„მკვდრები აღდგებიან“
„დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად, ხოლო ჩვენ შევიცვლებით“ (1 კორინთელთა 15:52).
1, 2. ა) რა მანუგეშებელი აღთქმა მოგვეცა წინასწარმეტყველ ოსიას მეშვეობით? ბ) საიდან ვიცით, რომ ღმერთს სურს მკვდრების აღდგენა?
მოგკვდომიათ ოდესმე ახლობელი? მაშინ გეცოდინებათ, თუ რამხელა ტკივილი მოაქვს სიკვდილს. მიუხედავად ამისა, ქრისტიანები ნუგეშს პოულობენ წინასწარმეტყველ ოსიას მეშვეობით გადმოცემულ ღვთის აღთქმაში: „ჯოჯოხეთის ხელიდან გამოვისყიდი მათ, სიკვდილისგან ვიხსნი. სად არის შენი ნესტარი, სიკვდილო? სად არის შენი ძლევა, ჯოჯოხეთო?“ (ოსია 13:14).
2 მიცვალებულების გაცოცხლების შესახებ აზრი სკეპტიკოსებს აბსურდულად მიაჩნიათ. მაგრამ ყოვლისშემძლე ღმერთს ნამდვილად შესწევს ძალა, რომ ასეთი სასწაული მოახდინოს! საინტერესოა, სურს თუ არა იეჰოვას მკვდრების აღდგენა. მართალმა იობმა იკითხა: „თუ მოკვდა კაცი, განა კვლავ იცოცხლებს?“ შემდეგ თვითონვე გასცა დამამშვიდებელი პასუხი: „დამიძახებდი და მეც ხმას გაგცემდი, შენ ხელთა ქმნილება მოგენატრებოდა“ (იობი 14:14, 15). სიტყვა „მონატრება“ ნატვრაზე ან გულწრფელ სურვილზე მიუთითებს (შეადარეთ ფსალმუნი 83:3). დიახ, იეჰოვა მოუთმენლად მოელის მკვდრების აღდგომას — მას ენატრება და სურს, კვლავ იხილოს მიცვალებული ერთგული ადამიანები, რომლებიც მის მეხსიერებაში ცოცხლობენ (მათე 22:31, 32).
იესო ნათელს ჰფენს მკვდრეთით აღდგომის საკითხს
3, 4. ა) როგორ მოჰფინა ნათელი იესომ მკვდრეთით აღდგომის იმედს? ბ) რატომ აღდგა იესო სულში და არა ხორცში?
3 ძველი დროის რწმენის მამაკაცებს, იობის მსგავსად, მკვდრეთით აღდგომის შესახებ მხოლოდ ნაწილობრივი გაგება ჰქონდათ. ამ შესანიშნავ იმედს მთლიანად ნათელი მოჰფინა იესო ქრისტემ. მან ხაზი გაუსვა თავის ძირითად როლს ამ საკითხში, როდესაც თქვა: „ვისაც ძე სწამს, საუკუნო სიცოცხლე აქვს“ (იოანე 3:36). სად იცხოვრებენ მკვდრეთით აღდგენილები? რწმენის გამომვლენთა დიდი უმრავლესობა დედამიწაზე იცხოვრებს (ფსალმუნი 36:11). მაგრამ იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „ნუ გეშინია მცირე სამწყსოვ, ვინაიდან თქვენმა ზეციერმა მამამ მოისურვა თქვენთვის სასუფევლის მოცემა“ (ლუკა 12:32). ღვთის სასუფეველი ანუ სამეფო ზეციერია. მაშასადამე, ეს აღთქმა ნიშნავდა, რომ ‘მცირე სამწყსოს’ წევრები იესოსთან ერთად უნდა ყოფილიყვნენ ზეცაში როგორც სულიერი ქმნილებები (იოანე 14:2, 3; 1 პეტრე 1:3, 4). რა დიდებული პერსპექტივაა! შემდეგ იესომ მოციქულ იოანეს აჩვენა, რომ ‘მცირე სამწყსოს’ რაოდენობა 144 000 იქნებოდა (გამოცხადება 14:1).
4 მაშ, როგორ შევიდოდნენ ზეციერ დიდებაში 144 000-ის წევრები? იესომ „სახარებით გაანათლა სიცოცხლე და უკვდავება“. თავისი სისხლის საშუალებით მან ზეცისკენ ‘ახალი და ცოცხალი გზა’ გახსნა (2 ტიმოთე 1:10; ებრაელთა 10:19, 20). თავდაპირველად ის მოკვდა, როგორც ეს უნდა მომხდარიყო კიდეც ბიბლიის წინასწარმეტყველების თანახმად (ესაია 53:12). შემდეგ, როგორც მოციქულმა პეტრემ მოგვიანებით განაცხადა, „ეს იესო აღადგინა ღმერთმა“ (საქმეები 2:32). მაგრამ იესო ადამიანად არ აღმდგარა. მან თქვა: „პური, რომელსაც გავცემ, ხორცია ჩემი, რომელსაც წუთისოფლის სიცოცხლისათვის გავცემ“ (იოანე 6:51). ამ ხორცის უკან აღება გაღებული მსხვერპლის ანულირება იქნებოდა. ამიტომ იესო „მოკლულ იქნა ხორცით და გაცოცხლდა სულით“ (1 პეტრე 3:18). ამგვარად, იესომ ‘მცირე სამწყსოს’ ‘საუკუნო გამოსყიდვა მოუპოვა’ (ებრაელთა 9:12). მან ღმერთს ცოდვილი კაცობრიობის გამოსასყიდად თავისი სრულყოფილი ხორციელი სიცოცხლე წარუდგინა, საიდანაც პირველ რიგში 144 000-ის წევრებმა ისარგებლეს.
5. რა იმედი მიეცათ იესოს პირველი საუკუნის მიმდევრებს?
5 იესო არ იყო ერთადერთი პიროვნება, რომელიც ზეცაში საცხოვრებლად იქნა აღდგენილი. პავლემ რომაელ თანაქრისტიანებს უთხრა, რომ ისინი სულიწმიდით ცხებულები იყვნენ, რათა ღვთის შვილები და ქრისტეს თანამემკვიდრეები გამხდარიყვნენ იმ შემთხვევაში, თუ ბოლომდე მტკიცედ დაიცავდნენ თავიანთ ცხებულობას (რომაელთა 8:16, 17). პავლემ აგრეთვე განმარტა: „თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას“ (რომაელთა 6:5).
მკვდრეთით აღდგომის იმედის დაცვა
6. რატომ დაექვემდებარა მრწამსი მკვდრეთით აღდგომის შესახებ კრიტიკას კორინთში და როგორ გამოეხმაურა ამას მოციქული პავლე?
6 მკვდრეთით აღდგომა ქრისტიანობის ‘სიტყვის საწყისებში’ შედის (ებრაელთა 6:1, 2). მიუხედავად ამისა, კორინთში ეს საწყისი კრიტიკას დაექვემდებარა. კრების ზოგი წევრი, როგორც ჩანს, ბერძნული ფილოსოფიის გავლენის ქვეშ იყო და ამბობდა: „არ არის მკვდრეთით აღდგომაო“ (1 კორინთელთა 15:12). როდესაც ამ ამბავმა მოციქულ პავლეს ყურამდე მიაღწია, ის კორინთში ჩავიდა, რათა დაეცვა მკვდრეთით აღდგომის იმედი, განსაკუთრებით კი ცხებული ქრისტიანების იმედი. მოდით გამოვიკვლიოთ პავლეს სიტყვები, რომლებიც 1 კორინთელთა მე-15 თავშია მოცემული. წინა სტატიაში მოცემული რჩევის თანახმად, კარგი იქნებოდა, წაგეკითხათ მთელი თავი.
7. ა) რომელ ძირითად საკითხზე ამახვილებს პავლე ყურადღებას? ბ) ვინ ნახა მკვდრეთით აღმდგარი იესო?
7 პავლეს 1 კორინთელთა მე-15 თავის პირველ ორ მუხლში მოჰყავს საუბრის თემა: „გაუწყებთ თქვენ, ძმანო, სახარებას, რომელიც მე გახარეთ, რომელიც კიდეც მიიღეთ და რომელზეც დგახართ. რომლითაც გადარჩებით კიდეც. . . თუ ფუჭად არ ირწმუნეთ“. თუ კორინთელები მტკიცედ არ დაიცავდნენ კეთილ ცნობას, მაშინ მათ ფუჭად მიუღიათ ჭეშმარიტება. პავლე განაგრძობს: „თავდაპირველად გადმოგეცით ის, რაც თვითონვე მივიღე, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის, როგორც წერილებშია, და რომ დაკრძალულ იქნა იგი და რომ აღდგა მესამე დღეს, როგორც წერილებშია, და რომ გამოეცხადა კეფას და შემდეგ თორმეტს. შემდეგ გამოეცხადა ხუთასზე მეტ ძმას ერთდროულად, რომელთაგან უმრავლესნი აქამდე ცოცხალნი არიან, ზოგმა კი განისვენა. შემდეგ გამოეცხადა იაკობს და მერე ყველა მოციქულს. ხოლო ყველაზე ბოლოს, როგორც უდღეურს, მეც გამომეცხადა“ (1 კორინთელთა 15:3–8).
8, 9. ა) რამდენად მნიშვნელოვანია მკვდრეთით აღდგომის შესახებ რწმენა? ბ) რა შემთხვევაში გამოეცხადა, როგორც ჩანს, იესო „ხუთასზე მეტ ძმას“?
8 მათთვის, ვინც კეთილი ცნობა მიიღო, ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის მიმართ რწმენა არ იყო საყოყმანო. იმ დროს იყო ბევრი თვითმხილველი, რომლებსაც შეეძლოთ დაედასტურებინათ, რომ „ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისათვის“ და შემდეგ აღდგა. ერთ-ერთი მათგანი იყო კეფა, ანუ პეტრე (ამ სახელით ის უფრო მეტადაა ცნობილი). იესოს გაცემისა და დაპატიმრების ღამეს მისი უარყოფის შემდეგ პეტრე, ალბათ, დიდად ანუგეშა ქრისტეს გამოცხადებამ. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ იესო ‘თორმეტ’ მოციქულსაც გამოეცხადა, რაც მათ, ეჭვგარეშეა, შიშის დაძლევასა და იესოს მკვდრეთით აღდგომის შესახებ გაბედულად დამოწმებაში დაეხმარა (იოანე 20:19–23; საქმეები 2:32).
9 იესო უფრო დიდ ჯგუფსაც, ‘ხუთასზე მეტ ძმასაც’, გამოეცხადა. რადგან მას მხოლოდ გალილეაში ჰყავდა ასე რიცხვმრავალი მიმდევრები, ეს შეიძლება მათეს 28:16–20-ში აღწერილი შემთხვევა ყოფილიყო, რომლის თანახმადაც მან თავის მიმდევრებს ხალხის მოწაფეებად გახდომის დავალება მისცა. რა დიდი დამოწმება შეეძლო ამ ხალხს! ახ. წ. 55 წელს, როდესაც პავლემ კორინთელებს პირველი წერილი გაუგზავნა, ზოგი მათგანი ჯერაც ცოცხალი იყო. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, რომ მათ შესახებ, ვინც მოკვდა, ნათქვამია, რომ ‘განისვენეს’. ისინი ზეციური ჯილდოს მისაღებად ჯერაც არ იყვნენ მკვდრეთით აღდგენილი.
10. ა) რა მიზნით შეხვდა იესო მოწაფეებს უკანასკნელად? ბ) როგორ გამოეცხადა იესო პავლეს, „როგორც უდღეურს“?
10 იესოს მკვდრეთით აღდგომის კიდევ ერთი ცნობილი მოწმე იყო იაკობი, იოსებისა და იესოს დედის — მარიამის — ძე. იესოს მკვდრეთით აღდგომამდე იაკობი, როგორც ჩანს, მორწმუნე არ იყო (იოანე 7:5). მაგრამ მას შემდეგ, რაც იესო გამოეცხადა, მორწმუნე გახდა და, შესაძლებელია, გარკვეული როლი შეასრულა თავისი ძმების მოქცევაში (საქმეები 1:13, 14). მოწაფეებთან ბოლო შეხვედრისას, ზეცაში ასვლის წინ, იესომ მათ დაავალა, ‘ყოფილიყვნენ მისი მოწმენი ქვეყნის კიდემდე’ (საქმეები 1:6–11). მოგვიანებით ის ქრისტიანების მდევნელს, ტარსუსელ სავლეს, გამოეცხადა (საქმეები 22:6–8). იესო გამოეცხადა სავლეს, „როგორც უდღეურს“. ეს გამოცხადება ისეთი იყო, თითქოს პავლე უკვე ყოფილიყო სულიერი ცხოვრებისთვის მკვდრეთით აღდგენილი და ცხებულების მკვდრეთით აღდგომამდე საუკუნეებით ადრე ენახოს უფლის დიდება. ამ შემთხვევამ მოულოდნელად შეაჩერა პავლეს მიერ ქრისტიანების დევნისა და მკვლელობის კურსი და მისი აბსოლუტური გარდაქმნა გამოიწვია (საქმეები 9:3–9, 17–19). სავლე გახდა მოციქული პავლე, ქრისტიანული რწმენის ერთ-ერთი გამოჩენილი დამცველი (1 კორინთელთა 15:9, 10).
მკვდრეთით აღდგომის რწმენა მნიშვნელოვანია
11. როგორ ამხილა საჯაროდ პავლემ განაცხადის, — „არ არის მკვდრეთით აღდგომაო“, — სიცრუე?
11 მაშასადამე, იესოს მკვდრეთით აღდგომა დადასტურებული ფაქტი იყო. „ხოლო თუ ქრისტეზე იქადაგება, რომ ის აღდგა მკვდრეთით, — ამტკიცებს პავლე, — როგორღა ამბობს ზოგიერთი თქვენგანი, არ არის მკვდრეთით აღდგომაო?“ (1 კორინთელთა 15:12). ასეთ ადამიანებს არა მარტო პირადად ეპარებოდათ ეჭვი მკვდრეთით აღდგომაში ან მასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები ჰქონდათ, არამედ ისინი აშკარად ხმამაღლა აცხადებდნენ, რომ არ სწამდათ ის. ამიტომ პავლე საქვეყნოდ ამხელს მათი აზროვნების მცდარობას. ის ამბობს, რომ, თუ ქრისტე არ აღმდგარა, მაშ, ქრისტიანული ცნობა ტყუილი ყოფილა და ისინი, რომლებიც ადასტურებენ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას, „ღმერთზე ცრუმოწმენი“ ყოფილან. თუ ქრისტე არ აღმდგარა, ღვთისთვისაც არავითარი გამოსასყიდი არ ყოფილა წარდგენილი; მაშ, ქრისტიანები ‘კვლავ თავიანთ ცოდვებში’ ყოფილან (1 კორინთელთა 15:13–19; რომაელთა 3:23, 24; ებრაელთა 9:11–14). უკვე ‘განსვენებული’ ქრისტიანები კი, მათ შორის წამებით მოკლულნი, ნამდვილი იმედის გარეშე დაღუპულან. რა საცოდავ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ ქრისტიანები, ამ ცხოვრების გარდა არაფრის იმედი რომ არ ჰქონოდათ! ისინი არაფრის გულისთვის ტანჯულები აღმოჩნდებოდნენ.
12. ა) რა არის ნაჩვენები ქრისტესთვის ‘განსვენებულთა პირველნაყოფის’ წოდებით? ბ) როგორ გახადა შესაძლებელი ქრისტემ მკვდრეთით აღდგომა?
12 მაგრამ საქმე ასე არ იყო. პავლე განაგრძობს: „მკვდრეთით აღდგა ქრისტე“. უფრო მეტიც, ის არის «განსვენებულთა პირველი [„პირველნაყოფი“, აქ]» (1 კორინთელთა 15:20). როდესაც ისრაელები იეჰოვას მორჩილად აძლევდნენ თავიანთი მოსავლის პირველნაყოფს, იეჰოვა დიდი მოსავლით აკურთხებდა მათ (გამოსვლა 22:28–30; 23:19; იგავნი 3:9, 10). ქრისტესთვის ‘პირელნაყოფის’ წოდებით პავლე აჩვენებს, რომ მომავალი მკისას სხვებიც იქნებოდნენ ზეციერი ცხოვრებისთვის მკვდრეთით აღდგენილი. „ვინაიდან, როგორც კაცის მიერ მოვიდა სიკვდილი, — ამბობს პავლე, — ასევე კაცის მიერ მკვდრეთით აღდგომა. ვინაიდან, როგორც ადამში კვდება ყველა, ასევე გაცოცხლდებიან ქრისტეში“ (1 კორინთელთა 15:21, 22). იესომ თავისი სრულყოფილი ხორციელი სიცოცხლის მსხვერპლად გაღებით შესაძლებელი გახადა მკვდრეთით აღდგომა და კაცობრიობას ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან თავდახსნის გზა გაუხსნა (გალატელთა 1:4; 1 პეტრე 1:18, 19)a.
13. ა) როდის ხდება ზეციერი აღდგომა? ბ) რატომ არ ‘განისვენებს’ ზოგი ცხებული?
13 პავლე განაგრძობს: «და თითოეული თავისი წესით: პირველად — ქრისტე, ხოლო შემდეგ ქრისტესნი, მისი მოსვლისას“ [„თანდასწრებისას“, აქ] (1 კორინთელთა 15:23). ქრისტე მკვდრეთით აღდგენილ იქნა ახ. წ. 33 წელს. მაგრამ ცხებული მიმდევრები — „ქრისტესნი“ — უნდა დალოდებოდნენ იმ დროს, როდესაც ქრისტე დაიწყებდა მეფედ თანდასწრებას, რაც, ბიბლიის წინასწარმეტყველების თანახმად, 1914 წელს მოხდა (1 თესალონიკელთა 4:14–16; გამოცხადება 11:18). რა შეიძლება ითქვას მათ შესახებ, რომლებიც თანდასწრების განმავლობაში ცოცხლები იქნებიან? პავლე ამბობს: „აი, მე საიდუმლოს გეუბნებით: ყველანი არ განვისვენებთ, მაგრამ ყველანი შევიცვლებით ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე, უკანასკნელ საყვირზე; ვინაიდან დასძახებს საყვირი და მკვდრები აღდგებიან უხრწნელად, ხოლო ჩვენ შევიცვლებით“ (1 კორინთელთა 15:51, 52). ცხადია, რომ ყველა ცხებულს არ უწევს სამარეში მკვდრეთით აღდგომის ლოდინი. ისინი, რომლებიც ქრისტეს თანდასწრებისას იხოცებიან, თვალის დახამხამებაში გარდაიქმნებიან (გამოცხადება 14:13).
14. როგორ არიან ცხებულები ‘მკვდრობისთვის მონათლული’?
14 «თორემ რას აკეთებენ მკვდართათვის [„მკვდრობისთვის“, აქ] მონათლულნი? — კითხვას სვამს პავლე, — თუ მკვდრები საერთოდ არ აღდგებიან, რაღატომ ინათლებიან მკვდართათვის [„ამისთვის“, აქ]? და ჩვენც ყოველჟამს რატომ ვართ საფრთხეში?» (1 კორინთელთა 15:29, 30). პავლე აქ არ გულისხმობს იმას, რომ ცოცხლები მკვდართათვის ინათლებიან, როგორც ეს ბიბლიის ზოგ თარგმანშია გაკეთებული. ნათლობა ქრისტიანულ მოწაფეობასთანაა დაკავშირებული, ხოლო მკვდრებს არ შეუძლიათ მოწაფეები იყვნენ (იოანე 4:1). პირიქით, პავლე ლაპარაკობს ცოცხალ ქრისტიანებზე, რომელთაგან მრავალი, თვით პავლეს მსგავსად, ‘ყოველჟამს საფრთხეში’ იყო. ცხებული ქრისტიანები ‘ქრისტეს სიკვდილში მოინათლნენ’ (რომაელთა 6:3). მას შემდეგ, რაც ცხებულები გახდნენ, ისინი ‘ინათლებოდნენ’, ასე ვთქვათ, ისეთი ცხოვრების კურსის ასაღებად, რომელიც ქრისტეს მსგავსად სიკვდილამდე მიიყვანდა (მარკოზი 10:35–40). ისინი დაიხოცებოდნენ იმ იმედით, რომ დიდებულ ზეციერ აღდგომას მიიღებდნენ (1 კორინთელთა 6:14; ფილიპელთა 3:10, 11).
15. რა საშიშროებები გადახდა თავს პავლეს და რა როლი შეასრულა მკვდრეთით აღდგომის იმედმა ყოველივე ამის ატანაში?
15 შემდეგ პავლე აღნიშნავს, რომ თვითონ ისეთ საშიშ მდგომარეობებში ვარდებოდა, რომ შეეძლო ეთქვა: „ყოველდღე ვკვდები“. ზოგმა რომ გაზვიადებაში არ დაადანაშაულოს, პავლე ამბობს: „ვფიცავ თქვენდამი ჩემს სიქადულს, ძმანო, რომელიც ჩვენ უფალ ქრისტე იესოში მაქვს“. „ახალი აღთქმისა და ფსალმუნის“ 1990 წლის გამოცემაში ამ მუხლში ნათქვამია: „ვიმოწმებ თქვენი ქებით, ძმანო, რომელიც ჩვენ უფალ ქრისტე იესოში მაქვს“. პავლეს თავს გადახდენილი საშიშროების მაგალითად 32-ე მუხლში ‘ეფესოში ავ მხეცებთან ბრძოლა’ მოჰყავს. რომაელები დამნაშავეებს ხშირად არენებზე მხეცებს მიუყრიდნენ ხოლმე. თუ პავლეს, პირდაპირი გაგებით, მხეცებთან მოუწია ბრძოლა, მას მხოლოდ იეჰოვას დახმარება გადაარჩენდა. მკვდრეთით აღდგომის იმედი რომ არა, ისეთი ცხოვრების არჩევა, რომელიც ასეთ სახიფათო მდგომარეობაში ჩააგდებდა მას, რა თქმა უნდა, აზრს მოკლებული სიმამაცე იქნებოდა. მომავალი ცხოვრების იმედის გარეშე ღვთის მსახურებასთან დაკავშირებული სირთულეების ატანა და ასეთი მსხვერპლის გაღება უაზრობა იქნებოდა. «თუ მკვდრები არ აღდგებიან, — ამბობს პავლე, — „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით!“ » (1 კორინთელთა 15:31, 32; იხილეთ 2 კორინთელთა 1:8, 9; 11:23–27).
16. ა) საიდან შეიძლებოდა აეღო სათავე გამოთქმას: „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“? ბ) რა საშიშროება იმალებოდა ამ თვალსაზრისში?
16 პავლე, შესაძლებელია, ესაიას 22:13-დან ციტირებდა, სადაც აღწერილია იერუსალიმის დაუმორჩილებელ მკვიდრთა ფატალისტური აზროვნება. ან შეიძლება ის ეპიკურელების მრწამსს გულისხმობდა, რომლებიც არად მიიჩნევდნენ სიკვდილის შემდეგ ცხოვრებაზე ნებისმიერ იმედს და სწამდათ, რომ ცხოვრების აზრი ხორციელი სიამოვნების მიღებაშია. როგორც უნდა იყოს, ფილოსოფია — „ვჭამოთ და ვსვათ“ — უღვთოობა იყო. ამიტომ პავლე გვაფრთხილებს: „ნუ დაიბნევით: ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“ (1 კორინთელთა 15:33). ისეთ პიროვნებებთან ურთიერთობას, რომლებიც უარყოფენ მკვდრეთით აღდგომას, შეიძლება მომწამვლელი გავლენა ჰქონოდა. ასეთმა ურთიერთობებმა გარკვეული როლი შეასრულა იმ პრობლემების წარმოშობაში, რომელთა გადაჭრაც პავლეს მოუწია კორინთის კრებაში; ესენია: სქესობრივი უზნეობა, დავა, საჩივრები და უფლის სერობისადმი უპატივცემლობის გამოვლენა (1 კორინთელთა 1:11; 5:1; 6:1; 11:20–22).
17. ა) რისკენ მოუწოდა პავლემ კორინთელებს? ბ) რა კითხვები რჩება უპასუხოდ?
17 ამიტომ პავლე კორინთელებს მოუწოდებს: „გამოფხიზლდით ჯეროვნად და ნუ სცოდავთ. ვინაიდან თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ, რომ ზოგიერთები არ იცნობენ ღმერთს“ (1 კორინთელთა 15:34). მკვდრეთით აღდგომის შესახებ უარყოფითმა თვალსაზრისმა ზოგზე დამათრობელად იმოქმედა და სულიერ გაბრუებამდე მიიყვანა. მათ გამოფხიზლება და სიფხიზლის შენარჩუნება სჭირდებოდათ. მსგავსად ამისა, დღეს ცხებული ქრისტიანებისთვის საჭიროა სულიერი სიფხიზლე, რათა მათზე გავლენა არ იქონიოს ამ წუთისოფლის სკეპტიკურმა აზროვნებამ. ისინი უნდა ჩაეჭიდონ ზეციერი აღდგომის იმედს. მაგრამ, როგორც კორინთელებს მაშინ, ისე ჩვენ დღეს, გვრჩება გარკვეული კითხვები. მაგალითად, რა სახით ხდება 144 000-ის მკვდრეთით აღდგომა ზეცაში საცხოვრებლად? და რა შეიძლება ითქვას იმ სხვა მილიონების შესახებ, რომლებიც ჯერაც სამარეებში არიან და რომლებსაც ზეციური იმედი არა აქვთ? რას მოუტანს ასეთ პიროვნებებს მკვდრეთით აღდგომა? მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით პავლეს საუბრის დარჩენილ ნაწილს მომდევნო სტატიაში შევისწავლით.
[სქოლიოები]
a გამოსყიდვის საკითხთან დაკავშირებით იხილეთ 1991 წლის 15 თებერვლის „საგუშაგო კოშკი“ [რუს.].
გახსოვთ თუ არა?
◻ რა შუქი მოჰფინა იესომ მკვდრეთით აღდგომას?
◻ ვინ იყვნენ იესოს მკვდრეთით აღდგომის თვითმხილველებს შორის?
◻ რატომ გახდა მკვდრეთით აღდგომის საკითხი სადავო და როგორი იყო პავლეს რეაქცია?
◻ რატომ იყო ცხებული ქრისტიანებისთვის მკვდრეთით აღდგომის რწმენა მნიშვნელოვანი?
[სურათი 15 გვერდზე]
იაიროსის ქალიშვილის შემთხვევა ადასტურებს, რომ მკვდრეთით აღდგომა რეალურია.
[სურათი 16, 17 გვერდებზე]
მკვდრეთით აღდგომის იმედი რომ არა, უაზრობა იქნებოდა ერთგული ქრისტიანების მოწამებრივი ცხოვრება.