დევნა ხელს უწყობს სულიერ ზრდას ანტიოქიაში
როდესაც დევნა გაძლიერდა სტეფანეს წამების შემდეგ, იესოს ბევრი მოწაფე იერუსალიმიდან გაიქცა. იმ ადგილებიდან ერთ-ერთი, სადაც მათ თავშესაფარი იპოვეს, ანტიოქია (სირია) იყო, რომელიც იერუსალიმის ჩრდილოეთით, 550 კილომეტრის დაშორებით, მდებარეობდა (საქმეები 11:19). იქ მომხდარმა შემდგომმა მოვლენებმა გავლენა იქონია მთელ ქრისტიანულ ისტორიაზე. იმის გასაგებად, თუ რა მოხდა, სასარგებლო იქნება, ცოტა რამ გავიგოთ ანტიოქიის შესახებ.
რომის იმპერიის ქალაქებიდან თავისი მასშტაბით, ეკონომიკური კეთილდღეობითა და მნიშვნელოვნებით ანტიოქიას მხოლოდ რომი და ალექსანდრია აღემატებოდა. სირიის ეს დიდი ქალაქი ხმელთაშუა ზღვის აუზის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე დომინირებდა. ანტიოქია (თანამედროვე ანთაქია, თურქეთი) მდებარეობდა სანაოსნო მდინარე ორონტესზე, რომელიც მას ამ მდინარის შესართავთან მდებარე, 32 კილომეტრით დაშორებულ, ქალაქის საზღვაო პორტთან, სელევკია პიერიასთან, აკავშირებდა. ის აკონტროლებდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სავაჭრო გზას რომსა და ტიგროს-ევფრატის დაბლობს შორის. როგორც სავაჭრო ცენტრს, მას კომერციული ურთიერთობა ჰქონდა რომის მთელ იმპერიასთან და მასში ყველა ჯურის ადამიანები ირეოდნენ, რომლებიც მთელ რომაულ სამყაროში ახალ რელიგიურ შეხედულებებს ავრცელებდნენ.
ანტიოქიაში ბერძნული რელიგია და ფილოსოფია ყვაოდა. მაგრამ „ქრისტეს დროს, — ამბობს ისტორიკოსი გლენველ დაუნი, — ისეთი ტენდენცია შეინიშნებოდა, რომ ძველი რელიგიური კულტები და ფილოსოფიები პირადი მრწამსის საკითხი ხდებოდა, რადგან ადამიანები დამოუკიდებლად ირჩევდნენ რელიგიას, რომელიც მათ დაეხმარებოდა თავიანთი პრობლემების გადაჭრასა და ძლიერი სურვილების შესრულებაში“ („სირიის ანტიოქიის ისტორია“). ბევრს აკმაყოფილებდა იუდაიზმის მონოთეიზმი, სხვადასხვა ცერემონიის შესრულება და მოძღვრება ზნეობრიობის შესახებ.
იუდეველთა დიდი დასახლება ანტიოქიაში ქალაქის დაარსებიდან ანუ ძვ. წ. 300 წლიდან არსებობდა. იუდეველთა რიცხვი დაახლოებით 20 000-დან 60 000-ს აღწევდა, რაც მოსახლეობის 10 პროცენტზე მეტს შეადგენდა. როგორც ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი გვამცნობს, სელევკიდების დინასტიის მეფეები იუდეველებს მოუწოდებდნენ, დასახლებულიყვნენ ამ ქალაქში და მათ მოქალაქის სრულ უფლებებს აძლევდნენ. იმ დროს ებრაული წერილები ხელმისაწვდომი იყო ბერძნულ ენაზე. ეს ინტერესს უღვივებდა იმ პირებს, რომლებიც იწონებდნენ იუდაურ მესიანიზმს. სწორედ ამიტომ, ბერძნებს შორის ბევრი პროზელიტი გახდა. ყველა ამ ფაქტორის გამო ანტიოქია ქრისტიანი მოწაფეების მოსამზადებლად ნაყოფიერ ტერიტორიას წარმოადგენდა.
წარმართებთან ქადაგება
იესოს დევნილ მიმდევართა უმეტესობა, რომლებიც იერუსალიმიდან გაიფანტნენ, მხოლოდ იუდეველებს უზიარებდნენ თავიანთ მრწამსს. მაგრამ ანტიოქიაში ზოგი კვიპროსელი და კვირენელი მოწაფე „ბერძნებსაც“ ესაუბრებოდა (საქმეები 11:20). თუმცა ბერძნულ ენაზე მოლაპარაკე იუდეველებისა და პროზელიტებისთვის ქადაგება ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულიდან დაიწყო, ანტიოქიაში ეს ახალი რამ იყო. ამ შემთხვევაში მხოლოდ იუდეველებისთვის არ ქადაგებდნენ. სინამდვილეში, იმ პერიოდისთვის არაებრაელი კორნელიოსი და მისი ოჯახის წევრები უკვე იყვნენ მოწაფეები. მაგრამ იეჰოვამ პეტრე მოციქული ხილვით დაარწმუნა იმაში, რომ მართებული იყო არაებრაელებისთვისაც ანუ ყველა ეროვნების ადამიანებისთვისაც ექადაგათ (საქმეები 10:1—48).
რამდენადაც ქალაქში უკვე დიდი ხანია არსებობდა იუდეველთა ფართო დასახლება და იუდეველთა და არაებრაელთა შორის მაინცდამაინც არ იყო დაძაბული ურთიერთობა, არაებრაელები ისმენდნენ ქადაგებას და დადებითად ეხმაურებოდნენ კეთილ ცნობას. აშკარაა, რომ მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის კარგი ატმოსფერო იყო გამეფებული ანტიოქიაში და „ძალიან ბევრმა ირწმუნა“ (საქმეები 11:21). როცა პროზელიტები, რომლებიც წარსულში თაყვანს სცემდნენ წარმართულ ღვთაებებს, ქრისტიანები ხდებოდნენ, ისინი საუკეთესოდ იყვნენ მომზადებული, რომ სხვა არაებრაელებისთვის ექადაგათ, რომლებიც ჯერ კიდევ ცრუ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს.
როდესაც იერუსალიმის კრებამ შეიტყო იმის შესახებ, რაც ანტიოქიაში მოხდა, ყველაფრის გამოსარკვევად ბარნაბა გაგზავნა. ეს არჩევანი გონივრული და სიყვარულით ნაკარნახები იყო. ეს ძმა კვიპროსელი იყო, ერთ-ერთი იმათთაგანი, ვინც არაებრაელებთან დაიწყო ქადაგება. ანტიოქიაში ბარნაბა თავისუფლად იგრძნობდა თავს იქ მცხოვრებ არაებრაელებში. თავის მხრივ, ისინიც პატივს სცემდნენ მას, როგორც მათთვის ცნობილი მეზობელი დასახლების წარმომადგენელსa. ბარნაბა კარგად იყო გარკვეული იმ საქმეში, რომელიც იქ სრულდებოდა. ამიტომ, „როდესაც მივიდა და იხილა ღვთის მადლი, გაიხარა და ყველას შეაგონებდა, წრფელი გულით დამკვიდრებულიყვნენ უფალში“ და „მრავალი ხალხი შეემატა უფალს“ (საქმეები 11:22—24).
„შესაძლებელია, ანტიოქიაში ადრინდელი მისიონერების წარმატება, — ამბობს ისტორიკოსი დაუნი, — იმან განაპირობა, რომ ამ ქალაქში მისიონერებს არ ეშინოდათ იუდეველი ფანატიკოსების, რომლებსაც იერუსალიმში აწყდებოდნენ. ამავე დროს, ქალაქს, როგორც სირიის დედაქალაქს, ლეგატი განაგებდა, რაც უფრო უწყობდა ხელს საზოგადოებრივ წესრიგს და ბრბოს მხრიდან ძალადობის გამოვლენის ნაკლები საშიშროება არსებობდა, ეს კი განსხვავდებოდა იმისგან, რაც იერუსალიმში ხდებოდა, სადაც იუდეის გამგებლობას (ყოველ შემთხვევაში იმ პერიოდისთვის) არ შეეძლო იუდეველ ფანატიკოსთა შეკავება“.
ასეთ ხელსაყრელ ვითარებაში, როდესაც ბევრი რამ იყო გასაკეთებელი, ალბათ, ბარნაბა მიხვდა, რომ დახმარებას საჭიროებდა და თავისი მეგობარი სავლე გაახსენდა. რატომ — სავლე, ანუ იგივე პავლე? შეიძლება იმიტომ, რომ პავლე, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არ იყო12 მოციქულიდან ერთ-ერთი, წარმართთა მოციქული გახდა (საქმეები 9:15, 27; რომაელთა 1:5; გამოცხადება 21:14). ამიტომ პავლე შესაფერისი პარტნიორი იყო ქალაქ ანტიოქიაში არაებრაელთათვის კეთილი ცნობის საქადაგებლად (გალატელთა 1:16). ასე რომ, ბარნაბა ტარსუსს გაემგზავრა, მოძებნა სავლე და ანტიოქიაში წაიყვანა (საქმეები 11:25, 26; იხილეთ ჩარჩო 26-ე და 27-ე გვერდებზე).
ღვთის ხელმძღვანელობით მათ ქრისტიანები ეწოდათ
მთელი წლის მანძილზე ბარნაბა და სავლე «ასწავლიდნენ დიდძალ ხალხს. ასე პირველად ანტიოქიაში [„ღვთის ხელმძღვანელობით“, აქ] ეწოდათ მოწაფეებს ქრისტიანები». საეჭვოა, რომ პირველად იუდეველებს ეწოდებინათ იესოს მიმდევრებისთვის ქრისტიანები (ბერძნულად) ანუ მესიანელები (ებრაულად); რადგან მათ უარყვეს იესო, როგორც მესია ანუ ქრისტე, შეუძლებელი იყო ის უსიტყვოდ ეღიარებინათ იმით, რომ მისი მიმდევრებისთვის ქრისტიანები ეწოდებინათ. ზოგი ფიქრობს, რომ წარმართმა მოსახლეობამ ხუმრობით ან მათდამი სიძულვილის გამო დაარქვა მათ მეტსახელად ქრისტიანები. მაგრამ როგორც ბიბლიაშია ნაჩვენები, სახელი ქრისტიანები ღვთისგან იყო ბოძებული (საქმეები 11:26, აქ).
ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში ზმნა, რომელიც გამოიყენება ახალ სახელთან დაკავშირებით და რომელსაც, ჩვეულებრივ, თარგმნიან, როგორც „ეწოდათ“, ყოველთვის უკავშირდება რაღაც ზებუნებრივს, ღვთის შთაგონებულს ან ღვთაებრივს. ამგვარად, სწავლულები მას თარგმნიან, როგორც „ორაკულის ანუ წინასწარმეტყველების წარმოთქმა“, „ღვთიური“ ან „ღვთის მიერ განკარგულების, ან გაფრთხილების მიცემა, ზეციდან დასწავლება“. რადგან იესოს მიმდევრებს ღვთის ხელმძღვანელობით დაერქვათ ქრისტიანები, შესაძლებელია, იეჰოვამ მიუთითა სავლესა და ბარნაბას, რომ ეს სახელი ეწოდებინათ მოწაფეებისთვის.
ამ ახალ სახელს შემდეგაც იყენებდნენ. იესოს მოწაფეები აღარ ერეოდათ იუდეველთა სექტაში, რომლის წარმომადგენლებისგანაც ისინი სრულიად განსხვავდებოდნენ. დაახლოებით ახ. წ. 58 წელს რომაელმა განმგებლებმა ძალიან კარგად იცოდნენ, ვინ იყვნენ ქრისტიანები (საქმეები 26:28). როგორც ისტორიკოსი ტაციტუსი გვამცნობს, ახ. წ. 64 წელს ეს სახელი რომშიც ფართოდ იყო ცნობილი.
იეჰოვა იყენებს თავის ერთგულებს
ანტიოქიაში კეთილი ცნობის გავრცელებას საუკეთესო შედეგები მოჰყვა. იეჰოვას კურთხევებისა და იმის შედეგად, რაც იესოს მიმდევრებმა გადაწყვიტეს — გაეგრძელებინათ ქადაგება — ანტიოქია პირველი საუკუნის ქრისტიანობის ცენტრი გახდა. ღმერთი იქ არსებულ კრებას იყენებდა, როგორც საყრდენ წერტილს კეთილი ცნობის შორეულ ქვეყნებში გასავრცელებლად. მაგალითად, პავლე თითოეულ თავის ცნობილ მისიონერულ მოგზაურობას ანტიოქიიდან იწყებდა.
დღესაც, წინააღმდეგობის დროს, ღვთის მსახურთა თავგამოდება და მტკიცე გადაწყვეტილება ამნაირადვე უწყობს ხელს ჭეშმარიტი ქრისტიანობის გავრცელებას, რითაც ბევრს კეთილი ცნობის მოსმენის შესაძლებლობა და ამისათვის მადლიერების გამოხატვის საშუალება ეძლევაb. ამიტომ, თუ წინააღმდეგობას აწყდები იმის გამო, რომ წმინდა თაყვანისმცემლობას უჭერ მხარს, გახსოვდეს — იეჰოვას იმის საფუძველი აქვს, რომ დაუშვას ასეთი რამ. როგორც პირველ საუკუნეში, ისე დღესაც ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, მოისმინოს ღვთის სამეფოს შესახებ და დადგეს მის მხარეზე. თქვენმა გადაწყვეტილებამ, გააგრძელოთ იეჰოვასთვის ერთგულად მსახურება, შესაძლებელია, ხელი შეუწყოს იმას, რომ ვინმემ ჭეშმარიტების ზუსტი შემეცნება მიიღოს.
[სქოლიოები]
a უღრუბლო დღეს კუნძული კვიპროსი კასიეს მთიდან მოჩანს, რომელიც ანტიოქიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს.
b იხილეთ 1999 წლის 1 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდი 9; 1999 წლის 8 მაისის „გამოიღვიძეთ!“, გვერდები 21, 22; 1999 წლის „იეჰოვას მოწმეთა წელიწდეული“, გვერდები 250—252 (რუს).
[ჩარჩო⁄სურათები 26, 27 გვერდებზე]
წლები, რომელთა განმავლობაშიც სავლე არ მოიხსენიება
დაახლოებით ახ. წ. 45 წელს ანტიოქიაში გადასვლამდე წიგნი „მოციქულთა საქმეები“ სავლეს უკანასკნელად მოიხსენიებს იმ შემთხვევისას, როცა იერუსალიმში მის მოსაკლავად მოწყობილი შეთქმულება ვერ განხორციელდა და თანამორწმუნეებმა ის ტარსუსში გაგზავნეს (საქმეები 9:28—30; 11:25). მაგრამ რით იყო დაკავებული სავლე დაახლოებით ახ. წ. 36 წელს, ამ შემთხვევამდე ცხრა წლით ადრე, და რას აკეთებდა მომდევნო წლებში — წლებში, რომელთა განმავლობაშიც ის არ მოიხსენიება.
სავლე იერუსალიმიდან სირიისა და კილიკიის მხარეს გაემგზავრა; იუდეაში არსებულ კრებებს გაგებული ჰქონდათ: „კაცი, რომელიც ოდესღაც გვდევნიდა, ახლა ახარებს იმ სარწმუნოებას, რომელსაც წინათ ებრძოდაო“ (გალატელთა 1:21—23). ეს ცნობა შეიძლება ანტიოქიაში ბარნაბასთან ერთად მის მოღვაწეობას უკავშირდებოდეს, მაგრამ უდავოა, რომ სავლე მანამდეც არ იყო უსაქმოდ. ახ. წ. 49 წელს რამდენიმე კრება არსებობდა სირიასა და კილიკიაში. მათგან ერთი კრება ანტიოქიაში იყო, მაგრამ ზოგი ფიქრობს, რომ სხვა კრებები შეიძლება სავლეს მოღვაწეობის იმ პერიოდში ჩამოყალიბდა, რომელიც ჩვენთვის უცნობია — ეს ის წლებია, რომელთა განმავლობაშიც სავლე არ მოიხსენიება (საქმეები 11:26; 15:23, 41).
ზოგი სწავლულის აზრით, სავლეს ცხოვრებასთან დაკავშირებული საოცარი მოვლენები სწორედ ამ პერიოდს უნდა მიეწერებოდეს. ძნელი იქნებოდა, რომ ის უამრავი გაჭირვება, რომლებიც მან გადაიტანა, როგორც ‘ქრისტეს მსახურმა’, მისი მისიონერული მოღვაწეობის სხვა პერიოდისთვის დაგვეკავშირებინა (2 კორინთელთა 11:23—27). როდის ‘მიიღო სავლემ იუდეველებისგან ხუთჯერ 39 დარტყმა’? სად სცემეს სამჯერ კვერთხით? „უფრო მეტად“ სად იმყოფებოდა პატიმრობაში? რომში ის მოგვიანებით დააპატიმრეს. ჩვენ გვაქვს ცნობა იმის შესახებ, რომ ის ერთხელ სცემეს და დააპატიმრეს ფილიპეში. მაგრამ რის თქმა შეიძლება სხვა დაპატიმრებების შესახებ? (საქმეები 16:22, 23). ერთი მწერალი ვარაუდობს, რომ ამ პერიოდის განმავლობაში სავლე „ქადაგებდა ქრისტეს შესახებ განთესილთა სინაგოგებში, რის გამოც როგორც რელიგიის წარმომადგენელთა, ისე სახელმწიფო მოხელეთა მიერ იყო დევნილი“.
სავლემ ოთხჯერ გადაიტანა გემის მსხვრევა, მაგრამ საღვთო წერილში მხოლოდ ერთი შემთხვევაა დაწვრილებით აღწერილი, რომელიც მოხდა მას შემდეგ, რაც მან კორინთელებს თავისი გასაჭირის შესახებ მოუთხრო წერილში (საქმეები 27:27—44). ამიტომ გამოდის, რომ სხვა სამი შემთხვევა მისი იმ მოგზაურობების დროს მოხდა, რომელთა შესახებაც არაფერი ვიცით. შესაძლებელია, ამ შემთხვევებიდან რომელიმე ან ყველა იმ წლებს მიეწერებოდეს, რომელთა განმავლობაშიც სავლე არ მოიხსენიება.
სხვა შემთხვევა, რომელიც, როგორც ჩანს, ამ პერიოდით თარიღდება, აღწერილია მე-2 კორინთელთა 12:2—5-ში. სავლემ თქვა: „ვიცი კაცი ქრისტეში, რომელიც თოთხმეტი წლის წინათ. . . ატაცებულ იქნა მესამე ცამდე. . . სამოთხეში და ისმენდა გამოუთქმელ სიტყვებს, რომელთა გამოთქმა ნებადართული არა აქვს ადამიანს“. როგორც ჩანს, სავლე საკუთარ თავზე ლაპარაკობდა. რადგან ეს სიტყვები დაახლოებით ახ. წ. 55 წელს დაწერა, 14 წლის წინათ ახ. წ. 41 წელი იქნებოდა, იმ წლების შუა პერიოდი, რომელთა განმავლობაშიც ის არ მოიხსენიება.
უდავოა, რომ ამ ხილვის შედეგად სავლე საოცრად ბევრ რამეს გაიგებდა. მოამზადა ამან ის, რომ „წარმართთა მოციქული“ გამხდარიყო? (რომაელთა 11:13). იქონია გავლენა ამ ხილვამ იმაზე, რასაც მოგვიანებით ფიქრობდა, წერდა და ლაპარაკობდა? სავლეს ქრისტიანობაზე მოქცევასა და ანტიოქიაში მის მიწვევას შორის არსებულმა წლებმა ხელი შეუწყო მის გაწვრთნასა და მოწიფულობას მომავალი პასუხისმგებლობების შესასრულებლად? როგორიც უნდა იყოს პასუხები ამ კითხვებზე, ჩვენ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ, როდესაც ბარნაბამ მიიწვია ის, რათა დახმარებოდა ანტიოქიაში სამქადაგებლო საქმიანობის წინ წაწევაში, ენთუზიაზმით აღსავსე სავლე სრულიად მომზადებული იყო ამ დავალების შესასრულებლად (საქმეები 11:19—26).
[რუკა 25 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
სირია
ორონტესი
ანტიოქია
სელევკია
კვიპროსი
ხმელთაშუა ზღვა
იერუსალიმი
[საავტორო უფლება]
Mountain High Maps® Copyright © 1997 Digital Wisdom, Inc.
[სურათები 24 გვერდზე]
ზემოთ: თანამედროვე ანტიოქია.
შუაში: სელევკიის სამხრეთი ხედი.
ქვემოთ: სელევკიის პორტის კედელი.