იცოდით თუ არა?
ეფესოელების 2:11—15-ში პირდაპირი გაგებით კედელს გულისხმობდა მოციქული პავლე, როცა იუდეველებისა და უცხოტომელების გამყოფ „კედელზე“ ლაპარაკობდა?
ეფესოელებისთვის მიწერილ წერილში მოციქული პავლე ისრაელებსა და „უცხოტომელებზე“ ლაპარაკობდა. ის წერდა, რომ ამ ორი ჯგუფის წარმომადგენლებს „კედელი . . . ყოფდა“ (ეფესოელები 2:11—15). პავლე აქ მიუთითებდა მოსეს მეშვეობით მიცემული მცნებების კანონზე, მაგრამ სიტყვა „კედელს“ შეიძლება მკითხველისთვის იერუსალიმის ტაძარში რეალურად არსებული კედელი გაეხსენებინა.
ახ. წ. პირველ საუკუნეში იერუსალიმში იეჰოვას ტაძარს რამდენიმე ეზო ჰქონდა; ამ ეზოებში შესვლა მხოლოდ განსაზღვრული ჯგუფის წარმომადგენლებს შეეძლოთ. არაიუდეველთა ეზოში ყველას შეეძლო შესვლა, მაგრამ ტაძრის ეზოებში შესვლის უფლება მხოლოდ იუდეველებსა და პროზელიტებს ჰქონდათ. იმ ეზოს, რომელშიც ყველას შეეძლო შესვლა, ტაძრის დანარჩენი ეზოებისგან ყოფდა „სორეგი“, ანუ მოაჯირი, რომლის სიმაღლეც, როგორც ამბობენ, დაახლოებით 1,3 მეტრი იყო. პირველი საუკუნის იუდეველი ისტორიკოსის იოსებ ფლავიუსის სიტყვების თანახმად, კედელზე ბერძნულად და ლათინურად ეწერა გაფრთხილება, რომ არაიუდეველები არ გადასულიყვნენ წმინდა ტერიტორიაზე.
ამ გამყოფ კედელზე ერთი სრული ბერძნული წარწერა იპოვეს: „არც ერთმა უცხოტომელმა არ გადალახოს ტაძრის ეს კედელი. ვინც ამ მოთხოვნას დაარღვევს, სიკვდილით დაისჯება“.
როგორც ჩანს, მოსეს კანონის შეთანხმების წარმოსადგენად გამოიყენა პავლემ „სორეგი“, რომელიც იუდეველებსა და უცხოტომელებს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ერთმანეთისგან ყოფდა. იესოს მსხვერპლად შეწირვით გაუქმდა კანონის შეთანხმება და, ამგვარად, ამ მსხვერპლმა „დაანგრია მათ [იუდეველებსა და უცხოტომელებს] შორის კედელი“.
რატომ მოიხსენიებს, ჩვეულებრივ, ბიბლია ისრაელის 12 ტომს მაშინ, როცა სინამდვილეში 13 ტომი იყო?
ტომები, ანუ საგვარეულოები, იაკობის ძეების შთამომავლები არიან; ეს ის იაკობია, რომელსაც ღმერთმა სახელი შეუცვალა და ისრაელი უწოდა. იაკობს 12 ვაჟი ჰყავდა: რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა, დანი, ნაფთალი, გადი, აშერი, ისაქარი, ზებულონი, იოსები და ბენიამინი (დაბადება 29:32—30:24; 35:16—18). აქედან თერთმეტი ძმის სახელი ეწოდა თერთმეტ ტომს, მაგრამ იოსების სახელით არც ერთი ტომი არ წოდებულა. ნაცვლად ამისა, ორი ტომი მისი ვაჟების, ეფრემისა და მენაშეს, სახელებს ატარებდა და მათ ისეთივე მდგომარეობა ჰქონდათ, როგორიც სხვებს. ასე რომ, ისრაელში ტომთა რიცხვი 13 იყო. მაშ, რატომ მოიხსენიებს, ჩვეულებრივ, ბიბლია 12 ტომს?
ლევის ტომს თავიდან იეჰოვას კარავში, შემდეგ კი ტაძარში მსახურება ევალებოდა. ამიტომ მათ ომში არ იწვევდნენ. იეჰოვამ მოსეს უთხრა: „მხოლოდ ლევის ტომი არ აღრიცხო, არ მიათვალო ისინი ისრაელის ძეებს. ლევიანები დანიშნე მოწმობის კარავზე, მთელ მის მოწყობილობასა და ყველაფერზე, რაც კარავს ეკუთვნის“ (რიცხვები 1:49, 50).
ლევის ტომს არც აღთქმულ მიწაზე მიუღია წილი. მათ მთელ ისრაელში გაფანტულ 48 ქალაქში უნდა ეცხოვრათ (რიცხვები 18:20—24; იესო ნავეს ძე 21:41).
ამ ორი მიზეზის გამო, ისრაელის ტომებს შორის ლევის ტომი, ჩვეულებრივ, არ არის მოხსენიებული. სწორედ ამიტომ მოიხსენიება ისრაელის 12 ტომი (რიცხვები 1:1—15).
[სურათის საავტორო უფლება 21 გვერდზე]
Archaeological Museum of Istanbul