ადამიანური უძლურება განადიდებს იეჰოვას ძალას
„ყველას ეგონა, რომ ვიყავი ბედნიერი და სიცოცხლით სავსე სრული დროით მსახური. ყოველთვის მე ვიყავი პრობლემებში სხვისი დამხმარე. მაგრამ, ამავე დროს ვგრძნობდი, რომ თითქოს, შინაგანად ვკვდებოდი. მოუსვენარი ფიქრები და სულიერი ტანჯვა საშინლად მანადგურებდა. შემდეგ სხვებისგან გარიყულად ვიგრძენი თავი. სულ შინ ყოფნა და ლოგინში წოლა მსურდა. თვეების მანძილზე ვევედრებოდი იეჰოვას, მოვმკვდარიყავი“ — ვანესა.
როგორც ზემოთ მოყვანილი მაგალითიდან ჩანს, ბუნებრივია, ზოგჯერ იეჰოვას მსახურები გრძნობენ ‘საზარელი ჟამის’ პერიოდში ცხოვრების გამო ზემოქმედებას (2 ტიმოთე 3:1). ზოგი შესაძლოა სასოწარკვეთილებას ეძლევა (ფილიპელთა 2:25–27). თუ გულგატეხილობა ხანგრძლივია, შეიძლება წაგვართვას ძალა, რადგან ბიბლიაში ნათქვამია: „თუ გაჭირვების დროს დაუძლურდი, მცირე ყოფილა შენი ძალა“ (იგავნი 24:10). დიახ, თუ ხალისი დაკარგული გვაქვს, გვესაჭიროება ძალა — შესაძლოა სწორედ ის, რასაც პავლე ‘აღმატებულ ძლიერებას’ უწოდებდა (2 კორინთელთა 4:7).
იეჰოვა უსასრულო ძალის წყაროა. ეს ნათელი ხდება მის ქმნილებებზე დაკვირვებით (რომაელთა 1:20). მაგალითისთვის განვიხილოთ მზე. დედამიწა ნთქავს მზისგან გამოფრქვეულ 240 ტრილიონი ცხენის ძალის მუდმივ დინებას. მაგრამ ეს ციფრი გვიჩვენებს მხოლოდ მზის ენერგიის მემილიარდე ნაწილის ნახევარს. ხოლო მზე ისეთ ვარსკვლავებთან შედარებით, რომლებსაც ზეგიგანტებს უწოდებენ, საკმაოდ პატარაა. მათ შორის ორიონის თანავარსკვლავედში არის რიგელი, რომელიც 50-ჯერ დიდია ჩვენი გალაქტიკის მზეზე და 150 000-ჯერ მეტ ენერგიას აფრქვევს!
ზეცის ასეთი ძალთა წყაროების შემოქმედი თვითონ უნდა ფლობდეს უდიდეს ‘ძალას’ (ესაია 40:26; ფსალმუნი 8:4, 5). ესაია წინასწარმეტყველმა აღნიშნა, რომ იეჰოვა „არ იღლება და არ იქანცება“. ღმერთი მზადაა თავისი ძალა გაუნაწილოს ნებისმიერს, რომელიც ადამიანური სისუსტეების გამო თავს მოქანცულად გრძნობს (ესაია 40:28, 29). თუ როგორ აკეთებს ის ამას, კარგად ჩანს ქრისტიანი მოციქულის, პავლეს, ცხოვრებიდან.
განსაცდელების გადატანა
პავლემ კორინთელებს მოუთხრო იმ დაბრკოლებაზე, რომელიც უნდა აეტანა. მან ამის შესახებ თქვა, რომ ‘ეკალი მიეცა სხეულში’ (2 კორინთელთა 12:7). ეს „ეკალი“, შესაძლოა, იყო ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, შესაძლოა, ცუდი მხედველობა (გალატელთა 4:15; 6:11). ან შესაძლოა პავლე გულისხმობდა ცრუ მოციქულებსა და სხვა ხელის შემშლელებს, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდნენ მის მოციქულობასა და მოღვაწეობას (2 კორინთელთა 11:5, 6, 12–15; გალატელთა 1:6–9; 5:12). რაც არ უნდა ყოფილიყო ‘ეკალი სხეულში’, პავლე მის გამო ძალიან იყო დამწუხრებული და განუწყვეტლივ ლოცულობდა, რომ ის ეკალი მოშორებოდა (2 კორინთელთა 12:8).
მაგრამ იეჰოვამ არ შეუსრულა პავლეს თხოვნა. პირიქით, მან უთხრა პავლეს: „გეყოფა ჩემი მადლი“ (2 კორინთელთა 12:9). რას გულისხმობდა იეჰოვა ამით? როდესაც გადავხედავთ პავლეს წარსულს, როცა სდევნიდა ქრისტიანებს, ეს მართლაც მხოლოდ მადლი იყო მისთვის, რომ შეეძლო იეჰოვასთან ჰქონოდა ურთიერთობა, — რომ აღარაფერი ვთქვათ მისი მოციქულად მსახურობის შესახებ!a (შეადარე ზაქარია 2:8; გამოცხადება 16:5, 6). იეჰოვამ შესაძლოა პავლეს უთხრა, რომ მოწაფედ ყოფნის უპირატესობა მისთვის საკმარისს წარმოადგენდა. ეს კი არ ითვალისწინებდა მისი პირადი ცხოვრებისეული პრობლემების აღმოფხვრას სასწაულებით. მართლაც, ზოგი გასაჭირი დამატებით უპირატესობებს მოჰყვება ხოლმე (2 კორინთელთა 11:24–27; 2 ტიმოთე 3:12). ნებისმიერ შემთხვევაში პავლეს უბრალოდ უნდა გადაეტანა ‘ეკალი სხეულში’.
ცხადია, რომ იეჰოვას უგულოდ არ მიუტოვებია პავლე. პირიქით, მან უთხრა: „უძლურებაში ხდება სრულყოფილი ჩემი ძალა“ (2 კორინთელთა 12:9). დიახ, იეჰოვა სიყვარულით აძლიერებდა პავლეს, რომ აეტანა თავისი მდგომარეობა. ამგვარად პავლეს ‘სხეულში ეკალი’ გახდა თვალსაჩინო გაკვეთილი. ამან პავლეს ასწავლა საკუთარ თავზე კი არა, იეჰოვას ძალაზე მინდობა. როგორც ჩანს, პავლემ ეს გაკვეთილი კარგად ისწავლა, რადგან რამდენიმე წლის შემდეგ ფილიპელებს მისწერა: „ვინაიდან ვისწავლე იმით დაკმაყოფილება, რაცა მაქვს. ყოველივე ძალმიძს ჩემს განმამტკიცებელში, ქრისტეში“ (ფილიპელთა 4:11, 13).
რა შეიძლება ითქვას შენზე? გიწევს თუ არა მოითმინო ‘ეკალი სხეულში’, ავადმყოფობა ან ისეთი მდგომარეობა, რაც შენში წუხილს იწვევს? თუ დიახ, ინუგეშე. შესაძლოა, იეჰოვამ სასწაულებით არ მოგიხსნას დაბრკოლება, მას შეუძლია გიბოძოს სიბრძნე და სულიერი სიმტკიცე, რომ გაუმკლავდე მას მაშინ, როდესაც სამეფოს ინტერესებს პირველ ადგილზე აყენებ (მათე 6:33).
თუ ავადმყოფობა ან ასაკში შესვლა გიშლის ხელს, შეასრულო იმდენი, რამდენიც გსურს აკეთო ქრისტიანულ საქმიანობაში, გულს ნუ გაიტეხ. იმის ნაცვლად, რომ იფიქრო, თითქოს განსაცდელი გზღუდავს იეჰოვასადმი მსახურებაში, ჩათვალე იმ შესაძლებლობად, რომ უფრო მეტად მიენდო იეჰოვას. აგრეთვე გახსოვდეს, რომ ქრისტიანის ღირსება განისაზღვრება არა იმით, თუ რამდენს აკეთებს პიროვნება მსახურებაში, არამედ რწმენისა და სიყვარულის სიძლიერით (შეადარე მარკოზი 12:41–44). იეჰოვას მთელი სულით სიყვარული ნიშნავს, რომ ემსახურო არა ვიღაც სხვისი, არამედ საკუთარი შესაძლებლობების საუკეთესო გამოყენებით (მათე 22:37; გალატელთა 6:4, 5).
თუ შენს ‘სხეულში ეკალი’ ეხება არასასიამოვნო მდგომარეობას, მაგალითად, საყვარელი პიროვნების სიკვდილს, შეისმინე ბიბლიის რჩევა: „მიანდე უფალს შენი საზრუნავი და ის შეგეხიდება, იგი არასოდეს არ დაუშვებს წმინდანის წაბორძიკებას“ (ფსალმუნი 54:23). ქრისტიანი ქალი, სახელად სილვია, სწორედ ასე მოიქცა. სულ რამდენიმე წელში მას დაეღუპა მეუღლე 50-წლიანი ქორწინების შემდეგ და აგრეთვე ოჯახის ცხრა წევრი — მათ შორის ორი პატარა შვილიშვილი. სილვია ამბობს: „იეჰოვა რომ არა, ჩემს მწუხარებას საზღვარი არ ექნებოდა. უდიდეს ნუგეშს ლოცვით ვპოულობ. განუწყვეტლივ ვსაუბრობ იეჰოვასთან. ვიცი, ის მანიჭებს ძალას, რომ გავუძლო“.
რამდენად დამამშვიდებელია იმის ცოდნა, რომ ‘ყოველი ნუგეშის ღმერთს’ შეუძლია მგლოვიარეებს მისცეს ყოველივეს გადატანის ძალა! (2 კორინთელთა 1:3; 1 თესალონიკელთა 4:13) რადგანაც გვესმის ეს, შეგვიძლია ჩავწვდეთ პავლეს დასკვნას. ის წერდა: „კმაყოფილი ვარ უძლურებაში, შეურაცხყოფაში, გაჭირვებაში, დევნაში და შევიწროებაში ქრისტეს გულისათვის. ვინაიდან როცა უძლური ვარ, მაშინ ვარ ძლიერი“ (2 კორინთელთა 12:10).
არასრულყოფილებასთან ბრძოლა
ყოველმა ჩვენგანმა ადამიანთა პირველი წყვილისგან მემკვიდრეობით არასრულყოფილება მიიღო (რომაელთა 5:12). შედეგად ჩვენ ვებრძვით დაცემული სხეულის სურვილებს. რა გულის გამტეხი შეიძლება იყოს იმის გაგება, რომ ‘ძველი კაცის’ თვისებები იმაზე მეტად ბატონობს ჩვენზე, ვიდრე ვფიქრობდით! (ეფესელთა 4:22–24). ასეთ დროს, შესაძლოა, პავლე მოციქულის მსგავსად ვგრძნობთ თავს, რომელიც წერდა: „ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით მეამება ღვთის რჯული. მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ“ (რომაელთა 7:22, 23).
ასეთ დროსაც შეგვიძლია ვისარგებლოთ იეჰოვას ძალით. როდესაც ვებრძვით საკუთარ უძლურებას, არასდროს შევიკავოთ თავი, რომ ლოცვით მივმართოთ მას, გულწრფელად ვეძებოთ მიტევება იმის მიუხედავად, თუ ძალიან ხშირად მივმართავთ მას ერთსა და იმავე პრობლემასთან დაკავშირებით. ადამიანებისთვის დაუმსახურებელი წყალობით იეჰოვა, რომელიც ‘გულებს წონის’ და ხედავს შენი გულწრფელობის სიღრმეს, დაგაჯილდოვებს სუფთა სინდისით (იგავნი 21:2). წმინდა სულის საშუალებით იეჰოვას შეუძლია გაგაძლიეროს, რომ განაგრძო ბრძოლა ხორციელი უძლურების წინააღმდეგ (ლუკა 11:13).
ჩვენ აგრეთვე იეჰოვასგან ძალა გვესაჭიროება მაშინაც, როდესაც ვხედავთ სხვების არასრულყოფილებას. მაგალითად, თანაქრისტიანმა შესაძლოა მოგვმართოს ‘გესლიანად, მახვილივით გვიჩხვლიტოს’ (იგავნი 12:18). ამან შეიძლება ძალიან გვატკინოს გული, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ვფიქრობთ, რომ მას უკეთესად უნდა სცოდნოდა. ჩვენ შეიძლება უაღრესად გავნაწყენდეთ. ზოგმა ასეთი შეურაცხყოფა თავის გამართლების მიზნით გამოიყენა, რომ იეჰოვა მიეტოვებინა — ეს კი უდიდესი შეცდომაა!
რაც არ უნდა მოხდეს, გაწონასწორებული აზროვნება დაგვეხმარება, რომ სხვების უძლურებას სწორი თვალსაზრისით შევხედოთ. ჩვენ არ უნდა ველოდეთ სრულყოფილებას არასრულყოფილი ადამიანებისგან. „არ არსებობს უცოდველი კაცი“, — გვახსენებს ბრძენი მეფე სოლომონი (მესამე მეფეთა 8:46). ართურმა, სულით ცხებულმა ქრისტიანმა, რომელიც ურყევი ერთგულებით ემსახურა იეჰოვას შვიდი ათწლეულის განმავლობაში, თქვა: „მრავალი უძლურება თანაქრისტიანებში გვაძლევს უმწიკვლოების შენარჩუნების საშუალებას, ის ცდის ჩვენს ქრისტიანულ თვისებებს. თუ ადამიანის ნათქვამის ან მოქმედების გამო შევასუსტებთ იეჰოვასადმი მსახურებას, მაშინ ჩვენ ადამიანებს ვემსახურებით. გარდა ამისა, ჩვენს ძმებსაც ხომ უყვართ იეჰოვა. თუ ჩვენ მათში დადებითს დავუწყებთ ძებნას, მალე მივხვდებით, რომ ისინი არცთუ ისე ცუდები არიან“.
ძალა საქადაგებლად
ზეცაში ასვლამდე იესომ თავის მოწაფეებს უთხრა: „თქვენ მიიღებთ ძალას, როდესაც გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე“ (საქმეები 1:8).
იესოს სიტყვების თანახმად, ამ საქმიანობას ასრულებენ იეჰოვას მოწმეები მთელი მსოფლიოს 233 ქვეყანაში. ისინი ერთობლივად მილიარდ საათზე მეტს უთმობენ იეჰოვაზე შემეცნების მიღებაში ადამიანების დახმარებას. ამ საქმიანობის შესრულება ყოველთვის იოლი არაა. ზოგ ქვეყანაში სამეფოს შესახებ ქადაგების საქმიანობა აკრძალული ან შეზღუდულია. აგრეთვე დაუფიქრდი იმასაც, თუ ვინ ასრულებს ამ საქმეს — სუსტი, არასრულყოფილი ადამიანები, რომლებსაც საკუთარი პრობლემები და მწუხარება აქვთ. მაგრამ საქმე მაინც წინ მიიწევს და შედეგად, გასული სამი წლის განმავლობაში, მილიონზე მეტმა მიუძღვნა სიცოცხლე იეჰოვას და წყალში ნათლობით დაასიმბოლოვა საკუთარი მიძღვნა (მათე 28:18–20). ფაქტია, რომ ეს საქმე მხოლოდ და მხოლოდ ღვთის ძალით სრულდება. იეჰოვამ ზაქარია წინასწარმეტყველის მეშვეობით თქვა: ‘არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულით’ (ზაქარია 4:6).
თუ კეთილი ცნობის მაუწყებელი ხარ, შენი წვლილიცაა ამ დიდ მიღწევაში და მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად პატარა გგონია საკუთარი წვლილი. ‘ეკლების’ მიუხედავად, რომლებიც უნდა მოითმინო, შეგიძლია დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა არ დაივიწყებს ‘შენს საქმესა და სიყვარულის შრომას, რომელიც მისი სახელისთვის გამოიჩინე’ (ებრაელთა 6:10). ასე რომ, ნუ შეჩერდები, მიენდე უდიდესი ძალის წყაროს მხარდაჭერის მისაღებად. გახსოვდეს, მხოლოდ იეჰოვას ძალით შეგვიძლია მოთმინება; მისი ძალა სრულყოფილი ხდება ჩვენს უძლურებაში.
[სქოლიოები]
a რასაკვირველია, რადგანაც „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“, ნათლად ჩანს ღვთის წყალობა, რომ ნებისმიერ ადამიანს ეძლევა მასთან ურთიერთობის შესაძლებლობა (რომაელთა 3:23).
[სურათი 26 გვერდზე]
სამქადაგებლო საქმიანობა სრულდება მხოლოდ იეჰოვას ძალით.