ჩათესილ მარცვალს ‘ღმერთი ზრდის’
„არც დამრგველია რამე, არც მომრწყველი, არამედ ღმერთი, რომელიც ზრდის“ (1 კორ. 3:7).
1. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ „ღვთის თანამშრომელნი ვართ“?
„ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ“. ამ სიტყვებით პავლე მოციქულმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ იეჰოვამ საპატიო საქმე მოგვანდო (წაიკითხეთ 1 კორინთელების 3:5—9). ეს საქმე, ანუ მოწაფეების მომზადება, პავლემ თესლის თესვასა და მორწყვას შეადარა. ამ მნიშვნელოვან საქმეში წარმატებას რომ მივაღწიოთ, იეჰოვას დახმარება გვჭირდება. პავლე შეგვახსენებს, რომ თესლს ‘ღმერთი ზრდის’.
2. ის ფაქტი, რომ ზრდა ღმერთზეა დამოკიდებული, როგორ გვეხმარება, რომ სათანადო თვალსაზრისი გვქონდეს მსახურებაზე?
2 ის ფაქტი, რომ ზრდა ღმერთზეა დამოკიდებული, გვეხმარება, თავმდაბლები ვიყოთ და სათანადო თვალსაზრისი გვქონდეს მსახურებაზე. ჩვენ შეიძლება ბევრს ვქადაგებთ და ვასწავლით, მაგრამ მსახურებაში მიღწეული ნებისმიერი კარგი შედეგისთვის ქება მაინც იეჰოვას ეკუთვნის, რადგან სწორედ ‘ღმერთი ზრდის’. რატომ ვამბობთ ამას? იმიტომ, რომ, როგორც არ უნდა ვეცადოთ, ვერც ერთი ჩვენგანი ბოლომდე ვერ ჩასწვდება იმას, თუ როგორ იზრდება ადამიანი სულიერად, რომ აღარაფერი ვთქვათ ზრდის პროცესის დაჩქარებაზე. ამ ფაქტს კარგად მიესადაგება მეფე სოლომონის სიტყვები, რომელმაც დაწერა: „არ იცი ყოველივეს შემქმნელი ჭეშმარიტი ღვთის საქმენი“ (ეკლ. 11:5).
3. რა მსგავსება არსებობს თესლის თესვასა და მოწაფეების მომზადებას შორის?
3 გულს გვიტეხს ის, რომ არ გვესმის, როგორ მიმდინარეობს ზრდის პროცესი? არა. პირიქით, ეს უფრო მეტად აღვივებს ჩვენში იმის ინტერესს, თუ როგორ მოხდება ზრდა. მეფე სოლომონმა თქვა: „დილით თესე თესლი და საღამომდე ნუ დაასვენებ ხელს, რადგან არ იცი, რაში მოგემართება ხელი, ერთსა თუ მეორეში, ან იქნებ ორივე კარგი გამოდგეს“ (ეკლ. 11:6). მართლაც, როდესაც პირდაპირი გაგებით თესლს ვთესავთ, ჩვენ არ ვიცით, სად გაიხარებს ის, ან გაიხარებს თუ არა საერთოდ. ამაზე მოქმედებს მრავალი ფაქტორი, რომელთა გაკონტროლებაც ჩვენ არ შეგვიძლია. იმავეს თქმა შეიძლება მოწაფეების მომზადების საქმეზე. იესომ ხაზი გაუსვა ამ ფაქტს ორი მაგალითით, რომლებიც ჩაწერილია მარკოზის სახარების მე-4 თავში. ვნახოთ, რისი სწავლა შეგვიძლია ამ მაგალითებიდან.
სხვადასხვა სახის ნიადაგი
4, 5. მოკლედ მოყევით იესოს მაგალითი მთესველზე.
4 მარკოზის 4:1—9-ში იესოს მოჰყავს მთესველის მაგალითი, რომელიც თესლს აბნევს. ამ დროს თესლი სხვადასხვა ნიადაგზე ხვდება. „მოისმინეთ, — ამბობს იესო, — გამოვიდა მთესველი დასათესად. თესვისას ზოგი თესლი გზის პირას დავარდა, მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს. ზოგი კლდოვან ადგილზე დავარდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო, და მალევე აღმოცენდა, რადგან მიწას სიღრმე არ ჰქონდა; მაგრამ მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა და, რადგან ფესვი არ ჰქონდა, გახმა. ზოგიც ეკლებში ჩავარდა, გაიზარდა ეკლები, მოაშთო ისინი და ნაყოფი ვეღარ გამოიღო. ზოგი კი კარგ მიწაზე დავარდა, აღმოცენდა, გაიზარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა — ოცდაათი, ზოგმა — სამოცი და ზოგმაც — ასი“.
5 ბიბლიურ დროში თესვა ძირითადად თესლის მიმობნევით ხდებოდა. მთესველს თესლი ტანსაცმლის კალთაში ან მხარზე გადაკიდებულ ხურჯინში ჰქონდა ჩაყრილი. ის თესლს იღებდა, ხელს ფართოდ შლიდა და თესლს აქეთ-იქით აბნევდა. როგორც ამ მაგალითიდან ვიგებთ, თესლი სხვადასხვა სახის ნიადაგზე იმიტომ კი არ ხვდება, რომ მთესველი ამას შეგნებულად აკეთებს, არამედ იმიტომ, რომ თესლი იქ შემთხვევით ცვივა.
6. როგორ ახსნა იესომ მთესველის მაგალითი?
6 მთესველის მაგალითის მოყვანის შემდეგ იესომ თავადვე ახსნა მისი მნიშვნელობა. მარკოზის 4:14—20-ში ვკითხულობთ: „მთესველი თესავს სიტყვას. აი ისინი, რომლებიც გზის პირას არიან, სადაც სიტყვა ითესება; როგორც კი მოისმენენ, სატანა მოდის და მიაქვს მათში ჩათესილი სიტყვა. არიან კლდოვან ადგილზე დათესილებიც. როგორც კი მოისმენენ სიტყვას, მაშინვე სიხარულით იღებენ. მათ ფესვი არა აქვთ და, თუმცა გარკვეული დროით რჩებიან, როგორც კი გასაჭირი ან დევნა იწყება სიტყვის გამო, მაშინვე ბრკოლდებიან. არიან ეკლებში დათესილებიც, რომლებმაც მოისმინეს სიტყვა, მაგრამ ქვეყნიერების საზრუნავი, სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა და სხვა ყველაფრის სურვილი იჭრება მათში, აშთობს სიტყვას და ის უნაყოფო ხდება. კარგ მიწაზე დათესილები კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ სიტყვას, კეთილგანწყობილებით იღებენ და გამოაქვთ ნაყოფი: ზოგს — ოცდაათი, ზოგს — სამოცი და ზოგს — ასი“.
7. რა იგულისხმება თესლსა და სხვადასხვა სახის ნიადაგში?
7 ყურადღება მიაქციეთ, იესოს არ უთქვამს, რომ მთესველმა სხვადასხვა სახის თესლი გამოიყენა. იესო საუბრობს ერთი სახის თესლზე, რომელიც ცვივა სხვადასხვა ნიადაგზე. თითოეულ შემთხვევაში შედეგი სხვადასხვაგვარია. პირველი სახის ნიადაგი დატკეპნილია, მეორეს სიღრმე არა აქვს, მესამე ეკლიანია, ხოლო მეოთხე კარგი და ნაყოფიერია (ლუკ. 8:8). რა არის თესლი? ეს არის ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ცნობა სამეფოს შესახებ (მათ. 13:19). რა იგულისხმება სხვადასხვა სახის ნიადაგში? ამაში იგულისხმება ხალხი, რომელთა გულის მდგომარეობაც სხვადასხვაგვარია (წაიკითხეთ ლუკას 8:12, 15).
8. ა) ვის განასახიერებს მთესველი? ბ) რატომ ეხმაურება ხალხი სხვადასხვანაირად სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას?
8 ვის განასახიერებს მთესველი? ის განასახიერებს ღვთის თანამშრომლებს, რომლებიც აცხადებენ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას. პავლესა და აპოლოს მსგავსად ისინიც „რგავენ“ და „რწყავენ“. მართალია, ისინი მძიმედ ირჯებიან, მაგრამ შედეგები მაინც სხვადასხვაგვარია. რატომ? იმიტომ, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ცნობას ისმენენ, სხვადასხვანაირი გულის მდგომარეობა აქვთ. იესოს მაგალითიდან ჩანს, რომ მთესველს არ შეეძლო იმის გაკონტროლება, თუ რა დაემართებოდა ამა თუ იმ სახის ნიადაგზე მოხვედრილ თესლს. რაოდენ მანუგეშებელია ამის ცოდნა ყველასთვის, განსაკუთრებით კი იმ და-ძმებისთვის, რომლებიც წლების, და შესაძლოა, ათწლეულების განმავლობაშიც კი ქადაგებენ, მაგრამ, ერთი შეხედვით, შესამჩნევ შედეგებს ვერ აღწევენ!a რატომ არის ეს აზრი მანუგეშებელი?
9. რა მანუგეშებელ აზრზე გაამახვილეს ყურადღება პავლე მოციქულმა და იესომ?
9 მთესველის ერთგულებას მისი შრომის შედეგი არ განსაზღვრავს. პავლეს სწორედ ეს ჰქონდა მხედველობაში, როდესაც თქვა: „თითოეული თავისი შრომის მიხედვით მიიღებს საზღაურს“ (1 კორ. 3:8). მშრომელი საზღაურს შრომისთვის იღებს და არა შრომის შედეგებისთვის. იესომაც ამაზე გაამახვილა ყურადღება, როდესაც მისი მოწაფეები სამქადაგებლო მსახურებიდან დაბრუნდნენ. ისინი ძალიან გახარებულები იყვნენ, რადგან იესოს სახელის ხსენებაზე მათ დემონები ემორჩილებოდნენ. როგორი მოულოდნელიც არ უნდა ყოფილიყო მოწაფეებისთვის, იესომ მათ უთხრა: „ის კი ნუ გიხარიათ, რომ სულები გემორჩილებიან, არამედ ის გიხაროდეთ, რომ თქვენი სახელები ზეცაში ჩაიწერა“ (ლუკ. 10:17—20). მაშინაც კი, თუ იმ მთესველის შრომა, რომელიც ჭეშმარიტების მარცვალს თესავს, არც ისე დიდ შედეგებს იძლევა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის სხვებზე ნაკლებად გამრჯეა ან ნაკლებად ერთგულია. შედეგებს უმეტესწილად განსაზღვრავს იმ ადამიანის გულის მდგომარეობა, ვინც სამეფოს ცნობას ისმენს. მაგრამ, საბოლოოდ ზრდა მაინც ღმერთზეა დამოკიდებული!
ნაყოფის გამოღება თავად მსმენელზეა დამოკიდებული
10. რა განსაზღვრავს იმას, „კარგი ნიადაგი“ იქნება თუ არა ადამიანი?
10 რა შეიძლება ითქვას მათზე, ვინც სიტყვას ისმენს? წინასწარ არის განსაზღვრული, გამოეხმაურებიან თუ არა ისინი ღვთის ცნობას? არა. იქნებიან თუ არა ისინი „კარგი ნიადაგი“, ეს თავად მათზეა დამოკიდებული. ადამიანის გულის მდგომარეობა შეიძლება შეიცვალოს როგორც კარგისკენ, ისე ცუდისკენ (რომ. 6:17). თავის მაგალითში იესომ თქვა, რომ „როგორც კი [ზოგიერთები] მოისმენენ“, მოდის სატანა და მიაქვს სიტყვა. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში ეს ასე მოხდება. იაკობის 4:7 ქრისტიანებს მოუწოდებს, რომ „წინააღმდეგობა გაუწიონ ეშმაკს“ და ის მათგან გაიქცევა. იესო საუბრობს ადამიანებზე, რომლებიც თავიდან სიხარულით იღებენ სიტყვას, მაგრამ შემდეგ ბრკოლდებიან, რადგან „ფესვი არა აქვთ“. ბიბლია ღვთის მსახურებს მოუწოდებს, რომ იყვნენ „ფესვგადგმულნი და საძირკველზე დაფუძნებულნი“, რათა შეძლონ ჩასწვდნენ, „რა არის სიგანე, სიგრძე, სიმაღლე და სიღრმე და შეიცნონ ქრისტეს სიყვარული, რაც ცოდნას აღემატება“ (ეფეს. 3:17—19; კოლ. 2:6, 7).
11. რა უნდა გააკეთოს ადამიანმა, რომ ქვეყნიერების საზრუნავმა და სიმდიდრემ მასში სიტყვა არ მოაშთოს?
11 მათ შორის, ვინც ღვთის სიტყვას ისმენს, არიან ისეთებიც, რომლებშიც „ქვეყნიერების საზრუნავი და სიმდიდრის მაცდუნებელი ძალა“ იჭრება და აშთობს სიტყვას (1 ტიმ. 6:9, 10). როგორ შეუძლიათ მათ ამ ყოველივესთვის თავის არიდება? ამ კითხვას პავლე მოციქული პასუხობს: «იცხოვრეთ ფულის სიყვარულის გარეშე და დასჯერდით იმას, რაც გაქვთ, რადგან მან თქვა: „არ დაგტოვებ და არ მიგატოვებ“» (ებრ. 13:5).
12. რატომ გამოაქვთ სხვადასხვა რაოდენობის ნაყოფი მათ, ვინც კარგი ნიადაგით არიან წარმოდგენილი?
12 ბოლოს იესომ თქვა, რომ კარგ ნიადაგზე მოხვედრილ თესლს „გამოაქვს ნაყოფი: ზოგს — ოცდაათი, ზოგს — სამოცი და ზოგს — ასი“. მათ, ვინც ეხმაურება სიტყვას, გულის კარგი მდგომარეობა აქვთ და ნაყოფიც გამოაქვთ. ისინი ყველაფერს აკეთებენ სასიხარულო ცნობის გაცხადებისთვის, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათი ნაყოფი სხვადასხვა რაოდენობისაა, რადგან ეს თითოეულის პირად მდგომარეობაზეა დამოკიდებული. მაგალითად, ასაკისა და სუსტი ჯანმრთელობის გამო ზოგი შეიძლება ბევრს ვერ აკეთებდეს სამქადაგებლო საქმეში (შეადარეთ მარკოზის 12:43, 44). ბევრს აკეთებს მთესველი თუ ცოტას, მას არ შეუძლია დააჩქაროს ზრდის პროცესი, მაგრამ ის მაინც ხარობს, როდესაც ხედავს, რომ იეჰოვა ზრდის თესლს (წაიკითხეთ ფსალმუნის 126:5, 6).
‘მთესველი ღამით იძინებს’
13, 14. ა) მოკლედ მოყევით იესოს მაგალითი მთესველზე. ბ) ვინ არის წარმოდგენილი მთესველით და რა არის თესლი?
13 მარკოზის 4:26—29 მუხლებში იესოს კიდევ ერთი მაგალითი მოჰყავს მთესველზე: „ღვთის სამეფო იმას ჰგავს, კაცი რომ თესლს აგდებს მიწაზე. ღამით იძინებს, დღისით იღვიძებს. თესლი აღმოცენდება და იზრდება, მან კი არ იცის, როგორ. მიწას თავისით გამოაქვს ნაყოფი თანდათანობით: ჯერ ჯეჯილი, მერე თავთავი, ბოლოს კი სავსე მარცვალი თავთავში. როგორც კი მწიფდება ნაყოფი, კაცი ნამგალს იმარჯვებს, რადგან მკის დრო მოვიდა“.
14 ვინ არის მთესველი? ქრისტიანულ სამყაროში ზოგი მიიჩნევს, რომ მთესველი თვითონ იესოა. მაგრამ შეიძლება კი იმის თქმა, რომ იესოს სძინავს და არ იცის, როგორ იზრდება თესლი?! იესომ რასაკვირველია იცის, როგორ მიმდინარეობს ზრდის პროცესი! პირველ მაგალითში მოხსენიებული მთესველის მსგავსად, ეს მთესველიც წარმოადგენს სამეფოს მაუწყებლებს, რომლებიც სამეფოს თესლს თავიანთი გულმოდგინე ქადაგებით თესავენ. თესლი, რომელიც მიწაზე ვარდება, არის ღვთის სიტყვა, რომელსაც ისინი ქადაგებენb.
15, 16. რა მსგავსებაა თესლის ზრდასა და სულიერ ზრდას შორის?
15 იესოს თქმით მთესველი „ღამით იძინებს, დღისით იღვიძებს“. ის, რომ მთესველი იძინებს, სულაც არ მეტყველებს იმაზე, რომ ის უყურადღებოა. ჩვეულებრივ, ღამის ძილი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ამ მუხლში მოყვანილი სიტყვებით აღწერილია ის ფაქტი, რომ ადამიანი დღისით მუშაობს, ღამით კი მას სძინავს. იესომ ახსნა, თუ რა ხდება იმ დროს, როცა ადამიანს სძინავს. „თესლი აღმოცენდება და იზრდება, — ამბობს იესო და შემდეგ დასძენს, — მან [მთესველმა] კი არ იცის, როგორ“. იესომ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ზრდა „თავისით“ ხდებაc.
16 რისი თქმა უნდოდა იესოს ამით? შენიშნეთ, რომ იესო აქ ყურადღებას ამახვილებს ზრდაზე და იმაზე, რომ ზრდა თანდათანობით ხდება. „მიწას თავისით გამოაქვს ნაყოფი თანდათანობით: ჯერ ჯეჯილი, მერე თავთავი, ბოლოს კი სავსე მარცვალი თავთავში“ (მარ. 4:28). ზრდა თანდათანობით, ეტაპობრივად ხდება. გარდა ამისა, ზრდის პროცესის დაჩქარება შეუძლებელია. იგივე შეიძლება ითქვას სულიერ ზრდაზე. სულიერი ზრდაც ეტაპობრივად ხდება — იეჰოვა თანდათანობით ზრდის ჭეშმარიტების მარცვალს სწორად განწყობილი ადამიანის გულში (საქ. 13:48; ებრ. 6:1).
17. ვინ ხარობს, როდესაც ჭეშმარიტების მარცვალს ნაყოფი გამოაქვს?
17 „როგორც კი მწიფდება ნაყოფი“, მთესველი მონაწილეობას იღებს მკაში. როდესაც იეჰოვა ზრდის ჭეშმარიტების მარცვალს ახალი მოწაფეების გულში, ღვთისადმი სიყვარული აღძრავს მათ, რომ თავიანთი სიცოცხლე იეჰოვას მიუძღვნან. მიძღვნის ნიშნად ისინი წყალში ინათლებიან. ძმები, რომლებიც მონათვლის შემდეგ სულიერად წინ მიიწევენ, კრებაში თანდათანობით უფრო და უფრო მეტ პასუხისმგებლობას იღებენ. სამეფოს ნაყოფს იმკიან როგორც მთესველი, ასევე სამეფოს სხვა მაუწყებლებიც, რომლებსაც შესაძლოა უშუალო მონაწილეობა არ მიუღიათ ამ ახალი მოწაფის გულში ჭეშმარიტების მარცვლის ჩათესვაში (წაიკითხეთ იოანეს 4:36—38). მართლაც, ‘მომკელიც და მთესველიც ერთად ხარობენ’.
რას ვსწავლობთ?
18, 19. ა) პირადად თქვენ როგორ გაგამხნევათ იესოს მაგალითების განხილვამ? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
18 რას ვსწავლობთ მარკოზის სახარების მე-4 თავში ჩაწერილი ამ ორი მაგალითიდან? ჩვენ ნათლად დავინახეთ, რომ მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი — ჩვენ ღვთის სიტყვა უნდა „ვთესოთ“. არასოდეს არ უნდა ავარიდოთ თავი ამ საქმის კეთებას და არც ის უნდა დავუშვათ, რომ პრობლემებმა და სირთულეებმა ხელი შეგვიშალოს ამ საქმის შესრულებაში (ეკლ. 11:4). პირიქით, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, თუ რამხელა პატივი გვხვდა წილად, რომ ღვთის თანამშრომელნი ვართ. არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვა ზრდის ადამიანს სულიერად და აკურთხებს როგორც ჩვენს, ისე მათ ძალისხმევას, ვინც ისმენს სამეფოს ცნობას. ჩვენ გვესმის, რომ ადამიანის სულიერი ზრდა ჩვენზე არაა დამოკიდებული. გული არ უნდა გაგვიტყდეს იმის გამო, თუ ზრდა ნელა ან საერთოდ არ მიმდინარეობს. ჩვენთვის ძალიან მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა იმით გვაფასებს, თუ რამდენად ერთგულები ვართ მისი და რამდენად ერთგულად ვასრულებთ მის დავალებას — ვიქადაგოთ „სასიხარულო ცნობა . . . ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად“ (მათ. 24:14).
19 კიდევ რას გვასწავლის იესო ახალი მოწაფეების სულიერ ზრდასა და სამეფოს საქმეზე? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება სახარებებში ჩაწერილი სხვა მაგალითები, რომელთაგანაც ზოგიერთს შემდეგ სტატიაში განვიხილავთ.
[სქოლიოები]
a იხილეთ ძმა გეორგ ფიოლნირ ლინდალის მაგალითი, რომელიც ისლანდიაში მსახურობდა. მისი შემთხვევა მოცემულია „იეჰოვას მოწმეთა 2005 წლის წელიწდეულში“, გვერდები 210, 211 (რუს.). იხილეთ აგრეთვე იმ ძმების შემთხვევები, რომლებიც იტანდნენ სიძნელეებს და მრავალი წელი ერთგულად მსახურობდნენ ირლანდიაში, მიუხედავად იმისა, რომ მათ კარგ შედეგებს მალევე ვერ მიაღწიეს. ამ ძმების შემთხვევების წაკითხვა შეგიძლიათ „იეჰოვას მოწმეთა 1988 წლის წელიწდეულში“, გვერდები 82—99 (ინგლ.).
b ამ ჟურნალში წინათ იხსნებოდა, რომ თესლი წარმოადგენს სულიერი ზრდისთვის საჭირო თვისებებს, რომლებზეც გარემო ფაქტორები ახდენს გავლენას. მაგრამ, უნდა აღინიშნოს, რომ იესოს მაგალითში თესლი არ იცვლება და არ იქცევა ცუდ თესლად ან დამპალ ნაყოფად. ის უბრალოდ იზრდება და მწიფდება (იხილეთ 1980 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 17—19 [ინგლ.]).
c ეს გამოთქმა ბიბლიაში კიდევ ერთ ადგილას გვხვდება, კერძოდ საქმეების 12:10-ში, სადაც ვკითხულობთ, რომ რკინის კარები „თავისით“ გაიღო.
გახსოვთ?
• რა მსგავსებაა პირდაპირი გაგებით თესლის თესვასა და სამეფოს ცნობის ქადაგებას შორის?
• რის მიხედვით აფასებს იეჰოვა სამეფოს ცნობის მქადაგებელთა ერთგულებას?
• თესლის ზრდასა და პიროვნების სულიერ ზრდას შორის არსებულ რა მსგავსებაზე გაამახვილა ყურადღება იესომ?
• როგორ ‘ხარობენ ერთად მომკელიც და მთესველიც’?
[სურათები 13 გვერდზე]
რატომ შეადარა იესომ ღვთის სამეფოს ცნობის მქადაგებელი მთესველს?
[სურათები 15 გვერდზე]
ისინი, ვინც კარგი ნიადაგით არიან წარმოდგენილნი, მთელი გულით ქადაგებენ იმდენს, რამდენიც შეუძლიათ
[სურათები 16 გვერდზე]
ჩათესილ მარცვალს ღმერთი ზრდის