უფლის გახსენების საღამო როგორ უნდა აღინიშნოს?
ქრისტიანმა მოციქულმა პავლემ დაწვრილებით ახსნა, თუ როგორ უნდა აღნიშნულიყო უფლის გახსენების საღამო: «უფლისგან მივიღე და თქვენც გადმოგეცით, რომ იმ ღამეს, როცა უნდა გაეცათ, უფალმა იესომ აიღო პური, მადლობა აღავლინა, დაამტვრია და თქვა: „ეს ჩემს სხეულს ნიშნავს, რომელიც თქვენთვის არის. ეს აკეთეთ ჩემს გასახსენებლად“. ვახშმის შემდეგ სასმისი რომ აიღო, მსგავსად მოიქცა და თქვა: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას ჩემი სისხლის საფუძველზე. ამას აკეთებდეთ ჩემს გასახსენებლად ყოველთვის, როცა დალევთ“. ყოველთვის, როცა ამ პურს შეჭამთ და ამ სასმისს შესვამთ, უფლის სიკვდილს აუწყებთ მის მოსვლამდე» (1 კორინთელთა 11:23—26, აქ).
როგორც პავლემ აღნიშნა, იესომ უფლის გახსენების საღამო დააფუძნა ‘იმ ღამეს, როცა [იესო] უნდა გაეცა’ იუდა ისკარიოტელს. ამ უკანასკნელმა თავისი მოძღვარი გასცა იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებთან, რომლებმაც აიძულეს რომაელები, რომ ქრისტე ძელზე გაეკრათ. ზემოთ მოხსენიებული ვახშამი ახ. წ. 33 წლის 31 მარტს, ხუთშაბათს, გვიან საღამოს, შედგა. 1 აპრილს, პარასკევ ნაშუადღევს კი იესო წამების ძელზე მოკვდა. იუდეველთა კალენდრის მიხედვით დღე იწყებოდა საღამოს და მეორე დღის საღამოს მთავრდებოდა; ამიტომ ეს ორი მოვლენა, უფლის გახსენების საღამო და იესოს სიკვდილი, ერთი და იმავე დღეს — ახ. წ. 33 წლის 14 ნისანს — მოხდა.
ისინი, რომლებიც პურს და ღვინოს იღებენ, ‘ამას უნდა აკეთებდნენ იესოს მოსაგონრად’ ანუ, „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ თანახმად, ‘მის გასახსენებლად’ (1 კორინთელთა 11:24). უფლის გახსენების საღამოს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოსაც უწოდებენ.
რატომ აღინიშნება იესოს სიკვდილი?
ამ კითხვაზე პასუხის მიღებაში დაგვეხმარება იესო ქრისტეს სიკვდილის ნამდვილი მნიშვნელობის გაგება. იესომ თავისი სიკვდილით ცხადყო, რომ იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების ყველაზე ერთგული მხარდამჭერი იყო. ამგვარად მან გამოააშკარავა სატანის იმ ბრალდების სიცრუე, რომ ადამიანები ღმერთს მხოლოდ ეგოისტური სურვილებით ემსახურებიან (იობი 2:1—5; იგავები 27:11). გარდა ამისა, იესო მოკვდა როგორც სრულყოფილი ადამიანი და, ასეთი სახით, „თავისი სული მრავალთა გამოსასყიდად“ გაიღო (მათე 20:28). როდესაც ადამმა ღვთის წინააღმდეგ შესცოდა, მან დაკარგა სრულყოფილი ადამიანური სიცოცხლე და მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა. მაგრამ „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16). როგორც ვხედავთ, „ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი — მარადიული სიცოცხლე ჩვენს უფალში, ქრისტე იესოში“ (რომაელთა 6:23).
იესო ქრისტეს სიკვდილით ორი ყველაზე განსაკუთრებული სახით გამოვლინდა სიყვარული: იეჰოვამ უდიდესი სიყვარული კაცობრიობის მიმართ თავისი ძის შეწირვით გამოავლინა, იესომ კი თავგანწირული სიყვარული იმით გამოავლინა ადამიანების მიმართ, რომ საკუთარი სურვილით გაიღო ადამიანური სიცოცხლე. იესოს სიკვდილის გახსენების აღნიშვნა ამ ორი განსაკუთრებული სახით გამოვლენილი სიყვარულის განდიდებაა. რამდენადაც ეს სიყვარული ჩვენ მიმართაც გამოვლინდა, განა არ უნდა ვიყოთ მადლიერნი? ამის გაკეთების ერთ-ერთი საშუალება უფლის გახსენების საღამოზე დასწრებაა.
პურისა და ღვინის მნიშვნელობა
უფლის გახსენების საღამოს დაწესებისას იესომ სიმბოლოების სახით ერთი პური და ერთი ჭიქა წითელი ღვინო გამოიყენა. იესომ აიღო პური, «მადლობა აღავლინა, დაამტვრია და თქვა: „ეს [პური] ჩემს სხეულს ნიშნავს, რომელიც თქვენთვის არის“» (1 კორინთელთა 11:24, აქ). პური ყველასთვის რომ დანაწილებულიყო, უნდა დამტვრეულიყო; ეს იყო საკმაოდ მტვრევადი პური, რომელიც საფუარის გარეშე ფქვილისა და წყლისგან იყო დამზადებული. საღვთო წერილში საფუარი ცოდვის სიმბოლოდ გამოიყენება (მათე 16:11, 12; 1 კორინთელთა 5:6, 7). იესო ცოდვილი არ იყო. ამიტომ, მისი სრულყოფილი ადამიანური სხეული სათანადო გამომსყიდველურ მსხვერპლად მოემსახურა კაცობრიობას (1 იოანე 2:1, 2). მართებულია, რომ პური, რომელიც ქრისტეს უცოდველ სხეულს ასიმბოლოებს, უფუარი უნდა იყოს.
იესომ აგრეთვე მადლობა აღავლინა ერთი ჭიქა სუფთა, წითელი ღვინისთვის და თქვა: „ეს სასმისი ნიშნავს ახალ შეთანხმებას ჩემი სისხლის საფუძველზე“ (1 კორინთელთა 11:25, აქ). წითელი ღვინო იესოს სისხლს ასიმბოლოებს. ისევე როგორც ძვ. წ. 1513 წელს მსხვერპლად შეწირული ხარებისა და თხების სისხლით ძალაში შევიდა ღმერთსა და ისრაელს შორის დადებული რჯულის შეთანხმება, იესოს დაღვრილმა სისხლმაც მოქმედებაში მოიყვანა ახალი შეთანხმება.
ვინ უნდა მიიღოს სიმბოლოები?
იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, თუ ვის აქვს სიმბოლოების მიღების უფლება, ჯერ უნდა გავიგოთ, რა არის ახალი შეთანხმება და ვის შორის დაიდო ის. ბიბლიაში აღნიშნულია: «„აჰა, მოდის დღეები“ — სიტყვა უფლისა, — „და დავუდებ მე ისრაელის სახლსა და იუდას სახლს ახალ აღთქმას [„შეთანხმებას“, აქ] . . . მივცემ მათ ჩემს რჯულს და მათ გულებზე დავწერ ამას, და მე ვეყოლები მათ ღმერთად და ისინი მეყოლებიან მე ერად . . . ვაპატიებ მათ ურჯულოებას და მათ ცოდვებს აღარ გავიხსენებ მეტად“» (იერემია 31:31—34).
ახალი შეთანხმება შესაძლებელს ხდის იეჰოვა ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობის დამყარებას. ამ შეთანხმების საშუალებით ადამიანთა განსაზღვრული ჯგუფი მისი ხალხი ხდება, ხოლო იეჰოვა — მათი ღმერთი. მათ იეჰოვას კანონი გულებზე აწერიათ და იმ ადამიანებსაც კი, რომლებიც არ არიან წინადაცვეთილი იუდეველები, ახალი შეთანხმების საფუძველზე შეუძლიათ ღმერთთან ურთიერთობის დამყარება (რომაელთა 2:29). ბიბლიის დამწერი ლუკა აღნიშნავს, რომ ღვთის განზრახვა იყო „წარმართთაგან გამოეკრიბა ხალხი თავისი სახელისათვის“ (საქმეები 15:14). როგორც 1 პეტრეს 2:10-შია ნათქვამი, ისინი ‘ოდესღაც ხალხი არ იყვნენ, ახლა კი ღვთის ხალხი არიან’. ბიბლია მათ მოიხსენიებს „ღვთის ისრაელად“, ანუ სულიერ ისრაელად (გალატელთა 6:16; 2 კორინთელთა 1:21). აქედან გამომდინარე, ახალი შეთანხმება იეჰოვა ღმერთსა და სულიერ ისრაელს შორის დაიდო.
გარდა ამისა, იესომ პირადად დადო თავის მოწაფეებთან განსხვავებული შეთანხმება მათთან გატარებულ ბოლო ღამეს. „შეთანხმებას გიდებთ, — უთხრა იესომ მათ. — როგორც მე დამიდო მამაჩემმა შეთანხმება სამეფოსთვის“ (ლუკა 22:29, აქ). ეს იყო შეთანხმება სამეფოზე. იმ არასრულყოფილ ადამიანთა სრული რიცხვი, რომლებთანაც დაიდო შეთანხმება სამეფოზე, 144 000-ია. ზეცად აღდგომის შემდეგ ისინი ქრისტესთან ერთად იმეფებენ, როგორც მეფეები და მღვდლები (გამოცხადება 5:9, 10; 14:1—4, სსგ). ამგვარად, მათთან, ვისთანაც იეჰოვა ღმერთმა ახალი შეთანხმება დადო, იესო ქრისტესაც აქვს დადებული შეთანხმება სამეფოზე. მხოლოდ მათ აქვთ გახსენების საღამოზე სიმბოლოების მიღების უფლება.
საიდან იციან მათ, ვისაც სიმბოლოების მიღების უფლება აქვს, რომ ღმერთთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ და ქრისტეს თანამემკვიდრეები არიან? პავლე გვიმარტავს: „სწორედ ეს სული [სულიწმიდა] ემოწმება ჩვენს სულს [მოქმედების განმსაზღვრელ შინაგან განწყობილებას], რომ ღვთის შვილები ვართ. ხოლო თუ შვილები — მემკვიდრენიც, ღვთის მემკვიდრენი და ქრისტეს თანამემკვიდრენი, თუ სინამდვილეში მასთან ერთად ვიტანჯებით, რათა მასთან ერთად ვიდიდოთ კიდეც“ (რომაელთა 8:16, 17).
ქრისტეს თანამემკვიდრეები ღვთის სულიწმიდით, ანუ მოქმედი ძალით, არიან ცხებულნი. ეს სული არწმუნებს მათ იმაში, რომ სამეფოს მემკვიდრეები არიან. ის ცხებულ ქრისტიანებს ზეციერი ცხოვრების იმედს უნერგავს. ისინი ყველაფერს, რასაც ბიბლია ზეციერი ცხოვრების შესახებ ამბობს, საკუთარ თავს უკავშირებენ. გარდა ამისა, ისინი მზად არიან, მსხვერპლად გაიღონ ყველაფერი, რაც მიწიერ ცხოვრებასთან აკავშირებთ, თვით დედამიწაზე სიცოცხლე და ყოველგვარი ადამიანური ურთიერთობებიც კი. მართალია, სულით ცხებულ ქრისტიანებს ესმით, რომ მიწიერ სამოთხეში ცხოვრება შესანიშნავი იქნება, მაგრამ ეს არ არის მათი იმედი (ლუკა 23:43, აქ). მათ ურყევი ზეციური იმედი აქვთ, რომელიც ცრუ რელიგიური შეხედულებებიდან კი არ გამომდინარეობს, არამედ ღვთის სულიწმიდის მოქმედების შედეგია; სწორედ ამიტომ იღებენ ისინი სიმბოლოებს.
დავუშვათ, ვინმე ბოლომდე არ არის დარწმუნებული, რომ ისიც ეკუთვნის სულით ცხებულთა ჯგუფს, რომელთანაც დადებულია ახალი შეთანხმება და შეთანხმება სამეფოზე. რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევასთან დაკავშირებით, თუ მას აგრეთვე აკლია ღვთის სულის მოწმობა იმის თაობაზე, რომ ქრისტეს თანამემკვიდრეა? ასეთ შემთხვევაში შეცდომა იქნება, რომ ასეთმა ადამიანმა სიმბოლოები მიიღოს. ცხადია, ღმერთს არ მოეწონება, თუ ვინმე — ვისაც სინამდვილეში არა აქვს ზეციური მოწოდება — შეგნებულად წარადგენს საკუთარ თავს, როგორც მოწოდების მქონე მომავალ ზეციერ მეფედ და მღვდლად (რომაელთა 9:16; გამოცხადება 22:5).
რამდენად ხშირად უნდა აღინიშნოს?
უნდა აღინიშნოს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო ყოველკვირეულად ან, შესაძლოა, ყოველდღიურადაც კი? ქრისტემ დააფუძნა უფლის გახსენების საღამო და უსამართლოდ იქნა მოკლული პასექის დღეს. პასექი მხოლოდ წელიწადში ერთხელ, 14 ნისანს, აღინიშნებოდა ისრაელი ერის ეგვიპტის მონობიდან გათავისუფლების აღსანიშნავად (გამოსვლა 12:6, 14; ლევიანები 23:5). ამიტომ, „ჩვენი პასექის, ქრისტეს“, სიკვდილი წელიწადში მხოლოდ ერთხელ უნდა აღინიშნოს და არა ყოველკვირეულად ან ყოველდღიურად (1 კორინთელთა 5:7). ქრისტიანები ისეთი სახით აღნიშნავენ უფლის გახსენების საღამოს, როგორც ეს იესომ გააკეთა მისი დაფუძნებისას.
მაშინ როგორ გავიგოთ პავლეს სიტყვები: „ყოველთვის, როცა ამ პურს შეჭამთ და ამ სასმისს შესვამთ, უფლის სიკვდილს აუწყებთ მის მოსვლამდე“? (1 კორინთელთა 11:26, აქ). პავლემ ამ მუხლში გამოიყენა გამოთქმა „ყოველთვის, როცა“. ამგვარად, ის ამბობდა, რომ ყოველთვის, როცა სულით ცხებული ქრისტიანები მიიღებდნენ სიმბოლოებს, ისინი იესოს გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენას საჯაროდ გამოხატავდნენ.
სულით ცხებულმა ქრისტიანებმა ქრისტეს სიკვდილი უნდა აღნიშნონ „მის მოსვლამდე“. ამ საღამოს აღნიშვნა უნდა გაგრძელდეს იესოს მოსვლამდე — ანუ იმ დრომდე, სანამ იესო თავისი „მოსვლისას“ სულით ცხებულ მიმდევრებს სულიერი ცხოვრებისთვის აღადგენს ზეცაში (1 თესალონიკელთა 4:14—17). ეს ეთანხმება ქრისტეს მიერ თავისი 11 ერთგული მოციქულისთვის ნათქვამ სიტყვებს: „როდესაც წავალ და ადგილს მოგიმზადებთ, ისევ მოვალ და ჩემთან წაგიყვანთ, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ“ (იოანე 14:3).
რა მნიშვნელობა აქვს ამ საღამოს თქვენთვის?
აუცილებელია, მიიღოთ სიმბოლოები, რათა ქრისტეს გამომსყიდველურმა მსხვერპლმა სარგებლობა მოგიტანოთ და მარადიულად იცხოვროთ დედამიწაზე? არა. ბიბლიაში არაფერია იმის შესახებ ნათქვამი, რომ ისეთი ღვთისმოშიში ადამიანები, როგორებიც იყვნენ ნოე, აბრაამი, სარა, ისაკი, რებეკა, იოსები, მოსე და დავითი დედამიწაზე აღდგომის შემდეგ მიიღებენ ამ სიმბოლოებს. მაგრამ, მათ და ყველა სხვა ღვთისმოშიშმა ადამიანმა, რომლებიც დედამიწაზე მარადიულად იცხოვრებენ, ღვთისა და ქრისტესადმი, აგრეთვე იეჰოვას ნებით ქრისტეს მიერ გაღებული გამომსყიდველური მსხვერპლისადმი რწმენა უნდა გამოავლინონ (იოანე 3:36; 14:1). მარადიული სიცოცხლის მისაღებად თქვენც უნდა გამოავლინოთ ასეთივე რწმენა. თუ დაესწრებით ყოველწლიურ საღამოს, რომელიც ქრისტეს სიკვდილის გასახსენებლად აღინიშნება, ეს შეგახსენებთ, რამდენად დიდი მსხვერპლი იქნა გაღებული და უფრო გაგიძლიერებთ მისდამი მადლიერების გრძნობას.
იოანე მოციქულმა შემდეგი სიტყვებით გაუსვა ხაზი ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლის მნიშვნელობას: „ამას იმიტომ გწერთ [სულით ცხებულ თანამოძმეებს], რომ ცოდვა არ ჩაიდინოთ, მაგრამ, თუ ვინმე მაინც შესცოდავს, გვყავს დამხმარე მამასთან, მართალი იესო ქრისტე. ის შერიგების მსხვერპლია ჩვენი ცოდვებისთვის და არა მხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი ქვეყნიერების ცოდვებისთვის“ (1 იოანე 2:1, 2, აქ). სულით ცხებულებს თამამად შეუძლიათ თქვან, რომ ქრისტეს მსხვერპლი მათი ცოდვების გამოსასყიდად გაღებული შერიგების მსხვერპლია. მაგრამ ეს მსხვერპლი მთელი კაცობრიობის ცოდვების გამოსასყიდადაც შეიწირა, რაც მორჩილ ადამიანებს მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობას აძლევს.
დაესწრებით 2004 წლის 4 აპრილს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს? იეჰოვას მოწმეები თავიანთი კრების შეხვედრის ადგილებზე ამ ღირსსახსოვარ დღეს მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ. თუ დაესწრებით ამ საღამოს, ბიბლიაზე დაფუძნებულ მნიშვნელოვან მოხსენებას მოისმენთ, რაც სარგებლობას მოგიტანთ და შეგახსენებთ, რამდენი რამ გააკეთეს ჩვენთვის იეჰოვა ღმერთმა და იესო ქრისტემ. აგრეთვე სულიერად გამდიდრდებით მათთან ურთიერთობით, რომლებიც ძალიან აფასებენ ღმერთს, იესო ქრისტეს და მის მიერ გაღებულ გამომსყიდველურ მსხვერპლს. შესაძლებელია ამ საღამომ უფრო გაგიძლიეროთ სურვილი, რომ თქვენც იგრძნოთ ღვთის წყალობა, რომელიც მარადიულ სიცოცხლემდე მიგიყვანთ. დაე არაფერმა შეგიშალოთ ხელი ამაში. დაესწარით სიყვარულითა და სითბოთი აღვსილ ამ ღირსსახსოვარ დღეს, რომელიც გულს უხარებს ჩვენს ზეციერ მამას, იეჰოვა ღმერთს, და დიდება მოაქვს მისთვის.
[სურათი 5 გვერდზე]
ქრისტეს სიკვდილით ორი ყველაზე განსაკუთრებული სახით გამოვლინდა სიყვარული.
[სურათი 6 გვერდზე]
უფუარი პური და ღვინო იესოს უცოდველი სხეულისა და მის მიერ დაღვრილი სისხლის სათანადო სიმბოლოებია.