-
მკითხველთა შეკითხვებისაგუშაგო კოშკი — 2016 | აპრილი
-
-
მკითხველთა შეკითხვები
რა იგულისხმება „საწინდარსა“ და „ბეჭედში“, რომელსაც ცხებული ქრისტიანები ღვთისგან იღებენ? (2 კორ. 1:21, 22).
საწინდარი: 2 კორინთელების 1:22-ში მოხსენიებული ბერძნული სიტყვა, რომელიც ქართულ ენაზე „საწინდრად“ ითარგმნა, ერთი ნაშრომის თანახმად, „იურიდიული და კომერციული ტერმინია“, რომლის მნიშვნელობაცაა „გირაო, წინდი, ბე; ეს არის საფასურის ნაწილი, რომელსაც წინასწარ იხდიან გარიგების პირობათა შესრულების უზრუნველსაყოფად და ხელშეკრულებისთვის კანონიერი ძალის მისანიჭებლად“. სრული საზღაური ცხებული ქრისტიანებისთვის, როგორც ამას 2 კორინთელების 5:1—5-იდან ვიგებთ, უხრწნელი ზეციური სხეულია. ამასთანავე, მათი საზღაური უკვდავების ძღვენსაც მოიაზრებს (1 კორ. 15:48—54).
აღსანიშნავია, რომ ახალ ბერძნულში ამ სიტყვას ვხვდებით შესიტყვებაში „ნიშნობის ბეჭედი“, რაც მეტად საგულისხმოა, ვინაიდან ბიბლიის თანახმად ცხებულები ქრისტეს სიმბოლურ ცოლს წარმოადგენენ (2 კორ. 11:2; გამოცხ. 21:2, 9).
ბეჭედი: ძველად ბეჭედი მფლობელის ვინაობის და რისამე უტყუარობის დასადასტურებლად, აგრეთვე ხელშეკრულებისთვის იურიდიული ძალის მისანიჭებლად გამოიყენებოდა. რაც შეეხება ცხებულებს, ისინი, როგორც ღვთის საკუთრება, სიმბოლურად ბეჭედდასმულნი არიან წმინდა სულით (ეფეს. 1:13, 14). თუმცა საბოლოო ბეჭედს იეჰოვა ერთგულ ცხებულ ქრისტიანებს მხოლოდ სიკვდილამდე ან დიდი გასაჭირის დაწყებამდე დაასვამს (ეფეს. 4:30; გამოცხ. 7:2—4).
-