ეძებე ნამდვილი მშვიდობა და ისწრაფე მისკენ!
„ვისაც სიცოცხლე უყვარს და კეთილი დღეების ხილვა. . . ერიდოს ბოროტს, სიკეთე აკეთოს, ეძიებდეს მშვიდობას და მისკენ ისწრაფვოდეს“ (1 პეტრე 3:10, 11).
1. ესაიას რომელ ცნობილ სიტყვებს ექნება წარმატება აუცილებლად?
„მახვილებისგან სახნისებს გამოჭედავენ და შუბებისგან — ნამგლებს, ერი ერზე აღარ აღმართავს მახვილს და აღარავინ ისწავლის ომს“ (ესაია 2:4). მიუხედავად იმისა, რომ ეს ცნობილი სიტყვები ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მთავარი სამმართველოს მახლობლად არის ამოტვირფული, ეს მსოფლიო ორგანიზაცია, როგორც არ უნდა ვცდილობდეთ ამის წარმოდგენას, არ ასრულებს მათ. მაგრამ, როგორც იეჰოვა ღმერთის უტყუარი სიტყვების ნაწილი, ეს განაცხადი უშედეგო არ დარჩება (ესაია 55:10, 11).
2. რა ‘იქნება უკანასკნელ დღეებში’ ესაიას 2:2, 3-ის თანახმად?
2 სინამდვილეში, ესაიას 2:4-ში მოცემული სიტყვები საოცარი წინასწარმეტყველების ნაწილია — წინასწარმეტყველების, რომელიც ნამდვილ მშვიდობას აცხადებს და სწორედ ჩვენს დღეებში სრულდება. ომისა და საომარი იარაღის გაუქმების ამაღელვებელი იმედების გამოცხადებამდე წინასწარმეტყველებაში ნათქვამია: „უკანასკნელ დღეებში იქნება, რომ უფლის სახლის მთა მთათა სათავეში დადგინდება, აღიმართება მწვერვალებზე მაღლა და ყოველი ერი მისკენ დაიწყებს დენას. დაიძრება უთვალავი ხალხი და იტყვის: მოდი, ავიდეთ უფლის მთაზე, იაკობის სახლში; გვასწავლოს თავისი გზები და მისი ბილიკებით ვიაროთ, რადგან რჯული სიონიდან გამოვა და უფლის სიტყვა — იერუსალიმიდან“ (ესაია 2:2, 3).
ადამიანებს შეუძლიათ მშვიდობისმოყვარულნი გახდნენ
3. როგორ შეუძლია ადამიანს შეიცვალოს, რომ აგრესიული პიროვნებისგან მშვიდობისმოყვარე გახდეს?
3 დაუკვირდი, რომ ნამდვილი მშვიდობისკენ სწრაფვამდე ადამიანები იეჰოვას გზებში უნდა განისწავლონ. იეჰოვას სწავლებისადმი მორჩილ გამოხმაურებას ისე შეუძლია პიროვნების აზროვნებისა და მოქმედების შეცვლა, რომ აგრესიულს მშვიდობისმოყვარედ აქცევს. როგორ ხდება ადამიანის ასე გარდაქმნა? რომაელთა 12:2-ში ნათქვამია: „ნუ დაემსგავსებით ამ წუთისოფელს, არამედ შეიცვალენით თქვენი გონების განახლებით, რათა შეიცნოთ, რა არის ღვთის ნება — კეთილი, სასურველი და სრულყოფილი“. ჩვენ ვაახლებთ გონებას, ანუ მიმართულებას ვუცვლით, როცა ღვთის სიტყვის პრინციპებითა და მითითებებით ვავსებთ მას. ბიბლიის რეგულარული შესწავლა გვეხმარება ამ ცვლილების მოხდენაში და ხელს გვიწყობს იმის შეცნობაში, თუ რას შეიცავს ჩვენს მიმართ იეჰოვას ნება, რათა ნათლად დავინახოთ ის გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ (ფსალმუნი 118:105).
4. როგორ იმოსება ადამიანი მშვიდობისმოყვარე ახალ კაცად?
4 აზროვნების გარდა, ბიბლიური ჭეშმარიტება ჩვენს მოქმედებებსა და თვისებებსაც ცვლის. ის გვეხმარება იმაში, რისკენაც მოციქულმა პავლემ მოგვიწოდა: ‘მიატოვეთ წინანდელი ცხოვრება ძველი კაცისა, მაცდური გულისთქმებით გახრწნილი, და განახლდით თქვენი გონების სულით [„გონების აღმძვრელი ძალით“, აქ], და შეიმოსეთ ახალი კაცი, რომელიც შექმნილია ღმერთისამებრ სიმართლითა და ჭეშმარიტების სიწმიდით’ (ეფესელთა 4:22–24). გონების აღმძვრელი ძალა შინაგანია. ის გარდაქმნილია და მძლავრდება იეჰოვასა და მისი კანონებისადმი ჩვენი სიყვარულის ზრდასთან ერთად და სულიერ და მშვიდობისმოყვარე ადამიანებად გვხდის.
5. როგორ უწყობს ხელს მოწაფეებისთვის იესოს მიცემული ‘ახალი მცნება’ მათ შორის მშვიდობას?
5 ასეთი გარდაქმნის აუცილებლობა ჩანს იესოს მითითებიდან, რომელიც მოწაფეებთან გატარებულ ბოლო საათებში წარმოთქვა: „ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი; როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი. ჩემი მოწაფეები რომ ხართ, იმით გაიგებენ ყველანი, თუ სიყვარული გექნებათ ურთიერთს შორის“ (იოანე 13:34, 35). ქრისტეს სიყვარულის მსგავსი ასეთი უანგარო სიყვარული სრულქმნილ კავშირში კრავს მოწაფეებს (კოლასელთა 3:14). და ღვთის დაპირებული მშვიდობით მხოლოდ ‘ახალი მცნების’ მზადყოფნით მიმღებნი და მის თანახმად მცხოვრებნი დატკბებიან. თუ არსებობს ხალხი, რომელიც დღეს ასე მოქმედებს?
6. რატომ ცხოვრობენ მშვიდად იეჰოვას მოწმეები ქვეყნიური ხალხისგან განსხვავებით?
6 თავიანთ მსოფლიო ძმობაში იეჰოვას მოწმეები ყველანაირად ცდილობენ სიყვარულის გამოვლენას. თუმცა მსოფლიოს ყველა კუთხიდან არიან, ისინი სასტიკი პოლიტიკური თუ რელიგიური გავლენითაც კი არ ერევიან მსოფლიო დისკუსიებში. როგორც გაერთიანებული ხალხი, ისინი იეჰოვასგან სწავლობენ და მშვიდად ცხოვრობენ (ესაია 54:13). პოლიტიკურ კონფლიქტებში ისინი ნეიტრალიტეტს იცავენ და ომებში არ მონაწილეობენ. ცხოვრების წესს ყოფილი მოძალადეებიც იცვლიან. ქრისტე იესოს მაგალითის მიბაძვით ისინი მშვიდობისმოყვარე ქრისტიანები ხდებიან. და ისინი გულწრფელად მიჰყვებიან პეტრეს რჩევას: „ვისაც სიცოცხლე უყვარს და კეთილი დღეების ხილვა, შეიკავოს ენა ბოროტისაგან და მისი ბაგეები ნუ იტყვიან ზაკვას. ერიდოს ბოროტს, სიკეთე აკეთოს, ეძიებდეს მშვიდობას და მისკენ ისწრაფვოდეს“ (1 პეტრე 3:10, 11; ეფესელთა 4:3).
მშვიდობისკენ მსწრაფველნი
7, 8. მაგალითად მოიყვანე ადამიანები, რომლებმაც უარყვეს ომი და ნამდვილი მშვიდობის მაძიებლები გახდნენ. (მოიყვანე შენთვის ცნობილი სხვა მაგალითები).
7 განვიხილოთ რამი ოვედის, სპეციალიზირებული ანტიტერორისტული რაზმის ყოფილი ოფიცრის მაგალითი. ის გაწვრთნილი იყო მტრების მოსაკლავად. ის თავგამოდებული ებრაელი ნაციონალისტი იყო, სანამ არ აღმოაჩინა, რომ რაბინებს მხოლოდ იმიტომ არ სურდათ საყვარელ ქალზე მისი დაქორწინება, რომ ის აზიელი იყო, წარმართი. ჭეშმარიტების ძებნა რამმა ბიბლიაში დაიწყო. შემდეგ იეჰოვას მოწმეებს შეხვდა. მოწმეებთან ბიბლიის შესწავლამ დაარწმუნა, რომ ვეღარ იქნებოდა ფანატიკოსი ნაციონალისტი. ქრისტიანული სიყვარული ომისა და იარაღის უარყოფას და ყველა რასის წარმომადგენლის სიყვარულის სწავლას ნიშნავდა. რამის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა მიღებული თბილი წერილის პირველი სიტყვები წაიკითხა: „ჩემო ძმაო რამი!“ რა იყო ასე გასაკვირი? წერილის ავტორი პალესტინელი მოწმე იყო. „ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო, — ამბობს რამი, — პალესტინელები ხომ მტრები იყვნენ, ახლა კი ერთ-ერთმა ‘ძმა’ მიწოდა“. ახლა მეუღლესთან ერთად რამი ღვთის გზით მშვიდობისკენ ისწრაფის.
8 სხვა მაგალითი გეორგ როიტერის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთში შეჭრილ გერმანიის ჯარში მსახურობდა. მან მალე დაკარგა რწმენა ჰიტლერის მსოფლიო ბატონობის გრანდიოზული გეგმისადმი. ომიდან დაბრუნებისთანავე იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ის წერდა: „როგორც იქნა, ყველაფერს ნათელი ეფინებოდა. შევიგნე, რომ სისხლის ღვრის არც ერთ შემთხვევაში ღმერთი არ უნდა დაგვედანაშაულებინა. . . გავიგე, რომ მისი მიზანი იყო მორჩილი კაცობრიობისთვის მთელ დედამიწაზე მარადიული კურთხევებით სავსე სამოთხის დამყარება. . . თუმცა ჰიტლერი ‘ათასწლიანი რაიხით’ იკვეხნიდა, მან მხოლოდ 12 [წელი] იმმართველა — თანაც რა შემზარავი შედეგი ჰქონდა მის მმართველობას! ჰიტლერს კი არა, ქრისტეს. . . შეუძლია და დაამყარებს კიდეც ათასწლიან მმართველობას დედამიწაზე“. დღეს გეორგი უკვე დაახლოებით 50 წელია, რაც სრული დროით მსახურობს ნამდვილი მშვიდობის მაცნედ.
9. როგორ ამტკიცებს ნაცისტურ გერმანიაში იეჰოვას მოწმეთა შემთხვევა, რომ გაბედულები, მაგრამ მშვიდობისმოყვარულნი არიან?
9 ნაცისტური რეჟიმის დროინდელ გერმანიაში იეჰოვას მოწმეთა ერთგულება და ნეიტრალიტეტი დღემდეც კი, 50-ზე მეტი წლის შემდეგ, ღვთისადმი და მშვიდობისადმი მათ სიყვარულზე მოწმობს. ვაშინგტონში (კოლუმბიის ოლქი) შეერთებული შტატების მასობრივი განადგურების მუზეუმის მიერ გამოცემული ბროშურა იუწყება: „ნაცისტური რეჟიმის დროს იეჰოვას მოწმეები საშინელ დევნას იტანდნენ. . . გაბედულებამ, რომლითაც უმრავლესობა [რელიგიას] არ თმობდა, რომელსაც ტანჯვის წინაშე, საკონცენტრაციო ბანაკებში სასტიკად მოპყრობისა და ზოგჯერ სიკვდილით დასჯის დროსაც კი ავლენდნენ, მათ მრავალი თანამედროვის პატივისცემა მოუტანა“. შემდეგ ბროშურა ამატებს: „ბანაკის გათავისუფლების დროს მოწმეები განაგრძობდნენ მსახურებას; ისინი გადარჩენილებთან მიდიოდნენ და მრავალი რწმენაში მოჰყავდათ“.
ბევრად უფრო დიდი ცვლილება
10. ა) რომელი დიდი ცვლილებაა საჭირო ნამდვილი მშვიდობის დასამყარებლად? ბ) როგორ იყო ეს აღწერილი დანიელის წიგნში?
10 ნიშნავს თუ არა ეს, რომ იეჰოვას მოწმეებს სწამთ მსოფლიოში მშვიდობის დამყარება ქრისტიანული ნეიტრალიტეტისკენ ადამიანთა შთამბეჭდავი რიცხვის მოქცევით? არა! დედამიწაზე მშვიდობის აღსადგენად ბევრად უფრო დიდი ცვლილებაა საჭირო. რა ცვლილება? განხეთქილების მთესველმა, მჩაგვრელმა, ადამიანთა მოძალადე მმართველობამ ადგილი უნდა დაუთმოს ღვთის სამეფოს მმართველობას, რომლის შესახებაც იესო თავის მოწაფეებს ლოცვას ასწავლიდა (მათე 6:9, 10). მაგრამ როგორ მოხდება ეს? წინასწარმეტყველმა დანიელმა ღვთისგან შთაგონებული სიზმრიდან გაიგო, რომ ბოლო დღეებში ღვთის სამეფო, ‘ადამიანთაგან ხელისუკვრელად’ მოწყვეტილი უშველებელი ლოდის მსგავსად, ნამსხვრევებად აქცევდა დედამიწაზე არსებულ ადამიანთა პოლიტიკური მმართველობის წარმომსახველ უზარმაზარ კერპს. შემდეგ მან გამოაცხადა: „იმ მეფეთა დღეებში ზეციერი ღმერთი დაამყარებს სამეფოს, რომელიც უკუნისამდე არ დაიქცევა და მისი ხელმწიფება სხვა ხალხში არ გადავა. იგი შემუსრავს, და დააქცევს ყველა სამეფოს, თავად კი უკუნისამდე იდგება“ (დანიელი 2:31–44).
11. რის საშუალებით მოახდენს იეჰოვა მშვიდობისთვის საჭირო ცვლილებას?
11 რატომ შეიცვლება ქვეყნიერების მდგომარეობა ასე საფუძვლიანად? ის იეჰოვას აღთქმის გამო შეიცვლება, რადგან მან თქვა, რომ გაწმენდდა დედამიწას ყველა წამბილწველისა და მომსპობისგან (გამოცხადება 11:18). ეს გარდაქმნა მოხდება იეჰოვას სამართლიან ომში, რომელსაც სატანისა და მისი ბოროტი ქვეყნიერების წინააღმდეგ დაიწყებს. გამოცხადების 16:14, 16-ში ვკითხულობთ: „ესენი [ესე იგი შთაგონებული უწმინდური გამოთქმები] ეშმაკის სულები არიან. ისინი ახდენენ სასწაულებს, გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან [ესე იგი პოლიტიკურ მმართველებთან], რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღვთის დიდი დღისათვის. შეკრიბა ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ეწოდება“.
12. როგორი იქნება არმაგედონი?
12 როგორი იქნება არმაგედონი? ეს ბირთვული აპოკალიფსი ან ადამიანის მიერ გამოწვეული უბედურება არ იქნება. არა, ეს ღვთის ომი იქნება — ადამიანთა ყველა ომისა და მათი გამჩაღებლების მომსპობი. ეს ღვთის ომი იქნება — მშვიდობის მოყვარულთათვის ნამდვილი მშვიდობის მოსატანად. დიახ, იეჰოვას განზრახვის თანახმად, არმაგედონი გვიახლოვდება. ის არ დაბრკოლდება. ღვთის წინასწარმეტყველმა აბაკუმმა ინსპირირებით დაწერა: „უკვე დათქმული ჟამისთვის არის ხილვა და ბოლოს გაცხადდება, არ გამტყუნდება. თუ დააგვიანდეს, დაელოდე, რადგან უსათუოდ მოვა, არ დაბრკოლდება“ (აბაკუმი 2:3). ადამიანური გრძნობებიდან გამომდინარე შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ის აგვიანებს, მაგრამ იეჰოვამ იცის თავისი დრო. იეჰოვას მიერ დადგენილ წუთზე არმაგედონი უეცრად იფეთქებს.
13. რას უზამს ღმერთი ნამდვილ დამნაშავეს, სატანა ეშმაკს?
13 ეს გადამწყვეტი მოქმედება გზას მისცემს ნამდვილ მშვიდობას! მაგრამ ნამდვილი მშვიდობის მტკიცედ დასამკვიდრებლად კიდევ რაღაც უნდა შესრულდეს — უნდა განადგურდეს განხეთქილების, სიძულვილისა და დავის მთესველი. ეს სწორედ ის არის, რაზეც ბიბლია, როგორც შემდეგ ნაბიჯზე წინასწარმეტყველებს — სატანა, ომის გამჩაღებელი და სიცრუის მამა უფსკრულში იქნება ჩაგდებული. მოციქულმა იოანემ ეს მოვლენა წინასწარმეტყველურ ხილვაში იხილა, რომელსაც გამოცხადების 20:1–3 აღწერს: „ვიხილე ზეციდან ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელში ჰქონდა უფსკრულის გასაღები და დიდი ჯაჭვი. შეიპყრო გველეშაპი, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებორკა ათასი წლით. ჩააგდო იგი უფსკრულში, ჩაკეტა და დაადო ბეჭედი, რათა აღარ აცდუნოს ერები, ვიდრე ათასი წელი არ შესრულდება“.
14. როგორ შეიძლება სატანაზე იეჰოვას გამარჯვების აღწერა?
14 ეს ოცნება არ არის; ეს ღვთის დანაპირებია — და ბიბლია ამბობს: „შეუძლებელია ღმერთმა იცრუოს“ (ებრაელთა 6:18). ამიტომ თავისი წინასწარმეტყველის, იერემიას მეშვეობით იეჰოვას შეეძლო, ეთქვა: „[იეჰოვა] ვარ, წყალობის, სამართლისა და სიმართლის მოქმედი ამ ქვეყანაზე, რადგან ეს მახარებს მე, ამბობს უფალი“ (იერემია 9:23). იეჰოვა სამართლიანად და სიმართლით მოქმედებს და მას ახარებს მშვიდობა, რომელსაც დედამიწაზე მოიტანს.
მშვიდობის მთავრის მმართველობა
15, 16. ა) ვინ აირჩია იეჰოვამ მეფობისთვის? ბ) როგორაა აღწერილი ეს მმართველობა და ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას?
15 თავისი სამეფოს ქვეშევრდომებისთვის მომავალი ნამდვილი მშვიდობის დამყარების გარანტირებისთვის იეჰოვამ მმართველობა მშვიდობის ნამდვილ მთავარს, იესო ქრისტეს, გადასცა, რის შესახებაც ნაწინასწარმეტყველებია ესაიას 9:5, 6-ში: „შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი. ხელმწიფების განსადიდებლად და უბოლოო მშვიდობისთვის. . . ცაბაოთ უფლის შური აღასრულებს ამას“. მესიის მშვიდობიან მმართველობაზე ფსალმუნმომღერალმაც წინასწარმეტყველურად დაწერა: „მის დღეებში გაიფურჩქნება წმიდანი და გამრავლდება მშვიდობა, ვიდრე მთვარე არსებობს“ (ფსალმუნი 71:7).
16 ამასთანავე, ქრისტესთან ერთად ზეცაში მისი 144 000 სულითცხებული ძმა იმმართველებს. ესენი ქრისტესთან გაერთიანებული მემკვიდრეები არიან, რომელთა შესახებაც პავლემ დაწერა: „ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფერხთით შემუსრავს სატანას. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთანაა“ (რომაელთა 16:20). დიახ, ესენი ზეცაში ქრისტესთან ერთად გაიმარჯვებენ ომის გამჩაღებელზე, სატანა ეშმაკზე!
17. რა უნდა გავაკეთოთ ნამდვილი მშვიდობის დასამკვიდრებლად?
17 ამიტომ ახლა წამოიჭრება კითხვა: „პირადად რა უნდა გააკეთო ნამდვილი მშვიდობის დასამკვიდრებლად?“ ნამდვილი მშვიდობა მხოლოდ ღვთის გზით მოვა და მის მოსაპოვებლად ურყევად უნდა გადადგა ნაბიჯები. უნდა აღიარო მშვიდობის მთავარი და მას უნდა მიენდო. ეს ნიშნავს, რომ უნდა აღიარო ქრისტე ცოდვილი კაცობრიობის მხსნელად და გამომსყიდველად. პირადად იესომ ასეთი ცნობილი სიტყვები თქვა: „ისე შეიყვარა ღმერთმა წუთისოფელი, რომ მისცა თავისი მხოლოდშობილი ძე, რათა ყოველი მისი მორწმუნე არ დაიღუპოს, არამედ ჰქონდეს საუკუნო სიცოცხლე“ (იოანე 3:16). მზად ხარ, ირწმუნო ქრისტე იესო, როგორც ნამდვილი მშვიდობისა და ხსნის მომტანი ღვთის წარმომადგენელი? ცის ქვეშ არ არსებობს სხვა სახელი, რომელსაც მშვიდობის დამყარება და მისი გარანტირება შეუძლია (ფილიპელთა 2:8–11). რატომ? იმიტომ, რომ იესო ღვთის რჩეულია. ის არის დედამიწაზე მყოფთაგან მშვიდობის ყველაზე დიდებული მაცნე. მზად ხარ, მოუსმინო იესოს და მიჰყვე მის მაგალითს?
18. რა უნდა გავაკეთოთ იოანეს 17:3-ში ჩაწერილი იესოს სიტყვების საპასუხოდ?
18 „ესაა საუკუნო სიცოცხლე, — თქვა იესომ, — რომ გიცნობდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას ვინც მოავლინე — იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). ახლა ის დროა, რომ სამეფო დარბაზში იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებზე რეგულარული დასწრებით ზუსტი შემეცნება მიიღო. ეს საგანმანათლებლო შეხვედრები აღგძრავს, რომ შემეცნება და იმედი სხვებსაც გაუზიარო. შენც შეგიძლია გახდე ღვთის მშვიდობის მაცნე. დღეს იეჰოვა ღმერთზე მინდობით შენც შეგიძლია მშვიდობიანად ცხოვრება, როგორც ამას ესაიას 26:3 აცხადებს: „ზრახვაშეურყეველს მშვიდობაში იფარავ, რადგან შენზეა მონდობილი“. ვის უნდა მიენდო? „მიენდეთ უფალს უკუნისამდე, რადგან უფალი ღმერთია საუკუნო კლდე“ (ესაია 26:4).
19, 20. რა მოელის მათ, რომლებიც უკვე დღეს ეძებენ მშვიდობას და ისწრაფიან მისკენ?
19 ახლავე დაიკავე ღვთის მშვიდობიან ახალ ქვეყნიერებაში მარადიული ცხოვრების მხარე. გამოცხადების 21:3, 4-ში ღვთის სიტყვა გვარწმუნებს: „აჰა, კარავი ღვთისა კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათ შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“. განა ასეთ მშვიდობიან მომავალს არ ნატრობ?
20 მაშ, გახსოვდეს ღვთის დანაპირები. „თავმდაბალნი დაიმკვიდრებენ ქვეყნიერებას და დაამდებიან დიდი მშვიდობით. დაიცავი უმანკოება და ნახე სისწორე, რადგან მომავალი ეკუთვნის მშვიდობიან კაცს“ (ფსალმუნი 36:11, 37). როცა ეს ბედნიერი დღე დადგება, დაე მადლიერებით წამოვიძახოთ: „საბოლოოდ ნამდვილი მშვიდობა! მადლობა იეჰოვა ღმერთს, ნამდვილი მშვიდობის წყაროს!“
შეგიძლია თუ არა ახსნა?
◻ რა შეიძლება დაეხმაროს ადამიანს აზროვნებისა და მოქმედებების შეცვლაში?
◻ როგორ ავლენენ ნამდვილი მშვიდობისადმი სიყვარულს იეჰოვას მოწმეები ინდივიდუალურად და ერთად?
◻ რას უზამს იეჰოვა სიძულვილისა და ომის აღმძვრელებს?
◻ რას მოუტანს კაცობრიობას მშვიდობის მთავრის მმართველობა?
[სურათები 14 გვერდზე]
გაეროს ნაცვლად, ესაიას სიტყვებს ისინი ასრულებენ, რომლებიც იეჰოვას სწავლებას ეხმაურებიან.
[სურათები 15 გვერდზე]
ეს ორი მამაკაცი შეიცვალა, რათა მშვიდობისკენ ესწრაფა.
რამი ოვედი
გეორგ როიტერი
[სურათი 16 გვერდზე]
მშვიდობის მთავრის მმართველობისას გაბატონდება ნამდვილი მშვიდობა.