„მიუტევეთ ერთმანეთს“
„შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს“ (კოლასელთა 3:13).
1. ა) რატომ შეეძლო პეტრეს ეფიქრა, რომ მისი წინადადება სხვებისთვის „შვიდჯერ“ პატიების შესახებ დიდსულოვნების გამომხატველი იყო? ბ) რას გულისხმობდა იესო, როცა თქვა, რომ „სამოცდაათგზის შვიდჯერ“ უნდა მივუტევოთ?
„უფალო! რამდენჯერ უნდა მივუტევო ჩემს ძმას, ჩემს წინააღმდეგ რომ შესცოდოს? შვიდჯერ?“ (მათე 18:21). პეტრე შეიძლება ფიქრობდა, რომ მისი წინადადება დიდსულოვნებით გამოირჩეოდა. იმ დროს, რაბინული გადმოცემების მიხედვით, ერთი და იმავე წყენის პატიება სამზე მეტჯერ არ შეიძლებოდაa. წარმოიდგინეთ პეტრეს გაოცება იესოს პასუხზე: „არ გეუბნები, შვიდჯერ-მეთქი, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ“ (მათე 18:22). ამ ციფრის გამეორება იმის ტოლფასი იყო, ეთქვა „განუსაზღვრელადო“. იესოს აზრით, ფაქტობრივად, არ არსებობს იმის რიცხობრივი ზღვარი, თუ რამდენჯერ უნდა აპატიოს ქრისტიანმა.
2, 3. ა) რომელ სიტუაციებში შეიძლება პატიება გაგვიძნელდეს ბ) რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ სხვებისთვის პატიება ჩვენს სასიკეთოდ მოქმედებს?
2 მაგრამ ამ რჩევის მიყოლა ყოველთვის ადვილი არ არის. რომელ ჩვენგანს არ განუცდია უსამართლო შეურაცხყოფის შედეგად მიყენებული ტკივილი? შესაძლოა ვინმემ, ვისაც ენდე, არ გაამართლა შენი ნდობა (იგავნი 11:13). ახლო მეგობრის წინდაუხედავმა შენიშვნამ შეიძლება ‘მახვილივით გიჩხვლიტა’ (იგავნი 12:18). ისეთი პიროვნებისგან შეურაცხმყოფელმა მოქმედებამ, რომელიც გიყვარდა ან ენდობოდი, შეიძლება ღრმა ჭრილობა მოგაყენა. ასეთი შემთხვევების დროს გაბრაზება ბუნებრივია. შესაძლოა მიდრეკილი ვართ, უბრად ვიყოთ მწყენინებელთან ან, თუ შესაძლებელია, საერთოდ მოვერიდოთ მას. შეიძლება გვეჩვენება, რომ მიტევებით მას საშუალებას მივცემდით, შერჩენოდა ჩვენი განაწყენება. მაგრამ გულისწყრომის გამოკვებით საკუთარ თავს ზიანს ვაყენებთ.
3 ამიტომ იესო გვასწავლის, მივუტევოთ „სამოცდაათგზის შვიდჯერ“. რა თქმა უნდა, მისი სწავლებები არასოდეს იქნება ზიანის მომტანი. ყველაფერი, რასაც ის ასწავლიდა, მომდინარეობდა იეჰოვასგან, ‘ჩვენდა სასიკეთოდ დამმოძღვრავისგან’ (ესაია 48:17; იოანე 7:16, 17). ლოგიკურია დავასკვნათ, რომ სხვებისთვის პატიება ჩვენს სასიკეთოდ მოქმედებს. სანამ ვისაუბრებდეთ, თუ რატომ უნდა ვაპატიოთ და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება, კარგი იქნებოდა, თავდაპირველად, განგვეხილა, თუ რა არის მიტევება და რა — არა. შევძლებთ თუ არა მიტევებას, როცა ნაწყენები ვართ, გარკვეულწილად, დამოკიდებულია ჩვენს წარმოდგენაზე პატიების შესახებ.
4. რას არ ნიშნავს მიტევება, მაგრამ როგორ განიმარტება ის?
4 სხვებისთვის პირადი წყენის მიტევება იმას კი არ ნიშნავს, რომ თვალს ვხუჭავთ ან არაფრად მიგვაჩნია ის წყენა, რომელიც მოგვაყენეს; არც იმას, რომ სხვებს ნებას ვრთავთ, ბოროტად ისარგებლონ ჩვენით. როცა გვპატიობს, იეჰოვა ხომ ნამდვილად არ უყურებს ჩვენს ცოდვებს როგორც რაღაც უმნიშვნელოს და, ის ხომ არასოდეს დაუშვებს, რომ ცოდვილმა ადამიანებმა ფეხქვეშ გათელონ მისი გულმოწყალება (ებრაელთა 10:29). ბიბლიის ორტომიანი ცნობარის (Insight on the Scriptures) თანახმად, მიმტევებლობა განმარტებულია როგორც „მწყენინებლისადმი პატიება; მის მიმართ განაწყენების თანდათანობით განელება და სათანადოს მიგების ძიების შეწყვეტა“ (ტომი I, გვ. 861)b. ბიბლია სხვებისათვის მიტევების მტკიცე საფუძველს გვაძლევს.
რატომ ვაპატიოთ?
5. მიტევებისთვის რა მნიშვნელოვანი საფუძველია მოცემული ეფესელთა 5:1-ში?
5 მიტევების მნიშვნელოვან საფუძველზე საუბარია ეფესელთა 5:1-ში: „მაშ, მიბაძეთ ღმერთს, როგორც საყვარელმა შვილებმა“. რა მხრივ უნდა ‘მივბაძოთ ღმერთს’? სიტყვა „მაშ“ კავშირშია წინა მუხლის გამოთქმასთან, რომელიც ამბობს: „იყავით კეთილნი ერთიმეორის მიმართ, თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც ქრისტეში მოგიტევათ თქვენ ღმერთმა“ (ეფესელთა 4:32). დიახ, როცა საქმე მიტევებას ეხება, ღმერთს უნდა მივბაძოთ. როგორც პატარა ბიჭუნა ცდილობს, ზუსტად მამის მსგავსი იყოს, ჩვენც, როგორც ბავშვებს, რომლებიც იეჰოვას ძალიან უყვარს, უნდა გვსურდეს, გავხდეთ ჩვენი მიმტევებელი ზეციერი მამის მსგავსი. როგორი სიამოვნების მომგვრელი იქნება იეჰოვასთვის, როცა ზეციდან გადმოიხედავს და დაინახავს, რომ მისი მიწიერი შვილები ერთმანეთისადმი მიმტევებლობით ცდილობენ, მისი მსგავსი იყვნენ (ლუკა 6:35, 36; შეადარე მათე 5:44–48).
6. რა მხრივ არის დიდი განსხვავება იეჰოვასა და ჩვენს მიტევებას შორის?
6 ფაქტია, ჩვენ ვერასოდეს ვერ შევძლებთ ისე სრულყოფილად ვაპატიოთ, როგორც ამას იეჰოვა აკეთებს. ამიტომ ჩვენ უფრო მეტად გვმართებს, ვაპატიოთ ერთმანეთს. გაითვალისწინე: იეჰოვასა და ჩვენს მიტევებას შორის დიდი სხვაობაა (ესაია 55:7–9). როდესაც ჩვენს წინააღმდეგ შემცოდველებს ვპატიობთ, ამას ხშირად იმ შეგნებით ვაკეთებთ, რომ ადრე თუ გვიან, ჩვენც შეგვიწყნარონ. ადამიანებში ყოველთვის ცოდვილებს შორის ხდება მიტევება. მაგრამ იეჰოვას შემთხვევაში პატიება ყოველთვის ცალმხრივია. ის გვპატიობს ჩვენ, მაგრამ თვითონ არასოდეს საჭიროებს პატიებას. თუ იეჰოვას, რომელიც არასოდეს ცოდავს, შეუძლია ასე სიყვარულით და ბოლომდე გვაპატიოს, განა ჩვენ, ცოდვილმა ადამიანებმა, ერთმანეთს არ უნდა ვაპატიოთ? (მათე 6:12).
7. როგორი ზიანი შეიძლება მიაყენოს იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობას პატიებაზე უარის თქმამ, როცა გულმოწყალების საფუძველი არსებობს?
7 უფრო მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ, თუ არ ვპატიობთ სხვებს მაშინ, როდესაც გულმოწყალებისთვის საფუძველი გვაქვს, ამან შეიძლება ღმერთთან ჩვენს ურთიერთობაზე ცუდი გავლენა იქონიოს. იეჰოვა არა მარტო გვთხოვს, მივუტევოთ ერთმანეთს, არამედ მოელის კიდეც ამას ჩვენგან. საღვთო წერილის თანახმად, პატიების აღმძვრელი მიზეზის ერთ-ერთ ნაწილს ის წარმოადგენს, რომ იეჰოვამ მოგვიტევოს ან უკვე მოგვიტევა (მათე 6:14; მარკოზი 11:25; ეფესელთა 4:32; 1 იოანე 4:11). თუ არ გვსურს, მივუტევოთ სხვებს, როდესაც ამის მყარი საფუძველი არსებობს, როგორ შეიძლება იეჰოვასგან მიტევებას მოველოდეთ? (მათე 18:21–35).
8. რატომ არის მიმტევებლობა ჩვენთვის სასიკეთო?
8 იეჰოვა თავის ხალხს ასწავლის ‘სასიკეთო გზებს, სადაც მართებთ სიარული’ (მესამე მეფეთა 8:36). როდესაც ერთმანეთისთვის მიტევებას გვასწავლის, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ამას ჩვენს სასიკეთოდ აკეთებს. ბიბლია საფუძვლიანად გვეუბნება: „ადგილი მიეცით უფლის რისხვას“ (რომაელთა 12:19). გულისწყრომა მძიმე სატარებელი ტვირთია. როცა გულისწყრომა ჩვენში მკვიდრდება, ის იპყრობს ჩვენს აზრებს, გვიკარგავს სიმშვიდეს და გვიხშობს სიხარულს. ხანგრძლივმა რისხვამ, შურის მსგავსად, ჩვენს ფიზიკურ ჯანმრთელობაზე შეიძლება საზიანო გავლენა იქონიოს (იგავნი 14:30). და მაშინ, როცა ჩვენ ყოველივე ამას განვიცდით, მწყენინებელმა შეიძლება სულაც არაფერი იცოდეს ამის შესახებ. ჩვენმა მოსიყვარულე ღმერთმა იცის, რომ საჭიროა მთელი გულით ვაპატიოთ სხვებს, და ეს სასარგებლოა არა მარტო მათთვის, არამედ ჩვენთვისაც. მიტევების შესახებ ბიბლიური რჩევა ნამდვილად ‘სასიკეთო გზაა’.
„შეიწყნარეთ ერთიმეორე“
9, 10. ა) რა სიტუაციები არ მოითხოვენ მაინცდამაინც ოფიციალურ პატიებას? ბ) რას გვირჩევს გამოთქმა: „შეიწყნარეთ ერთიმეორე“?
9 არსებობს სხვადასხვაგვარი ფიზიკური ტრავმა: პატარა ნაკაწრიდან ღრმა ჭრილობამდე და ყველა ჭრილობა თავისებურ მოვლას მოითხოვს. იგივე შეიძლება ითქვას ტრავმირებული გრძნობების შესახებაც; ზოგი ჭრილობა უფრო მძიმეა, ვიდრე სხვა. ნამდვილად, საჭიროა სხვებთან ურთიერთობაში წამოჭრილი ნებისმიერ პატარა განაწყენების გარჩევა? გაღიზიანება, დამცირება და წყენა ცხოვრების ნაწილია და ამ სიტუაციებში მაინცდამაინც არ არის საჭირო ოფიციალური მიტევება. თუ ისეთ პიროვნებად გვიცნობენ, რომ სხვებს ნებისმიერი უმნიშვნელო უსიამოვნების გამო გავურბივართ და შემდეგ, სანამ ისევ ნორმალურად მოვეპყრობოდეთ, დაჟინებით მოვითხოვთ მათგან ბოდიშის მოხდას, მაშინ მათ ვაიძულებთ, ფრთხილად იყვნენ ან გარკვეული დისტანცია დაიცვან ჩვენთან ურთიერთობაში.
10 ნაცვლად ამისა, ბევრად უკეთესია ‘გონიერი პიროვნების რეპუტაცია გვქონდეს’ (ფილიპელთა 4:5, Phillips, ფილიპსის თარგმანი). რადგან ერთმანეთის მხარდამხარ მომსახურე არასრულყოფილი არსებები ვართ, გონივრულია მოველოდეთ, რომ დროდადრო ჩვენმა ძმებმა შეიძლება გვაწყენინონ ან ჩვენ ვაწყენინოთ. კოლასელთა 3:13 გვირჩევს: „შეიწყნარეთ ერთიმეორე“. ეს ფრაზა გვირჩევს: მომთმენნი ვიყოთ სხვების მიმართ, ავიტანოთ მათი ისეთი მოქმედება, რომელიც არ მოგვწონს ან ხასიათის თავისებურება, რომელიც შეიძლება გვაღიზიანებს. ასეთი მოთმინება და თავშეკავება იმ პატარა სირთულეებისა და წყენის ატანაში დაგვეხმარება, რომლებსაც სხვებთან ურთიერთობაში ვხვდებით და ასე მოქმედებით კრებაში მშვიდობასაც შევინარჩუნებთ (1 კორინთელთა 16:14).
როცა ჭრილობა უფრო ღრმაა
11. რა გვეხმარება მივუტევოთ სხვებს, როდესაც სცოდავენ ჩვენს წინააღმდეგ?
11 მაგრამ რა შეიძლება ითქვას იმ შემთხვევებზე, როდესაც სხვების მიერ ჩვენს წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვის შედეგად მოყენებული ჭრილობა საგრძნობია. თუ ცოდვა ძალიან სერიოზული არ არის, შეიძლება იმდენად არ გვიჭირდეს ‘ერთმანეთისთვის მიტევების’ შესახებ ბიბლიის რჩევის მიყოლა (ეფესელთა 4:32). პატიებისთვის ასეთი მზადყოფნა შეესაბამება პეტრეს ინსპირირებულ სიტყვებს: „უპირველეს ყოვლისა კი, იქონიეთ გულითადი სიყვარული ერთმანეთისადმი, რადგან ცოდვათა სიმრავლეს სიყვარული ფარავს“ (1 პეტრე 4:8). ყოველთვის რომ გვახსოვდეს საკუთარი ცოდვიანობაც, ეს დაგვეხმარება სხვების შეცდომების მკაცრად განსჯის არიდებაში. ამგვარად მიტევებისას, იმის ნაცვლად, რომ ვასაზრდოოთ გულისწყრომა, ჩვენ ვთავისუფლდებით მისგან. შედეგად მწყენინებელთან ჩვენს ურთიერთობას არ მიადგება ხანგრძლივი ზიანი და კრებაში ხელი შეეწყობა მშვიდობის შენარჩუნებას, რომელიც ასე ძვირფასია (რომაელთა 14:19). დროთა განმავლობაში, მწყენინებლის საქციელი მიგვავიწყდება.
12. ა) რა ინიციატივის გამოვლენა შეიძლება იქნეს აუცილებელი იმ პიროვნების მისატევებლად, რომელმაც დიდი ტკივილი მოგვაყენა? ბ) როგორ მიუთითებს ეფესელთა 4:26-ში მოცემული სიტყვები საქმის სწრაფად მოგვარების აუცილებლობაზე?
12 მაგრამ რა შეიძლება ითქვას, თუ ვინმე ჩვენს წინააღმდეგ უფრო სერიოზულად სცოდავს და ჭრილობაც უფრო ღრმაა? მაგალითად, შესაძლოა მეგობარს ანდე რაღაც უკიდურესად პირადი ამბავი, მან კი გაახმაურა ეს. ამან ძალიან დიდი ტკივილი მოგაყენა, შეგაცბუნა და თავი გაცემულად იგრძენი. შენ ცდილობ, მოიშორო ეს გრძნობები, მაგრამ უშედეგოდ. ასეთ შემთხვევაში პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა, გამოავლინო ინიციატივა, იქნებ დაელაპარაკო მწყენინებელს. ბრძნული იქნებოდა ამის გაკეთება საქმის გართულებამდე. პავლე შეგვაგონებს: „განრისხდით, ოღონდ ნუ შესცოდავთ [გულში რისხვის დაგროვებით ან რისხვით მოქმედებით]: მზე ნუ ჩავა თქვენს რისხვაზე“ (ეფესელთა 4:26). პავლეს სიტყვებს დამატებითი მნიშვნელობაც ჰქონდა: იუდეველებს შორის მზის ჩასვლა ერთი დღის დასრულებისა და ახლის დაწყების მაუწყებელი იყო. მაშასადამე, რჩევა ასეთია: სწრაფად მოაგვარე საქმე! (მათე 5:23, 24).
13. რა უნდა იყოს ჩვენი მიზანი, როდესაც მწყენინებელთან მივდივართ და რა რჩევა გვეხმარება ამის მიღწევაში?
13 როგორ უნდა მიუდგე მწყენინებელს? ‘ეძიებდე მშვიდობას და მისკენ ისწრაფვოდე’ — ნათქვამია 1-ლი პეტრეს 3:11-ში. შენი მიზანი გულისწყრომის გამოვლენა კი არ არის, არამედ ძმასთან მშვიდობის აღდგენა. ამ მიზნის მისაღწევად საუკეთესოა, მოერიდო უხეში სიტყვებისა და ჟესტების გამოყენებას; ამან შეიძლება მეორე პიროვნების მხრიდანაც იგივე რეაქცია გამოიწვიოს (იგავნი 15:18; 29:11). გარდა ამისა, მოერიდე გაზვიადებას, მაგალითად ასეთი სიტყვების თქმას: „შენ ყოველთვის. . .!“ ან „შენ არასოდეს. . .!“ ასეთმა გაზვიადებამ შეიძლება მისი მხრიდან მხოლოდ თავდაცვაზე გადასვლა გამოიწვიოს. ნაცვლად ამისა, ხმის ტონითა და სახის გამომეტყველებით აჩვენე, რომ შენი სურვილია იმ საქმის მოგვარება, რომელმაც ასე დიდი ტკივილი მოგაყენა. კონკრეტულად განუმარტე, თუ რას გრძნობ მომხდართან დაკავშირებით. მიეცი მეორე პიროვნებას იმის საშუალება, რომ ახსნას თავისი მოქმედება. მოუსმინე, თუ რას გეტყვის ის (იაკობი 1:19). რა სარგებლობა მოაქვს ამას? იგავნის 19:11 განმარტავს: „გონიერი კაცი სულგრძელია და მისი დიდება ცოდვის მიტევებაა“. სხვა ადამიანის გრძნობებისა და მისი მოქმედების მიზეზების გაგებამ შეიძლება გაფანტოს მის მიმართ უარყოფითი გრძნობები. როდესაც სიტუაციას მშვიდობის ძიების მიზნით ვუდგებით და ყოველთვის ასე განვეწყობით, ადვილად შესაძლებელია, რომ ნებისმიერი გაუგებრობა გაირკვეს, სათანადოდ მოიბოდიშონ და მიტევების სული გამოვლინდეს.
14. რა გაგებით უნდა დავივიწყოთ, როცა სხვებს ვპატიობთ?
14 ნიშნავს თუ არა პატიება, რომ, ფაქტიურად, უნდა დავივიწყოთ მომხდარი? გაიხსენე ამასთან დაკავშირებით თვითონ იეჰოვას მაგალითი, რომელზეც წინა სტატიაში იყო საუბარი. როდესაც ბიბლია ამბობს, რომ იეჰოვა ივიწყებს ჩვენს ცოდვებს, ეს არ ნიშნავს, რომ მას არ შეუძლია ამ ცოდვების გახსენება (ესაია 43:25). უფრო სწორად, ის იმ გაგებით ივიწყებს, რომ, როცა გვპატიობს, ის არ იმახსოვრებს ამ ცოდვებს იმ მიზნით, რომ მომავალში მოგვკითხოს (ეზეკიელი 33:14–16). მსგავსად ამისა, ვაპატიოთ სხვა ადამიანს, აუცილებლად იმას კი არ ნიშნავს, რომ ვერ შევძლებთ მისი ნამოქმედარის გახსენებას. მაგრამ იმ გაგებით შეგვიძლია დავივიწყოთ, რომ არ დავიმახსოვრებთ ამ წყენას ან ისევ არ გავუხსენებთ მას მომავალში. საკითხის ამგვარად მოგვარების შემდეგ, არ იქნებოდა მართებული, გვეჭორავა ამის შესახებ; არც ის იქნებოდა სიყვარულის გამოვლენა, მთლიანად თავი აგვერიდებინა მწყენინებლისთვის და მას ისე მოვქცეოდით, როგორც კრებიდან გარიცხულს (იგავნი 17:9). მართალია, შესაძლოა გარკვეული დრო დასჭირდეს ჩვენს შორის საღი ურთიერთობის აღდგენას ან შეიძლება ისეთი ახლო ურთიერთობა აღარ გვქონდეს, მაგრამ, როგორც ქრისტიანი ძმა, ის მაინც გვიყვარს და ყველანაირად ვცდილობთ შევინარჩუნოთ მშვიდობიანი დამოკიდებულება (შეადარე ლუკა 17:3).
როცა პატიება შეუძლებელი გვეჩვენება
15, 16. ა) მოითხოვება თუ არა ქრისტიანისგან, მიუტევოს მოუნანიებელ დამნაშავეს? ბ) როგორ შეგვიძლია გამოვიყენოთ ფსალმუნის 36:8-ში მოცემული ბიბლიური რჩევა?
15 რა შეიძლება ითქვას, თუ სხვის ცოდვამ უღრმესი ჭრილობა მოგვაყენა, ხოლო შემცოდველი არც აღიარებს ცოდვას, არც ინანიებს და არც ბოდიშს იხდის? (იგავნი 28:13). საღვთო წერილი ნათლად გვიჩვენებს, რომ იეჰოვა არ პატიობს მოუნანიებელ, გრძნობადაკარგულ შემცოდველს (ებრაელთა 6:4–6; 10:26, 27). რა შეიძლება ითქვას ჩვენს შესახებ? ბიბლიის ორტომიანი ცნობარი (Insight on the Scriptures) ამბობს: „ქრისტიანებს არ მოეთხოვებათ აპატიონ მათ, ვინც ბოროტებით სავსე წინასწარგანზრახულ ცოდვას იდენს და არ ინანიებს. ასეთები ღვთის მტრები ხდებიან“ (ტომი I, გვ. 862). არც ერთი ქრისტიანი, რომელიც უკიდურესი უსამართლობის, საზიზღარი ან მხეცური მოქმედების მსხვერპლია, არ უნდა თვლიდეს თავს ვალდებულად, მიუტევოს ან აპატიოს მოუნანიებელ დამნაშავეს (ფსალმუნი 138:21, 22).
16 გასაგებია, რომ სასტიკი მოპყრობის მსხვერპლი შეიძლება ტკივილსა და სიბრაზეს გრძნობდეს. მაგრამ გაიხსენე, რომ ბრაზისა და გულისწყრომის გაგრძელებას შეუძლია დიდი ზიანი მოგვაყენოს. დანაშაულის აღიარებისა და მობოდიშების მოლოდინს, რომელიც არასოდეს მოხდება, მხოლოდ უფრო და უფრო მეტი გულისტკივილის მოყენება შეუძლია. უსამართლობის გრძნობით მოცვამ შეიძლება ჩვენში გაამწვავოს რისხვა, რომელიც ჩვენს სულიერ, ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე გამანადგურებლად იმოქმედებს. ამით, ფაქტობრივად, ჩვენთვის ტკივილის მომყენებელს საშუალებას ვაძლევთ, განაგრძოს ტკივილის მოყენება. ბრძნულია ბიბლიის რჩევა: „მოეშვი მრისხანებას და მიატოვე გულისწყრომა“ (ფსალმუნი 36:8). ამიტომ ზოგმა ქრისტიანმა დროთა განმავლობაში შენიშნა, რომ შეძლო გადაწყვეტილების მიღება პატიების შესახებ იმ გაგებით, რომ თანდათანობით შეწყვიტა წყრომის გულში დაგროვება — არ გაუმართლებია მწყენინებლის საქციელი, მაგრამ არც ის დაუშვა, რომ ბრაზს გაენადგურებინა. მათ საქმე მთლიანად სამართლიან ღმერთს გადააბარეს, შედეგად კი დიდი სიმშვიდე ჰპოვეს და ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდნენ (ფსალმუნი 36:28).
17. რა მანუგეშებელ მტკიცებას იძლევა იეჰოვას აღთქმა, რომელიც გამოცხადების 21:4-შია ჩაწერილი?
17 როცა ჭრილობა ძალიან ღრმაა, შეიძლება ბოლომდე ვერ ამოვძირკვოთ ის გონებიდან, სულ მცირე, ამ სისტემაში მაინც. მაგრამ იეჰოვა აღგვითქვამს ახალ ქვეყნიერებას, რომელშიც „მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება, რადგან წინანდელნი გარდახდნენ“ (გამოცხადება 21:4). ის, რაც შეიძლება დღეს გულზე ტვირთად გვაწევს, იმ დროს რომ გაგვახსენდეს, აღარ მოგვაყენებს დიდ ტკივილს (ესაია 65:17, 18).
18. ა) რატომ უნდა ვიყოთ მიმტევებლები ძმებთან და დებთან ურთიერთობისას? ბ) რა გაგებით შეგვიძლია ვაპატიოთ და დავივიწყოთ, როდესაც სხვები ცოდავენ ჩვენს წინააღმდეგ? გ) რა სარგებლობა მოაქვს ამას ჩვენთვის?
18 იმ დრომდე კი, როგორც ძმებმა და დებმა, ერთად უნდა ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ, თუმცა არასრულყოფილები და ცოდვილები ვართ. ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს. დროდადრო იმედს ვუცრუებთ და ტკივილსაც კი ვაყენებთ ერთმანეთს. იესომ კარგად იცოდა, რომ ჩვენთვის საჭირო იქნებოდა სხვებისთვის ‘შვიდჯერ კი არა, არამედ სამოცდაათგზის შვიდჯერ მიტევება (მათე 18:22). მართალია, ჩვენ არ გამოგვდის იეჰოვასავით სრულად პატიება, მაგრამ, უმეტეს შემთხვევაში, როცა ძმები ჩვენს წინააღმდეგ სცოდავენ, შეგვიძლია იმ გაგებით მივუტევოთ, რომ გადავლახოთ გულისწყრომა და იმ გაგებით დავივიწყოთ, რომ მომავალში გაუთავებლად არ გავუხსენოთ ერთი და იგივე დანაშაული. როცა ამგვარად მივუტევებთ და დავივიწყებთ, ჩვენ მარტო კრებაში კი არ შევინარჩუნებთ მშვიდობას, არამედ საკუთარი სულის სიმშვიდესაც შევინარჩუნებთ. გარდა ამისა, დავტკბებით იმ მშვიდობით, რომლის მოცემაც მხოლოდ ჩვენს მოსიყვარულე ღმერთს, იეჰოვას, შეუძლია (ფილიპელთა 4:7).
[სქოლიოები]
a ბაბილონის „თალმუდის“ მიხედვით, ერთ-ერთ რაბინულ გადმოცემაში ნათქვამი იყო: „თუ ადამიანი ერთხელ, ორჯერ ან სამჯერ სჩადის დანაშაულს, ეპატიება, მაგრამ მეოთხეჯერ არ ეპატიება“ (იომა 86ბ). ეს ნაწილობრივ დაფუძნებული იყო ამოსის 1:3; 2:6 და იობის 33:29 მუხლების არასწორ გაგებაზე.
b გამოქვეყნებულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.
კითხვები გამეორებისთვის
◻ რატომ უნდა ვიყოთ მზად პატიებისთვის?
◻ რა მდგომარეობებშია საჭირო „შევიწყნაროთ ერთიმეორე“?
◻ რა შეგვიძლია გავაკეთოთ საქმის მშვიდობიანად მოსაგვარებლად მაშინ, როდესაც სხვების ცოდვებმა დიდი ტკივილი მოგვაყენა?
◻ რა გაგებით უნდა დავივიწყოთ, როცა მივუტევებთ სხვებს?
[სურათი 16 გვერდზე]
როცა გულში წყრომას ვიგროვებთ, მწყენინებელი შეიძლება ვერც კი ამჩნევდეს ჩვენს აფორიაქებას.
[სურათი 17 გვერდზე]
როცა სხვებთან მშვიდობის დამყარების სურვილით მიდიხარ, ადვილად შეიძლება გაირკვეს გაუგებრობა.