თავი 36
დიდი ქალაქის განადგურება
ხილვა 12 გამოცხადება 18:1—19:10
თემა: დიდი ბაბილონის დაცემა და განადგურება; კრავის ქორწილის გაცხადება.
შესრულების დრო: 1919 წლიდან დიდი გასაჭირის შემდგომ პერიოდამდე.
1. რა იქნება დიდი გასაჭირის დაწყების ნიშანი?
უეცარი, გამაოგნებელი, გამანადგურებელი — ასეთი იქნება დიდი ბაბილონის აღსასრული! ეს კატასტროფა იმის ნიშანი იქნება, რომ დაიწყო „დიდი გასაჭირი, როგორიც არ ყოფილა ქვეყნიერების დასაწყისიდან დღემდე და აღარც იქნება“ (მათე 24:21).
2. მრავალი იმპერიის აღზევებისა თუ დაცემის მიუხედავად რა არ განადგურებულა?
2 დიდი ხანია, რაც ცრუ რელიგია არსებობს, და ის არ შეწყვეტილა იმ სისხლისმღვრელი ნიმროდის დროიდან, რომელიც იეჰოვას ეწინააღმდეგებოდა და რომელმაც ხალხს ბაბილონის გოდლის მშენებლობა დააწყებინა. როცა იეჰოვამ ამ ურჩ ადამიანებს ენები აურია, ისინი მთელ დედამიწაზე მიმოიფანტნენ და ბაბილონური ცრუ რელიგიაც თან გაიყოლეს (დაბადება 10:8—10; 11:4—9). მას შემდეგ მრავალი იმპერია აღზევდა და დაეცა, მაგრამ ბაბილონური რელიგია დღემდე არსებობს. უფრო მეტიც, მისგან სხვადასხვა რელიგია წარმოიშვა და ის ცრუ რელიგიურ სამყაროდ ანუ წინასწარმეტყველებაში აღწერილ დიდ ბაბილონად იქცა. მისი ძირითადი ნაწილი ქრისტიანული სამყაროა, რომელიც ბაბილონური სწავლებებისა და განდგომილ ქრისტიანთა მოძღვრებების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა. მრავალს არ სჯერა დიდი ბაბილონის განადგურების, რადგან მისი არსებობის ისტორია არაერთ საუკუნეს ითვლის.
3. როგორ გვარწმუნებს „გამოცხადება“, რომ ცრუ რელიგიას უბედურება ეწევა?
3 „გამოცხადება“ დაბეჯითებით ამბობს, რომ ცრუ რელიგიას უბედურება ეწევა, რასაც ადასტურებს ის, რომ მასში ორგვარად არის აღწერილი როგორც ცრუ რელიგიის დაცემა, ისე მისი დაცემის წინა პერიოდი. ჩვენ გავიგეთ, რომ ის „დიდი მეძავია“, რომელსაც საბოლოოდ ანადგურებენ მისი ძველი საყვარლები, ანუ პოლიტიკური ძალები (გამოცხადება 17:1, 15, 16). ამ ახალ ხილვაში ის ქალაქად არის წარმოდგენილი, რომლის პირველსახეც ძველი ბაბილონია.
დიდი ბაბილონის დაცემა
4. ა) რას ხედავს ხილვაში იოანე? ბ) როგორ შეგვიძლია დავადგინოთ ხილვაში ნანახი ანგელოზის ვინაობა, და სწორედ მან რატომ უნდა გააცხადოს დიდი ბაბილონის დაცემა?
4 იოანე განაგრძობს თხრობას: «ამის შემდეგ ვიხილე ციდან ჩამომავალი სხვა ანგელოზი, რომელსაც დიდი ძალაუფლება ჰქონდა. მისმა დიდებამ დედამიწა გაანათა. მან ძლიერი ხმით დაიძახა: „დაეცა! დაეცა დიდი ბაბილონი!“ » (გამოცხადება 18:1, 2ა). იოანე უკვე მეორედ ისმენს ამ ცნობას ანგელოზისგან (იხილეთ გამოცხადების 14:8). ეს ცნობა რომ მნიშვნელოვანია, იქიდან ჩანს, რომ მას დიდებული ზეციერი ანგელოზი აცხადებს, რომლის დიდებამაც დედამიწა გაანათა. ვინ არის ეს ანგელოზი? საუკუნეებით ადრე წინასწარმეტყველმა ეზეკიელმა ზეციური ხილვის აღწერისას აღნიშნა, რომ „მიწა განათდა მისი [იეჰოვას] დიდებით“ (ეზეკიელი 43:2). ერთადერთი ანგელოზი, რომლის დიდებასაც შეუძლია იეჰოვას დიდებასავით გაანათოს, უფალი იესოა, რომელიც „არის მისი [ღვთის] დიდების ანარეკლი და ზუსტად წარმოგვიდგენს მას“ (ებრაელები 1:3). 1914 წლიდან იესო ზეციერი მეფეა და ის იეჰოვასთან ერთად ხელმძღვანელობს დედამიწას, როგორც მეფე და მოსამართლე. ამიტომ მართებულია, რომ სწორედ მან გააცხადოს დიდი ბაბილონის დაცემა.
5. ა) ვის აცხადებინებს ანგელოზი დიდი ბაბილონის დაცემას? ბ) რა მდგომარეობაში იყო ქრისტიანული სამყარო, როცა დაიწყო მათი სასამართლო, ვინც თავს „ღვთის სახლის“ წარმომადგენლად აცხადებდა?
5 ვის აცხადებინებს დიდი ძალაუფლების მქონე ანგელოზი ამ გასაოცარ ცნობას? ის ბაბილონის დაცემის შედეგად გათავისუფლებულ ადამიანებს ანუ ჯერ კიდევ დედამიწაზე მცხოვრებ ცხებულებს, იოანეს კლასს იყენებს. 1914—1918 წლებში დიდი ბაბილონი ძლიერ ავიწროებდა მათ. 1918 წელს უფალმა იეჰოვამ და „[აბრაამთან დადებული] შეთანხმების მაცნემ“, იესო ქრისტემ, „ღვთის სახლიდან“ დაიწყეს მათი გასამართლება, ვინც თავს ქრისტიანად აცხადებდა. ასე გამოიცადა განდგომილი ქრისტიანული სამყარო (მალაქია 3:1; 1 პეტრე 4:17). ის იმიტომ გასამართლდა, რომ ბაბილონურ მოძღვრებებს იზიარებდა და მონაწილეობდა პირველი მსოფლიო ომის დროინდელ სისხლისღვრასა და იეჰოვას ერთგული მოწმეების დევნაში. ვერც დიდი ბაბილონის სხვა რელიგიებმა დაიმსახურეს ღვთის კეთილგანწყობა (შეადარეთ ესაიას 13:1—9).
6. რატომ შეიძლება ითქვას, რომ 1919 წელს დიდი ბაბილონი დაეცა?
6 დიდი ბაბილონი 1919 წელს დაეცა, რამაც ხელი შეუწყო ღვთის ხალხის გათავისუფლებას. ისინი თითქოსდა ერთ დღეში აღდგნენ სულიერად და სულიერი გაგებით თავიანთ ქვეყანას დაუბრუნდნენ (ესაია 66:8). იმ წელს იეჰოვა ღმერთმა და იესო ქრისტემ, დიდმა დარიოსმა და დიდმა კიროსმა, ისე წარმართეს მოვლენები, რომ ცრუ რელიგიას მეტად ვეღარ მოეხდინა გავლენა იეჰოვას ხალხზე. ის ვეღარ უშლიდა ხელს მათ იეჰოვასთვის მსახურებაში, რათა ყველასთვის, ვისაც მოსმენა შეეძლო, გაეცხადებინათ მეძავის მსგავსი დიდი ბაბილონის აღსასრული და ის, რომ მალე იეჰოვას უზენაესობა დამტკიცდებოდა (ესაია 45:1—4; დანიელი 5:30, 31).
7. ა) მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბაბილონი 1919 წელს არ განადგურებულა, როგორ უყურებდა მას იეჰოვა? ბ) რას ნიშნავდა იეჰოვას ხალხისთვის 1919 წელს დიდი ბაბილონის დაცემა?
7 დიდი ბაბილონი 1919 წელს არ განადგურებულა, ისევე როგორც ძველი ბაბილონი არ გაუნადგურებიათ ძვ. წ. 539 წელს, როცა სპარსელი კიროსის ლაშქარმა დაიპყრო იგი; მაგრამ იეჰოვას თვალში დაეცა ეს ორგანიზაცია. ის მსჯავრდადებულია და განაჩენის აღსრულებას ელის. ასე რომ, ცრუ რელიგია მეტად ვეღარ შეძლებდა იეჰოვას ხალხის დატყვევებას (შეადარეთ ლუკას 9:59, 60). ისინი გათავისუფლდნენ ბატონის დანიშნული ერთგული და გონიერი მონის მოვალეობის შესასრულებლად და სულიერი საზრდოს დროულად მოსამზადებლად; სასამრთლოს დროს კი ისინი შეაქეს და იეჰოვას საქმის გასაგრძელებლად წაახალისეს (მათე 24:45—47; 25:21, 23; საქმეები 1:8).
8. რას აცხადებს ესაიას 21:8, 9-ში მოხსენიებული გუშაგი და ვინ წარმოადგენს დღეს ამ გუშაგს?
8 ათასწლეულების წინ იეჰოვამ სხვა წინასწარმეტყველების პირით იწინასწარმეტყველა ეს ისტორიული მოვლენა. ესაია საუბრობდა გუშაგზე, რომელმაც «ლომივით იღრიალა: „დღისით მუდამ ვდგავარ საგუშაგო კოშკზე, იეჰოვა, და ჩემს სადარაჯოზე ვდგავარ ყოველ ღამე!“ ». რა დაინახა გუშაგმა და რას აცხადებს ლომის სიმამაცით? აი რას: „დაეცა! დაეცა ბაბილონი და მიწასთან გასწორდა მისი ღმერთების ქანდაკებები!“ (ესაია 21:8, 9). ამ გუშაგით წარმოდგენილია იოანეს კლასი, რომელიც ფხიზლობს და ჟურნალ „საგუშაგო კოშკითა“ და სხვა თეოკრატიული პუბლიკაციებით ყველას აუწყებს დიდი ბაბილონის დაცემას.
დიდი ბაბილონი ძალას კარგავს
9, 10. ა) როგორ შესუსტდა დიდი ბაბილონის გავლენა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ? ბ) როგორ აღწერს ძლევამოსილი ანგელოზი დიდი ბაბილონის დაცემულ მდგომარეობას?
9 ძვ. წ. 539 წელს ძველი ბაბილონის დაცემამ საბოლოოდ მისი განადგურება განაპირობა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მთელ მსოფლიოში შესამჩნევად შესუსტდა დიდი ბაბილონის გავლენა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სინტოისტურ იაპონიაში იმპერატორის თაყვანისცემა აიკრძალა; ჩინეთში კომუნისტური მთავრობა აკონტროლებდა რელიგიურ მსახურებსა და მათ საქმიანობას; პროტესტანტულ ჩრდილოეთ ევროპაში ადამიანთა უმეტესობას რელიგიაზე გული აუცრუვდა; რომის კათოლიკური ეკლესიის გავლენა საგრძნობლად დასუსტდა შიდა უთანხმოებებისა და განხეთქილებების გამო (შეადარეთ მარკოზის 3:24—26).
10 ყოველივე ეს ‘მდინარე ევფრატის დაშრობას’ ნიშნავს, რაც წინ უძღვის დიდ ბაბილონზე იერიშის მიტანას. ამაზე მოწმობს 1986 წლის ოქტომბერში პაპის მიერ გაკეთებული განცხადებაც, რომ ეკლესია შემოსავლის დაკარგვის გამო „კვლავ გაღატაკდა“ (გამოცხადება 16:12). განსაკუთრებით 1919 წლიდან ყველასთვის ნათელი გახდა, რომ დიდი ბაბილონი სულიერი თვალსაზრისით გაუდაბურებული იყო, როგორც ეს ძლევამოსილმა ანგელოზმაც გააცხადა: „გახდა დემონების სამკვიდრო, ყოველი უწმინდური ამონასუნთქისა და ყოველი უწმინდური და საძულველი ფრინველის თავშესაფარი!“ (გამოცხადება 18:2ბ). მალე ის პირდაპირი გაგებით გაპარტახდება და დაემსგავსება ძველ ბაბილონს, რომლის ნანგრევებიღა შემორჩა დღევანდელი ერაყის ტერიტორიაზე (იხილეთ აგრეთვე იერემიას 50:25—28).
11. როგორ გახდა დიდი ბაბილონი „დემონების სამკვიდრო“ და „ყოველი უწმინდური ამონასუნთქისა და ყოველი უწმინდური. . . ფრინველის თავშესაფარი“?
11 სიტყვა „დემონები“ გვახსენებს ესაიას მიერ ბაბილონის დაცემის აღწერისას მოხსენიებულ თხისმაგვარ დემონებს (სეირიმ): „იქ დაისვენებენ უწყლო მხარეების ბინადარნი და მათი სახლები ზარნაშოებით აივსება. სირაქლემები დამკვიდრდებიან იქ და თხისმაგვარი დემონები იკუნტრუშებენ“ (ესაია 13:21). ამ სიტყვებში იგულისხმება არა პირდაპირი გაგებით დემონები, არამედ უდაბნოს ბანჯგვლიანი ცხოველები, რომელთა დანახვაც კაცს დემონებს მოაგონებს. ნანგრევებში რომ ასეთი ცხოველები ბინადრობენ, უწმინდური ფრინველები ბუდობენ და ჰაერი მოწამლული და შმორიანია („უწმინდური ამონასუნთქი“), იმაზე მიუთითებს, რომ დიდი ბაბილონი სულიერი გაგებით მკვდარია. ის სიცოცხლის ვერანაირ იმედს ვერ იძლევა (შეადარეთ ეფესოელების 2:1, 2).
12. როგორ შეესაბამება დიდი ბაბილონის მდგომარეობა იერემიას 50-ე თავში მოცემულ წინასწარმეტყველებას?
12 დიდი ბაბილონის მდგომარეობა იერემიას წინასწარმეტყველებაშიც არის აღწერილი: „მახვილია ქალდეველთა წინააღმდეგ, — ამბობს იეჰოვა, — ბაბილონის მკვიდრთა, მის მთავართა და მის ბრძენთა წინააღმდეგ. . . განადგურებაა მის წყლებზე — დაშრება ისინი. ქანდაკებების ქვეყანაა ის და შეშლილებივით იქცევიან თავიანთი საზარელი ხილვების გამო. ამიტომ ღრიალა ცხოველებთან ერთად იცხოვრებენ უწყლო მხარის ბინადრები და სირაქლემები დაიბუდებენ იქ; აღარ დასახლდება იქაურობა და აღარ ექნება მას სამკვიდრო თაობიდან თაობაში“. კერპთაყვანისმცემლობა და ერთფეროვანი ლოცვები ვერ იხსნის დიდ ბაბილონს ღვთის იმ სასჯელისგან, რომელიც სოდომისა და გომორას სასჯელს ჰგავს (იერემია 50:35—40).
ვნების აღმძვრელი ღვინო
13. ა) როგორ აღწერს ძლევამოსილი ანგელოზი დიდი ბაბილონის მეძაობას? ბ) როგორი უზნეობა იყო გავრცელებული ძველ ბაბილონში, რაც არც დიდი ბაბილონისთვის ყოფილა უცხო?
13 ამის შემდეგ ძლევამოსილი ანგელოზი აცხადებს, რომ დიდმა ბაბილონმა მთელ ქვეყანასთან იმეძავა: „მისი სიძვის მრისხანების ღვინომ იმსხვერპლა ყველა ხალხი. დედამიწის მეფეები მეძაობდნენ მასთან, ხოლო დედამიწის დიდვაჭრები მისი სამარცხვინო ფუფუნების ძალით გამდიდრდნენ“ (გამოცხადება 18:3). მან მთელ კაცობრიობას მოახვია თავს თავისი უწმინდური რელიგია. როგორც ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე იუწყება, ძველ ბაბილონში ყველა გოგონას მოეთხოვებოდა, ქალწულობას ტაძარში მეძაობით გამოსთხოვებოდა. აღმაშფოთებელი გარყვნილება ასახულია კამპუჩიაში ომის დროს დაზიანებულ ანგკორ-ვატის ქანდაკებებზე და ხაჯურაჰოს (ინდოეთი) ტაძრებში, სადაც ამაზრზენი ეროტიკული სცენების ფონზე გამოსახულია ინდუსების ღვთაება ვიშნუ. 1987—1988 წლებში მსოფლიო შოკში ჩააგდო შეერთებულ შტატებში ტელეევანგელისტების უზნეობაში მხილებამ და რელიგიურ მსახურთა შორის ფართოდ გავრცელებულმა ჰომოსექსუალიზმმა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სიძვას ქრისტიანული სამყაროც იწყნარებს. თუმცა ერებს უფრო ამაზრზენ სიძვაშიც მიუძღვით ბრალი.
14—16. ა) რა გაუმართლებელი ურთიერთობა ჰქონდა რელიგიასა და პოლიტიკას ფაშისტურ იტალიაში? ბ) რა კომენტარები გააკეთეს რომის კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსებმა იტალიის მიერ აბისინიის დაპყრობასთან დაკავშირებით?
14 ჩვენ უკვე განვიხილეთ რელიგიისა და პოლიტიკის გაუმართლებელი ურთიერთობა, რამაც ხელი შეუწყო ნაცისტური გერმანიის ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლას. სხვა ერებიც დაზარალდნენ პოლიტიკაში რელიგიის ჩარევით. მაგალითად, ფაშისტურ იტალიაში 1929 წლის 11 თებერვალს მუსოლინიმ და კარდინალმა გასპარიმ ხელი მოაწერეს ლატერანის ხელშეკრულებას, რის შემდეგაც ვატიკანი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. პაპმა პიუს XI-მ განაცხადა, რომ მან „იტალია ღმერთს დაუბრუნა, ღმერთი კი — იტალიას“. იყო ეს ასე? ვნახოთ, რა მოხდა ექვსი წლის შემდეგ. 1935 წლის 3 ოქტომბერს იტალია აბისინიაში შეიჭრა, რადგან ამტკიცებდა, რომ ის იყო „ბარბაროსული ქვეყანა, სადაც ჯერ კიდევ მონათმფლობელობა“ არსებობდა. მაგრამ ვინ იყო სინამდვილეში ბარბაროსი? განსჯიდა კათოლიკური ეკლესია მუსოლინის ბარბაროსობას? მაშინ როცა პაპი ორაზროვან განცხადებებს აკეთებდა, მისი ეპისკოპოსები აშკარად ლოცავდნენ თავიანთ „სამშობლოს“, იტალიის შეიარაღებულ ძალებს. ენტონი როდოსი თავის ერთ-ერთ წიგნში აღნიშნავს:
15 «19 ოქტომბრის [1935 წელი] წერილობით მიმართვაში უდინეს [იტალია] ეპისკოპოსმა დაწერა: „ახლა იმის განსჯის დრო არ არის, სწორია ეს თუ არა. ჩვენი, როგორც იტალიელების და, რაც უფრო მთავარია, ქრისტიანების მოვალეობაა, ხელი შევუწყოთ ჩვენი ბრძოლის წარმატებას“. 21 ოქტომბერს პადუის ეპისკოპოსი წერდა: „გთხოვთ, ამ ძნელბედობის ჟამს ეჭვის თვალით ნუ შეხედავთ ჩვენს სახელმწიფო მოღვაწეებსა და შეიარაღებულ ძალებს“. 24 ოქტომბერს კრემონას ეპისკოპოსმა აკურთხა რამდენიმე სამხედრო დროშა და აღნიშნა: „ღმერთმა აკურთხოს ეს ჯარისკაცები, რომლებიც აფრიკის კონტინენტზე ახალ და ნაყოფიერ მიწებს მოუპოვებენ დიდებულ იტალიას და რომაულ და ქრისტიანულ კულტურას აზიარებენ აფრიკელებს. დაე, იტალიამ კვლავ უქადაგოს ქრისტიანობა მთელ მსოფლიოს“ » („The Vatican in the Age of the Dictators“).
16 რომის კათოლიკური სამღვდელოების ლოცვა-კურთხევით აბისინია ბარბაროსულად დაიპყრეს. შეეძლო სამღვდელოების რომელიმე წარმომადგენელს მოციქული პავლესავით ეთქვა: „სუფთა ვარ ყველას სისხლისაგან“? (საქმეები 20:26).
17. როგორ დაზარალდა ესპანეთი იმის გამო, რომ მისმა სამღვდელოებამ ‘მახვილებისგან სახნისები ვერ გამოჭედა’?
17 გერმანიის, იტალიისა და აბისინიის გარდა დიდი ბაბილონის მსხვერპლი ესპანეთიც გახდა. ესპანეთში 1936—1939 წლებში მიმდინარე სამოქალაქო ომის მიზეზი ნაწილობრივ ის იყო, რომ დემოკრატიულმა მთავრობამ გარკვეულ ზომებს მიმართა რომის კათოლიკური ეკლესიის უდიდესი ძალაუფლების შესაზღუდავად. ომის გაჩაღების შემდეგ ფაშისტური რევოლუციური მოძრაობის ლიდერმა, კათოლიკე ფრანკომ თავის თავს „წმინდა ჯვაროსნული ლაშქრობის გენერალსიმუსი“ უწოდა, თუმცა მოგვიანებით ამ ტიტულზე უარი განაცხადა. ამ ბრძოლაში ასიათასობით ესპანელი დაიღუპა. გარდა ამისა, ზოგადი სტატისტიკის თანახმად ფრანკოს მომხრე ნაციონალისტებმა სახალხო ფრონტის 40 000 მონაწილე მოკლეს, სახალხო ფრონტის მონაწილეებმა კი თავის მხრივ 8 000 ღვთის მსახურის სიცოცხლე შეიწირეს — მღვდლების, ბერმონაზვნებისა და მორჩილების. ომისთვის დამახასიათებელი ასეთი საშინელებები და ტრაგედიები ადასტურებენ, რაოდენ ბრძნულია იესოს სიტყვების გათვალისწინება: „ჩააბრუნე მახვილი თავის ადგილას, რადგან ყველა, ვინც მახვილს აიღებს, მახვილით დაიღუპება“ (მათე 26:52). რა ამაზრზენია ასეთ მასობრივ სისხლისღვრაში ქრისტიანული სამყაროს მონაწილეობა! მათი სამღვდელოება ძალიან შორს არის იმისგან, რომ ‘მახვილებისგან სახნისები გამოჭედონ’ (ესაია 2:4).
დიდვაჭრები
18. ვინ არიან „დედამიწის დიდვაჭრები“?
18 ვინ არიან „დედამიწის დიდვაჭრები“? დღეს ჩვენ შეიძლება მათ ვაჭრები, მსხვილი ბიზნესმენები და ოლიგარქები ვუწოდებთ, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კანონიერი გზებით ბიზნესის წარმოება არასწორია. ბიბლია ბრძნულ რჩევას აძლევს ბიზნესში ჩაბმულებს და აფრთხილებს, რომ მოერიდონ უპატიოსნობას, სიხარბესა და მსგავს თვისებებს (იგავები 11:1; ზაქარია 7:9, 10; იაკობი 5:1—5). დიდი მონახვეჭია, „იყო ღვთისადმი ერთგული და იმით კმაყოფილი, რაც გაქვს“ (1 ტიმოთე 6:6, 17—19). სატანის ქვეყნიერება არ ცხოვრობს სამართლიანი პრინციპებით. ყველგან ყვავის კორუფცია, რელიგიაშიც, პოლიტიკაშიც და ბიზნესშიც. დროდადრო მასობრივი საინფორმაციო საშუალებები აშუქებენ ისეთ სკანდალებს, როგორიცაა სახელმწიფო მოხელეების მიერ თანხების მითვისება და იარაღით უკანონო ვაჭრობა.
19. მსოფლიო ეკონომიკასთან დაკავშირებული ფაქტების თანახმად, რატომ არიან დედამიწის ვაჭრები „გამოცხადებაში“ უარყოფითად მოხსენიებული?
19 ყოველწლიურად იარაღით ვაჭრობიდან მიღებული შემოსავალი ტრილიონ დოლარს აჭარბებს მაშინ, როცა ასობით მილიონ ადამიანს ელემენტარული მოთხოვნილებები ვერ დაუკმაყოფილებია. ამაში კარგი არაფერია. როგორც ჩანს, იარაღით ვაჭრობა მსოფლიო ეკონომიკის ძირითადი საყრდენია. ლონდონში გამომავალი გაზეთის „სპექტატორის“ 1987 წლის 11 აპრილის ნომერში ნათქვამი იყო: „იარაღის წარმოებით მარტო შეერთებულ შტატებში 400 000 ადამიანია დასაქმებული, ევროპაში კი — 750 000. საინტერესოა, რომ მაშინ, როცა იარაღის წარმოება სოციალური და ეკონომიკური თვალსაზრისით უფრო მნიშვნელოვანი ხდება, იარაღის მწარმოებელთა უსაფრთხოების საკითხი მეორე პლანზე გადადის“. მთელ მსოფლიოში ბომბებითა და სხვა იარაღით ვაჭრობას უდიდესი მოგება მოაქვს; ისინი იარაღით პოტენციურ მოწინააღმდეგეებსაც კი ამარაგებენ. პარადოქსია, მაგრამ ერთ დღეს ეს ბომბები შეიძლება იარაღით მოვაჭრე ქვეყნების გასანადგურებლად გამოიყენონ. გარდა ამისა, არ უნდა დაგვავიწყდეს ის მაქინაციები, რაც იარაღით ვაჭრობას უკავშირდება. როგორც „სპექტატორი“ იტყობინებოდა, მხოლოდ შეერთებულ შტატებში „ყოველწლიურად პენტაგონი დაუდგენელი მიზეზებით 900 მილიონი დოლარის ღირებულების იარაღსა და აღჭურვილობას კარგავს“. გასაკვირი არ არის, რატომ არიან დედამიწის ვაჭრები „გამოცხადებაში“ უარყოფითად მოხსენიებული.
20. რომელი მაგალითი ცხადყოფს უპატიოსნო ბიზნესში რელიგიის მონაწილეობას?
20 დიდებული ანგელოზის წინასწარმეტყველების თანახმად რელიგიაც გარეულია ასეთ უპატიოსნო ბიზნესში. მაგალითად, ვატიკანმა თავისი წვლილი შეიტანა 1982 წელს იტალიაში ბანკ „ამბროზიანოს“ გაკოტრებაში. 80-იან წლებში მიმდინარე ხანგრძლივმა სასამართლო პროცესმა ვერ დაადგინა, სად გაქრა ფული. 1987 წლის თებერვალში მილანის მოსამართლეებმა გასცეს ორდერი ვატიკანის სამი სასულიერო პირის, მათ შორის ამერიკელი არქიეპისკოპოსის, დაპატიმრების შესახებ. მათ ბანკის ხელოვნური გაკოტრება ედებოდათ ბრალად, მაგრამ ვატიკანმა უარი განაცხადა დამნაშავეთა გადაცემაზე. 1987 წლის ივლისში, დიდი პროტესტის მიუხედავად, იტალიის უმაღლესმა სააპელაციო სასამართლომ ვატიკანსა და იტალიის მთავრობას შორის დადებული ძველი ხელშეკრულების საფუძველზე ორდერები გააუქმა.
21. საიდან ვიცით, რომ იესოს საერთო არაფერი ჰქონდა საეჭვო სავაჭრო საქმიანობასთან, და ამის საპირისპიროდ, რისი თქმა შეიძლება დღეს ბაბილონურ რელიგიაზე?
21 ჰქონდა რაიმე კავშირი იესოს საეჭვო სავაჭრო საქმიანობასთან? არა. მას საკუთარი ქონებაც კი არ ჰქონია, „თავის დასადები ადგილი არ გააჩნდა“. იესომ ერთ მდიდარ მმართველს მოუწოდა: „რაც გაქვს, ყველაფერი გაყიდე, ღარიბებს დაურიგე და გექნება განძი ზეცაში. მერე მოდი და გამომყევი“. ეს შესანიშნავი რჩევა გაათავისუფლებდა მას სავაჭრო საქმეებთან დაკავშირებული საზრუნავისგან (ლუკა 9:58; 18:22). ბაბილონურ რელიგიას კი ხშირად გაუმართლებელი კავშირი აქვს დიდ ბიზნესთან. მაგალითად, 1987 წელს ერთ-ერთი გაზეთის ცნობის თანახმად მაიამის (ფლორიდა, აშშ) კათოლიკური ეპარქიის ხაზინადარმა აღიარა, რომ ეკლესია ბირთვული იარაღის, ბავშვებისთვის აკრძალული ფილმებისა და სიგარეტის მწარმოებელი კომპანიების აქციებს ფლობდა („Albany Times Union“).
„გამოდით მისგან, ჩემო ხალხო“
22. ა) რას ამბობდა ზეციდან მომავალი ხმა? ბ) რა იყო ღვთის ხალხის სიხარულის მიზეზი ძვ. წ. 537 წელსა და ახ. წ. 1919 წელს?
22 იოანეს სიტყვებიდან ჩანს როგორ ვითარდება მოვლენები წინასწარმეტყველების თანახმად: «სხვა ხმაც გავიგონე ციდან, რომელიც ამბობდა: „გამოდით მისგან, ჩემო ხალხო, თუ არ გინდათ, მისი ცოდვების თანამონაწილენი იყოთ და მისი წყლულები მიიღოთ“ » (გამოცხადება 18:4). ძველი ბაბილონის დაცემის შესახებ ებრაულ წერილებში მოცემულ წინასწარმეტყველებებში ჩაწერილია ისიც, თუ რა უბრძანა იეჰოვამ თავის ხალხს: „გაიქეცით ბაბილონიდან“ (იერემია 50:8, 13). ეს მოწოდება დღესაც ეხება ღვთის ხალხს, რადგან მოახლოებულია დიდი ბაბილონის განადგურება. ძვ. წ. 537 წელს ერთგულმა ისრაელებმა დიდად გაიხარეს, რადგან ბაბილონის ტყვეობიდან თავის დახსნის საშუალება მიეცათ. მსგავსადვე გაიხარა ღვთის ხალხმა 1919 წელს ბაბილონის ტყვეობიდან გათავისუფლების გამო (გამოცხადება 11:11, 12). მას შემდეგ მილიონობით ადამიანი დაემორჩილა ბრძანებას და გაიქცა.
23. როგორ ამახვილებს ყურადღებას ზეციდან მომავალი ხმა დიდი ბაბილონიდან სასწრაფოდ გამოსვლის აუცილებლობაზე?
23 ნუთუ აუცილებელია, რომ ასე სასწრაფოდ გამოვიდეთ დიდი ბაბილონიდან და ყოველგვარი კავშირი გავწყვიტოთ მსოფლიოში არსებულ რელიგიებთან? აუცილებელია. ჩვენ ღვთის თვალით უნდა ვუყურებდეთ ამ ძველ რელიგიურ ურჩხულს, დიდ ბაბილონს. ღმერთმა სამართლიანად უწოდა მას დიდი მეძავი. ახლა ზეციდან მომავალი ხმა იოანეს ამ მეძავზე ასეთ რამეს ეუბნება: „მისი ცოდვები ცას მისწვდა და ღმერთმა გაიხსენა მისი უსამართლო საქმეები. მიუზღეთ მას, როგორც მან მოგიზღოთ, და ორმაგად, ორმაგად გადაუხადეთ, რაც გააკეთა. სასმისში, რომელშიც ის ნაზავს ასხამდა, ორმაგი ნაზავი ჩაუსხით. რამდენადაც განადიდებდა საკუთარ თავს და სამარცხვინო ფუფუნებაში ცხოვრობდა, იმდენად მიაგეთ ტანჯვა და გლოვა, რადგან გულში ამბობს: დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და გლოვას არასოდეს ვიხილავო. ამიტომაც ერთ დღეში მოვა მისი წყლულები, სიკვდილი, გლოვა და შიმშილობა და ცეცხლში დაიწვება, რადგან ძლიერია იეჰოვა ღმერთი, მისი გამსამართლებელი“ (გამოცხადება 18:5—8).
24. ა) რას გადაურჩება ღვთის ხალხი, თუ გაიქცევა დიდი ბაბილონიდან? ბ) დიდი ბაბილონის რომელი ცოდვების თანამონაწილე გახდება ის, ვინც არ გაიქცევა მისგან?
24 ნამდვილად შთამბეჭდავი სიტყვებია. ამიტომ საჭიროა მოქმედება. იერემია თავის თანამედროვე ისრაელებს მოქმედებისკენ აღძრავდა: „გაიქეცით ბაბილონიდან, . . რადგან ეს იეჰოვას შურისძიების დროა; სამაგიეროს უხდის მას. გამოდი მისგან, ჩემო ხალხო, და გადაირჩინეთ თქვენ-თქვენი სულები იეჰოვას მრისხანებისგან“ (იერემია 51:6, 45). დღეს ზეციდან მომავალი ხმა მსგავსადვე აფრთხილებს ღვთის ხალხს, რომ გაიქცნენ დიდი ბაბილონიდან, რათა მისი წყლულები არ მიიღონ. ახლა ცხადდება ამ ქვეყნიერებისა და დიდი ბაბილონის წინააღმდეგ იეჰოვას მიერ გამოტანილი დამაწყლულებელი განაჩენი (გამოცხადება 8:1—9:21; 16:1—21). ღვთის ხალხი უნდა გამოეყოს ცრუ რელიგიას, რათა არ დაიტანჯოს ამ წყლულებით და მეძავთან ერთად არ დაიღუპოს. თუ ისინი მეძავის ორგანიზაციაში დარჩებიან, მისი ცოდვების თანამონაწილენი გახდებიან. ისინი დიდ ბაბილონზე ნაკლებად როდი იქნებიან დამნაშავენი სულიერ მეძაობაში და „დედამიწაზე ყოველი მოკლულის“ სისხლისღვრაში! (გამოცხადება 18:24; შეადარეთ ეფესო-ელების 5:11; 1 ტიმოთეს 5:22).
25. როგორ გამოვიდა ღვთის ხალხი ძველი ბაბილონიდან?
25 როგორ გამოდის ღვთის ხალხი დიდი ბაბილონიდან? ძველ დროს იუდეველები პირდაპირი გაგებით წამოვიდნენ ქალაქ ბაბილონიდან და აღთქმულ მიწას დაუბრუნდნენ. მაგრამ ეს საკმარისი არ ყოფილა. ესაიამ უთხრა ისრაელებს: „ზურგი აქციეთ, ზურგი აქციეთ, გამოდით, უწმინდურს ნუ მიეკარებით! გამოდით მისგან და სუფთები იყავით თქვენ, ვინც იეჰოვას ნივთებს ატარებთ!“ (ესაია 52:11). მათ უნდა მიეტოვებინათ ბაბილონური რელიგიის უწმინდური წესები, რათა არ წაბილწულიყო იეჰოვას თაყვანისცემა.
26. როგორ გამოეხმაურნენ კორინთელი ქრისტიანები მოწოდებას: „გამოდით მათგან და. . . უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“?
26 მოციქული პავლე კორინთელებისთვის მიწერილ წერილში ესაიას სიტყვებს ციტირებდა: «ნუ შეებმებით უთანასწორო უღელში ურწმუნოებთან. რა კავშირი აქვს სიმართლეს უკანონობასთან? ან რა საერთო აქვს სინათლეს სიბნელესთან?. . „ამიტომ გამოდით მათგან და გამოეყავით, — ამბობს იეჰოვა, — უწმინდურს ნუღარ მიეკარებით“ ». ეს მოწოდება იმას არ გულისხმობდა, რომ კორინთელ ქრისტიანებს კორინთი დაეტოვებინათ. ისინი არ უნდა შესულიყვნენ ცრუ რელიგიურ უწმინდურ ტაძრებში და უნდა მორიდებოდნენ კერპთაყვანისმცემელთა უწმინდურ წეს-ჩვეულებებს. 1919 წელს ღვთის ხალხმაც დაიწყო გამოსვლა დიდი ბაბილონიდან და უარი თქვა ჯერ კიდევ შემორჩენილ უწმინდურ სწავლებებსა და წეს-ჩვეულებებზე. როგორც განწმენდილ ხალხს, მათ მხოლოდ ასე შეეძლოთ ღვთისთვის მსახურება (2 კორინთელები 6:14—17; 1 იოანე 3:3).
27. რა მსგავსებაა ძველი ბაბილონისა და დიდი ბაბილონის სასჯელს შორის?
27 ძველი ბაბილონი თავისი ცოდვების საზღაურად დაეცა და საბოლოოდ განადგურდა, „რადგან ცას მისწვდა მისი განაჩენი“ (იერემია 51:9). ამის მსგავსად დიდი ბაბილონის ცოდვებიც „ცას მისწვდა“, ანუ თვით იეჰოვას ყურადღება მიიქცია. მას ბრალი მიუძღვის უსამართლობაში, კერპთაყვანისმცემლობაში, უზნეობაში, ჩაგვრაში, ძარცვასა და მკვლელობაში. ძველი ბაბილონი გარკვეულწილად იმის გამო დაეცა, რომ ის იეჰოვას ტაძარსა და მის ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს მტრობდა (იერემია 50:8, 14; 51:11, 35, 36). დიდი ბაბილონის დაცემა და საბოლოო განადგურება ღვთის შურისძიების მაჩვენებელია, რადგან ის საუკუნეების განმავლობაში მტრობდა ჭეშმარიტ თაყვანისმცემლებს. მისი საბოლოო განადგურება „ჩვენი ღვთის შურისძიების დღის“ დასაწყისი იქნება (ესაია 34:8—10; 61:2; იერემია 50:28).
28. რა პრინციპით აღასრულებს იეჰოვა სამართალს დიდ ბაბილონზე და რატომ?
28 მოსეს კანონის მიხედვით თუ ისრაელი თავის თანამემამულეს რამეს მოჰპარავდა, ორმაგად მაინც უნდა ეზღო (გამოსვლა 22:1, 4, 7, 9). დიდი ბაბილონის მოახლოებული განადგურების დროს იეჰოვა ასეთივე პრინციპით აღასრულებს სამართალს. დიდმა ბაბილონმა ორმაგად უნდა ზღოს. მას არ შეიწყალებენ, რადგან არც ის იწყალებდა თავის მსხვერპლს. ის როგორც პარაზიტი, ისე წოვდა დედამიწის ხალხებს, რომ „სამარცხვინო ფუფუნებაში“ ეცხოვრა. ახლა მას ტანჯვა და გლოვა ელის. ძველ ბაბილონს ეგონა, რომ მის უსაფრთხოებას არაფერი დაემუქრებოდა, და იკვეხნიდა: „არ დავქვრივდები და არც შვილების დაკარგვას გამოვცდიო“ (ესაია 47:8, 9, 11). დიდი ბაბილონიც უსაფრთხოდ გრძნობს თავს, მაგრამ ისიც სწრაფად, „ერთ დღეში“ განადგურდება ძლევამოსილი იეჰოვას ბრძანებისამებრ.
[ჩარჩო 263 გვერდზე]
„მეფეები. . . მასთან მეძაობდნენ“
XIX საუკუნის დასაწყისში ევროპელ ვაჭრებს დიდი რაოდენობით ოპიუმი შეჰქონდათ ჩინეთში კონტრაბანდული გზით. 1839 წლის მარტში ჩინელი მოხელეები შეეცადნენ ამ უკანონო ვაჭრობის შეჩერებას და ბრიტანელ ვაჭრებს 20 000 ყუთი ნარკოტიკი ჩამოართვეს, რის გამოც დიდ ბრიტანეთსა და ჩინეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა. მას შემდეგ ზოგიერთი პროტესტანტი მისიონერი ამგვარად მოუწოდებდა დიდ ბრიტანეთს ომისკენ:
„გულს მიხარებს ეს დაძაბული ურთიერთობა, რადგან ვფიქრობ, რომ ეს განარისხებს ინგლისის მთავრობას და ღმერთი თავისი ძალით მოსპობს იმ დაბრკოლებებს, რაც ჩინეთში ქრისტეს სახარების ქადაგებას ხვდება“ (ჰენრიეტა შაკი, სამხრეთის ბაპტისტების მისიონერი).
საბოლოოდ ომი დაიწყო. ეს ომი „ოპიუმის“ სახელწოდებით არის ცნობილი. მისიონერები მთელი გულით უჭერდნენ მხარს დიდ ბრიტანეთს და ამბობდნენ:
„იძულებული ვარ დღევანდელ ვითარებას ვუყურო, არა როგორც ოპიუმს ან ინგლისის პოლიტიკურ სტრატეგიას, არამედ ღვთის დიდებულ განგებას, რათა ადამიანთა ბოროტებით ღვთის განზრახვები შესრულებულიყო, შეწყალებულიყო ჩინეთი და გარღვეულიყო ის კედელი, რომელიც მას გარე სამყაროსგან ყოფს“ (პიტერ პარკერი, კონგრეგაციონალისტი მისიონერი).
კიდევ ერთმა კონგრეგაციონალისტმა მისიონერმა, სემიუელ უ. უილიამზმა აღნიშნა: „სასწაულებრივად ჩანს ღვთის ხელი მოვლენების განვითარებაში. ჩვენ ეჭვი არ გვეპარება, რომ ის, ვინც განაცხადა, დედამიწაზე მახვილის მოსატანად მოვედიო, უკვე მოსულია თავისი მტრების დაუყოვნებლივ გასანადგურებლად და თავისი სამეფოს დასამყარებლად. ის მოსპობს და მოსპობს, ვიდრე არ დააყენებს მშვიდობის მთავარს“.
ჩინელთა უმოწყალო ხოცვის შესახებ მისიონერმა ჯ. ლუის შაკმა დაწერა: „ვფიქრობ, რომ ეს ის საშუალებაა. . . რასაც უფალი ღვთიური ჭეშმარიტების წინსვლის დამაბრკოლებელი ნაგვის თავიდან მოსაშორებლად იყენებს“.
კონგრეგაციონალისტმა მისიონერმა, ილაიჯა ს. ბრიჯმენმა აღნიშნა: „ღმერთს ხშირად გამოუყენებია სახელმწიფოს ძლიერება თავისი სამეფოს სასარგებლოდ. . . ასეთი განსაკუთრებული მოვლენების დროს ადამიანი მხოლოდ იარაღია, რომელსაც ღვთის ძალა ხელმძღვანელობს. ხალხთა უზენაესმა მმართველმა ჩინეთის დასასჯელად და დასამცირებლად ინგლისი გამოიყენა“ (ციტატა აღებულია სტიუარტ კრეიტონ მილერის ესედან „Ends and Means“, რომელიც 1974 წელს ჯონ კ. ფეარბანკის მიერ გამოქვეყნებულ ჰარვარდის უნივერსიტეტის ნაშრომში შევიდა „The Missionary Enterprise in China and America“).
[ჩარჩო 264 გვერდზე]
„დიდვაჭრები. . . გამდიდრდნენ“
„1929 წლიდან მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე [ბერნადინო] ნოგარამ [ვატიკანის ხაზინადარმა] ვატიკანის ფულადი სახსრები იტალიის ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში ჩადო, კერძოდ, ენერგეტიკის, ტელეკომუნიკაციის, საბანკო და საკრედიტო, მცირე სარკინიგზო, სოფლის სამეურნეო ინსტრუმენტების, ცემენტისა და ხელოვნური ბოჭკოების წარმოების სფეროებში და თითოეულ სფეროში თავისი წარმომადგენლები დანიშნა. აქედან ბევრმა წამოწყებამ გაამართლა.
ნოგარამ ხელში ჩაიგდო ისეთი კომპანიები, როგორებიც იყო „La Società Italiana della Viscosa“,“La Supertessile“, „La Società Meridionale Industrie Tessili“ და „La Cisaraion“. მან ეს კომპანიები ერთ კომპანიად გააერთიანა, რომელსაც „CISA–Viscosa“ უწოდა და ჩააბარა ბარონ ფრანჩესკო მარია ოდასოს, ერთ-ერთ ყველაზე სანდო საერო პირს ვატიკანში. ამის შემდეგ ნოგარამ ისე მოაწყო საქმე, რომ ამ ახალ კომპანიას იტალიის უდიდესი საფეიქრო სამრეწველო კომპანია „SNIA–Viscosa“ დაპატრონებოდა. ვატიკანის წილი ამ კომპანიაში სულ უფრო და უფრო იზრდებოდა. საბოლოოდ ეს კომპანია ვატიკანის ხელში აღმოჩნდა, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ბარონი ოდასო კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გახდა.
ასე შეაღწია ნოგარამ საფეიქრო ინდუსტრიაში. მან სხვა სფეროებშიც შეაღწია, რადგან ნოგარა მრავალ ხრიკს მიმართავდა. ამ თავდადებულმა კაცმა. . . შესაძლოა უფრო დიდი გასაქანი მისცა იტალიის ეკონომიკას, ვიდრე სხვა რომელიმე ბიზნესმენმა იტალიის ისტორიაში. . . ბენიტო მუსოლინიმ ვერ განახორციელა იმპერიის შექმნის იდეა, მაგრამ მან საშუალება მისცა ვატიკანსა და ბერნადინო ნოგარას სხვაგვარი ბატონობისთვის ჩაეყარათ საფუძველი“ (ნინო ლო ბელოს „The Vatican Empire“, გვერდები 71—73).
ეს მხოლოდ ერთი მაგალითია, რომელიც დედამიწის დიდვაჭრებისა და დიდი ბაბილონის თანამშრომლობას ადასტურებს. გასაკვირი არ იქნება, რატომ იგლოვებენ ეს ვაჭრები, როცა მათ „ბიზნეს-პარტნიორს“ ბოლო მოეღება.
[სურათი 259 გვერდზე]
ხალხი მთელ დედამიწაზე მიმოიფანტა და ბაბილონური რელიგიაც თან გაიყოლა.
[სურათი 261 გვერდზე]
იოანეს კლასი გუშაგივით აცხადებს ბაბილონის დაცემას.
[სურათი 266 გვერდზე]
ძველი ბაბილონის ნანგრევები დიდი ბაბილონის მოახლოებულ განადგურებას მოასწავებს.