„არ ცდუნდეთ“
„იფხიზლეთ და განუწყვეტლივ ილოცეთ, რომ არ ცდუნდეთ“ (მათე 26:41).
მსგავს სტრესულ სიტუაციაში ის არასოდეს ყოფილა. ღვთის ძის, იესო ქრისტეს, მიწიერი სიცოცხლე დასასრულს უახლოვდებოდა. იესოს ესმოდა, რომ მალე მას დაიჭერდნენ, სიკვდილს მიუსჯიდნენ და წამების ბოძზე გააკრავდნენ. მან იცოდა, რომ მისი ნებისმიერი გადაწყვეტილება და მოქმედება გავლენას მოახდენდა თავისი ზეციერი მამის სახელზე. მას ისიც ესმოდა, რომ ახლა კაცობრიობის მომავალი სიცოცხლის პერსპექტივის საკითხი წყდებოდა. როგორ მოიქცა ის ამ სტრესულ სიტუაციაში?
2 იესო მოწაფეებთან ერთად გეთსემანეს ბაღისკენ გაემართა. ეს მისი საყვარელი ადგილი იყო. ბაღში მისვლისას, მან მოწაფეები ერთ ადგილას დატოვა და თვითონ ცოტა მოშორებით გავიდა. იქ მან მხურვალე ლოცვაში გული გადმოღვარა ზეციერი მამის წინაშე. ის ძალებს სთხოვდა ღმერთს და ლოცვით ზედიზედ სამჯერ მიმართა. მართალია იესო სრულყოფილი იყო, ის არ ფიქრობდა, რომ საკუთარი ძალებით შეძლებდა რთულ სიტუაციასთან გამკლავებას (მათე 26:36—44).
3 დღეს ჩვენც სტრესულ სიტუაციებში გვიწევს ცხოვრება. ბროშურის წინა ნაწილებში განვიხილეთ, რომ ახლა ამ ბოროტი სისტემის ბოლო დღეებია. სატანის ქვეყნიერება სულ უფრო მეტად ცდილობს, გვაცდუნოს და ჩვენზე ზეწოლა მოახდინოს. ღვთის თითოეული მსახურის გადაწყვეტილებები და მოქმედებები გავლენას ახდენს იეჰოვას სახელზე და თითოეული მათგანის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების პერსპექტივაზე. ჩვენ გვიყვარს იეჰოვა. გვსურს ბოლომდე მოვითმინოთ — ჩვენი სიცოცხლის ან ამ სისტემის ბოლომდე, იმისდა მიხედვით, თუ რა უფრო ადრე მოვა (მათე 24:13). რა დაგვეხმარება, ყოველთვის გვახსოვდეს, რომ მნიშვნელოვანია გადაუდებელი მოქმედება და სიფხიზლე?
4 იესომ იცოდა, რომ მისი მოწაფეები — როგორც პირველ საუკუნეში, ასევე დღესაც — სირთულეებს წააწყდებოდნენ, ამიტომ გაგვაფრთხილა: „იფხიზლეთ და განუწყვეტლივ ილოცეთ, რომ არ ცდუნდეთ“ (მათე 26:41). რას ნიშნავს ეს სიტყვები ჩვენთვის? რა ცდუნებებს ვხვდებით? და რა დაგვეხმარება სიფხიზლეში?
რისი კეთების ცდუნება?
5 თითოეულ ჩვენგანს გვიწევს სხვადასხვა ცდუნებებთან ბრძოლა, რათა არ გავებათ „ეშმაკის მახეში“ (2 ტიმოთე 2:26). ბიბლია გვაფრთხილებს, რომ სატანის განსაკუთრებული სამიზნე იეჰოვას თაყვანისმცემლები არიან (1 პეტრე 5:8; გამოცხადება 12:12, 17). რა მიზანი აქვს სატანას? მისი მიზანი არ არის ჩვენი მოკვლა. თუ სიკვდილამდე ღვთისადმი ერთგულები დავრჩებით, ეს სატანისთვის გამარჯვებას არ ნიშნავს. მან იცის, რომ იეჰოვა დანიშნულ დროს მკვდრეთით აღადგენს მიცვალებულებს (ლუკა 20:37, 38).
6 სატანის მიზანი ჩვენთვის სიცოცხლის დროებითი წართმევა კი არ არის, არამედ ბევრად უფრო ძვირფასი რამისთვის — ღვთისადმი ჩვენი ერთგულებისთვის — ძირის გამოთხრაა. სატანა გამძვინვარებულია და ბოლო ძალებს იკრებს იმის დასამტკიცებლად, რომ მას შეუძლია იეჰოვასგან ჩვენი ჩამოშორება. თუ ის ორგულობისკენ გვიბიძგებს, მაგალითად, შეგვაწყვეტინებს სასიხარულო ცნობის ქადაგებას ან დაგვარღვევინებს ქრისტიანულ ნორმებს, ეს იქნება მისთვის გამარჯვება (ეფესოელები 6:11—13). ასე რომ, „მაცდური“ წინ უამრავ ცდუნებას გვახვედრებს (მათე 4:3).
7 სატანის „ხრიკები“ მრავალგვარია (ეფესოელები 6:11). მას შეუძლია გვაცდუნოს მატერიალიზმით, შიშით, ეჭვებით ან სიამოვნებათა ძიებით. თუმცა მისი ერთ-ერთი მძლავრი იარაღი გულგატეხილობაა. ის მზაკვარია და იცის, რომ, თუ გული გაგვიტყდა, ადვილი იქნება ჩვენი დამარცხება (იგავები 24:10). ამიტომ განსაკუთრებით მაშინ გვიბიძგებს, ყველაფერზე ხელი ჩავიქნიოთ, როცა ემოციურად დაცემულები ვართ (ფსალმუნები 37:9).
8 რაც უფრო ვუახლოვდებით ბოლო დღეების დასასრულს, მით უფრო მეტი მიზეზი ჩნდება გულგატეხილობისთვის და ამისგან არც ჩვენ ვართ დაზღვეულები (იხილეთ ჩარჩო „გულგატეხილობის რამდენიმე მიზეზი“). გულგატეხილობა სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული, მაგრამ ის ნებისმიერ შემთხვევაში გვართმევს ძალებს. თუ ფიზიკურად, გონებრივად და ემოციურად გამოფიტულები ვართ, რთულია „ხელსაყრელი დროის“ გამოსყიდვა სულიერი მოვალეობებისთვის — ბიბლიის კითხვისთვის, ქრისტიანული შეხვედრებისთვის, სამქადაგებლო მსახურებისთვის (ეფესოელები 5:15, 16). ნუ დაივიწყებთ, რომ „მაცდურს“ ჩვენი შეჩერება სურს და ახლა არ არის სვლის შენელების ან იმის დავიწყების დრო, რომ საჭიროა გადაუდებელი მოქმედება! (ლუკა 21:34—36). რა დაგეხმარებათ ცდუნებებთან ბრძოლაში და სიფხიზლის შენარჩუნებაში? განვიხილოთ ოთხი რჩევა.
„განუწყვეტლივ ილოცეთ“
9 მიენდეთ იეჰოვას ლოცვის მეშვეობით. გაიხსენეთ, რას აკეთებდა იესო გეთსემანეს ბაღში. როგორ მოიქცა ის სტრესულ სიტუაციაში? მან იეჰოვას მიმართა დახმარებისთვის. იესო ისე მხურვალედ ლოცულობდა, რომ „მისი ოფლი სისხლის წვეთებად იქცა და მიწას ეპკურებოდა“ (ლუკა 22:44). დაფიქრდით: იესო კარგად იცნობდა სატანას; ის ზეციდან ხედავდა, რა ცდუნებებს იყენებდა სატანა ღვთის მსახურთა მახეში გასაბმელად. მიუხედავად ამისა, იესოს არ უფიქრია, რომ ადვილად გაართმევდა თავს „მაცდურის“ მიერ მისთვის მომზადებულ ცდუნებებს. თუ ღვთის სრულყოფილმა ძემ ჩათვალა საჭიროდ, ღვთის დახმარებისთვის ელოცა, რამდენად უფრო მეტად გვჭირდება ეს ჩვენ! (1 პეტრე 2:21).
10 ნურც იმას დაივიწყებთ, რომ იმის შემდეგ, რაც იესომ თავის მოწაფეებს უთხრა, განუწყვეტლივ ელოცათ, მან თქვა: „სული მონდომებულია, ხორცი კი — სუსტი“ (მათე 26:41). ვის ხორცს გულისხმობდა იესო? ცხადია, ის არ საუბრობდა საკუთარ ხორცზე ანუ სრულყოფილ ხორციელ სხეულზე, რომელშიც არ იყო არანაირი სისუსტე (1 პეტრე 2:22). მისი მოწაფეები კი არ იყვნენ ასეთები. მემკვიდრეობით მიღებული არასრულყოფილებისა და ცოდვილი მიდრეკილებების გამო, მათ განსაკუთრებული დახმარება სჭირდებოდათ ცდუნებებთან ბრძოლაში (რომაელები 7:21—24). სწორედ ამიტომ მოუწოდა მან თავის მოწაფეებს — და საერთოდ ყველა ჭეშმარიტ ქრისტიანს — ცდუნების წინაშე ყოფნისას დახმარებისთვის ელოცათ (მათე 6:13). იეჰოვა პასუხობს ასეთ ლოცვებს (ფსალმუნები 64:3). როგორ? სულ მცირე, ორი საშუალებით.
11 პირველი: ღმერთი გვეხმარება ცდუნების დანახვაში. სატანის ცდუნებები ბნელ ადგილას დაგებულ მახეს შეიძლება შევადაროთ. თუ ვერ ხედავ, ადვილად გაებმები მასში. ბიბლიისა და მასზე დაფუძნებული პუბლიკაციების დახმარებით იეჰოვა ნათელს ჰფენს სატანის ხრიკებს და ამით გვეხმარება, ავერიდოთ ცდუნებებს. უკვე მრავალი წელია, რაც პუბლიკაციებში და კონგრესებზე რეგულარულად გვაფრთხილებენ ისეთ საშიშროებებზე, როგორიცაა კაცთმოშიშება, სექსუალური უზნეობა, მატერიალიზმი და სატანის სხვა ცდუნებები (იგავები 29:25; 1 კორინთელები 10:8—11; 1 ტიმოთე 6:9, 10). განა მადლიერი არა ვართ იეჰოვასი, რომ გვაფრთხილებს სატანის ზრახვების შესახებ? (2 კორინთელები 2:11). ყველა ეს გაფრთხილება პასუხია თქვენს ლოცვებზე, რომლებშიც ღმერთს დახმარებას სთხოვდით ცდუნებებთან საბრძოლველად.
12 მეორე: იეჰოვა პასუხობს ჩვენს ლოცვებს იმით, რომ ცდუნების დასაძლევად ძალებს გვაძლევს. მისი სიტყვა გვეუბნება: „ღმერთი . . . არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომელიც თქვენს შესაძლებლობას აღემატება, და გამოსავალსაც მოგცემთ, რომ მოითმინოთ“ (1 კორინთელები 10:13). ღმერთი არასოდეს დაუშვებს, იმდენად დიდი ცდუნების წინაშე დავდგეთ, რომ სულიერი ძალები არ გვეყოს მის დასაძლევად. მაგრამ მნიშვნელოვანია, ყოველთვის მასზე ვიყოთ მინდობილი. როგორ მოგვცემს ის გამოსავალს? ის წმინდა სულს აძლევს მათ, ვინც სთხოვს (ლუკა 11:13). ამ სულს შეუძლია დაგვეხმაროს ისეთი ბიბლიური პრინციპების გახსენებაში, რომლებიც სწორად მოქცევის სურვილს განგვიმტკიცებს და ბრძნულ გადაწყვეტილებებს მიგვაღებინებს (იოანე 14:26; იაკობი 1:5, 6). წმინდა სული დაგვეხმარება იმ თვისებების გამოვლენაში, რომლებიც არასწორ მიდრეკილებებს დაგვაძლევინებს (გალატელები 5:22, 23). ღვთის წმინდა სულს შეუძლია ჩვენი თანამორწმუნეებიც აქციოს ჩვენს „დამხმარეებად და გამაძლიერებლებად“ (კოლოსელები 4:11). განა არ გეუფლებათ მადლიერების გრძნობა, რომ იეჰოვა ასე სიყვარულით გვპასუხობს დახმარების შესახებ ლოცვებზე?
გქონდეთ რეალისტური მოლოდინი
13 სიფხიზლის შესანარჩუნებლად საჭიროა გვქონდეს რეალისტური მოლოდინი. ცხოვრებისეული პრობლემების გამო დროდადრო ყველა ვიქანცებით. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ღმერთს არ უთქვამს, ამ სისტემაში უპრობლემო ცხოვრება გექნებათო. ბიბლიურ დროშიც კი ღვთის მსახურები სხვადასხვაგვარ პრობლემას ხვდებოდნენ, მაგალითად, დევნას, სიღარიბეს, გულგატეხილობასა და ავადმყოფობას (საქმეები 8:1; 2 კორინთელები 8:1, 2; 1 თესალონიკელები 5:14; 1 ტიმოთე 5:23).
14 არც ჩვენ ვცხოვრობთ დღეს უპრობლემოდ. შეიძლება გვდევნიან, გვაქვს ფინანსური სირთულეები, გვიწევს დეპრესიასთან ბრძოლა, ჯანმრთელობა გვიუარესდება და სხვა მრავალ პრობლემას ვხვდებით. თუ იეჰოვა სასწაულებრივად აგვარიდებდა ყველა სირთულეს, განა ეს სატანას იმის საბაბს არ მისცემდა, რომ დაეცინა იეჰოვასთვის?! (იგავები 27:11). ამიტომაც იეჰოვამ დაუშვა ცდუნებები და განსაცდელები; ზოგი თავისი მსახურის შემთხვევაში — მდევნელების ხელით უდროო სიკვდილიც კი (იოანე 16:2).
15 მაშ, რას გვპირდება იეჰოვა? როგორც უკვე აღვნიშნეთ, ის დაგვპირდა, რომ ცდუნების დასაძლევად ძალებს მოგვცემს, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მას სრულად ვენდობით (იგავები 3:5, 6). თავისი სიტყვის, წმინდა სულისა და ორგანიზაციის საშუალებით ის სულიერად გვიცავს და გვეხმარება მასთან ურთიერთობის შენარჩუნებაში. და მასთან ურთიერთობას თუ არ დავკარგავთ, თუნდაც რომ მოვკვდეთ, მაინც გამარჯვებულები ვიქნებით. ვერაფერი — თავისი ერთგული მსახურების სიკვდილიც კი — ვერ შეუშლის ხელს ღმერთს, რომ დააჯილდოოს ისინი (ებრაელები 11:6). გარდა ამისა, იეჰოვას ვერაფერი შეუშლის ხელს, რომ მოახლოებულ ახალ ქვეყნიერებაში ბოლომდე შეუსრულოს ყველა შესანიშნავი დანაპირები მათ, ვისაც ის უყვარს (ფსალმუნები 144:16).
გახსოვდეთ, რა საკითხები წყდება
16 ბოლომდე რომ მოვითმინოთ, საჭიროა გვახსოვდეს, რა მნიშვნელოვანი საკითხები წყდება, რის გამოც ღმერთმა ბოროტება დაუშვა. ზოგჯერ შეიძლება იმდენად დაგვქანცოს პირადმა პრობლემებმა, რომ დანებების ცდუნება გაგვიჩნდეს. მაგრამ ამ დროს კარგია შევახსენოთ საკუთარ თავს, რომ სატანამ იეჰოვას უზენაესი ხელისუფლების მართებულობა დააყენა ეჭვქვეშ. მაცდურმა ღვთის თაყვანისმცემელთა ერთგულებაშიც შეიტანა ეჭვი (იობი 1:8—11; 2:3, 4). ეს საკითხები და იეჰოვას მიერ არჩეული მათი გადაჭრის გზა ჩვენს სიცოცხლეზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. რატომ?
17 იმან, რომ ღმერთმა დროებით სირთულეები დაუშვა, ბევრ ადამიანს ჭეშმარიტების გაგების საშუალება მისცა. დაუფიქრდით: იესო იმისთვის ეტანჯა, რომ ჩვენ გვეცოცხლა (იოანე 3:16). განა მადლიერები არა ვართ ამისთვის? და ნუთუ არ გვსურს, ცოტაც მოვითმინოთ სირთულეები, რომ კიდევ უფრო მეტმა შეძლოს სიცოცხლის მიღება? ბოლომდე რომ მოვითმინოთ, უნდა ვაღიარებდეთ იეჰოვას სიბრძნის აღმატებულებას (ესაია 55:9). ის ბოროტებს სწორედ მაშინ მოუღებს ბოლოს, როცა საუკეთესო დრო იქნება წამოჭრილი საკითხების ერთხელ და სამუდამოდ მოსაგვარებლად და ჩვენი მარადიული კეთილდღეობის მისაღწევად. განა შეიძლება ეს სხვაგვარად ყოფილიყო? ღმერთი უსამართლო არ არის (რომაელები 9:14—24).
„დაუახლოვდით ღმერთს“
18 საჭიროა ახლო ურთიერთობა გვქონდეს ღმერთთან, თუ გვინდა, არ დავკარგოთ იმის შეგრძნება, რომ ახლა დაუყოვნებელი მოქმედების დროა. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სატანა ყოველ ღონეს ხმარობს იეჰოვასთან ჩვენი კარგი ურთიერთობის დასარღვევად. სატანას სურს, გვაფიქრებინოს, რომ აღსასრული არასოდეს დადგება და აზრი არა აქვს სასიხარულო ცნობის ქადაგებას ან ბიბლიური ნორმების თანახმად ცხოვრებას. მაგრამ ის „ცრუა და სიცრუის მამაა“ (იოანე 8:44). ჩვენ მთელი ძალებით უნდა ‘გავუწიოთ წინააღმდეგობა ეშმაკს’. არასოდეს უნდა მოვეკიდოთ არასერიოზულად იეჰოვასთან ურთიერთობას. ბიბლია სიყვარულით მოგვიწოდებს: „დაუახლოვდით ღმერთს და ისიც დაგიახლოვდებათ“ (იაკობი 4:7, 8). როგორ შეიძლება ღმერთთან დაახლოება?
19 მნიშვნელოვანია ლოცვა და ფიქრი. როცა ცხოვრებისეული საზრუნავი მძიმე ტვირთად გაწვებათ, გული გადაუშალეთ იეჰოვას. რაც უფრო კონკრეტულად ილოცებთ, მით უფრო ნათლად დაინახავთ პასუხს თქვენს თხოვნაზე. შეიძლება ყოველთვის ისეთი პასუხი არ მიიღოთ, როგორსაც ელოდებით, მაგრამ ღვთის განდიდება და მისდამი ერთგულება თუ გაქვთ გადაწყვეტილი, ის საჭირო დახმარებას მოგცემთ, რომ შეძლოთ პრობლემების გადატანა (1 იოანე 5:14). როცა ცხოვრებაში ღვთის ხელმძღვანელობას დაინახავთ, ეს უფრო დაგაახლოებთ მასთან. აგრეთვე მნიშვნელოვანია, იკითხოთ ბიბლია, რათა მეტი გაიგოთ იეჰოვას თვისებებისა და მოქმედებების შესახებ; წაკითხულზე ფიქრიც დიდ სარგებლობას მოგიტანთ. ეს დაგეხმარებათ ღვთის უკეთ გაცნობაში; ეს თქვენს გულს შეეხება და ღვთის მიმართ სიყვარულს გაგიღრმავებთ (ფსალმუნები 18:15). სიყვარული კი, სხვა ყველაფერზე მეტად, დაგეხმარებათ ცდუნებების დაძლევასა და სიფხიზლეში (1 იოანე 5:3).
20 იეჰოვასთან ახლო ურთიერთობისთვის მნიშვნელოვანია, თანამორწმუნეებთანაც გვქონდეს ახლო ურთიერთობა. ბროშურის ბოლო ნაწილში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ.
სასწავლო კითხვები
• რას აკეთებდა იესო სტრესულ სიტუაციაში, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ საათებში ჰქონდა, და რისკენ მოუწოდა მან თავის მოწაფეებს? (აბზ. 1—4).
• რატომ გაიხადა სატანამ სამიზნედ იეჰოვას თაყვანისმცემლები და რით ცდილობს ის ჩვენს ცდუნებას? (აბზ. 5—8).
• ცდუნებების დასაძლევად, რატომ უნდა ვილოცოთ განუწყვეტლივ (აბზ. 9—12), გვქონდეს რეალისტური მოლოდინი (აბზ. 13—15), გვახსოვდეს, რა საკითხები წყდება ახლა (აბზ. 16, 17) და დავუახლოვდეთ ღმერთს (აბზ. 18—20)?
[ჩარჩო 25 გვერდზე]
გულგატეხილობის რამდენიმე მიზეზი
ჯანმრთელობა/ასაკი. თუ ქრონიკული დაავადება გვაქვს ან ასაკი გვზღუდავს, შეიძლება გულგატეხილობის გრძნობა დაგვეუფლოს, რადგან ღვთის მსახურებაში ბევრს ვეღარ ვაკეთებთ (ებრაელები 6:10).
იმედგაცრუება. შეიძლება გულს გვწყვეტს ის, რომ ღვთის სიტყვის ქადაგების დროს ბევრი არ გვისმენს (იგავები 13:12).
პირადი ღირსების შელახვა. არაერთი წლის მანძილზე ცუდი მოპყრობის გამო ადამიანს შეიძლება ისეთი გრძნობა გაუჩნდეს, რომ ის არავის უყვარს, თვით იეჰოვასაც (1 იოანე 3:19, 20).
ემოციური ჭრილობები. ადამიანს ვინმეს საქციელმა შეიძლება იმდენად ატკინოს გული, რომ წყენის გამო ქრისტიანულ შეხვედრებზე დასწრების ან ქადაგების შეწყვეტის ცდუნება გაუჩნდეს (ლუკა 17:1).
დევნა. ისინი, რომლებიც თქვენს რწმენას არ იზიარებენ, შეიძლება გეწინააღმდეგებიან, გდევნიან ან დაგცინიან (2 ტიმოთე 3:12; 2 პეტრე 3:3, 4).
[სურათი 26 გვერდზე]
იესომ დაბეჯითებით გვირჩია, რომ ცდუნებების დასაძლევად განუწყვეტლივ ვილოცოთ.