სასწავლო სტატია 21
ნუ შეგაცდენთ „ამ ქვეყნიერების სიბრძნე“
„ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის“ (1 კორ. 3:19).
სიმღერა 98 ბიბლია — ღვთისგან შთაგონებული წიგნი
მოკლე შინაარსიa
1. რაში გვეხმარება ღვთის სიტყვა?
ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერი პრობლემიდან ვიპოვოთ გამოსავალი, რადგან იეჰოვაა ჩვენი „დიდებული მოძღვარი“ (ეს. 30:20, 21). მისი სიტყვა გვეხმარება, რომ „ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული . . . [ვიყოთ] ნებისმიერი კარგი საქმისთვის“ (2 ტიმ. 3:17). როცა ბიბლიური სწავლებების თანახმად ვცხოვრობთ, მათზე მეტ გონიერებას ვავლენთ, ვინც „ამ ქვეყნიერების სიბრძნეს“ უწევს პროპაგანდას (1 კორ. 3:19; ფსალმ. 119:97—100).
2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
2 როგორც ქვემოთ დავინახავთ, ქვეყნიერების სიბრძნე ხშირად ხორციელ სურვილებსაა მორგებული. ამიტომ ადვილი არ არის, რომ გავექცეთ ამ ქვეყნიერებისთვის დამახასიათებელ აზროვნებასა და საქციელს. ბიბლია მართებულად მოგვიწოდებს: „ფრთხილად იყავით: შეიძლება ვინმემ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებს“ (კოლ. 2:8). ამ სტატიაში ვისაუბრებთ, როგორ მოიპოვა პოპულარობა სატანის მიერ გავრცელებულმა ორმა ტყუილმა, რომელთაც ბიბლია „ფუჭ ცდუნებას“ უწოდებს. აგრეთვე დავინახავთ, რატომ არის ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურება და როგორ აღემატება ღვთის სიტყვის სიბრძნე იმ ყველაფერს, რასაც დღევანდელი ქვეყნიერება გვთავაზობს.
იცვლება ზნეობასთან დაკავშირებული შეხედულებები
3, 4. როგორ შეიცვალა მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში ზნეობასთან დაკავშირებით ხალხის შეხედულება?
3 მე-20 საუკუნის დასაწყისში ამერიკის შეერთებულ შტატებში ზნეობასთან დაკავშირებით საზოგადოების შეხედულება რადიკალურად შეიცვალა. მანამდე ხალხს მიაჩნდა, რომ სექსი მხოლოდ დაქორწინებულებს შორის იყო დაშვებული და ეს საჯარო განხილვის საგანი არ უნდა გამხდარიყო. თუმცა ზნეობაზე ადამიანების შეხედულება საგრძნობლად შეიცვალა და უზნეობის მიმართ უფრო შემწყნარებლები გახდნენ.
4 მე-20 საუკუნის მესამე ათწლეული „მშფოთვარე ოციანების“ სახელით გახდა ცნობილი. იმ პერიოდში სექსის მიმართ ადამიანების დამოკიდებულება ფუნდამენტურად შეიცვალა, რაც მათი ცხოვრების წესზეც აისახა. „ფილმები, თეატრალური წარმოდგენები, სიმღერები, წიგნები თუ რეკლამები უფრო სექსუალური შინაარსის გახდა“, — აღნიშნავს ერთი მკვლევარი. სექსუალური ელემენტები დაემატა როგორც ცეკვებს, ისე ჩაცმულობის სტილს. ბიბლიური წინასწარმეტყველების თანახმად, ბოლო დღეებში ადამიანები „სიამოვნებათა მოყვარულები“ გახდნენ (2 ტიმ. 3:4).
5. როგორ შეიცვალა მსოფლიოში ზნეობრივი ნორმები 1960-იანი წლების შემდეგ?
5 ქორწინების გარეშე თანაცხოვრება, ჰომოსექსუალიზმი და განქორწინება 1960-იანი წლებისთვის ჩვეულებრივ რამედ იქცა. გართობის ბევრ სახეობაში ეროტიკული სცენები უფრო ღიად იყო წარმოჩენილი. რა მოჰყვა ამას შედეგად? როგორც ერთმა მწერალმა აღნიშნა, საზოგადოების მხრიდან მორალური ნორმების უგულებელყოფას მოჰყვა ოჯახების ნგრევა, ემოციური ჭრილობები, პორნოგრაფიაზე დამოკიდებულება, ერთმშობლიანი ოჯახების მატება და სხვა მსგავსი პრობლემები. ქვეყნიერების სიბრძნე რომ უგუნურებაა, სხვა ყველაფერთან ერთად ამაზე სექსუალური გზით გადამდები ისეთი დაავადებების გახშირებაც მიანიშნებს, როგორიცაა მაგალითად შიდს-ი (2 პეტ. 2:19).
6. როგორ ასხამს სატანის წისქვილზე წყალს ქვეყნიერების შეხედულება სექსზე?
6 ქვეყნიერებაში სექსზე გავრცელებული შეხედულება სატანის წისქვილზე ასხამს წყალს. უეჭველია, მას სიამოვნებს იმის დანახვა, თუ როგორ აუფასურებს ხალხი ღვთისგან ბოძებულ ძღვენს — ქორწინებას, და რა უმართებულოდ იკმაყოფილებენ ისინი სექსუალურ სურვილებს, რომელიც ღმერთმა ადამიანს უბოძა (ეფეს. 2:2). სექსუალური უზნეობა მხოლოდ შვილების ყოლის შესანიშნავ ძღვენს კი არ უკარგავს ფასს, რომლითაც იეჰოვამ დაგვაჯილდოვა, არამედ მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობასაც ართმევს ადამიანებს (1 კორ. 6:9, 10).
ბიბლიის თვალსაზრისი ზნეობაზე
7, 8. რა სწორ შეხედულებას გვიყალიბებს ბიბლია სექსზე?
7 ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყნიერების სიბრძნეს იზიარებენ, აბუჩად იგდებენ ბიბლიურ ნორმებს და შეუძლებლად მიიჩნევენ მათ გათვალისწინებას. ზოგი ასეთ კითხვასაც კი სვამს: „თუ ღმერთმა სექსუალური სურვილები ჩადო ჩვენში, რატომღა გვთხოვს, რომ არ ავყვეთ მათ?“. ეს კითხვა დამახინჯებული შეხედულების გამოძახილია, რომ თითქოს ადამიანმა ყველა სურვილს გასაქანი უნდა მისცეს. მაგრამ ბიბლიიდან სრულიად განსხვავებულ აზრს ვიგებთ. ღვთის სიტყვა ამბობს, რომ იეჰოვამ არასწორი სურვილების გაკონტროლების უნარი მოგვცა, რაც ადამიანთა ღირსებას უსვამს ხაზს (კოლ. 3:5). გარდა ამისა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ღმერთმა დააფუძნა ქორწინება. ცოლქმრული კავშირი ადამიანებს საშუალებას მისცემდა, დაეკმაყოფილებინათ მართებული სექსუალური მოთხოვნილებები (1 კორ. 7:8, 9). დაქორწინებულ წყვილს სიამოვნებას ანიჭებს სქესობრივი კავშირი, რის შემდეგაც არც სინანულის და არც დაუცველობის გრძნობა არ უჩნდებათ. ხშირად სწორედ ასეთი გრძნობები ეუფლება მათ, ვინც სექსუალურ უზნეობას სჩადის.
8 ქვეყნიური სიბრძნისგან განსხვავებით, ბიბლია სწორ შეხედულებას გვიყალიბებს სექსზე. ის არ უარყოფს, რომ სქესობრივი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს (იგავ. 5:18, 19). თუმცა მოგვიწოდებს: „ყოველმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის ფლობა სიწმინდითა და პატივით და არა თავშეუკავებელი ვნებით იმ ხალხთა მსგავსად, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს“ (1 თეს. 4:4, 5).
9. ა) როგორ მოუწოდებდნენ მე-20 საუკუნის დასაწყისში იეჰოვას ხალხს, რომ ღვთის სიტყვის აღმატებული სიბრძნის თანახმად ეცხოვრათ? ბ) რა ბრძნული რჩევაა ჩაწერილი 1 იოანეს 2:15, 16-ში? გ) რომაელების 1:24—27-ის თანახმად, რას უნდა შევეწინააღმდეგოთ?
9 მეოცე საუკუნის დასაწყისში იეჰოვას ხალხი არ აჰყვა „ფუჭ ცდუნებას“ და არ გაიზიარა „ყველანაირად ზნედაცემული“ ადამიანების შეხედულებები (ეფეს. 4:19). ისინი ცდილობდნენ, ოდნავადაც არ გადაეხვიათ იეჰოვას ნორმებიდან. 1926 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკში“ აღნიშნული იყო: „კაციც და ქალიც წმინდა და შეურყვნელი უნდა იყოს როგორც ფიქრით, ისე საქმით, განსაკუთრებით საპირისპირო სქესთან ურთიერთობის დროს“. არ ჰქონდა მნიშვნელობა, როგორ ცხოვრობდა ხალხი იმ პერიოდში, იეჰოვას მსახურები ღვთის სიტყვის აღმატებული სიბრძნის თანახმად მოქმედებდნენ (წაიკითხეთ 1 იოანეს 2:15, 16). რაოდენ მადლიერნი ვართ, რომ გვაქვს ბიბლია! გარდა ამისა, ძალიან ვაფასებთ იეჰოვასგან მიღებულ დროულ სულიერ საზრდოს, რომელიც გვეხმარება, არ გავიზიაროთ ზნეობაზეb ამ ქვეყნიერების თვალსაზრისი (წაიკითხეთ რომაელების 1:24—27).
ხალხი საკუთარი თავის მოყვარული ხდება
10, 11. ბიბლიის გაფრთხილების თანახმად, როგორი გახდებოდა ხალხი ბოლო დღეებში?
10 ბიბლიამ გაგვაფრთხილა, რომ ბოლო დღეებში ადამიანები „საკუთარი თავის მოყვარულები“ გახდებოდნენ (2 ტიმ. 3:1, 2). ამიტომაც არ გვიკვირს, რომ ქვეყნიერება ეგოისტური აზროვნების პროპაგანდას ეწევა. ერთ ენციკლოპედიაში ნათქვამია, რომ 1970-იან წლებში მომრავლდა წიგნები, რომლებიც ადამიანებს წარმატების მიღწევის გზებს სთავაზობდა. ზოგიერთი წიგნი „მოუწოდებდა მკითხველს, გაეცნოთ და ისეთებად მიეღოთ საკუთარი თავი, როგორებიც იყვნენ, და ეამაყათ ამით“. მაგალითად, დავფიქრდეთ ერთ-ერთ ასეთ წიგნში მოყვანილ აზრზე: „გიყვარდეს საკუთარი თავი, რადგან შენა ხარ ყველაზე მშვენიერი, საინტერესო და ღირსეული ადამიანი, ვისაც კი ოდესმე უცხოვრია“. ეს წიგნი იმ აზრს უჭერდა მხარს, რომ ადამიანმა თავად უნდა გადაწყვიტოს, როგორ იცხოვროს და ის უნდა აკეთოს, რაც სწორი და მოსახერხებელია მისთვის.
11 ნაცნობია ეს აზრი თქვენთვის? სატანამ მსგავსი მოქმედებისკენ უბიძგა ევას და უთხრა, რომ „ღმერთივით სიკეთისა და ბოროტების“ მცოდნე გახდებოდა (დაბ. 3:5). დღეს ბევრს იმდენად დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე, რომ მათი აზრით არავის, ღმერთსაც კი, არა აქვს უფლება უკარნახოს, რა არის სწორი და რა არასწორი. ასეთი შეხედულება განსაკუთრებით ქორწინებისადმი დამოკიდებულებაში შეიმჩნევა.
12. ქორწინებისადმი რა დამოკიდებულებაა გავრცელებული ქვეყნიერებაში?
12 ბიბლია ქმრებსაც და ცოლებსაც ასწავლის, რომ პატივს სცემდნენ ერთმანეთს და აფასებდნენ ქორწინების აღთქმას. ის დაქორწინებულ წყვილს მოუწოდებს, რომ არ დაშორდნენ ერთმანეთს, რაც შემდეგი სიტყვებიდან ჩანს: „მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან“ (დაბ. 2:24). ამის საპირისპიროდ ამ ქვეყნიერების სიბრძნით მავალნი განსხვავებულ აზრს უჭერენ მხარს და ამბობენ, რომ ცოლიც და ქმარიც მხოლოდ საკუთარ საჭიროებებზე უნდა ზრუნავდეს. ერთ წიგნში, რომელიც განქორწინებას ეხება, აღნიშნულია, რომ «ზოგმა ქორწინების აღთქმაში სიტყვები „სანამ სიკვდილი არ დაგვაშორებს“ შეცვალა სიტყვებით „სანამ ერთმანეთი გვეყვარება“». ქორწინებისადმი ასეთი ზერელე დამოკიდებულების შედეგია უამრავი დანგრეული ოჯახი და ენით აუწერელი ემოციური ტკივილი. აშკარაა, რომ ქვეყნიერების მხრიდან ქორწინების მიმართ ასეთი უპატივცემულო დამოკიდებულება დიდი უგუნურებაა.
13. რატომ სძულს იეჰოვას ამაყი ადამიანები?
13 ბიბლიაში ნათქვამია: „ყველა გულით ამაყი სისაძაგლეა იეჰოვასთვის“ (იგავ. 16:5). რატომ სძულს იეჰოვას ამაყი ხალხი? ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ საკუთარ თავზე შეყვარებული ადამიანები, რომლებიც სხვებსაც ეგოიზმისკენ მოუწოდებენ, სატანის მსგავსად ქედმაღლები ხდებიან. წარმოიდგინეთ, სატანამ ისიც კი დაიჯერა, რომ იესო, რომელიც ღმერთთან ერთად ქმნიდა სამყაროს, დაემხობოდა და თაყვანს სცემდა მას! (მათ. 4:8, 9; კოლ. 1:15, 16). იმ ადამიანთა სიბრძნე, რომელთაც თავი დიდი ვინმე ჰგონიათ, უგუნურებაა ღვთისთვის.
ბიბლიის თვალსაზრისი საკუთარი თავის სიყვარულზე
14. როგორ გვეხმარება რომაელების 12:3, რომ გაწონასწორებული თვალსაზრისი გვქონდეს საკუთარ თავზე?
14 ბიბლია გვეხმარება, რომ საკუთარ თავზე გაწონასწორებული შეხედულება გვქონდეს. მასში ნათქვამია, რომ საკუთარი თავის ზომიერად სიყვარული მართებულიც კია. იესომ თქვა: „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“ (მათ. 19:19). ეს იმას ნიშნავს, რომ გონიერების ფარგლებში საკუთარ მოთხოვნილებებზე უნდა ვიზრუნოთ. თუმცა ბიბლია არ მოგვიწოდებს, რომ სხვებს თავი გადავამეტოთ. პირიქით, ის ამბობს: „ნურაფერს გააკეთებთ მეტოქეობითა და პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით ჩათვალეთ სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად“ (ფილ. 2:3; წაიკითხეთ რომაელების 12:3).
15. რატომ ფიქრობთ, რომ საკუთარი თავის სიყვარულთან დაკავშირებული ბიბლიური რჩევები პრაქტიკულია?
15 დღეს ბევრი, რომელთაც ქვეყნიერებაში განათლებულ ადამიანებად მიიჩნევენ, საკუთარი თავის სიყვარულთან დაკავშირებულ ბიბლიურ რჩევებს სისულელედ თვლის. მათი აზრით, თუ სხვებს საკუთარ თავზე აღმატებულად ჩათვლი, ადვილად დაგჩაგრავენ და გამოგიყენებენ. მაგრამ დაფიქრდით, სინამდვილეში რას იმკიან ისინი, ვინც სატანის ქვეყნიერებაში გავრცელებულ თვალსაზრისს იზიარებენ. თქვენი დაკვირვებით, არიან ეგოისტი ადამიანები ბედნიერები? აქვთ მათ ბედნიერი ოჯახები? ჰყავთ ნამდვილი მეგობრები? აქვთ ღმერთთან ახლო ურთიერთობა? ქვეყნიური სიბრძნის გათვალისწინებას უფრო კარგი შედეგები მოაქვს თუ ბიბლიური სიბრძნის თანახმად ცხოვრებას?
16, 17. რისთვის ვართ მადლიერნი და რატომ?
16 ისინი, ვინც ქვეყნიერების თვალში ბრძენი და განათლებული ადამიანების რჩევებს ითვალისწინებენ, ჰგვანან გზააბნეულ ტურისტებს, რომლებიც ერთმანეთს ეკითხებიან გზას. იესომ იმ დროში მცხოვრებ ეგრეთ წოდებულ ბრძენებზე თქვა: „ბრმა მეგზურები არიან. თუ ბრმას ბრმა მიუძღვის, ორივე ორმოში ჩავარდება“ (მათ. 15:14). აშკარაა, რომ ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის.
17 ბიბლიაში ჩაწერილი ბრძნული რჩევები ყოველთვის „სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად“ (2 ტიმ. 3:16). ჩვენ მადლიერნი ვართ იეჰოვასი, რომ თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვიცავს ამ ქვეყნიერების სიბრძნის გავლენისგან! (ეფეს. 4:14). მისგან მოწვდილი სულიერი საზრდო ძალას გვმატებს, რომ მის სიტყვაში ჩაწერილი ზნეობრივი ნორმების თანახმად ვიცხოვროთ. რა ბედნიერებაა, რომ თავისი სიტყვის მეშვეობით იეჰოვა გვაბრძენებს და სანდო ხელმძღვანელობას გვიწევს!
სიმღერა 54 „ეს არის გზა“
a ეს სტატია უფრო მეტად დაგვარწმუნებს, რომ სანდო ხელმძღვანელობის ერთადერთი წყარო იეჰოვაა. აგრეთვე დაგვანახვებს, რა სავალალო შედეგები მოჰყვება ქვეყნიერების სიბრძნით მოქმედებას და რამდენად სასიკეთოა ღვთის სიტყვის თანახმად ცხოვრება.
b იხილეთ „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევები“, ტომი 1, თავები 24—26 და ტომი 2, თავები 4, 5.
c სურათის აღწერა: ნაჩვენებია ქრისტიანი წყვილის ცხოვრების სხვადასხვა ეპიზოდი. 1960-იანი წლების მიწურული — ისინი სასიხარულო ცნობას ქადაგებენ.
d სურათის აღწერა: 1980-იანი წლები — ქმარი ზრუნავს ავადმყოფ ცოლზე; მათი პატარა გოგონაც მათ გვერდითაა.
e სურათის აღწერა: დღეს წყვილი სიამოვნებით იხსენებს იეჰოვას მსახურებაში გატარებულ წლებს. მშობლების სიხარულს იზიარებს მათი ქალიშვილი თავის ქმარ-შვილთან ერთად.