‘ივაჭრებთ ჟამს’?
პირველ საუკუნეში მოციქულმა პავლემ ეფესოში მცხოვრებ ქრისტიანებს ურჩია: „ფრთხილად მოიქეცით — არა როგორც უგუნურნი, არამედ როგორც ბრძენნი. მოივაჭრეთ ჟამი, ვინაიდან დღეები მუხთალია“ (ეფესელთა 5:15, 16). რატომ იყო საჭირო ეს რჩევა? ამ კითხვაზე რომ ვუპასუხოთ, საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორ პირობებში ცხოვრობდნენ ქრისტიანები ამ უძველეს ქალაქში.
ეფესო განთქმული იყო აურაცხელი სიმდიდრით, დიდი უზნეობით, სასტიკი დამნაშავეობითა და დემონიზმით. გარდა ამისა, იქ მცხოვრებ ქრისტიანებს დროსთან დაკავშირებულ ფილოსოფიურ შეხედულებებთან უწევდათ გამკლავება. არაქრისტიან ბერძნებს ეფესოში არ სჯეროდათ, რომ დრო ერთი მიმართულებით მიიწევდა წინ. ბერძნული ფილოსოფია მათ ასწავლიდა, რომ სიცოცხლე განუწყვეტელი ციკლით მიმდინარეობდა და უსასრულოდ მეორდებოდა. ადამიანს, რომელმაც თავისი დრო ცხოვრების ერთ ციკლში გაფლანგა, ამ დროის ანაზღაურება შემდგომი ციკლის დროს შეეძლო. ამგვარი აზროვნების გავლენით ეფესელი ქრისტიანები შეიძლება არასერიოზულად მოკიდებოდნენ იეჰოვას მიერ მოვლენებისთვის, მათ შორის მისი ღვთიური სამსჯავროსათვის, დადგენილ დროს. მაშასადამე, პავლეს რჩევა ‘ჟამის მოვაჭრებასთან’ დაკავშირებით, დროული იყო.
პავლე აქ დროზე ზოგადად არ საუბრობდა. მის მიერ გამოყენებული ბერძნული სიტყვა ნიშნავს დანიშნულ, რაიმე განსაკუთრებული მიზნისთვის ხელსაყრელ დროს. პავლე პირველი საუკუნის ქრისტიანებს ურჩევდა, რომ დროის ეს ხელსაყრელი მონაკვეთი, ანუ კეთილგანწყობის პერიოდი, რომელიც მათ იმჟამად ჰქონდათ, გონივრულად გამოეყენებინათ, ვიდრე ეს პერიოდი დასრულდებოდა და ღვთისმიერი წყალობისა და ხსნის შესაძლებლობა აღარ ექნებოდათ (რომაელთა 13:11—13; 1 თესალონიკელთა 5:6—11).
ჩვენც მსგავს ხელსაყრელ დროში ვცხოვრობთ. იმის ნაცვლად, რომ კეთილგანწყობილების ეს განუმეორებელი დრო ამ წუთისოფლის მიერ შემოთავაზებულ დროებით სიამოვნებებში გაფლანგონ, ქრისტიანები ბრძნულად იქცევიან, თუ დროს გონივრულად იყენებენ „ღვთისმოსაობაში“ და, ამგვარად, ისინი თავიანთ შემოქმედთან, იეჰოვა ღმერთთან, ურთიერთობას განამტკიცებენ (2 პეტრე 3:11; ფსალმუნი 72:28; ფილიპელთა 1:10).