-
„ყოველგვარი ნუგეშის მამა“საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 სექტემბერი
-
-
სირთულეების, წყენის, მარტოობისა თუ სხვა მრავალი მიზეზის გამო შეიძლება დამწუხრდეთ და გულგატეხილობამდეც კი მიხვიდეთ. ასეთ დროს შეიძლება საგონებელში ჩავარდეთ და დახმარება დაგჭირდეთ. 2 კორინთელების 1:3, 4-ში ჩაწერილი პავლე მოციქულის სიტყვები ყურადღებას ამახვილებს მასზე, ვინც ყოველთვის გვანუგეშებს — იეჰოვა ღმერთზე.
მესამე მუხლში ღმერთს ‘თანაგრძნობის მამა’ ეწოდება. რას ნიშნავს ეს სიტყვები? „თანაგრძნობად“a გადმოტანილი ბერძნული სიტყვა შესაძლოა გულისხმობდეს სხვისი გაჭირვების გულთან ახლოს მიტანას. ბიბლიის ერთ ცნობარში ნათქვამია, რომ ეს სიტყვა შეიძლება ნიშნავდეს „სიბრალულის გამოხატვას“ ან „მთელი გულით ზრუნვას“. ღმერთს „თანაგრძნობა“ მოქმედებისკენ აღძრავს. განა არ აღგვძრავს ღვთის თანაგრძნობა იმისკენ, რომ დავუახლოვდეთ მას?!
პავლე აგრეთვე იეჰოვას „ყოველგვარი ნუგეშის მამად“ მოიხსენიებს. ის აქ იყენებს სიტყვას, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს „გასაჭირსა თუ მწუხარებაში მყოფი ადამიანის ნუგეშისცემაზე, დახმარების აღმოჩენასა თუ გამხნევებაზე“. ბიბლიის ერთ ლექსიკონში ნათქვამია: „ჩვენ გასაჭირში მყოფს იმით ვანუგეშებთ, რომ ვეხმარებით მას გაუძლოს ტკივილსა თუ განსაცდელს“ („The Interpreter’s Bible“).
თქვენ შეიძლება გაინტერესებთ, თუ როგორ გვანუგეშებს ღმერთი და როგორ გვაძლევს ის ძალებს ტკივილისა თუ განსაცდელების ასატანად. ღმერთი ძირითადად თავისი სიტყვის, ბიბლიისა და ლოცვის მეშვეობით გვანუგეშებს. პავლე გვეუბნება, რომ ღმერთი სიყვარულით გვაძლევს თავის სიტყვას, რათა ჩვენ „წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“. გარდა ამისა, მხურვალე ლოცვების მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (რომაელები 15:4; ფილიპელები 4:7).
-
-
„ყოველგვარი ნუგეშის მამა“საგუშაგო კოშკი — 2008 | 1 სექტემბერი
-
-
a ღმერთს ეწოდება ‘თანაგრძნობის მამა’, ანუ თანაგრძნობა მისგან მომდინარეობს. ეს თვისება ღვთის პიროვნების განუყოფელი ნაწილია.
-