ღირსეულად იზეიმე გახსენების საღამო
ძველი წელთაღრიცხვით 33 წლის 14 ნისანს იესომ დააწესა გახსენების საღამოa. ეს მოხდა მაშინ, როდესაც მან 12 მოციქულთან ერთად დაასრულა პასექის აღნიშვნა, ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ თარიღი. გამცემი იუდას გაშვების შემდეგ «აიღო იესომ პური, აკურთხა, დატეხა, მისცა მათ და თქვა: „აიღეთ და ჭამეთ — ეს ჩემი სხეულია!“ აიღო სასმისი, მადლი შესწირა და მისცა მათ. და იქიდან შესვა ყველამ. უთხრა მათ: „ეს არის ჩემი სისხლი ახალი აღთქმისა, მრავალთათვის დაღვრილი“» (მარკოზი 14:22–24).
იესომ უთხრა თავის მოციქულებს, აღენიშნათ მისი სიკვდილი, რადგანაც მის სიკვდილს დიდი მნიშვნელობა აქვს (ლუკა 22:19; 1 კორინთელთა 11:23–26). მისი მსხვერპლი იყო ერთადერთი მსხვერპლი, რომელსაც შეეძლო გამოესყიდა ადამიანები შთამომავლობით მიღებული ცოდვისა და სიკვდილისაგან (რომაელთა 5:12; 6:23). პური და ღვინო, რომელიც მან გამოიყენა, იყო მისი სრულყოფილი სხეულისა და სისხლის სიმბოლო. რადგან ვიცით იესოს მიერ დადგენილი თარიღი, შეგვიძლია ყოველწლიურად ვიდღესასწაულოთ შესაბამის დღეს, როგორც ეს იყო იუდეველთა პასექის დროს. მაგრამ ყოველივე ღირსეულად უნდა გავაკეთოთ. რატომ?
პავლე მოციქულმა თქვა, რომ რომლებიც მონაწილეობენ სიმბოლოების, პურისა და ღვინის მიღებაში, ყოველთვის უნდა ‘აუწყონ უფლის სიკვდილი, ვიდრე მოვიდოდეს’ (1 კორინთელთა 11:26). ამგვარად, დღესასწაულისას ყოველთვის ყურადღება მახვილდება ქრისტეს სიკვდილზე და კაცობრიობისთვის მისი სიკვდილის მნიშვნელობაზე. ეს შემთხვევა საკმაოდ სერიოზულია, რადგან ამ დროს უნდა დავფიქრდეთ ღვთის სიკეთესა და იმ მადლიერებაზე, რომელიც უნდა გვქონდეს იეჰოვასა და მისი ძის მიმართ (რომაელთა 5:8; ტიტე 2:14; 1 იოანე 4:9, 10). გარდა ამისა, პავლე გვაფრთხილებს: „ვინც შეჭამს ამ პურს ან შესვამს უფლის სასმისს უღირსად, დამნაშავე იქნება უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე“ (1 კორინთელთა 11:27).
ღირსეულად — როგორ?
ცხადია, რომ ღმერთს არ მოეწონება, თუ ჩვენ შევბღალავთ ამ დღესასწაულს საეჭვო მოქმედებებით ან ცრუ რწმენის წესებით (იაკობი 1:27; 4:3, 4). ეს თავიდან აგვაცილებს აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებულ საკმაოდ პოპულარულ შედეგებს. რათა მივყვეთ ქრისტეს მითითებას, რომ ‘ეს გავაკეთოთ მის მოსაგონებლად“, სასურველია ქრისტეს გახსენების საღამო აღგვენიშნა ზუსტად ისე, როგორც მან დაადგინა (ლუკა 22:19; 1 კორინთელთა 11:24, 25). ეს ნიშნავს ყველა იმ ცერემონიალისგან თავის არიდებას, რაც ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებმა დაუმატეს დღესასწაულს. „ახალი კათოლიკური ენციკლოპედია“ (New Catholic Encyclopedia) აღნიშნავს, რომ „დღეს წირვა ძალიან განსხვავდება ქრისტესა და მისი მოციქულების იმ უბრალო ცერემონიისგან, რომელსაც ისინი აღნიშნავდნენ“. წირვის ხშირი, თვით ყოველდღიური აღნიშვნით, ქრისტიანობამ გადაუხვია იმას, რაც ქრისტეს ჰქონდა გამიზნული და რაღაც ჩვეულებრივად აქცია.
პავლე კორინთელ ქრისტიანებს სწერდა უღირსად მონაწილეობის შესახებ, რადგან კრებაში წამოიჭრა პრობლემა უფლის სერობასთან დაკავშირებით. ზოგიერთები პატივს არ სცემდნენ მის სიწმინდეს. მათ თავიანთი ვახშამი მიჰქონდათ და შეხვედრის დაწყებამდე ან შეხვედრის განმავლობაში ჭამდნენ. ხშირად, ისინი ზომაზე მეტად ჭამდნენ და სვამდნენ. ამის გამო მათ ძილი ერეოდათ და გონება ებინდებოდათ. რადგან გონებრივად და სულიერად არ ფხიზლობდნენ, მათ არ შეეძლოთ ‘გაერჩიათ უფლის სხეული’ და ამგვარად ხდებოდნენ ‘დამნაშავე უფლის სხეულისა და სისხლის წინაშე’. ამ დროს, ისინი, რომლებსაც არ ჰქონდათ ვახშამი, მშივრები და დაბნეულები იყვნენ. ფაქტიურად, არც ერთი მათგანი არ იყო იმ მდგომარეობაში, რომ სიმბოლოების მიღებისას მადლიერების გრძნობით ყოფილიყო გამსჭვალული და სავსებით გაეცნოებიერებინა ამ დღესასწაულის სერიოზულობა — რომ დღესასწაული იყო უფლის სიკვდილის გახსენება. ამის გამო მათ დაიმსახურეს განაჩენი, რადგან გამოავლინეს უპატივცემლობა და არაფრად ჩააგდეს ამ დღესასწაულის მნიშვნელობა (1 კორინთელთა 11:27–34).
აუცილებელია გამჭრიახობა
ზოგიერთი მონაწილეობდა უფლის საღამოს სიმბოლოების მიღებაში, თუმცა მოგვიანებით მიხვდნენ, რომ არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ისინი, რომლებიც სამართლიანად მონაწილეობენ სიმბოლოების მიღებაში ღვთის მიერ იყვნენ არჩეული და ამისთვის აქვთ ღვთის სულის მოწმობა (რომაელთა 8:15–17; 2 კორინთელთა 1:21, 22). ეს არ არის მათი პირადი გადაწყვეტილება ან ფიქრი, რომ ღირსეულები არიან. ღმერთმა განსაზღვრა მათი რიცხვი, რომლებიც ზეცაში იმმართველებენ ქრისტესთან ერთად, 144 000 მცირე რიცხვია მათთან შედარებით, რომლებიც მათთან ერთად სარგებლობენ ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლით (გამოცხადება 14:1, 3). არჩევა დაიწყო იესოს დროიდან, ეს კი იმას ნიშნავს, რომ დღეს მხოლოდ მცირე რაოდენობა ღებულობს მონაწილეობას. და რადგანაც ზოგიერთი მათგანი კვდება, მონაწილეთა რიცხვი უნდა შემცირდეს.
რის გამო შეიძლება, რომ პიროვნებამ შეცდომით მიიღოს სიმბოლოები? ეს შეიძლება მოხდეს ძველი რელიგიის გავლენით — რომ თითქოს ყველა ერთგული მიდის ზეცაში. ან შეიძლება პატივმოყვარეობის, ან ეგოიზმის გამო — იმ ფიქრით, რომ თავად უფრო დამსახურებულია, ვიდრე სხვები და აგრეთვე იმის სურვილით, რომ იყოს ცნობილი. აგრეთვე ეს შეიძლება გამოწვეული იყოს დიდი პრობლემების დროს ძლიერი ემოციებით ან ტრაგედიით, რის გამოც პიროვნება კარგავს დედამიწაზე ცხოვრების ინტერესს. პიროვნებამ შესაძლოა იმის გამოც მიიღოს შეცდომით სიმბოლოები, რომ ახლო ურთიერთობა აქვს ზეციერი მოწოდების მქონე პიროვნებასთან. მაგრამ თითოეულ ჩვენგანს უნდა ახსოვდეს, რომ ამის გადაწყვეტა დამოკიდებულია ღმერთზე და არა ჩვენზე (რომაელთა 9:16). ამგვარად, მას შემდეგ, როცა პიროვნება ‘თავს გამოსცდის’ და დაინახავს, რომ არ უნდა იმონაწილეოს სიმბოლოების მიღებაში, თავი უნდა შეიკავოს (1 კორინთელთა 11:28).
იმედი, რომელიც ღმერთმა მისცა ადამიანთა უმრავლესობას, არის მარადიული სიცოცხლე სამოთხეში დედამიწაზე. ეს არის დიდი კურთხევა, რომელსაც შეგვიძლია მოველოდეთ და თავისუფლად ვეზიაროთ (დაბადება 1:28; ფსალმუნი 36:9, 11). აქ, დედამიწაზე ერთგული ადამიანები შეხვდებიან საყვარელ აღდგენილ პიროვნებებს და ნახავენ ძველი დროის სამართლიან ადამიანებს: აბრაამს, სარას, მოსეს, რახაბს, დავითსა და იოანე ნათლისმცემელს — ყველას, ვინც მოკვდა იმ დრომდე, სანამ იესო გახსნიდა გზას ზეციერი ცხოვრებისაკენ (მათე 11:11; შეადარე 1 კორინთელთა 15:20–23).
ისინი, რომლებსაც დედამიწაზე მარადიული ცხოვრების იმედი აქვთ, უფლის სერობას ღირსეულად დღესასწაულობენ, იმით რომ ესწრებიან დღესასწაულს, ავლენენ პატივისცემას და არიან ყურადღებიანნი, მიუხედავად იმისა, რომ არ ღებულობენ პურსა და ღვინოს. მათთვისაც დიდად სასარგებლოა ქრისტეს მიერ გაღებული მსხვერპლი, რაც შესაძლებლობას აძლევს მათ ღვთის წინაშე მოსაწონი ადგილი დაიკავონ (გამოცხადება 7:14, 15). როდესაც ისინი ისმენენ თემას და მათი მადლიერება სიწმინდეების მიმართ ძლიერდება, ასევე უძლიერდებათ სურვილი, რომ ყველგან გაერთიანებული დარჩნენ ღვთის ხალხთან.
მიმდინარე წლის 2 აპრილს, სამშაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეების 78 000-ზე მეტი კრება აღნიშნავს გახსენების საღამოს. დაესწრები ამ დღესასწაულს?
[სქოლიო]
a ებრაელების დღე იწყება საღამოს. ჩვენი კალენდრის მიხედვით 14 ნისანი იწყება ხუთშაბათ საღამოს, 31 მარტს და მთავრდება პარასკევს, 1 აპრილს მზის ჩასვლის შემდეგ. უფლის გახსენების საღამო დაწესდა ხუთშაბათ საღამოს და ებრაული კალენდრის მიხედვით იმავე დღეს, პარასკევს, შუადღისას მოკვდა იესო. მკვდრეთით აღდგა მესამე დღეს, კვირას, განთიადისას.
[სურათი მე-8 გვერდზე]
იეჰოვას მოწმეები უფლის გახსენების საღამოს აღნიშნავენ წელიწადში ერთხელ.