მკითხველთა შეკითხვები
რა იგულისხმება გამოცხადების 7:3-ში მოხსენიებულ ბეჭდის დასმაში?
გამოცხადების 7:1—3-ში ვკითხულობთ: «ამის შემდეგ ვიხილე დედამიწის ოთხ კუთხეში მდგომი ოთხი ანგელოზი, რომლებსაც მაგრად ეჭირათ დედამიწის ოთხი ქარი, რათა არ ექროლა ქარს არც მიწაზე, არც ზღვაზე და არც რომელიმე ხეზე. ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის ამოსავლიდან ამომავალი, რომელსაც ცოცხალი ღვთის ბეჭედი ჰქონდა. მან ხმამაღლა მიმართა ოთხ ანგელოზს, რომელთაც ნება ჰქონდათ მიცემული, ევნოთ მიწისა და ზღვისთვის: „ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას და ნურც ხეებს, სანამ ბეჭედს არ დავასვამთ შუბლზე ჩვენი ღვთის მონებს“».
„ოთხი ქარის“ გაშვებას მოჰყვება „დიდი გასაჭირი“, ცრუ რელიგიისა და ბოროტი ქვეყნიერების განადგურება (გამოცხადება 7:14). „ჩვენი ღვთის მონები“ არიან ქრისტეს ცხებული ძმები დედამიწაზე (1 პეტრე 2:9, 16). ამ წინასწარმეტყველებიდან გამომდინარე, ქრისტეს ძმებისთვის ბეჭდის დასმა დიდი გასაჭირის დაწყებამდე დასრულდება. მაგრამ ბიბლიის სხვა მუხლებიდან ვიგებთ, რომ ცხებულებზე ბეჭდის დასმა ერთხელ უკვე მოხდა. ამიტომ, როცა ბეჭდის დასმაზე ვსაუბრობთ, მხედველობაში გვაქვს ან პირველი, ან საბოლოო ბეჭდის დასმა. მაგრამ, რა განსხვავებაა ამ ორს შორის?
განვიხილოთ სიტყვა „ბეჭდის“ მნიშვნელობა. ბეჭედი იყო ხელსაწყო, რომელსაც ძველად დოკუმენტზე ანაბეჭდის გასაკეთებლად იყენებდნენ. ეს სიტყვა შეიძლება თვითონ ანაბეჭდსაც ნიშნავდეს. როგორც წესი, მას დოკუმენტზე სვამდნენ, რომ დაემტკიცებინათ დოკუმენტის უტყუარობა ან მფლობელის ვინაობა (1 მეფეები 21:8; იობი 14:17).
პავლემ ბეჭედი წმინდა სულს შეადარა: „ის, ვინც გვარწმუნებს ჩვენც და თქვენც, რომ ქრისტესნი ვართ და ის, ვინც გვცხო, ღმერთია. მან თავისი ბეჭედიც დაგვასვა და მოგვცა სული ჩვენს გულებში, რაც მომავლის საწინდარია“ (2 კორინთელები 1:21, 22). იეჰოვა წმინდა სულს სცხებს ამ ქრისტიანებს იმის ნიშნად, რომ ის მათი მეპატრონეა.
ცხებულებზე პირველი და საბოლოო ბეჭდის დასმა სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მიზნით ხდება. ქრისტიანს პირველად მაშინ ესმება ბეჭედი, როცა ცხებული ხდება. საბოლოო ბეჭდის დასმა კი იმაზე მიანიშნებს, რომ ეს ბეჭედდასმული ცეხებული ქრისტიანი ღვთისადმი ბოლომდე ერთგულია. შუბლზე დასმული ეს ბეჭედი სამუდამოა, რაც ნიშნავს, რომ ქრისტიანი ბოლომდე გამოიცადა როგორც ღვთის ერთგული მონა. სწორედ ბეჭდის საბოლოო დასმაზეა საუბარი გამოცხადების მე-7 თავში (გამოცხადება 7:3).
პავლე მოციქული პირველი ბეჭდის დასმაზე საუბრობდა, როცა ცხებულ ქრისტიანებს სწერდა: „თქვენც დაამყარეთ მასზე იმედი მას შემდეგ, რაც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, სასიხარულო ცნობა თქვენი ხსნის შესახებ. და როცა ირწმუნეთ, მისივე მეშვეობით ბეჭედდასმული იქენით დაპირებული წმინდა სულით“ (ეფესოელები 1:13, 14). პირველი საუკუნის ქრისტიანებზე ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ხშირ შემთხვევაში მას შემდეგ, რაც მოისმინეს სასიხარულო ცნობა და იწამეს ქრისტე, ისინი მალევე გახდნენ ბეჭედდასმულები (საქმეები 8:15—17; 10:44). ამ შემთხვევაში ბეჭდის დასმა ნიშნავდა, რომ ღმერთმა მოიწონა ისინი. მაგრამ ეს ღვთის მოწონების საბოლოო ნიშანი არ იყო. რატომ?
პავლემ აღნიშნა, რომ ცხებული ქრისტიანები ბეჭედდასმულები არიან „გათავისუფლების დღისთვის“ (ეფესოელები 4:30). ეს ნიშნავს, რომ პირველი ბეჭდის დასმიდან უნდა გასულიყო გარკვეული პერიოდი, შესაძლოა, არაერთი წელი. ცხებული ქრისტიანები ერთგულები უნდა იყვნენ წმინდა სულით ბეჭედის დასმიდან ხორციელი სხეულისგან ‘გათავისუფლების დღემდე’ ანუ სიკვდილამდე (რომაელები 8:23; ფილიპელები 1:23; 2 პეტრე 1:10). ამიტომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე პავლეს შეეძლო ეთქვა: „ღირსეულ ბრძოლაში ვიბრძოდი, სარბიელი ბოლომდე გავირბინე და რწმენა შევინარჩუნე. ამიერიდან სიმართლის გვირგვინი მენახება“ (2 ტიმოთე 4:6—8). იესომაც უთხრა ცხებულ ქრისტიანთა კრებას: „სიკვდილამდე ერთგული დარჩი და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს“ (გამოცხადება 2:10; 17:14).
სიტყვა „გვირგვინი“ იმაზე მიუთითებს, რომ პირველი და საბოლოო ბეჭდის დასმას შორის გარკვეული დრო უნდა გასულიყო. რატომ? ძველად გვირგვინს გამარჯვებულ მორბენალს აძლევდნენ. გვირგვინის მისაღებად მხოლოდ რბოლაში მონაწილეობა არ იყო საკმარისი. მორბენალს ფინიშის ხაზამდე უნდა მიეღწია. მსგავსად ამისა, ცხებული ქრისტიანები იმ შემთხვევაში მიიღებენ გვირგვინს ანუ უკვდავებას ზეცაში, თუ სიკვდილამდე ერთგულები დარჩებიან (მათე 10:22; იაკობი 1:12).
როდის დაესმებათ დედამიწაზე მცხოვრებ ცხებულ ქრისტიანებს საბოლოო ბეჭედი? მათ „შუბლზე“ ბეჭედი დაესმებათ დიდი გასაჭირის დაწყებამდე. როცა დიდი გასაჭირის ოთხ ქარს აუშვებენ, სულიერი ისრაელის ყველა წევრი საბოლოოდ ბეჭედდასმული იქნება მიუხედავად იმისა, რომ ზოგ მათგანს ჯერ არ დაუსრულებია მიწიერი ცხოვრება.