თავი 16
„ბოლომდე უყვარდა ისინი“
1, 2. რატომ გაატარა იესომ მოციქულებთან ბოლო საღამო და რატომ იყო ეს წუთები მისთვის ასე ძვირფასი?
იესომ მოციქულები იერუსალიმში, ერთ-ერთი სახლის ზემოთა ოთახში შეკრიბა. მან იცოდა, რომ მათთან ერთად ბოლო საღამო უნდა გაეტარებინა. ის მალე მამასთან დაბრუნდებოდა. მანამდე კი დააპატიმრებდნენ, რასაც რწმენის უმკაცრესი გამოცდა მოჰყვებოდა. იესომ იცოდა, რომ მალე მოკვდებოდა, მაგრამ მაინც ზრუნავდა მოციქულებზე.
2 მართალია, იესოს შემზადებული ჰყავდა მოციქულები იმისათვის, რომ მალე დატოვებდა, მაგრამ იმისთვისაც უნდა მოემზადებინა, რომ გაბედულად დახვედროდნენ მომავალ წინააღმდეგობებს. ბოლო ძვირფასი წუთები იესომ მოციქულების დარიგებაში გაატარა, რაც მათ ერთგულების შენარჩუნებაში დაეხმარებოდა. იესო საოცრად თბილად ესაუბრა მოციქულებს. რატომ ფიქრობდა მოციქულებზე უფრო მეტს, ვიდრე საკუთარ თავზე? რატომ იყო მოციქულებთან გატარებული ბოლო წუთები იესოსთვის ასე ძვირფასი? მას ძლიერ უყვარდა მოციქულები.
3. საიდან ვიცით, რომ იესოს მხოლოდ ბოლო საღამოს არ გამოუვლენია სიყვარული მოწაფეების მიმართ?
3 ათწლეულების შემდეგ, როდესაც ამ შემთხვევას იხსენებდა, მოციქულმა იოანემ დაწერა: „იესომ პასექის დღესასწაულამდე იცოდა, რომ ამ ქვეყნიერებიდან მამასთან გადასვლის საათი დამდგარი იყო, და რადგან შეიყვარა თავისები, რომლებიც ქვეყნიერებაში იყვნენ, ბოლომდე უყვარდა ისინი“ (იოანე 13:1). იესოს მხოლოდ იმ საღამოს არ გამოუვლენია სიყვარული „თავისებისადმი“. მან მთელი მსახურების განმავლობაში არაერთგზის დაამტკიცა, რომ უყვარდა მოწაფეები. ვნახოთ, როგორ ავლენდა იესო სიყვარულს, რაც დაგვეხმარება, მივბაძოთ მას და ვაჩვენოთ, რომ მისი ჭეშმარიტი მოწაფეები ვართ.
მოთმინებას ავლენდა
4, 5. ა) რატომ სჭირდებოდა მოწაფეებთან იესოს მოთმინება? ბ) როგორ მოიქცა იესო გეთსემანეს ბაღში, როდესაც სამმა მოციქულმა ვერ იფხიზლა?
4 სიყვარული და მოთმინება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. „სიყვარული სულგრძელია“, — ვკითხულობთ 1 კორინთელების 13:4-ში. სულგრძელობა გულისხმობს ადამიანის ნაკლოვანებების მოთმინებით ატანას. სჭირდებოდა იესოს მოწაფეებთან მოთმინება? რასაკვირველია. როგორც მე-3 თავიდან დავინახეთ, მოციქულებს უჭირდათ თავმდაბლობის გამოვლენა. მათ შორის რამდენჯერმე გაიმართა კამათი იმაზე, თუ რომელი მათგანი იყო უდიდესი. როგორი რეაქცია ჰქონდა იესოს? ბრაზდებოდა? კიცხავდა მათ? არა, ყოველთვის მოთმინებით არიგებდა. იესო არც იმ ბოლო საღამოს გამოსულა მდგომარეობიდან, როცა მოციქულებს შორის „გაცხარებული დავა“ ატყდა (ლუკა 22:24—30; მათე 20:20—28; მარკოზი 9:33—37).
5 მოგვიანებით თერთმეტ ერთგულ მოციქულთან ერთად გეთსემანეს ბაღში რომ მივიდა, იესოს მოთმინება კიდევ ერთხელ გამოიცადა. რვა მოციქული იქვე დატოვა და პეტრესთან, იაკობთან და იოანესთან ერთად შუაგულ ბაღში შევიდა. იესომ უთხრა მათ: „ჩემი სული ღრმად არის დამწუხრებული, სიკვდილის პირასაა. დარჩით აქ და ჩემთან ერთად იფხიზლეთ“. ცოტა გაიარა და გულმხურვალედ დაიწყო ლოცვა. დიდი ხნის ლოცვის შემდეგ სამ მოციქულთან დაბრუნდა, და რა დაინახა? მოციქულებს ჩასძინებოდათ, მაშინ როცა იესო უდიდესი განსაცდელის წინაშე იდგა. გაკიცხა იესომ ისინი იმის გამო, რომ ვერ იფხიზლეს? არა, მშვიდად დაარიგა. იესოს ესმოდა, რომ ისინიც დამწუხრებულები იყვნენ, და ამავე დროს ადამიანურმა სისუსტემ სძლიათa. ამიტომ თანაგრძნობით უთხრა: „სული მონდომებულია, ხორცი კი — სუსტი“. იმავე საღამოს, როცა იესო მესამედ დაბრუნდა და მოციქულები კვლავ ჩაძინებულნი დახვდნენ, მაშინაც გამოავლინა მოთმინება (მათე 26:36—46).
6. როგორ მივბაძოთ იესოს?
6 იესოს ხელი არ ჩაუქნევია მოციქულებზე. მოთმინებამ ნაყოფი გამოიღო, რადგან დაინახეს, თუ რას ნიშნავდა თავმდაბლობა და სიფხიზლე (1 პეტრე 3:8; 4:7). როგორ მივბაძოთ იესოს მოთმინების გამოვლენაში? დღეს მოთმინება განსაკუთრებით უხუცესებს სჭირდებათ. თანამორწმუნეები შეიძლება მაშინ მივიდნენ უხუცესთან პრობლემების მოსაყოლად, როცა ის გადაღლილია ან თავისი საფიქრალი აქვს; ან თანაქრისტიანებს შეიძლება გაუჭირდეთ რჩევის გათვალისწინება. მიუხედავად ამისა, მომთმენი უხუცესი ‘რბილად მიუდგება’ სამწყსოს (2 ტიმოთე 2:24, 25; საქმეები 20:28, 29). მშობლებმაც უნდა მიჰბაძონ იესოს და ბავშვებს მოთმინებით მოეპყრონ მაშინაც კი, როცა მათ უჭირთ მშობლების რჩევა-დარიგების გათვალისწინება. მშობლებს სიყვარული და მოთმინება დაეხმარება, ხელი არ ჩაიქნიონ ბავშვების აღზრდაზე. ასეთმა მოთმინებამ შეიძლება მართლაც კარგი შედეგი გამოიღოს (ფსალმუნი 127:3).
ზრუნავდა მათზე
7. როგორ ზრუნავდა იესო მოწაფეებზე?
7 სიყვარული უანგარო საქმეებით ვლინდება (1 იოანე 3:17, 18). სიყვარული „თავისას არ ეძებს“ (1 კორინთელები 13:5). სიყვარულით აღძრული იესო მოციქულებზე ისე ზრუნავდა, რომ თქმაც არ სჭირდებოდა. მაგალითად, როდესაც შეატყო, რომ დაღლილები იყვნენ, უთხრა: „განვმარტოვდეთ და ცოტა დავისვენოთ“ (მარკოზი 6:31). ერთხელ კი, როდესაც მოშივდათ, თავად დააპურა მოციქულები და მის მოსასმენად მისული ათასობით ადამიანი (მათე 14:19, 20; 15:35—37).
8, 9. ა) რა აჩვენებს, რომ იესო მოწაფეების სულიერობაზეც ზრუნავდა? ბ) როგორ იზრუნა ძელზე გაკრულმა იესომ დედაზე?
8 იესო მოციქულების სულიერობაზეც ზრუნავდა (მათე 4:4; 5:3). სწავლების დროს განსაკუთრებულ ყურადღებას სწორედ მათ აქცევდა. მაგალითად, მთაზე ქადაგება იესომ ძირითადად მოწაფეებისთვის წარმოთქვა (მათე 5:1, 2, 13—16). როდესაც მაგალითებით ასწავლიდა, „თავის მოწაფეებს ყველაფერს უხსნიდა ცალკე“ (მარკოზი 4:34). აგრეთვე, იესომ „ერთგული და გონიერი მონა“ დანიშნა, რომ ზეცაში როცა წავიდოდა, თავის მიმდევრებს სულიერი საზრდო ჰქონოდათ. ეს „მონა“, რომელიც დედამიწაზე ოდესმე მცხოვრები სულითცხებული ძმებისგან ანუ იესოს ძმებისგან შედგება, პირველ საუკუნეშიც ერთგულად და ‘დროულად აძლევდა სულიერ საზრდოს’ იესოს მიმდევრებს, და დღესაც (მათე 24:45).
9 იესო სიკვდილის წინაც კი ზრუნავდა საყვარელ ადამიანებზე. წარმოიდგინე, რა საშინელი ტკივილი უნდა ეგრძნო ძელზე გაკრულ იესოს. ჩასუნთქვა რომ გაადვილებოდა, ალბათ, ფეხებზე ძალის დატანებით მთელი სხეული ოდნავ მაღლა უნდა აეზიდა. ეს დიდი ტკივილის ფასად დაუჯდებოდა, რადგან ტერფებში ლურსმნები ჰქონდა გაყრილი; თანაც ატყავებული ზურგი ყოველი აზიდვისას ძელს გაეხახუნებოდა. ასეთ დროს ლაპარაკი გაუჭირდებოდა და ტკივილიც გაუმწვავდებოდა. მაგრამ სიკვდილის წინ მაინც წარმოთქვა სიტყვები, რომლებიც დედის, მარიამისადმი დიდ სიყვარულზე მეტყველებდა. მარიამი და მოციქული იოანე ერთმანეთის გვერდიგვერდ რომ დაინახა, დედას ხმამაღლა უთხრა: „აი შენი ვაჟი!“ მერე იოანეს მიმართა: „აი დედაშენი!“ (იოანე 19:26, 27). იესომ იცოდა, რომ ერთგული მოციქული, ფიზიკურად თუ სულიერად, იზრუნებდა მარიამზეb.
10. როგორ უნდა მიჰბაძონ მშობლებმა იესოს?
10 მზრუნველი მშობლებისთვის ეს მისაბაძი მაგალითია. მოსიყვარულე მამა მატერიალურად ზრუნავს თავის ოჯახზე (1 ტიმოთე 5:8). ოჯახის მეთაურები ოჯახის წევრებთან ერთად ზომიერად ისვენებენ და ერთობიან. ქრისტიანი მშობლები შვილების სულიერობაზეც ზრუნავენ, რაც უფრო მნიშვნელოვანია. რას აკეთებენ ამისათვის? რეგულარულად ატარებენ ბიბლიის ოჯახურ შესწავლას და ცდილობენ, რომ თითოეული შესწავლა ბავშვებისთვის სასიამოვნო და გამამხნევებელი იყოს (კანონი 6:6, 7). სიტყვითა თუ საქმით მშობლები ბავშვებს ასწავლიან, რომ ქადაგება ძალზე მნიშვნელოვანია, და რომ მომზადება და ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრება თაყვანისმცემლობის ნაწილია (ებრაელები 10:24, 25).
მზად იყო პატიებისთვის
11. როგორ დაანახვა იესომ თავის მიმდევრებს, რომ პატიება მნიშვნელოვანია?
11 სიყვარული და პატიებაც მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან (კოლოსელები 3:13, 14). სიყვარული „განაწყენებას არ ითვლის“, — ნათქვამია 1 კორინთელების 13:5-ში. იესომ თავის მიმდევრებს არაერთხელ დაანახვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია პატიება. მან მოუწოდა, რომ „შვიდჯერ კი არა, სამოცდაჩვიდმეტჯერ“ ეპატიებინათ, ანუ ყოველთვის (მათე 18:21, 22). მან მოწაფეებს ისიც უთხრა, რომ თუ შემცოდველი შეგონების შემდეგ მოინანიებდა, უნდა ეპატიებინათ (ლუკა 17:3, 4). იესო თვალთმაქც ფარისევლებს არ ჰგავდა, რომლებიც მხოლოდ სიტყვით ასწავლიდნენ; იესო საქმითაც ასწავლიდა (მათე 23:2—4). გავიხსენოთ ერთი შემთხვევა, საიდანაც ჩანს, რომ იესო მზად იყო, ეპატიებინა მაშინაც კი, თუ სანდო მეგობარი მოლოდინს ვერ გაამართლებდა.
12, 13. ა) როგორ მოიქცა პეტრე იესოს დაპატიმრების ღამეს? ბ) აღდგომის შემდეგ რით დაამტკიცა იესომ, რომ მხოლოდ სიტყვით არ ამბობდა, აპატიეთო?
12 იესოს ახლო ურთიერთობა ჰქონდა მოციქულ პეტრესთან, გულთბილ ადამიანთან, რომელსაც ზოგჯერ სიფიცხე ახასიათებდა. იესო ხედავდა პეტრეს კარგ თვისებებს, რის გამოც მსახურების განსაკუთრებულ შესაძლებლობებს აძლევდა. მაგალითად, პეტრე იაკობთან და იოანესთან ერთად ზოგიერთი სასწაულის თვითმხილველი გახდა, რისი საშუალებაც დანარჩენ მოციქულებს არ მისცემიათ (მათე 17:1, 2; ლუკა 8:49—55). როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, პეტრე ერთ-ერთი იყო იმ მოციქულებს შორის, რომლებიც დაპატიმრების ღამეს იესომ გეთსემანეს ბაღის შუაგულში შეიყვანა. ყველაფრის მიუხედავად, იმავე ღამეს, როდესაც იესო გასცეს და დააპატიმრეს, პეტრემ და დანარჩენმა მოციქულებმა მიატოვეს ის და გაიქცნენ. ცოტა ხანში პეტრემ მოიკრიბა გამბედაობა, რომ გარეთ დამდგარიყო და ეყურებინა იესოს უკანონო გასამართლებისთვის. თუმცა მაინც შეშინდა და სერიოზული შეცდომა დაუშვა; სამჯერ თქვა, რომ არ იცნობდა იესოს (მათე 26:69—75). რა რეაქცია ჰქონდა იესოს? შენ რა რეაქცია გექნებოდა, ახლო მეგობარი პეტრესავით რომ მოგქცეოდა?
13 იესო მზად იყო, პეტრესთვის ეპატიებინა. მან იცოდა, რომ ჩადენილი ცოდვის გამო პეტრე ისედაც განადგურებული იქნებოდა. მართლაც, მოციქულმა „თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა“ მონანიების ნიშნად (მარკოზი 14:72). იესო აღდგომის შემდეგ სწორედ პეტრეს გამოეცხადა, ალბათ იმიტომ, რომ ენუგეშებინა და გაემხნევებინა (ლუკა 24:34; 1 კორინთელები 15:5). ორი თვეც არ იყო გასული, რომ იესომ პეტრეს დაავალა, იერუსალიმში ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე დიდძალ ხალხთან ექადაგა (საქმეები 2:14—40). არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ იესოს არ შეცვლია მოციქულებისადმი დამოკიდებულება იმის გამო, რომ მიატოვეს. აღდგომის შემდეგ მოციქულებს კვლავ ძმები უწოდა (მათე 28:10). ხედავთ, რომ იესო მხოლოდ სიტყვით არ ამბობდა, აპატიეთო?!
14. რატომ უნდა ვისწავლოთ პატიება და რა დაგვეხმარება, რომ შევძლოთ პატიება?
14 ჩვენ, ქრისტეს მიმდევრებმა უნდა ვისწავლოთ პატიება. რატომ? იესოსგან განსხვავებით, არასრულყოფილები ვართ ჩვენც და ისინიც, ვინც შეიძლება შესცოდოს ჩვენ წინაშე. დროდადრო სიტყვითა თუ საქმით ყველანი ვცდებით (რომაელები 3:23; იაკობი 3:2). თუ გვინდა, იეჰოვამ გვაპატიოს, ჩვენც უნდა ვაპატიოთ სხვებს, როცა გულმოწყალების საფუძველი არსებობს (მარკოზი 11:25). რა დაგვეხმარება, რომ შევძლოთ ვაპატიოთ მათ, ვინც შესცოდავს ჩვენ წინაშე? უმეტეს შემთხვევაში სიყვარული გვეხმარება, თვალი დავხუჭოთ სხვების უმნიშვნელო ცოდვებსა და შეცდომებზე (1 პეტრე 4:8). თუ ვინმე ჩვენ წინაშე შესცოდავს, მაგრამ გულწრფელად მოინანიებს, როგორც პეტრემ მოინანია, კარგი იქნება, იესოს მივბაძოთ და ვაპატიოთ. გონივრული იქნება, თუ წყენას გულში კი არ ჩავიტოვებთ, დავივიწყებთ (ეფესოელები 4:32). თუ ასე მოვიქცევით, ხელს შევუწყობთ მშვიდობას კრებაში და შინაგან სიმშვიდესაც შევინარჩუნებთ (1 პეტრე 3:11).
ნდობას ავლენდა
15. რატომ ენდობოდა იესო მოწაფეებს არასრულყოფილების მიუხედავად?
15 სიყვარული ნდობასთანაც მჭიდრო კავშირშია. სიყვარულს „ყველაფერი სწამს“c (1 კორინთელები 13:7). სიყვარული აღძრავდა იესოს, რომ არასრულყოფილების მიუხედავად მოწაფეებს მაინც მინდობოდა. სჯეროდა, რომ მათ გულწრფელად უყვარდათ იეჰოვა და უნდოდათ, ღვთის ნება შეესრულებინათ. მაშინაც კი, როდესაც შეცდომებს უშვებდნენ, იესო მათ არასწორ მოტივებს არ აწერდა. ერთხელ მოციქულებმა იაკობმა და იოანემ, როგორც ჩანს, თავიანთ დედას ათქმევინეს, რომ უნდოდათ, სამეფოში იესოს გვერდით დამსხდარიყვნენ. მაგრამ იესოს ეჭვი არ შეჰპარვია მათ ერთგულებაში და არც მოციქულობა ჩამოურთმევია (მათე 20:20—28).
16, 17. რა დავალებები მიანდო იესომ მოწაფეებს?
16 ნდობაზე მეტყველებდა ისიც, რომ იესო მოწაფეებს სხვადასხვა დავალებას აძლევდა. ორჯერ, სასწაულებრივად რომ დაეპურებინა დიდძალი ხალხი, მოწაფეებს დაანაწილებინა საჭმელი (მათე 14:19; 15:36). ბოლო პასექის მოსამზადებლად კი პეტრე და იოანე გაგზავნა იერუსალიმში. მათ უნდა ეშოვნათ ცხვარი, ღვინო, უფუარი პური, მწარე მწვანილი და ყველაფერი ის, რაც საჭირო იყო. ეს უბრალო დავალება არ ყოფილა, რადგან პასექის აღნიშვნას მოსეს კანონი ითხოვდა და იესოც ამ კანონის თანახმად უნდა მოქცეულიყო. გარდა ამისა, ბოლო საღამოს იესომ თავისი სიკვდილის გახსენების დღის დასაწესებლად სწორედ ღვინო და უფუარი პური გამოიყენა (მათე 26:17—19; ლუკა 22:8, 13).
17 იესომ მოწაფეებს უფრო სერიოზული დავალებების შესრულებაც მიანდო. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მან ცხებულ მიმდევრებს სულიერი საზრდოს მიწოდების პასუხისმგებლობა ჩააბარა (ლუკა 12:42—44). გარდა ამისა, თავის მიმდევრებს ქადაგება და მოწაფეების მომზადება დაავალა (მათე 28:18—20). მიუხედავად იმისა, რომ ზეციდან უხილავად მეფობს, კრების დამწყემსვას ანდობს სულიერად მოწიფულ მამაკაცებს, რომლებსაც ეწოდებათ „ძღვენი ადამიანთა სახით“ (ეფესოელები 4:8, 11, 12).
18—20. ა) როგორ ვაჩვენოთ, რომ ვენდობით თანამორწმუნეებს? ბ) რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ იესოს მსგავსად სხვებს მივანდოთ დავალებები? გ) რას განვიხილავთ მომდევნო თავში?
18 იესოს მსგავსად როგორ მოვეპყროთ თანაქრისტიანებს? თანაქრისტიანებისადმი ნდობა სიყვარულის მაჩვენებელია. როდესაც გვიყვარს ადამიანი, მასში კარგს ვამჩნევთ და არა ცუდს. თუ ადამიანი ჩვენს მოლოდინს ვერ გაამართლებს, რაც დროდადრო უეჭველად მოხდება, სიყვარული დაგვეხმარება, ნაუცბადევად არ დავასკვნათ, რომ მას არასწორი მოტივები ამოძრავებს (მათე 7:1, 2). თუ კარგს ვეძებთ თანაქრისტიანებში, ისე მოვეპყრობით მათ, რომ აღვაშენოთ და არა დავანგრიოთ (1 თესალონიკელები 5:11).
19 რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ იესოს მსგავსად სხვებს დავალებები მივანდოთ? კარგი იქნება, თუ კრებაში პასუხისმგებელი ძმები სხვებს შესაფერის და მნიშვნელოვან დავალებებს მისცემენ იმ იმედით, რომ საუკეთესოდ შეასრულებენ. ასეთი სახით გამოცდილი უხუცესები აუცილებელ ცოდნას მიაღებინებენ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც კრების დახმარებისკენ ‘ისწრაფვიან’ (1 ტიმოთე 3:1; 2 ტიმოთე 2:2). ასეთი ცოდნის მიღება მნიშვნელოვანია. იეჰოვას ხელმძღვანელობით სამეფოს საქმე წინ მიიწევს და აუცილებელია ძმების მომზადება (ესაია 60:22).
20 იესომ დაგვიტოვა მაგალითი, თუ როგორ გამოვავლინოთ სიყვარული. მას პირველ რიგში სწორედ სიყვარულის გამოვლენაში უნდა მივბაძოთ. მომდევნო თავში ვისაუბრებთ იმაზე, რომ იესომ თავისი ნებით გასწირა საკუთარი სიცოცხლე, რითაც ჩვენდამი უდიდესი სიყვარული გამოავლინა.
a მოციქულებს მხოლოდ დაღლილობის გამო არ ჩასძინებიათ. ლუკას 22:45-ში ვკითხულობთ, რომ მათ „მწუხარებისგან ჩასძინებოდათ“.
b როგორც ჩანს, იმ დროისათვის მარიამი დაქვრივებული იყო, ხოლო დანარჩენი შვილები ჯერ არ იყვნენ იესოს მოწაფეები (იოანე 7:5).
c ეს გულუბრყვილობაზე არ მიუთითებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სიყვარულს არ ახასიათებს კრიტიკული განწყობა და უნდობლობა. მოსიყვარულე ადამიანი ნაუცბადევად არ განსჯის სხვებს და არასწორ მოტივებს არ მიაწერს.