ძმებო, თესეთ სულისთვის და ისწრაფეთ პასუხისმგებლობებისკენ!
„ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მარადიულ სიცოცხლეს მოიმკის“ (გალ. 6:8).
1, 2. როგორ სრულდება დღეს მათეს 9:37, 38-ში ჩაწერილი სიტყვები და, შესაბამისად, რისი საჭიროება იქმნება კრებებში?
თქვენ დღეს იმ ისტორიული მოვლენების მომსწრე ხართ, რაც დავიწყებას არასდროს მიეცემა. დღეს არნახული სისწრაფით და მასშტაბით სრულდება საქმე, რომლის შესახებაც იესო ქრისტემ იწინასწარმეტყველა: „სამკალი ბევრია, მუშები კი ცოტანი არიან. ამიტომ ევედრეთ სამკლის ბატონს, მუშები გამოგზავნოს თავის სამკალში“ (მათ. 9:37, 38). იეჰოვა ღმერთი ასეთ ლოცვებს დღეს ისე ისმენს, როგორც არასდროს. 2009 სამსახურებრივ წელს მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა კრებების რაოდენობა 2 031-ით გაიზარდა და 105 298-ს მიაღწია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ყოველდღე საშუალოდ 757 ადამიანი ინათლებოდა.
2 ასეთი ზრდის შედეგად კრებებში იზრდება ძმების საჭიროება, რომლებიც სამწყსოს დამწყემსავენ (ეფეს. 4:11). ათეულობით წელია, რაც იეჰოვა ქრისტიან მამაკაცებს იმისთვის ამზადებს, რომ მათ სამწყსოს მოთხოვნილებებზე იზრუნონ; ჩვენ გვჯერა, რომ ეს ასეც გაგრძელდება. მიქას 5:5-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება გვარწმუნებს, რომ ბოლო დღეებში იეჰოვას ხალხს ეყოლებოდა „შვიდი მწყემსი“ და „რვა მთავარი“. ამ სიმბოლურ ციფრებში იგულისხმება ის, რომ ღვთის ხალხს ბევრი უნარიანი მამაკაცი გაუწევდა ხელმძღვანელობას.
3. ახსენით, რას ნიშნავს ‘სულისთვის თესვა’?
3 თუ მონათლული ძმა ხარ, რამ შეიძლება გაგიღვივოს კრებაში მეტი პასუხისმგებლობების მიღების სურვილი? უპირველესად, სულისთვის უნდა თესო (გალ. 6:8). სულისთვის თესვაში ისიც იგულისხმება, ისე იცხოვრო, რომ ღვთის წმინდა სულს შენზე მოქმედების საშუალება მისცე. მტკიცედ გადაწყვიტე, რომ არ ‘დათესო ხორცისთვის’. არ დაუშვა, რომ კომფორტული ცხოვრების ძიებამ, დროს ტარებამ და გართობამ ღვთის მსახურებაში მეტის გაკეთების სურვილი დაგაკარგვინოს. ყველა ქრისტიანი ‘სულისთვის უნდა თესავდეს’ და ძმები, რომლებიც ასე იქცევიან, დროთა განმავლობაში მზად იქნებიან კრებაში პასუხისმგებლობების მისაღებად. ვინაიდან დღეს მომსახურეებზე და უხუცესებზე დიდი მოთხოვნილებაა, ეს სტატია განსაკუთრებით ქრისტიანი ძმებისთვის არის გამიზნული. ამიტომ, ძმებო ილოცეთ და ისე განიხილეთ ეს სტატია.
ისწრაფეთ კარგი საქმისთვის
4, 5. ა) რისკენ უნდა ისწრაფოს მონათლულმა ძმამ კრებაში? ბ) რა უნდა გააკეთოს ძმამ ამ მიზნის მისაღწევად?
4 ქრისტიანი ავტომატურად არ ხდება ზედამხედველი. მან უნდა ისწრაფოს ‘კარგი საქმისკენ’ (1 ტიმ. 3:1). კარგ საქმეში ისიც იგულისხმება, რომ ძმამ გულწრფელად იზრუნოს თანამორწმუნეების საჭიროებებზე (წაიკითხეთ ესაიას 32:1, 2). კაცს, რომელსაც სწორი მოტივები აქვს, არ იქნება პატივმოყვარე და ამბიციური. ის მთელი გულით ეცდება სხვების უანგაროდ დახმარებას.
5 ვინც მომსახურედ და უხუცესად მსახურებისკენ ისწრაფვის, ცდილობს, ბიბლიაში ჩაწერილ მოთხოვნებს შეესაბამებოდეს (1 ტიმ. 3:1—10, 12, 13; ტიტ. 1:5—9). თუ მონათლული ძმა ხარ, ჰკითხე საკუთარ თავს: მაქსიმალურად ვიღებ მონაწილეობას სამქადაგებლო საქმიანობაში? ვეხმარები სხვებს ამ საქმის შესრულებაში? ვამხნევებ თანამორწმუნეებს, რაც მათ კეთილდღეობაზე გულწრფელ ზრუნვაში ვლინდება? ხედავენ თანამორწმუნეები, რომ ბიბლიის კარგი მკვლევარი ვარ? ვცდილობ, ჩემი კომენტარების დახვეწას? გულმოდგინედ ვასრულებ უხუცესების დავალებულ საქმეს? (2 ტიმ. 4:5). ღირს ასეთ კითხვებზე დაფიქრება.
6. რა არის უმთავრესი კრებაში პასუხისმგებლობების მისაღებად?
6 პასუხისმგებლობებისკენ სწრაფვაში ასევე მნიშვნელოვანია, რომ „თქვენი შინაგანი ადამიანი გაძლიერდეს მისი [ღვთის] სულის მეშვეობით“ (ეფეს. 3:16). ქრისტიანულ კრებაში მომსახურედ ან უხუცესად დანიშვნა თანამდებობაზე დანიშვნას არ ნიშნავს. პასუხისმგებლობები მხოლოდ სულიერი პროგრესის შედეგად მიიღება. როგორ უნდა გაიზარდოს ძმა სულიერად? ერთ-ერთი საშუალებაა „იაროს სულით“ და განივითაროს სულის ნაყოფი (გალ. 5:16, 22, 23). თუ შენი სულიერი მოწიფულობით ცხადყოფ, რომ მზად ხარ დამატებითი პასუხისმგებლობების შესასრულებლად და ითვალისწინებ ძმების რჩევებს, რომლებიც გასაუმჯობესებლად გეძლევა, შენი წარმატება „ყველასთვის ცხადი გახდება“ (1 ტიმ. 4:15).
აუცილებელია თავგანწირვის სული
7. რას მოიცავს და-ძმების მომსახურება?
7 და-ძმების მომსახურება დიდ შრომასა და თავგანწირვას მოითხოვს. ქრისტიანი ზედამხედველები სამწყსოს სულიერი მწყემსები არიან და ამიტომ მათ გულთან ახლოს მიაქვთ თითოეული ქრისტიანის გასაჭირი. დავფიქრდეთ, როგორი გახდა მოციქული პავლე, მას შემდეგ რაც პასუხისმგებლობები დაეკისრა. მან კორინთელ ქრისტიანებს უთხრა: „დიდი გასაჭირით, გულისტკივილითა და მრავალი ცრემლით იმიტომ კი არ მოგწერეთ, რომ დამენაღვლიანებინეთ, არამედ გცოდნოდათ, როგორ მიყვარხართ“ (2 კორ. 2:4). აშკარაა, რომ პავლე მთელ გულს დებდა ამ საქმეში.
8, 9. მოიყვანეთ ბიბლიური მაგალითები იმ მამაკაცების შესახებ, რომლებიც ღვთის ხალხზე ზრუნავდნენ.
8 თავგანწირვის სული ყოველთვის იყო დამახასიათებელი მამაკაცებისთვის, რომლებსაც იეჰოვას ხალხზე ზრუნვა ევალათ. მაგალითად, წარმოუდგენელია, რომ ნოეს ასეთი რამ ეთქვა თავისი ოჯახის წევრებისთვის: შემატყობინეთ, როცა კიდობანს ააგებთ და მეც შემოგიერთდებით. მოსეს არ უთქვამს ეგვიპტეში ისრაელებისთვის: თქვენ წადით წითელ ზღვასთან და მეც იქ მოვალ. იესო ნავეს ძე არ იტყოდა: გამაგებინეთ, როცა იერიხონის კედლები ჩამოიშლება. ესაიას არ უთქვამს იეჰოვასთვის: ის წავა! ის გაგზავნე! (ეს. 6:8).
9 იესო ქრისტე ღვთის სულით ხელმძღვანელობდა, რითაც საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა. ის მზად იყო შეესრულებინა ღვთის დავალება, რომ კაცობრიობას მხსნელად მოვლინებოდა (იოან. 3:16). განა იესოს თავგანწირულმა სიყვარულმა არ უნდა აღგვძრას ჩვენც გამოვავლინოთ მსგავსი სულისკვეთება? ერთმა დიდი ხნის უხუცესმა სამწყსოს მიმართ თავისი გრძნობები ასე გამოხატა: «ძალიან შემეხო სიტყვები, რომლებიც იესომ პეტრეს უთხრა: „დამწყემსე ჩემი ბატკნები“. წლების შემდეგ მივხვდი, როგორ შეუძლია ორიოდე თბილ სიტყვასა და კეთილ საქმეს ადამიანის გამხნევება. სამწყსოზე ზრუნვა დიდ სიხარულს მგვრის» (იოან. 21:16).
10. რა აღძრავს ქრისტიან ძმებს, რომ ქრისტეს მსგავსად მოემსახურონ თანამორწმუნეებს?
10 უდავოა, მონათლულ ძმებს სურთ, გაიზიარონ იესოს სიტყვები: „მე გამოგაცოცხლებთ“ (მათ. 11:28). ღვთისა და კრების სიყვარული აღძრავს ქრისტიან ძმებს, ისწრაფონ პასუხისმგებლობებისკენ. ისინი არ ფიქრობენ, რომ ეს ძალიან დიდ მსხვერპლს მოითხოვს. მაგრამ თუ ძმას არა აქვს პასუხისმგებლობების მიღების სურვილი, შესაძლებელია ამ სურვილის გაღვივება?
გაიღვივეთ მსახურების სურვილი
11. როგორ შეუძლია ქრისტიანს მსახურების სურვილის გაღვივება?
11 თუ პასუხისმგებლობისკენ იმიტომ არ ისწრაფვი, რომ ფიქრობ, არ გაქვს უნარი და ის თვისებები, რაც მოგეთხოვება, ილოცე წმინდა სულისთვის (ლუკ. 11:13). იეჰოვას სული ნებისმიერ ბარიერს გადაგალახვინებს. მსახურების სურვილი ღვთისგან მოდის, რადგან სწორედ იეჰოვას სული აღძრავს ძმას, ისწრაფოს პასუხისმგებლობებისკენ და, შესაბამისად, ღმერთივე იძლევა ძალას ამ საქმის შესასრულებლად (ფილ. 2:13; 4:13). ზემოთქმულიდან გამომდინარე, უპრიანი იქნება, თუ იეჰოვას ვთხოვთ, აღგვიძრას მსახურების სურვილი (წაიკითხეთ ფსალმუნის 25:4, 5 ).
12. როგორ შეუძლია ძმას მიიღოს საკმარისი სიბრძნე კრებაში პასუხისმგებლობების შესასრულებლად?
12 ძმამ პასუხისმგებლობებისკენ შეიძლება იმ მიზეზითაც არ ისწრაფოს, თუ ხედავს, რომ სამწყსოს საჭიროებებზე ზრუნვა რთულია და დიდ ენერგიას მოითხოვს. შეიძლება ძმა იმასაც ფიქრობს, რომ საკმარისი სიბრძნე არა აქვს ამ საქმის შესასრულებლად. ამ შემთხვევაში მას შეუძლია სიბრძნე შეიძინოს ღვთის სიტყვისა და ბიბლიაზე დაფუძნებული პუბლიკაციების გულითადი შესწავლით. ის უნდა დაფიქრდეს, უთმობს თუ არა საკმარის დროს ბიბლიის შესწავლას და სთხოვს თუ არა ღმერთს სიბრძნეს. მოწაფე იაკობმა დაწერა: „თუ რომელიმე თქვენგანს სიბრძნე აკლია, გამუდმებით სთხოვოს ღმერთს, რომელიც ყველას უხვად და დაუყვედრებლად აძლევს, და მიეცემა“ (იაკ. 1:5). გჯერათ ამ ღვთივშთაგონებული სიტყვების? ღმერთმა უპასუხა სოლომონის ლოცვას და მისცა „ბრძენი და გაგებულ გული“, რათა ხალხის განსჯისას სიკეთე და ბოროტება ერთმანეთისგან გაერჩია (1 მეფ. 3:7—14). მართალია სოლომონის შემთხვევა განსაკუთრებული იყო, მაგრამ ჩვენც შეგვიძლია ვიყოთ დარწმუნებულები, რომ იეჰოვა მოგვცემს სიბრძნეს პასუხისმგებლობების შესასრულებლად (იგავ. 2:6).
13, 14. ა) ახსენით, როგორ იყო პავლე იმ სიყვარულით აღძრული, რომელიც ქრისტეს აქვს. ბ) როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენზე იმ სიყვარულმა, რომელიც ქრისტეს აქვს?
13 სამწყსოზე ზრუნვის სურვილს იმ ყველაფერზე ფიქრიც გაგიღვივებთ, რაც იეჰოვამ და მისმა ძემ ჩვენთვის გააკეთეს. მაგალითად, განვიხილოთ 2 კორინთელების 5:14, 15 (წაიკითხეთ). როგორ ვართ „იმ სიყვარულით . . . აღძრულნი, რომელიც ქრისტეს აქვს“? ქრისტემ ღვთის ნებით სიცოცხლე გაიღო ჩვენთვის და ამით იმდენად დიდი სიყვარული დაგვიმტკიცა, რომ რაც მეტად ვფიქრობთ ამაზე, მით მეტად ვართ მადლიერნი. პავლე მოციქულს ქრისტეს სიყვარული ამოძრავებდა. ის მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობდა. მისი მთავარი მიზანი ღვთის ნების შესრულება და თანამორწმუნეების მომსახურება იყო.
14 გული მადლიერების გრძნობით გვევსება, როდესაც ვფიქრობთ იმაზე, თუ როგორ უყვარდა ქრისტეს ადამიანები. ჩვენთვის ნათელი გახდება, რომ არაფერს მოგვცემს ხორცისთვის თესვა, ანუ ეგოისტური მიზნების დასახვა და საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრება. ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ პირველ ადგილზე ღვთის საქმე დავაყენოთ და სურვილი გაგვიჩნდება, ვემსახუროთ ჩვენს ძმებს სიყვარულით, როგორც მონებმა (წაიკითხეთ გალატელების 5:13). თუ იეჰოვას მიძღვნილ მსახურებს თავმდაბლურად ვემსახურებით როგორც მონები, მათ ღირსეულად და პატივისცემით მოვეპყრობით. ჩვენ ნამდვილად არ გვინდა, სატანისთვის დამახასიათებელ კრიტიკულ სულს ვავლენდეთ (გამოცხ. 12:10).
ოჯახის მხარდაჭერა
15, 16. რა როლს თამაშობენ ოჯახის წევრები იმ დროს, როცა ძმას სურს მომსახურედ ან უხუცესად მსახურება?
15 თუ ძმას მეუღლე და შვილები ჰყავს, მომსახურედ ან უხუცესად დანიშვნამდე ითვალისწინებენ მის ოჯახურ მდგომარეობას. ოჯახის რეპუტაცია გადამწყვეტ როლს თამაშობს ძმისთვის პასუხისმგებლობების მინდობაში. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ოჯახის თანადგომა უაღრესად მნიშვნელოვანია, რათა ოჯახის თავმა შეძლოს მომსახურედ ან უხუცესად მსახურება და კრების ინტერესებზე ზრუნვა (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 3:4, 5, 12).
16 იეჰოვას ახარებს, როცა ოჯახის წევრები ერთმანეთს მხარში უდგანან (ეფეს. 3:14, 15). ოჯახის თავი გაწონასწორებული უნდა იყოს, რომ კრების პასუხისმგებლობებიც შეასრულოს და „ოჯახის კარგი გამგებელიც“ იყოს. მნიშვნელოვანია, რომ უხუცესმა თუ მომსახურემ ბიბლია ყოველკვირეულად შეისწავლოს ცოლ-შვილთან, ოჯახთან ერთად თაყვანისცემისას და მათთან ერთად რეგულარულად იქადაგოს. აუცილებელია, რომ ოჯახის თითოეულმა წევრმა ოჯახის თავს საქმე გაუადვილოს.
შეგიძლია განაახლო მსახურება?
17, 18. ა) რა უნდა გააკეთოს ძმამ, რომელმაც პასუხისმგებლობა დაკარგა? ბ) როგორი განწყობა უნდა ჰქონდეს ძმას, რომელიც ერთ დროს უხუცესად ან მომსახურედ მსახურობდა?
17 შესაძლოა ერთ დროს უხუცესი ან მომსახურე იყავი, მაგრამ ახლა აღარ ხარ. თუ გიყვარს იეჰოვა, ეჭვი ნუ შეგეპარება, რომ ის ზრუნავს შენზე (1 პეტ. 5:6, 7). ალბათ უხუცესებს ნათქვამი აქვთ შენთვის, რომ რაღაც გაქვს შესაცვლელი. აღიარე შეცდომა და იეჰოვას დახმარებით ეცადე მის გამოსწორებას. ნუ გაღიზიანდები, იყავი გონიერი და დადებითი განწყობა გამოავლინე. ერთი ძმა, რომელიც წლების მანძილზე მსახურობდა უხუცესად, მაგრამ მერე პასუხისმგებლობები დაკარგა, გვიამბობს: „გადავწყვიტე, როგორც უხუცესად მსახურების დროს არ ვაცდენდი კრების შეხვედრებს, ვკითხულობდი ბიბლიას და ვქადაგებდი, მერეც ისე გამეგრძელებინა. ეს იყო ის მიზანი, რომლის მიღწევა ნამდვილად შემეძლო. მოთმინებაც ვისწავლე, რადგან მეგონა, პასუხისმგებლობებს ერთ ან ორ წელიწადში დავიბრუნებდი, მაგრამ თითქმის შვიდი წელი დამჭირდა, რომ კვლავ უხუცესად მემსახურა. მთელი ამ დროის განმავლობაში იეჰოვამ არაერთხელ გამამხნევა, ლოდინით რომ არ დავქანცულიყავი და მიზნისკენ მესწრაფა.
18 თუ შენც მსგავს სიტუაციაში ხარ, გულს ნუ გაიტეხ. იფიქრე იმ კურთხევებზე, რომელსაც იეჰოვა გაძლევს მსახურებასა თუ ოჯახში. იზრუნე შენი ოჯახის სულიერობაზე, მოინახულე ავადმყოფები, გაამხნევე სუსტები და, რაც ყველაზე მთავარია, დააფასე რომ გაქვს ღვთის განდიდებისა და ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგების პატივი (ფსალმ. 145:1, 2; ეს. 43:10—12).a
კიდევ ერთხელ გადახედე შენს მდგომარეობას
19, 20. ა) რისკენ მოუწოდებენ ყველა მონათლულ ძმას? ბ) რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
19 დღეს ისე როგორც არასდროს უხუცესები და მომსახურეები ძალზე საჭირონი არიან. ჩვენ მოვუწოდებთ ძმებს კიდევ ერთხელ გადახედონ თავიანთ მდგომარეობას და საკუთარ თავს ჰკითხონ: თუ ჯერ არა ვარ მომსახურე ან უხუცესი, რა მიშლის ხელს? დაე, ღვთის სული დაგეხმაროთ, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხს სწორად შეხედოთ.
20 კრებისთვის კურთხევა იქნება, თუ მისი წევრები თავგანწირვის სულს გამოავლენენ. სიკეთის კეთება და სხვების კეთილდღეობაზე ფიქრი სიხარულს გვგვრის, რადგან თანამორწმუნეებს ვემსახურებით და სულისთვის ვთესავთ. შემდეგი სტატიიდან გავიგებთ, რა დაგვეხმარება, რომ არ დავანაღვლიანოთ ღვთის წმინდა სული.
[სქოლიო]
a იხილეთ 2009 წლის 15 აგვისტოს „საგუშაგო კოშკი“, გვერდები 30—32.
როგორ უპასუხებთ?
• რაში გვარწმუნებს მიქას 5:5?
• განმარტეთ, რაში ვლინდება თავგანწირვის სული.
• როგორ შეუძლია ქრისტიანს მსახურების სურვილის გაღვივება?
• რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახის თანადგომა, როცა ძმას მომსახურედ ან უხუცესად მსახურება სურს?
[სურათები 25 გვერდზე]
როგორ უნდა ისწრაფვო პასუხისმგებლობებისკენ?