თავი 15
ღმერთისთვის დიდების მომტანი ოჯახის „აშენება“
1–3. რატომ არ შესწევთ ზოგიერთებს უნარი, გადაწყვიტონ ქორწინებასა და მშობლის მოვალეობასთან დაკავშირებული პრობლემები და რატომ შეუძლია ბიბლიას დახმარება?
დავუშვათ, რომ გეგმავ საკუთარი სახლის აშენებას. უპირველეს ყოვლისა, ყიდულობ მიწას. გონებაში უკვე წარმოდგენილი გაქვს ახალი სახლი. მაგრამ თუ არ გაქვს ხელსაწყოები და არ ფლობ მშენებლობისთვის საჭირო ხელობებს? როგორი ფუჭი იქნებოდა შენი მცდელობა!
2 მრავალი წყვილი, როდესაც ქორწინდება, ბედნიერ ცხოვრებას მოელის, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ცხოვრების „ასაშენებლად“ არც „ხელსაწყოები“ აქვს და არც „ხელობები“. სულ მალე, დაქორწინების შემდეგ, თავს იჩენს უარყოფითი მხარეები. კამათი და ერთმანეთის შეურაცხყოფა იქცევა ყოველდღიურ წესად. როდესაც ბავშვები იბადებიან, ახალბედა მშობლები ხვდებიან, რომ მათ არ ყოფნით უნარი მშობლის მოვალეობის შესასრულებლად ისევე, როგორც არ ყოფნით უნარი, ჰქონდეთ ბედნიერი ქორწინება.
3 მაგრამ, საბედნიეროდ, ბიბლიას შეუძლია დახმარება. მისი პრინციპები „ხელსაწყოების“ მსგავსია, რომლებიც შესაძლებლობას გაძლევს „ააშენო“ ბედნიერი ოჯახი (იგავნი 24:3). მოდი, ვნახოთ როგორ.
„ხელსაწყოები“ ბედნიერი ქორწინების „ასაშენებლად“
4. რატომ უნდა იყოს მოსალოდნელი ქორწინებაში პრობლემები და რომელი ნორმებით უზრუნველგვყოფს ბიბლია?
4 მნიშვნელობა არა აქვს, როგორი შეწყობილიც არ უნდა ჩანდეს დაქორწინებული წყვილი, ისინი განსხვავდებიან ემოციურად, ბავშვობის შთაბეჭდილებებითა და ოჯახური წარმოშობით. ამიტომ, დაქორწინების შემდეგ ზოგიერთი პრობლემა სავსებით მოსალოდნელია. როგორ მოგვარდება ისინი? როდესაც მშენებლები სახლს აშენებენ, ისინი იყურებიან ნახაზებში. ეს არის სახელმძღვანელო მითითებები, რომლებსაც უნდა მიჰყვნენ. მსგავსად, ბიბლია უზრუნველგვყოფს ღმერთის ნორმებით, რათა „ავაშენოთ“ ბედნიერი ოჯახი. მოდი, განვიხილოთ რამდენიმე მათგანი.
5. როგორ უსვამს ბიბლია ხაზს ერთგულების მნიშვნელობას ქორწინებაში?
5 ერთგულება. იესომ თქვა: „ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“a (მათე 19:6). მოციქულმა პავლემ დაწერა: „ყველას ცოლ-ქმრობა იყოს პატიოსანი და სარეცელი — შეუბილწავი. მეძავებსა და მრუშებს კი ღმერთი განიკითხავს“ (ებრაელთა 13:4). ამიტომ დაქორწინებული ადამიანები უნდა გრძნობდნენ პასუხისმგებლობას იეჰოვას წინაშე, რომ ქორწინებაში ერთგულნი დარჩნენ (დაბადება 39:7–9).
6. ერთგულება რა მხრივ არის დამხმარე ქორწინების შენარჩუნებაში?
6 ერთგულება ღირსებასა და სიმტკიცეს ანიჭებს ქორწინებას. ერთგულმა მეუღლეებმა იციან, რომ რაც არ უნდა მოხდეს, ისინი მხარში ამოუდგებიან ერთმანეთს (ეკლესიასტე 4:9–12). როგორ განსხვავდება ეს მათგან, ვინც პირველივე უმნიშვნელო პრობლემის წამოჭრისას არღვევს ქორწინებას! ასეთი პიროვნებები ნაუცბადევად ასკვნიან, რომ „არასწორი არჩევანი გააკეთეს“, „მეტად აღარ უყვართ ერთმანეთი“ და პრობლემის გადაჭრაა — ახალი მეუღლე. მაგრამ ასეთი დასკვნა არცერთ მეუღლეს არ აძლევს შესაძლებლობას, განავითაროს გრძნობები. ამის ნაცვლად, ასეთ მოღალატე პიროვნებებს შეუძლიათ მსგავსი პრობლემები მოუტანონ ახალ პარტნიორებს. როდესაც პიროვნებას აქვს შესანიშნავი სახლი, მაგრამ ხედავს, რომ სახურავში წყალი ჟონავს, რასაკვირველია, ის ცდილობს მის შეკეთებას. ის არ გადადის სხვა სახლში. მსგავსად, მეუღლის შეცვლა არ წარმოადგენს იმ საკითხების მოგვარების საშუალებას, რომლებიც მეუღლეთა უთანხმოებების სათავეა. როდესაც პრობლემები წამოიჭრება, ნუ ეცდები უცბად დაუსვა წერტილი ქორწინებას, არამედ ძალისხმევა მოახმარე, რათა შეინარჩუნო ის. ასეთი ერთგულება ქორწინებას მიიჩნევს მზრუნველობის, გაფრთხილებისა და სათუთად მოვლის ღირსად.
7. ხშირად, რატომ არის კომუნიკაცია რთული დაქორწინებული ადამიანებისთვის, მაგრამ როგორ დაეხმარებათ მათ ‘ახალ კაცად’ შემოსვა?
7 კომუნიკაცია. „თათბირის გარეშე ჩანაფიქრი იფუშება“ — ამბობს ბიბლიური იგავი (იგავნი 15:22). მაგრამ მრავალი დაქორწინებული წყვილისთვის კომუნიკაციის დამყარება რთულია. რატომ ხდება ეს? იმიტომ რომ, ადამიანებს ურთიერთობის სხვადასხვა სტილი აქვთ. ეს არის ფაქტი, რომელსაც ხშირად მიჰყავს უდიდეს გაუგებრობასა და გულგატეხილობამდე. ამაში დიდი როლი შეუძლია ითამაშოს აღზრდამ. მაგალითად, შესაძლოა, ზოგიერთები აღიზარდნენ ოჯახებში, სადაც ყოველთვის უთანხმოება იყო. ახლა, როგორც დაქორწინებულმა ახალგაზრდებმა, მათ შესაძლოა, არ იციან, როგორ ილაპარაკონ მეუღლესთან გულთბილად და მოსიყვარულედ. მიუხედავად ამისა, თქვენი სახლი არ უნდა გადაიქცეს ‘უთანხმოებებით სავსე სახლად’ (იგავნი 17:1). ბიბლია ხაზს უსვამს, რომ შევიმოსოთ „ახალ კაცად“ და მოვიცილოთ ყოველგვარი გამწარება, ყვირილი და გმობა (ეფესელთა 4:22–24, 31).
8. რამ შეიძლება მოიტანოს სარგებელი, როდესაც უთანხმოება გაქვს მეუღლესთან?
8 რისი გაკეთება შეგიძლია უთანხმოებების წამოჭრის დროს? თუ შენ და შენი მეუღლე კონტროლს ვერ უწევთ გრძნობებს, კარგი იქნებოდა მიჰყოლოდით იგავნის 17:14-ში ჩაწერილ რჩევას: ‘ვიდრე დავა არ აფეთქებულა, შეწყვიტე ცილობა’. დიახ, უნდა შეწყვიტოთ კამათი, სანამ შენ და შენი მეუღლე არ დაწყნარდებით (ეკლესიასტე 3:1, 7). ნებისმიერ შემთხვევაში, ეცადეთ, იყოთ „სმენაში მკვირცხლი, სიტყვასა და რისხვაში ნელი“ (იაკობი 1:19). თქვენი მიზანი უნდა იყოს სიტუაციის გამოსწორება და არა კამათში გამარჯვება (დაბადება 13:8, 9). შეარჩიეთ სიტყვები და ლაპარაკის ტონი, რომელიც დაგაწყნარებს შენ და შენს მეუღლეს (იგავნი 12:18; 15:1, 4; 29:11). უწინარეს ყოვლისა, ნუ დარჩებით განრისხებულნი, არამედ ეძებეთ დახმარება ღმერთთან კავშირში ერთობლივი, თავმდაბლური ლოცვით (ეფესელთა 4:26, 27; 6:18).
9. რატომ შეიძლება ითქვას, რომ კომუნიკაცია გულში იწყება?
9 ბიბლიური იგავი გვეუბნება: „ბრძენის გული მის პირს გონიერს ხდის და მის ბაგეებს ცოდნას ჰმატებს“ (იგავნი 16:23). ამიტომ, სინამდვილეში, წარმატებული კომუნიკაციის გადამწყვეტი ფაქტორი არის გულში და არა ბაგეში. როგორი დამოკიდებულება გაქვს მეუღლესთან? ბიბლია მოუწოდებს ქრისტიანებს, გამოამჟღავნონ ‘გულშემატკივრობა’ (1 პეტრე 3:8). შეგიძლია ამის გაკეთება, როდესაც შენი მეუღლე დადარდიანებულია? თუ ასეა, ეს დაგეხმარება, მიხვდე, როგორ უპასუხო (ესაია 50:4).
10, 11. როგორ შეუძლია ქმარს გამოიყენოს რჩევა 1 პეტრეს 3:7-დან?
10 დაფასება და პატივისცემა. ქრისტიან ქმრებს ეძლევათ რჩევა, მოეპყრონ ცოლებს ‘გონივრულად, როგორც უუძლურეს ჭურჭელს და პატივი სცენ მათ’ (1 პეტრე 3:7). ცოლის პატივისცემაში შედის იმის შეგნება, რომ ის დასაფასებელია. ქმარი, რომელიც ცოლს ექცევა „გონივრულად“, პატივს სცემს მის გრძნობებს, თვისებებს, საზრიანობასა და კეთილშობილებას. მას აგრეთვე უნდა სურდეს იმის გაგება, თუ იეჰოვას როგორი თვალსაზრისი აქვს ქალზე და როგორ სურს, რომ მას ეპყრობოდნენ.
11 ვთქვათ, სახლში გაქვს ძალიან გამოსადეგი ჭურჭელი, რომელიც განსაკუთრებით ფაქიზია. არ მოეპყრობოდი მას დიდი სიფრთხილით? პეტრემ მსგავსი გაგებით გამოიყენა გამოთქმა ‘უუძლურესი ჭურჭელი’. და ამან უნდა აღძრას ქრისტიანი ქმარი, გამოამჟღავნოს თანაგრძნობა თავისი საყვარელი ცოლისადმი.
12. როგორ შეუძლია ცოლს აჩვენოს, რომ ღრმა პატივს სცემს ქმარს?
12 მაგრამ რას ურჩევს ბიბლია ცოლებს? პავლემ დაწერა: „ცოლსაც ეშინოდეს ქმრისა [პატივს სცემდეს ქმარს, აქ]“ (ეფესელთა 5:33). როგორც ცოლს ესაჭიროება, გრძნობდეს, რომ ძლიერ უყვარს ქმარს და პატივს სცემს, ასევე ქმარს ესაჭიროება გრძნობდეს, რომ პატივცემულია ცოლის მიერ. მოკრძალებული ცოლი წინდაუხედავად სააშკარაოზე არ გამოიტანს ქმრის ნაკლოვანებებს, ქრისტიანია ის თუ ურწმუნო. ის არ შელახავს მის ღირსებას კრიტიკითა და დამცირებით, პირადად იქნება ეს თუ სახალხოდ (1 ტიმოთე 3:11; 5:13).
13. როგორი ტონით შეიძლება იყოს გამოთქმული თვალსაზრისი?
13 ეს არ ნიშნავს, რომ ცოლს არ შეუძლია თავისი აზრების გამოთქმა. თუ რაღაცა აწუხებს, მას შეუძლია მოკრძალებით გამოთქვას (დაბადება 21:9–12). ქმრის მიმართ გამოთქმული აზრის შედარება შეიძლება მისკენ მოსროლილ ბურთთან. ცოლმა, შეიძლება, ის ისე ნაზად გადააგდოს, რომ ქმარმა შეძლოს მისი ადვილად დაჭერა ან ისეთი სიძლიერით მოისროლოს, რომ ტკივილი მიაყენოს ქმარს. რამდენად უკეთესია, როდესაც მეუღლეები ერიდებიან ბრალდებების უხეშად „გასროლას“, მაგრამ კიდევ უფრო უკეთესია, როცა ლაპარაკობენ კეთილი და მშვიდი ტონით! (მათე 7:12; 1 პეტრე 3:3, 4; კოლასელთა 4:6).
14. რა უნდა გააკეთო, თუ შენი მეუღლე მცირე ინტერესს ამჟღავნებს ბიბლიური პრინციპების ქორწინებაში გამოყენებისადმი?
14 როგორც დავინახეთ, ბიბლიურ პრინციპებს შეუძლია დაგეხმაროს ბედნიერი ქორწინების „აშენებაში“. მაგრამ თუ შენი მეუღლე ნაკლებ ინტერესს ავლენს ბიბლიური აზრისადმი? მიუხედავად ამისა, შეიძლება ბევრი იყოს მიღწეული, თუ შენი მოვალეობის შესრულებაში იყენებ ღვთის შემეცნებას. პეტრე წერდა: „ცოლები დაემორჩილონ თავიანთ ქმრებს, რათა ისინი, ვინც არ ერწმუნებიან სიტყვას, სიტყვის გარეშე იყვნენ მოგებულნი თავიანთი ცოლების საქციელით, იხილავენ რა თქვენს უბიწო ქცევას მოშიშობით“ (1 პეტრე 3:1, 2). რა თქმა უნდა, იმავეს გამოყენება შეიძლება ქმრის მიმართ, რომლის ცოლიც გულგრილია ბიბლიისადმი. იმის მიუხედავად, თუ რის კეთებას ირჩევს შენი მეუღლე, ნება დართე ბიბლიურ პრინციპებს შენ ჩამოგაყალიბოს უკეთეს მეუღლედ. ღვთის შემეცნებას აგრეთვე შეუძლია გაგხადოს უკეთესი მშობელი.
ბავშვების აღზრდა ღვთის შემეცნების მიხედვით
15. როგორ გრძელდება ზოგჯერ მშობლების მიერ აღზრდის მცდარი მეთოდები, მაგრამ როგორ შეიძლება ამ პროცესის შეწყვეტა?
15 მხოლოდ ის, რომ პიროვნებას აქვს ჩაქუჩი და ხერხი, არ ხდის მას უნარიან დურგლად. მსგავსად, მხოლოდ ბავშვების ყოლა პიროვნებას არ ხდის უნარიან მშობლად. ხშირად, შეგნებულად თუ შეუგნებლად, მშობლები თავიანთ ბავშვებს ზრდიან ისე, როგორც თვითონ იყვნენ აღზრდილნი. ასეთი სახით, ზოგჯერ, აღზრდის მცდარი მეთოდები ერთი თაობიდან მეორეში გადადის. ძველი ებრაული ანდაზა გვეუბნება: „მამებმა ისრიმი შეჭამეს და შვილებს კბილები მოეკვეთათო“. ამიტომ საღვთო წერილი გვიჩვენებს, რომ პიროვნება არ უნდა მისდევდეს მეთოდს, რომელიც დამკვიდრებულია თავისი მშობლების მიერ. მას შეუძლია ამოირჩიოს განსხვავებული გზა, ერთადერთი გზა, რომელზეც გავლენას ახდენს იეჰოვას წესები (ეზეკიელი 18:2, 14, 17).
16. რატომ არის მნიშვნელოვანი ოჯახზე ზრუნვა და რა შედის ამაში?
16 იეჰოვა ქრისტიანი მშობლებისგან მოელის, რომ თავიანთი შვილები უზრუნველყონ სათანადო ხელმძღვანელობითა და მზრუნველობით. პავლემ დაწერა: „ვინც არ ზრუნავს თავის ახლობლებზე, უფრო მეტად კი თავის სახლეულებზე, იგი განუდგა რწმენას და ურწმუნოზე უარესია“ (1 ტიმოთე 5:8). როგორი ძლიერი სიტყვებია! ღვთისმოსავი პიროვნების, როგორც უზრუნველმყოფლის, პრივილეგია და ვალდებულებაა მოვალეობის შესრულება, რომელშიც შედის ზრუნვა შვილების ფიზიკურ, სულიერ და ემოციურ აუცილებლობებზე. ბიბლია გვაწვდის პრინციპებს, რომლებიც დაეხმარება მშობლებს თავიანთი შვილებისთვის ბედნიერი გარემოცვის „აშენებაში“. განვიხილოთ ზოგიერთი მათგანი.
17. რა არის აუცილებელი, რომ შენს შვილებს გულში ჰქონდეთ ღმერთის კანონები?
17 მიეცი კარგი მაგალითი. ისრაელ მშობლებს ებრძანათ: „ჩააგონებდე შენს შვილებს [ღმერთის სიტყვებს] და უთხრობდე სახლში ჯდომისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას“. მშობლებს უნდა ესწავლებინათ ღმერთის ნორმები თავიანთი შვილებისთვის. მაგრამ ამ შეგონებას წინ უძღოდა გამონათქვამი: „შენს გულში გქონდეს ეს სიტყვები, რომლებიც დღეს გამოგიცხადე“ (მეორე რჯული 6:6, 7). დიახ, მშობლებს არ შეუძლიათ მისცენ ის, რაც მათ არა აქვთ. ღმერთის კანონები პირველად თქვენს გულებში უნდა იყოს ჩაწერილი, თუ გსურთ, რომ ისინი ჩაიწეროს თქვენი შვილების გულებშიც (იგავნი 20:7; შეადარე ლუკა 6:40).
18. რომელი შესანიშნავი მაგალითი მისცა მშობლებს იეჰოვამ სიყვარულის გამოვლენაში?
18 დაარწმუნეთ თქვენს სიყვარულში. იესოს ნათლობის დროს იეჰოვამ განაცხადა: „შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მოვიწონე მე“ (ლუკა 3:22). იეჰოვამ ამგვარად აღიარა თავისი ძე, მისადმი მოწონების დაუფარავი გამოვლენით და დაარწმუნა თავის სიყვარულში. მოგვიანებით იესომ უთხრა თავის მამას: „შენ. . . შემიყვარე წუთისოფლის შექმნამდე“ (იოანე 17:24). ამიტომ, როგორც ღვთისმოსავმა მშობლებმა, სიტყვიერად იქნება ეს თუ ფიზიკურად, გამოხატეთ თქვენი ბავშვებისადმი სიყვარული და ხშირად გააკეთეთ ეს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ „სიყვარული. . . აშენებს“ (1 კორინთელთა 8:1).
19, 20. რა შედის ბავშვების სათანადო დასჯაში და როგორ შეუძლიათ მშობლებს სარგებელი მიიღონ იეჰოვას მაგალითიდან?
19 დასჯა. ბიბლია ხაზგასმით აღნიშნავს სიყვარულით აღსავსე დასჯის მნიშვნელობას (იგავნი 1:8). მშობლები, რომლებიც დღეს თავიდან იცილებენ შვილების ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობას, უეჭველად, მოიმკიან გულშემზარავ შედეგებს. მაგრამ მშობლებს, ასევე გაფრთხილება ეძლევათ, რომ არ გადავარდნენ სხვა უკიდურესობაში. „მამებო, — წერდა პავლე, — ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა თავი არ მოაბეზროთ“ (კოლასელთა 3:21). მშობლებმა თავი უნდა აარიდონ ბავშვების გადაჭარბებულად დასჯას ან გამუდმებით მათი სუსტი მხარეების ამოჩემებასა და მცდელობების გაკრიტიკებას.
20 იეჰოვა ღმერთმა, ჩვენმა ზეციერმა მამამ, მოგვცა მაგალითი დასჯასთან დაკავშირებით. მისგან გამომდინარე დასჯა არ არის გადაჭარბებული. „დაგსჯი სამართლიანად“, უთხრა ღმერთმა თავის ხალხს (იერემია 46:28). ამ მხრივ, მშობლებმა იეჰოვას უნდა მიბაძონ. დასჯა, რომელიც გადადის გონივრულ საზღვრებს ან აღემატება გამოსწორებისა და დამოძღვრის განსაზღვრულ მიზანს, რასაკვირველია, გამაღიზიანებელია.
21. როგორ შეუძლიათ მშობლებს განსაზღვრონ, ეფექტურია თუ არა მათ მიერ გამოყენებული სასჯელი?
21 როგორ შეუძლიათ მშობლებს განსაზღვრონ, არის თუ არა მათ მიერ გამოყენებული სასჯელი ეფექტური? მათ შეუძლიათ ჰკითხონ საკუთარ თავს: „რას ემსახურება ეს დასჯა?“ მიღებული ზომა დამმოძღვრავი უნდა იყოს. თქვენი შვილი უნდა მიხვდეს, რატომ იქნა მის მიმართ ეს სასჯელი გამოყენებული. მშობლები აგრეთვე დაინტერესებული უნდა იყვნენ დასჯის შედეგით. მართალია, თავიდან თითქმის ყველა ბავშვი გაღიზიანდება (ებრაელთა 12:11). მაგრამ გამოყენებულმა სასჯელმა არ უნდა დატოვოს ბავშვში შიშის ან მარტოობის გრძნობა, ან წარმოდგენა, რომ ის თავისი არსით ბოროტია. სანამ დასჯიდა თავის ხალხს, იეჰოვამ უთხრა: „ნუ გეშინია. . . რადგან შენთანა ვარ“ (იერემია 46:28). დიახ, დასჯა ისე უნდა იყოს შესრულებული, რომ შენმა ბავშვმა იგრძნოს, რომ შენ მასთან ხარ, როგორც მოსიყვარულე და თანამდგომი მშობელი.
‘თავგზიანობის’ შეძენა
22, 23. როგორ შეგიძლია მიიღო ხელმძღვანელობა, რომელიც აუცილებელია ბედნიერი ოჯახის „ასაშენებლად“?
22 ჩვენ შეგვიძლია მადლიერნი ვიყოთ, რომ იეჰოვამ უზრუნველგვყო „ხელსაწყოებით“, რომელიც გვესაჭიროება ბედნიერი ოჯახის „ასაშენებლად“. მაგრამ მხოლოდ ამ „ხელსაწყოების“ ფლობა არ არის საკმარისი. ჩვენ ისინი მართებულად უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, მშენებელმა შეიძლება განავითაროს ცუდი ჩვევები იმით, თუ როგორ ეპყრობა ხელსაწყოებს. მან შეიძლება ზოგი ხელსაწყო საერთოდ არასწორად გამოიყენოს. ასეთ შემთხვევებში სრულიად მოსალოდნელია, რომ მისმა მეთოდებმა გამოიწვიოს დაბალი ხარისხის ნაწარმი. ამის მსგავსად, შესაძლოა ახლა შეგნებული გაქვს ის არაჯანსაღი ჩვევები, რომელიც შენს ოჯახში შემოიპარა. ზოგიერთი ჩვევა შეიძლება მყარად არის გამჯდარი და ძნელი შესაცვლელია. მაგრამ მიჰყევი ბიბლიურ რჩევას: „გაიგონოს ბრძენმა და სიბრძნე შეემატოს, მცოდნემ შეიძინოს თავგზიანობა“ (იგავნი 1:5).
23 ღვთის შემეცნების შეძენის გაგრძელებით შენ შეგიძლია მიიღო სასარგებლო ხელმძღვანელობა. ყურადღებიანი იყავი ბიბლიური პრინციპების მიმართ, რომლებიც გამოიყენება ოჯახური ცხოვრებისთვის და მოახდინე ცვლილებები, რაშიც საჭიროა. დააკვირდი მოწიფულ ქრისტიანებს, რომლებიც, როგორც მეუღლეები და მშობლები, საუკეთესო მაგალითს იძლევიან. ესაუბრე მათ. უწინარეს ყოვლისა, შენი საზრუნავის შესახებ იეჰოვას მიმართე ლოცვით (ფსალმუნი 54:23; ფილიპელთა 4:6, 7). მას შეუძლია დაგეხმაროს, რომ დატკბე ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით, რასაც მისთვის პატივი მოაქვს.
[სქოლიოები]
a ერთადერთი ბიბლიური საფუძველი გაყრისთვის არის „მრუშობა“ — ქორწინების გარეშე სექსუალური კავშირი (მათე 19:9).
შეამოწმე შენი ცოდნა
როგორ უწყობს ხელს ბედნიერ ქორწინებას ერთგულება, კომუნიკაცია, დაფასება და პატივისცემა?
როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაარწმუნონ შვილები თავიანთ სიყვარულში?
რა ფაქტორებს შეიცავს მართებული დასჯა?
[მთელი 147 გვერდი დათმობილი აქვს სურათს]