მკვდრეთით აღდგომის იმედს დიდი ძალა აქვს
„უარი ვთქვი ყოველივეზე. . . რათა შევიცნო იგი [იესო] და მისი აღდგომის ძალა“ (ფილიპელთა 3:8—10).
1, 2. ა) როგორ აღწერა წლების წინათ ერთმა სასულიერო პირმა მკვდრეთით აღდგომა? ბ) როგორ მოხდება მკვდრეთით აღდგომა?
მეცხრამეტე საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში პრესაში დაიბეჭდა ცნობა იმის შესახებ, რომ ნიუ-იორკში, ბრუკლინში, ერთმა სასულიერო პირმა უჩვეულოდ იქადაგა. მან თქვა, რომ მკვდრეთით აღდგომა მოხდებოდა ყველა დაღუპულის ძვლებისა და ხორცის შეგროვებითა და გაცოცხლებით, იქნებოდა ის ცეცხლში დამწვარი თუ კატასტროფის მსხვერპლი, გარეული ცხოველის მიერ შეჭმული თუ უკვე ნიადაგად ქცეული. მქადაგებლის აზრით, ერთ რომელიმე დღეს, 24 საათის განმავლობაში, ჰაერში ერთმანეთში აირეოდა მილიარდობით მკვდარ ადამიანთა ხელები, მკლავები, ფეხები, თითები, ძვლები, კუნთები და კანი. ეს ნაწილები ძებნას დაუწყებდნენ თავიანთი სხეულის სხვა ნაწილებს. მათი სულები ზეციდან ჩამოვიდოდნენ და ამ აღდგენილ სხეულებში შევიდოდნენ.
2 თავდაპირველი ატომების რეორგანიზაციის მეშვეობით მკვდრეთით აღდგომა არალოგიკურია; გარდა ამისა ადამიანებს უკვდავი სული არა აქვთ (ეკლესიასტე 9:5, 10; ეზეკიელი 18:4). იეჰოვას, ღმერთს, რომელსაც მკვდრების აღდგენა შეუძლია, არ სჭირდება იმ ატომების კვლავ თავმოყრა, რომლისგანაც თავდაპირველად შედგებოდა ადამიანის სხეული. მას შეუძლია მკვდრეთით აღდგენილებს ახალი სხეულები მისცეს. იეჰოვამ თავის ძეს, იესო ქრისტეს, მკვდრების მარადიულად საცხოვრებლად აღდგენის ძალა მისცა (იოანე 5:6). ასე რომ, იესომ თქვა: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე, ჩემი მორწმუნე, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს“ (იოანე 11:25, 26). რა აღმაფრთოვანებელი დანაპირებია! ის განგვამტკიცებს და განსაცდელებს გვატანინებს, სიკვდილის პირისპირ ყოფნის დროსაც კი იეჰოვას ერთგულ მოწმედ დარჩენის ძალას გვაძლევს.
3. რატომ დასჭირდა პავლეს მკვდრეთით აღდგომის სწავლების დაცვა?
3 მკვდრეთით აღდგომის შესახებ სწავლება არ ეთანხმება ადამიანის სულის უკვდავების შესახებ წარმოდგენას, რომელიც ბერძენმა ფილოსოფოსმა, პლატონმა, ჩამოაყალიბა. ამგვარად, რა მოხდა, როდესაც მოციქული პავლე ათენის არეოპაგში წარჩინებულ ბერძნებთან იესოს შესახებ ქადაგებდა და თქვა, რომ ღმერთმა მკვდრეთით აღადგინა ის? „ხოლო მათ, — აღნიშნავს ცნობა, — მკვდრების აღდგომაზე რომ მოისმინეს, ერთნი დასცინოდნენ“ (საქმეები 17:29—34). იესოს მკვდრეთით აღდგომის მრავალი თვითმხილველი ჯერაც ცოცხალი იყო და, მიუხედავად დაცინვისა, მათ დაამოწმეს, რომ ის მკვდრეთით აღდგა. მაგრამ კორინთის კრების ცრუ მასწავლებლები უარყოფდნენ ამ მკვდრეთით აღდგომას. ამიტომ პავლემ ქრისტიანული სწავლება საკმაოდ კარგად დაიცვა, რის შესახებაც 1-ლი კორინთელთა მე-15 თავში ვკითხულობთ. მოციქულის მიერ მოყვანილი არგუმენტების გულმოდგინე გამოკვლევა ყოველგვარი ეჭვის გარეშე ადასტურებს მკვდრეთით აღდგომის იმედის სარწმუნოობასა და ძალას.
იესოს მკვდრეთით აღდგომის საფუძვლიანი მტკიცება
4. იესოს მკვდრეთით აღდგომის რომელ თვითმხილველთა მტკიცება მოიყვანა პავლემ?
4 შენიშნეთ, როგორ იწყებს პავლე მკვდრეთით აღდგომის დაცვას (1 კორინთელთა 15:1—11). თუ კორინთელები ფუჭად არ გახდნენ მორწმუნეები, ისინი ‘იდგებიან’ კიდეც ხსნის შესახებ კეთილ ცნობაზე. ქრისტე მოკვდა ჩვენი ცოდვებისთვის, დაკრძალულ იქნა და აღდგა. მკვდრეთით აღმდგარი იესო გამოეცხადა კეფას (პეტრეს), ხოლო „შემდეგ თორმეტს“ (იოანე 20:19—23). ის დაახლოებით 500 მოწაფესაც ეჩვენა, შეიძლება მაშინ, როდესაც მათ მიუთითა: „მოიმოწაფეთ ყველა ხალხი“ (მათე 28:19, 20). იაკობმაც, ისევე როგორც ყველა ერთგულმა მოციქულმა, იხილა იესო (საქმეები 1:6—11). დამასკოს მახლობლად იესო მოევლინა სავლეს „როგორც უდღეურს“ — თითქოს სულიერი ცხოვრებისთვის უკვე აღდგენილს (საქმეები 9:1—9). კორინთელებმა პავლეს ქადაგების შედეგად მიიღეს კეთილი ცნობა და მორწმუნეები გახდნენ.
5. როგორ ვითარდებოდა პავლეს მსჯელობა 1-ლი კორინთელთა 15:12—19-ის თანახმად?
5 თვალყური მივადევნოთ პავლეს მსჯელობის განვითარებას (1 კორინთელთა 15:12—19). ვინაიდან ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას თვითმხილველები ქადაგებენ, როგორ შეიძლება იმის თქმა, რომ არავითარი მკვდრეთით აღდგომა არ არსებობს? თუ იესო მკვდრეთით არ აღმდგარა, ფუჭი ყოფილა ჩვენი ქადაგება და რწმენა, ჩვენ კი მატყუარები ვყოფილვართ, რომლებიც ღვთის წინააღმდეგ ვამოწმებთ, რომ მან ქრისტე აღადგინა. თუ მკვდრები არ აღდგებიან ‘კვლავ ჩვენს ცოდვებში ვყოფილვართ’ და ისინიც დაღუპულან, რომელთაც ქრისტეში განისვენეს. უფრო მეტიც, „თუ ჩვენ მხოლოდ ამ ცხოვრებაში ვართ ქრისტეს მოიმედენი, ყველა ადამიანზე საცოდავნი ვყოფილვართ“.
6. ა) რა თქვა პავლემ იესოს მკვდრეთით აღდგომის დასადასტურებლად? ბ) რა არის და როგორ განქარდება „უკანასკნელი მტერი“?
6 პავლე ადასტურებს იესოს მკვდრეთით აღდგომას (1 კორინთელთა 15:20—28). რადგანაც ქრისტე განსვენებულთაგან ‘პირველია’, ესე იგი სხვებიც აღდგებიან. როგორც სიკვდილი მოჰყვა ერთი კაცის, ადამის, ურჩობას, ისე მკვდრეთით აღდგომაც ერთი კაცის, იესოს, მეშვეობით იქნება. ქრისტესნი ქრისტეს თანდასწრებისას უნდა აღმდგარიყვნენ. ქრისტე „გააუქმებს“ ღვთის უზენაესი მმართველობის მოწინააღმდეგე „ყოველ მთავრობას, ყოველ უფლებასა და ძალას“ და იმეფებს მანამ, სანამ იეჰოვა მის ფეხქვეშ არ მოაქცევს ყველა მტერს. ‘უკანასკნელი მტერიც’ კი — ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული სიკვდილი — იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე განქარდება. შემდეგ კი ქრისტე სამეფოს გადასცემს ღმერთსა და მამას და თავადაც „დაემორჩილება იმას, ვინც ყოველივე მას დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველაფერში“.
მკვდართათვის მონათვლა?
7. ვინ ‘ინათლება სიკვდილისთვის’ და რას ნიშნავს ეს?
7 მკვდრეთით აღდგომის მოწინააღმდეგეებს პავლე კითხვით მიმართავს: «რას აკეთებენ მკვდართათვის [„სიკვდილისთვის“, აქ] მონათლულნი?» (1 კორინთელთა 15:29). პავლეს არ უგულისხმია, რომ ცოცხლები მკვდართათვის უნდა მონათლულიყვნენ, რადგან იესოს მოწაფეებს თითოეულს პირადად უნდა ესწავლა, ერწმუნა და მონათლულიყო (მათე 28:19, 20; საქმეები 2:41). ცხებული ქრისტიანები სიკვდილამდე და მკვდრეთით აღდგომამდე მიმყვანი ცხოვრების გზაზე დადგომით ‘სიკვდილისთვის ინათლებიან’. ასეთი ნათლობა მაშინ იწყება, როდესაც ღვთის სულიწმიდა მათში ზეციერ იმედს აღძრავს და მაშინ მთავრდება, როდესაც ზეცაში უკვდავ სულიერ ქმნილებებად აღდგებიან (რომაელთა 6:3—5; 8:16, 17; 1 კორინთელთა 6:14).
8. რაში შეუძლიათ ქრისტიანებს იყვნენ დარწმუნებული, თუნდაც სატანამ და მისმა მსახურებმა რომ მოკლან ისინი?
8 პავლეს სიტყვები ცხადყოფს, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედი ქრისტიანებს გამუდმებით ეხმარება, როდესაც სამეფოს შესახებ ქადაგებისას საფრთხეში ვარდებიან ან სიკვდილის პირისპირ დგებიან (1 კორინთელთა 15:30, 31). ქრისტიანებმა იციან, რომ იეჰოვას მათი მკვდრეთით აღდგენა შეუძლია, თუ დაუშვებს, რომ სატანამ და მისმა მსახურებმა მოკლან ისინი. მხოლოდ ღმერთს შეუძლია მათი სულის ანუ სიცოცხლის მოსპობა გეენაში, რომელიც მარადიული განადგურების სიმბოლოა (ლუკა 12:5).
სიფხიზლის აუცილებლობა
9. რას უნდა მოვერიდოთ, თუ გვინდა, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედი ჩვენთვისაც ისეთივე განმამტკიცებელი იყოს, როგორიც პავლესთვის?
9 პავლეს მკვდრეთით აღდგომის იმედი აძლებინებდა. იმ დროს, როდესაც მოციქული ეფესოში იყო, დასაშვებია, რომ მტრებმა ის არენაზე ავ მხეცებთან საბრძოლველად გაიყვანეს (1 კორინთელთა 15:32). თუ ეს ასე იყო, მოციქული ამ ცხოველებს ისე დააღწევდა თავს, როგორც დანიელი გადაურჩა ლომებს (დანიელი 6:17—23; ებრაელთა 11:32, 33). რადგან მკვდრეთით აღდგომას იმედოვნებდა, პავლეს აზროვნება განსხვავდებოდა ესაიას დღეებში მცხოვრები განდგომილი იუდაელების აზროვნებისგან. ისინი ამბობდნენ: „ვჭამოთ და ვსვათო, ხვალ მაინც დავიხოცებითო“ (ესაია 22:13). ჩვენ უნდა მოვერიდოთ ასეთ არაჯანსაღ სულს, თუ გვინდა, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედს ჩვენთვისაც ისეთივე განმამტკიცებელი ძალა ჰქონდეს, როგორიც მას პავლესთვის ჰქონდა. „ნუ დაიბნევით, — გვაფრთხილებს პავლე, — ცუდი საზოგადოებანი ხრწნიან კეთილ ჩვევებს“ (1 კორინთელთა 15:33). რა თქმა უნდა, ეს პრინციპი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს ეხება.
10. როგორ შეგვიძლია მკვდრეთით აღდგომის იმედის შენარჩუნება?
10 მათ, ვისაც მკვდრეთით აღდგომაში ეჭვი ეპარებოდათ, პავლემ უთხრა: „გამოფხიზლდით ჯეროვნად და ნუ სცოდავთ. ვინაიდან თქვენდა სამარცხვინოდ ვამბობ, რომ ზოგიერთები არ იცნობენ ღმერთს“ (1 კორინთელთა 15:34). ამ ‘უკანასკნელ ჟამს’ ღვთისა და ქრისტეს შესახებ ზუსტი შემეცნების შესაბამისად მოქმედებაა საჭირო (დანიელი 12:4; იოანე 17:3). ეს მკვდრეთით აღდგომის იმედს შეგვინარჩუნებს.
მკვდრეთით აღდგომა — რომელ სხეულში?
11. როგორ აჩვენა თვალსაჩინოდ პავლემ ცხებულ ქრისტიანთა მკვდრეთით აღდგომა?
11 პავლე შემდეგ გარკვეულ საკითხებს წამოჭრის (1 კორინთელთა 15:35—41). შესაძლებელია, მკვდრეთით აღდგომაში ეჭვის შესატანად, ვინმეს დაესვა კითხვა: „როგორღა აღდგებიან მკვდრები და რომელ სხეულში მოვლენ?“ როგორც პავლემ აღნიშნა, მიწაში ჩათესილი თესლი, ფაქტობრივად, კვდება, იცვლება და მისგან მცენარე აღმოცენდება. მსგავსად ამისა, სულით შობილი ადამიანიც უნდა მოკვდეს. როგორც თესლიდან აღმოცენებულ მცენარეს აქვს ახალი ღერო, ფოთლები და ასე შემდეგ, და სრულიად განსხვავდება თესლისგან, ისე მკვდრეთით აღდგენილ ცხებულ ქრისტიანთა სხეულებიც განსხვავებული იქნება ადამიანური ხორცისგან. თუმცა აღდგება ისეთივე პიროვნებად, როგორიც მოკვდა, აღდგება ახალ ქმნილებად, რომელსაც სულიერი სხეული ექნება, სხეული, რომელსაც ზეცის დამკვიდრება შეეძლება. დედამიწაზე საცხოვრებლად მკვდრეთით აღდგენილებს კი, ბუნებრივია, ადამიანური სხეულები ექნებათ.
12. რა იგულისხმება სიტყვებში „ციური სხეულები“ და „მიწიერი სხეულები“?
12 როგორც პავლემ აღნიშნა, ადამიანთა და ცხოველთა ხორცი ერთმანეთისგან განსხვავდება. სხვადასხვა სახეობის ცხოველთა ხორციც კი განსხვავდება ერთმანეთისგან (დაბადება 1:20—25). სულიერ ქმნილებათა „ციური სხეულების“ დიდება განსხვავდება „მიწიერი სხეულების“, ხორციელის, დიდებისგან. სხვადასხვაგვარია მზის, მთვარისა და ვარსკვლავების დიდებაც. მაგრამ მკვდრეთით აღდგენილ ცხებულთა დიდება სხვებისას ბევრად აღემატება.
13. რა ითესება და რა აღდგება 1-ლი კორინთელთა 15:42—44-ის თანახმად?
13 ამ სხვაობათა მოხსენიების შემდეგ პავლემ დასძინა: „ასევე მკვდრეთით აღდგომაც“ (1 კორინთელთა 15:42—44). მან თქვა: „ითესება ხრწნილებით და აღდგება უხრწნელობით“. შეიძლება აქ პავლეს მხედველობაში ჰყავდა ცხებულები, როგორც ჯგუფი. სიკვდილის ხრწნილებაში დათესილი უხრწნელობაში, ცოდვისგან გათავისუფლებული, აღდგება. თუმცა წუთისოფელში დამცირებულია, ზეციერი ცხოვრებისთვის აღდგება და ქრისტესთან ერთად გამოჩნდება დიდებით (საქმეები 5:41; კოლასელთა 3:4). სიკვდილისას ითესება „მშვინვიერი სხეული“ და აღდგება „სულიერი სხეული“. რადგან ეს შესაძლებელია სულით შობილი ქრისტიანების შემთხვევაში, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ სხვები დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგებიან.
14. როგორ დაუპირისპირა პავლემ ერთმანეთს ქრისტე და ადამი?
14 შემდეგ პავლემ ქრისტე ადამს დაუპირისპირა (1 კორინთელთა 15:45—49). პირველი კაცი, ადამი, „გახდა სული ცხოველი“ (დაბადება 2:7, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884). „უკანასკნელი ადამი კი — იესო — მაცოცხლებელ სულად“ იქცა. მან საკუთარი სიცოცხლე გამომსყიდველურ მსხვერპლად, პირველ რიგში, ცხებულთათვის გაიღო (მარკოზი 10:45). როგორც ადამიანები, ისინი ‘მიწიერის ხატებას ატარებენ’, მაგრამ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ უკანასკნელი ადამის მსგავსი გახდებიან. რა თქმა უნდა, იესოს მიერ გაღებული მსხვერპლი ყველა მორჩილ ადამიანს ეხება და მათ შორის მათაც, რომლებიც დედამიწაზე საცხოვრებლად იქნებიან მკვდრეთით აღდგენილი (1 იოანე 2:1, 2).
15. რატომ არ ხდება ცხებულ ქრისტიანთა ხორციელი სხეულით აღდგომა და როგორ ხდება მათი მკვდრეთით აღდგომა ქრისტეს თანდასწრებისას?
15 როდესაც ცხებულები კვდებიან, ისინი ხორციელ სხეულში არ აღდგებიან (1 კორინთელთა 15:50—53). ხრწნადი სხეული, რომელიც ხორცისა და სისხლისგან შედგება, უხრწნელობასა და ზეციერ სამეფოს ვერ დაიმკვიდრებს. ზოგ ცხებულს დიდხანს არ უწევს სიკვდილის ძილით მიძინება. იესოს თანდასწრების დროს მიწიერი ცხოვრების ერთგულად დამთავრებისას ისინი ‘იცვლებიან ერთ წამში, თვალის დახამხამებაზე’. ისინი მაშინვე სულიერ ქმნილებად უხრწნელობასა და დიდებაში აღდგებიან. ბოლოს კი ქრისტეს ზეციერი „პატარძლის“ რაოდენობა 144 000-ს შეადგენს (გამოცხადება 14:1, სსგ; 19:7—9; 21:9; 1 თესალონიკელთა 4:15—17).
სიკვდილზე გამარჯვება!
16. პავლესა და ადრინდელ წინასწარმეტყველთა სიტყვების თანახმად, რა მოუვა ცოდვილი ადამისგან მემკვიდრეობით მიღებულ სიკვდილს?
16 პავლემ ტრიუმფალურად განაცხადა, რომ სიკვდილი სამუდამოდ შთაინთქმებოდა (1 კორინთელთა 15:54—57). როდესაც ხრწნადი და მოკვდავი უხრწნელობითა და უკვდავებით შეიმოსება, შესრულდება სიტყვები: „სიკვდილი შთაინთქა ძლევით“. „სად არის სიკვდილო, შენი ნესტარი? სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?“ (ესაია 25:8; ოსია 13:14). სასიკვდილო ნესტარი არის ცოდვა, ხოლო ცოდვის ძალა რჯულში იყო, რომელიც სასიკვდილო მსჯავრს სდებდა ცოდვილთ. მაგრამ იესოს მსხვერპლად შეწირვისა და მკვდრეთით აღდგომის შედეგად, ცოდვილი ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული სიკვდილი ჩვენზე ვეღარ გაიმარჯვებს (რომაელთა 5:12; 6:23).
17. როგორ ეხება დღევანდელ ქრისტიან მსახურებს 1-ლი კორინთელთა 15:58-ში ჩაწერილი სიტყვები?
17 „ამიტომ, ჩემო საყვარელო ძმანო, — თქვა პავლემ, — იყავით მტკიცენი და შეურყეველნი, მუდამ იუხვეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არაა თქვენი შრომა უფლის წინაშე“ (1 კორინთელთა 15:58). ეს სიტყვები დღევანდელ ცხებულთა დარჩენილ ნაწილსა და იესოს „სხვა ცხვრებს“ ეხება, მაშინაც კი, თუ ისინი ამ უკანასკნელ დღეებში კვდებიან (იოანე 10:16). სამეფოს შესახებ საქადაგებლად გაწეული მათი შრომა ფუჭი არ არის, რადგან მათ მკვდრეთით აღდგენა ელით. ამიტომ, როგორც იეჰოვას მსახურებმა, მთელი ძალ-ღონე უფლის საქმეებს მოვახმაროთ იმ დღის მოლოდინში, როდესაც შევძლებთ სიხარულით შევძახოთ: „სად არის, ჯოჯოხეთო, შენი ძლევა?“.
მკვდრეთით აღდგომის იმედი განხორციელდება!
18. რამდენად მყარი იყო პავლეს იმედი მკვდრეთით აღდგომასთან დაკავშირებით?
18 პავლეს სიტყვები, რომლებიც 1-ლი კორინთელთა მე-15 თაშვია მოყვანილი, ცხადყოფს, რომ მკვდრეთით აღდგომის იმედს მისთვის დიდი ძალა ჰქოდნა. ის სავსებით დარწმუნებული იყო, რომ იესო მკვდრეთით აღდგა და რომ სხვებიც აღდგებოდნენ საერთო საკაცობრიო სამარიდან. ხართ თქვენც ასევე მტკიცედ დარწმუნებული? პავლეს ეგოისტური უპირატესობანი ‘ნაგვად და წაგებად მიაჩნდა’, რათა შეძლებოდა ‘ქრისტესა და მისი აღდგომის ძალის შეცნობა’. მოციქული მზად იყო, ქრისტესავით მომკვდარიყო იმ იმედით, რომ ‘პირველ აღდგომაში’ ჰქონოდა წილი. „პირველი აღდგომა“ არის აღდგომა, რომელიც იესოს 144 000 ცხებულ მიმდევარს ეხება. დიახ, ისინი ზეციერ სულიერ ქმნილებებად ცოცხლდებიან, მაშინ როდესაც ‘სხვა მკვდრები’ დედამიწაზე იქნებიან აღდგენილი (ფილიპელთა 3:8—11; გამოცხადება 7:4, სსგ; 20:5, 6).
19, 20. ა) ბიბლიაში მოხსენიებული რომელი პიროვნებები აღდგებიან მკვდრეთით დედამიწაზე? ბ) ვის მკვდრეთით აღდგომას მოელით მთელი გულით?
19 მკვდრეთით აღდგომის იმედი დიდებული რეალობა გახდა იმ ცხებულთათვის, რომლებმაც სიკვდილამდე ერთგულება შეინარჩუნეს (რომაელთა 8:18; 1 თესალონიკელთა 4:15—18; გამოცხადება 2:10). ‘დიდ გასაჭირს’ გადარჩენილები იხილავენ, თუ როგორ გამართლდება დედამიწაზე მკვდრეთით აღდგომის იმედი, როდესაც ‘ზღვა, სიკვდილი და ჯოჯოხეთი დააბრუნებენ მათში მყოფ მკვდრებს’ (გამოცხადება 7:9, 13, 14; 20:13, სსგ). დედამიწაზე საცხოვრებლად აღდგენილთა შორის იქნება იობი, რომელმაც შვიდი ვაჟისა და სამი ქალიშვილის დაკარგვის მწუხარება გადაიტანა. წარმოიდგინეთ მისი სიხარული, როდესაც ის მათ კვლავ შეხვდება; რამდენად აღფრთოვანდებიან ისინიც, როდესაც ნახავენ, რომ კიდევ შვიდი ძმა და სამი მშვენიერი და შემატვიათ (იობი1:1, 2, 18, 19; 42:12—5).
20 რამხელა კურთხევა იქნება, როდესაც აბრაამი და სარა, ისაკი და რებეკა და სხვა მრავალი გარდაცვლილი, „ყველა წინასწარმეტყველის“ ჩათვლით, მკვდრეთით აღდგებიან და დედამიწაზე იცხოვრებენ! (ლუკა 13:28). ერთ-ერთი ამ წინასწარმეტყველთაგანი დანიელია, რომელსაც აღეთქვა მესიანური სამეფოს მმართველობის დროს მკვდრეთით აღდგომა. დაახლოებით 2 500 წელია, რაც დანიელი სამარეში განისვენებს, მაგრამ მკვდრეთით აღდგომის ძალის საშუალებით ის ‘აღდგება თავისი წილის მისაღებად’ და ‘მთელ დედამიწაზე დაყენებულ მთავართაგან’ ერთ-ერთი იქნება (დანიელი 12:13; ფსალმუნი 44:17). რამდენად აღმაფრთოვანებელი იქნება არა მარტო ძველი დროის ერთგულ ადამიანებთან შეხვედრა, არამედ საკუთარი მამის, დედის, ვაჟიშვილის, ქალიშვილის ან სხვა ახლობლის ნახვა, რომლებიც მტერმა, სიკვდილმა, წაგართვათ!
21. რატომ არ უნდა დავაყოვნოთ სხვებისთვის სიკეთის კეთება?
21 ჩვენს მეგობართაგან და ახლობელთაგან ზოგი შეიძლება უკვე ათეული წლებია, რაც ღმერთს ემსახურება და ასაკში არის შესული. ხანდაზმულობა შეიძლება მათ ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებას უძნელებს. რა სიყვარულით აღსავსე მზრუნველობა იქნება მათთვის ახლავე რამეში დახმარების აღმოჩენა! ასე მოქმედების შემდეგ იმ შემთხვევაში, თუ ისინი სიკვდილის მსხვერპლნი აღმოჩნდებიან, არ მოგვიწევს სინანულით ფიქრი, რომ მათთვის არაფერი გაგვიკეთებია (ეკლესიასტე 9:11; 12:1—7; 1 ტიმოთე 5:3, 8). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იეჰოვა არ დაივიწყებს ჩვენს მიერ სხვებისთვის, მათი ასაკისა და მდგომარეობის მიუხედავად, გაკეთებულ სიკეთეს. „მაშ, სანამ დროა, — წერდა მოციქული პავლე, — კეთილი ვუყოთ ყველას და მით უმეტეს ჩვენს თანამორწმუნეთ“ (გალატელთა 6:10, სსგ; ებრაელთა 6:10).
22. რა გადაწყვეტილებით უნდა ვიყოთ აღსავსე მანამ, სანამ მკვდრეთით აღდგომის იმედი განხორციელდება?
22 იეჰოვა ‘მოწყალების მამა და ყოველი ნუგეშის ღმერთია’ (2 კორინთელთა 1:3, 4). მისი სიტყვა გვანუგეშებს და საშუალებას გვაძლევს აღდგომის იმედით, რომელსაც დიდი ძალა აქვს, სხვებიც ვანუგეშოთ. მანამ, სანამ დედამიწაზე მკვდრეთით აღდგენის იმედი განხორციელდება, მოდი ვიყოთ პავლეს მსგავსი, რომელსაც სწამდა მკვდრეთით აღდგომა. განსაკუთრებით, მივბაძოთ იესოს, რომლის იმედიც იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთს მისი მკვდრეთით აღდგენის ძალა შესწევდა, გამართლდა. მალე სამარხებში მყოფნი გაიგებენ ქრისტეს ხმას და გამოვლენ. დაე ამ აზრმა გვანუგეშოს და გაგვახაროს. მაგრამ ყველაფერზე მეტად, მადლიერი ვიყოთ იეჰოვასი, რომელმაც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, მეშვეობით შესაძლებელი გახადა სიკვდილზე გამარჯვება!
როგორ უპასუხებდით?
• იესოს მკვდრეთით აღდგომის რომელ თვითმხილველთა მტკიცებები მოიყვანა პავლემ?
• რა არის „უკანასკნელი მტერი“ და როგორ განქარდება ის?
• ცხებულ ქრისტიანთა შემთხვევაში რა ითესება და რა აღდგება?
• ბიბლიაში მოხსენიებულ რომელ პიროვნებებთან ისურვებდით შეხვედრას დედამიწაზე მკვდრეთით აღდგომისას?
[სურათი 16 გვერდზე]
მოციქულმა პავლემ შესანიშნავად დაიცვა მკვდრეთით აღდგომის იმედი.
[სურათები 20 გვერდზე]
იობის, მისი ოჯახისა და მრავალი სხვა გარდაცვლილის მკვდრეთით აღდგომა უსაზღვრო სიხარულს მოგვანიჭებს!