული ერთ დროს მისგან გაუცხოებულმა ცოდვილმა ადამიანებმა. მე-5 მუხლში ვკითხულობთ: „ღვთის სიყვარული ჩაგვესახა გულებში, სულიწმიდის მეშვეობით, რომელიც მოგვეცა ჩვენ“. მე-8 მუხლში პავლე დასძენს: „ღმერთი თავის სიყვარულს ჩვენდამი ამტკიცებს იმით, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით“.
5. როგორ დაიწყეთ ღვთის უსაზღვრო სიყვარულის დაფასება?
5 მსგავსად ამისა, როდესაც ღვთის სიტყვის ჭეშმარიტება გიქადაგეს და ირწმუნეთ, თქვენს გულზე იეჰოვას სულიწმიდამ იწყო მოქმედება. ასეთნაირად დაიწყეთ იეჰოვას მიერ გადადგმული დიდმნიშვნელოვანი ნაბიჯის დაფასება — მან თავისი საყვარელი ძე გამოგზავნა, რათა თქვენი გულისთვის მომკვდარიყო. იეჰოვამ ამგვარად გაგაგებინათ, თუ რა ძლიერ უყვარს კაცობრიობა. თუმცა ღვთისგან გაუცხოებულ ცოდვილ ადამიანად დაიბადეთ, როდესაც გაიგეთ, რომ იეჰოვამ საშუალება მისცა ადამიანებს, მართლებად ყოფილიყვნენ აღიარებული და უსასრულო სიცოცხლე მოეპოვებინათ, განა ამან არ იმოქმედა თქვენზე და გულთან ახლოს არ მიიტანეთ ყოველივე ეს? განა არ იგრძენით იეჰოვასადმი სიყვარული? (რომაელთა 5:10).
6. რატომ შეიძლება ხანდახან იეჰოვასგან რამდენადმე შორს ვიგრძნოთ თავი?
6 თქვენ ზეციერი მამის სიყვარულმა მიგიზიდათ და ცხოვრება ღვთის მოსაწონად შეცვალეთ, რის შემდეგაც სიცოცხლე მას მიუძღვენით. ახლა ღმერთთან მშვიდობიანი ურთიერთობით ხარობთ. მაგრამ ხომ არ გეუფლებათ ხანდახან ისეთი გრძნობა, რომ იეჰოვა რამდენადმე შორს არის თქვენგან? ასეთი გრძნობები ნებისმიერ ჩვენგანს შეიძლება გაუჩნდეს. მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ღმერთი არ იცვლება. მისი სიყვარული ისეთივე მუდმივი და უცვლელია, როგორც მზე, რომელიც განუწყვეტლივ უგზავნის დედამიწას სინათლის თბილ სხივებს (მალაქია 3:6; იაკობი 1:17). ხოლო ჩვენ შეიძლება შევიცვალოთ — თუნდაც ეს ცვლილება დროებითი იყოს. რადგან დედამიწა ბრუნავს, ჩვენი პლანეტის ნახევარი წყვდიადითაა მოცული. ასევე ჩვენც — ღვთისგან თუნდაც მცირედით თუ „შევბრუნდებით“, მასთან ურთიერთობაში შეიძლება სიცივე ვიგრძნოთ. რის გაკეთება შეგვიძლია სიტუაციის გამოსასწორებლად?
7. როგორ დაგვეხმარება საკუთარი თავის შემოწმება იმაში, რომ ღვთის სიყვარულში დავრჩეთ?
7 თუ ვგრძნობთ, რომ რამდენადმე ჩამოვშორდით ღვთის სიყვარულს, უნდა დავფიქრდეთ: ხომ არ გამინელდა მადლიერება და ხომ არ მივიჩნევ ღვთის სიყვარულს ჩვეულებრივ მოვლენად? ხომ არ ჩამოვშორდი ნელ-ნელა ცოცხალ და მოსიყვარულე ღმერთს და ხომ არ ვავლენ რწმენის სისუსტეს სხვადასხვა საკითხებში? ‘სულიერის’ ნაცვლად „ხორციელზე“ ხომ არ ვფიქრობ? (რომაელთა 8:5—8; ებრაელთა 3:12). თუ იეჰოვას დავშორდით, შეგვიძლია მდგომარეობის გამოსასწორებელი ზომები მივიღოთ და მასთან ახლო, თბილი ურთიერთობა აღვადგინოთ. იაკობი მოგვიწოდებს: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ თქვენ“ (იაკობი 4:8, აქ). ყურად იღეთ იუდას სიტყვები: „საყვარელნო, თქვენს უწმინდეს რწმენაზე აღაშენეთ საკუთარი თავი, წმინდა სულით ილოცეთ და ამგვარად დარჩით ღვთის სიყვარულში“ (იუდა 20, 21, აქ).
ჩვენი მდგომარეობების ცვლილება არ ცვლის ჩვენდამი ღვთის სიყვარულს
8. რა ცვლილებები შეიძლება მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში მოულოდნელად?
8 ვიდრე ამ სისტემაში ვცხოვრობთ, ჩვენს ცხოვრებაში მრავალი უეცარი ცვლილებაა მოსალოდნელი. მეფე სოლომონმა შენიშნა, რომ „დრო და შემთხვევა განაგებს ყველაფერს“ (ეკლესიასტე 9:11). ჩვენი ცხოვრება უცაბედად შეიძლება ძირფესვიანად შეიცვალოს. დღეს თუ ჯანმრთელები ვართ, ხვალ შეიძლება სერიოზულმა ავადმყოფობამ დაგვრიოს ხელი. თუ დღეს ჩვენს სამსახურს ისეთი პირი უჩანს, რომ სტაბილურად შევინარჩუნებთ, ხვალ შეიძლება უმუშევარი დავრჩეთ. სიკვდილმა შეიძლება საყვარელი ადამიანი მოულოდნელად გამოგვაცალოს ხელიდან. შეიძლება რომელიმე ქვეყანაში ქრისტიანები მშვიდობიან პირობებში მსახურობდნენ გარკვეული ხნის განმავლობაში, შემდეგ კი მოულოდნელად გაშმაგებულმა დევნამ იჩინოს თავი. ანდა შეიძლება ცრუ ბრალდებებს გვიყენებენ და ამის გამო უსამართლობის მსხვერპლი ვხდებით. დიახ, ცხოვრება არ არის სტაბილური ან სრულიად უსაფრთხო (იაკობი 4:13—15).
9. რატომ იქნებოდა სასარგებლო რომაელთა მე-8 თავის ზოგი მუხლის განხილვა?
9 როდესაც ჩვენს ცხოვრებაში სამწუხარო შემთხვევები ხდება, შეიძლება თავი მიტოვებულად ვიგრძნოთ და ისიც კი ვიფიქროთ, რომ ღმერთს უწინდებურად აღარ ვუყვარვართ. ასეთი რამ ყველას შეიძლება შეემთხვას, ამიტომ კარგი იქნება, გულდასმით განვიხილოთ პავლე მოციქულის ძალზე მანუგეშებელი სიტყვები, რომლებიც რომაელთა მიმართ წერილის მე-8 თავშია ჩაწერილი. ეს სიტყვები პავლემ სულით ცხებულ ქრისტიანებს მისწერა. მაგრამ მათი გამოყენება სხვა ცხვრებთან მიმართებაშიც შეიძლება, რომლებიც, ქრისტიანობამდელ პერიოდში მცხოვრები აბრაამის მსგავსად, მართლებად არიან აღიარებული, როგორც ღვთის მეგობრები (რომაელთა 4:20—22; იაკობი 2:21—23).
10, 11. ა)რა ბრალდებებს უყენებენ ზოგჯერ მტრები ღვთის ხალხს? ბ) რატომ არ უნდა აღელვებდეს ასეთი ბრალდებები ქრისტიანებს?
10 წაიკითხეთ რომაელთა 8:31—34. პავლე ასეთ შეკითხვას სვამს: „თუ ღმერთი ჩვენთვის არის, ვინ გამოვა ჩვენს წინააღმდეგ?“. დიახ, სატანა და მისი ბოროტი წუთისოფელი ჩვენ წინააღმდეგ გამოდიან. მტრებმა შეიძლება ცრუ ბრალდებები წაგვიყენონ, მათ შორის — სასამართლოებშიც კი. ზოგ ქრისტიან მშობელს შვილების სიძულვილში ადანაშაულებენ იმის გამო, რომ ბავშვებს ისეთი მეთოდებით მკურნალობის უფლებას არ აძლევენ, რომლებიც ღვთის კანონებს ეწინააღმდეგება, ანდა წარმართულ დღესასწაულებში მონაწილეობის ნებას არ რთავენ (საქმეები 15:28, 29; 2 კორინთელთა 6:14—16). სხვა ერთგულ ქრისტიანებს ტყუილად ადანაშაულებენ დაუმორჩილებლობაში იმიტომ, რომ ისინი უარს ამბობენ ომში მოყვასის მოკვლასა და პოლიტიკაში ჩარევაზე (იოანე 17:16). ზოგი მოწინააღმდეგე ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებს მასმედიის მეშვეობით და იმაშიც კი ადანაშაულებს იეჰოვას მოწმეებს, რომ ისინი საშიშ სექტას წარმოადგენენ.
11 მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რას ამბობდნენ ქრისტიანების შესახებ მოციქულების დროს: «ჩვენ ვიცით, რომ ამ მწვალებლობას [„სექტას“, აქ] ყველგან ეწინააღმდეგებიან» (საქმეები 28:22). განა აქვს კი საერთოდ წონა ასეთ ცრუ ბრალდებებს? ჭეშმარიტ ქრისტიანებს ღმერთი აღიარებს მართლებად, რასაც იგი ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლისადმი მათი რწმენის საფუძველზე აკეთებს. ნუთუ შეიცვლის იეჰოვა დამოკიდებულებას და აღარ ეყვარება თავისი თაყვანისმცემლები მაშინ, როცა მათთვის ყველაზე ძვირფასი, რაც კი რამ ჰქონდა — თავისი საყვარელი ძის სიცოცხლე — გაიღო ძღვნად (1 იოანე 4:10). მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე ამჟამად ღვთის მარჯვნივ ზის და ყოველმხრივ მხარში უდგას ქრისტიანებს. განა შესძლებს ვინმე, სამართლიანად შეიტანოს ეჭვი ქრისტეს მიერ თავისი მიმდევრების დაცვის მართებულობაში, ანდა განა ძალუძს ვინმეს, წარმატებით გაასაჩივროს ღვთის მიერ თავისი ერთგული მიმდევრების სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება? ამას კაციშვილი ვერ შეძლებს! (ესაია 50:8, 9; ებრაელთა 4:15, 16).
12, 13. ა) როგორ მდგომარეობებს ან პირობებსაც კი არ შეუძლიათ ღვთის სიყვარულს ჩამოგვაშოროს? ბ) რა არის ეშმაკის მიზანი, როდესაც გასაჭირში გვაგდებს? გ) რატომ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქრისტიანები, საბოლოოდ, სავსებით გამარჯვებულები გამოდიან?
12 წაიკითხეთ რომაელთა 8:35—37. საკუთარი თავის გარდა, შეეძლო ვინმეს ან რამეს ჩვენი ჩამოშორება იეჰოვასა და მისი ძის, იესო ქრისტეს, სიყვარულისაგან? სატანამ შეიძლება თავისი მიწიერი დამქაშები გამოიყენოს, რათა ქრისტიანები დიდ განსაცდელში ჩაყაროს. გასულ საუკუნეში ბევრ ჩვენს ქრისტიან ძმასა და დას დაუნდობლად დევნიდნენ მრავალ ქვეყანაში. დღესაც ჩვენი ძმები მსოფლიოს ზოგიერთ კუთხეში ყოველდღიურად აწყდებიან ეკონომიკურ სიძნელეებს. ზოგს შიმშილობა ან აუცილებელი ტანსაცმლის უქონლობა ტანჯავს. რა აქვს მიზნად დასახული სატანას, როდესაც ასეთ სირთულეებს ატეხს თავს ჩვენს ძმებს? სულ მცირე, მისი ერთ-ერთი მიზანი ის არის, რომ მათ იეჰოვასადმი ჭეშმარიტ თაყვანისცემაზე ააღებინოს ხელი. სატანას სურს დაგვაჯეროს, რომ ჩვენდამი ღვთის სიყვარული განელდა. მაგრამ, სინამდვილეში, მართლა ასეა თუ არა ეს?
13 პავლეს მსგავსად, რომელიც ფსალმუნის 43:23-ს ციტირებდა, ჩვენც შესწავლილი გვაქვს წერილობით გადმოცემული ღვთის სიტყვა. გვესმის, რომ ჩვენ, როგორც ღვთის ‘ცხვარი’, მისი სახელის გულისთვის ვაწყდებით ამ სირთულეებს. ხოლო ამ ყველაფერთან ღვთის სახელის განწმენდა და მისი უზენაესი ხელისუფლების გამართლებაა დაკავშირებული. ზუსტად ამ დიდი საკამათო საკითხების გამო უშვებს ღმერთი განსაცდელებს, და არა იმიტომ, რომ მას აღარ ვუყვარვართ. როგორი მძიმეც უნდა იყოს ჩვენი მდგომარეობა, დარწმუნებული ვართ, რომ ღვთის სიყვარული თავისი ხალხისადმი, და მათ შორის თითოეული ჩვენგანისადმი, არ განელებულა. თუ გვეჩვენება, რომ რაიმეში შეიძლება მარცხი ვიწვნიოთ, ნებისმიერი ასეთი მოჩვენებითი მარცხი გამარჯვებად გვექცევა, თუკი ყოველთვის უმწიკვლობას შევინარჩუნებთ. ღვთის ჩაუქრობელ სიყვარულში დარწმუნება ძალებს გვმატებს და ნუგეში მოაქვს ჩვენთვის.
14. რატომ იყო პავლე ღვთის სიყვარულში დარწმუნებული, მიუხედავად იმ განსაცდელებისა, რომლებსაც შეიძლება ქრისტიანები წააწყდნენ?
14 წაიკითხეთ რომაელთა 8:38, 39. რამ დაარწმუნა პავლე იმაში, რომ ღვთის სიყვარულისაგან ქრისტიანების ჩამოშორება არაფერს შეეძლო? უეჭველია, მსახურებისას თავს გადამხდარმა შემთხვევებმა გაუძლიერა პავლეს იმის რწმენა, რომ განსაცდელები არ ნიშნავდა ჩვენდამი ღვთის სიყვარულის განელებას (2 კორინთელთა 11:23—27; ფილიპელთა 4:13). გარდა ამისა, პავლეს შემეცნება ჰქონდა მიღებული იეჰოვას მარადიული განზრახვის შესახებ. აგრეთვე იმაზეც, თუ რა გააკეთა ღმერთმა თავისი ხალხისთვის წარსულში. შეუძლია თუ არა სიკვდილს იმ ადამიანებისადმი ღვთის სიყვარულის ჩახშობა, ვინც ერთგულად ემსახურებიან მას? არავითარ შემთხვევაში! ასეთი ერთგული ადამიანები, რომლებიც განისვენებენ, ღვთის სრულყოფილ მეხსიერებაში იცოცხლებენ და იგი თავის დროზე მკვდრეთით აღადგენს მათ (ლუკა 20:37, 38; 1 კორინთელთა 15:22—26).
15, 16. ჩამოთვალეთ ის ზოგიერთი რამ, რაც ღმერთს ვერასოდეს გადააფიქრებინებს თავისი ერთგული მსახურების სიყვარულს.
15 რა უბედურებაც უნდა დაგვატეხოს ცხოვრებამ — იქნება ეს დამაუძლურებელი უბედური შემთხვევა, სასიკვდილო დაავადება თუ ეკონომიკური სიდუხჭირე — არაფერს ძალუძს თავისი ხალხისადმი ღვთის სიყვარულის ჩაქრობა. ძლიერ ანგელოზებს, ისეთებს, როგორიცაა, მაგალითად, ურჩი ანგელოზი, რომელიც სატანა გახდა, არ შეუძლიათ, თავისი ერთგული მსახურებისადმი სიყვარული ჩააქრონ იეჰოვაში (იობი 2:3). მთავრობებმა შეიძლება აკრძალონ ან ციხეში ჩასვან ღვთის მსახურები და ცუდად მოექცნენ მათ, ანდა შეიძლება „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადონ ისინი (1 კორინთელთა 4:13). ერების მხრიდან ასეთმა გაუმართლებელმა სიძულვილმა ადამიანები შეიძლება ჩვენ წინააღმდეგ განაწყონ, მაგრამ ეს ვერ აიძულებს სამყაროს უზენაეს მმართველს, რომ მიგვატოვოს.
16 ჩვენ, ქრისტიანებს, არ უნდა გვეშინოდეს, რომ ის, რაც პავლემ „აწმყოდ“ მოიხსენია — მოვლენები, მდგომარეობები და სიტუაციები, რომლებსაც თანამედროვე სისტემაში ვაწყდებით — აგრეთვე ის, რაც ‘მომავალში’ (სსგ) მოხდება, თავისი ხალხისადმი ღვთის სიყვარულს ჩაახშობს. თუმცა მიწიერი და ციური ძალები ჩვენ წინააღმდეგ ომს აჩაღებენ, ღვთის ურყევი სიყვარული გვანუგეშებს და გვამაგრებს. როგორც პავლემ აღნიშნა ხაზგასმით, „ვერც სიმაღლე და ვერც სიღრმე“ ვერ გადაეღობება ღვთის სიყვარულს. დიახ, ვერაფერი, რასაც, ერთი შეხედვით, ჩვენთვის გულის გატეხვა, ანდა ჩვენზე უდიდესი ზეგავლენის მოხდენა შეეძლო, ვერ ჩამოგვაშორებს ღვთის სიყვარულისაგან; და არც სხვა რომელიმე ქმნილებას ძალუძს, რომ შემოქმედს თავის ერთგულ მსახურებთან ურთიერთობა გააწყვეტინოს. ღვთის სიყვარული არასოდეს მთავრდება; ის მარადარსებულია (1 კორინთელთა 13:8).
მუდამ დიდად აფასებდეთ ღვთის წყალობას
17. ა) რა გაგებით არის ღვთის სიყვარული „სიცოცხლეზე მეტი“? ბ) რით ვცხადვყოფთ, რომ დიდად ვაფასებთ ღვთის წყალობას?
17 რამდენად მნიშვნელოვანია ღვთის სიყვარული თქვენთვის? თქვენც ხომ არ ფიქრობთ დავითის მსგავსად, რომელმაც დაწერა: „რადგან სიცოცხლეზე მეტია შენი წყალობა, ჩემი ბაგენი გაქებენ შენ. ამიტომ გადიდებ ჩემი სიცოცხლის მანძილზე, შენი სახელით აღვაპყრობ ხელებს“ (ფსალმუნი 62:4, 5). მართლაც, განა შეუძლია წუთისოფელს, ღვთის სიყვარულსა და მასთან ერთგულ მეგობრობაზე უკეთესი რამ შემოგვთავაზოს? მაგალითად, განა შეედრება მომგებიანი ქვეყნიური კარიერა იმ ბედნიერებასა და სულის სიმშვიდეს, რომლებიც ღმერთთან ახლო ურთიერთობას მოაქვს ჩვენთვის? (ლუკა 12:15). ზოგი ქრისტიანი არჩევნის წინაშე დააყენეს — იეჰოვასთვის მსახურებაზე უნდა ეთქვათ უარი, თუ არადა დაიხოცებოდნენ. მეორე მსოფლიო ომის დროს ასეთი არჩევნის წინაშე იეჰოვას მრავალი მოწმე დადგა ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში. ძალიან მცირე გამონაკლისის გარდა, ჩვენმა ქრისტიანმა ძმებმა ღვთის სიყვარულში დარჩენა არჩიეს და მზად იყვნენ, თვით სიკვდილისთვისაც კი შეეხედათ თვალებში, თუ ეს გარდაუვალი იქნებოდა. მათ, ვინც ერთგული დარჩნენ ღვთის სიყვარულში, ღმერთი უსათუოდ აკურთხებს მარადიული სიცოცხლით — იმით, რასაც წუთისოფელი ვერ მოგვცემს (მარკოზი 8:34—36). მაგრამ ღვთის კურთხევა მხოლოდ მარადიული სიცოცხლით არ ამოიწურება.
18. რატომ არის მარადიული სიცოცხლე ასე სასიამოვნო?
18 მართალია, იეჰოვას გარეშე შეუძლებელია მარადიულად ცხოვრება, მაგრამ შეეცადეთ წარმოიდგინოთ, რანაირი იქნებოდა უშემოქმედოდ ძალიან, ძალიან დიდხანს ცხოვრება. სიცოცხლე უშინაარსო, ჭეშმარიტ აზრს მოკლებული იქნებოდა. იეჰოვამ თავის ხალხს სასიამოვნო სამუშაო მისცა ამ უკანასკნელ დღეებში. ამიტომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ ერთ რამეში: როდესაც იეჰოვა — დიდებული განზრახვების ღმერთი — მარადიულ სიცოცხლეს გვიბოძებს, უთვალავი წარმტაცი და საინტერესო რამ გვექნება შესასწავლი და გასაკეთებელი (ეკლესიასტე 3:11). რამდენიც უნდა ვისწავლოთ და ვიკვლიოთ მომდევნო ათასწლეულების განმავლობაში, სრულიად ვერასოდეს ჩავწვდებით „ღვთის სიმდიდრეთა და სიბრძნისა და შემეცნების სიღრმეს“ (რომაელთა 11:33).
მამას უყვარხართ თქვენ
19. რით ანუგეშა იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები განშორებისას?
19 ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს, თავის 11 ერთგულ მოციქულთან გატარებულ უკანასკნელ საღამოს, იესომ ბევრი ესაუბრა მათ და გაამხნევა, რათა მომავალი სირთულეები გადაეტანათ. ისინი ყველანი ერთგულად დარჩნენ იესოსთან, როდესაც იგი განსაცდელებში აღმოჩნდა და პირადად იგრძნეს იესოს სიყვარული (ლუკა 22:28, 30; იოანე 1:16; 13:1). შემდეგ მან ანუგეშა ისინი: „თვით მამას უყვარხართ“ (იოანე 16:27). ეს სიტყვები დიდად დაეხმარა მოწაფეებს იმის გაცნობიერებაში, თუ რაოდენ ნაზი გრძნობები ჰქონდა მათდამი მათ ზეციერ მამას!
20. რის კეთება გაქვთ მტკიცედ გადაწყვეტილი და რაში შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული?
20 მრავალი ადამიანი უკვე ათწლეულებია, რაც ერთგულად ემსახურება იეჰოვას. უეჭველია, ამ ბოროტი სისტემის აღსასრულამდე კიდევ ბევრი განსაცდელი მოგველის. არასოდეს მისცეთ ასეთ განსაცდელებსა და გასაჭირს იმის საშუალება, რომ ეჭვი შეგატანინოთ თქვენდამი ღვთის ურყევ სიყვარულში. დიახ, არამც და არამც არ იქნებოდა გაზვიადება, თუ ვიტყოდით, რომ იეჰოვას პირადად თქვენ უყვარხართ (იაკობი 5:11, აქ). მოდი თითოეულმა ჩვენგანმა განვაგრძოთ იმის კეთება, რაც ჩვენი გასაკეთებელია და ერთგულად დავიცვათ ღვთის მცნებები (იოანე 15:8—10). დაე ყოველი შესაძლებლობა გამოვიყენოთ მისი სახელის განსადიდებლად. განვიმტკიცოთ გადაწყვეტილება, რომ იეჰოვასთან დაახლოებას განვაგრძობთ ლოცვისა და მისი სიტყვის შესწავლის მეშვეობით. ჩვენ არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე, მაგრამ, თუ ვიბეჯითებთ და არაფერს დავიშურებთ იმისათვის, რომ იეჰოვას ვასიამოვნოთ, მშვიდობას შევინარჩუნებთ და სრულიად დარწმუნებული ვიქნებით მის მარად არსებულ სიყვარულში (2 პეტრე 3:14).
როგორ უპასუხებდით?
• ვისი სიყვარული გვესაჭიროება განსაკუთრებით სულიერი და ემოციური წონასწორობის შესანარჩუნებლად?
• რა არის ის ზოგიერთი რამ, რაც ვერასოდეს ჩაახშობინებს იეჰოვას თავის მსახურთა მიმართ სიყვარულს?
• რატომ არის „სიცოცხლეზე მეტი“ იმის შეგრძნება, რომ იეჰოვას ვუყვარვართ?
[სურათები 13 გვერდზე]
თუ ვგრძნობთ, რომ ღვთის სიყვარულს ჩამოვშორდით, ჩვენ ძალგვიძს მდგომარეობის გამოსწორება.
[სურათი 15 გვერდზე]
პავლეს ესმოდა, რატომ იყო დევნილი.