‘ივლით სულით’?
„იარეთ სულით და არ შეასრულებთ ხორცის სურვილებს“ (გალატელები 5:16).
1. როგორ შეგვიძლია დავძლიოთ იმის შიში, შევცოდეთ თუ არა წმინდა სულის წინააღმდეგ?
თუ ვშიშობთ, იეჰოვას წმინდა სულის წინააღმდეგ ხომ არ შევცოდეთ, ამ შიშის დაძლევაში დაგვეხმარება იმის კეთება, რისკენაც პავლე მოციქული მოგვიწოდებდა. მან თქვა: „იარეთ სულით და არ შეასრულებთ ხორცის სურვილებს“ (გალატელები 5:16). თუ ღვთის სულს საშუალებას მივცემთ რომ გვიხელმძღვანელოს, ჩვენ ხორცის სურვილებს არ ავყვებით (რომაელები 8:2—10).
2, 3. რა გავლენას მოახდენს ჩვენზე სულით სიარული?
2 რადგან ‘სულით დავდივართ’, ღვთის მოქმედი ძალა აღგვძრავს, დავემორჩილოთ იეჰოვას. ჩვენ მსახურებაში, კრებაში, სახლში თუ სხვა ნებისმიერ ადგილას ისეთივე თვისებებს გამოვავლენთ, როგორიც ღმერთს აქვს. მეუღლესთან, შვილებთან, თანამორწმუნეებთან თუ სხვებთან ურთიერთობისას აშკარა იქნება, რომ სულის ნაყოფს ვავლენთ.
3 თუ ‘ღვთის თვალსაზრისით სულის მიხედვით ვიცხოვრებთ’, შევწყვეტთ ცოდვის ჩადენას (1 პეტრე 4:1—6). თუ ღვთის სული გავლენას ახდენს ჩვენზე, ჩვენ არასოდეს არ ჩავიდენთ მიუტევებელ ცოდვას. კიდევ რა დადებით გავლენას მოახდენს ჩვენზე სულით სიარული?
შეინარჩუნეთ ახლო ურთიერთობა ღმერთთან და ქრისტესთან
4, 5. რა გავლენას ახდენს სულით სიარული იმაზე, თუ როგორი შეხედულება გვაქვს იესოზე?
4 რადგან ღვთის წმინდა სულით დავდივართ, ჩვენ შეგვიძლია ახლო ურთიერთობა შევინარჩუნოთ ღმერთთან და მის ძესთან. სულიერ ძღვენზე საუბრისას პავლემ კორინთში მცხოვრებ თანამორწმუნეებს მისწერა: «გაუწყებთ [ყოფილ კერპთაყვანისმცემლებს], რომ კაცი, რომელიც ღვთის სულით ლაპარაკობს, არ იტყვის: „დაწყევლილია იესო!“ და ვერც იმას იტყვის ვინმე, რომ „იესო უფალია!“ თუ არა წმინდა სულით» (1 კორინთელები 12:1—3). სული, რომელიც ადამიანს იესოს წყევლისკენ აღძრავს, აშკარად სატანა ეშმაკისგან მომდინარეობს. მაგრამ ჩვენ, ქრისტიანები, წმინდა სულით დავდივართ და ამიტომ დარწმუნებულნი ვართ, რომ იეჰოვამ მკვდრეთით აღადგინა იესო და ყველა სხვა ქმნილებაზე მაღლა დააყენა (ფილიპელები 2:5—11). ჩვენ რწმენას ვავლენთ ქრისტეს მიერ გაღებული გამოსასყიდისადმი და ვაღიარებთ იესოს როგორც ღვთის მიერ დანიშნულ უფალს.
5 პირველ საუკუნეში ზოგიერთები, რომლებიც თავს ქრისტიანებს უწოდებდნენ, უარყოფდნენ, რომ იესო ხორციელად მოვიდა (2 იოანე 7—11). ასეთი მცდარი შეხედულების გამო ზოგმა უარყო ჭეშმარიტი სწავლება იესოს, ანუ მესიის შესახებ (მარკოზი 1:9—11; იოანე 1:1, 14). წმინდა სულით სიარული გვეხმარება, რომ ასეთი განდგომილების გავლენის ქვეშ არ მოვექცეთ. თუ სულიერად ფხიზლები დავრჩებით, მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ, რომ კვლავაც მივიღოთ იეჰოვას წყალობა და ‘ჭეშმარიტებაში ვიაროთ’ (3 იოანე 3, 4). ამიტომ, მოდი უარვყოთ ყოველგვარი განდგომილება, რათა ჩვენს ზეციერ მამასთან ახლო ურთიერთობა შევინარჩუნოთ.
6. რა თვისებებს წარმოშობს ღვთის სული მათში, ვინც სულით დადის?
6 პავლემ კერპთაყვანისმცემლობა და სექტანტობა ხორცის ისეთ საქმეებს შორის მოიხსენია, როგორიცაა, სიძვა და თავაშვებულობა. ამავე დროს მან თქვა: „მათ, ვინც ქრისტე იესოსნი არიან, ბოძზე გააკრეს თავიანთი ხორცი მის ვნებებთან და სურვილებთან ერთად. თუ სულით ვცოცხლობთ, შესაბამისად სულითვე ვიაროთ“ (გალატელები 5:19—21, 24, 25). რა თვისებებს წარმოშობს ღვთის მოქმედი ძალა მათში, ვინც სულით ცოცხლობს და სულით დადის? „სულის ნაყოფია: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სიკეთე, ყოველივე კარგი, რწმენა, რბილი ხასიათი და თავშეკავება“, — დაწერა პავლემ (გალატელები 5:22, 23). მოდი განვიხილოთ სულის ნაყოფის თითოეული მხარე.
„გვიყვარდეს ერთმანეთი“
7. რა არის სიყვარული და რა ახასიათებს მას?
7 სიყვარულში, რომელიც სულის ნაყოფის ერთ-ერთი მხარეა, ხშირად იგულისხმება ღრმა, თბილი გრძნობები, ერთმანეთზე უანგაროდ ზრუნვა და ახლო ურთიერთობა ერთმანეთთან. ბიბლია ამბობს, რომ „ღმერთი სიყვარულია“, რადგან ის სიყვარულის განსახიერებაა. კაცობრიობის მიმართ ღვთისა და მისი ძის უდიდესი სიყვარული იქიდან ჩანს, რომ იესო ქრისტემ გამოსასყიდი გაიღო ჩვენთვის (1 იოანე 4:8; იოანე 3:16; 15:13; რომაელები 5:8). ჩვენ რომ იესოს მიმდევრები ვართ, ამას ის მოწმობს, რომ გვიყვარს ერთმანეთი (იოანე 13:34, 35). ჩვენ მოგვეთხოვება კიდეც, რომ „გვიყვარდეს ერთმანეთი“ (1 იოანე 3:23). პავლე ამბობს, რომ სიყვარული სულგრძელი და კეთილია. სიყვარულს არ შურს, არ ტრაბახობს, უწესოდ არ იქცევა, თავისას არ ეძებს, არ ღიზიანდება და განაწყენებას არ ითვლის. მას ჭეშმარიტება ახარებს და არა უმართლობა. სიყვარული ყველაფერს იტანს, ყველაფერი სწამს, ყველაფრის იმედი აქვს და ყველაფერს ითმენს. სიყვარული არასოდეს მთავრდება (1 კორინთელები 13:4—8).
8. რატომ უნდა გამოვავლინოთ სიყვარული იეჰოვას თაყვანისმცემლების მიმართ?
8 თუ ღვთის სულს საშუალებას მივცემთ, რომ ჩვენში სიყვარული წარმოშვას, ღმერთთან და მოყვასთან ურთიერთობისას სწორედ ამ თვისებას გამოვავლენთ (მათე 22:37—39). „ვისაც არ უყვარს, სიკვდილში რჩება, — დაწერა მოციქულმა იოანემ, — ვისაც თავისი ძმა სძულს, მკვლელია; თქვენ კი იცით, რომ არც ერთ მკვლელში არ რჩება მარადიული სიცოცხლე“ (1 იოანე 3:14, 15). მკვლელს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლო ისრაელის ერთ-ერთ თავშესაფარ ქალაქში გაქცევა, თუ მას არ სძულებია ის, ვინც შემთხვევით მოკლა (კანონი 19:4, 11—13). თუ წმინდა სული გვხელმძღვანელობს, სიყვარულს გამოვავლენთ ღვთის, თანამორწმუნეებისა და სხვების მიმართ.
„იეჰოვას სიხარული თქვენი სიმაგრეა“
9, 10. რა არის სიხარული და რა მიზეზები გვაქვს, რომ ვხარობდეთ?
9 სიხარული დიდი ბედნიერების მაჩვენებელია. იეჰოვა „ბედნიერი ღმერთია“ (1 ტიმოთე 1:11; ფსალმუნი 104:31). ღვთის ძეს თავისი მამის ნების შესრულება ახარებს (ფსალმუნი 40:8; ებრაელები 10:7—9). „იეჰოვას სიხარული [ჩვენი] სიმაგრეა“ (ნეემია 8:10).
10 ღვთისგან მომდინარე სიხარული დიდ კმაყოფილებას გვანიჭებს, როდესაც ღმერთის ნებას ვასრულებთ, თუნდაც ამ დროს განსაცდელის, მწუხარების ან დევნის ატანა გვიწევდეს. მართლაც რომ ბედნიერება მოაქვს ‘ღვთის შესახებ ცოდნას’! (იგავები 2:1—5). ღმერთთან სიხარულით აღსავსე ურთიერთობა საფუძვლიან ცოდნაზე და იესოს გამოსასყიდისა და ღვთისადმი რწმენაზეა დაფუძნებული (1 იოანე 2:1, 2). ერთადერთ ნამდვილ მსოფლიო საძმოში ყოფნა სიხარულის კიდევ ერთი მიზეზია (სოფონია 3:9; ანგია 2:7). სიხარულს ისიც გვანიჭებს, რომ სამეფოს იმედი გვაქვს და წილად გვხვდა პატივი, გავაცხადოთ სასიხარულო ცნობა (მათე 6:9, 10; 24:14). ჩვენ მარადიული სიცოცხლის იმედიც გვახარებს (იოანე 17:3). რადგან ასეთი შესანიშნავი იმედი გვაქვს, სულ გახარებული უნდა ვიყოთ (კანონი 16:15).
იყავით მშვიდობიანი და გამოავლინეთ სულგრძელობა
11, 12. ა) რას ნიშნავს მშვიდობა? ბ) რა გავლენას ახდენს ღვთის მშვიდობა ჩვენზე?
11 მშვიდობა, სულის ნაყოფის კიდევ ერთი მხარე, სიმშვიდესა და უშფოთველობას ნიშნავს. ჩვენი ზეციერი მამა მშვიდობის ღმერთია. ბიბლია გვარწმუნებს: „იეჰოვა აკურთხებს თავის ხალხს მშვიდობით“ (ფსალმუნი 29:11; 1 კორინთელები 14:33). იესომ უთხრა თავის მოწაფეებს: „მშვიდობას გიტოვებთ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ“ (იოანე 14:27). რა დახმარებას გაუწევდა მშვიდობა მის მიმდევრებს?
12 მშვიდობამ, რომელიც იესომ თავის მიმდევრებს დაუტოვა, მათ გულსა და გონებას სიმშვიდე მიანიჭა და შიში გაუნელა. მშვიდობა მოწაფეებმა განსაკუთრებით მაშინ იგრძნეს, როცა დაპირებული წმინდა სული მიიღეს (იოანე 14:26). როდესაც ჩვენზე ღვთის წმინდა სული ახდენს გავლენას და ლოცვებზე პასუხს ვიღებთ, მაშინ ვგრძნობთ ღვთის შეუდარებელ მშვიდობას, რომელიც ჩვენს გულსა და გონებას სიმშვიდეს ანიჭებს (ფილიპელები 4:6, 7). გარდა ამისა, იეჰოვას სული გვეხმარება, რომ თანამორწმუნეებთან და სხვებთან ურთიერთობისას მშვიდობიანები ვიყოთ (რომაელები 12:18; 1 თესალონიკელები 5:13).
13, 14. რა არის სულგრძელობა და რატომ უნდა გამოვავლინოთ ეს თვისება?
13 სულგრძელობა დაკავშირებულია მშვიდობიანობასთან, რადგან სწორედ სულგრძელობა გვეხმარება, მოთმინებით ავიტანოთ სირთულეები იმ იმედით, რომ მომავალში მდგომარეობა გაუმჯობესდება. ღმერთი სულგრძელია (რომაელები 9:22—24). იესოც ავლენს ამ თვისებას. იესოს სულგრძელობას ჩვენთვის სარგებლობა მოაქვს, როგორც ამას პავლე მოციქულის სიტყვებიდან ვიგებთ: „შეწყალებული კი იმიტომ ვიქენი, რომ ჩემი განსაკუთრებული შემთხვევით ქრისტე იესოს მთელი თავისი სულგრძელობა ნიმუშად ეჩვენებინა მათთვის, ვინც მასზე აფუძნებს რწმენას მარადიული სიცოცხლისთვის“ (1 ტიმოთე 1:16).
14 სულგრძელობა გვეხმარება, მოვითმინოთ, როცა სხვები ცუდად და დაუფიქრებლად ლაპარაკობენ ჩვენზე ან შეგნებულად თუ შეუგნებლად ცუდად გვექცევიან. პავლე თანაქრისტიანებს მოუწოდებდა: „სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ“ (1 თესალონიკელები 5:14). რადგან ყველანი არასრულყოფილები ვართ და ხშირად ვცდებით, ცხადია გვსურს, რომ სხვებმა სულგრძელობა გამოავლინონ ჩვენ მიმართ, როცა მათთან ურთიერთობისას შეცდომებს ვუშვებთ. ამიტომ, მოდი ჩვენც ვეცადოთ, რომ ‘სულგრძელნი ვიყოთ სიხარულით’ (კოლოსელები 1:9—12).
გამოავლინეთ სიკეთე და აკეთეთ ყოველივე კარგი
15. რაში ვლინდება სიკეთე და ვინ ავლენს მას?
15 სიკეთეს ვავლენთ მაშინ, როცა სხვებით გულწრფელად ვართ დაინტერესებულნი და სიტყვითა თუ საქმით მათ მეგობრულად მხარში ვუდგავართ. იეჰოვაც და მისი ძეც სიკეთეს ავლენენ (რომაელები 2:4; 2 კორინთელები 10:1). ღვთისა და ქრისტეს მსახურებიც უნდა გამოირჩეოდნენ სიკეთის კეთებით (მიქა 6:8; კოლოსელები 3:12). ზოგიერთი მათგანიც კი, ვისაც ღმერთთან ურთიერთობა არა აქვს, ‘დიდ კაცთმოყვარეობას იჩენს’ (საქმეები 27:3; 28:2). განა ჩვენ, ვინც ‘სულით დავდივართ’, უფრო მეტ სიკეთეს არ უნდა ვაკეთებდეთ?!
16. რა დროს უნდა ვავლენდეთ სიკეთეს?
16 სიკეთის გამოვლენა მაშინაც კი შეიძლება, როდესაც სამართლიანად ვართ გაბრაზებულნი ვინმეს მწარე სიტყვების ან დაუფიქრებელი საქციელის გამო. „განრისხებისას ნუ შესცოდავთ, — თქვა პავლემ — მზე ისე ნუ ჩავა, რომ გაღიზიანებულები დარჩეთ; ადგილი არ მისცეთ ეშმაკს. კეთილად მოექეცით ერთმანეთს, დიდად თანაუგრძნეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, როგორც ღმერთმა გაპატიათ მთელი გულით ქრისტეს მეშვეობით“ (ეფესოელები 4:26, 27, 32). სიკეთე განსაკუთრებით მათ მიმართ უნდა გამოვიჩინოთ, ვინც სხვადასხვა განსაცდელს იტანს. თუ ქრისტიანი უხუცესი დაინახავდა, რომ ვინმე აშკარად იმ საფრთხის წინაშე დგას, რომ ‘ყოველივე კარგის, სიმართლისა და ჭეშმარიტების’ გზიდან გადაუხვიოს, მაგრამ მას ბიბლიაზე დაფუძნებულ რჩევას არ მისცემდა მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის გული არ ეტკინა, ცხადია, ეს მისი მხრიდან სიკეთის გამოვლენა არ იქნებოდა (ეფესოელები 5:9).
17, 18. რა იგულისხმება ყოველივე კარგში და რა როლს უნდა ასრულებდეს ჩვენს ცხოვრებაში სულის ნაყოფის ეს მხარე?
17 ყოველივე კარგში იგულისხმება კარგი თვისებები, ზნეობრიობა და კარგის კეთება. ღმერთი კარგია ამ სიტყვის სრული გაგებით (ფსალმუნი 25:8; ზაქარია 9:17). იესო სრულყოფილად იცავდა ზნეობრივ პრინციპებს. მიუხედავად ამისა, მას არ მოეწონა, როცა მას „კარგი მოძღვარი“ უწოდეს (მარკოზი 10:17, 18). როგორც ჩანს, ამის მიზეზი ის იყო, რომ იესო მხოლოდ ღმერთს მიიჩნევდა ყველაზე კარგ პიროვნებად.
18 ჩვენ კარგის კეთებაში მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა გვიშლის ხელს (რომაელები 5:12). მიუხედავად ამისა, ჩვენ შეგვიძლია კარგის კეთება, თუ ღმერთს ლოცვაში ვთხოვთ, რომ ‘გვასწავლოს ყოველივე კარგი’ (ფსალმუნი 119:66). რომში მცხოვრებ ქრისტიანებს პავლემ მისწერა: „მეც დარწმუნებული ვარ, ძმებო, რომ სავსე ხართ ყოველივე კარგით, რადგან გაქვთ ყოველგვარი ცოდნა“ (რომაელები 15:14). ქრისტიანი ზედამხედველები „კარგის მოყვარულები“ უნდა იყვნენ (ტიტე 1:7, 8). თუ ღვთის სული გვხელმძღვანელობს, კარგის კეთებით ვიქნებით ცნობილნი და იეჰოვა ამას ‘სასიკეთოდ გაგვიხსენებს’ (ნეემია 5:19; 13:31).
„უთვალთმაქცო რწმენა“
19. რა არის რწმენა ებრაელების 11:1-ის თანახმად?
19 რწმენა — სულის ნაყოფის ერთ-ერთი მხარე — „იმის საფუძვლიანი მოლოდინია, რასაც ვიმედოვნებთ, და აშკარა მტკიცებაა უხილავი სინამდვილისა“ (ებრაელები 11:1). თუ რწმენა გვაქვს, დარწმუნებული ვართ, რომ ის, რასაც იეჰოვა გვპირდება, შესრულდება. უხილავი სინამდვილის დამადასტურებელი ფაქტები იმდენად საფუძვლიანია, რომ, შეიძლება ითქვას, რწმენა ამ უხილავი სინამდვილის აშკარა მტკიცებაა. მაგალითად, შემოქმედება გვარწმუნებს იმაში, რომ არსებობს შემოქმედი. თუ სულით ვივლით, ჩვენ სწორედ ასეთ რწმენას გამოვავლენთ.
20. რა არის „ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“ და როგორ უნდა მოვერიდოთ ასეთ ცოდვასა და ხორცის საქმეებს?
20 ურწმუნოება არის „ცოდვა, რომელიც ადვილად გვაქცევს თავის მარწუხებში“ (ებრაელები 12:1). ჩვენ ღვთის სულს უნდა მივენდოთ, რათა მოვერიდოთ ხორცის საქმეების კეთებას, მატერიალიზმისკენ სწრაფვასა და ცრუ სწავლებებს, რაც რწმენას დაგვინგრევდა (კოლოსელები 2:8; 1 ტიმოთე 6:9, 10; 2 ტიმოთე 4:3—5). დღეს ღვთის სული იეჰოვას მსახურებში ისეთივე რწმენას ავითარებს, როგორიც ქრისტემდე მცხოვრებ ღვთის მოწმეებსა თუ ბიბლიაში მოხსენიებულ სხვა ადამიანებს ჰქონდათ (ებრაელები 11:2—40). ჩვენმა „უთვალთმაქცო რწმენამ“ შეიძლება სხვების რწმენა განამტკიცოს (1 ტიმოთე 1:5; ებრაელები 13:7).
გამოავლინეთ რბილი ხასიათი და თავშეკავება
21, 22. რა არის რბილი ხასიათი და რატომ უნდა ვავლენდეთ მას?
21 რბილი ხასიათი ადამიანის ქცევებსა და ბუნებაში ვლინდება. ღვთის ერთ-ერთი თვისება სწორედ რომ რბილი ხასიათია. ჩვენ ეს იქიდან ვიცით, რომ იესო, რომელიც რბილი ხასიათის იყო, სრულყოფილად ირეკლავდა იეჰოვას თვისებებს (მათე 11:28—30; იოანე 1:18; 5:19). მაშ, რა მოგვეთხოვება ჩვენ, როგორც ღვთის მსახურებს?
22 ჩვენ, ქრისტიანები ‘ყველასთან რბილ ხასიათს უნდა ვავლენდეთ’ (ტიტე 3:2). მსახურებაში ჩვენ რბილ ხასიათს ვავლენთ. სულიერად გამოცდილებს ბიბლია მოუწოდებს, რომ „რბილად მიუდგნენ“ და ამგვარად გამოასწორონ ისინი, ვინც მცდარ ნაბიჯს დგამს (გალატელები 6:1). „თავმდაბლობითა და რბილი ხასიათით“ თითოეულს შეგვიძლია ქრისტიანულ ერთობასა და მშვიდობას შევუწყოთ ხელი (ეფესოელები 4:1—3). ჩვენ შევძლებთ რბილი ხასიათის გამოვლენას, თუ ყოველთვის ღვთის სულით ვივლით და თავშეკავებულნი ვიქნებით.
23, 24. რა არის თავშეკავება და რაში გვეხმარება ის?
23 თავშეკავება არის თვისება, რომლის წყალობითაც ვაკონტროლებთ აზრებს, სიტყვებსა და მოქმედებებს. ძველ დროს იეჰოვა თავშეკავებას ავლენდა ბაბილონელების მიმართ, რომლებმაც იერუსალიმი გააპარტახეს (ესაია 42:14). ღვთის ძე განსაცდელების დროს თავშეკავებას ავლენდა, რითაც ‘მაგალითი დაგვიტოვა’. პეტრე მოციქულიც ურჩევდა თანაქრისტიანებს, რომ ‘ცოდნისთვის თავშეკავება დაერთოთ’ (1 პეტრე 2:21—23; 2 პეტრე 1:5—8).
24 ქრისტიანი უხუცესებისგან თავშეკავება მოითხოვება (ტიტე 1:7, 8). ყველას, ვისაც წმინდა სული ხელმძღვანელობს, შეუძლია თავშეკავების გამოვლენა. ამის წყალობით ქრისტიანი არ ჩაიდენს უზნეობას, უხამსი სიტყვებით არ ილაპარაკებს და მოერიდება ყველაფერს, რამაც შეიძლება იეჰოვას კეთილგანწყობა დააკარგვინოს. თუ ღვთის სულს საშუალებას მივცემთ, რომ ჩვენში თავშეკავება განავითაროს, ეს აშკარად ცხადი გახდება ყველასთვის, რადგან თავშეკავება ჩვენს მეტყველებასა და ქცევებში აისახება.
განაგრძეთ სულით სიარული
25, 26. რა გავლენას ახდენს დღეს წმინდა სულით სიარული სხვებთან ჩვენს ურთიერთობასა და ჩვენს მომავალზე?
25 თუ ღვთის სულით ვივლით, სამეფოს შესახებ გულმოდგინე მაუწყებლები ვიქნებით (საქმეები 18:24—26). გარდა ამისა, ჩვენთან ურთიერთობა სხვებისთვის, განსაკუთრებით კი ღვთის ერთგული ხალხისთვის, სასიამოვნო იქნება. ამასთანავე, ჩვენ, როგორც ღვთის სულით მავალნი, თანაქრისტიანებს სულიერად გავამხნევებთ (ფილიპელები 2:1—4). განა ყველა ქრისტიანს არ სურს, იყოს ასეთი?!
26 სატანის გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნიერებაში ადვილი არ არის სულით სიარული (1 იოანე 5:19). მიუხედავად ამისა, დღეს მილიონობით ადამიანი ღვთის სულით დადის. თუ იეჰოვას მთელი გულით მივენდობით, ჩვენ ახლავე გავიხარებთ სიცოცხლით, მომავალში კი შეგვეძლება, მარადიულად ვიაროთ იმ სამართლიანი გზით, რომელსაც ღმერთი, წმინდა სულის მომცემი, სიყვარულით გვთავაზობს (ფსალმუნი 128:1; იგავები 3:5, 6).
როგორ უპასუხებთ?
• რა გავლენას ახდენს ‘წმინდა სულით სიარული’ ჩვენს ურთიერთობაზე ღმერთთან და მის ძესთან?
• რა თვისებებს მოიცავს წმინდა სულის ნაყოფი?
• როგორ შეგვიძლია ღვთის სულის ნაყოფის გამოვლენა?
• რა გავლენას ახდენს წმინდა სულით სიარული ჩვენს ცხოვრებაზე და მომავლის იმედზე?
[სურათი 23 გვერდზე]
იეჰოვას წმინდა სული თანაქრისტიანებისადმი სიყვარულს გვივითარებს.
[სურათი 24 გვერდზე]
სიტყვით და საქმით გამოავლინეთ სიკეთე.