მიენდეთ იეჰოვას, „ყოველგვარი ნუგეშის მამას“
„კურთხეული იყოს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, თანაგრძნობისა და ყოველგვარი ნუგეშის მამა“ (2 კორ. 1:3).
1. ასაკის მიუხედავად, რა სჭირდება ყველას?
დაბადებიდანვე თითოეული ჩვენგანი საჭიროებს ნუგეშს. ბავშვი ტირილით ითხოვს ყურადღებას. შესაძლოა, ხელში აყვანა უნდა ან უბრალოდ შია. მაშინაც კი, როდესაც ასაკი გვემატება, ხშირად გვინდა, რომ ყურადღება მოგვაქციონ და გვანუგეშონ, განსაკუთრებით, როცა სირთულეებს ვხვდებით.
2. როგორ გვარწმუნებს იეჰოვა, რომ ანუგეშებს ყველას, ვინც მასზეა მინდობილი?
2 მართალია, ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შეუძლიათ გარკვეულწილად გვანუგეშონ, მაგრამ ზოგჯერ ისეთ მდგომარეობაში შეიძლება აღმოვჩნდეთ, რომ ადამიანმა ვერ შეძლოს ჩვენი ნუგეშისცემა. მხოლოდ ღმერთს შესწევს ძალა, გვანუგეშოს ნებისმიერ სიტუაციაში. ბიბლია გვარწმუნებს: „იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას მოუხმობს . . . მოისმენს მათ ღაღადს, როცა დახმარებას სთხოვენ“ (ფსალმ. 145:18, 19). დიახ, „იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი და ყური — მათი ღაღადისკენ, როცა შველას სთხოვენ“ (ფსალმ. 34:15). მაგრამ, თუ გვსურს ღვთისგან მხარდაჭერისა და ნუგეშის მიღება, უნდა მივენდოთ მას. ამას ფსალმუნმომღერალი დავითის სიტყვები ცხადყოფს: „იეჰოვა იქნება თავშესაფარი მაღლობზე ყოველი დაჩაგრულისთვის, მაღლობზე მდებარე თავშესაფარი გაჭირვების დროს. შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი, რადგან შენ არ მიატოვებ შენს მაძიებლებს, იეჰოვა“ (ფსალმ. 9:9, 10).
3. რა მაგალითით ცხადყო იესომ, რომ იეჰოვას უყვარს თავისი ხალხი?
3 იეჰოვასთვის ძვირფასია ყველა მისი თაყვანისმცემელი. ეს ჩანს იესოს სიტყვებიდან: „განა ხუთ ბეღურას ორ მონეტად არ ყიდიან? მაგრამ ღმერთს არც ერთი მათგანი არ ავიწყდება. თქვენს თავზე კი თმაც დათვლილია. ნუ გეშინიათ: უამრავ ბეღურაზე ძვირფასნი ხართ“ (ლუკ. 12:6, 7). წინასწარმეტყველ იერემიას პირით იეჰოვამ ისრაელ ერს უთხრა: „მარადიული სიყვარულით შეგიყვარე, და ამიტომაც მოგიზიდე სიკეთით“ (იერ. 31:3).
4. რატომ შეგვიძლია ვენდოთ იეჰოვას დაპირებებს?
4 იეჰოვასა და მისი დაპირებებისადმი ნდობა რთულ სიტუაციებში გვანუგეშებს. ჩვენ ისევე უნდა მივენდოთ ღმერთს, როგორც იესო ნავეს ძე, რომელმაც თქვა: „არ გამტყუნებულა არც ერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც იეჰოვამ, თქვენმა ღმერთმა გითხრათ, ყველა შეგისრულდათ, არც ერთი არ გამტყუნებულა“ (იეს. 23:14). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ მაშინაც კი, როცა სერიოზული პრობლემის გამო დათრგუნული ვართ, „ღმერთი ერთგულია“ და არასდროს მიატოვებს თავის ერთგულ მსახურებს (წაიკითხეთ 1 კორინთელების 10:13 ).
5. როგორ შეგვიძლია ვანუგეშოთ სხვები?
5 იეჰოვას შესახებ მოციქული პავლე ამბობს, რომ ის „ყოველგვარი ნუგეშის მამაა“. ნუგეშისცემა ნიშნავს დამწუხრებული ან გაჭირვებაში მყოფი ადამიანის დამშვიდებასა და დაწყნარებას. ამის გაკეთება შესაძლებელია მხარში ამოდგომითა და თანაგრძნობით. იეჰოვაც სწორედ ასე იქცევა (წაიკითხეთ 2 კორინთელების 1:3, 4 ). ჩვენს ზეციერ მამას ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს, გვანუგეშოს. ასე რომ, მას შეუძლია გააკეთოს ყველაფერი თავისი ერთგული მსახურების სანუგეშებლად. ვინაიდან ღმერთი გვანუგეშებს, ჩვენც შეგვიძლია ვანუგეშოთ თანაქრისტიანები „ყოველგვარ გასაჭირში“. ეს მართლაც კარგად გამოხატავს იეჰოვას უბადლო უნარს, ანუგეშოს დამწუხრებულები.
სტრესულ სიტუაციებთან გამკლავება
6. რამ შეიძლება გამოიწვიოს სტრესი?
6 ნუგეშისცემა მრავალ სიტუაციაში გვჭირდება. ყველაზე დიდ მწუხარებას იწვევს საყვარელი ადამიანის, განსაკუთრებით მეუღლის ან შვილის, სიკვდილი. ნუგეში მაშინაც არის საჭირო, როდესაც ადამიანი დისკრიმინაციის ან უსამართლობის მსხვერპლი ხდება. ადამიანები ნუგეშს საჭიროებენ სუსტი ჯანმრთელობის, ასაკის, სიღარიბის, ოჯახური პრობლემებისა თუ მსოფლიოში არსებული მდგომარეობის გამოც.
7. ა) რატომ გვჭირდება ნუგეში სტრესულ სიტუაციებში? ბ) რის გაკეთება შეუძლია იეჰოვას „მოდრეკილი და განადგურებული“ გულის განსაკურნავად?
7 სტრესულმა სიტუაციებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჩვენს გულზე, გონებაზე, ემოციებზე, ფიზიკურ და სულიერ ჯანმრთელობაზე. ამიტომაც ვსაჭიროებთ ნუგეშს. მაგალითად, დავფიქრდეთ, როგორ მოქმედებს ის გულზე. ღვთის სიტყვაში ნათქვამია, რომ ჩვენი გული შეიძლება იყოს „მოდრეკილი და განადგურებული“ (ფსალმ. 51:17). იეჰოვას ნამდვილად შეუძლია ამ სიტუაციაში დახმარების აღმოჩენა, რადგან „ის კურნავს გულგატეხილებს და უხვევს მტკივნეულ ჭრილობებს“ (ფსალმ. 147:3). ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი, ღმერთს შეუძლია დამწუხრებული გულის ნუგეშისცემა, თუ რწმენით ვილოცებთ და დავიცავთ მის მითითებებს (წაიკითხეთ 1 იოანეს 3:19—22; 5:14, 15 ).
8. როგორ გვეხმარება იეჰოვა, გავუმკლავდეთ მშფოთვარე ფიქრებს?
8 სხვადასხვა განსაცდელი იწვევს სტრესულ სიტუაციებს, რამაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჩვენს გონებაზე. ნუგეში ამ შემთხვევაშიც გვჭირდება. საკუთარი ძალებით ჩვენ, ალბათ, ვერ შევძლებდით რწმენის გამოცდების გადატანას. მაგრამ ფსალმუნმომღერალმა დაწერა: „როცა მშფოთვარე ფიქრები მომიმრავლდა, შენმა ნუგეშმა მიუალერსა ჩემს სულს“ (ფსალმ. 94:19). პავლემ კი დაწერა: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს, არამედ ლოცვით, ვედრებითა და მადლიერებით აცნობეთ ყველა თქვენი სათხოვარი ღმერთს და ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება, დაიცავს თქვენს გულებსა და გონებას ქრისტე იესოს მეშვეობით“ (ფილ. 4:6, 7). ღვთის სიტყვის კითხვა და მასზე დაფიქრება გვეხმარება, გავუმკლავდეთ მშფოთვარე ფიქრებს (2 ტიმ. 3:15—17).
9. როგორ შეგვიძლია გავუმკლავდეთ უარყოფით ემოციებს?
9 ზოგჯერ შეიძლება სასოწარკვეთილება დაგვეუფლოს და უარყოფითმა ემოციებმა მთლიანად გვშთანთქას. შესაძლოა, იმის თავიც კი არ გვქონდეს, რომ შევასრულოთ გარკვეული ბიბლიური პასუხისმგებლობები, იქნება ეს ოჯახში თუ კრებაში. იეჰოვა ასეთ შემთხვევაშიც გვანუგეშებს და გვეხმარება. მაგალითად, როცა იესო ნავეს ძე ისრაელ ერს ძლიერ მტერთან საბრძოლველად უნდა გაძღოლოდა, მოსემ ხალხს უთხრა: „გამბედაობა მოიკრიბე და გამაგრდი! ნუ შეგეშინდება და ნუ შეძრწუნდები მათ წინაშე, რადგან შენთან ერთად მოდის იეჰოვა, შენი ღმერთი. თავს არ დაგანებებს და არ მიგატოვებს“ (კან. 31:6). იეჰოვას დახმარებით იესო ნავეს ძემ შეძლო ღვთის ხალხის აღთქმულ მიწაზე შეყვანა და მტრებზე გამარჯვება. მანამდე წითელ ზღვასთან ღმერთი მოსესაც მსგავსად ამოუდგა მხარში (გამ. 14:13, 14, 29—31).
10. რა დახმარების მიღება შეგვიძლია, როდესაც სტრესული სიტუაცია ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე მოქმედებს?
10 სტრესულმა სიტუაციებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობას. ცხადია, სწორი კვება, საკმარისი დასვენება, ვარჯიში და სისუფთავის დაცვა დადებითად იმოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე. მომავალთან დაკავშირებული ბიბლიური იმედიც სასიკეთოდ იმოქმედებს ჩვენს ორგანიზმზე. ამგვარად, როდესაც რაღაც ძალიან გვაწუხებს, კარგი იქნება, თუ გვემახსოვრება პავლეს შემთხვევა და მისი გამამხნევებელი სიტყვები: „ყოველმხრივ შევიწროებულნი ვართ, მაგრამ ისე არა ვართ შებორკილნი, რომ განძრევა არ შეგვეძლოს; საგონებელში ვართ ჩაცვენილი, მაგრამ გამოუვალ მდგომარეობაში არა ვართ; გვდევნიან, მაგრამ მიტოვებულნი არა ვართ; გვამხობენ, მაგრამ არ ვიღუპებით“ (2 კორ. 4:8, 9).
11. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვსურს სულიერი დაავადებისგან განკურნება?
11 ზოგი განსაცდელი შეიძლება ჩვენი სულიერი ჯანმრთელობის შერყევის მიზეზიც გახდეს. იეჰოვა ამ შემთხვევაშიც დაგვიცავს. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „იეჰოვა მხარში უდგას ყველას, ვინც ეცემა, და აყენებს ყველა მოდრეკილს“ (ფსალმ. 145:14). თუ გვსურს განვიკურნოთ სულიერი დაავადებისგან, დახმარებისთვის ქრისტიან უხუცესებს უნდა მივმართოთ (იაკ. 5:14, 15). რწმენის გამოცდების დროს სიმტკიცის შენარჩუნებაში დაგვეხმარება ისიც, თუ ყოველთვის გვემახსოვრება მარადიული სიცოცხლის შესახებ ბიბლიური იმედი (იოან. 17:3).
ღვთის მიერ ნუგეშცემული მსახურები
12. როგორ ანუგეშა იეჰოვამ აბრაამი?
12 ღვთის შთაგონებით ფსალმუნმომღერალმა იეჰოვას უთხრა: „გაიხსენე შენი მსახურისთვის ნათქვამი სიტყვა, რომელსაც ველოდი შენი დაპირებისამებრ. ეს არის ჩემი ნუგეში გასაჭირში, რადგან შენმა სიტყვამ სიცოცხლე შემინარჩუნა“ (ფსალმ. 119:49, 50). დღეს ჩვენ გვაქვს ღვთის სიტყვა, რომელშიც მრავლად არის მათი მაგალითები, ვინც ღმერთმა ანუგეშა. მაგალითად, აბრაამი. ის ძალიან დამწუხრდა, როცა გაიგო, რომ იეჰოვა სოდომისა და გომორას განადგურებას აპირებდა. ერთგულმა პატრიარქმა ღმერთს ჰკითხა: „მართლებსაც გაანადგურებ ბოროტებთან ერთად?“ იეჰოვამ ანუგეშა აბრაამი და დაარწმუნა, რომ თუ 50 მართალს იპოვიდა, სოდომს არ გაანადგურებდა. მიუხედავად იმისა, რომ აბრაამმა კიდევ ხუთჯერ ჰკითხა იეჰოვას, რას იზამდა იმ შემთხვევაში თუ 45, 40, 30, 20 ან 10 მართალს აღმოაჩენდა, იეჰოვა არ გაღიზიანებულა და ყოველ ჯერზე მოთმინებითა და რბილად უპასუხა, რომ არ გაანადგურებდა სოდომს. იეჰოვამ დაიხსნა ლოტი და მისი ქალიშვილები, თუმცა იქ 10 მართალიც არ აღმოჩნდა (დაბ. 18:22—32; 19:15, 16, 26).
13. როგორ გამოავლინა ხანამ იეჰოვასადმი ნდობა?
13 ელკანას ცოლს, ხანას, ძალიან უნდოდა, შვილი ჰყოლოდა. მაგრამ ის უშვილო იყო და ამის გამო ძალიან წუხდა. მან იეჰოვას გაანდო თავისი საწუხარი. მღვდელმთავარმა ელიმ მას უთხრა: „ისრაელის ღმერთმა შეგისრულოს სათხოვარი“. ამან ხანა ანუგეშა და „აღარ დამწუხრებია სახე“ (1 სამ. 1:8, 17, 18). ხანა მიენდო იეჰოვას და დარწმუნებული იყო, რომ ის იზრუნებდა მასზე. მან არ იცოდა, როგორ მოგვარდებოდა ეს პრობლემა, მაგრამ შინაგან სიმშვიდეს გრძნობდა. გარკვეული დროის შემდეგ იეჰოვამ უპასუხა მის ლოცვას. ის დაორსულდა და გააჩინა ვაჟი, რომელსაც სამუელი დაარქვა (1 სამ. 1:20).
14. რატომ სჭირდებოდა დავითს ნუგეში და ვის მიმართა მან ამისთვის?
14 ძველი ისრაელის მეფე დავითი კიდევ ერთი ადამიანია, რომელიც იეჰოვამ ანუგეშა. გულთამხილველმა ღმერთმა, როდესაც დავითი ისრაელის მომავალ მეფედ აირჩია, იცოდა, რომ ის გულწრფელი და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის ერთგული მხარდამჭერი იყო (1 სამ. 16:7; 2 სამ. 5:10). მაგრამ მოგვიანებით, როცა დავითმა ბათ-შებასთან იმრუშა, თავისი დანაშაულის დაფარვა სცადა და მისი ქმარიც კი მოაკვლევინა. შემდეგ, როდესაც მიხვდა, თუ რა დიდი ცოდვა ჩაიდინა, იეჰოვას ლოცვით მიმართა: „შენი წყალობის სიუხვით წარხოცე ჩემი ცოდვები. მთლიანად ჩამომრეცხე დანაშაული და განმწმინდე ჩემი ცოდვისგან, რადგან ვიცი ჩემი დანაშაული და ჩემი ცოდვა მუდამ თვალწინ მიდგას“ (ფსალმ. 51:1—3). დავითმა გულწრფელად მოინანია და იეჰოვამაც აპატია. მიუხედავად ამისა, დავითმა იწვნია თავისი არასწორი მოქმედების შედეგები (2 სამ. 12:9—12). მაგრამ იეჰოვას გულმოწყალება ამ თავმდაბალი მსახურისთვის ნუგეშის წყარო იყო.
15. როგორ დაეხმარა ღმერთი იესოს სიკვდილის წინ?
15 დედამიწაზე ყოფნისას იესო არაერთხელ აღმოჩნდა რთულ სიტუაციაში. ღმერთმა დაუშვა, რომ მისი რწმენა გამოცდილიყო, და იესომ, როგორც სრულყოფილმა ადამიანმა, რომელიც ყოველთვის ენდობოდა იეჰოვას და მხარს უჭერდა მის უზენაესობას, უმწიკვლობა შეინარჩუნა. გაცემამდე და სიკვდილით დასჯამდე იესომ ილოცა: „იყოს არა ჩემი ნება, არამედ შენი“. მაშინ, ციდან მოვლენილმა ანგელოზმა განამტკიცა ის (ლუკ. 22:42, 43). ღმერთმა იესო ანუგეშა, ძალები შემატა და დროული დახმარება აღმოუჩინა.
16. როგორ გვეხმარება იეჰოვა, როდესაც რწმენის გამო სიკვდილის პირისპირ ვდგავართ?
16 მაშინაც კი, როდესაც ქრისტიანული რწმენის გამო სიკვდილის პირისპირ ვდგავართ, იეჰოვას შეუძლია და დაგვეხმარება კიდეც უმწიკვლობის შენარჩუნებაში. ამასთანავე, მანუგეშებელია მკვდრეთით აღდგომის იმედიც. ჩვენ მთელი გულით ველოდებით დროს, როდესაც სიკვდილს, „უკანასკნელ მტერს . . . ბოლო მოეღება“ (1 კორ. 15:26). ღვთის ერთგული გარდაცვლილი მსახურები, სხვებთან ერთად, იეჰოვას მეხსიერებაში არიან და მკვდრეთით აღდგებიან (იოან. 5:28, 29; საქ. 24:15). იეჰოვას დანაპირებისადმი ნდობა, რომ მკვდრები აღდგებიან, დევნების დროს გვანუგეშებს და იმედით გვავსებს.
17. როგორ გვანუგეშებს იეჰოვა, როცა საყვარელი ადამიანი გვიკვდება?
17 მართლაც მანუგეშებელია, რომ მათ, ვისაც ახლა სიკვდილის ძილით სძინავს, იეჰოვა აღადგენს შესანიშნავ ახალ ქვეყნიერებაში, სადაც აღარ იარსებებს მწუხარების გამომწვევი არავითარი მიზეზი! და რა დიდი პატივი იქნება იეჰოვას მსახური „უამრავი ხალხისთვის“, რომლებიც გადაიტანენ ამ ბოროტი ქვეყნიერების განადგურებას, შეხვდნენ და ასწავლონ მკვდრეთით აღდგენილებს! (გამოცხ. 7:9, 10).
„ქვემოთ . . . [ღვთის] მარადიული მკლავებია“
18, 19. დევნების დროს როგორ პოულობდნენ ნუგეშს ღვთის მსახურები?
18 მოსემ ისრაელები მტკიცე და მანუგეშებელი სიტყვებით დაარწმუნა: „თავშესაფარია ძველ დღეთა ღმერთი, შენ ქვემოთ მისი მარადიული მკლავებია“ (კან. 33:27). წინასწარმეტყველმა სამუელმა მოგვიანებით ისრაელებს უთხრა: „არ განუდგეთ იეჰოვას და მთელი გულით ემსახურეთ . . . არ მიატოვებს იეჰოვა თავის ხალხს თავისი დიდებული სახელის გამო“ (1 სამ. 12:20—22). ვიდრე იეჰოვას მხარეს ვართ და ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის დამცველებად გამოვდივართ, ის არასდროს მიგვატოვებს და, საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის მხარში ამოგვიდგება.
19 ამ ძნელად ასატან ბოლო დღეებში ღმერთი თავის ხალხს საჭირო დახმარებას უწევს და ანუგეშებს. საუკუნეზე მეტია, რაც მთელ მსოფლიოში ათასობით ჩვენს თანამორწმუნეს დევნიან და აპატიმრებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი იეჰოვას ემსახურებიან. მათი მაგალითებიდან ჩანს, რომ გასაჭირის დროს იეჰოვა მართლაც ანუგეშებს თავის მსახურებს. მაგალითად, ყოფილ საბჭოთა კავშირში ერთ ძმას რწმენის გამო 23 წელი მიუსაჯეს. ციხეში ყოფნისას მას ყოველთვის ჰქონდა სულიერი საზრდო, რათა გაძლიერებულიყო და ნუგეში ეპოვნა. მან თქვა: „ამ წლების მანძილზე მასზე [ღმერთზე] მინდობა ვისწავლე და ის ყოველთვის მაძლიერებდა“ (წაიკითხეთ 1 პეტრეს 5:6, 7 ).
20. რატომ შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა არ მიგვატოვებს?
20 რაც არ უნდა შეგვემთხვეს მომავალში, კარგი იქნება, თუ გვემახსოვრება ფსალმუნმომღერლის მანუგეშებელი სიტყვები: „იეჰოვა არ მიატოვებს თავის ხალხს“ (ფსალმ. 94:14). მართალია, თავად ვსაჭიროებთ ნუგეშისცემას, მაგრამ ჩვენც უნდა ვანუგეშოთ სხვები. როგორც მომდევნო სტატიიდან დავინახავთ, პრობლემებით სავსე ამ წუთისოფელში შეგვიძლია ვანუგეშოთ მგლოვიარენი.
როგორ უპასუხებთ?
• რა იწვევს სტრესულ სიტუაციებს?
• როგორ ანუგეშებს იეჰოვა თავის მსახურებს?
• რა გვანუგეშებს, თუ სიკვდილის პირისპირ ვდგავართ?
[ჩარჩო⁄სურათები 25 გვერდზე]
როგორ გავუძლოთ განსაცდელებს, რომლებმაც შეიძლება იმოქმედოს ჩვენს . . .
▪ გულზე ფსალმ. 147:3; 1 იოან. 3:19—22; 5:14, 15
▪ გონებაზე ფსალმ. 94:19; ფილ. 4:6, 7
▪ ემოციებზე გამ. 14:13, 14; კან. 31:6
▪ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე 2 კორ. 4:8, 9
▪ სულიერ ჯანმრთელობაზე ფსალმ. 145:14; იაკ. 5:14, 15